აპოკალიფსისი > განმარტება
"და გაშმაგდნენ წარმართნი..."
(გამოცხ. 11:18)
"და წარმართნი გაშმაგდნენ; და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა განსჯისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ.11:18)
გაშმაგებულ წარმართთა სახე, რომელიც გვეხსნება გამოცხადების 11-ე თავში, არა მეშვიდე საყვირამდე, არამედ მის შემდეგ, გამოცხადების ყველაზე იდუმალი და ბუნდოვანი მოწმობაა. რადგან თუკი მეშვიდე საყვირს აღვიქვამთ, როგორც იმ უკანასკნელ საყვირად, რომელთან ერთადაც "თვალის დახამხამებაში" ხდება მაცხოვრის მეორედ მოსვლა, მკვდართა აღდგომა და უკანასკნელი დღის სამსჯავრო (1 კორ. 15:51-53; 1 თესალონიკ. 4:16 და სხვა), - არც დრო და არც შესაძლებლობა "გასაშმაგებლად" მეშვიდე და უკანასკნელი საყვირის შემდეგ წარმართებს აღარ რჩებათ.
მეტიც, ამ მომენტისთვის დედამიწაზე თვით წარმართებიც აღარ უნდა დარჩნენ, - რადგან იმისთვის, რათა აღდგე უკანასკნელი სამსჯავროსთვის, რომელიც ბოლო საყვირის დროს აღესრულება, ისინი უკვე არა ცოცხალთა, არამედ მკვდართა შორის უნდა იყონ (გამოცხ. 20:11-12).
ხოლო თუ იმ "ბოლო საყვირს", რომლის შესახებაც არაერთხელ მოწმობს მოც. პავლეს, არ დავაკავშირებთ გამოცხადების წიგნის "მეშვიდე საყვირთან", - მაშინ გამოვა, რომ არსებობენ სხვადასხვა "ბოლო საყვირები", რომელთაგან ერთი აღწერილია სიტყვებით: "... თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16), ხოლო მეორეზე ასეა ნათქვამი: "იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:7). თანაც სრულიად ცხადია, რომ ორი სხვადასხვა "ბოლო საყვირის" განთავსება მოვლენათა წარმოსახვით ხაზზე ისე, რომ ისინი შეესაბამებოდნენ ორ სხვადასხვა მსოფლიო მოვლენას, რომლებიც სხვადასხვა დროში ხდება, უბრალოდ შეუძლებელია.
მეორე მხრივ, 11-ე თავის მოვლენათა შორის, რომლებიც პირდაპირ წინ უსწრებენ მეშვიდე საყვირს და ზეციური საკრებულოს უდიადეს ზეიმობას, ნახსენებია მხოლოდ დიდი მიწისძვრა, რომელიღაც ქალაქის მეათედი ნაწილის დაცემა და კაცთა შვიდი ათასი სახელის წარწყმედა (გამოცხ. 11"13), რაც ბუკვალურად არ შეესაბამება არც სხვადასხვა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს უკანასკნელ დღეზე და მაცხოვრის მეორედ მოსვლაზე, არც ამ მოვლენათა მოწმობებს, რომლებიც თვით გამოცხადების წიგნშია მოცემული (როგორიცაა, მაგალითად, "... ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის" (გამოცხ. 19:11)).
და, მაინც, მიუხედავად ამისა, ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია მეშვიდე საყვირთან, უნდა განვაკუთვნოთ ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეს და ციდან ძლევამოსილი სიტყვის გარდამოსვლას, - ხოლო ამ თვალსაზრისით ყველაზე ნიშანდობლივია 11-ე თავში აღწერილი "კაცთა სახელების საბოლოო ხვედრი".
