განმარტება - ზეციური ტაძრის გაღება და აღთქმის კიდობნის გამოცხადება (გამოცხ. 11:19) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ზეციური ტაძრის გაღება და აღთქმის კიდობნის გამოცხადება
 
(გამოცხ. 11:19)
მეორედ მოსვლა და განკითხვის დღე
"მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში. და იქმნა ელვა, ქუხილ და ხმანი, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა" (გამოცხ. 11:19).


11-ე თავის ბოლო მოწმობანი, როგორც 10-ე თავის დასასრული, არ გამოიყურება ისე კულმინაციურად, როგორც ადრე აღწერილი მოვლენები; ხოლო გრძნობით-ემოციურ პლანში თითქოსდა უთმობს კიდეც იმ ხატებებს, რომლებიც წინა სტიქიებისადმი იყო მიძღვნილი (მაგ.: გამოცხ. 11:14-18).
 
მაგრამ სწორედ "ზეციური ტაძრის გაღება" და "აღთქმის კიდობნის გამოჩენა" იუწყებიან ძველი სამყაროს უკანასკნელი დღის დადგომას, როდესაც საბოლოოდ დაეცემა უკეთურების მსოფლიო სამეფო, ხოლო განახლებული სამყარო მიიღებს სახეს, რომელიც სრულყოფილი საღმრთო ჩანაფიქრის შესაბამისი იქნება (შეად.: "... იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ" (გამოცხ. 10:7; შეად.: იობი 19:25; ინ. 6:39-40; 12:48).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციური ტაძრის გაღების სიმბოლო და მასში "აღთქმის კიდობნის" გამოჩენა არის მოწმობა სამყაროში თვით მაცხოვრის გამოჩენისა, რომელიც შემოსილია მარადიული საღმრთო დიდებით (შეად.: მთ. 24:30; 1 კორინთ. 15:47; 1 თესალონიკ. 4:16; გამოცხ. 1:7; 19:11-16 და ა. შ.).
(ზოგიერთ წინა პუბლიკაციაში აღვნიშნავდით, რომ ხელთქმნილი კიდობანი მასში მოთავსებულ წმიდა საგნებთან ერთად წარმოადგენდა ჭეშმარიტ სიწმიდეთა წინასახეობრივ საგანს, ხოლო ნამდვილ მარადიული სრულყოფილი აღთქმის ნამდვილ კიდობანს წარმოადენს თვით მაცხოვარი, იხ. პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება "ახალაღთქმისეულ ლევიტელთა ბაირაღს" და "ზეციური კარვის "შესაწირ პურებს"").
რაც შეეხება "ელვას, ხმებსა და ქუხილს", - ისინი მრავალგვარ ზეციურ ძალთა მყარ სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომელთა მეშვეობით საყდარზე მჯდომი მართავს სამყაროს (შეად.: გამოცხ. 4:5; 8:5 და ა. შ.), ხოლო "მიწისძვრა და დიდი სეტყვა" აღგვიწერენ "ფიზიკური" და სულიერი რეალობის ყველაზე მასშტაბურ რყევებს.
(აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ საყდარზე მჯდომის პირველ ხილვაში, რომელსაც შეესაბამება ახალაღთქმისეულ მოვლენათა დროითი "მოლოდინები", ნახსენებია "ელვა, ქუხილი და ხმები", მაგრამ არ იხსენიება "მიწისძვრა" და "სეტყვა", გამოცხ. 4:5. ხოლო ზეციური ტაძრიდან შვიდი ანგელოზის გამოსვლისას, რომელთაც ეპყრათ საყვირები, და მიანიშნებდა ახალაღთქმისეულ დროთა დაწყებას, ნახსენებია ყველაფერი, "დიდი სეტყვის" გარდა. - გამოცხ. 8:5).
 
