აპოკალიფსისი > განმარტება
"ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით..."
(გამოცხ. 12:12)
"მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი" (გამოცხ. 12:12).
იმის შემდეგ, რაც იუწყა ბრძოლაზე ცაში და ეშმაკის საბოლოოდ ჩამოგდებაზე, იდუმალთმხილველი გვაუწყებს დიად და წმიდა გამარჯვებას, რომელიც ისადგურებს ზეციუირ ბინადართა შორის. თანაც მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი სულ რამოდენიმე სიტყვით არის გადმოცემული, - მათში იკითხება წმიდა და სრულყოფილი სიხარული, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ამიერიდან ცილისმწამებელი და კაცთამკვლელი ვერ შეძლებს ასვლას ცაში, ვერც რაიმე "ბრალდებების" მიტანას იქ ღვთის წმინდანებზე.
ზეცის ასეთ საზეიმო მდგომარეობაზე მოწმობს მოციქული პავლეც, როდესაც აღწერს იმათ იმედსა და საბოლოო მიზანს, ვინც ძლევს ძველი ქვეყნიერების საცდურებს ქრისტიანული სარწმუნოების ნათლით, შეად.:
"მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს — ზეციურ იერუსალიმს — და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, ცაში რომ არიან ჩაწერილნი, და ყველას განმკითხველ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს, და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესუს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს" (ებრ. 12:22-24).
მაგრამ ბუკვალურად გამოცხადების წიგნშივე ჟღერს განსაკუთრებულად საგანგაშო ცნობა იმის შესახებ, რომ ახალაღთქმისეული ზეციური ზეიმობა სულაც არ არის უშფოთველი, - და რომ ცხონებულთა წმიდა სიხარული ჯერ-ჯერობით შემოფარგლება მხოლოდ ცით და ხელთუქმნელ ტაძარში მყოფთა ზეციური კრებულით. ცისქვეშეთში კი ეშმაკის სახით ჩამოდის ვაება, - თანაც ცნობა "ეშმაკის ჩამოსვლის" შესახებ მიმართულია მათკენაც, ვინც ზღვაზე ცხოვრობს, რაც უნდა გავიგოთ არა "გეოგრაფიული", არამედ ბიბლიური აზრით (ანუ იგულისხმება "ზღვის წყლები", როგორც საბინადრო გარემო, რომელიც "ცამყარის" ქვემოთ იმყოფება, შეად.: "შექმნა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. ... მყარს ღმერთმა უწოდა ცა. ... და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა" (დაბ. 1:6-10). შეად.:
"ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაჲ დაბადებულითა შენითა. ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა" (ფსალმ. 103:24-25).
(ის ვითარება, რომ 12-ე თავის მოწმობებში "ზღვა" "მიწასთან"
ერთად თითქოსდა უპირისპირდება ზეცას, ნიშანდობლივად არ გამოიყურება, მაგრამ მას პირდაპირი
კავშირი აქვს 13-ე თავთან, სადაც ლაპარაკი გვექნება "ზღვიდან ამომავალ
მხეცზე").
ხოლო გამოცხადების წიგნისთვის დამახასიათებელი "სატაძრო" სიმბოლიზმის გათვალისწინებით ცნობა კაცთა მოდგმის მტრის დედამიწაზე ჩამომხობის შესახებ მოწმობს იმაზე, რომ ზეცის განწმენდის დროს ის განდევნილ იქნა იმ სულიერი საზღვრებიდან, რომლის ხატებასაც წარმოადგენდნენ ხელთქმნილი კარვის შიდა "განყოფილებები", რომელთაც ეწოდებოდათ "წმიდა" და "წმიდა წმიდათა" ("წმიდაში" ძველაღთქმისეულ დროებაში შესვლა შეეძლოთ მხოლოდ მღვდლებს წესისამებრ აარონისა, ხოლო "წმიდა წმიდათაში" - მხოლოდ მღვდელმთავარს, და ისიც წელიწადში ერთხელ, ერისა და ტაძრის განწმენდის დღეს (ებრ. 9:1-12 და სხვა).
თანაც ეშმაკის განდევნა იყო ისეთი, რომ აწ მისთვის, როგორც უწმინდურისთვის ზეცა მცირე ხნითაც კი მიუწვდომელია.
(სწორედ ამ ვითარებით აიხსნება ეშმაკის "გააფთრება" ("გაშმაგება"), სადაც ბერძნული სიტყვა θυμός, რომელიც ითარგმნება, როგორც "გააფთრება" ("გაშმაგება"), ნიშნავს არა უბრალოდ მრისხანებას, არამედ ყოვლისმომცველ მისწრაფებას, ბოროტ ვნებას ყველა ქმნილების მიმართ).
ხოლო რადგან ბიბლიური "სატაძრო" სიმბოლოები გვიხატავენ არა მარტო თავისი დროისთვის აქტუალურ მდგომარეობას სამყაროსი (იხ. წყაროები 1-ლი და მე-2), არამედ მორწმუნე ადამიანის "შინაგან მდგომარეობასაც" (რადგან ადამიანი "მოწყობილია" ტაძრის მსგავსად, შეად.: 1 კორ. 3:16-17, 1 კორ. 6:19, 2 კორ. 6:16, ებრ. 6:19-20 და სხვა), - ეშმაკის ახალაღთქმისეული განდევნა "შიდა სატაძრო საზღვრებიდან" ირიბად მოწმობს იმაზედ, რომ ციდან გადმოგდების შემდეგ მას აღარ შეუძლია იმბრძანებლოს ადამიანის აზრებზე, გრძნობებსა და განზრახვებზე. ანუ შიდა "ადამიანურ ტაძარში", რომელიც ზეციური ტაძრის მსგავსია (არადა სწორედ ამისკენ არის მოწოდებული ყოველი ქრისტიანი), კაცთა მოდგმის მტერს არ გააჩნია არც ძალაუფლება, არც ძალა "გასცდეს" "გარეთა ეზოს" (თუ, რა თქმა უნდა, მას "შიგნით არ შემოიპატიჟებს" თვით ადამიანი, შეად.: "ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს" (ეფეს. 4:27); "ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთისგან შობილი საკუთარ თავს იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას" (1 ინ. 5:18 და სხვა).
(აქ საკმაოდ ნიშანდობლივია ის, რომ "ვაება" ეუწყება სწორედ
"მიწაზე მცხოვრებთ", ხოლო "მიწაზე მცხოვრებთა" სიმბოლო
მიანიშნებს მათზე, ვინც არ შეერთებია ქრისტეს ეკლესიას და არ მოუპოვებია მაცხოვნებელი "ზეციური მოქალაქეობა",
შეად.: "ზენა იერუსალიმი თავისუფალია. ის არის ჩვენი დედა!" (გალატ. 4:26); "ხოლო ჩვენი მოქალაქეობა
ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესუ ქრისტეს" (ფილ.
3:20).
გარდა ამისა, გამოცხ. 12:12-ის ზეციური უწყება მოწმობს იმაზე, რომ დღეიდან ეშმაკის დღეები დათვლილია, და რომ მასთან მიმართებაში ნაუწყები საღმრთო განსაზღვრება მომავალ დროში არ შეიცვლება, და ეს სხვათა შორის, მისთვისაც ცნობილია, - ასე რომ მსჯავრი მასზე არსებითად უკვე აღსრულებულია.
ეს კი ნიშნავს, რომ ახალი აღთქმის დამყარებით დასრულდა სულიერი "საჭადრაკო პარტიები", როდესაც ეშმაკისადმი წინააღმდეგობა ზეციური მხედრობის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ზრახვათა დონეზე აღესრულებოდა, და "ფიზიკურ" წინააღმდეგობაში არ გადადიოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ციდან ჩამოგდების შემდეგ ეშმაკი უკვე ვეღარ იფარება ზეციური მსახურებით, და არ ცდილობს თავი წარმოადგინოს "რჯულის წყევლის მოშურნედ", არც არანაირ შეცდომებს უფრთხის, - ამიტომაც მას, ბუკვალური აზრით, დასაკარგი არაფერი აქვს, ხოლო "სასოწარკვეთილი გააფთრება" შესაძლებლობას აძლევს მას აღასრულოს ყველაზე წარმოუდგენელი და ამაზრზენი მოქმედებანი.
ანდრია კესარიელის თქმით: "ნეტ. იუსტინე, მოწამე და ფილოსოფოსი, ამბობს, რომ ეშმაკი ქრისტეს მოსვლით და იმით, რომ მისი ჯვარცმის შემდეგ უკვე საგეენიოდ განწირულია, კიდევ უფრო მეტი მგმობარი გახდა; ის ადრეც გმობდა ღმერთს, მაგრამ არა ისე ურცხვად, როგორც ახლა.
მაგრამ ეშმაკის შესაძლებლობები საკმაოდ შეიზღუდა, - ასე რომ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ქრისტესადმი რწმენას ეფუძნება (ეფეს. 2:19-22), კაცთა მოდგმის მტერი არსებითად უძლურია, ანუ მას არ ძალუძს პირდაპირი წინააღმდეგობის გადალახვა (შეად.: მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (იაკ. 5:7)).