განმარტება - ანგელოზი ოქროს სასაკმევლით (გამოცხ. 8:3-6) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ანგელოზი ოქროს სასაკმევლით

(გამოცხ. 8:3-6)
ანგელოზი ოქროს სასაკმევლით ხელში
"მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე" (გამოცხ. 8:3-4).
 
რადგან ხელთქმნილ კარავში სულ ორი საკურთხეველი იყო, ოქროსი და სპილენძის, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "სხვა ანგელოზი", რომელსაც "ოქროს სასაკმვლე ჰქონდა", თავიდან "დადგა" ახალაღთქმისეული ყოვლადდასაწველი საკურთხევლის წინაშე, რომლის ხილული წინასახე იმყოფებოდა ხელთქმნილი კარვის შიდა ეზოში (გამ. 40), - და სწორედ ამ მსოფლიო "სპილენძის" საკურთხეველთან მიეცა მას "დიდძალი საკმეველი" (ანუ განსაკუთრებულად სურნელოვანი საკმეველი (გამ. 30:34-38)), რომელიც მას უნდა დაედო მეორე ზეციუირ საკურთხეველზე, რომელიც საკმევლად იყო განკუთვნილი (ანუ "ოქროს საკურთხეველზე", რომელიც კარვის შიგნით იყო განთავსებული).
 
თანაც მიუხედავად იმისა, რომ "საკმეველი" თავისთავად არის წმიდა ლოცვის ბიბლიური სახე (შეად.: ფსალმ. 140:2; მალაქ. 1:11; გამოცხ. 5:8 და ა. შ.) - მოცემულ შემთხვევაში "ყველა წმიდის ლოცვა" ნახსენეგბია ამ ზეციური საკმევლისგან ცალკე: "რათა მას ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი...".
 
გარდა ამისა, განსაკუთრებულად მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ მთელი "დიდძალი საკმეველი" ანგელოზმა მიიღო საკურთხეველთან, რომელიც ზოგჯერ არ გამოიყენებოდა სასაკმევლედ, ასე რომ იმ შემთხვევაში, თუკი ახალაღთქმისეული რეალობა არაფრით განსხვავდებოდა ხელთქმნილი კარვის "წინასახეობრივი სქემებისგან", სურნელოვანი საკმევლის სამსხვერპლოზე დადებას არ ექნებოდა არანაირი აზრი.
 
მაგრამ ხილვა, რომელიც იდუმალთმხილველს მიეცა მეხუთე ბეჭდის სახით, მოწმობს იმაზე, რომ ახალაღთქმისეულ სულიერ რეალობაში საყოველთაო ყოვლადდასაწველი საკურთხევლის ქვეშ იყო არა "ხბოთა და კრავთა" სისხლი, - არამედ მოწამეთა სულები, "ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9), რომლებიც ახალი აღთქმის დამყარების შემდეგ შეიმოსნენ საზეიმო სპეტაკი სამოსლებით, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ შესულიყვნენ ზეციური კარვის შიგნით და იქ აღესრულებინათ ზეციური სამღვდელოების მსახურება (გამოცხ. 6:10-11, შეად. - ეზეკ. 44:16-18).
 
ხოლო ეზეკიელის ერთ-ერთ "მესიანურ" წინასწარმეტყველებაში წმიდა საკმეველს ედრება არა ბუკვალური სურნელებანი, და არც ლოცვითი სიტყვა, - არამედ თვით ადამიანები, რომლებიც მოწოდებულნი არიან უფლის საზოგადოებაში:
 
"რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ შევიტკბობ მათ, იქ მოვიკითხავ თქვენს შესაწირავებს და თქვენი ძღვენის ნათავარებს თქვენს სიწმიდეებთან ერთად. კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ" (ეზეკ. 20:40-41).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ განსაკუთრებულ "ცოცხალ საკმეველს", რომელიც ანგელოზს მიეცა სასაკმევლესთან ერთად "სპილენძის" საკურთხეველთან, რათა დაედო იგი საკმევლად, გამოდიან არა "ზეციური სურნელებანი", არამედ ძველაღთქმისეულ მოწამეთა სულები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან კრავის მიერ ძლეული "მიწისგან" და აღვლენილნი არიან ზეციური კარვის შიდა ეზოში, ოქროს საკურთხეველთან, რომლის შესახებაც ნათქვამია:
 
"დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით" (გამ. 30:6).
 
თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ზეციურ კარავში არ იყო კრეტსაბმელი, რომელიც ჰყოფდა "წმიდათას" და "წმიდა წმიდათას" (შეად.: მთ. 27:51; მკ. 15:38; ლლკ. 23:45), ხოლო თვით კარავი მტკიცდება ზეციური საყდრიდან - ცხადი ხდება, რომ ოქროს საკურთხეველი იმყოფება პირდაპირ საყდარზე მჯდომის წინაშე.
(რადგან ითუმალთმხილველი აზუსტებს, რომ საკმევლის დადების დროს ლაპარაკია საკურთხეველზე, "რომელიც საყდრის წინაშე იყო", - მით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძველაღთქმისეული კრეტსაბმელი ცაში არ არის, ხოლო შიდა ტაძრისეული მოწყობა ზეციურ კარავში შეესაბამება ახალი აღთქმის რეალიებს.

რადგან ცალკე აღნიშნულია, რომ "ზეციური საკმევლის" კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერტად "ავიდა ღმრთის წინაშე", - ეს ვითარება ნიშნავს, რომ ზეციურ პირმოშოთა ახალაღთქმისეული მსხვერპლი შეწირულ იქნა შემოქმედისა და ყოვლისმპყრობელის მიერ, როგორც "რჯულიერი" და წმიდა, - შეად.: მალაქ. 1:11; ეზეკ. 20:41).
ასე რომ განსაკუთრებული წინასწარმეტყველური მოქმედება, რომელიც "საკმევლის კარავში შეტანის" სახით არის წარმოჩენილი, და მისი "ანთებით" საყდრის წინ მდებარე ოქრის საკურთხეველზე, გვიხატავს "სატაძრო" წინასწარმეტყველურ სიმბოლოების ახალაღთქმისეული რეალობის აღსრულებას, რომელიც მოცემულია ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში (იხ. ეზეკ. 20:40-41), - თანაც პირდაპირ აგრძელებს მოწმობათა ხაზს, რომელიც ზეციური დიადი წიგნის მეხუთე ბეჭდის მოხსნით არის წარმოჩენილი.
 
გარდა ამისა, გამოცხ. 8:3-4-ის მოწმობანი ახალაღთქმისეული აზრით აგრძელებენ ტაძრის განწმენდის ძველაღთქმისეულ ხატებას (იხ. ებრ. 9:21-23), - რადგან იმის გათვალისწინებით, რომ კრეტსაბმელი "წმიდათასა" და "წმიდა წმიდათას" შორის ზეციურ რეალობაში არ არსებობს, ოქროს სასაკმევლიანი ანგელოზის მღვდელმოქმედება ზუსტად შეესაბამება ისრაელის მღვდელმთავრის მოქმედებას, რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა აღსრულებულიყო ხალხისა და კარვის განწმენდის დღეს, შეად.:
 
"აიღოს მოგიზგიზე ნაკვერცხლებით სავსე სასაკმევლე სამსხვერპლოდან, უფლის წინაშე რომ დგას, და სავსე მუჭა დაფხვნილი სურნელოვანი საკმეველი და შეიტანოს კრეტსაბმელის იქით. დადოს საკმეველი ცეცხლზე უფლის წინაშე და დაფარავს საკმევლის კვამლი თავსარქველს, მოწმობას რომ ახურავს, რათა არ მოკვდეს. იყოს თქვენთვის სამარადისო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს დაიმდაბლეთ თავი, არაფერი საქმე აკეთოთ, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენთან რომ მდგმურობს. რადგან ამ დღეს შეგენდოთ თქვენ, რომ გაეწმიდავებინეთ ყველა თქვენი ცოდვისგან. უფლის წინაშე უნდა იყოთ განწმედილები" (ლევ. 16:12-13, 29-30).
 
ხოლო ყოველივე ზემოთთქმულის შუქზე ის იძენს ახალაღთქმისეულ აზრს და იმ არსებით ვითარებას, რომ "კეთილსურნელოვანი საკმევლის" საზეომო შეტანას ზეციურ კარავში (ეზეკ. 20:41) თან ახლავს "ყველა წმიდათა ლოცვა", - ანუ ქრისტეს საყოველთაო ეკლესიის ერთსულოვანი საზეიმო სადიდებელი.
 
"აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად" (გამოცხ. 8:5-6).
 
იმის შემდეგ, რაც "საკმევლის კვამლი" წმინდანთა ლოცვებთან ერთად "ავიდა... ღმრთის წინაშე", ოქროს სასაკმევლიანი ანგელოზი განმეორებით მიმართავს ოქროს საკურთხეველს.
 
მაგრამ ამჯერად ანგელოზი თავის ოქროს სასაკმევლეს ავსებს არა საკმევლით, არამედ ცეცხლით, თანაც ამ მოქმედებას აღასრულებს არა იმისთვის, რათა საკმეველი აკმიოს ზეციური საყდრის წინაშე, მსგავსად იმისა, როგორც მოქმედებდნენ ისრაელის მღვდელმთავრები, როდესაც ისინი ტაძრის ყოველწლიური განწმენდის დროს კრეტსაბმელს მიღმა შედიოდნენ (ლევ. 16:12-13), - არამედ იმისთვის, რათა "გადმოანთხიოს" თავისი ოქროს სასაკმევლის მთელი შიგთავსი ზეციური კარვის "გარეთ", ანუ დედამიწაზე.
 
და აქ იდუმალთმხილველს კვლავ თვალწინ წარმოუდგება (შეად. - გამოცხ. 4:5) და კვლავ ესმის "გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა" (გამოცხ. 8:5), რომელიც მოწმობენ პირდაპირ საღმრთო ჩარევაზე მსოფლიო მოვლენათა მსვლელობაში, რის შემდეგაც ახალაღთქმისეული ზეციური მღვდელმოქმედება "იცვლის მიმართულებას" და ვითარდება არა მიწიდან ცისკენ, როგორც ეს გამოცხადების 8:3-4 მუხლებშია, არამედ პირიქით, - "ზემოდან ქვემოთ", ზეციური საკურთხევლიდან მიწისკენ.
 
რადგან ოქროს საკურთხეველზე, რომელიც პირდაპირ საყდრის წინაშე დგას, შეუძლებელია "უცხო ცეცხლი" ენთოს (შეად. რიცხვ. 16), - ის ზეციური ცეცხლი, რომელსაც ანგელოზი მიწაზე "ანთხევს', არის განმწმენდელი ცეცხლი, რომელიც დედამიწაზე ანთებს ახალაღთქმისეული ეკლესიის დიად სამსხვერპლო მსახურებას (შეად. – "მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!" (ლკ. 12:49; 2 პარ. 7:1-3; საქმე 2:3).
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი აღთქმის დამტკიცების დროს "სპილენძის საკურთხეველზე", რომელიც "მიწისგან" არის აგებული, გადმოდის საღმრთო ცეცხლი, - და სწორედ ამის წყალობით ინთება უწყვეტი სამსხვერპლო მსახურება ახალაღთქმისეულ ეკლესიაში, შეად.: - 2 პარ. 7:1-3; საქმე 2:3).
გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ახალაღთქმისეულ რეალობაში ძველაღთქმისეულ "სატაძრო" სიმბოლოთა აღსრულება არ შემოიფარგლება "ტაძრის განწმენდით" და "დედამიწაზე წმიდა ცეცხლის გარდამოსვლით", არამედ გრძელდება სიმბოლოებში, რომლებიც საიუბილეო წლის დადგომასთან არის დაკავშირებული (რადგან ძველი აღთქმის დროს სწორედ იუბილეთა წელს, ხელთქმნილი ტაძრის განწმენდის დღეს "მთელს ქვეყანაში" გაისმოდა საიუბილეო საყვირები (ლევ. 25:9-11), რაც იყო მაუწყებელი დროებისა, რომელთათვისაც დაწესდა განსაკუთრებული წესები და განწესებები (შეად. ლევ. 25). "და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად" (გამოცხ. 8:6).
 
მეტიც, ტაძრის განსაკუთრებული განწმენდის სიმბოლო, რომელიც წინ უსწრებს ახალაღთქმისეულ "მსოფლიო იუბილეს", სრულდება წინასწარმეტყველ ეზეკიელის "სატაძრო" ხილვები, სადაც მონიშნულია, თუ როგორ აიღებს მომავალ დროებაში ვინმე "სელის სამოსლით" შემოსილი კაცი ზეციურ ცეცხლს, რომელიც ოთხ ქერუბიმებს შორის ანთია, და დააგდებს ამ ცეცხლს იერუსალიმზე (ანუ სიმბოლური აზრით მთელ ძველ სამყაროზე):
 
"ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ" (ეზეკ. 10:1-2).
 
თანაც ამ ხილვას თან ახლავს "ექვსი დამსჯელის" სიმბოლო, რომელიც ჯერ "სპილენძის საკურთხეველთან" იდგნენ და ელოდნენ, სანამ დაიბეჭდებოდნენ ღმრთის ერთგულნი განსაკუთრებული საღმრთო ნიშნით, - შემდეგ კი ქალაქს ჩამოუვლიან თითოეული თავისი იარაღით, რათა მოსპონ ისინი, ვინც ურჯულოებს და შუბლზე არა აქვთ მაცხოვნებელი ზეციური ბეჭედი:
 
"ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: ახლოს მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი დამღუპველი იარაღით ხელში! აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან. ... მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან" (ეზეკ. 9:1-6).
 
ეს კი ნიშნავს, რომ მოვლენები გამოცხადების მე-7 და მე-8 წიგნებში ახალაღთქმისეული აზრით აგრძელებენ ეზეკიელის წიგნის მოწმობასაც (ეზეკ. 9:4-6), რომლის თანახმადაც:
 
     
  • ჯერ ოთხი ანგელოზი აკავებდა დედამიწის ოთხ ქარს (გამოცხ. 7:1), რათა არ ევნოთ მიწისა და ზღვისთვის მანამ, სანამ ღმრთის მონათა შუბლებზე არ იქნებოდა აღბეჭდილი მაცხოვნებელი ზეციური ბეჭედი (გამოცხ. 7:2-3).
  •  
  • შემდეგ იდუმალთმხილველს ესმის აღბეჭდილთა რიცხვი (გამოცხ. 7:4-8), დედამიწაზე კი გადმოდის წმიდა ზეციური ცეცხლი (გამოცხ. 8:5).
  •  
  • ამის შემდეგ კი პირველი ოთხი საყვირით იხსნება ის ზიანი, რომელიც მიადგება არა მარტო "მიწას, ხეებსა და ზღვას" (გამოცხ. 8:7-9), არამედ ადამიანებსაც (გამოცხ. 8:11), ანუ იწყება იმისი აღსრულება, რაც გადადებული იყო იმ მომენტისთვის, სანამ ხალხი, "რომელიც კვნესის და მოთქვამს დედამიწაზე ჩადენილ სისაძაგლეთა გამო" '(შეად. ეზეკ. 9:4), არ აღიბეჭდებიან და დაცულნი არ იქნებიან ამ ნიშნის მიერ.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც იდუმალთმხილველს მე-8 თავის დასაწყისში ეხსნება, აღსრულდება საიუბილეო წლის წინ ტაძრის განწმენდის წეს-განგების შესაბამისად (როდესაც განწმენდის საზეიმო დღეს საიუბილეო საყვირები ხალხს "დედამიწის გათავისუფლების დროს" აუწყებდნენ), ამასთან აღსრულდება "სატაძრო" სიმბოლოები ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან, - ამის შემდეგ კი ის გრძელდება შვიდსაყვირიანი ანგელოზის ხილვაში, რომელიც შეესაბამება ძველაღთქმისეულ შვიდ საიუბილეო საყვირს "იერიქონის კედლებთან" რომ დასცეს ვიდრე ამ კედლების დაცემამდე.
 
რადგან ძველი სამყარო, რომელმაც ჯვარს აცვა მაცხოვარი, სოდომის, ეგვიპტის, იერიქონის, ბაბილონისა და იერუსალიმის კრებითი სახეა, - ყველაფერი ის, რაც გამოცხადებაში "შვიდი საყვირის" მეშვეობით არის აღწერილი, შეესაბამება იმ "წინასწარმეტყველურ სასჯელებსაც", რომელსაც თავის დროზე დაექვემდებარა ყველა ეს "უკეთური ქალაქი" (იმ არსებითი განსხვავებით, რომ მიმდინარე მოვლენების მასშტაბები და მნიშვნელობები ყოვლისმომცველი და საყოველთაო ხდება).
 
გარდა ამისა, რადგან იმის წინ, სანამ "შვიდი ანგელოზი დასცემდეს თავის საყვირს", იქმნა "გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა", - ცხადი ხდება, რომ ყველა შვიდივე საყვირი "პირველი მსოფლიო მიწისძვრის" შემდეგ გაჟღერდება და გვიხატავს არა ცალკეულ "მიწიერ" მოვლენებს, არამედ ახალი აღთქმის დროების მთელ სისავსეს.

______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому