Перейти к контенту

განმარტება - ვერავინ შევა ზეციურ ტაძარში, სანამ არ დასრულდება უკანასკნელი წყლულება! (გამოცხ. 15:8) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
ვერავინ შევა ზეციურ ტაძარში, სანამ არ დასრულდება უკანასკნელი წყლულება!

(გამოცხ. 15:8)
და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი (გამოცხ. 15:8).
 
 
რადგან გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველური მოწმობანი ჭეშმარიტი აზრით შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი განხილულ იქნებიან ძველი აღთქმის წერილში გამოხატული ბიბლიური წინასახეების პრიზმაში, - 15-ე თავის ზოგიერთი ეპიზოდი ვარაუდობს გააზრებას, რომ ძველაღთქმისეულ დროებაში მოსეს კარავიც და იერუსალიმის ტაძარიც "ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით" აღივსებოდა მათი მშენებლობის დასრულებისთანავე, როდესაც აღთქმის ხელთქმნილი კიდობანი შეჰქონდათ "ქერუბიმთა ფრთებქვეშ" (3 მეფ. 8:6), ტაძრის ყველაზე დაფარულ ადგილას, რომელსაც "წმიდა წმიდათა" ანუ "დაბირი" ეწოდებოდა. თანაც მომენტი, როდესაც საკურთხებლად გამზადებულ ტაძარზე გადმოდიოდა ღმრთის დიდების ღრუბელი, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მღვდლები მათი ხარისხისდა მიუხედავად ფეხზე ვერ დგებოდნენ სამსხვერპლოსთანაც კი შიდა ეზოში (არაფერს ვამბობთ იმაზე, შიგნით, საკურთხეველში შესვლაზე, რომელიც საღმრთო დიდების ღრუბლით იყო დაფარული და აღვსებული (გამ. 40:34-35; 3 მეფ. 8:5-11; 2 პარ. 5:7-14)).
 
შესაბამისად, როდესაც მსგავსი მოვლენა გამოცხადების წიგნის 15-ე თავშია ნაუწყები, თანაც გაღებულ ზეციურ ტაძართან მიმართებაში (ხოლო იმაზე, რომ ამ მომენტში ტაძარი გაიღო, და იქ გამოჩნდა აღთქმის კიდობანი, მოწმობს გამოცხ. 11:9 და 15-ე თავის წინა მუხლები), - ეს ნიშნავს ახალაღთქმისეული საღმრთო აღმშენებლობის პროცესის დასრულებას და წინ უსწრებს სამყაროში უფლის გამოცხადებას (ადრე უკვე აღინიშნა, რომ ყოველი წმიდა საგანი, რომელიც ძველაღთქმისეული ტაძრის შიგნით იმყოფება, ანუ აღთქმის ფიქალები, ჭურჭელი მანანით და აარონის აყვავებული კვერთხი, წარმოადგენდნენ მაცხოვრის მატერიალურ წინასახეებს, და უთითებდნენ მასზე, როგორც სრულყოფილი აღთქმის რჯულმდებელზე, სიცოცხლის სიტყვასა და სიცოცხლის ხეზე (ებრ. 9:3-5)).
(აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელთქმნილი კარვის საღვთისმსახურებო წეს-განგების მიხედვით მეშვიდე თვის მეათე დღეს, ანუ ახალი წლის მეათე დღეს, ხელთქმნილი ტაძრის ყოველწლიური განწმენდის (კურთხევის) დროს აღთქმის კიდობანი უნდა დაფარულიყო ოქროს სამსხვერპლოდან აღებული "საკმევლის ღრუბლით", რომელიც წმიდა წმიდათას კრეტსაბმელის წინ იმყოფებოდა, - და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მღვდელმთავარს კრეტსაბმელში შესვლა და კიდობანთან მიახლება. ამ მომენტში ყველა სხვა მღვდელმსახური ტაძრის სტოასაც კი ტოვებდა, რომელსაც "წმიდათა" ერქვა (ლევ. 16:11-17). მაგრამ რადგან გამოცხადების წიგნის ხილვა განეკუთვნება ახალაღთქმისეულ დროებას, როდესაც ზემოთხსენებული ძველაღთქმისეული სიმბოლოები უკვე რეალობაში განხორციელდა, რადგან თვით უფალი თავისი მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავისი სისხლით შევიდა ზეციური ტაძრის კრეტსაბმელში (ებრ. 10:11-23), სადაც "სამუდამოდ დადჯა ღმრთის მარჯვნივ" (მკ. 16:19; ებრ. 10:12; ანგ. 2:5-9), - უკანასკნელი დღეების მოვლენებში ლაპარაკია არა "შიდა საწმიდარის" განწმენდაზე, არამედ მთელი სამყაროს განწმენდაზე).
გარდა ამისა, ტაძრის ავსებას "ღვთის დიდებითა და მისი ძლიერების კვამლით" ვხედავთ განსაკუთრებულ სატაძრო ხილვებში, რომლებიც წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნში მოცემულ აღწერებშიც ვხედავთ.
 
პირველად ასეთი მოვლენა ხდება იმ მომენტში, როდესაც "სელით შემოსილი კაცი", რომელიც განსაკუთრებულ მაცხოვნებელ ნიშანს ადებს უფლის ერთგულებს, იღებს ქერუბიმებს შორის მდებარე ზეციურ ცეცხლს, და შემდეგ ამ ცეცხლს ქალაქ იერუსალიმზე აგდებს:
 
"ელაპარაკა იგი სელით შემოსილ კაცს, და უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ. ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო. ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით (ეზეკ. 10:2-4).
 
შემდეგ თავებში წინასწარმეტყველი ეზეკიელი მოწმობს იმის შესახებ, რომ უფლის დიდება შედის ტაძარში "იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული" (ეზეკ. 43:4; 44:1-2), - და ამ მომენტსი მთელი "წინასწარმეტყველური ტაძარი" კვლავ ივსება "უფლის დიდებით":
 
"ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული. გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა. მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის..." (ეზეკ. 43:5-7).
 
"მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე" (ეზეკ. 44:3-4).
(აქ ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ აღწერილი ორი ტაძრიდან პირველი შეესაბამება ხელთქმნილ კარავს და აღწერს მოვლენებს, რომლებიც ახალი აღთქმის დამტკიცებასთან არიან დაკავშირებულნი (ეზეკ. 1 - ეზეკ. 11)), ხოლო "ეზეკიელის მეორე ტაძარი" წარმოადგენს ხელუთქმნელ ზეციურ კარავს და ახალაღთქმისეული დროების სულიერ რეალობას (ეზეკ. 43 – 48).
შესაბამისად, საკვირველი მოვლენებიც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საველე კარავთან ეგვიპტიდან გამოსვლის პერიოდში, და წინასწარმეტყველ ეზეკიელის სატაძრო ხილვებთან, შეიძლება განვიხილოთ, როგორც წინასახეობრივი მოწმობანი ქვეყნიერებაში თვით მაცხოვრის გამოჩენის შესახებ, რომელიც აღასრულებს უკანასკნელ სამსჯავროს ურჯულოებსა და უკანონობაზე (შეად.: "მაშინ გაიღო ტაძარი ცაში და გამოჩნდა კიდობანი მისი აღთქმისა მისსავ ტაძარში" (გამოცხ. 11:19)), რის შედეგადაც მთელ დედამიწაზე მოხდება "მოწყვლა" და "ამოჟლეტა", შეად.:

"ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, ამბობს უფალი. ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, გავხვეტავ ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცთუნებებს ბოროტეულებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, ამბობს უფალი" (სოფ. 1:2-3).
ამასთან ძველი აღთქმის წიგნებში წარმოდგენილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელშიც მეტაფორულად აღწერილია უკანასკნელი დღის მომავალი სამსჯავრო, - კერძოდ კორახის და მისი მომხრეების დამარცხება, რომლებიც აუმხედრნენ ღმრთის ორ წინასწარმეტყველს (ანუ მოსეს და აარონს, შეად.: გამოცხ. 11:3-6), მაგრამ ვერ გაუძლეს და შთაგდებულ იქნენ ქვესკნელში:

"დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება. ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში..." (რიცხვ. 16:32-33).

"როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება. ... უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა. აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი. დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა" (რიცხვ. 16:42-48).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კორახის ამბოხისა და დაღუპვის წინასახეობრივი მნიშვნელობა მოწმობს იმაზე, რომ უკანასკნელ დღეებში გაღებული ზეციური ტაძარი აივსება ღმრთის დიდების კვამლით იმისთვისაც, რათა ისინი, ვინც ტაძრის შიგნით არის დამკვიდრებულნი (ხოლო ეს, ძველაღთქმისეული დროებისგან განსხვავებით, როდესაც დასრულებული ტაძარი ცარიელი რჩებოდა, იქნება მთელი ახალაღთქმისეული მოზეიმე კრებული), დაცულ იქნენ სამყაროს შემარყეველი უკანასკნელი საღმრთო რისხვისგან.

ხოლო იმათ, ვინც ვერ შეძლებს შესვლას ზეციურ ტაძარში, "ვერ დაიფარავს" "ღმრთის დიდებისა და მისი ძლიერებისგან", - ამიტომაც ტაძრის გარეთ დარჩენილნი, როგორც ოდესღაც კორახის მიერ "ორი მოწმის" წინააღმდეგ წაქეზებულები (შეად.: გამოცხ. 11:4), ვერ გაექცევიან უკანასკნელ წყლულებებს, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს გადმოიღვრება ძველ ქვეყნიერებაზე, შეად.:

"თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა - ფარანის მთიდან; დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი" (ამბ. 3:3-6).

"წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს" (ეს. 26:20-21).

(შეად.: "რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. ... მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ"  (გამოცხ. 3:10-12)).

რაც შეეხება საკითხს, იქნებიან თუ არა გამოხსნილნი მარადისობისთვის მათ შორის, ვინც ვერ მოასწრებს თავის შეფარებას ზეციურ ტაძარში და დარჩება უკანასკნელი წყლულებებით გასანადგურებელ ცისქვეშეთში, - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ზოგიერთ ადგილებში ასეთი ადამიანები იქნებიან. მაგრამ მოც. პავლეს თანახმად ასეთი ხვედრი არ არის ნეტარი, ამიტომაც ქრისტიანები მოწოდებულნი არიან იცხოვრონ და ემსახურონ უფალს ისე, რომ თავიდან აიცილონ უკანასკნელი მსჯავრის ცეცხლი, რომელიც ნარჩენების გარეშე დაწვავს მსოფლიო ურჯულოებას და უკეთურებას, შეად.:

"... ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 14:13).
"ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს" (1 კორ. 3:15).


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому