აპოკალიფსისი > განმარტება
ზღვიდან ამომავალი მხეცი, ათრქიანი და შვიდთავიანი...
(გამოცხ. 13:1)
"დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი" (გამოცხ. 13:1).
11-ე თავში, სადაც ქრისტეს ეკლესია წარმოდგენილი იყო ახალაღთქმისეული სატაძრო სასანთლის ორი ზეთისხილის სახით, ასევე "ორი მოწმით" და "ორი წინასწარმეტყველით", უკვე ნახსენები იყო მხეცი, რომელსაც ეწოდა "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" (გამოცხ. 11:7), რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებში "შეებრძოლება" ორ წინასწარმეტყველს, და "შემუსრავს და მოაკვდინებს მათ" (გამოცხ. 11:7), - მაგრამ "სამნახევარი დღის შემდეგ" ბოლო მოწმეები გაცოცხლდებიან და "ღრუბლით ავლენ ზეცად" (გამოცხ. 11:11-12).
ამასთან სრულიად ცხადია, რომ 11-ე თავის "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი", და 13-ე თავის "ზღვიდან ამომავალი მხეცი", ძალიან ჰგვანან ერთურთს, - რადგან ორივე ეს პერსონაჟი "მხეცად" იწოდებიან და წარმოდგენილნი არიან, როგორც "ამომავალნი..."; ამასთან ორივე მათგანი დევნის და კლავს წმინდანებს და სხვა.
მიუხედავად ამისა, მრავალი ღვთისმეტყველი ვერ ბედავს ამტკიცოს, რომ "მხეცი ... უფსკრულიდან" და შვიდთავიანი "მხეცი ამომავალი ზღვიდან", რომლის აღწერით იწყება გამოცხადების 13-ე თავი, აღნიშნავენ ერთსა და იმავე "პირს" ან მოვლენას (კერძოდ, მსგავს ეჭვს გამოთქვამს პროფ. ლოპუხინი, და უთითებს განსხვავებას "უფსკრულისა" და "ზღვის" ცნებებს შორის).
გარდა ამისა, გამოცხადების მოწმობათა თანახმად, "მხეცი უფსკრულიდან" შეებრძოლება ორ მოწმეს (გამოცხ. 11:7), ხოლო "ზღვიდან ამომავალი მხეცი" აწარმოებს ომს ყველა წმინდანთან, რამდენიც გინდ იყონ ისინი (გამოცხ. 13:7), - და ეს ვითარება ასევე არ ეთანხმება იმ მტკიცებულებას, რომ მათ სიმბოლოებში 11-ე და 13-ე თავიდან აღწერილია ერთი და იგივე წინააღმდეგობა.
მეორე მხრივ, მრავალ წმიდა ტექსტში "ზღვა" და "უფსკრული" სინონიმებად გამოიყენება, ასე რომ განსხვავება ამ ბიბლიურ ცნებებს შორის არც ისე დიდია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. მოცემულ შემთხვევაში კი აუცილებელია განვიხილოთ სწორედ ბიბლიური ცნებები, - რადგან "მხეცის" ამოსვლა ჩვეულებრივი "მიწიერი" ზღვიდან იგულისხმებდა ამ ზღვის სახელწოდებასაც, და ივარაუდებდა ამ წყალსაცავიდან ასეთივე ბუკვალური შვიდთავიანი მტაცებელი ცხოველის "ამოსვლას", რაც გასაგები მიზეზების გამო სერიოზულად არც განიხილება.
(მეტიც, განზე თუ გავწევთ საღ აზრს და წარმოვიდგენთ ზღვის სიღრმიდან ბუკვალურად ერთგვარი ფანტასტიური მტაცებლის ამოსვლას, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ სანაპიროზე ამოვა და მეტ-ნაკლები ბუკვალურობით აღასრულებს იმას, რაზეც მოწმობს შემდეგში მოც. იოანე, - ვერაფერი შეგვიშლის ხელს ასეთი მხეციც კი მივიჩნიოთ არა მარტო "ბუკვალური ზღვიდან" ამოსულ არსებად, არამედ მეტაფორული "უფსკრულიდან" ამოსულადაც, რადგან "ბუნებრივ" ზღვებს თავისთავად ამგვარი ურჩხულების გაჩენა არ ძალუძთ).
მეტიც, ძველაღთქმისეული წერილი ამტკიცებს, რომ სამყაროს შექმნის დროს "ზღვა" როგორც "ცისქვეშეთის წყალთა შესაკრებელი" "დაკეტილი" იყო, - ანუ ბიბლიურ ზღვას (რომელიც შექმნილია და არსებობს მხოლობით რიცხვში) მიეცა ზღვარი, რომელიც მას არ აძლევს შესაძლებლობას "გადმოიღვაროს" ხმელეთზე, შეად.:
"ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა, როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად, როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი - და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?" (იობი. 38:8-11).
(შეად. – "... ზღვის მომთრგუნველო შენი განგების სიტყვით, უფსკრულის დამგმანელო და დამბეჭდავო შენი საშინელი და დიდებული სახელით..." (2 პარ. 36:24 - მენაშეს ლოცვა. 1:3).
მაგრამ განსაზღვრული "სულიერი ზღვარი" ბიბლიურ ზღვას დაუწესდა მხოლოდ ბიბლიურ "ხმელეთთან" მიმართებაში, - ხოლო "ზღვის სიღრმეები" ასევე დარჩნენ ბუკვალურად უსაზღვრონი, და სწორედ ამ მიზეზით ხშირად აღინიშნება წმიდა წერილში ისინი სიტყვით "უფსკრული" (იობი. 38:16; 38:30; 41:23-24; ფსალმ. 148:7; ეს. 51:10; 63:13; იონა 2:6 და სხვა).
(ასე, მაგალითად, უფალ იესუ ქრისტესადმი აღვლენილ სინანულის საგალობლის ძლისპირი, ფსალმ. 105:9-ის კვალობაზე, ისრაელის გავლას მეწამულ ზღვაზე წარმოგვიდგენს, როგორც "სიარულს უფსკრულზე"...).
ამასთან ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველური სიტყვა არ შემოფარგლავს "ზღვის" ცნებას "ცისქვეშეთის წყალთა შეკრების" ხატებითა და აზრით, არამედ წარმოიდგენს მას, როგორც ყოველი ცოცხალის ბინადრობის ადგილს, ანუ დედამიწის სისავსის ბუნებრივ ნაწილს.
"რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით. ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად" (ფსალმ. 103:24-25).
მეტიც, სწორედ ბიბლიური "ზღვაა" ის "სულიერი სივრცე", სადაც ბინადრობს ლევიათანი (ანუ "ზღვის გველი", რომელიც მეტაფორულად წარმოადგენს "გველ-ეშმაკს", შეად.: "იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად" (ფსალმ. 103:26), - ასე რომ, აზრობრივი განსხვავება გამოცხ. 13:1-ის "ზღვასა" და გამოცხ. 11:7-ის "უფსკრულს" შორის აშკარად არასაკმარისია იმისთვის, რათა "ორი მხეცი" სხვადასხვა ადგილiდან ამომავლებად მივიჩნიოთ.
გარდა ამისა, რადგან "შვიდთავიანი" მხეცი ჩნდება არა ბუკვალური ზღვიდან, არამედ ბიბლიური ზღვიდან, - შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ამგვარად ბიბლიურ "ხმელეთზე" გამოსვლას ცდილობს.
ეს კი ნიშნავს, რომ მოც. იოანე "დადგა ქვიშაზე ზღვისა" არა ჩვეულებრივი გაგებით რომელიღაც მიწიერი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე, არამედ იმ უხილავ სულიერ საზღვარზე, რომელიც შესაქმის პირველივე დღეებიდან "კეტავს" ზღვას თავის საზღვრებში, შეად.:
"ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან" (იერ. 5:22).
თანაც ეს უხილავი, მაგრამ სამყაროს ბინადართა უმეტესობისთვის გადაულახავი ბიბლიური ზღვარი განაცალკევებს ცისქვეშეთის სულიერ სამყაროს "ფიზიკურისგან", - და ამასთან წარმაოდგენს ზღვარს, რომელიც განყოფს ნათელს ბნელისგან (შეად. ხატებანი: იობი 26:9-10; 38:11; 38:29-20).
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ "ზღვიდან ამომავალ მხეცს" აქვს იგივე შვიდი თავი და ათი რქა, რაც "დიდ ცეცხლოვან ურჩხულს", რომლის შესახებაც იყო ლაპარაკი გამოცხადების წიგნის წინა თავში (12:3), - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ იდუმალი შვიდთავიანი მხეცი წარმოადგენს ეშმაკის თესლს, რომელიც გამოდის ზღვიდან/უფსკრულიდან "მიწაზე" მხოლოდ იმისთვის, რატა განხორციელდეს ხილულ სამყაროში და აწარმოოს ბრძოლა "დედაკაცის ზეციურ თესლთან" (შეად.: " მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:15; გამოცხ. 12:7)).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ზღვიდან ამომავალი მხეცი" სხვა არაფერია, თუ არა ახალაღთქმისეული დროების ეშმაკის იარაღი, რომელიც თვით ციდან გადმოგდებული ეშმაკისგან განსხვავებით, დრომდე ჩაკეტილია უფსკრულში (გამოცხ. 20:3), და შეუძლია გადმოლახოს "ზღვისა და ხმელეთის" ბიბლიური საზღვარი და "ფიზიკურ" დონეზე გამოიყვანოს ღმრთისმბრძოლი პროცესები, რომლებიც დასაბამს იღებენ "სატანურ სიღრმეებში" (გამოცხ. 2:24), შეად.:
"... ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, ... გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან" (გამოცხ. 9:2).
"მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, ... და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან..." (გამოცხ. 12:15-17).
(იმის შესახებ, თუ რატომა აქვთ ურჩხულსა და ზღვიდან ამომავალ მხეცს განსხვავებული
რაოდენობის "გვირგვინები", და რატომ იმყოფება ურჩხულის გვირგვინები
"შვიდ თავზე", ხოლო მხეცისა - "ათ რქაზე", და ა. შ., ვილაპარაკებთ
მომდევნო პუბლიკაციებში).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.