განმარტება - აპოკალიფსისის მეხუთე საყვირი: დაცემული ვარსკვლავი და კვამლი უფსკრულიდან (გამოცხ. 9:1-2) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეხუთე საყვირი: დაცემული ვარსკვლავი და კვამლი უფსკრულიდან

(გამოცხ. 9:1-2)

დაცემული ვარსკვლავი ლუციფერი
"მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან" (გამოცხ. 9:1-2).
 
მეხუთე საყვირის ხმაზე მოვლენათა პანორამები თავიდან თითქოსდა უკან იხევენ, "ვეება ვარსკვლავის" დაცემის მომენტისთვის, რის გამოც მდინარეთა მესამედი და წყალთა წყაროები "გამწარდნენ" (გამოცხ. 8:10-11). თანაც ეშმაკის დაცემისა და მის ანგელოზთა მიერ ცდუნებულთა ყველა შედეგიდან მხოლოდ "მწარე წყლებმა" გამოიწვია "ურიცხვი ხალხის" ამოწყვეტა (გამოცხ. 8:7-12; შეად.: "შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი..." (გამოცხ. 6:8)), - ხოლო ყველა სხვა დანარჩენ რყევებში, რომლებმაც მოსწყლეს დედამიწა და მიწის აღმონაცენი (სეტყვისა და ცეცხლის დაცემა პირველი საყვირის შემდეგ), ზღვა და ზღვის ბინადარნი ("დიდი მთის" ჩამოვარდნა მეორე საყვირის შემდეგ), და ზეციური მნათობების დაბნელება (მესამე საყვირი), ხალხთა დაღუპვა არ არის ნახსენები.
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ "კვამლი უფსკრულიდან", რომელიც დედამიწაზე "ვარსკვლავ აფსინთის" დაცემის შედეგად ჩნდება, არ შემოიფარგლება არც ცალკეული გეოგრაფიული ადგილით (რაც მოსალოდნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, "უფსკრულის ჭა", საიდანაც კვამლი ამოდის, ბუკვალური რომ იყოს), არც დედამიწის მესამედი ნაწილით (თანაც, პირველი ოთხი საყვირის დროს თითქმის ყველა მათგანი წარმოდგენილი იყო, როგორც "მესამედის მომწყვლელი"), - ასე რომ წინა მოვლენების გათვალისწინებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მეხუთე საყვირი გვიხატავს ოთხი მსოფლიო სტიქიიდან უკანასკნელის სულიერ დაზიანებას, კერძოდ, ეს არის "ჰაერის დაბნელება".
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ თანამედროვე კომენტატორთა უმრავლესობა, რომლებიც ცდილობენ ახსნან მეხუთე საყვირის მოვლენები, ძირითადად განიხილავენ "კალიას", რომელიც კვამლიდან ჩნდება "უფსკრულის ჭის გაღების" შემდეგ. მაგრამ რადგან მსგავს კომენტარებში არ განიხილება არც მიზეზები, არც მომხდარი მოვლენების სულიერი არსი, - ასეთი განმარტებები ჩვეულებრივი ადამიანური ფანტაზიებისგან ბევრად არაფრით განსხვავდება).
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ კვამლი, რომელიც უფსკრულიდან ამოდის, გამოიყურება, როგორც "ვეება ღუმელის კვამლი" (თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "ღუმელის" როლში ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გამოსვლის დროს გამოდიოდა არა "უფსკრული", არამედ თვით ეგვიპტის სამეფო (იხ. 3 მეფ. 8:51; იერ. 11:4).
 
"უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი. ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში" (გამ. 10:21-23).
 
:აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ" (მეორე რჯლ. 4:20).
 
იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მსგავსი მოვლენები ახლდა თან სოდომისა და გომორას განადგურებას ("გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი" (დაბ. 19:28)), - მეხუთე საყვირის სიმბოლო არსებითად მოწმობს იმაზე, რომ ეშმაკის დაცემის შედეგად ძველი ქვეყნიერება დაემსგავსა "სულიერ ეგვიპტეს" და "სულიერ სოდომს" (გამოცხ. 11:8), ხოლო "მზის დაბნელება" მოხდა იმიტომ, რომ "უფსკრულის ჭიდან ამომავალმა კვამლით" დაფარული ცისქვეშეთი გაუმჭვირვალე გახდა და ყოველმხრივ ხელს უშლის ქვეყნიერებაში მზის სინათლის "შემოღწევას", შეად.:
 
"რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი" (ეფეს. 2:2-3).
 
"შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:11-12).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ მეხუთე საყვირის სიმბოლოებში აღწერილია მორიგი ნიშანდობლივი დაპირისპირება, რომელიც პირდაპირ მოწმობს ეშმაკის უწმინდურ და უკეთურ არსზე. რადგან ადრე დაცემული ვარსკვლავი "ლამპარივით მოელვარე" იყო (გამოცხ. 8:10), ანუ მოწოდებული იყო გაენათებინა და არა "ბნელით მოეცვა" გარემო. მაგრამ, როგორც კი მან მიიღო "უფსკრულის ჭის გასაღები", ანუ ძალაუფლება სულიერ სიბნელეზე, - ეს "დაცემული ვარსკვლავი" არა "დავალებით", არამედ საკუთარი ნებით დაუყოვნებლივ სარგებლობს ამ ძალაუფლებით იმისთვის, რათა სიბნელით აავსოს მთელი ცისქვეშეთი და, "აბნელებს" რა მზესა და ჰაერს, ხელს უშლის საღმრთო ნათლის გამობრწყინვებას, შეად.:

"მე, ნათელი, მოვედი ქვეყნად, რათა არცერთი მათგანი, ვისაც მე ვწამვარ, არ დარჩეს ბნელში" (ინ. 12:46).

"მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახე და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის, რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი" (ეს. 42:6-7).

სიტყვამ მოიტანა და, სრულიად შესაძლებელია, რომ გამოცხადების წიგნის დაწერისთვის "უფსკრულიდან ამომავალი კვამლისა" და "ჰაერის დაბნელების" ერთ-ერთი ხილული ხატება ყოფილიყო ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა, რომელმაც ქრ. შ.-დან 79 წელს სრულიად გაანადგურა ქალაქები პომპეოსი, ჰერკულანუმი და სტაბია. ამ ამოფრქვევის დროს კვამლის სვეტი და ფერფლი ვულკანის კრატერიდან მინიმუმ 30 კმ-ზე იყო აწეული და ჩანდა ასობით კილომეტრის სიშორიდან, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვის სივრცეში. ამასთან, როგორც პლინიუსი მოწმობს, ვეზუვის ამოფრქვევას თან ახლდა არა მარტო ცეცხლი და კვამლი, არამედ გოგირდის აშკარა სუნი, რომელიც ასევე მოხსენიებულია გამოცხადების წიგნში, შეად.: "... მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი" (გამოცხ. 9:17).

ხოლო რადგან მსგავსი მოვლენები დღევანდელი საზომებითაც ექსტრაორდინალურნი არიან, - უეჭველია, რომ ვეზუვის ამოფრქვევამ და პომპეოსის დაღუპვამ საინფორმაციო აზრით შეაშფოთა იმ დროის "მთელი ცივილიზებული სამყარო" და დიდი ხნის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახლდათ რომის იმპერიის მიყრუებულ ადგილებშიც კი).
რაც შეეხება "უფსკრულს", რომლის სიღრმეებში დაფარულია გარკვეული "ჭა" და, რომელსაც აღებს ჩვეულებრივი "გასაღები", - პროფ. ლოპუხინის აზრით განიმარტება შემდეგნაირად:
 
"ამრიგად, უფსკრული, საჭიროა განვასხვაოთ ჯოჯოხეთისგან და გეენისგან, რომლებიც წარმოადგენენ გარდაცვლილთა ტანჯვის ადგილს. უფსკრული არის დემონთა ადგილსამყოფელი, სადაც ისინი თითქოსდა გასაღებით არიან დამწყვდეულნი; ანუ მოკლებულნი არიან მოქმედების თავისუფლებას. ღმრთის განგებულებით... ეს საპყრობილე იღება, და ის, რაც უფსკრულში იმყოფება ჭის მეშვეობით რომ არის შეერთებული დედამიწის ზედაპირთან, კვლავ დედამიწაზე ამოსვლის შესაძლებლობას იღებს".
 
მეტიც, ამ კონტექსტში ნიშანდობლივად გამოიყურება ის ვითრება, რომ სწორედ უფსკრულში იმყოფება "წყალთა წყაროები", რომლებიც ქვეყნიერების შექმნის დროს დატოვებულ იქნა "მყარის ქვეშ" (დაბ. 1:6; შეად. - დაბ. 7:11; 8:2; იგავნი 8:28). ამიტომაც "უფსკრულიდან ამოსვლა" (ანუ ადგილიდან, საიდანაც ჩნდება "კვამლი") წარმოგვიდგება არა რაიმე "საკვამური მილის" მსგავსებად, არამედ "ჭად", რომელიც ბუკვალური აზრით არის წყალთა საცავი.
(ამასთან წყლის საცავი, ანუ ჭურჭლები და წყალსატევები, ბიბლიური აზრით განსხვავდებიან "წყაროთა" ცნებისგან, შეად. - ლევ. 11:32-36, - ხოლო ციდან "ვარსკვლავ აფსინთის" გადმოგდების დროს დამწარდა არა მარტო "მდინარეთა მესამედი", არამედ "წყალთა წყაროებიც").
რადგან უეჭველია, რომ "უფსკრულის ჭა" ჩადის დიდ სიღრმეებში, რომელიც არის "სატანის სიღრმეები" (გამოცხ. 2:24), - მოწმობა იმის შესახებ, რომ სატანას მიეცა მისი პირქუში სამეფოს "საიდუმლო ოთახების" გასაღები, სრულიად ბუნებრივად გამოიყურება, რადგან "ბნელეთის თავადის" გარდა არავინ მოჰკიდებს ხელს ამაზრზენ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ბნელეთისა და წყვდიადის სამეფოში (შეად. – 2 პეტ. 2:4; იუდ. 6; ეფეს. 5:11 და სხვა).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე საყვირის სიმბოლოებში "უფსკრულიდან" ამოდის "კვამლი", ხოლო კვამლიდან "კალია", - სიმბოლიზმის სხვა ხაზის გათვალისწინებით, რომელიც მოცემულია მე-12 თავში, "კვამლი უფსკრულიდან" ემსგავსება "უკეთურ მდინარეს", რომელსაც ციდან გადმოგდებული გველი-ურჩხული ანთხევს საკუთარი პირიდან (შეად.: "... ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა (გამოცხ. 9:1); "და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, ... გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს" (გამოცხ. 12:13-15).
 
გარდა ამისა, მეტად საყურადღებოა, რომ პირველი ოთხი საყვირის რყევები შეეხო ყველაფერს, რაც კი შეიქმნა ნათლისა და ბნელის განყოფის შემდეგ, შესაქმის პირველ ექვს დღეში; ხოლო მეხუთე საყვირის მეტაფორები მიმართულია კიდევ ერთი ნაბიჯით უკან, იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნათლისა და ბნელის განყოფამდე (შეად.: "... ბნელი იდო უფსკრულზე..." (დაბ. 1:2)).
 
ასე რომ, ამ მომენტიდან გარდაუვალი ხდება ახალი ქმნილების აქტი, რომელიც გამოხატულია გამოცხადების წიგნის ბოლოში მოკლე, მაგრამ წარმოუდგენელი და ადამიანისთვის მიუწვდომელი მოწმობით: "აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს" (გამოცხ. 21:5).
(მოტანილი კომენტარები ჯერ კიდევ ვერ პასუხობენ კითხვაზე "თუ რა ხდება"? და "როდის მოხდება ეს ყველაფერი?", - ამიტომაც მსჯელობას მეხუთე საყვირის მოვლენებზე გავაგრძელებთ მომდევნო პუბლიკაციებში).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому