აპოკალიფსისი > განმარტება
"მხეცის დაღის" საიდუმლო ბიბლიური მნიშვნელობანი
(გამოცხ. 13)
ჩვენი საიტის პირველ პუბლიკაციებში, ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა განხილვისას, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს გამოცხადების წიგნი, საკმაოდ დეტალურად აღვნიშნავდით, რომ 13-ე თავში აღწერილია ამა საუკუნის ბოლო დღეთა არა რომელიმე მოკლევადიანი მოვლენა, არამედ ქრისტეს ეკლესიასა (1 პეტ. 4:11; გამოცხ. 1:6) და "ბოროტებაში მდებარე" (1 ინ. 5:19) წუთისოფელს შორის მუდმივი მსოფლიო ურთიერთწინააღმდეგობის სახე. იქვე აღნიშნული იყო, ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის ყველაზე ნიშანდობლივი სიმბოლო გახლავთ ორი განსხვავებული ბეჭდის დაპირისპირება, რომლებიც ადამიანებს ეძლევათ "შუბლზე" და "ხელზე" და წარმოადგენენ ადამიანის ერთგულებას ან წუთისოფლისადმი, ან კიდევ ახალი აღთქმის ზეციური კარვისადმი.
ამასთანავე განსაკუთრებული უკეთური გამოსახულება (დაღი), რომელიც გამოცხადების წიგნში "მხეცის დაღად" იწოდება და მუდმივად განიხილება სხვადასხვა, ზოგჯერ ქრისტიანობისგან შორს მდგომ წყაროებში, მოწმობს იმაზე, რომ ამგვარად აღნიშნული ადამიანი იმყოფება ცოდვის მონობაში, ანუ ის წარმოადგენს "ეგვიპტელი ფარაონის" მონას. ამგვარი "ეგვიპტიდან" გამოსვლა კი მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში აღსრულებული ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით არის შესაძლებელი (შეად.: "... ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (ინ. 3:5); "ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში" (1 კორ. 10:1-2)), - სწორედ ამის შესახებ მსჯელობს გამოცხადების წიგნის 12-ე თავი, სადაც ეს ჭეშმარიტება მოცემულია "გველისგან" ქალის წინასწარმეტყველურ უდაბნოში გაქცეული ქალისა და "მისი თესლისგან ნაშობთა" სიმბოლოებით.
შესაბამისად, წმიდა ზეციური ბეჭდით, რომელიც ნახსენებია გამოცხ. 7:2-4 და გამოცხ. 9:4-ში, აღინიშნებიან "ეგვიპტიდან გამომავალნი" (გამოსვლის ხატებისაებრ. იხ. გამ. 13), - ანუ ისინი, ვინც ქრისტეში ჰპოვა ცოდვის მონობისგან ხსნა და დაყარა გონებრივი და სხეულებრივი მონობის ბორკილები, რომლებშიც, ნებით თუ უნებლიედ, ჩამწყვდეული ჰყავს ადამიანი უკეთურებისა და ურჯულოების ქვეყნიერებას.
ხოლო ადამიანის თვალისთვის უხილავი ბეჭდებისადმი წინააღმდეგობა, რომელიც ბუკვალურად და სიმბოლურად აღწერილია გამოცხადების წიგნში, მოწმობს იმაზე, რომ "წუთისოფლის" საცდურებისა და ვნებების ძლევა ძალუძთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკუთვნიან ქრისტეს ეკლესიას, - და რომ "იმ დღეს" მშვინვისა და სულის მთლიანობაში, უვნებოდ დაცვა (1 თეს. 5:23) შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც "აღბეჭდილი" იქნება მაცხოვრის ბეჭდით და სიმბოლურად წარმოადგენს "რჩეულ ჭურჭელს", რომელიც ეკუთვნის არა უკეთურ ქვეყნიერებას, არამედ სრულყოფილი აღთქმის ზეციურ ტაძარს (შეად.: გამოცხ. 7:3; ზაქ. 14:20-21 და სხვა).
რაც შეეხება ახალაღთმისეული "ზეციური აღბეჭდვის" ბიბლიურ მონახაზებს, - მაცხოვრის ღვთაებრივი ბეჭდის ყველაზე სრულ და აშკარა წინასახეს წარმოადგენენ მოსეს რჯულის განსაკუთრებული დადგენილებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პასექის დღესასწაულთან. სწორედ უფუარობის დღესასწაულზე ყოველ ისრაიტელს მარჯვენა ხელზე და თავზე უნდა ჩაეცვა წმიდა სახვევები, რომლებიც ადასტურებდნენ ერის საკვირველ გამოხსნას ეგვიპტის ბუკვალური მონობიდან. წინასწარმეტყველური აზრით კი ეს იყო მომავალი "სულიერი აღბეჭდვის" სახე, რომელიც ახალი აღთქმის დროებას ახასიათებს, შეად.:
"როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება. შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს. ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში. ... გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან. იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე (გამ. 13:5-10).
გარდა ამისა, იმის მოწმობად, რომ გამოსვლის მოვლენებში ისრაელის პირმშოები დაცულნი იყვნენ საპასექო კრავის სისხლით (გამ. 12; ებრ. 11:28 და სხვა), ყოველი მიძღვნა პირველშობილისა უფლისადმი - (შეად.: "ვინც არ დაიბადება ზეგარდმო (ἄνωθεν), ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს" (ინ. 3:3) - ემსგავსებოდა საპასექო სახვევებს, რომლებიც აგვირგვინდებდნენ პიველი აღთქმის მონაწილეთა "შუბლსა და ხელს", შეად.:
"როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას, განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე. ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი. გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან (გამ. 13:11-16).
მეტიც, შუბლსა და ხელზე განსაკუთრებულ გამოსახულებებს მიმართავს კიდევ ერთი ბიბლიური ხატება, რომლის შესაბამისადაც ყოველი კაცი სულიერი აზრით ემსგავსება სახლს (საცხოვრებელის თვალსაზრისით). სწორედ ასეთ მსგავსებას ეფუძნება მაცხოვრის იგავი გაწმენდილ და გამოსუფთავებულ სახლზე, რომელშიც, თუკი ის ცარიელი დარჩება, მოვა შვიდი უწმინდური სული (ლკ. 11:24-26); და ასევე იგავი ორ კაცზე, რომლებმაც თავიანთი სახლები კლდესა და ქვიშაზე დააფუძნეს (მთ. 7:24-27; ლკ. 6:47-49); და ასევე სიმბოლური ხატება დაბადების წიგნიდან: "თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ. 4:7), და სხვა.
ხოლო რადგან ეგვიპტიდან გამომავალ ისრაელს დაევალა ეცხოთ პასქალური კრავის სისხლი "კარისთავისა და ორთავე წირთხლისთვის სისხლიანი თასიდან" (გამ. 12:22), რათა "პირმშოთა დამღუპველი" არ შესულიყო არც ერთ ასეთ სახლში, - ეს მოვლენა პირდაპირ არის დაკავშირებული ახალი აღთქმის მომავალ სრულყოფილ რჯულთან, რომელიც "შუბლსა და ხელზე" მისი მცნებების დაწერით ყოველ კაცობრიბ "სახლს" სულიერ სიმაგრედ შეიქს, რომელიც გადაულახავი გახდება კაცთა მოდგმის მტრისთვის (შეად.: "გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ. ასწავლეთ თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ ამაზე შინ ყოფნისას და გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარიბჭეს" (მეორე რჯლ. 11:18-20).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის თვალები და შუბლი სიმბოლურად წარმოადგენს მისი სახლის "შესასვლელ კარებს", სადაც "შესვლა" მხოლოდ იმას შეუძლია, რაც იმ რჯულის შესაბამისია, "მისი სახლის წირთხლებზე" რომ არის წარწერილი.
ადამიანის მარჯვენა ხელი წარმოადგენს იმას, რაც "გამოდის სახლიდან", ასე რომ ყოველი ადამიანური საქმიანობა ექვემდებარება "სახვევის რჯულს", რომლითაც არის აღნიშნული ამ საქმის აღმასრულებელი ხელი (ანუ "სახლიდან", რომლის კარი აღბეჭდილია ნიშნით, შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ის, რაც ნიშნის შესაბამისია).
(სწორედ ამ მიზეზით კრავის სისხლით კარის "ორივე წირთხლის" შეღებვის განკარგულება გამოსვლის წიგნში არა ერთჯერადი მოქმედებით არის წარმოდგენილი, რომელსაც ძალა მხოლოდ ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის წინ ჰქონდა ძალა, არამედ ნამცნებია ყველა დროისთვის, შეად.: "... წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ" - გამ. 12:21-24).
ამასთან
ყველა ისინი, ვინც არ ირწმუნეს მაცხოვარი და ნათლისღებაში არ მიიღეს საღმრთო ბეჭედი,
არა სიმბოლურად, არამედ სრულიად რეალურად რჩებიან "ეგვიპტის" სულიერ მონობაში,
- ამიტომაც ასეთი ადამიანები, როგორც "ფარაონის მონები" ქრისტეს თავისუფალი
რჯულის ნაცვლად (იხ. იაკ. 1:15; რომ. 8:2), "ხელსა და შუბლზე" (ანუ საქმეებში
და დაფარულ ზრახვებში) ატარებენ თავიანთი ცოდვილი ბუნების მონობის ბეჭედს,
რომელიც "მხეცის დაღის" შესაბამისია გამოცხადების 13-ე თავიდან.
(დანიელის წიგნის საკმაოდ ცნობილი ფრაგმენტიც, რომელშიც "მცირე რქის"
უკეთური მოქმედებები ღმრთის ერთან მიმართებაში აღწერილია სიტყვებით " ... განიზრახავს მათთვის (საღდესასწაულო)
დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო, დრონი
და ნახევარი დრო" - დან. 7:25,
ყოველივე ზემოთნათქვამის გათვალისწინებით, გამოიყურება წუთისოფლის მუდმივი სწრაფვის
მოწმობად ღმრთის ერს "წაართვას" მისი "სულიერი მეხსიერება", რომლის
სიმბოლოდ გამოდის უხილავი, მაგრამ მაცხოვნებელი "პასქალური სახვევები" ქრისტეს
სრულყოფილი რჯულის მცნებებით, რომელთაც შეუძლიათ მართონ და გაწმინდონ ადამიანის
"შუბლი" და "ხელი" - გამ. 13:9-10; 13:14-16).
ამრიგად, არსებობს ყველა საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ხილვები და მოწმობები, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების 12-ე და 13-ე თავებში, ერთმანეთთან მთელი რიგი მნიშნელოვანი სულიერი დაპირისპირებებით არიან დაკავშირებულნი.
პირველ ასეთ სიმბოლურ-მეტაფორულ დაპირისპირებას ეძღვნება 12-ე თავის წინასწარმეტყველური ხილვა, სადაც ბრძოლას "ქალისა" და მისი საკვირველი ძის წინააღმდეგ აწარმოებს თვით კაცთა მოდგმის მტერი. იქვე აღწერილია დამარცხება, რომელიც განიცადა გველ-ურჩხულმა მაცხოვრის აღდგომის შემდეგ, რის შედეგადაც ის გადმოგდებულ იქნა მიწაზე, ხოლო ზეციური ეკლესიის წევრები მიუწვდომელნი გახდნენ მისთვის.
ხოლო გამოცხადების 13-ე თავი მოწმობს ამ წინააღმდეგობის გაგრძელებაზე, სადაც სულიერი ბრძოლის "ახალ" ველად გამოდის ხილული სამყარო, - სადაც "ზღვიდან ამომავალი მხეცი", თავის აგრესიას მიმართავს წმინდანების წინააღმდეგ (ანუ "დანარჩენებზე ქალის მოდგმისგან" (გამოცხ. 12:17), რომელთაც არ მიიღეს უკეთური "ეგვიპტური" დაღი.
მაგრამ, თუკი ოდნავ ადრე, 11-ე თავში ნახსენები "ორი მოწმის" მსახურების სიმბოლოში, ეს ბრძოლა აღწერილი იყო მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე, - 13-ე თავში წმინდანთა გამარჯვებაზე ლაპარაკი ჯერ არ არის, რადგან მასში წარმოდგენილი მოვლენები დროით არის შეზღუდული, როდესსაც ურჩხული მიწიერი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართავს თავის მთელ დარჩენილ ძალას და შესაძლებლობებს (ანუ "ზღვიდან ამომავალ მხეცს"), და ერთგვარად ხილულ გამარჯვებასაც კი მიაღწევს (თუმცა, საკმაოდ მცირე დროით).
თანაც სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება განსაკუთრებული სულიერი აღნაბეჭდები, რომლებიც აისახებიან ყოველი ადამიანის ხელსა და შუბლზე, რომლებიც იქნებიან მათი შინაგანი სულიერი მდგომარეობის ამსახველნი, და ის სულიერი ძალები, რომელთა მხარესაც აწარმოებს ეს ადამიანი თავის პირად სულიერ ბრძოლას.
ასეა თუ ისე, გამოცხადების 12-ე და 13-ე თავები პირდაპირ მოწმობენ იმაზე, რომ მიწაზე გველ-ურჩხულის გადმოგდების შემდეგ ერთი წამითაც კი არ შეუწყვეტია მას უკეთური ბრძოლა კაცობრიობის წინააღმდეგ. მაგრამ ამჯერად ეს ომი არის არა ზეცაში, არამედ მიწაზე, და ამიტომაც წარმოებს იგი "წუთისოფლის მთავართა", ანუ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" მიერ, - ხოლო მეთოდები, რომელთაც მიმართავენ ამ ბრძოლაში ბნელეთისა და ურჯულოების ძალები, ნაწილობრივ ეფუძნებიან ძალებს, ნაწილობრივ კი ცდუნებებსა და მზაკვარებებს (ანუ მოტყუებებს, სიცრუეს და ა. შ.).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც მაცხოვრის გამარჯვების შემდეგ შეუძლებელი გახდა ეშმაკისთვის, ის "გადასცემს" წუთისოფელს თავისი უკეთური მხედრობის მიერ. თანაც თავის ადამიანურ იპოსტასში ეს სატანური მხედრობა არ იმკვიდრებს იმ საკვრელებს, რომლითაც თვით სატანაა შეკრული, - და შეზღუდულია მხოლოდ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ადამიანურ ბუნებას ახასიათებს (ეს ერთდროულად წარმოადგენს ამ მხედრობის ძალასაც და უძლურებასაც).
(მსგავსი "უკეთური თანამშრომლობისა" და "დანაშაულებრივი როლების გადანაწილების" ერთ-ერთი სახე მოცემულია დანიელის წიგნში, სადაც მოთხრობილია, რომ გარკვეულ მომენტში ბილის ბაბილონურ საკერპეში შესასვლელი დაბეჭდილი იყო სამეფო ბეჭდით, შეად.: "...შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა..." - გამოცხ. 20:3.
მაგრამ საკუთარ ტაძარში "დაბეჭდვის" შემდეგაც კერპი ერთი ღამის განმავლობაში მაინც "ჭამდა" ყველა შესაწირს, რომელსაც დღისით მიართმევდნენ მას მოგვები.
ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა დანიელმა ამხილება მოგვები და მეფეს გაუმხილა, რომ შენაწირს ჭამს არა "დიადი ბილი", არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ისე, რომ არ არღვევენ სამეფო ბეჭედს, ღამ-ღამობით შედიან ამ ტაძარში და კერპისადმი მიძღვნილ შეწირულობას ჭამენ - დან. 14:3-22.
ანუ, "დიდი კერპის" რეალური ძალა არ აღემატებოდა ადამიანურს და შემოსაზღვრული იყო საჭმლის ბანალური გაქრობით, თანაც თავისი არსით ამ უსუსური გამოვლინებისთვის კერპს სჭირდებოდა "ხორციელი" მსახურები, - მაგრამ საცდურები და ეშმაკობები, რომლებიც ყველა სხვა ადამიანამდე აღწევდა ამ კარგად ორგანიზებული ფარსის შედეგად, იძენდა დემონურ ძალას, და მთელ ერს ცრუმორწმუნოებისა და კერპთაყვანისმცემლობის ქსელში აბამდა).
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თვით ეშმაკს ახალაღთქმისეულ დროში წართმეული აქვს ძალაუფლება პირდაპირ მოაკვდინოს ადამიანები, - ის სარგებლობს მით, რომ მის მიერ ცდუნებულ უკეთურებს და ურჯულოებს ასეტი შესაძლებლობა ჯერაც რჩებათ, და, მოქმედებს რა მათი ხელებით, წმინდანებს ყველაზე ბუკვალური და "ფიზიკური" მნიშვნელობით ებრძვის.
ხოლო რადგან იმისთვის, რათა ადამიანი საკუთარი იარაღად აქციოს, წმინდანთა და ქრისტეს მთელი ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ ეშმაკს სჭირდება ამ თავის ბოროტ ნებას დაუმორჩილოს ადამიანი, - "ძველი გველის" ომი კაცობრიობის წინააღმდეგ იწყება არა იქ, სადაც სისხლი იღვრება, არამედ ოდნავ ადრე, იმ უხილავ საზღვართან, სადაც ყოველი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას რომელ გზას დაადგეს - და აზროვნებისა და მოქმედების რომელი გზა აირჩიოს.
(თანაც, დამოუკიდებლად იმისგან, თუ როგორ განუმარტავს ადამიანი საკუთარ
თავს და გარშემომყოფთ საკუთარ განზრახვებს, ანუ მიზნებს, მოტივებს და მოსურვებებს,
- მისი ნებისმიერი არჩევანი საბოლოო ჯამში გამოკიდულია ზეციური სრულყოფილების მწვერვალებსა
და საკუთარი არარაობის უფსკრულს შორის).
რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიას, - ის ეშმაკის ბოროტ ნებას ეწინააღმდეგება იმ სულიერ საზღვარზე, სადაც ადამიანმა საკუთარი თავი ჭეშმარიტ ნათელში უნდა დაინახოს და შეიგნოს, რომ არაფერი აქვს შესანახი საკუთარ თავში (შეად.: "მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მთ. 16:24-25) და, რომ თავისი ბუნებრივი ცოდვითი მონობის შედეგების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მიჰყვები მაცხოვარს და მღვიძარე მცველი ხარ საკუთარი შინაგანი საზღვრების, შეად.:
"და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ წინაღდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლევლებმა გასძლოთ" (ეფეს. 6:10-13).
ხოლო ამ გლობალური სულიერი ბრძოლის შედეგი არის ვითარება, როდესაც არც ერთი ჭეშმარიტად ქრისტიანული არჩევანი შეუმჩნეველი არ დარჩება, და ასე თუ ისე გახდება დაცინვის, საყვედურის, ცილისწამების, განკითხვის და სულიერი აგრესიის სხვადასხვა ფორმების მიზანი. ამიტომ მათ, ვისაც მართლაც არ უცია თაყვანი მხეცისთვის და არ მიუღია მის დაღი, ესმით და გრძნობენ, რომ უკეთურ ქვეყნიერებასთან ბრძოლა დაიწყეს, რის შედეგადაც ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდნენ მოძულებულნი, დევნილნი და მოკლულნი წუთისოფლის მიერ "ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის" (გამოცხ. 1:9) იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი კრინტსაც არ ძრავენ, მაგრამ "ისეთივენი არიან, როგორიც ის (ქრისტე) იყო ამ ქვეყნად" (1 ინ. 4:17, შეად.: მთ. 10:18; 24:9; მკ. 13:9; 13:13; გამოცხ. 12:17; 20:4 და სხვა).