ანუ, თითოეული ამ "მატებადი" სიმბოლოდან წარმოადგენს ნამდვილ და უზუსტეს დეტალს, რომელიც შეესაბამება თავის დროს, თავის მდგომარეობას სამყაროში და მიანიშნებს სწორედ იმ საღმრთო ქმედებაზე, რომლებიც ამ მომენტში აღესრულება).
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მეშვიდე საყვირისა და ზეციური ტაძრის გახსნის დროს "ხდება" არა მარტო "ელვა, ხმები და ქუხილი", რომელსაც მიწისძვრაც ახლავს, არამედ "დიდი სეტყვაც", - ამ მოვლენათა სისავსე ასევე მოწმობს საღმრთო ჩანაფიქრის დასრულებაზე მაცხოვრის მეორედ მოსვლით, მკვდართა აღდგომითა და უკანასკნელი დღის სამსჯავროთი, შეად.:
 
"და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთდნენ და შეიძრნენ, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან. დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი. ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით. წყვდიადი თავის საფარად აქცია, გარემო მისი - საბურველად, მძიმე ღრუბლები, სიბნელე წყლისა. მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ცეცხლის ნაკვერჩხლები. და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერჩხლებით.  გაუშვა ისრები და მიმოფანტა, ელვანი მრავალნი - და განაბნია" (ფსალმ. 17:8-14).

მეტიც, თუ გულისხმავყოფთ, რომ "დიდი მიწისძვრა", რომელიც ხსენებულია 11-ე თავში (გამოცხ. 11:13, 19), არის მოვლენა, რომელიც სამყაროს შეარყევს ძველი ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს, ეს უკანასკნელი მიწისძვრა ყველაზე ცხადი სახით დაასრულებს მოვლენათა თანმიმდევრობას, რომელიც თავის დასაბამს იღებს პირველი "დიდი მიწისძვრიდან" (რომელიც დაკავშირებულია მაცხოვრის ჯვარცმასთან და მკვდრეთით აღდგომასთან (მთ. 27:51-52)), და რომელსაც გამოცხადების თანახმად თან ახლდა ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა სრულყოფილი აღთქმის საკურთხეველზე, რომელმაც დასაბამი მისცა ახალაღთქმისეულ სამსხვერპლო მსახურებას (გამოცხ. 8:5), - ხოლო მეშვიდე საყვირის დროს "ზეციური ტაძრის გაღება" და "აღთქმის კიდობნის გამოჩენა" ამთავრებენ მოვლენებს "მეექვსე ბეჭდის" ქვეშ, როდესაც პირველი მიწისძვრის შემდეგ ცა დროებით დაიფარა, "გრაგნილივით დაიგრაგნა", ხოლო მთები და გორაკები "ადგილიდანი იძრნენ" (გამოცხ. 6:14, შეად. - გამოცხ. 16:20-21).
(რაც შეეხება "დიდი სეტყვის" დაცემას უკეთურებზე, რომლითაც მთავრდება 11-ე თავი, და მოვლენათა მთელი წყება, რომელიც წარმოდგენილია უკანასკნელი რისხვის შვიდ თასში, - ეს მოწმობა დეტალურად იქნება განხილული 16-ე თავის განმარტებაში).
ამრიგად, ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ითქვა, შვიდი ზეციური საყვირის "იერიქონულ" მნიშვნელობებთან ერთად, გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ტაძრის გაღება" და "აღთქმის კიდობნის გამოჩენა" იუწყებიან უფლისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლას, რომლის დროსაც დაინგრევა ზღუდე, რომელიც ხილულ ქვეყნიერებას ჰყოფს ზეციურისგან, ასე რომ დედამიწაზე მაცხოვართან ერთად ჩამოდის თვით ზეცა (ანუ ტაძარი და ღმრთის ქალაქი, შეად - "ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული" (გამოცხ. 21:2)).
 
ანდრია კესარიელი ამ მოვლენათა შესახებ ბრძანებს:
 
"ხოლო ცაში ტაძრის გახსნასა და კიდობნის ხილვაში მოიაზრება იმ სიკეთეთა გამოჩენა, რომლებიც წმინდა ადამიანთათვის არის გამზადებული და დაფარულია ქრისტეში, რადგანაც მასში მკვიდრეობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება (კოლას. 2:9), როგორც მოციქულიც ბრძანებს. ხოლო ეს სიკეთენი მაშინ გამოჩნდება, როდესაც ბიწიერებს მისწვდებათ "შემაძრწუნებელი ხმა, ელვა და ქუხილი, გრგვინვა, მიწისძვრა და სასტიკი სეტყვა", ასე მიეწევათ მათ გეენიის ცეცხლი. ამ დროს იქნება მიწისძვრა და სამყაროს შეცვლა".
 
