აპოკალიფსისი > განმარტება
სამმაგი ვაი და ორი წინასწარმეტყველი
(გამოცხ. 8 - გამოცხ. 11)
თუ მივყვებით შეხედულებას, რომ გამოცხადების წიგნის ყველა ხილვა ერთ და ზოგად ლოგიკას ექვემდებარება, 11-ე თავი (ისევე, როგორც 10-ე, სადაც აღწერილია ზეციდან ანგელოზის გადმოსვლა გადაშლილი წიგნით ხელში) რაღაცნაირად უნდა აგრძელებდეს "შვიდი ზეციური საყვირის" აზრობრივ მიმართულებას. ჩვენ გვახსოვს, რომ მეექვსე საყვირი "გაისმა" მე-9 თავში, ხოლო მე-7 საყვირი ნახსენებია 10-ეში, არა როგორც აწმყო, ანუ ახლანდელი მოვლენა, არამედ მომავალი, - ასე რომ შვიდივე საყვირის სრული პანორამა 11-ე თავისთვის ჯერაც დაუსრულებელი რჩება.
მაგრამ ის მოვლენები, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების წიგნის 10-ე და 11-ე თავებში, ერთი შეხედვით არაფრით არიან დაკავშირებულნი არც მეხუთე და არც მეექვსე საყვირებთან, სადაც ლაპარაკი იყო კალიის ლაშქარზე (მეხუთე საყვირი), ოთხ ანგელოზზე, რომლებიც "ევფრატის დიდ მდინარესთან" იყვნენ შეკრულნი, და ცხენოსანთა ჯარზე, რომლის რაოდენობა იყო "ორასი ათასჯერ ათასი", რომლებმაც ამოწყვიტეს კაცთა მესამედი (მეექვსე საყვირი).
ამასთან 10-ე თავში იდუმალთმხილველი მოწმობს აღთქმის ანგელოზზე, რომელიც ციდან ჩამოდის და ერთი ფეხით დგება ზღვაზე, მეორეთი კი - მიწაზე, შვიდ ქუხილზე და "გახსნილი წიგნის" წინასწარმეტყველურ გამოცდაზე, რომელიც დაკავშირებულია ხალხებში სახარების საყოველთაო მისიის აღსრულებასთან (შეად. - გამოცხ. 19:10), - ხოლო ანგელოზის სიტყვა, რომელიც ეძღვნება მომდევნო მეშვიდე საყვირს, პირდაპირ გვაუწყებს დრო-ჟამის აღსასრულს და მაცხოვრის მეორედ მოსვლას (გამოცხ. 10:7).
რაც შეეხება 11-ე თავს, - ის იწყება იდუმალთმხილველის მიერ რომელიღაც "ტაძრისა და საკურთხევლის" გაზომვით, შემდეგ კი მოწმობს "ორი წინასწარმეტყველის" მიწიერ მსახურებაზე, რომელსაც მოკვლავს "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" (გამოცხ. 11:3-12). ასე რომ, 15-ე მუხლამდე ზეციური საყვირები 11-ე თავში არ იხსენიება, - ხოლო კავშირი 10-ე თავსა და 11-ე თავის დასაწყისს შორის აგებულია მხოლოდ ახალაღთქმისეული ეკლესიის საყოველთაო წინასწარმეტყველური მისიის გათვალისწინებით.
ასეა თუ ისე, აშკარა განსხვავებათა გამო გამოცხადების წიგნის ორ "სასაყვირე" (8 და 9) და ორ "წინასწარმეტყველურ" (10 და 11) თავებს შორის აშკარა განსხვავებათა გამო მრავალი ღვთისმეტყველი 10-ე თავისა და 11-ე თავის პირველი ნაწილის მოწმობებს "აზრობრივ უკანდახევად" მიიჩნევს, რადგან მათ "ჩასმად" (ინტერლუდია) მიიჩნევს, რომლებიც ეძღვნება მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულნი არ არიან შვიდ საყვირთან აზრის ერთიანობით, სიმბოლიზმით და მათ მიერ აღწერილი მოვლენების მიხედვით.
მაგრამ ძნელია დაეთანხმო ამგვარ შეხედულებას. ჯერ-ერთი, სწორედ 11-ე თავში აღწერილი "ორი წინასწარმეტყველის" მისიას გამოცხადების მოწმობები მიჰყავს უკანასკნელ მეშვიდე საყვირამდე; მაშასადამე, აზრთა წყობის იმ მიმართულების დასრულებამდე, რომელიც აგებული იყო 8-ე და 9-ე თავებში აღწერილ მოვლენათა მეშვეობით, და რომლებიც ბოლო სამ საყვირთან იყვნენ დაკავშირებულნი.
მეორეც, უცებ, "დიდი მიწისძვრის" შემდეგ (მეშვიდე საყვირის უეცარობის გამო, იხ. გამოცხ. 11:14-15), იდუმალთმხილველი მოწმობს "მეორე ვაების" დასრულებაზე იმ სამიდან, რომლებიც მფრინავი არწივ-ანგელოზის მიერ იყო ნაუწყები მეხუთე საყვირის უწინარეს ("... ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს" (გამოცხ. 8:13). ასე, რომ "პირველი ვაება" (მეხუთე საყვირის "კალია" (გამოცხ. 9:1-12)) და "მესამე ვაება" (რომელიც მეშვიდე საყვითან ერთად მოდის 11-ე თავში) წარმოადგენენ ერთიან და მწყობრ ლოგიკურ მიმდევრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი "მეორე ვაება", რომელიც დგება მეექვსე საყვირის შემდეგ მთელი 10-ე და 11-ე თავების განმავლობაში არ შეწყვეტილა, - ხოლო ამ თავში აღწერილი ყველა მოვლენა მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
(ხოლო ყველა ადრე აღნიშნული მნიშვნელობების გათვალისწინებით, ეჭვიც არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ გამოცხადების წიგნის თხრობა საკმაოდ მწყობრია და არანაირ შემთხვევით ჩანართებს და აუხსნელ "სიუჟეტურ გადახტომებს" არ შეიცავს).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მდინარე ევფრატთან ოთხი ანგელოზის გათავისუფლება (გამოცხ. 9:14-15), ისევე როგორც "ცხენოსანთა არმია" (გამოცხ. 9:16-19), საერთო მნიშვნელობებით არიან დაკავშირებულნი მე-10 თავის "გადაშლილ წიგნთან" და სიუჟეტთან "ორი მოწმის" შესახებ (თ. 11-ე), - სწორედ ამ მიზეზით "მეორე ვაება" იწყება გამოცხ. 9:13-დან, და მთავრდება მხოლოდ 11-ე თავის შუაში (შეად. – "მეორე ვაებამ გადაიარა, და აჰა, მოგელავს მესამე ვაება" (გამოცხ. 11:14).
ამასთან 11-ე თავის სიმბოლოთა და მოვლენათა კავშირი წინმსწრებ ხილვებთან (ანუ ქებულ ანგელოზთან გადაშლილი წიგნით ხელში (თ. 10-ე) ბევრად უფრო აშკარაა. ჩვენ ადრე განვიხილავდით, რომ მოც. იოანეს "წიგნით" გამოცდა (რომელიც პირში ეტკბილა, მაგრამ რომელმაც დაამწარა მისი მუცელი), შემდეგ კი მისი წარგზავნა საწინასწარმეტყველოდ "ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11), ამ მოვლენებში წარმოადგენს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქრისტეს მთელ ეკლესიას, - ეს კი ნიშნავს, რომ მის მიერ გაზომილი ტაძარი, საკურთხეველი და "თაყვანისმცემელნი მასში" (გამოცხ. 11:1-2), ისევე როგორც "ორი წინასწარმეტყველის" მიწიერი მისია (გამოცხ. 11:3-12), გვიხატავენ იმ მსოფლიო მსახურებას, რომელიც გამოცხადების წიგნის 10-ე თავის ბოლოში მიენდო მოც. იოანეს (მისი სახით კი მთელ ეკლესიას)
რაც შეეხება 10-ე და 11-ე თავთა ხილვების კავშირს მეხუთე და მეექვსე საყვირებითურთ, - 10-ე თავის განხილვის დროს უკვე აღინიშნა, რომ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველ ეზეკიელს, ისევე, როგორც გამოცხადების იდუმალთმხილველს, თავისი წინასწარმეტყველური მსახურების წინ უნდა ეჭამა მისთვის ზეციდან გამოგზავნილი გრაგნილი. თანაც "ეზეკიელის გრაგნილის" შინაარსი იუწყებოდა სხვა არაფერს, თუ არა "სამმაგ ვაებას" რომელიღაც "ურჩი მოდგმისთვის":
"ურცხვი და ჯიუტი შვილები არიან, მათთან გგზავნი, რომ უთხრა: ასე ამბობს უფალი ღმერთი. გინდ მოგისმინონ, გინდ არ მოგისმინონ, რადგან ურჩნი არიან, ეცოდინებათ მაინც, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის. შენ კი, ადამის ძევ, ნუ გეშინია მათი და მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს, თუმცა ეკლად და ძეძვად გექცევიან და მორიელებზე იჯდები; მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს და მათი სახე ნუ დაგაფრთხობს; რადგან ურჩი მოდგმაა. უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან. შენ კი, ადამის ძევ, ისმინე, რასაც გეუბნები: ნუ იქნები ურჩი, როგორიც ეს ურჩი მოდგმაა; გააღე პირი და შეჭამე, რასაც მოგცემ. და მე ვიხილე, აჰა, ხელია გამოწვდილი ჩემსკენ და, აჰა, წიგნის გრაგნილია მასში. გაშალა ჩემს წინ და, აჰა, დაწერილია ორივე მხარეს; სწერია: გოდება, მოთქმა და ვაი" (ეზეკ. 2:4-10).
და ძალიან მსგავს "სამმაგ უბედურებას", რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული უკანასკნელ სამ საყვირთან, აუწყებს "მიწაზე მცხოვრებთ" (ანუ "ურჩ მოდგმას") არწივი-ანგელოზი, რომელიც "შუა ცაში" დაფრინავს გამოცხადების წიგნის მე-8 თავში.
ასე რომ მოციქული იოანეც, რომელმაც "შეჭამა წიგნი", და გაიარა "სიმწრის" გამოცდა, ამ მოქმედებათა მიერ მიიღო ახალაღთქმისეული წინასწარმეტყველური მისია (გამოცხ. 10), და მფრინავი არწივი, რომელიც მიწაზე მცხოვრებთ აუწყებს "სამმაგ ვაებას" (გამოცხ. 8:13), წარმოგვიდგებიან, როგორც ახალაღთქმისეული აღსრულება ერთი და იმავე წინასახისა, რომელიც წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში იყო აღწერილი.
ამასთან არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ მოც. იოანეს წინასწარმეტყველური სიტყვა "ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის", - რომელიც, ისევე როგორც "არწივის უწყება" (გამოცხ. თ. მე-8), მიმართულია სწორედ "მიწაზე მცხოვრებთაკენ", - უნდა იუწყებოდეს ქვეყნიერებაზე მოწევნად "სამმაგ ვაებასაც", სხვაგვარად გამოვა, რომ არწივ-ანგელოზის ხმა და "წიგნის შემჭმელი" იდუმალთმხილველის მსოფლიო წინასწარმეტყველება შეუსაბამონი იქნებიან ერთურთის.
თუკი არწივ-ანგელოზის უწყებას და იოანეს წინასწარმეტყველებას აღვიქვამთ ერთ მთლიანობად, - ერთ ხატებად შეიკვრება ორი მფრინავი არწივიც, რომელთაგან ერთი მიმართავს "მიწაზე მცხოვრებთ" (გამოცხ. 8:13), მეორე კი აღწერილია ერთ-ერთ ოთხ ზეციურ ცხოველთა შორის (გამოცხ. 4:7) და უთითებს თვით მოც. იოანეზე, რომელსაც მიენდო "ზეციური წიგნი" და, რომელიც მოწოდებული იყო ეწინასწარმეტყველა "ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის" (გამოცხ. 10:11).
(ადრე უკვე აღინიშნა, რომ ეკლესიის მამათა მრავალრიცხოვანი მოწმობებით ლომის, ხბოს, ადამიანისა და "მფრინავი არწივის" სიმბოლოებში (იხ. გამოცხ. თ. 4), რომელიც ოთხ ზეციურ ცხოველთან არიან დაკავშირებულნი, ნაგულისხმევია ოთხი მახარობელი, თანაც "მფრინავი არწივის" სიმბოლო შეესაბამება იოანე ღვთისმეტყველს. *
ხოლო ეს, თავის მხრივ, განმარტავს სიტყვას "კვლავინდებურად" ანგელოზის ფრაზიდან: "კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება" (გამოცხ. 10:11), რომელიც ამ კონტექსტში გამოიყურება, როგორც მოწმობა იმის შესახებ, რომ წინასწარმეტყველური უწყება ეკლესიის "მფრინავი არწივისგან", რომელიც იოანეს სახარებით არის წარმოდგენილი, არ შეწყდება, და არ შეიცვლება, არამედ გაგრძელდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში... ეს არის მნიშვნელობათა გასაოცარი ჰარმონია).
______________
* აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ წმ. ირინეოს ლიონელი (II ს.) მახარობელთა სიმბოლოებს ასე ანაწილებდა: მათე - ადამიანი, მარკოზი - არწივი, ლუკა - ხარი, იოანე - ლომი. ასეთი გადანაწილება დღემდე შენარჩუნებულია ძველმართლმადიდებელ ქრისტიანებში. თუმცა, ნეტ. იერონიმე (347 - 420) მახარობელთა სიმბოლოებს სხვანაირად ალაგებდა, კერძოდ ისე, როგორც ეს დღეს ოფიციალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებშია მიღებული, კერძოდ: მათე - ადამიანი, მარკოზი - ლომი, ლუკა - ხარი, იოანე - არწივი.
______________
ასეა თუ ისე, სრულიად ცხადია, რომ გამონაკლისის გარეშე ყველა სიმბოლო, რომლითაც გამოცხადების წიგნში არის შემოსილი ქრისტეს ეკლესია, არის არა "გამყოფი", არამედ "კრებითი", ანუ ისინი კი არ ანაწევრებენ მოვლენათა საერთო პანორამას "აზრობრივი ინტერლუდიებით", - არამედ პირიქით, ერთი აზრობრივი საყოველთაო მნიშვნელობით წარმოადგენენ ძველი და ახალი აღთქმის წინასწარმეტყველებათა სხვადასხვა სიმბოლოებს.
ხოლო ერთი მთლიანი ხაზის მოჩვენებითი "დაყოფა", რაც ერთი მხრივ თითქოსდა მეხუთე და მეექვსე საყვირთა შორის იხილვება, და მეორე მხრივ 10-ე და 11-ე თავების ხილვებით (11-ე თავის 15-ე მუხლამდე), აიხსნება მით, რომ "საყვირთა" სიმბოლოები მოწმობენ მოვლენებზე, რომლებიც ხდება მსოფლიოში, - ხოლო სიუჟეტები "გადაშლილი წიგნითა" და "ორი წინასწარმეტყველით" ეძღვნება ახალაღთქმისეული ეკლესიის წინასწარმეტყველურ მსახურებას.
ამასთან სწორედ ახალაღთქმისეული ეკლესიის მიწიერი მისიის სისავსეში ჰპოვებს ერთიან აზრს "მფრინავი არწივის" მიერ ნაუწყები სამმაგი ვაება, რომელიც თავს ატყდება "მიწის მკვიდრთ" ბოლო სამი საყვირის დაცემის პერიოდში (გამოცხ. 8); ამავე სისავსეში ჰპოვებს აზრს ანგელოზის მისია გადაშლილი წიგნით ხელში (გამოცხ. 10); ქრისტეს ეკლესიის სახარებისეული მოწმობა ყველა "ხალხისა, ენისა და მეფეთათვის", რომელიც აღწერილია "ტაძრის გაზომვის" ხატებაში და ორი "ზეთისხილი-სასანთლე-მოწმის" წინასწარმეტყველურ მსახურებაში (გამოცხ. 11), რომელსაც წუთისოფლის მკვიდრნი გააფთრებით, მრისხანებით და სიძულვლილით შეხვდებიან და მათი საკუთარი სიცოცხლის ფასად აღსრულდება (შეად.: "ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი" (მთ. 10:38)).
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.