განმარტება - აპოკალიფსისის მეხუთე საყვირი: რატომ აქვს კალიას ადამიანის სახე და "მორიელის კუდი"? (გამოცხ. 9:7-12) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეხუთე საყვირი:

რატომ აქვს კალიას ადამიანის სახე და "მორიელის კუდი"?

(გამოცხ. 9:7-12)
კალია უფსკრულიდან და ურწმუნოთა ტანჯვა
"ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ" (გამოცხ. 9:7-11).
 
 
უფსკრულიდან ამოსულ და საომრად გამზადებულ კალიათა "გარეგნობის" აღწერა, ეჭვსაც არ ტოვებს იმაში, რომ ეს კალია არ წარმოადგენს ბუნებრივ ძალას.
 
ის, რომ გარეგნობით "ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ" (ანუ შემოსილები იყვნენ საველე-საომარი აღჭურვილობით); და "ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი" (ანუ საომარი მორთულობა); და "მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად" და ის, რომ გააჩნიათ "მომწყვლელი იარაღი" (ანუ "ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი"), - ყოველი ამ დეტალთაგანი მოწმობს იმაზე, რომ "უფსკრულიდან ამოსული კალია" წარმოადგენს მრავალრიცხოვან, ყოველმხრივ მომზადებულ და ყველა მიმართებაში ორგანიზებულ მხედრობას.
 
ხოლო რადგან "უფსკრულიდან ამომავალ" ურიცხვ კალიას გააჩნია არა მარტო საომარ ცხენთა და შხამიან მორიელთა გარეგნობა, არამედ გააჩნიათ მეომართა, დედაკაცთა და ლომთა ნიშნები, და თანაც არ აზიანებენ მცენარეებს, არამედ მხოლოდ ურწმუნო ადამიანთ, - აშკარად წარმოადგენს მეტაფორას. "კალიის" ამა თუ იმ ატრიბუტში, რომელიც ბუკვალური, გარეგანი სახით სამხედრო აღჭურვილობას წააგავს, გარკვეულ სიმბოლიზმს ვარაუდობს.
 
ამასთან, ისევე, როგორც აღჭურვილ და საომრად წარგზავნილ ყოველ ჯარს, თავისი მხედართმთავარი ჰყავს, ასევე "უფსკრულის ჭიდან ამომავალი ჯარის" მიმართებითაც, წმ. იოანე აღნიშნავს, რომ ამ მხედრობას მეთაურობს ის, ვინც ჩვეულებრივ მხედართმთავართაგან განსხვავებით, "ცხენებზე" კი არ არის ამხედრებული, არამედ ჯოჯოხეთური უფსკრულის "სიღრმეებზე".
 
ეს კი ნიშნავს, რომ ყველაზე ზოგადი აზრით "უფსკრულის ანგელოზში" უნდა ვიგულისხმოთ თვით ეშმაკი, რომელიც ბუკვალურად აქვე სახელდებულია "აბადონად" (ებრაულად - "მომსპობი") და "აპოლიონად" (ბერძნულად - "წარმწყმედელი" ან "გამანადგურებელი"), რაც ხაზს უსვამს წინასწარმეტყველურ კავშირს მეხუთე ბეჭდის მოვლენებთან და "ეგვიპტის სასჯელთა" უკანასკნელ მოვლენებთან (შეად. სახელწოდება "მომსპობი" და "წარმწყმედელი" გამოცხ. 9:11-ში და ცნება "გამანადგურებელი" ებრ. 11:28).
 
მეტიც, რადგან წინა მუხლების გათვალისწინებით სამი უკანასკნელი საყვირის "პირველ ვაებაში" ერთიან აზრად იკვრება "ეგვიპტური სასჯელები" (იხ. წინა პუბლიკაცია), სადაც "შვიდი საყვირის" დროება წარმოდგენილია, როგორც ქრისტეს ეკლესიის საყოველთაო გამოსვლის ჟამი, ანუ უკეთური "ფარაონის" ძალაუფლებისგან თავდახსნა ახალაღთქმისეულ პასექში, - უფსკრულიდან ამომავალი და ეშმაკის მიერ ძღვანებული მხედრობა იძენს "ფარაონის მხედრობის" ნიშნებს, რომელიც უდაბნოში ისრაელის ხალხს დაედევნა, მაგრამ ჰპოვა მხოლოდ საკუთარი სიკვდილი.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალაღთქმისეული აზრით "უფსკრულიდან ამომავალი კალიის" სიმბოლოში შესაძლოა დავინახოთ მხოლოდ "ცისქვეშეთის უკეთური სულები" (ეფეს. 6:12), რომელთაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიუძღვის ეშმაკი და, რომელიც ძლეულ იქნა მაცხოვრის გამარჯვების წყალობით და მისი უკეთური ძალაუფლებისგან გაათავისუფლა ადამიანები.
 
რა თქმა უნდა, დღეს ბევრია გატაცებული არა ახალაღთმისეული აზრებითა და "ჭეშმარიტებებით", არამედ ამ სიმბოლოთა ფორმალური ვიზუალიზაციით, რის შედეგადაც თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში მუდმივად ჩნდება სასაცილო და სევდიანი სურათბი, სადაც ერთ ფანტასტიკურ ქმნილებაში (მისი ბინადრობის ადგილის მიუთითებლად) მხატვარი ცდილობს მოიაზროს გამოცხადების წიგნში ნახსენები ყველა "ატრიბუტი" (ანუ სამხედრო ცხენები, საკუთრივ კალია, მორიელის კუდები, ფრთები, საომარი აღჭურვილობანი, გვირგვინები, ადამიანის სახეები, ქალის თმები, ლომის ეშვები და ა. შ.). მგრამ მსგავს ძიებებში არ არის არანაირი სარგებლობა: თუკი ხილულ სამყაროში გამოჩნდებიან ასეთი ან მეცნიერებისთვის უცნობი სრულიად სხვა არსებები,- ყველა ადრე არსებული ბუკვალური მოლოდინი განზე უნდა გადავდოთ, რადგან საქმე გვექნება იმასთან, რაც რეალობაში არის.
 
ამასთან ერთადერთ სწორ მიდგომად წარმოგვიჩნდება ის, რომლის მიხედვითაც "უფსკრულის კალიის" გარეგანი ნიშნები აიღქმებიან, როგორც სიმბოლოები, რომლებიც ასახავენ მისი უკეთური ზემოქმედების სხვადასხვა ფორმებს, თანაც კაცობრიობისთვის ეს საკმაოდ მტკივნეული ზემოქმედებანი არ არის აუცილებელი ერთდროულად მოხდეს (ანუ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში "დემონური კალია" ადამიანის მიმართ ავლენს თავის მხოლოდ ზოგიერთ თვისებას). ხოლო საზოგადოდ ყველა შემთხვევაში კალიის "საომარი" სახე და შესამოსელი წარმოადგენს მის აგრესიულ უკეთურ მხედრობას, რომელიც ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგაა მიმართული.
 
შესაბამისად, კალიის "ადამიანური სახე" უთითებს მის შესაძლებლობაზე ჩამოაყალიბოს საცდურები არა მარტო "თავისგან", არამედ სხვა ადამიანებისგანაც (რომლებიც ამ შემთხვევაში "მართვად იარაღად" გამოიყენებიან, შეად.: "შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც მოვლენ" (ლკ. 17:1), - ხოლო ის, რომ ამ უკეთურ მხედრობას აქვს "ქალური ნიშნები" დაკავშირებულია საცდურებთან, რომლებიც ადამიანს მისი ხორციელი ვნებებითა და მიდრეკილებებით აზიანებენ.
 
გარდა ამისა, რადგან დემონური კალიის "შხამიანი იარაღი" იმყოფება არა "წინა მხარეს", როგორც ეს მიღებულია მეომრებში, რომლებიც პატიოსან შებრძოლებაზე გამოდიან, არამედ კუდში, მორიელის მსგავსად, ანუ დაფარულია ზურგსუკან და აშკარა საშიშროებად არ აღიქმება. ასეთი "კალია", მორიელის მსგავსად "თავსუკნიდან" იკბინება, ანუ მოულოდნელად, მზაკვრულად და ელვის სისწრაფით, თანაც ამ დროს თავისი მსხვერპლისკენ მიმართულია "ადამიანის სახით" და "დიაცის თმებით", რაც არანაირად არ შეესაბამება მისგან გამომავალ აგრესიულ და მტანჯველ ზემოქმედებას.
(სიტყვამ მოიტანა და ამავე მიზეზით გამოცხადების 9:7-8-ის სიტყვები: "თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი", არ უნდა აღვიქვათ ნამდვილი ძალისა და დიდების ატრიბუტად. ეს "როგორც ოქროსი" იმავე უკეთურ მიზანს ემსახურება, და მოწოდებულია ადამიანთა საცდუნებლად, ამით ისინი ქმნიან ერთგვარი მიმზიდველობის ილუზიას, - თუმცა, რეალობაში ამ "ოქროს" გვირგვინების მიღმა სხვა არაფერია, თუ არა "მუდმივი უკმაყოფილება, შფოთი და უკეთესის ძიება, რომლებიც, ადამიანებს დემონთაგან შთაენერგათ (კალიის ნესტარი), და ადამიანთა ცხოვრებას აუტანელს ხდიან", - პროფ. ლოპუხინი).
რაც შეეხება დემონური კალიის შინაგან არსს, - ის აბსოლუტურად ცინიკურია, სასტიკია და ულმობელია, რაც მის "ლომისებრ ღოჯებში" გამოიხატება, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანურ სახეზე არაბუნებრივად გამოიყურება, და რეალობაში რომ წარმოიდგინო ნამდვილად საშინელია (შეად.: "თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძიებს ვინ შთანთქას" (1 პეტ. 5:8)).
 
მიუხედავად ამისა, მთელი თავისი მრავალრიცხოვნობის, "შეიარაღებისა" და მზაკვარების მიუხედავად, ღმრთის ხალხის წინააღმდეგ დემონური კალია უძლურია, - ასე რომ ქრისტიანებს აქვთ ძალაუფლება "გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა" (ლკ. 10:18-19).
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ გამოცხ. 9:3-11-ის მოწმობა ყველა დეტალში შეესაბამება მოვლენებს, რომლებიც იოველის წინასწარმეტყველების პირველ და მეორე თავებშია ნაუწყები. აქ მეხუთე საყვირი წარმოგვიდგება, როგორც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების აღსრულება, რომელიც ახალაღთქმისეული დროების რეალიებს ეხება. შეად.:
 
"მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა. გაიღვიძეთ, ლოთებო! იტირეთ და ივალალეთ, ღვინის მსმელნო, ყურძნის წვენის გამო, ბაგეს რომ მოგწყვიტეს! რადგან მოადგა ჩემს ქვეყანას ძლიერი და ურიცხვი ხალხი, კბილები მისი ლომის კბილებია, ყბები ძუ ლომისა აქვს" (იოველ 1"4-6).
 
"ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დაეცით ყიჟინა ჩემს წმიდა მთაზე! დაე, შეძრწუნდნენ ქვეყნის მკვიდრნი, რადგან უფლის დღე მოდის, ახლოვდება. ... ცხენების რემას ჰგვანან და მხედრებივით მიჰქრიან; ეტლებივით მიგრიალებენ მთათა მწვერვალებზე. ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივით გრიალებენ, როგორც ძლიერი ხალხი, საბრძოლოდ დარაზმული" (იოველ. 2:1-5).
(საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ იოველის წინასწარმეტყველებაში არა მარტო "ლომის კბილები", "ცხენების რემა" და "ეტლების გრიალია" ნახსენები, არამედ "ჩალის მჭამელი ცეცხლის ალივი", რომელიც ახალაღთქმისეული მკის დროებაზე მიუთითებს და მათესა (3:13) და ლუკას (3:17) სახარებათა მოწმობებს ზუსტად შეესაბამება).
 
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ წინასწარმეტყველებებს იმოწმებს მოციქული პეტრე, როდესაც ყველაფერ იმას, რაც სულთმოფენობის დროს ხდებოდა, ახალი აღთქმის დამტკიცების ზეციურ მოწმობას უწოდებდა (საქმე. 2:16-21), შეად.:
 
"ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს. გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი. ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის შთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს" (იოველ. 2:28-32).
რა თქმა უნდა, იოველის წიგნის პირველი თავების ზოგიერთი ფრაგმენტი მიზეზს გვაძლევს ეს მოვლენები (ხოლო როგორც შედეგი - გამოცხადების წიგნის მეხუთე საყვირის დაცემისა) მხოლოდ ძველი სამყაროს უკანასკნელ დღეებს განვაკუთვნოთ.
 
მაგრამ ამ წინასწარმეტყველებათა მსგავსი აღქმა არა თუ უზუსტოა, არამედ პირდაპირ არასწორიცაა.
 
ჯერ-ერთი, გამონაკლისის გარეშე ყველა ბიბლიური სიმბოლო მოწოდებულია დაადასტუროს უკანასკნელი დღის დადგომა, ანუ მაცხოვრის მეორედ მოსვლა, და ბუკვალურად ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია (საკითხს, თუ რატომ არის ახალაღთქმისეული დროება ყოველწუთიერი მღვიძარების პერიოდი, მიეძღვნა ცალკე პუბლიკაცია).
 
მეორეც, სრულიად ცხადია, რომ მოვლენათა პანორამა, რომელიც იოველმა აღგვიწერა, სინანულისა და ცხონების დროს ტოვებს მათთვის, ვინც ეძიებს ამ ცხონებას და, რომ მისი წინასწარმეტყველების თანახმად ქრისტესადმი მორწმუნენი, როგორც მოყვასნი, ასევე "შორეულნი", უფლის სახელს მოუწოდებენ უკვე იმის შემდეგ, რაც ქვეყნიერებაში იდუმალი "დემონური ხალხი" გამოჩნდება (შეად.: - "ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი" (საქმე 2:39). ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნიერებაში მეომარი კალიის გამოჩენა შეესაბამება სახარების არა დასასრულს, არამედ დასაწყის პერიოდს, - რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წინასწარმეტყველური სიტყვას, რომელიც ეძღვნება იმას, რაც ამ დროებაში უნდა მოახდინონ ღმრთის მეძიებლებმა, არც საჭირო ადრესატები ეყოლება და არც დრო ექნება აღსასრულებლად, შეად.:
 
"დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ. ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან" (იოველ 1:14-15).
 
მაგრამ ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმ მტკიცებულების სასარგებლოდ, რომ "უფსკრულიდან კალიის" მასობრივი ამოსვლა ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში მოხდება, აღწერილია "ხუთთვიანი მკის" სიმბოლოში, რომლითაც შემოიფარგლება მისი დამაზიანებელი მოქმედება.
 
რადგან ეს საკითხი ადრე უკვე განვიხილეთ, - აქვს აზრი აქ მხოლოდ რამოდენიმე ნიმუში დავიმოწმოთ შესაბამისი პუბლიკაციიდან.
 
ამრიგად, "ხუთი თვე", რომელიც "თესვისა და მკის დროითი შკალიდან აითვლება", არის "უფლის წლის დროება" (შეად. - ეს. 61:2; ლკ. 4:19), რომელიც ახალაღთქმისეულ ზეციურ მკას შეესაბამება. ეს მკა დაიწყო "მსოფლიო გაზაფხულზე" "პირველი თავთავისა" და "ერწლიანი კრავის" (ანუ თვით მაცხოვრის, შეად. - ლევ. 23:9-12) უფლისადმი აღვლენით ძველაღთქმისეულ პასექზე, - ხოლო დასრულდება იგი "წინასწარმეტყველურ შემოდგომაზე" ნაყოფთა აკრეფით და მთელი ქმნილების განახლებით, როდესაც მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს მსოფლიო მასშტაბით შესრულდება მოსავლის აღების ძველაღთქმისეული დღესასწაულის წინასახეობრივი მნიშვნელობა (შეად. - ლევ. 16:29-33; 23:27-36; 25:8-13 და ა. შ.).
(ახლო აღმოსავლეთის "ფიზიკურ" სასოფლო-სამეურნეო ციკლში ხორბლის საშემოდგომო და საგაზაფხულო თესვის გათვალისწინებით, რომელთაც სიმბოლურად შეესაბამებიან "საშემოდგომო" ისრაელი და "საგაზაფხულო" წარმართები, მოსავლის აღება სწორედ ხუთი თვე გრძელდებოდა, მარტ-აპრილიდან სექტემბერ-ოქტომბრის ჩათვლით, და ბუკვალური კალია ნათესებს სწორედ ამ პერიოდში აზიანებდა: ჯერ "ფეხით" გამოდიოდა ნათესებში, - მოგვიანებით კი იძენდა დიდ მანძილზე გადაფრენის უნარს, შეად.: - "გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, ... მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად..." (გამოცხ. 9:3, 9)).
შემთხვევითი არ არის ამ ხუთ თვეს მართალი ელისაბედი ყველას რომ უმალავდა, რომ მუცელში ჰყავდა აღთქმის ყრმა, რადგან სიმბოლურად "მკის ხუთი თვე" შეესაბამება დროებას, როდესაც გარეშეთაგან ვერავინ ვერც დაინახავს, და ვერც გაიგებს, რომ "ელისაბედი" უკვე ატარებს "ყრმას" (ლკ. 1:24-25), - შემდეგ კი "ყოველი დაფარული გაცხადდება" და უხრწნელი მემკვიდრეობისკენ მოწოდებულნი მთელ სამყაროს დიდებით გაუცხადებენ თავიანთ მაცხოვარს (შეად.: - "საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის" (1 ინ. 3:2; ეფეს. 1:8; კოლას. 1:27 და ა. შ.).
 
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბიბლიურ მოწმობებში მსოფლიო წარღვნის შესახებ შესაბამისი ასორმოცდაათ დღიანი ვადაც მონიშნულია (შეად. - დაბ. 7:24; 8:3), - გამოცხადების წიგნის "ხუთთვიანი" სიმბოლო იხსნება არა როგორც "მკის" არამედ, როგორც "მაცხოვნებელი კიდობის" დროება, რომელიც ძველი სამყაროს უკანასკნელ დღემდე გაგრძელდება.
(ებრაული კალენდრის მიხედვით "ხუთი თვე" შეესაბამება დროის შუალედს ნისანის პირველ "პასქალურ" თვესა (როდესაც სრულდებოდა პირველი თავთავის რიტუალური შეწირვა), თიშრას (მეშვიდე თვეს) შორის, როდესაც უწევდა საყვირთა დაცემის დღე, ამის შემდეგ კი მკის, ანუ მოსავლის აკრეფვის დღესასწაული მთავრდებოდა. ზუსტად იგივე "მაცხოვნებელი" კალენდრული პერიოდი მოიხსენიება თვეთა "წარღვნამდელ" ათვლაში ქვეყნიერების შექმნიდან (დაბ. 8:4-13).
თანაც, როგორც "ბუნებრივი" კალია წარმოადგენს უბედურებას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს მომწიფებულ მოსავალს, - ასევე "უფსკრულიდან ამომავალი კალია", რომელიც ახალაღთქმისეულ პერიოდში ამოდის "ადამიანთა მოსამკელად", ცდილობს მიაყენოს მას მაქსიმალური ზიანი და ადამიანებს აზიანებს იმისთვის, რათა სულისთვის მტანჯველ ეჭვებსა და შიშებში ამყოფოს ისინი. აქედან, ბნელში მოარული ადამიანებიც უიმედოდ არიან, და თავიანთი გაუთავებელი უბედურებებით უნაყოფო წუწუნში ატარებენ საკუთარ დროებას (შეად.: - "მკის დრო გავიდა, გასრულდა ზაფხული, ჩვენთვის კი არ მოსულა ხსნა!" (იერ. 8:20).
 
"ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება" (გამოცხ. 9:12).
 
ამრიგად, "პირველი ვაების" წყარო და მიზეზი არის დაცემული ვარსკვლავის მიერ გაღბული "უფსკრულის ჭა", რომლის კვამლისგან "დაბნელდა მზე და ჰაერი", - ასევე დემონური კალია, რომელიც გამოდის კვამლიდან და "ხუთი თვის" განმავლობაში ტანჯავს მათ, ვინც არ ირწმუნა მაცხოვარი და არ აღვიდა ქრისტეს ეკლესიის გადამრჩენელ კიდობანში.
 
ამასთან ბუკვალურად აქვე ნაუწყებია, რომ პირველ ვაებას მოსდევს სხვები, - ამიტომ მტკიცებულებას, "ერთი ვაება გადავიდა", არანაირი შემსუბუქება არ მოსდევს.
 
მეტიც, სრულიად ცხადია, რომ "უფკსკრულის ჭის გაღება" მხოლოდ დასაწყისია მსოფლიოში მომავალ ტანჯვათა და ვააებათა, - ხოლო გრძნობისმიერი მშფოთვარება და განგაში, რომელიც წინდაწინ შეგვაგრძნობინებს კიდევ "ორ ვაებას", მოწმობს იმაზე, რომ შემდგომი უბედურებანი უფრო მტკივნეული და ტრაგიკული იქნება.
 
არსებობს ერთგვარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დემონური კალიის მტანჯველი ზემოქმედება არ შეწყდება მეორე ვაების დროსაც, - არამედ, რადგან მეექვსე საყვირის რყევები კაცთათვის უფრო არსებითი იქნება, ურწმუნოთა მოწყვლასთან დაკავშირებული ის არამომამკვდინებელი შინაგანი ტანჯვანი, რომელთაც მათ აყენებენ დემონურ "მორიელთა ნესტრები", შემდეგში უბრალოდ ნახსენები არ არის.
 
ასეა თუ ისე, შემდგომ მოვლენებში ეშმაკი ცვლის თავისი ზემოქმედების ფორმებს და ბრძოლიდან, რომელსაც გააჩნია მტანჯველ-მაცდუნებელი ფორმა "კაცობრივი სახით" და "ლომის ღოჯებით" (გამოცხ. 9:7), გადადის უფრო ღია და აშკარად მომაკვდინებელ ბრძოლაზე, როგორიცაა "ლომთა თავები" (გამოცხ. 9:17-18).

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому