აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეხუთე საყვირი: კალია უფსკრულიდან და ხუთთვიანი ტანჯვა
(გამოცხ. 9:3-6)
"გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს" (გამოცხ. 9:3-5).
რადგან შხამიანი კალია, რომელშიც სამი უკანასკნელი საყვირიდან ხორციელდება "პირველი ვაება", გამოდის "კვამლიდან", ხოლო კვამლი ამოდის "უფსკრულიდან". არ არსებობს არანაირი საფუძველი ეს სიმბოლოს აღვიქვათ რომელიმე ბუკვალურ პროცესად და მატერიალურ საგნად (მაგალითად, ტანკებად, ვერტმფრენებად, დრონებად და ა. შ.).
გარდა ამისა, ნამდვილი კალიისგან განსხვავებით, "უფსკრულის კალიას" უფლება არა აქვს ავნონ არც "ბალახს მიწისას", არც "მწვანილს" რასმე და არც "ხეს რასმე": მთელი ზიანი, რომლის მიყენების უნარი დემონურ კალიას გააჩნია, ადამიანებით შემოიფარგლება, ანუ მხოლოდ იმ ხალხით, "რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე", - ასე რომ მიწიერ ქმნილებებთან ამგვარი კალიის დაკავშირება მხოლოდ შეფარდებითია.
"ათ სასჯელს" შორის, რომელმაც ძველაღთქმისეული გამოსვლის დროს მოწყლა ეგვიპტის მიწა და ქვეყნიერების მასშტაბით მხოლოდ გამოცხადების წიგნის შვიდი საყვირის მეშვეობით გაიხსნა, აღწერილია კალიის შემოსევა, რომელმაც შეჭამა ყველაფერი, რაც წინა სასჯელს, ანუ სეტყვას გადაურჩა (იხ. გამ. 10:4-19). კალიის შემოსევა სასჯელთა რიგში "მერვე ეგვიპტური სასჯელია". ეჭვი არ არის, რომ "უფკსრულიდან ამოსული კალია" აგრძელებს იმ მოწმობათა ხაზს, რომელიც ახალაღთქმისეულ რეალობას აკავშირებს იმ წინასწარმეტყველურ მოვლენებთან, რაც ისრაელის ეგვიპტის მონობიდან გამოხსნას უკავშირდება.
თანაც უფსკრულიდან "მკბენარა კალიების" ამოსვლას უკავშირდებიან სხვა წინასახეები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან აღწერილნი "ეგვიპტურ სასჯელებშიც". ასე, მაგალითად, ფარაონის მიწაზე ქინქლის (მუმლის) (მესამე "ეგვიპტური სასჯელი") და ბუზანკალის (მეოთხე "ეგვიპტური სასჯელი") შემოსევა ახალაღთქმისეული დროების კალიას უთვალავი რაოდენობითაც წააგავს, და იმ ვითარებითაც, რომ მათი ნაკბენისგან ზიანდებოდნენ არა "მცენარეები", არამედ ადამიანები. თანაც "ეგვიპტური" მუმლისა და ბუზანკალების ზემოქმედება, როგორც "უფსკრულის კალიისა", მტანჯველი იყო, მაგრამ არა სასიკვდინე (შეად.: "... და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი..." (გამოცხ. 9:5), - ხოლო ისრაელის ხალხი მათ მავნე კბენას საერთოდ არც განიცდიდა (გამ. 8:22-23), შეად. – "მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე" (გამოცხ. 9:4).
მეტიც, "კალიის" ზემოქმედება განსაზღვრული მსგავსებით დაკავშირებულია მეექვსე "ეგვიპტურ სასჯელთან", რომლის დროსაც ადამიანებს გამოუჩნდათ "ყვავილის მუწუკები" (გამ. 9:10). თანაც ეს მსგავსება შეიცავს არა მარტო დაზიანების ერთნაირ შედეგებს, რომლის შემდეგაც ადამიანებსა და საქონელს გამოაჩნდა "ყვავილის მუწუკები" (რაც სიმბოლურად არის შინაგანი უწმინდურების დადასტურება, შეად ლევ. – 13), - არამედ ის არსებითი ვითარებაც, რომ კალიას წინ უსწრებდა კვამლის ამოსვლა, რომელიც ძველაღთქმისეულ დროებაში ეგვიპტის ღუმლიდან ამოიფრქვა (შეად.: "... ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი" (გამოცხ. 9:2); "აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს..." (მეორე რჯლ. 4:20), შეად.:
"უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ. მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში. აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები" (გამ. 9:8-10).
რადგან მეცხრე "ეგვიპტური სასჯელი" იყო "ხელით შესაგრძნობი წყვდიადი" (გამ. 10:21-23, შეად.: "გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან" (გამოცხ. 9:2), - გამოდის, რომ "უფსკრულის კალიის" შემოსევაში აღესრულება არა ერთი, არა ორი, არამედ ხუთი "ეგვიპტური სასჯელი", რომელიც ძველაღთქმისეული გამოსვლის დროს მოხდა.
ამასთან წყლის სისხლად გადაქცევა და ცისქვეშეთის წყაროთა მოწყვლა (რაც ეგვიპტის პირველ სასჯელს შეესაბამება) მოხდა მეორე და მესამე საყვირების დაცემისას (გამოცხ. 8:8-11), ხოლო ცეცხლოვანმა სეტყვამ (ანუ მეშვიდე ეგვიპტურმა სასჯელმა, "მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში..." (გამ. 9:18-35)), დედამიწა ჯერ კიდევ პირველი საყვირის დროს მოწყლა (გამოცხ. 8:7).
ასე, რომ ხუთ ზეციურ საყვირში, ათი ძველაღთქმისეული "სასჯელიდან", სრული სახით არ გამოვლენილა მხოლოდ სამი, კერძოდ, გომბეშოების შემოსევა (მეორე "ეგვიპტური სასჯელი" - გამ. 8:1-14), პირუტყვის ჭირი (მეხუთე ეგვიპტური სასჯელი - გამ. 9:1-7) და ყველა ეგვიპტელი პირმშოს სიკვდილი (უკანასკნელი, მეათე "ეგვიპტური სასჯელი" - გამ. 12:12-15).
(ამ უბედურებათა განხორციელება მსოფლიო მასშტაბით გამოცხადების წიგნში წარმოდგენილი იქნება ოდნავ გვიან).
მაგრამ ხუთ საყვირში გამოვლენილი "ეგვიპტურ" სასჯელთა სახეები სრულიად საკმარისია სამტკიცებლად, რომ "აპოკალიფსისის შვიდი საყვირის" მოვლენები წარმოაგენენ "ფარაონის სამეფოს" ძველ ქვეყნიერებას, რომელიც ყოველი ძალით ცდილობს ცოდვის მონობის საკვრელებში ღმრთის ერის შეკავებას. ისევე, როგორც ძველაღთქმისეულ დროში, სულიერ "ეგვიპტეს", ფარაონის "სულიერ სამეფოს", თავს ატყდება მთელი რიგი მტკივნეული, მაგრამ ჯერაც არა მომაკვდინებელი სასჯელები, რომლებიც არანაირად ეხებიან ახალაღთქმისეულ ეკლესიას (ანუ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც ეს ეგვიპტიდან გამოსვლის დროს იყო).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ შვიდი საყვირი მკაცრ დროით თანმიმდევრობას რომ დაქვემდებარებოდა, და ყოველი ახალი უბედურება მხოლოდ წინა უბედურების დასრულების შემდეგ დაწყებულიყო, - "კალიის" გამოჩენის დროს აზრი არ ექნებოდა "ბალახის" ხსენებას, რომელსაც ის "არ ვნებს", რადგან მთელი ბალახი ნარჩენის გარეშე პირველი საყვირის დაცემისას დაიწვა.
რა თქმა უნდა, არგუმენტს, რომ ბუკვალური ბალახი სწრაფად იზრდება, და კალიის გამოჩენის დროისთვის ის შეიძლებოდა "ხელახლა" აღმოცენებულიყო, არსებობის უფლება გააჩნია. მაგრამ თუკი "ნარჩენის გარეშე დამწვარი ბალახი" ბუკვალურია, - ცხდია, რომ "სისხლიან-ცეცხლოვანი სეტყვაც" ბუკვალური მნიშვნელობის უნდა იყოს, ანუ ის ბუკვალურად უნდა წვავდეს ბუკვალური ხეების მესამედს, და არა მარტო მათ, არამედ ქალაქებსაც, ადამიანებსაც და ა. შ. იხ. შესაბამისი პუბლიკაცია).
საკმაოდ ნიშანდობლივად გამოიყურება ის ვითარებაც, რომ მეხუთე საყვირიდან დაწყებული ყველა ის უბედურება, რომელიც დედამიწაზე ბოლო საყვირების დროს მოიწევა, ეხებიან არა "ბინადრობის სფეროს" (ანუ დედამიწას, ზღვებს, წყაროებს, ბალახს და ხეებს, ზეციურ მნათობებს და სხვა), არამედ მხოლოდ და მხოლოდ ურწმუნოებაში მყოფ ადამიანებს. ანუ, პირდაპირ აღსრულდება სიტყვები: "ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს" (გამოცხ. 8:13), რომელსაც შესძახებს შუა ცაში მფრინავი არწივ-ანგელოზი (გამოცხ. 8:13). თანაც სატანჯველნი, რომლებიც "დემონური კალიის" ნაკბენებს უკავშირდება, წარმოდგება უფრო მტკივნეულად, ვიდრე სატანჯველები, რომლებიც ეგვიპტელებს მიაყენეს "ძველაღთქმისეულმა" ქინქლებმა და ბუზანკალებმა (რადგან კალიის კბენა ედრება შხამიანი მორიელების კბენას, რაც ასევე შემთხვევითი როდია).
რაც შეეხება ქვეყნად უთვალავი ურდოს ამოსვლას ქვესკნელის სიღრმეებიდან, - მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმეტესობა შეთანხმებულია იმაში, რომ ამ სიმბოლოში გამოხატულია დემონური ძალა, რომელსაც ეშმაკი კაცთა მოდგმის წინააღმდეგ მიმართავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "კალიის არმია", ეს "ცისქვეშეთის უკეთური სულებია" (ეფეს. 6:12), რომლებიც "დააბნელებენ მზეს" და, რომელთაც შეუძლიათ გადალახონ ყველაზე დიდი მანძილები. მათი რაოდენობა "უთვალავია" (შეად. - მკ. 5:9); ისინი დაინტერესებულნი არიან არა "მწვანეულობის ჭამით", არამედ იმით, როგორმე ტანჯვა და ტკივილი მიაყენონ ადამიანთა სულებს (ანუ შინაგანად მოწყლან ადამიანები და ურწმუნოებისა თუ ღმრთისმბრძოლობის საკვრელებით შეჰკრან ისინი).
ანდრია კესარიელი ბრძანებს: "არ შეიძლება დავეჭვდეთ დემონთა სიმრავლეში, რომელთა შესახებაც წმიდა მამები ამბობენ, რომ მათით აღვსებულია საჰაერო სივრცე".
(ამასთან არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საინფორმაციო სივრცე უბრალოდ აღვსილია განმარტებებით, სადაც "უფსკრულიდან ამომავალი კალიის" გამოცნა წარმოდგენილია, როგორც მომავლის საქმე, ხოლო თვით "კალიას" ბუკვალურ მნიშვნელობას უძებნიან, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად განვითარებულია "განმარტების" ავტორთა ფანტაზია. მსგავს "ფანტაზიებს" ეძღვნება ცალკე პუბლიკაცია).
"იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (გამოცხ. 9:6).
დემონური კალია თავის მოქმედებებში ემსგავსება მორიელებს, რომელთა ნაკბენი უკიდურესად მტკივნეულია, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში მომაკვდინებელი არ არის.
თუმცა, თუკი წარმოვიდგენთ და შევიგნებთ, რომ მსგავსი კბენები განუწყვეტლივ ხდება (შეად. - იაკ. 4:1-2), და ყოველ მომდევნო მომენტში შობენ ახალ და ახალ სულიერ ტანჯვას, - მსგავს შინაგან ტკივილებს შეუძლიათ ადამიანები მიიყვანონ უიმედობისა და სასოწარკვეთის უკიდურეს მდგომარეობამდე. შეად.:
"სიკვდილი სიცოცხლეზე უმჯობესი იქნება ყველა დანარჩომისთვის, ვინც კი დარჩება ამ ბოროტი მოდგმიდან ყოველ ადგილზე, სადაც კი გამიფანტავს ისინი, ამბობს ცაბაოთ უფალი" (იერ. 8:3).
ანდრია კესარიელი: "იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ"; ამ სიტყვებით ნაჩვენებია დიდი და მოწამეობრივი ტანჯვა, რადგან ტანჯვაში მყოფი ადამიანებისთვის ბუნებრივია სიკვდილის ნატვრა. მაგრამ სიკვდილი არ მოდის, რადგან ეს საქმეა ღვთისა, რომელსაც თავისი გამომხსნელი მიზანი აქვს - უბედურებათა სიმწარით ადამიანებისთვის საძულველი გახადოს და მოაუძლუროს ცოდვა, რომელიც მათ უბედურებათა მიზეზთ-მიზეზია".
მეორე მხრივ, მტანჯველი ნაკბენებისგან გადარჩენა მთელ ახალაღთქმისეულ დროებაში ღიად რჩება, და ბუკვალურად მის გვერდით დგას, - ეს გადარჩენა ხომ იმ საღმრთო ბეჭედს უკავშირდება, რომლითაც აღიბეჭდებიან ცოდვის მოძულენი და სინანულის გზაზე შემდგარნი. ეს ის საღმრთო ბეჭედია, რომელიც "შუბლზე დადების შემდეგ", საიმედოდ იცავს ადამიანს დემონური განსაცდელებისგან, იმ "სულიერი ჯოჯოხეთისგან", რომლითაც აღსავსეა "უფსკრულიდან ამომავალი კალიის" ნესტრები (შეად. - ეზეკ. 9:3-4).
მეტიც, ღვთის შვილებს აქვთ ძალაუფლება მსგავს "მავნეებზე". ასე რომ, ქრისტიანები, რომლებიც ძლევენ საკუთარ ცოდვას, შემძლენი არიან არა მარტო დაუზიანებლად განვლონ "შხამიანი კალიის" უთვალავი ურდოები, არამედ დააბიჯონ მათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას (ინ. 8:34; რომ. 6:6-23; ებრ. 12:1-3 და სხვა).
"და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში" (ლკ. 10:18-20).
რაც შეეხება "ხუთთვიან" ვადას, რომლითაც შემოიფარგლება "მკბენარი კალიის" ზემოქმედება, - ეს ვადა ცალკე განხილვას ითხოვს და დეტალურად იქნება გარჩეული მომდევნო პუბლიკაციებში.