განმარტება - ბიბლიურ საყვირთა საყოველთაო წინასწარმეტყველური მნიშვნელობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ბიბლიურ საყვირთა საყოველთაო წინასწარმეტყველური მნიშვნელობა
ბიბლიური საყვირების ესქატოლოგიური ხასიათი
წმიდა წერილის ერთ-ერთი მყარი სიმბოლო, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს გამოცხადების წიგნის მეტაფორულ მნიშვნელობებთან, არის მოსეს საკარვო მსახურებაში გამოყენებული განსაკუთრებული "სამღვდლო" საყვირები (ბერძნ.: σάλπιγξ). თანაც ამ სატაძრო ატრიბუტის "წინასწარმეტყველური დანიშნულება" არ შემოიფარგლებოდა ხელთქმნილი კარვით: საყვირთა სიმბოლოს მიმართავს ძველი და ახალი აღთქმის მრავალი "საზოგადო" წინასწარმეტყველება, ხოლო გამოცხადების წიგნში "საყვირთა" სიმბოლოების ირგვლივ რამოდენიმე სიუჟეტი ვითარდება.
 
ამასთან, თავისთავად, მუსიკალური და "სასიგნალო" ინსტრუმენტის როლში, ბიბლიური საყვირები არ წარმოადგენენ რაიმე განსაკუთრებულ რამეს: ომისა და მშვიდობის პერიოდში საყვირები მრავალ ხალხებში ასრულებდნენ იმავე ფუნქციას, რასაც ისინი ასრულებენ ძველი აღთქმის პერიოდის ისრაელში.
 
მაგრამ ისრაელის განსაკუთრებულ საყვირთა გამოყენება შესაძლებელი იყო გამოეყენებინათ და იყენებდნენ კიდევაც განსაკუთრებული "წინასწარმეტყველური" წეს-განგებით, - ხოლო "საყვირთა" მსახურებისადმი დაიშვებოდნენ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მღვდლები (აარონთა მოდგმისგან), შეად.:
 
"ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს. დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები. დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი. მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ. საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო. აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში. როცა გახვალთ თქვენს ქვეყანაში მომხდურ მტერთან საბრძოლველად, ასტეხეთ განგაში საყვირებით და გახსენებული იქნებით უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და გადაურჩებით თქვენს მტრებს. სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი" (რიცხვ. 10:1-10).
 
ხოლო, რადგან ყველა განაწესი, რომელთა თანახმადაც აარონის შვილებს უნდა ჩაებერათ წმიდა საყვირებში, საღმრთო იყო, - უეჭველია, რომ ყოველი მიზეზი, რომელიც კი საყვირთა გამოყენებას ითხოვდა, ბუკვალურ მნიშვნელობათა გარდა, მოიცავს სრულიად განსაზღვრულ წინასწარმეტყველურ მოწმობას, რომელიც ახალი აღთქმის დროსა და მოვლენაზე უთითებს.
 
ასე, მაგალითად, ხელთქმნილი კარვის წმიდა საყვირები გამოიყენებოდა:
 
უბედურების მოახლოვების მისანიშნებლად, რათა ღვთის ერი შეკრებილიყო კარავთან (ახალი აღთქმის სიმბოლოებში კი - თვით უფლის ირგვლივ, რომელიც აშენებს ზეციურ ტაძარს).
 
საგანგაშოდ, რომელიც წარმოადგენდა ბანაკის აყრის მინიშნებას (ანუ გასამგზავრებლად ხსნის გზაზე).
 
უფლისკენ მოწოდებისთვის ბრძოლის დროს (ანუ ეს იყო სიგნალი, რომელიც ისრაელიანებს მოუწოდებდა ბრძოლისკენ, რომლის დაწყება ნაუწყები იყო ახალი აღთქმით და, რომელიც არ წააგავს მიწიერ შებრძოლებას, შეად.: ეფეს. 6:11-12).
 
განსაკუთრებული დღეებისა და დღესასწაულების საუწყებლად (ანუ დრო-ჯამის ცვლილებათა დასამოწმებლად).
გარდა იმისა, რომ ძველი აღთქმის მრავალ წინასწარმეტყველებაში, რომლებიც ბუკვალურად არ არიან დაკავშირებულნი ხელთქმნილ კარავთან, არსებობს ეპიზოდები, სადაც საყვირების გამოყენება ზუსტად შეესაბამება "სატაძრო" განაწესს, რომელსაც ექვემდებრებოდა თავის დროზე აარონის შვილების მსახურება.
 
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია ლაპარაკობს "დიდ საყვირზე", რომელიც დედამიწის ყველა ხალხს განსაკუთრებული საზეიმო შეკრებისკენ მოუწოდებს, რომელთა შემადგენლობაში ღმრთის ერი წარმოდგენილი იქნება მთელი თავისი სისრულით (თანაც, სანამ ეს "დიდი საყვირი" გაიჟღერებს, ღმრთის ერი განთესვაში იქნება, შეად.: რიცხვ. 10:2-3)
 
"იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში" (ეს. 27:12-13)
 
ცხადია, რომ "დიდი საყვირის" დაცემის მიზეზი და მიზანი (რომელიც გაიჟღერებს "დედამიწის საყოველთაო შერყევის" ჟამს) მრავალმხრივ შეესაბამება იმ მნიშვნელობებს, რომლებიც მონიშნულია ძველაღთქმისეული სამღვდელოების "საყვირთა" მსახურების წეს-განგებაში. მაგრამ ესაიას მიერ ნაუწყებ მოვლენებს გააჩნიათ არა მარტო განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამედ მსოფლიო მასშტაბიც, - ეს კი ნიშნავს, რომ მის წინასწარმეტყველებაში ლაპარაკია არა განმეორებად რიტუალურ მოქმედებებზე ხელთქმნილი კარვის მსახურების პირობებში, არამედ ერთადერთ სრულიად განსაკუთრებულ დღეზე, როდესაც სიონის მთაზე შეიკრიბება ქრისტეს ეკლესიის საყოველთაო საზეიმო შეკრება.
 
მეტიც, ძველი აღთქმის პერიოდში განსაკუთრებული საყვირების გამოყენება არ იყო შეზღუდული მხოლოდ სამღვდლო მსახურებით. უკვე ზემოთ აღწერილ "სატაძრო" საყვირებს წმიდა ტექსტები ამატებენ "მცველ საყვირებს", რომლებშიც ასევე მონიშულია მომავალი ახალაღთქმისეული მოვლენები, შეად.:
 
"ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო. მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს. ამიტომაც ისმინეთ, ხალხებო! იცოდე, მოწმევ, რა მოუვა მათ" (იერე. 6:16-18).
 
რადგან ძველაღთქმისეულ დროებაში ისრაილში იყო სამი ხელისუფლება, ზეგარდმო დადგენილი (სამღვდლო, წინასწარმეტყველური და მსაჯულთა/მეფეთა), - "მცველი საყვირის" სიმბოლო სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა წინასწარმეტყველურ მსახურებას, რომელიც ერთგვარად ავსებს და აგრძელებს "საყვირთა" ძველაღთქმისული მსახურების აზრს (რომლებიც ასევე ვალდებულნი იყვნენ აუცილებლობის დროს ჩაებერათ სყვირებში, ანუ განგაში გამოეცხადებინათ ან კიდევ ეუწყებინათ განსაკუთრებული დროის დადგომა, რიცხვ. 10:1-10).
 
ამასთან, ბიბლიურ საყვირთა როგორც სამღვდლო, ასევე წინასწარმეტყველური მნიშვნელობები ერთ აზრობრივ ხაზად გასდევს ძველი აღთქმის ყველა წიგნს, და ყველა შემთხვევაში მეტაფორულად გვიხატავს სახარების მომავალ დროებას.
 
მაგალითად, წინასწარმეტყველ ეზეკიელთან "მცველი საყვირი" წარმოდგენილია სწორედ ახალაღთქმისეულ აზრობრივ კონტექსტში, და პრაქტიკულად ბუკვალური აზრით გვაუწყებს ახალი აღთქმის დროებასა და მოვლენებს, შეად.:
 
"ადამის ძევ! ელაპარაკე შენი ერის შვილებს და უთხარი მათ: თუ რომელიმე ქვეყანას მოვუვლენ მახვილს და ამ ქვეყნის ხალხი ამოირჩევს თავისი წიაღიდან ერთ კაცს და თავის მფარველად დაადგენს მას, დაინახავს ის ქვეყანაზე მოვლენილ მახვილს, დასცემს ბუკს და გააფრთხილებს ხალხს; თუ ისმინა მსმენელმა ბუკის ხმა და არ გაფრთხილდა, მოვიდა მახვილი და წაიყვანა იგი, მისი სისხლი მის თავზე იქნება. თუ ბუკის ხმა მოესმა და არ გაფრთხილდა, მისი სისხლი მასზე იქნება; ვინც გაფრთხილება, თავს გადაირჩენს" (ეზეკ. 33:2-5).
 
თანაც მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ქვემოთ ისრაელის "წინასწარმეტყველურ მცველად" თვით ეზეკიელი იწოდება ("აჰა, ადამის ძევ, ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენიხარ, ისმინე სიტყვა ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი" (ეზეკ. 33:7), - ქრისტიანებისთვის გასაგებია, რომ ისრაელის სახლის ჭეშმარიტი მცველი მხოლოდ ერთია.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალაღთქმისეულ დროში უკვე თვით უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა და ძე კაცისა, არა მარტო შემოჰკრებს სიონის მთაზე საზეიმო შეკრებას (ანუ "სამღვლო საყვირებს ააჟღერებს"), - არამედ, არის რა მცველი ღმრთის ერისა, საღმრთო გამოცხადების "საყვირებით" აფრთხილებს ყველა ერში მორწმუნეს სამსჯავროსა და მართლმსაჯულების მახვილზე, რომელიც მთელ ძველ სამყაროზე გარდამოვა (შეად.: ეზეკ. 33:2-5).
 
გარდა ამისა, ძველ აღთქმაში სახარებისეული დროების სიმბოლოდ გამოდის ყოველწლიური დღესასწაული, რომელიც მოსეს განაწესში "ბუკისცემის დღედ" იწოდება:
 
"მეშვიდე თვეში, თვის პირველში, წმიდა წვეულება გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ, ბუკისცემის დღე იყოს თქვენთვის" (რიცხვ. 29:1).
(ამასთან "ბუკისცემის დღეს" მოსდევდა საკმაოდ ნიშანდობლივი ცხრა დღე სინანულისა, რომლებიც ახალაღთქმისეულის დროების მთელი სისრულის კიდევ ერთი წინასწარმეტყველური სიმბოლოა).
მაგრამ ყველაზე არსებითი მნიშვნელობა წმიდა წერილის "საყვირთა" მნიშვნელობის გასააზრებლად გააჩნია იმ ვითარებს, რომ ძველაღთქმისეულ დროში ისრაელის სამ "კანონიერ" ხელისუფლებას აგვირგვინებდა მსაჯულთა და მეფეთა ხელისუფლება. შესაბამისად, განსაკუთრებულ ბიბლიურ საყვირებს გააჩნია კიდევ ერთი ახალაღთქმისეული მნიშვნელობა, რომლის შესაბამისადაც სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და მსაჯულთა და მეფეთა მისია მაცხოვრისა განსაზღვრულ მომენტში უნდა გაერთიანდეს ერთ მთლიანობად და სრულყოფილებად, შეად.:
 
"აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის" (ზაქ. 6:12-13).
 
ამასთან "ზეციურ ხელმწიფებათა გაერთიანებისა" და "სხვა ხელმწიფებათა გაუქმების" ხატება პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ საყვირთან, რომელსაც წმიდა წერილში არა მარტო "დიდი", არამედ "უკანასკნელი" საყვირიც ეწოდება (შეად.: "ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით" (1 კორინთ. 15:52)).
 
ხოლო რადაგან ამ უკანასკნელი საყვირის ხმის გაგონებაზე მთელ სამყაროში გაიხსნება ქრისტეს სისრულე არა მარტო როგორც ისრაელი ხალხის მღვდელმთავრისა და წინასწარმეტყველისა (მცველისა), არამედ, როგორც უზენაესთა შორის უზენაესისა, ცისა და მიწის მსაჯულისა, მთელი სამყაროს უფლისა, ღმრთისა და მეფისა, - ამ უკანასკნელ საყვირს სრული უფლებით შეგვიძლია ვუწოდოთ "სამეფო", შეად.:
 
"ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით. რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით" (ფსალმ. 46:6-8).
 
ამასთან უდიდესი მსოფლიო მოვლენების ბიბლიურ მოწმობებში, რომლებიც მოხდება "უკანასკნელი ზეციური საყვირის" დროს, იხსნება წინასწარმეტყველურ მნიშვნელობათა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი. ლაპარაკია იმაზე, რომ ახალი აღთქმის დროება ნიშნავს ტყვეთა გათავისუფლებასაც, და ტანჯულთა განტევებასაც, შეად.:
 
"სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად" (ლუკა 4:18).
 
ხოლო მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ტანჯულთა და ტყვეთა გათავისუფლებასთან, არა მარტო ამთავრებს "ეგვიპტისა" და "ბაბილონის ტყვეობის" ბიბლიურ ხატებათა წინსწარმეტყველურ მნიშვნელობ ებს, რომელთა შესახებაც ადრე ვსაუბრობდით, - არამედ უთითებს იუბილეთა სრულიად განსაკუთრებულ დროებას, როდესაც ძველაღთქმისეულ ისრაელში "ფიზიკურად" ათავისუფლებდნენ ყველა ტყვეს, მონასა და პატიმარს, ხოლო ისრაელიტელთა მიერ გაყიდული მიწა უნდა გადასცემოდა იმ ტომს, რომელიც ის "პირვანდელი" აღთქმით ეკუთვნოდა (ეს ყველაფერი დეტალურად იხ.: ლევიანთა წიგნი თთ. 25 და 27).
 
თანაც ახლოვდებოდა საიუბილეო წელიწადი, რომელიც ისრაელის ხალხს ანიჭებდა "თავისუფლებას დედამიწაზე", და რომელიც ყოველი 49 წლის (ანუ შვიდი შვიდეულის, დროთა სისრულის) გასვლის შემდეგ, - ყოველი 49-ე წლის მეშვიდე თვის მეათე დღეს, დღეს წმიდა შეკრებისა და მთელი ერის განწმენდისა, - უნდა აჟღერებულიყო განსაკუთრებული საყვირი, რომელიც იქნებოდა წმიდა იუბილეს დასაწყისის მაუწყებელი, რომელსაც მთელი ხალხი მოელოდა (ლევ. 25:8-10).
 
ზუსტად იგივე მნიშვნელობები იხსნება გამოსვლის დროის მოვლენებში. როდესაც აღთქმულ მიწაზე უფლის მხედრობა შევიდა, რომელსაც იმ დროისთვის ისრაელის ერი წარმოადგენდა, შვიდი საიუბილეო საყვირის ხმაზე შვიდი დღის განმავლობაში მდუმარებით უვლიდნენ გარს იერიქონის კედლებს (იესუ ნავე. 6:1-9), რითაც დღიდან დღემდე აუწყებდნენ უკეთურ ქალაქს "კედელთა დაცემის დღის" მოახლოვებასა და დადგომას (ანუ დღეს მსჯავრისა და მიგებისა, რომელსაც ჟამთა აღსასრულს მთელ ძველ სამყაროს ელოდება), შეად.:
 
"ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ მაგარი ვაჟკაციც. რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ" (სოფ. 1:14-16).
 
ამიტომაც მეშვიდე დღეს, ექვსი დღის განსაკუთრებული "წინასწარმეტყველური დუმილის" შემდეგ, მეშვიდე საიუბილეო საყვირის დაცემით და მთელი ერის ხმამაღალი ყიჟინით "ბუკვალური" იერიქონის კედლები დაინგრნენ ყოველგვარი გარეგანი ძალისხმევის გარეშე, - ეს მოვლენა წინასახე გახლავთ უკეთურების მომავალი სამეფოს დაცემისა, რის შედეგადაც ინგრევა ყოველგვარი ბორკილი, და მოხდება მთელი სამყაროს მასშტაბით ტანჯულთა და დატყვევებულთა გათავისუფლება.
(მსგავს საყოველთაო მოვლენაზე მოწმობს მოციქული პავლეც თავის პირველ ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ. თანაც თუკი წინასწარმეტყველი სოფონია ერთგვარად "შორიდან" აკვირდება უკანასკნელ დღეთა მოვლენებს, და "დიდი საყვირის დღეს" ისეთ მოვლენებს უკავშირებს, როგორიცაა "დღე უფლისა", "დღე რისხვისა", და "დღე... ბრძოლის ყიჟინისა", - მოციქული პავლე პირდაპირ და არაორაზროვნად წარმოგვიდგენს "განსაკუთრებული საყვირის ხმას", როგორც სიმბოლოს და ნიშს ჩვენი მაცხოვრის მეორედ მოსვლისა: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16)).
ამგვარად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ სხვადასხვა "საყვირთა" ხატებანი ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან გვაძლევენ ერთ კრებით აზრს, რომლის შესაბამისადაც უკანასკნელი "საიუბილეო" საყვირი და "საყოველთაო" ხმა მთავარანგელოზისა (ანუ უფლის მხედრობის მეთაურისა, შეად. იესუ ნავე 5:14-15) გვაუწყებს მნიშვნელოვანი "იერიქონისეული" მდუმარების (ანუ ჯერ კიდევ არ აღსრულებული საიდუმლოს) დასრულებას, - ხოლო ამასთან დამდგარი დროთა "საიუბილეო" სისრულე საბოლოოდ გაათავისუფლებს "ხრწნილების კედლებში" ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებში "ჩამწყვდეულ" ადამიანსა და კაცობრიობას.

"ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, - ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება" (1 კორინთ. 15:50-53).

ზუსტად იგივე აზრობრივი პანორამა იხსნება "შვიდი საყვირის" სიმბოლოში იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. რადგან უშუალოდ იმის წინ, რაც მოვლენათა არენაზე გამოჩნდებიან ანგელოზები საყვირებით ხელში, ცაში გამეფდება განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მდუმარება (გამოცხ. 8:1-2), - ხოლო ექვს საყვირთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, მეშვიდე საყვირის დაცემისა და მთავარანგელოზის ხმის გაღებისას, დაინგრევა მთელი მსოფლიო "ბაბილონ-იერიქონ-ეგვიპტე", რომელთაც ადამიანები საკუთარი ბოროტების კედლებში დატყვევებული ჰყავდათ.

"არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:7).

სხვა სიტყვებით, მრავალი მეტაფორული მნიშვნელობა, რომლებიც განსაკუთრებულ ბიბლიურ საყვირებთან არის დაკავშირებული, უთითებენ იმას, რომ გამოცხადების წიგნის შვიდი საყვირი უკეთურების მსოფლიო სამეფოს კედლებთან ახმაურდება.

ახალაღთქმისეული კრებითი აზრით ეს ზეციური საყვირები ერთდროულად არიან "სამღვდლოც", "წინასწარმეტყველურიც" და "საიუბილეოც".

ხოლო მეშვიდე "სამეფო" საყვირის დროს, რომელიც დრო-ჟამის აღსასრულს და ქრისტეს ეკლესიის სისრულეს გვაუწყებს, დაინგრევა ყველა მიწიერი სამეფო, რომელსაც წმიდა წერილში სოდომიც ეწოდება, ეგვიპტეც, ბაბილონიც, იერიქონიც და სხვაც.

და მაშინ გამეფდება "უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ" (გამოცხ. 17:14; 19:16), ჩვენი უფალი და მაცხოვარი, იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა და ძე კაცისა.
 

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში
Назад к содержимому