აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის ორი მოწმე "ფეხზე დადგნენ და ავიდნენ ზეცად"
(გამოცხ. 11:11-12)
"მაგრამ სამნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან, და ფეხზე დადგნენ, რამაც თავზარი დასცა ყველას, ვინც კი ხედავდა მათ. და მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა მათ: აქ ამოდითო; და ისინიც, თავიანთი მტრების თვალწინ, ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:11-12)
11-ე თავის წინა მუხლებში იოანე ყველა მოვლენას წარმოაჩენდა მომავალ დროში, - მაგრამ ორი მოწმის მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მტკიცებიდან მოყოლებული ის "ცვლის თავისი თხრობის დროს, და მომავალ საგნებზე და მოვლენებზე მეტყველებს, როგორც წარსულზე" (უ. ბარკლი).
რადგან უეჭველია, რომ გამოცხადების წიგნის ყოველი აზრობრივი დეტალი არ არის შემთხვევითი და მნიშვნელოვანია, - დროის ასეთი ცვლილება ნიშნავს, რომ ბოლო ახალაღთქმისეულ მართალთა აღდგომა, თუმც განეკუთვნება შორეულ მომავალს წიგნის დაწერის დღიდან, მას მაინც გარდაუვალი კანონის ძალა გააჩნია და არ შეიცვლება არავითარ შემთხვევაში.
მეტიც, მსგავსი მოვლენები ხშირად ხდებოდა და ხდება პირველი ეკლესიის დროიდან (შეად. – "ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან" (საქმე 1:9); "და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან" (ინ. 12:32), - და შეუერთდებიან "მოზეიმე საკრებულოსა და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას" (ებრ. 12:22-23), რომელიც დღემდე უწყვეტად ივსება ქრისტიანი მოწამეებით, რომლებიც მოდიან "თავიანთი სულიერი ბრძოლიდან და "საკუთარი" დიდი ჭირვებიდან", შეად.:
"ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით" (გამოცხ. 7:14-15).
"კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ" (ეზეკ. 20:41).
ხოლო, როდესაც ქრისტიან მოწამეთა მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება აღსრულდება მთელი შესაძლო სისრულით (შეად. – "... ვიდრე არ გასრულდება მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:11)), - მთელი სამყაროსთვის გაიჟღერებს უკანასკნელი მეშვიდე საყვირი, რომელიც ჟამთა აღსასრულისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლის მაუწყებელი იქნება:
"ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1 თეს. 4:15-17).
გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ გამოცხ. 11:11-12-ში გრძელდება ადრინდელ მუხლებში აღნიშნული ურთიერთდაპირისპირება მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის, რადგან მორწმუნეები, რომლებიც "ორი მოწმის" მოკვლის შემდეგ არ შებრუნდნენ და არ წავიდნენ, არამედ "უყურებდნენ მათ გვამებს" (გამოცხ. 11:9), შეშინდნენ მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ორი მოწმე "ფეხზე დადგნენ" (გამოცხ. 11:11), ხოლო ურწმუნოები (ანუ "მტრები") იმდენად იყვნენ მიცემულნი უკეთურ მხიარულებას და "ერთმანეთის დასაჩუქრებას" (გამოცხ. 11:10), რომ მომხდარი ამბავი მხოლოდ მაშინ შეიგნეს, როდესაც მოესმათ მგრგვინავი ხმა ზეცით და ორი მოწმე "ღრუბლით ავიდნენ ზეცას" (გამოცხ. 11:12).
ამასთან განმეორებით არის ნახსენები ვადა, რომლის ხანგრძლივობა იყო "სამნახევარი დღე" (შეად. გამოცხ. 11:9). ყველაზე არსებითი მნიშვნელობა გააჩნია "დამატებით" ნახევარ დღეს, რომელიც შესაძლებლობას არ გვაძლევს ეს მოწმობა გავუთანაბროვთ საფლავში უფლის დების სამ დღეს (შეად. - იონა 2:1; ოს. 6:2; მთ. 20:19; საქმე 10:40; 1 კორ. 15:4 და სხვა).
ჯერ-ერთი, ძველი სამყაროს ბოლო დღეებში ახალაღთქმისეული მოწმეები კუბოებში აღარ წვანან (გამოცხ. 11:9).
მეორეც, გამოცხადებაში ორჯერ აღნიშნული "სამნახევარი დღე" ზუსტად შეესაბამება იმ საღვთისმსახურებო "სატაძრო" დღეებს, რომლებიც ძველაღთქმისეულ დროში განყოფდა "ხალხის განწმენდის დღეს" და "კარვების დღესასწაულობას" (ლევ. 16:29-34; 23:34-44).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს "წინასწარმეტყველური" დღეები არის მეორე შვიდეულის მეორე ნახევარი "ახალი დროის" პირველი ორი შვიდეულიდან, რომელშიც მონიშნულია ახალაღთქმისეული დროების მთელი სისრულე ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ახალი წლის პირველ ორ შვიდეულში უწევდა ძველაღთქმისეულ პერიოდში "ბუკისცემის დღე" (პირველი რიცხვი მეშვიდე თვისა ძველაღთქმისეული პასექიდან), და "განწმენდის დღე" (მეშვიდე თვის მეათე რიცხვი), ბოლოს კი თვით კარვობის დღესასწაული (მეშვიდე თვის მეთოთხმეტე რიცხვიდან, - რიცხვ. 29:1-12).
უფრო მეტიც, ეს "ათი დღე" წმ. წერილში აღნიშნულია მთელი რიგი განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მოწმობებით, რომელთაც მიეძღვნა ცალკე პუბლიკაცია, - ხოლო მნიშვნელოვანი მეათე დღის შემდეგ, რომელიც "ერის განწმენდის დღედ" იწოდებოდა, კარვობის დღესასწაულის დაწყებამდე (რომელიც იუწყება შესვლას სამოთხისეულ აღთქმაში, ანუ ახალი მიწისა და ახალი ცის გამოჩენას მაცხოვრის საღმრთო დიდებით მოსვლის ჟამს) ტარდებოდა სწორედ სამნახევარი კალენდრული დღის განმავლობაში.
(შესაბამისად, "ათდღიანი ურვაც", რომლის შესახებ ლაპარაკია გამოცხ. 2:10-ში, არ წარმოადგენს ბუკვალურ ვადას, არამედ შეესაბამება ერთ სრულ შვიდეულს და პირველ ნახევარს მეორისას, ასევე ძველი სამყაროს უკანასკნელ შვიდეულს, რითაც იხატება "მსოფლიო სინანულის დღეები", ანუ ახალაღთქმისეული დროების მთელი სისავსე.
სიტყვამ მოიტანა და, მსგავსი ხატება, თუმც არა მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით, დღემდე დაცულია "ტშუვას ათ დღეში", რომელიც სიინანულისთვის გამოიყოფა თანამედროვე "ანტი-მესიანურ" იუდაიზმში).
ამასთან მეორე (და ბოლო) შვიდეულის მეორე ნახევარი წარმოადგენს იმ მოკლე და საშინელ დროებას, როდესაც ეკლესიის მოწმობა მსოფლიოში პრაქტიკულად შეწყდება, - მაგრამ "სამდღე ნახევრის შემდეგ", "კარვობის მსოფლიო დღესასწაულის" წინ, ყველა დროის ყველა წმინდანი არა მარტო გაცოცხლდება (როგორც, მაგალითად, გამოცხ. 20:4), არამედ მიიღებენ ახალ დიდებულ სხეულებს (შეად. – "საკუთარ ფეხებზე დადგნენ") და მაცხოვართან ერთად შევლენ მარადიულ სიცოცხლეში, რომელიც სავსეა საღმრთო აღთქმებით, შეად.:
"მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე! და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს; მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!" (იობი 19:25-27).
"არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა — სხვა. ... აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. ვინაიდან, ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: "სიკვდილი შთაინთქა ძლევით" (1 კორ. 15:40-54).
რა თქმა უნდა, "ორი სრული შვიდეულის" წინასწარმეტყველური ხატება დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რომლებიც მრავალწილ განპირობებულნი არიან მით, რომ ახალაღთქმისეული ეკლესიის მსოფლიო მოწმობის "შვიდეული და შვიდეულის ნახევარი" ზოგიერთ შემთხვევაში აღწერილია კვირეული საღვთისმსახურებო ციკლის სიმბოლოებში (ანუ "შვიდეულების" მეშვეობით,როგორც ეს არის გამოცხ. 2:10-ში და გამოცხ. 11:1-ში), სხვა შემთხვევებში კი - წლიური ციკლით (ანუ "შვიდეულების" მეშვეობით, როგორც დანიელის წიგნშია); ამასთან რეალურ (ასტრონომიულ) დროში ეს პერიოდი სულ მცირე გრძელდება ათასწლეულების განმავლობაში.
მაგრამ "ორი ახალაღთქმისეული შვიდეულის" დამამთავრებელი და აღმასრულებელი სტროფი "სამდღე ნახევარი" წარმოდგენილია შვიდი დღის ნახევრის სახით, - რომელსაც მაცხოვარი რეალურად დათვლილ დღეებამდე, შეამოკლებს, შეად.:
"რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მთ. 24:21-22).
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, როგორ შეესაბამება ორი შვიდეული 42 თვესა და 1260 დღეს, რომლებიც გამოცხადების წიგნშია მოხსენიებული (გამოცხ. 11:2; 13:5; 11:3; 12:6), ასევე დანიელის და გამოცხადების წიგნებისთვის საერთო "დროის, დროთა და ნახევარ დროის" (დან. 7:25; 12:7; გამოცხ. 12:14) ცნებას - ეს მნიშვნელოვანი და რთული კითხვა განხილული იქნება 12-ე თავის კომენტარებში.
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.