აპოკალიფსისი > განმარტება
ძაძებით შემოსილი ორი მოწმე
(გამოცხ. 11:3-4)
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
იმის შემდეგ, რაც იოანეს მიეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და განკარგულება: "ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში" (გამოცხ. 11:1-2) ამ მუხლებში მონიშნული სიმბოლოები უკვე აღარ იხსენიება, ხოლო "ორი მოწმის" მისია სატაძრო ღვთისმსახურებისგან "დამოუკიდებლად" გამოიყურება. ამიტომაც, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტაძარიც, საკურთხეველიც და "კვერთხის მსგავსი ლერწამიც", მოკლე უკანდახევად უნდა განვიხილოთ 11-ე თავის მოვლენათა ძირითადი ხაზიდან.
მაგრამ, როგორც შემდეგში გამოჩნდება, ტაძრის და საკურთხევლის გაზომვა დაკავშირებულია ორი წინასწარმეტყველის, ანუ "მოწმე-ზეთისხილ-სასანთლის" მიწიერ მისიასთან და ლაგდება თანმიმდევრულ, ერთიან და ცენტრალურ აზრობრივ პანორამად, რომელიც თავის დასაწყისს იღებს 10-ე თავში, როდესაც იდუმალთმხილველს და მისი სახით მთელ ეკლესიას "გადაშლილი ზეციური წიგნი" ეძლევა. ეს სიუჟეტური ხაზი გრძელდება "მეორე ვაების" დასრულებამდე, რომელიც "მიწაზე მცხოვრებთ" თავს დაატყდება მეექვსე საყვირის შემდეგ (გამოცხ. 11:13).
რაც შეეხება ორი მოწმე-წინასწარმეტყველის სახეს, რომელსაც ეძღვნება გამოცხადების წიგნის 11-ე თავის პირველი ნაწილი, - ადრე საკმარისად ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ასეთი სახე წმ. წერილის ყველა წიგნს თან გასდევს ერთიან აზრობრივ ხაზად, ხოლო ბიბლიური მოწმეები, რომლებიც წარიგზავნებიან ამა თუ იმ "მიწიერ ბანაკში" ურჯულოებისა და უკეთურებისა, გამოდიან მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასახეებად. ასე რომ მოვლენათა პანორამა, რომელიც დახატულია 11-ე თავში, უნდა აღვიქვათ, როგორც გაგრძელება და დასრულება ყველა ბიბლიური წინასახისა გამონაკლისის გარეშე, რომლებშიც ყოვლისმპყრობელსა და მის ერს წარადგენდნენ ორი ერთგული ბიბლური მოწმე.
ასე, მაგალითად, სოდომის განადგურების წინ ლოტს ესტუმრა ორი ანგელოზი, - სოდომი კი მოხსენიებულია გამოცხადების 11:8 მუხლში.
იერიქონის დაცემამდე ქალაქს ეწვია ორი მზვერავი ყმაწვილი, - ხოლო ანგელოზთა შვიდი საყვირით გამოცხადებაში დახატულია ასევე "იერიქონის შემოვლა საიუბილეო საყვირებით" (თანაც ბოლო მეშვიდე საყვირი, რომლის გაჟღერების შემდეგ "ეცემა უკეთურების ქალაქი", ჟღერს აპოკალიფსისში - გამოცხ. 11:15).
ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ორი "მოწმე-წინასწარმეტყველი", რომელიც წარმოადგენდა ღვთის ერს, იყვნენ მოსე და აარონი, - ეგვიპტე კი პირდაპირ არის ნახსენები აპოკალიფსისში - გამოცხ. 11:8.
მეტიც, ორი "ძაძებში შემოსილი" მოწმის სახით, დახატულია უფრო დაფარული მნიშვნელობებიც. მაგალითად, ისრაელის ქალაქებში საქადაგებლად (იერუსალიმი კი ირიბად არის ნახსენები გამოცხ. 11:8-ში) თორმეტი მოციქული შემთხვევით როდი გავიდნენ ორ-ორად, თანაც შემოსილნი იყვნენ უბრალო გამოუცვლელი ტანისამოსით და ყოველ მათგანს ჰქონდა კვერთხი (ანუ "რავდოსი" შეად. "კვერთხის მსგავს ლერწამს" გამოცხ 11:1-2-ში, სადაც გამოიყენება იგივე ბერძნ. სიტყვა ράβδος-ი, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს "კვერთხსაც" და "ლერწამსაც").
ამასთან ისრაელის ის ქალაქები, რომლებიც არ შეიწყნარებდნენ ორ უბრალოდ შემოსილ ახალაღთქმისეულ მოწმეს, რომელთაც თან ჰქონდათ ράβδος -ი (ანუ "კვერთხ-ლერწამი"), პირდაპირ არიან შედარებულნი სოდომსა და გომორას, შეად.:
"მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა (ძვ. ქართ.: "იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა"), და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით:არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის" (მკ. 6:7-11).
ექვსი მამხილებლის ხატება (რადგან იმის გათვალისწინებით, რომ მოციქულები დაიყვნენ ორ-ორად, ისრაელის ქალაქებში წარგზავნილ "ორმაგ მოწმეთა" რაოდენობა უდრის ექვსს) პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევანთან, რომელიც მონიშნულია კურთხევის მთა გარიზინისა და წყევლის მთა გებალის სიმბოლოებში, სადაც ყოველ მთაზე იდგა ისრაელის ძეთა ექვსი ტომი (ის. ნავ. 8:30-34; მეორე რჯლ. 27:11-13); და ექვსი შემმუსვრელის სიმბოლოსთან, რომელიც უკეთურებს თავს ატყდებათ წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვებში (ეზეკ. 9:2-3); ასევე ელეონის (ანუ ზესთისხილის მთის) ორად გაყოფა ზაქარიას წიგნიდან (ზაქ. 14:4-5, შეად. "ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:4) და სხვა.
თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ "ორი ახალაღთქმისეული მოწმის" მისიაში შედის უწყვეტი მხილება არა მარტო ქვეყნიერებისა, არამედ "ბნელი საწუთროს მპყრობელთა", და თვით წუთისოფლის თავადისა, რომელიც განკითხულია, როგორც კაცისმკვლელი ("... დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა..." (ინ. 8:44); "... განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია" (ინ. 16:8-11); "სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12 და სხვა). ეს არსებითი ასპექტი უთითებს კიდევ ერთ წინასწარმეტყველურ კავშირზე 11-ე თავის პანორამასა და "ორმაგი მოწმეობის" ბიბლიურ ხატებას შორის, შეად.:
"ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან" (რიცხვ. 35:30).
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ 11-ე თავის დასაწყისში ლაპარაკია არა "ორ წინასწარმეტყველზე", არამედ ორ მოწმეზე, რომლებიც, როგორც ითქვა, "იწინასწარმეტყველებენ". ხოლო ერთი და საყოველთაო სულიერი ნიჭი, რომელიც წინასწარმეტყველების შესაძლებლობას იძლევა, ნაუწყები იყო იოველის წიგნში და რეალობაში განხორციელდა სულიწმიდის წმიდა ნიჭების სისავსეში, რომელიც ორმოცდამეათე დღეს მთელ ახალაღთქმისეულ ეკლესიაზე გადმოიღვარა, შეად.:
"და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ" (საქმე 2:17-18).
მეტიც, სწორედ "წინასწარმეტყველების სული" წარდგება გამოცხადებაში ერთ ქრისტეს მოწმობად ეკლესიის ყველა წევრთათვის ("... რადგანაც იესუს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული" (გამოცხ. 19:10), თანაც ასეთი მოწმობა ცხადდება ქრისტიანთა "სულიერი ზეთით" ცხების მეშვეობით (შეად.: საქმე 1:8; 2 კორ. 1:21-22); "მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი" (ზაქ. 4:14); "ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:4).
ასე რომ "ორი ზეთისხილის" სიმბოლოში იკითხება სამეფო და სამღვდლო ღირსების მქონე "ორმაგი ცხება", რომელიც ქრისტიანებს ზეციური კარვის სამეფო სამღვდელოებად შეიქს, რომელიც მოწოდებულია დაადასტუროს თავისი უფლის შესახებ დედამიწის ყველა ერის წინაშე (შეად.: "... თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი" (1 პეტ. 2:9).
ამასთან ახალაღთქმისეული სულიერი განათლება, რომელიც ყველა მიწიერ ხალხს ეგზავნება ქრისტეს ეკლესიის მიერ, მისთვის მინიჭებულ მისიას აკავშირებს ორ წინასწარმეტყველ "სასანთლესთან". ხოლო რადგან "ორი წინასწარმეტყველი-სასანთლე", არ აძლევს უფლებას წარმართებს დარჩნენ ბნელში (შეად. – "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული" (მთ. 5:14-16; მკ. 4:21; ლკ. 8:16; 11:33), - უკეთურები და ურჯულონი, რომლებიც იმყოფებიან ზეციური კარვის "გარეთა ეზოში", "წმიდა ქალაქს ქელავენ" თავიანთი უმეცრების გამო (გამოცხ. 11:1-2).
პირიქით, მთელ ახალაღთქმისეულ დროში მათ უწყვეტად მიეწოდება მოწმობაც უფალსა და მაცხოვარზე, და სინანულის ქადაგებაც, რომელიც ამხელს მათ ურჯულოებას და აფრთხილებს მომავალ შურისგებაზე, - მაგრამ მათ უმეტესობას არც მოსმენა სურს ამისი და არც მიღება მათთვის ესოდენ არახელსაყრელი და მამხილებელი "ორმაგი მოწმობისა". მეტიც, ურჯულოთა უმრავლესობა უუნაროა შეურიგდეს თვით ამგვარი მოწმობის არსებობის ფაქტსაც კი, - რის შედეგადაც ღიად უპირისპირდება უფლის მიერ ეკლესიისთვის მინდობილ კვერთხ-ლერწამს (შეად. სიტყვებს, რომელიც ეზეკიელს უთხრა უფალმა ზეციური გრაგნილის შეჭმამდე):
"ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან" (ეზეკ. 2:4-7).
მიუხედავად ამგვარ ზრახვათა უკეთურებისა, სახარების მტერთა სიტყვებისა და საქმეებისგან დამოუკიდებლად, ეკლესიის მოწმობა ღმრთის ძალით უწყვეტად და უცვალებლად გაგრძელდება მთელი იმ წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რომელსაც წმ. წერილში "წარმართთა დროება" ეწოდება (ლკ. 21:24). თანაც მთელი ამ დროის განმავლობაში "ვერც სმენას დაიხშობენ", ვერც "დაემალებიან" ამ მოწმობას, ვერც ფიზიკურად გაანადგურებენ მას და ვერც გაექცევიან მხილებას რაიმე სხვა საშუალებით, რადგან არცერთ ურჯულოს ამისი არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია, არ ჰქონია და არც მომავალში ექნება თუნდაც იოტისოდენა ძალით.
რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიის სულიერ შესამოსელს, - ზეციურ რეალობაში მედღესასწაულე ეკლესია ღმერთს საზეიმო სამღვდლო შესამოსელში წარუდგება (შეად.: გამ 28; ლევ. 16:3-4, 16:23-25; გამოცხ. 3:4-5, 4:4, გამოცხ. 6:11 და სხვა).
მაგრამ, რადგან მიწიერი ეკლესიის მამხილებელი მოწმობა, რომელიც მთელი ძველი სამყაროსკენ არის მიმართული, ის გაისმის "გარეთა ეზოში", რომელიც "მიეცა წარმართებს", - ახალაღთქმისეული სამეფო სამღვდელოებას არ შეუძლია და არც უნდა იმყოფებოდეს იქ წმიდა "სატაძრო" შესამოსელში, შეად.:
"აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს" (ეზეკ. 42:14).
"გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით" (ეზეკ. 44:19).
ამასთნ ქრისტიანებს ევალებათ "გარეთა ეზოში" გასვლა და იქ ეკლესიისთვის მინდობილი ახალაღთქმისეული მოწმობის გადაცემა, შეად.:
"ამიტომ იესუც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ" (ებრ. 13:12-14).
ასე რომ ორი მოწმის "ძაძით შემოსვა" - ეს შემთხვევითი მახასიათებელი როდია ორი კონკრეტული ადამიანის ბუკვალური შესამოსლისა, არამედ კავშირშია ზესციურ ტაძართან და მის გარეთა ეზოსთან (გამოცხ. 11:1-2); ეს არის "რჯულიერი" ქრისტიანული შესამოსელი, რომელშიც ქრისტეს ეკლესია ახალაღთქმისეული მოწმობით მიმართავს უკეთურთა და ურჯულოთა სამყაროს (შეად.: მკ. 6:7-11).
მხოლოდ ამ ქვეყნად უფალ იესუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც დიდებით გამოჩნდება, მოხდება ქრისტეს მიწიერი ეკლესიის შემოსვა საზეიმო ზეციურ შესამოსელში, - თანაც ამ ახალ უხრწნელ სამოსელში განხორციელდება თვით უფლისა და მაცხოვრის საღმრთო დიდება, პატივი, და თაყვანისცემა.
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "წარმართული" გარეგანი ეზო ეს არის "მეძავის ტერიტორია", რომელიც აწ "პორფირითა და ძოწეულით, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით" არის შემკული (გამოცხ. 17:4; 18:16). ასე რომ ხაზგასმული განსხვავება მეძავისა და ორი ერთგული მოწმის შესამოსელში ვლინდება კიდევ ერთი ნიშანდობლივი დაპირისპირება გამოცხადების წიგნისა, რომლის თანახმადაც მეძავის მდიდრული შესამოსელი წუთისოფლისტვის ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მოკრძალებული "ძაძა", - მაგრამ შედეგად მეძავი "განშიშვლდება" (შეად. გამოცხ. 17:6), ხოლო ეკლესია, როგორც ქრისტეს პატარძალი სიმართლის წმიდა და ნათელ ბისონში შეიმოსება (გამოცხ. 19:7-9).
ამრიგად, მნიშვნელობათა საერთო პანორამა, რომელიც 11-ე თავის დასაწყისშია აღწერილი, მოწმობს იმაზე, რომ ქრისტეს ეკლესია თავის ზეციურ იპოსტასში (ანუ შვიდ ოქროს სასანთლეში, შეად.: ზაქ. 4:2-6) პირდაპირ ღმრთის საკურთხევლის წინ იმყოფება, ანუ ბუკვალურად "ღმრთის წინაშე დგას", როგორც ანთებული ორი სულიერი ზეთისხილი, როგორც ზეციური სატაძრო სასანთლე (შეად.: გამოცხ. 11:4):
"ხოლო ტახტიდან გამოდიოდნენ ელვანი, გრგვინვა და გრიალი, ტახტის წინ კი ენთო შვიდი ლამპარი ვერცხლისა, რომლებიც არიან ღვთის შვიდი სული" (გამოცხ. 4:5).
ხოლო "ორი მოწმე", რომლებიც სულიერი აზრით ერთი მთლიანობაა შვიდ ანთებულ სასანთლესთან ერთად, თავიანთ მისიას აღასრულებენ "გარეთა ეზოში", რომელიც ზეციური ტაძრის იდუმალთმხილველმა გაზომა, - და მით აღასრულებენ უფლის სიტყვას, რომელიც მთელი მისი საყვარელი ეკლესიისადმია მიმართულია, შეად. გამოცხ.: 11:4. და ასევე:
"არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე" (საქმე. 1:8).
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
(რაც შეეხება მოწმობებს "42 თვესთან" და "ათას ორას სამოცი დღის" შესახებ (გამოცხ. 11:2 და გამოცხ. 11:3), - მათი დეტალური განხილვა უმჯობესია გადავდოთ 12-ე თავამდე, სადაც "ეკლესიის დღეები" აღწერილია სიმბოლოთა სხვა ხაზით, მაგრამ "ორი წინასწარმეტყველის" მიწიერ მისიასთან ერთიანი ახალაღთქმისეული აზრით არიან გაერთიანებულნი).
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.