მეტიც, 11-ე თავის ბოლო მოწმობები გვიხსნიან ძველაღთქმისეული მოვლენების კიდევ ერთ წინასახეობრივ ხაზს, სადაც აღთქმის ხელთქმნილი კიდობნის გამოჩენა, რომელიც უფლის მხედრობის სათავეში დგას, პირდაპირ წინ უსწრებდა ისრაელის ხალხის გადასვლას იორდანეზე, რომელიც აღმოსავლური ტრადიციით წარმოადგენდა აღთქმულ მიწას, შეად.:
 
"სამი დღის შემდეგ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი, დაარიგეს ხალხი და უთხრეს: როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომელთაც მოაქვთ იგი, თქვენც დაიძარით თქვენი ადგილიდან და უკან მიჰყევით. ... ასე უთხრა იესომ მღვდლებს: ასწიეთ აღთქმის კიდობანი და ხალხის წინ იარეთ. ... აჰა, მთელი ქვეყნის პატრონის აღთქმის კიდობანი თქვენს თვალწინ გადალახავს იორდანეს" (იესუ ნავე 3:2-11).
(შეად.: " მეექვსემ დასთხია თავისი თასი დიდ მდინარეზე ევფრატისა, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებულ იქნეს მეფეთა გზა, რომელნიც მოდიან მზის აღმოსავლით" - გამოცხ. 16:12).
"შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს. როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით" (ის. ნავ. 6:3-4).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ბუკვალური იორდანის გადასვლისას ისრაელის ლაშქრის სათავეში აღთქმის კიდობანი მიდიოდა, - ასევე ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეს წმიდა ზეციურ მხედრობას სათავეში თვით ჩვენი უფალი და მაცხოვარი ჩაუდგება, შეად.:
 
"და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მთ. 24:30-31).
 
ხოლო მაცხოვარს, ძველაღთქმისეულ წინასახეთა შესაბამისად, რომელიც იორდანეს გადასვლაშია აღწერილი, ციდან მიწაზე გამოჰყვებიან ისინი, ვინც რწმენით მიჰყვებოდა მას ძველი სამყაროს უდაბნოს გავლით, და არ უშინდებოდა ჯვრის ტვირთვას, არც ცხოვრებისეულ ტანჯვას, არც უკეთური "მხეცის" გამოსახულებას, არც ცისქვეშეთის ბოროტ სულებს, - და არა თუ მტკიცედ იდგა, არამედ გაიმარჯვა ამ სასტიკ სულიერ ბრძოლაში:
 
"ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა, მრავალი გვირგვინი ედგა თავზე და ზედ ეწერა სახელი, რომელიც არავინ იცის მის გარდა. სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა. ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი" (გამოცხ. 19:11-14).
 
ეს კი ნიშნავს, რომ 11-ე თავის დასასრულს კრებითად არის აღწერილი დრო-ჟამის აღსასრულის წინასწარმეტყველური მოწმობა, რომელშიც სიცხადის სხვადასხვა ხარისხით არის მონიშნული შვიდი ზეციური საყვირი, და დედამიწაზე უფლის მობრძანება, რომელიც სათავეში უდგას წმიდა ზეციურ მხედრობას, ასევე "მსოფლიო იერიქონის კედლების დაცემა", და ღმრთის ერის მიერ "მარადიულად აღთქმული მიწების" დამკვიდრება (მთ. 25:31; გამოცხ. 1:7; 19:11-16 და ა. შ.).
 
თანაც ძველი ქმნილების უკანასკნელ დღეს სამყარო იხილავს არა მორჩილ და თავმდაბალ კრავს, "დასაკლავად გაწირულს" (იერ. 11:19), რომელსაც ურჯულოები დევნიდნენ და ჯვარს აცვეს,- არამედ "ლომს იუდას ტომიდან", ზეციურ მეომარს, სიკვდილის მძლეველს, მეფეთა მეფეს და უფალთა უფალს, შემოსილს სრული თავისი საღმრთო დიდებით, რომელიც ღრუბლებზე მოვა უთვალავი ზეციური მხედრობით, სულიერ ბრძოლაში გამოწრთობილ და უკვდავებას მიღწეულ წმინდანებთან ერთად.
 
ამინ.
 

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. "აპოკალიფსისის" რედ. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому