აპოკალიფსისი > განმარტება
სად და რატომ გაისმის შვიდი ანგელოზის შვიდი საყვირი?
(გამოცხ. 8:1-2)
მეშვიდე ბეჭდის მოხსნამდე ზეციური ხილვები იხსნებოდა და ვითარდებოდა თანიმდევრულად, ამიტომაც განსაკუთრებული სირთულე იმის გასაგებად, თუ რა რის შემდეგ მოდის, პრაქტიკულად არ წარმოიშვებოდა. მაგრამ მე-8 თავიდან დაწყებული ზეციური პანორამები იწყებენ გადაკვეთას და ნაწილობრივ ედებიან კიდეც ერთმანეთს, ასეთი ფრაგმენტების რაოდენობა კი თანდათანობით მრავლდება, - ასე რომ სიმბოლური მოვლენების განყოფა "თანმიმდევრულ" და "პარალელურ" მოვლენებად, თანაც ამ დროს დარჩე ერთიანი აზრობრივი ხაზის ჩარჩოებში, სულ უფრო და უფრო რთულდება.
მეტიც, ზეციური მოვლენების თანმიმდევრობა, რომელიც მეშვიდე ბებჭდის ქვეშაა წარმოდგენილი, გაუგებრობას იწვევს საკმაოდ ავტორიტეტულ ღვთისმეტყველებშიც კი. ასე, მაგალითად, გამოცხადების მერვე თავის განმარტებაში უ. ბარკლი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მისი მეორე მუხლი (ანუ შვიდი ანგელოზის ხილვა საყვირებით ხელში) დგას არა იქ, სადაც ის უნდა იყოს: "მუხლი მე-2, სადაც ლაპარაკია შვიდ ანგელოზზე შვიდი საყვირით ხელში, სრულიად ცხადია, რომ თავის ადგილას არ არის მოცემული. იმ სახით, როგორი სახითაც ის აქ დგას, არღვევს ნაწყვეტის აზრს, ის უნდა მოდიოდეს პირდაპირ 8:7 მუხლის წინ; სავარაუდოდ, ეს გადამწერის შეცდომაა" (ციტატის დასასრული).
მიუხედავად იმისა, რამდენად არალოგიკურად წარმოუდგება ვინმეს გამოცხადების წიგნის მე-8 თავში ასახულ მოვლენათა თანმიმდევრობა, - არანაირი "ტექნიკური" შეცდომა წიგნის კანონიკურ ტექსტში არ არის. ხოლო ესოდენ სარისკო ვარაუდი საკმაოდ ავტორიტეტული ღვთისმეტყველისგან შედეგია იმისა, რომ ბეჭდების მოხსნის პროცესი, რომელიც წინა სიუჟეტშია აღწერილი (ანუ მე-5 და მე-6 თავებში), შეგნებულად თუ შეუგნებლად უ. ბარკლის (და არა მარტო მის) მიერ აღიქმება მიწიერ მოვლენათა ბუკვალურ "სტარტად", რომლებიც გვეხსნება ყოველი ბეჭდის მოხსნის შემდეგ. და რამდენადაც ასეთი ლოგიკის მიმდევარი კომენტატორები დარწმუნებულები არიან, რომ არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო რეალობაში იმ მომენტამდე, სანამ ცაში არ მოიხსნა ამ მოვლენის შესაბამისი ბეჭედი, - ყოველი მათგანი უცვილობლივ მიდის დასკვნამდე, რომ ბოლო ბეჭდების მოხსნის შემდეგ აღწერილი მოვლენები ხდება უფრო გვიან, ვიდრე ის, რაც "უფრო ადრე" მოხსნილ ბეჭდებში იყო ნაგულისხმევი.
მაგრამ, როგორც არაერთხელ აღინიშნა წინა პუბლიკაციებში, ბეჭდების მოხსნა არსებითად ადრე დაფარულ მნიშვნელობათა გახსნაა, - ხოლო ახალაღთქმისეული გამოცხადების მონიჭებამდე დაფარულ მოვლენებს განეკუთვნებოდა არა მარტო მომავალი, არამედ წარსულიც და აწმყოც. ამიტომაც ბეჭდების მოხსნისდა კვალად იდუმალთმხილველს ეხსნებოდა არა მიწიერ მოვლენათა დროითი თანმიმდევრულობა, არამედ საღმრთო ჩანაფიქრის საერთო არსი და საზოგადო ლოგიკა, რომელიც მთელ ახალაღთქმისეულ საღმრთო აღმშენებლობას მოიცავს, სადაც ხატებანი სხვადასხვა ბეჭდების სახით კი არ "ცვლიან", არამედ ავსებენ ერთურთს; სადაც აღწერილია უდიდეს საღმრთო საიდუმლოთა გასხვავებული ასპექტები და მეშვიდებ ბეჭდისთვის თავს იყრიან ერთიან ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკაცრი დროითი თანმიმდევრულობა და "მიწიერი" მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, ადამიანის გონებისთვის ჩვეული სახით, შენარჩუნებულია მხოლოდ იმ მოვლენებისთვის, რომელიც ერთი ბეჭდის შემდეგ იხსნება.
მაგრამ შვიდი ბეჭდის ერთობლიობა წარმოადგენს არა "თანმიმდევრობას", არამედ ახალაღთქმისეულ მოვლენების "სისავსეს", ანუ მიწისა და ცის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.
შესაბამისად, ის ფაქტი, რომ "შვიდი საყვირის" მოვლენები იხსნება ბოლო, მეშვიდე ბეჭდის შემდეგ, არ ნიშნავს, რომ პირველი საყვირი მხოლოდ იმის შემდეგ აჟღერდება, რაც აღსრულდება და მეტიც, დამთავრდება ყველაფერი ის, რაც წინა ბეჭდების მოხსნის შემდეგ იყო გამოვლენილი. შვიდი საყვირის სიმბოლო, კაცთა მოდგმასთან და მთელ სამყაროსთან მიმართებაში, ასახავს საღმრთო ჩანაფიქრის დამოუკიდებელ დასრულებული ხატებას, - და ეს აზრობრივი პანორამა არანაირად არ არის დამოკიდებული იმ სიმბოლურ ხილვებთან, რომლებიც პირველი ექვსი ბეჭდის მოხსნით გაცხადდა.
მეტიც, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ შვიდი საყვირის ერთობლიობაში მონიშნულია ზუსტად ისეთივე გლობალური წინასწარმეტყველური მნიშვნელობები, რაც უფრო "ადრე" ბეჭდების მოხსნაში იყო ნაჩვენები (თანაც, "სიმბოლიზმის ენის" ცვლილება და ბიბლიური საყვირების განსაკუთრებული სიმბოლიზმი ამ მნიშვნელობათა წარმოდგენის განსხვავებულ ფორმებს ვარაუდობს).
ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზების გამოსვლა საყვირებით გამოიყურება, როგორც უკანასკნელი ბეჭდის მოხსნის "შედეგი", - გამოცხადების წიგნის ერთიან წინასწარმეტყველურ მნიშვნელობებზე საუბრისას "შვიდი საყვირის" ხილვა უნდა განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი სრულფასოვანი სახარებისეული სიუჟეტი, რომელიც წარსულის, აწმყოსა და მომავლის "საკუთარ" სიმბოლოებშია დახატული.
"და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი" (გამოცხ. 8:1-2).
აშკარაა, რომ რადგან ზეციურ წიგნზე შვიდი ბეჭედია, და ყოველ მათგანში იგულისხმება ერთგვარი განზოგადოებული აზრი, - ბოლო მეშვიდე ბეჭდის მოხსნით მოვლენათა საერთო პანორამამ უნდა შეიძინოს ერთიანი და დასრულებული სახე, ანუ გაიხსნას ბოლომდე, ჩამოყალიბდეს და შესრულდეს. ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მე-8 თავის პირველ მოწმობებთან არის დაკავშირებული, ასე ჟღერს: მაშ, რა და რატომ შეიძლება დაიწყოს ერთდროულად (შემდეგ ხომ "შვიდი საყვირი" მოდის), და დასრულდეს (ეს ბეჭედი ხომ ბოლოა) არა მოქმედების სიტყვებით, არამედ მდუმარებით?
მაგალითად, ყველაზე ზოგადი აზრით მდუმარებით შეიძლება დასრულდეს ერთგვარი დამთავრებული სიტყვა. თანაც თუკი იმის შემდეგ, რაც რაღაც მნიშვნელოვანი ითქვა, დამსწრეთა შორის ისადგურებს სრული მდუმარება, ეს ნიშნავს, რომ ნათქვამი საკმარისია, ხოლო დამატება, შეპასუხება და აპელაცია არავისგან მოდის (ანუ მთელი ნაუწყები განსაზღვრება მიღებულია, როგორც შეუქცევადი და გარდაუვალი ჭეშმარიტება).
შესაბამისად, ამ აზრით "მდუმარება ცაში" უნდა აღვიქვათ, როგორც "სრული თანხმობის" ნიშანი, ასევე როგორც მოწმობა, რომ საღმრთო გამოცხადება, რომელიც დაფარული იყო ზეციურ წიგნში და კრავის მიერ არის ნაუწყები მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიისთვის, დღეიდან ყველა დამსწრეთათვის არის გახსნილი, ხოლო საღმრთო გეგმა კაცობრიობის ცხონების საქმეში აღწერვს სისავსეს და დასრულებულობას.
მაგრამ "მეშვიდე ბეჭდის მდუმარების" შემოფარგვლა მხოლოდ ამ მნიშვნელობებით არასწორი იქნებოდა. რადგან თუკი მთავარ ზეციურ საიდუმლოში იგულისხმება საღმრთო ჩანაფიქრი კაცთა მოდგმის ცხონებასთან და სამყაროს განახლებასთან დაკავშირებით, - "მშვიდობის მყოფელ" (ეფეს. 2:15) მოვლენათა თანმიმდევრობა უნდა დასრულდეს ერთგვარი შემოქმედებითი აქტით, რომლის შედეგადაც ყველაფერი, რაც კი ადრე იყო განსაზღვრული, ჰპოვებს ხარისხსა და მდგომარეობას, რომელიც შეესაბამება ცნებას "აღსრულდა" (შეად. – "... მოისმა ციური ტაძრის ტახტიდან მგრგვინავი ხმა, რომელმაც თქვა: აღსრულდა!" (გამოცხ. 16:16-17).
ეს კი ნიშნავს, რომ მეშვიდე ბეჭდის ზეციური მდუმარება არც თუ "უსიტყვოა", - და, რომ ის "მეტყველებს" ისევე ხმამაღლა, როგორც პირველი ექვსი ბეჭდის მოხსნის შემდეგ მომხდარი მოვლენები, მოწმობს პირდაპირ წინასწარმეტყველურკავშირზე "შვიდ ზეციურ საყვირსა" და "იერიქონის შვიდდღიანი შემოვლის" ძველაღთქმისეულ ხატებას შორის (რის შედეგადაც "უკეთურების გამაგრებული ქალაქი" დაეცა, ხოლო უფლის მხედრობა, რომლის წინასახედაც გამოდიოდა ისრაელის ხალხი, სრული და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მდუმარება ცაში", რომელიც წინ უსწრებს "იერიქონისეულ" შვიდ საყვირს, წარმოადგენს მთელ ძველ სამყაროს, ურჯულოების გამაგრებული ქალაქით, ხოლო ანგელოზები, რომელთაც შვიდი საყვირი უპყრიათ, - იმ ზეციურ მხედრობას, რომლებიც შემოუვლიან ამ ქალაქს ერთი "წინასწარმეტყველური" (არა ასტრონომიული, არამედ აზრობრივი) შვიდეულის განმავლობაში (შეად. ის ნავ. 6:9, "ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა" (ზაქ. 1:10; გამოცხ. 6:1-6); "გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას" (ლევ. 13:50; ლევ. 14:36-38 და ა. შ.).
ხოლო როგორც კი "მსოფლიო იერიქონის" კედლები დაეცემიან, - ღმრთის ერისთვის გაიხსნება მარადიული კურთხეული სამეფო, რომელშიც განხორციელდება უდიადეს ახალაღთქმისეულ აღთქმათა მთელი სისრულე.
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ "იერიქონისეული" მდუმარება შვიდი საყვირის წინ, მათ შორის, ამტკიცებს დროების გლობალურ და შუქცევად ბრუნვას, რომელიც დაამხობს ძველ მიწაზე "აღთქმულ ხელმწიფებათა" შესაძლებლობას და თვით იდეასაც კი, - და პირდაპირ მოწმობს იმაზე, რომ ამ მომენტიდან ქვეყნიერება განუხრელად უახლოვდება საკუთარ დაღუპვას.
ეს კი ნიშნავს, რომ ზეციური "იერიქონისეული" საყვირები დროს აითვლიან არა პირდაპირი, არამედ უკუათვლით, არა წლის წელზე მიმატებით, არა მთელი ქვეყნიერებისთვის უწყებით, რომ უკეთურების დროება საყვირიდან საყვირამდე იწურება, როგორც ქვიშა იწურება ქვიშის საათში. და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც "ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი", ერთგულთათვის კი გაიხსნება ღმრთის აღთქმული სამეფო, რომელიც სამყაროში შემოდის "არა ამ ქვეყნიდან", - დროთა სვლა კვლავ "წარედინება მომავალში" და გაითქვიფება საღმრთო მარადისობაში).
ასე რომ, უკვე იმ ფაქტში, რომ თვით ცაში დამყარდა იდუმალი, მაგრამ "მეტყველი" მდუმარება, აიხსნება არა იმდენად მეშვიდე ბეჭდის ლოკალური საიდუმლო, რამდენადაც საღმრთო ჩანაფიქრის "შედეგობრივი" მნიშვნელობები ძველ სამყაროსთან და გადარჩენილ კაცობრიობასთან მიმართებაში.
ამრიგად, შვიდი ანგელოზისა და შვიდი საყვირის ხილვაში გამოცხადება აღწერს ცალკეულ და განსაკუთრებულ ხაზს მნიშვნელობებისა, რომელიც ზეციური ტაძრის სიმბოლიზმის მეშვეობით ინარჩუნებს კავშირს წინა სიუჟეტებთან და "შვიდივე ბეჭედი" მოჰყავს ერთიან, საზოგადო აზრობრივ დასრულებამდე, - მაგრამ "თავის შიგნით" ის ეფუძნება საკუთარ ლოგიკას და "საკუთარ" წინასწარმეტყველურ მოწმობებს.
(ამ ასპექტზე ამახვილებდა ყურადღებას პროფ. ლოპუხინიც: "იოანე უკვე აღარ ახსენებს არც ცხოველებს, არც მხცოვნებს, არც სასანთლეებს, ისინი უკვე აღარ იყვნენ იოანეს მზერის წინაშე").
"სიმბოლიზმის
ენის" ცვლილებასთან ერთად იცვლება ის ძველაღთქმისეული მოვლენებიც, რომლებიც უნდა
განვიხილოთ იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული წინასწარმეტყველური ხილვების წინასახეებად.
ამიტომაც თუკი წინა თავებში იდუმალთმხილველის მიერ აღწერილ ხატებათა და სიუჟეტთა პანორამების
წინასწარმეტყველურ საფუძვლად გამოდიოდა ხუთწიგნეულის და ზაქარიას წიგნის "სატაძრო"
სიმბოლოები, - მე-8 და მე-9 თავებში ახალაღთქმისეულ რეალობაში აღსრულებად ხატებებსა
და წინასწარმეტყველებებს "ემატება" იესუ ნავეს, ეზეკიელის და იოველის წიგნებიც.
გაგრძელება
იქნება