ამ წინასწარმეტყველური მოწმობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რადგან სამყაროს შექმნის დროს კაცთა მოდგმა "აღებულ იყო მიწის მტვრისაგან" (შეად. – 1 კორ. 15:47; "... გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი სულად ცხოველად" (დაბ. 2:7)), ადამიანმა მიიღო მისთვის შესაფერისი სახელი ("ადამი" ივრითში ბუკვალურად ნიშნავს "ადამიანს", მაგრამ "ადამის" ერთფუძეობრივი სიტყვა "ადამა" აღნიშნავს "მიწას"). ცოდვით დაცემის, შემდეგ კი ღმრთის ძისა და კაცობრიობის მაცხოვრის ჯვარცმის შედეგად, ძველი მიწა მოაკლდა მომავალს და ცეცხლისთვის განწირულ იქნა (2 პეტ. 3:7), - ამიტომაც ადამიანის ყველა "ბუნებრივი" სახელი, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულნი იყვნენ ძველი ადამიანის წარმომავლობასთან, ახალაღთქმისეულ პერიოდში არსებითად "მტვერზეა დაწერილი", შეად.: "ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი" (იერ. 17:13).
ხოლო რადგან სულიერი აზრით ადამიანის "სიცოცხლის წიგნი" იმყოფება იქ, სადაც დაწერილია მისი სახელი, - და "მიწიერი" ადამიანური ბუნება, ისევე, როგორც ნებისმიერი "მიწიერი" სახელი ცხოვრობს არა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე თვით დედამიწა, ანუ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ არ დაეცემა და მტვრად არ იქცევა ძველი სამყაროს ყველა საფუძველი.
ამასთან ის სახელები, რომლებიც ადამიანისთვის აღებენ მარადიული სიცოცხლის კარებს, იწერება არა მიწაზე, არამედ ცაში ("... მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლკ. 10:20)), და აღბეჭდილია არა მტვერში, არამედ "ზეციურ ქვაზე" (შეად.: "... მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა" (გამოცხ. 2:17)), - ხოლო ამ მარადიულ სახელთა სრული სია გახლავთ სწორედ "კრავის სიცოცხლის" ის წიგნი, რომელიც გადაშლილია ზეციურ საყდართან უკანასკნელი დღის სამსჯავროზე (შეად.: გამოცხ. 3:5; 13:8; 17:8; 20:12, 15; 21:27; 22:19, ნიშანდობლივი შვიდი ხსენება).
(აშკარაა, რომ რადგან კრავის სიცოცხლის წიგნი ეს არის "ზეციური ქვის ფიქალი", შეად.: ეს. 28:16, - მასში არ არის სახელი, რომელიც დაწერილი იქნებოდა "მიწიერ მტვერში" და, რომელიც შეიძლება "წაშალოს" უკანასკნელმა დიდმა მიწისძვრამ).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა "წარწყმედადი" სახელი, რომელთა სისავსე გამოცხადების წიგნში აღწერილია რიცხვით 7000, შეესაბამება "მტვრისეულ" (შეად. – 1 კორ. 15:47) კაცობრიობას, - ხოლო "იღუპებიან" ასეთი სახელები იმიტომ, რომ ბოლო დიდი მიწისძვრა ანგრევს "ძველი სიცოცხლის წიგნს", რომელშიც ეს სახელები იყო "ჩაწერილი" და, რომელიც მათი არსებობის ერთადერთ საფუძვლად გამოდიოდა, შეად.:
"ვისმა ხმამაც ქვეყანა შესძრა მაშინ, ხოლო აწ ამგვარად გვამცნო: „ერთხელ კიდევ შევძრავ არა მარტო ქვეყანას, არამედ ცასაც“. ხოლო ეს „ერთხელ კიდევ“ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი" (ებრ. 12:26-27).
(სიტყვამ მოიტანა და, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მნიშვნელობებს ირიბად ეხებოდეს იოანეს სახარების ეპიზოდი, სადაც უფალი მდუმარედ წერდა ქვიშაზე რაღაცას საკუთარი თითით, რითაც არცხვინა ბრალმდებლები, რომელთაც სურდათ ქვებით ჩაექოლათ სიძვაში მხილებული დედაკაცი. - იხ. ინ. 8:3-8).
მეტიც, სწორედ "მიწიერ" და "ზეციერ" სახელთა დაპირისპირებას მივყავართ 11-ე თავის მოვლენათა ლოგიკურ დასრულებამდე, სადაც ჯერ ერთი მხრივ წარმოჩენილ იქნა წინასწარმეტყველურ გაზომვას დაქვემდებარებული ტაძარი და საკურთხეველი (ანუ ტაძარი და შიდა ეზო), რომელთაც შეესაბამებიან სუულიერი "სატაძრო" სახელები, რომლებიც დაწერილია ქვაზე (შეად.: ეს. 66:22; ლკ. 10:22; 2 ტიმ. 2:19; გამოცხ. 3:12 და ა. შ.), - და მეორე მხრივ ნახსენები იყო წინასწარმეტყველის ჯოხით გაუზომავი გარეგანი ეზო, რომელიც დრომდე მიეცა წარმართთ (გამოცხ. 11:1-2).
შემდეგ, ერთი მხრივ აღწერილ იქნა "ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც იდგნენ დედამიწის ღმერთის წინაშე", - მეორე მხრივ კი "მიწაზე მცხოვრებნი", რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ორი მოწმე და წინასწარმეტყველი მათ ბუკვალური აზრით ტანჯავენ (გამოცხ. 11:3-10). და აქვე "მიწაზე მცხოვრებთ" უპირისპირდებიან "მრავალნი ხალთა, ერთა, ენათა და ტომთაგან", რომლებიც ორი წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ ნებას არ რთავდნენ არავის "დაემარხათ ისინი" და მონაწილეობას არ იღებდნენ ორი მოწმის სიკვდილთან დაკავშირებულ ურჯულოების ზეიმობასთან (გამოცხ. 11:9-10).
შემდეგ "ხალხთაგან მრავალნი" როგორც კი გავიდა "სამ დღე ნახევარი" თავიანთი თვალებით ხედავენ ორი წინასწარმეტყველის მკვდრეთით აღდგომას, ესმათ მათდამი მიმართული ზეციური ხმა "ამოდით აქ" და გახდნენ მოწმენი მათი ამაღლებისა, - ხოლო ორი მკვდრეთით აღმდგარი წინასწარმეტყველის მტრებმა მომხდარი შეიგნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი მოწმე "ღრუბლით ავიდა ზეცად", ანუ განმტკიცდნენ ცაში და საღმრთო დიდება შეიმოსეს (გამოცხ. 11:11-12).
და ბოლოს, უკანასკნელ დიდ მიწისძვრაში დაიღუპა კაცთა ყველა მიწიერი სახელი, - ხოლო "დანარჩენები" (ანუ ისინი, ვინაც ზეციური სახელი მოიპოვა), "ქება მიაგეს ზეციურ უფალს" (გამოცხ. 11:13, შეად.: ფსალმ. 68:28-29) და შესაძლებლობა მიიღეს შესულიყვნენ მარადიულ კურთხეულ სამეფოში.
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ 11-ე თავი ყოველ თავის მუხლში მოწმობს არა რომელიღაც ცალკეულ პერსონაჟებზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე, რომელიც ახალაღთქმისეულ დროებაში დაიყო ღმრთის ეკლესიად და წუთისოფლად, რომელიც ბოროტებაში ძევს (1 ინ. 5:19).
იმ მომენტისთვის, როდესაც გაიჟღერებს მეშვიდე საყვირი, "გაშმაგებული წარმართები" იქნებიან არა რეალური მოქმედი ძალა, და აღდგებიან უკანასკნელ სამსჯავროზე არა როგორც ცოცხლები, არამედ, როგორც მკვდრები.
(რადგან მათი ურჯულოების საწყაოს აღვსება და "უკანასკნელი მიწისძვრა" ოდნავ ადრე მოხდა, - მეშვიდე საყვირისთვის "წარმართთა სიშმაგე" წარმოადგენს არა კვლავ გამოვლენილ ვითარებას, არამედ მოვლენას აღწერილს ზმნის აორისტას ფორმაში, ანუ აღსრულებულს და დასრულებულს მეშვიდე საყვირის დაცემამდე).
შესაბამისად, გამოცხ. 11:18-ში იდუმალთმხილველი კიდევ ერთხელ (თითქოსდა პოსტფაქტუმ) მოწმობს იმაზე, რომ ძველი სამყაროს ბოლო დღეებში მთელი უკეთური კაცობრიობა, რომელიც ელტვის ეკლესიასთან თავისი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის დასრულებას, გადავა მის პირდაპირ და ტოტალურ განადგურებაზე,- და სწორედ ეს ადრე არნახული "მძვინვარება" წარმართებისა, რომელიც მთელი სისრულით "ორი მოწმის" მოკვდინებისას და მათ გვამებზე არნახული სიხარულის გამოხატვაში გამოვლინდება, გახდება მიზეზი "უკანასკნელი დიდი მიწისძვრისა", რომლის შემდეგაც მოიწევა უკანასკნელი სამსჯავრო და საბოლოო საღმრთო შურისგება ("... მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა განსჯისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ. 11:18)).
(თუკი ყველა ამ მოვლენას წარმოვიდგენთ ხატებათა ერთ ხაზზე, შეიძლება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ახალაღთქმისეულ ქრისტიანულ მსახურებაში არსებობს "მარილის ძალა", რომელიც აგრძელებს ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვების სიმბოლოებსა და მნიშვნელობებს, რომლებიც "დამარილების" გარეშე სამსხვერპლოზე არ შეიწირებოდნენ, - და, რომ სწორედ ამ სიმბოლოებს მიმართავს უფალიც, როდესაც მიანიშნებს იმას, რომ "მარილი მიწისა", ანუ ღმრთის ადამიანები, განსაზღვრულ მომენტში "დაკარგავენ ძალას", შეად. – "თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?" (მთ. 5:13).
"ქვეყნიერების ტაძრის" სიმბოლოსთან მიმართებაში ბოლო დღეების მოვლენები ნიშნავს, რომ ყოვლადდასაწველი სამსხვერპლოს ცეცხლი შიდა ეზოში მოკლე დროით ჩაქრება მსგავსად იმისა, როგორც ეს ძველაღთქმისეულ დაპირისპირებაში მოხდა ილია წინასწარმეტყველსა და ბაალის ცრუწინასწარმეტყველთ შორის კარმელის მთაზე, რადგან ბოლო დღეებში ამ სამსხვერპლოს დაასხამენ "წყლებს", რომელშიც ბუკვალური სითხე კი არ იგულისხმება, ან "ფიზიკური" ზღვები და ოკეანეებ, არამედ "გაშმაგებული წარმართები", შეად.: "... მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით" (ლკ. 21:25-27). თანაც სწორედ ამ მოვლენებში აღსრულდება წინასწარმეტყველება "მსხვერპლშეწირვისა და შესაწირავის შეწყვეტაზე" და "გაპარტახების სიბილწეზე", რომელიც მაცხოვარმა ელეონის მთაზე იუწყა. - შეად.: დან. 9:27. "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),
რადგან საღმრთო შურისგების სისავსე შეიძლება აღსრულდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ უკანასკნელ სამსჯავროზე წარდგება მთელი კაცობრიობა (გამონაკლისის გარეშე), - "გაშმაგებულ წარმართთა" ხსენების შემდეგ, რომელიც ხსნის ძველი ქვეყნიერების დაღუპვის მიზეზს, იდუმალთმხილველი იმწამსვე მოწმობს იმ აღთქმის აღსრულებაზე, რომელიც ღმრთის წმინდანებს ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში მიეცა, შეად.:
"ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ (გამოცხ. 6:10-11).
"და წარმართნი გაშმაგდნენ; და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა და მკვდართა განსჯისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი" (გამოცხ.11:18).
მეტიც, სწორედ ამ მომენტში მოხდება ყველა ტანჯულთა და დევნილთა მკვდრეთით აღდგომა საუკუნო სიცოცხლისთვის, რომლებიც გახდებიან მოწმენი უკანასკნელი მსჯავრისა მთელ მსოფლიო უკეთურებაზე.
ხოლო როგორც კი ბოლო დღის სამსჯავროზე სრულად იქნება მოძიებული მართალთა სისხლი და მოეკითხება (ფსალმ. 9:12-13; ოს. 1:4; ლკ. 11:50-51; გამოცხ. 18:24; 19:2 და სხვა) ნებისმიერი დანაშაული უკეთურთა ამ "მიწიერ მოდგმას" (მთ. 23:33-36), - გადარჩენილი და ცხონებული კაცობრიობისთვის გაიხსნება ურყევი და უცვალებელი საღმრთო მარადიულობის კარიბჭენი:
"... თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თეს. 4:15-17).
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.