განმარტება - რაზე მოწმობს ორი წინასწარმეტყველის სამდღენახევრიანი "სიკვდილი"? (გამოცხ. 11:9-10) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რაზე მოწმობს ორი წინასწარმეტყველის სამდღენახევრიანი "სიკვდილი"?

(გამოცხ. 11:9-10)
ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე
"სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავ მათი დამარხვის ნებას. დედამიწის მკვიდრნი იხარებენ და ილხენენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიან ერთმანეთს, რადგანაც ამ ორმა წინასწარმეტყველმა აწამა დედამიწის მკვიდრნი" (გამოცხ. 11:9-10).
 
გამოცხ. 11:9-ში იდუმალთმხილველი უკვე მესამედ მიმართავს სიტყვიერ ხატებას: "ტომისა და მოდგმისა, ენისა და ერის ხალხისას", რომელშიც დახატულია კაცთა მთელი მოდგმა, რომელიც ცხონებისკენ არის მოწოდებული. მაგრამ, თუკი პირველი ორი მიმართვის დროს ამ ხატებაში წარმოდგენილნი იყვნენ ხალხთაგან გამოსყიდულნი (გამოცხ. 5"9) და ისინი, ვინც მიეახლნენ ღმრთისა და კრავის საყდარს (გამოცხ. 7:9), ანუ ლაპარაკი იყო არა უბრალოდ ცხონებაზე, არამედ ცხონებულებზე, - ამჯერად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, "ხალხთა სიმრავლის" ხატება უთითებს იმათზე, ვინც სახარებისეული აღთქმების მიღმა რჩება.
 
მეტიც, გამოცხ. 11:9-ის მთელი ფრაზა შეიძლება აღვიქვათ, როგორც მტკიცება, რომ ხალხთა ამ სიმრავლემ იმდენად მოიძულა ის "ორი წინასწარმეტყველიც", და მათი მოწმობაც, რომ მათ სიკვდილის შემდგომი დაკრძალვის უდავო ადამიანური უფლებაც კი წაართვა (თანაც, ასეთ უფლებას არ ართმევენ ყველაზე შემზარავ ავაზაკებსაც კი), და იმგვარ გარყვნილ სიამტკბილობამდეც კი დაეშვნენ, რომ დამარცხებულ მტერთა გვამების ხილვით "ხარობდნენ, ილხენდნენ მათ გამო და ძღვენს უძღვნიდნენ ერთმანეთს" (შეად. გამოცხ.11:10).
 
მაგრამ აქ შესაძლებელია გაგების პირდაპირ საპირისპირო ვარიანტიც, რომლის თანახმადაც "სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი" ხელმძღვანელობს არა შურისძიებით, არამედ რწმენით, - ანუ მათ არ სწამთ ორი მოწმის სიკვდილი, და, არიან რა გაურკვევლობაში, არ მარხავენ მათ, რადგან იმედოვნებენ, რომ ისინი ეს ესაა გამოავლენენ სიცოცხლის ნიშანწყალს.
 
აშკარაა, რომ ასეთი შეხედულება 11-ე თავის მოწმობაზე "მრავალი ხალხის" ხატებას უნარჩუნებს მისთვის თვისობრივ პოზიტიურ აზრს და მეტიც, ამ ხატებას უპირისპირებს შემდეგ ნახსენებ "დედამიწის მკვიდრთ", რომლებიც თანაგრძნობის, შერიგებისა და მიტევების, ბოლოს და ბოლოს უბრალოდ გაჩუმებისა და დავიწყების ნააცვლად, "ორი მოწმის" გვამებზე იწყებენ არაბუნებრივ მხიარულებას.
(ადრე უკვე აღინიშნებოდა, რომ გამოცხადების წიგნის ყველა დაპირისპირებული ადგილი საკმაოდ ნიშანდობლივია, ხოლო სახელდება - "მიწის მკვიდრნი" წმ. წერილის ამ ბოლო წიგნში გამოიყენება მხოლოდ ნეგატიური აზრით, და მისით ოდენ ურწმუნოებსა და ურჯულოებს გამოხატავს, შეად. - გამოცხ. 6:10; 8:13; 13:8 და სხვა).
ხოლო რადგან, როგორც უკვე ადრინდელ პუბლიკაციებში დეტალურად განვიხილეთ, "ორი მოწმე" ქრისტეს ეკლესიის კრებითი ხატებაა, მოკლულ მოწმეებთან მიმართებაში "მრავალ ხალხთა" და "მიწის მკვიდრთა" შორის განსხვავება ნიშნავს, რომ დრო-ჟამის აღსასრულის წინ დადგება მომენტი, როდესაც ეკლესია დედამიწაზე პრაქტიკულად განადგურდება (მოიკვლება), მაგრამ არ "დაიმარხება" (ანუ ამ საშინელ დღეებშიც კი დედამიწაზე დარჩება).
 
თანაც ამ აზრით გამოცხადების წიგნის მოწმობა ერთადერთი როდია.
 
მსგავს მოვლენებს იუწყებოდა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი დანიელი:
 
"სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო" (დან. 12:7).
 
ამგვარ მოვლენებზე დაფარულად თვით მაცხოვარმაც მიუთითა:
 
"ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ. თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად" (მთ. 5:11-13).
(თუ შევეცდებით ამ მოწმობების ხილულ რეალობაში "რეტრანსლირებას", შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ დღეებში, როდესაც სამყაროს ტაძარში "შეწყდება მსხვერპლი და შეწირვა" და გამეფდება "გატიალების სისაძაგლე", ხოლო "მიწის მარილი" ძალას დაკარგავს, ეკლესიის საყოველთაო მოწმობა "დადუმდება", რადგან ყველა "წინასწარმეტყველი-სასანთლე" პრაქტიკულად მკვდარი იქნება.
 
თუმცა რწმენა ბოლომდე არ მოკვდება და ამ უსაშინელეს დღეებშიც კი მბჟუტავი ნაპერწკალივით იქნება მრავალ ადამიანში "სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხთაგან").
ამ კონტექსტში ნიშანდობლივ აზრს იძენს 11-ე თავში ორჯერ ნაუწყები ვადა, რომელიც მოაზრებულია "სამნახევარ დღეში", და რომელსაც კომენტატორთა უდიდესი უმრავლესობა ადარებს იმ სამ დღეს, რომლებმაც გაჰყვეს მაცხოვრის სიკვდილი და აღდგომა.
(მსგავსი მსჯელობა მსოფლიო უდიდესი ჭირის ბიბლიურ ხატებებზე შემდგომშიც გაგრძელდება, მაგრამ ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შენიშვნა აქვე უნდა გაკეთდეს: რადგან გამოცხადების წიგნში ყველაფერი ზუსტია - წინასწარმეტყველური აზრი სწორედ "სამდღე ნახევრის" სიმბოლოში უნდა ვეძებოთ.

"სამდღე ნახევარი" ზუსტად შეესაბამება შვიდეულის ნახევარს, და ამასთან აღავსებს ბოლო "ჟამის" არასაკმარის ნახევარს დროის კიდევ ერთ სიმბოლოში, რომელიც დანიელის წინასწარმეტყველებაში და გამოცხადების 12-ე თავში აღწერილია, როგორც დრო, დრონი და ნახევარი დრო" (დან. 7:25; 12:7; გამოცხ. 12:14).
რაც შეეხება ერთგვარ ტანჯვას, რომელთა წყაროს "მიწის მკვიდრნი" მხეცის მიერ მოკლულ მოწმეებსა და წინასწარმეტყველებში ხედავენ, - ამ ტანჯვას ურჯულოებს მათი საკუთარი შინაგანი ბიწიერება აყენებდა (შეად. - იაკ. 4:1-3), რომლებიც უწყვეტად იმხილებიან ახალაღთქმისეული ჭეშმარიტებებით, რომელთაც მსოფლიოს ამცნებს ქრისტეს ეკლესია, შეად.:

"რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო. მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ. მაშინ ეტყვის მათ თავისი რისხვით და თავისი გულისწყრომით შეაძრწუნებს: მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად (Пс.2:1-8).

სხვა სიტყვებით, ახალაღთქმისეული ქადაგების ყველა დროში "მიწის მკვიდრნი" იტანჯებოდნენ "სიმართლის უღლითა" და "რკინის კვერთხით", რომელიც უფალმა მიანდო თავის ეკლესიას და, რომლითაც მთელი ხილული ქვეყნიერება დაიმორჩილა, - რადგან ქრისტიანული სწავლების "სულიერი კვერთხი" წუთისოფლის მკვიდრთ უფლებას არ აძლევდა უსაზღვროდ გაევრცელებინათ თავიანთი ურჯულოება, ხოლო მოსურვება, მაგრამ მისი ვერგანხორციელება ურჯულოთათვის ნამდვილი ტანჯვაა.

რადგან "მიწის მკვიდრებმა" არ ისურვეს ნებაყოფლობით ეტარებინათ ქრისტეს უღელი (რომელიც ადამიანს მოწინააღმდეგედ კი არ ქმნის, არამედ თანამოღვაწედ უფლისა, და ამიტომაც სულაც არ ამძიმებს ქრისტიანთ, შეად.: - "დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ... და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი" - მთ. 11:29-30), და მეტიც, პირდაპირ ეომებოდნენ კიდევაც ამ უღელს, - მათ მოიპოვეს არა თავისუფლება, რომელიც სურდათ, არამედ ადამიანისთვის დამამცირებელი მონობა "მსოფლიო ბოროტი მწყემსისა", რადგან საკუთრი სიცოცხლე დაუსრულებელ ხორციელ და სულიერ ტანჯვად გადააქციეს, შეად.:

"რადგან, აჰა, დავაყენებ ამ ქვეყანაში მწყემსს; მიგდებულთ არ მიხედავს, პატარებს არ მოძებნის, დასახიჩრებულს არ განკურნავს, ფეხზე მდგარს არ გამოკვებავს; მაგრამ ნასუქალთა ხორცს შეჭამს და ჩლიქებს ააგლეჯს" (ზაქ. 16:16).

მაშასადამე, რჩებოდნენ რა სულიერი აზრით ბრმებად და ყრუებად, ეშმაკის მონობაში მყოფნი ყოველთვის ხედავდნენ და ახლაც თავიანთი ტანჯვის მიზეზს ხედავენ არა საკუთარი შინაგან ბიწიერებაში, ან კაცთმოძულე ეშმაკში, არამედ მათში, ვინც ცდილობს მათი თვალების ახელას და მოწმობს მათი დამამცირებელი მონური მდგომარეობის შესახებ, - ამიტომაც უკანასკნელ დღეებში ღიად აღდგებიან არა საკუთარი ტანჯვის ნამდვილი მიზეზის, არამედ "სიმართლის უღლის" იგივე "რკინის კვერთხის" წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავდა მათ აღმაშფოთებელ ურჯულოებებს და რომელსაც ეწინააღმდეგებოდა თვით მათი ცოდვილი ბუნება, შეად.:

"შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი (ფსალმ. 2:9-12).

შესაბამისად, იმ მომენტში, როდესაც ურჯულოების ქვეყნიერება ჩათვლის, რომ მან საბოლოოდ "გაითავისუფლა" თავი ღმრთის რჯულისა და განწესებების "კვერთხისგან" (შეად. - გამოცხ. 11:1-2), და ეკლესიის მამხილებელი მოწმობისგან (გამოცხ. 11:10), - ძალიან მოკლე დროით უკეთური მხიარულებით აღივსება.
(ამგვარი უკეთური სიხარულის მრავალრიცხოვანი გამოხატულებები დღესაც შეგვიძლია ვნახოთ ღია და დაუფარავ ბოროტმოხარულობაში, რომლითაც არიან აღვსილნი "მიწის მკვიდრნი" ყოველი ცნობის შემდეგ, რომელიც ეკლესიის პრობლემებსა და სნეულებებზე მოწმობს, ასევე ურჯულოების მიერ ქრისტიანული სიწმიდეების გაქელვისას. მაგრამ სად იმყოფება ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ საყოველთაო ზომა ურჯფულოებისა აღსრულებული აღმოჩნდება, მხოლოდ უფალმა უწყის).
რაც შეეხება ძღვენს, ერთმანეთს რომ უძღვნიან "მიწის მკვიდრნი", - ეს ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური ვითარება იმით აიხსნება, რომ "ორი მოწმის" წინასწარმეტყველური მსახურება სულიერი აზრით დაკავშირებულია იოანე წინამორბედთან და თვით მაცხოვართან (ამის შესახებ ლაპარაკი გვქონდა წინა პუბლიკაციებში), მაშასადამე, ისინი ("მიწის მკვიდრნი") ნაწილობრივ იმემკვიდრებენ იმ მოვლენათა ხატობრივ მნიშვნელობებსაც, რომლებშიც უკეთურმა მეფე ჰეროდემ ჰეროდიადას და მის ქალიშვილს იოანე ნათლისმცემელის თავი ძღვნად მიართვა, შეად.:
 
"ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო. რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს" (მთ. 14:3-11).
 
ხოლო შემდეგ ზუსტად ისევე, უკეთურმა უკეთურს, ანუ რომის პროკურატორმა პილატემ მეფე ჰეროდეს "ძღვნად" თვით კაცობრიობის მაცხოვარი წარუგზავნა, - ჰეროდემ კი მაცხოვარი ისევ პილატეს სამსჯავროს "დაუბრუნა":
 
"გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესუს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესუმ არაფერი მიუგო. მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესუ, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ (ლკ. 23:6-12).
(ყველაზე ზოგადი აზრით აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ არაფერი ისე არ აახლოვებს ურჯულოებს, როგორც ბოროტების ერთობლივი განხორციელება).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ იოანე წინამორბედის მიწიერმა მსახურებამ და თვით უფალმა წინასწარ მოასწავა და განსაზღვრა არა მარტო მხეცისა და "მიწის მკვიდრთა" მიერ ორი ზეციური მოწმის მოკვდინება, არამედ ურჯულოთა მისწრაფებაც ერთმანეთს უძღვნან დემონური ძღვენი, რომელიც თითოეულ მათგანს კაცთმკვლელობის პირდაპირ თანამონაწილედ შეიქს.
(ამ აზრით საკმაოდ ნიშანდობლივია მსოფლიო ურჯულოებისთვის ოთხი შესაძლო სულიერი მდგომარეობა, რომლებიც შეესაბამებიან ჰეროდეს, ჰეროდიადას, მისი ასულისა და იმათ "როლებს", ვინც ჰეროდეს ბრძანებით საკუთარი ხელით იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა).
მაგრამ რადგან უფალი მკვდრეთით აღდგა როგორც პირველშობილი, და პირდაპირ ღმრთის საყდრისკენ იქნა ატაცებულ (1 კორ. 15:20; კოლ. 1:18; გამოცხ. 1:5; 12:5 და სხვა), რითაც მართლებს ზეცისკენ გზა გაუხსნა და მას მიჰყვა ურიცხვი ხალხი "სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერისაგან" (გამოცხ. 7:9; მთ. 27:52-53; გამოცხ. 20:4 და სხვა), - ძველი სამყაროს აღსასრულს ამ გზას გაივლის ბოლო დღეების ყველა მოწამე, რომლებსაც "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" "დიდი ქალაქის ქუჩებში" მოჰკლავს.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому