განმარტება - აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი: ოთხი ანგელოზის გათავისუფლება და მხედრობა მდინარე ევფრატზე (გამოცხ. 9:13-16) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეექვსე საყვირი:

ოთხი ანგელოზის გათავისუფლება და უთვალავი მხედრობა მდინარე ევფრატზე

(გამოცხ. 9:13-16)
უთვალავი მხედრობა მდინარე ევფრატზე
"მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (გამოცხ. 9:13-15).

 
თუკი პირველი ვაება, რომელიც მეხუთე საყვირის ჩაბერვის შემდეგ თავს დაატყდა "მიწაზე მცხოვრებთ" და დაკავშირებული იყო "უფსკრულის ჭის" გაღებასთან, - მეორე ვაება ოთხი ანგელოზის გათავისუფლებით იწყება, რომლებიც შეკრულნი იყვნენ "დიდ მდინარეზე ევფრატისა". თანაც ის ვითარება, რომ ამ ოთხ ანგელოზს განსაზღვრულ დრომდე შეზღუდული ჰქონდა მოქმედების თავისუფლება, მოწმობს იმაზე, რომ ისინი უწმინდური ძალები არიან, რომლებიც "იძულებით" შეიზღუდნენ იმაში რისი გაკეთებაც საკუთარი ნებით სურდათ, შეად.:
 
"... ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტ. 2:4).
 
"უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის თავს" (გამოცხ. 20:3).
("ევფრატთან" შეკრული ოთხი ანგელოზის "დამარცხებული" მდგომარეობა ირიბად ადასტურებს იმ ვითარებასაც, რომ მათ ათავისუფლებენ არა უზენაესი ანგელოზები, - არამედ ერთ-ერთი საყვირიანი ანგელოზი, რომელიც ასრულებს "ოქროს საკურთხევლის ოთხი რქიდან" ერთ-ერთის განკარგულებას, ანუ უზენაესი ანგელოზებისას, იხ. პუბლიკაცია, სადაც განხილულია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ გამოდის "საკურთხევლის რქებად". რაც შეეხება ერთ ხმას ოთხი რქიდან - ეს დეტალი შეიძლება აღვიქვათ როგორც ზეციურ ძალთა თანამოაზრეობის მოწმობა, რომლებიც წარმოადგენენ "რქებს" ზეციური საკურთხეველისას).
გარდა ამისა, "მდინარე ევფრატზე ... შეკრულთა" გახსნა, ახალაღთქმისეული აზრით, ამთავრებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველურ იგავს "იერემიის სარტყელზე", რომელიც თავიდან წინასწარმეტყველის წელს "შემოსარტყლავდა", - შემდეგ კი საკმაო მოკლე დროის შემდეგ, ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე "ევფრატთან" დალპა:
 
"აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ევფრატს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.  წავედი და დავმალე იგი ევფრატში როგორც უფალმა მიბრძანა. გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ევფრატს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე. წავედი ევფრატს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა" (იერ. 13:4-7).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსაკუთრებული მითითება კონკრეტულ "საათზე, დღეზე, თვესა და წელზე", როდესაც დაცემული ანგელოზები მიიღებენ მოქმედების განსაზღვრულ თავისუფლებას, მოწმობს იმაზე, რომ უსჯულოების მსოფლიო საწყაო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ივსებოდა, პრაქტიკულად უეცრად "კიდეებამდე აივსება" (დეტალურად ეს საკითხი განხილული იქნება შემდგომ, მათ შორის სიმბოლოთა კონტექსტში, რომელიც მოცემულია ზაქარიას წინასწარმეტყველებაში - 5:6-11).
 
ეს კი ნიშნავს, რომ მეექვსე საყვირი სხვა არაფერს იუწყება, თუ არა მთელ ძველ სამყაროზე უკანასკნელი სამსჯავროს დაწყებას, რომელშიც იერემიას წიგნის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი წინასწარმეტყველება ასრულდება:
 
"და მივუსევ ბაბილონს გამნიავებლებს და გაანიავებენ მას, გააპარტახებენ მის მიწას, რადგან შეესევიან ყოველის მხრიდან გასაჭირის ჟამს. გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს" (იერ. 51:2, 6).
 
(შეად. — "... გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით" - გამოცხ. 18:4).
 
თანაც ყველაფერ ზემოთქმულისგან გამოდის, რომ უკეთური ბაბილონის დაცემა გაგრძელდება არა მრავალი წლის განმავლობაში, არამედ რამოდენიმე საათში, შეად.:
 
"როცა დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი ქვა და შუაგულ ევფრატში ჩააგდე. თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და ვეღარ აღდგება იმ უბედურებისგან, რომელსაც თავზე დავათევ, და გაუწყდებათ ილაჯი" (იერ. 51:63-64).
 
(შეად. – "ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი..." (გამოცხ. 18:8); "ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა" (გამოცხ. 18:17); "ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება" (გამოცხ. 18:21).
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ წინასწარმეტყველ იერემიას ერთ-ერთი მოწმობა გვიხატავს სასტიკი დამარცხების პანორამას, რომელსაც მდინარე ევფრატთან განიცდის ეგვიტპელი ფარაონის ნექაოს მხედრობა:
 
"ეგვიპტეზე და ფარაონ ნექაოს, ეგვიპტის მეფის, ლაშქარზე, ... რომელიც დაამარცხა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, ... ვერ გაიქცევა მკვირცხლი, ვერ დაუსხლტება ძლიერს; ჩრდილოეთით, ევფრატის პირას წაიფორხილებენ და დაეცემიან. ... დღეს არის უფლის, ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. დაიწყებს შეჭმას მისი მახვილი და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით; რადგან საკლავი ექნება უფალს, ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში, ევფრატის პირას. ... შვენიერი ფურია ეგვიპტე: ჩრდილოეთიდან დაღუპვა მოდის, მოდის. ... შერცხვენილი იქნა ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს ჩაუვარდა ხელში. ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი თებელ ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს, მის მეფეებს, ფარაონს და მის მოიმედეთ" (იერ. 46:2-25).
 
მაგრამ ღვთის ერი არ იღუპება "შურისგების დღეს" ეგვიპტელთა "საყოველთაო მოწყვეტის" დროს, - და პირიქით, ამ მოვლენებში მოახლოვებულ ხსნას ხედავს:
 
"შენ ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ნუ ფრთხი, ისრაელ! რადგან, აჰა, დავიხსნი შენს თავს შორეთიდან და შენს მოდგმას მისი ტყვეობის ქვეყნიდან. დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს მშვიდად და მყუდროდ. არავინ იქნება დამაფრთხობელი. ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ" (იერ. 46:27-28).
 
ეს კი ნიშნავს, რომ "მდინარე ევფრატის ნაპირები" ნიშნავს არა მიწის ზოლს მესოპოტამიის გეოგრაფიულ რუქაზე, - არამედ ცოდვილი ეგვიპტისა და უკეთური ბაბილონის საბოლოო განადგურების ადგილს, რომელთაგან თითოეული მყარი სიმბოლიზმით მთელ ძველ ქვეყნიერებას წარმოადგენენ.
 
რაც შეეხება თვით "მდინარე ევფრატს", - ეს წინასწარმეტყველური ხატება არ იზღუდება ბუკვალური ბაბილონით, არამედ მეტაფორულად უთითებს ბიბლიური სამოთხის მდინარეზე, უკანასკნელი დღეების მოვლენებს უკავშირებს სამყაროს შექმნიდან პირველ დღეებს, და სულიერ წყაროებს, რომლითაც ედემის ბაღი ირწყვებოდა. რადგან დაბადების წიგნის თანახმად "აღმოსავლეთში" მყოფი სამოთხის სანახები ედემის ერთიანი მდინარეის მიერ ირწყვებოდა, რომელიც შემდეგ ოთხად განიტოტებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო "დიდი ევფრატი" (დაბ. 2:8-14).
(სიტყვამ მოტანა და, ამ კონტექსტში, "ერთი ხმა ოთხ რქათაგან" გამოიყურება, როგორცმ ითითება ბიბლიური სამოთხის ერთ-ერთ სულიერ საზღვარზე).
თანაც მიუხედავად იმისა, რომ ბუკვალური "აღთქმული ქვეყნის" აღმოსავლეთი საზღვარი გახლდათ მდინარე იორდანე, ხოლო სხვა დიდი მდინარეები ბიბლიური თორმეტი ტომის წილხვედრს არ წარმოადგენდნენ, - აღთქმა, რომელიც დიდი ხნით ადრე მიეცა "აბრაამის შთამომავლობას", ბევრად უფრო ვრცელი იყო და მოიცავდა ყველა მიწას ნილოსიდან (სამხრეთით) და ევფრატამდე (ჩრდილოეთით):
 
"ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე" (დაბ. 15:18).
 
ასე რომ, მთელი სივრცე "ნილოსსა და ევფრატს შორის" არის "აბრაამის თესლისთვის" აღთქმული მიწის სიმბოლო, რომელიც იქნება "ეგვიპტესა და ბაბილონს შორის" დრომდე, - და ამ ვითარებას ასევე გააჩნია მინიშნებითი აზრი.
("ეგვიპტური მონობა" და "ბაბილონის ტყვეობა" ღმრთის ერისთვის მტრული სახეებია, - მაგრამ მათ გააჩნიათ არა მარტო მსგავსება, არამედ საკმაოდ არსებითი განსახვავებაც, რომელიც გულისხმობს დროით არჩევანს მათ შორის "ბაბილონის ტყვეობის" სასარგებლოდ, ოღონდ იმ პირობით, რომ ღმრთის ერი არ გახდება ბაბილონის ნაწილი, არამედ ხედავს "ღია სარკმელს", ზეციური იერუსალიმის ხატებას და მზად არის ღმრთის მოწოდებისთანავე გამოვიდეს ამ ტყვეობიდან, შეად.: - დან. 6:10; იერ. 51:50 და სხვა).
"და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი" (გამოცხ. 9:16).
 
 
რადგან გამოცხადების დროს მითითებულ ტექსტში ცნებას "ბევრი" (ძვ. ქართ; ბერძნ.: - δισμυριάδες ("დისმირიადეს"); სლავ.: тма (გამოცხ. 9:16) – "აპოკ." რედ.) შეესაბამებოდა რიცხვი ათი ათასი, - "მხედრობის" ბუკუვალური რიცხვი, რომელიც დაკავშირებულია ოთხ "გათავისუფლებულ" ანგელოზთან, უახლოვდება ორას მილიონს (პროფ. ლოპუხინი), რაც ძველი სამყაროს საზომებით არა თუ ბევრია, არამედ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - წარმოუდგენელიც.
 
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეომართა მსგავსი რაოდენობა ნაკლები ფანტასტიურობით გამოიყურება, - ის ვითარება, რომ ისინი ამხედრებულნი არიან "ორას მილიონ ცხენზე", შეუძლებელია აღქმულ იქნას ბუკვალურად არც რიცხვის და არც აზრის მიხედვით.
 
გარდა ამისა, "მხედრობის" რაოდენობის გააზრების სხვა ვარიანტი, რომელიც უფრო დასაბუთებულად გვეჩვენება, ვარაუდობს, რომ რიცხვი "ბევრნი ბევრთანი" (ძვ. ქართ. – "აპოკ." რედ.) (გამოცხ. 9:16) შეესაბამება ორასი ათასს (Словарь Ушакова, словарь Федорова). მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გამოთქმა "ბევრნი ბევრთანი" გამოიყენებოდა არა მარტო ბუკვალური აზრით, არამედ "უთვალავი რაოდენობის" მნიშვნელობითაც, - "ორგზის უთვალავი რაოდენობა" ასევე მოწმობს იმას, რომ "ბოლო ჟამის მხედრობა" პრაქტიკულად უთვალავია.
 
გარდა ამისა, სრულიად ცხადია, რომ დღეისთვის არც ცხენოსანი ჯარი (კავალერია), არც მეომართა ძველებური ღჭურვილობანი მოძველებულია და ნაკლებად სავარაუდოა ის გამოყენებულ იქნას მსოფლიო შებრძოლებებში სამყაროს აღსასრულს, - ასე რომ მოწმობაში "ცხენოსანი ჯარის რაოდენობაზე" უნდა ვეძებოთ არა ბუკვალური, არამედ სიმბოლური აზრი.
 
რაც შეეხება მსგავსი მხედრობის ბიბლიურ წინასახეებს, - ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თანახმად ასირიელმა მხედართმთავარმა რაფსაკი, როდესაც ისრაელის უძლურებაზე უთითებს, თავისი ცხენოსნების რაოდენობას "ორი ათასი" მხედრით აფასებს, რომელთათვისაც მისი არმიით გარშემორტყმულ იერუსალიმს მხედრების პოვნა არ შეეძლო (თანაც, ცხენოსანი იმ დროს მრისხანე ძალას წარმოადგენდა და მრავალ ქვეით მეომარს აღემატებოდა თავისი მნიშვნელობით):
 
"ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ორი ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის.  აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ? (ეს. 36:8-9).
 
როდესაც უფალმა "სასაფლაოებზე მცხოვრები" ღადარინელი ეშმაკეულისგან უწმინდურ სულთა ლეგიონი განდევნა, იქვე ეს სულები ღორებში ჩაუშვა, რის შემდეგაც მთელი ჯოგი, რომლის რაოდენობა ორი ათასი იყო, ზღვაში დაინთა (მკ. 5:13), - ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მდინარე ევფრატთან მდებარე ცხენოსანთა ჯარი "ბევრნი ბევრთანი" (ძვ. ქართ.), ანუ "ორასი ათასჯერ ათასი" (ახ. ქართ.), უთითებს არა იმდენად მეომართა რაოდენობაზე, რომლებიც აზიანებენ "დიდ ბაბილონს", რამდენდააც იმ არსებით ვითარებაზე, რომ "უკეთურების მსოფლიო სახლის" დანგრევას აღასრულებს მხედრობა, რომელიც თვით ძველი სამყაროს სიღრმეებიდან ამოდის.
(აშკარაა, რომ არც "რაფსაკის ცხენები", არც "ზღვაში დანთქმული ღორები", რომელთაც უკვე დემონები მართავდნენ, ვერ იქნებიან ნათლის ძალთა მიმანიშნებელნი, - უკეთურ მხედართა რიცხვი, რომლის რაოდენობაა "ბევრნი ბევრთანი", ანუ "ორასი ათასჯერ ათასი", გაზრდილი თავის ბიბლიურ წინასახეებთან მიმართებაში მინიმუმ 100-ჯერ, მოწმობს იმას, რომ ეს მხედრობა არის ძალა, რომელმაც მთელი დედამიწა აღავსო, შეად.: "ვინ არის მდინარესავით რომ მოდიდებულა, ნიაღვრის წყლებივით რომ ბობოქრობს? ეგვიპტე მდინარესავით მოდიდდა და მდინარეთა წყლებივით ბობოქრობს. ამბობს: "მოვდიდდები და დავფარავ მიწას, დავაქცევ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს" (იერ. 46:7-8).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური
.წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому