განმარტება - ვინ მეთაურობს ბნელეთის ძალებს სულიერი ბრძოლის ახალაღთქმისეულ პერიოდში? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
ვინ მეთაურობს ბნელეთის ძალებს სულიერი ბრძოლის ახალაღთქმისეულ პერიოდში?
მოციქული იოანე და ახალაღთქმისეული წერილის სხვა ავტორები ქვეყნიერებასთან ბრძოლის ქრისტიანულ, სულიერ ბრძოლას აღწერენ და ხატავენ სიმბოლოებითა და მეტაფორებით, რომლებიც შეესაბამება ჩვეულებრივ "მიწიერ" საომარ მოქმედებებს (მაგ.: მთ. 10:34, ლკ. 14:31;.22:36, ეფეს. 6:11-17, ებრ. 12:4). ამიტომაც, ვაგრძელებთ რა საუბარს "ქვეყნიერებაზე", რომელიც ცდილობს დაატყვევოს, დაიმონოს და გაანადგუროს ქრისტეს ეკლესია, შეიძლება დავსვათ კითხვები, რომლებიც ამავე ფორმულირებულია ამავე მიმართულებით.
 
ანუ, უნდა განვიხილოთ, თუ ვინ წარდგება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში "ბოროტების მუშაკთა" მეთაურად, რომლებიც "ქვეყნიერებამ" აღჭურვა და მიმართა მსოფლიო სულიერი ბრძოლისკენ.
 
"... ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი" (2 ტიმ. 2:26).
 
და როგორი მეთოდებითაც აწარმოებენ ისინი საბრძოლო მოქმედებებს.
 
და როგორი იარაღით ცდილობენ იმათ განადგურებას, ვინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცდილობენ შეინარჩუნონ ქრისტეს და სახარების ერთგულება.
 
ამრიგად, თუკი ეკლესიის მტრების "პერსონიფიცირებას" მოვახდენთ, და ჩამოვთვლით მათ მათი სულიერი იერარქიის შესაბამისად, - "ბნელეთის ძალთა სამხედრო რიგებში" იმყოფებიან:
 
- თვით ეშმაკი, რომელსაც ასევე "ამა სოფლის თავადი" ეწოდება და კიდევ "თავადი, რომელიც ბატონობს საჰაერო სივრცეში":
 
"შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს" (ეფეს. 6:11).
 
"იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად" (1 პეტ. 5:8-9; შეად. იაკ. 4:7; ეფეს. 6:11).
 
"აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (იოანე 12:31).
 
"განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია" (იოანე 16:11).
 
"და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:1-2).
 
- ცისქვეშეთის უკეთური სულნი, ასევე სული ანტიქრისტესი:
 
"რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12; შეად. - მთ. 25:41; 2 პეტ. 2:4; იუდ. 6).
 
"ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესუ ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად" (1 იოანე 4:3).
 
- ანტიქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები, ანუ ადამიანები, რომლებიც მართულნი არიან უწმიდურ სულთა მიერ. შეად.:
 
"ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი" (1 იოანე 2:22).
 
"საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად" (1 იოანე 4:1).
 
"რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე" (2 იოანე 7).
 
- ცოდვილები და უსჯულოები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ასრულებენ ეშმაკის ნებას, შეად.:
 
" ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან" (2 ტიმ. 3:12-13).
 
"... ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი" (ეფეს. 2:1-2; იგივე აზრია მოცემული 2 ტიმ. 2:26-ში).
 
- და ბოლოს, ადამიანის საკუთარი ვნებები და ავხორცობანი, რომლებიც მას ცოდვისკენ მიათრევენ, და რომელიც, თავის მხრივ, სულიერად ჰკლავს ადამიანს, შეად.:
 
"ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად" (ებრ. 12:4).
 
"ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ" (გალატ. 5:24).
 
"არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს" (იაკ. 1:14-15).
 
ამრიგად, სახარების სულიერ მოწინააღმდეგეთა თვით ყველაზე ზედაპირული შეხედვაც კი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ბრძოლის მეორე მხარეს, "ქვეყნიერების" არმიაში, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც მთელ მიწიერ ეკლესიას, ასევე ყოველ მის წევრს განცალკევებით, სეკრებილია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძლიერი მხედრობა.
 
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკეთური არმია ქვეყანაზე თესავს ქაოსს, განხეთქილებას, მტრობას და სიძულვილს, - "თავის შიდა რიგებში" კარგად არის ორგანიზებული (ანუ აქვს მკაფიო იერარქიულობა, რომლის "მწვერვალზე" იმყოფება კაცთა მოდგმის მტერი; და "აგებულია" ის მკაცრი საბრძოლო წესრიგით; ასევე მომზადებულია ტაქტიკურად; და ახორციელებს ხანგრძლივ გამანადგურებელ სტრატეგიას).
 
რაც შეეხება ფორმებსა და მეთოდებს, რომელთა დახმარებითაც წინ უნდა აღვუდგეთ ამ მხედრობას, - ყოველი ოდესმე დედამიწაზე მომხდარი "ჩვეულებრივი" ომი მოწმობს იმას, რომ რეალურ შეტაკებაში იმდენად ბელადები და მხედართმთავრები არ იმარჯვებენ, რამდენადაც მათი მრავალრიცხოვანი ჯარისკაცები.
 
ხოლო გამყარებული ქალაქი არ დაეცემა, სანამ არ დაინგრევა მისი გარემომცველი კედლები.
 
ამიტომაც ბოროტების უმაღლესი იერარქების დაცემა, რომელიც დგანან ბნელეთის ძალთა მხედრობის სათავეში (შეად. – "ვინაიდან სძლიეთ ბოროტი" (1 იოანე 2:13-14); "... სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12)), შესაძლებელია მოახლოვდეს მხოლოდ საკუთარ ვნებებსა და ავხორცობაზე, საკუთარ ცოდვებზე მუდმივი გამარჯვებების გზით.
 
(მოწინააღმდეგე ძალთ სიაში ისინი ბოლოს არიან ნახსენებნი, - მაგრამ უკეთურების არმიის "საბრძოლო წყობაში", რომელთაც ყოველდღიურად ებრძვის მორწმუნე ადამიანი, ისინი პირველ რიგებში არიან განლაგებულნი).
 
სანამ ადამიანი, - რომელიც ცდილობს გამაგრდეს სულიერი ბრძოლის ველზე, - თავისი ყველაზე უმცირესი მტრის მიერ არის ძლეული, - ზოგადსაკაცობრიო მტრის ძლევაზე, "ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა" დამარცხებაზე, და, მითუმეტეს, თვით ეშმაკის დამხობაზე, მას ოცნებაც კი არ მართებს.
 
გარდა ამისა, სულიერი ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე არსებით თავისებურებას ("ჩვეულებრივ" სამხედრო მოქმედებებთან შედარებით) წარმოადგენს ის ვითარება, რომ ადამიანები, რომლებიც მარცხდებიან ცოდვით და ძლეულნი არიან წუთისოფლით, "ადგილზე" არ კვდებიან.
 
ისინი არ გაჰყავთ ბრძოლის ველიდან მტრის ზურგში ტყვეების სახით: რადგან სულიერი ბრძოლა არსად და არასოდეს წყდება, არამედ მოიცავს მთელ ცისქვეშეთს, - მას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს "სულიერი ზურგი".
 
ყველა მათგანი, ვინც დამარცხებულთა კატეგორიაში ხვდება, არ ტოვებს საბრძოლო წყობას, და აგრძელებს თავის მონაწილეობას სულიერ ბრძოლაში. ხოლო რადგან დამარცხებულნი უკვე იბრძვიან ბნელეთის მხარეს, - ისინი, ისევე, როგორც წუთისოფლის ყველა სხვა "თანამებრძოლნი", შეგნებულად თუ შეუგნებლად თავიანთი უკეთურების ნაყოფს (ანუ ცილისწამებას, შურს, სიძულვილს, სიძვა-მრუშობას, ბოროტსიტყვაობას და ა. შ.) მიმართავენ ახალაღთქმისეული მოწმობის წინააღმდეგ, რომელიც ქრისტეს ეკლესიისგან ისმის.
 
ამრიგად, სამყაროში მთელი თავისი მასშტაბურობით გაჩაღებული სულიერი ბრძოლის მიუხედავად, ყოველი ცალკეული მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესი, და ამასთან ყველაზე რთული მისი ფაზა, იწყება არა სულიერ "ცისქვეშეთში", არამედ ხორციელ და მშვინვიერ დონეზე, ანუ თვით ადამიანის შიგნით.
 
და ეს ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს საკუთარი ხორცის წინააღმდეგ:
 
"ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ" (გალატ. 5:24).
 
ასევე საკუთარი სულის უკეთურ მისწრაფებათა წინააღმდეგ:
 
"ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას" (იოანე 12:25).
 
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დაფარულ შინაგან ბრძოლას არ შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლა მთელ მსოფლიოსთან, - ის წარმოადგენს შეტაკებას სამყაროს იმ "ბუნებრივ" სახესთან, რომელიც თავის თავში ყოველ ადამიანს გააჩნია. ხოლო ქვეყნიერების სახის მიღმა, რომელიც დაფარულია ადამიანის შიგნით, დგას საკუთრივ "ბნელეთის საწუთრო", - ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი შინაგანი ვნებებისა და ავხორცობის სამეფო, რომელზე ძალაუფლებაც საბოლოო ჯამში ეკუთვნის თვით ეშმაკს, შეად.:
 
"... თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?" (მთ. 6:23).
 
"ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს" (1 იოანე 3:8).
 
ასე რომ ამ განუწყვეტელ შინაგან ბრძოლაში ადამიანს გამარჯვება სასიცოცხლოდ სჭირდება, - და სწორედ ასეთი "მცირედი" გამარჯვებებისგან იწყებოდა ყოველთვის და დღესაც იწყება ჭეშმარიტად ქრისტიანული ღვაწლი.
 
რაც შეეხება ქრისტეს მთელ ეკლესიას, - მისი ომი ქვეყნიერებასთან წარმოებს " არა მხედრობით და არა ძალით" (შეად. - ზაქ. 4:6), არამედ მოთმინებით და რწმენით (შეად. - გამოცხ. 1:9; 13:10; ლკ. 8:15; რომ. 8:25). ანუ იმ უნიკალური და უძლეველი იარაღით, რომელიც არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს ვინმეს "ბნელეთის ძალებში".

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому