აპოკალიფსისი > განმარტება
მათ სძლიეს ეშმაკს კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით
(გამოცხ. 12:10-11)
"მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:10-11).
ხმა, რომელიც ესმის მოც. იოანეს ეშმაკის ძლევის შესახებ მოწმობის შემდეგ, მეტყველებს არა "ციდან", არამედ "ცაში", - და ეს ვითარება შეიძლება მივიღოთ, როგორც მტკიცებულება, რომ სიტყვები: "აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი" მიმართულია არა მთელი სამყაროსადმი, არამედ მხოლოდ ზეციურ ბინადართადმი. თანაც, ამ ზეციური ცნობის თანახმად კრავის გამარჯვებამ უბრალოდ კი არ დაამხო თვით ურჩხული, "გაუჭეჭყა მას თავი" და დაამყარა ცაში უფალ იესუს სუფევა და ხელმწიფება, - არამედ გაანადგურა ეშმაკისგან მომდინარე ცილისმწამებლური სწავლება, ანუ "მოჰკვეთა" სწორედ ის "კუდი" (შეად. – "... მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს" (ეს. 9:14)), რომლითაც ეშმაკმა გადმოყარა ციდან ყოფილ "ზეციურ ვარსკვლავთა" გარკვეული ნაწილი.
(რადგან "განადგურება" სულიერი აზრით "უმნიშვნელოდ (არარაობად) ყოფნას" ნიშნავს, - ეშმაკის დაცემა არ შემოფარგლულა ამ პერსონაჟის გადაადგილებით "სულიერ სივრცეში" და მისი მუდმივი ადგილსამყოფელის შეცვლით. ეშმაკთან ერთად დაეცა მისი ძალა, და გაუქმდა მისი ყველა მტკიცებულება, - ასე რომ ზეცა განიწმინდა არა მარტო "უწმინდურად მოქმედ პირთაგან", არამედ ყოველგვარი ბოროტი და უწმინდური ზრახვებისგანაც).
ხოლო რადგან ეშმაკის არც შემდგომი მოქმედება, არც მისგან მომდინარე მოწმობანი, ბრალდებები და აპელაცია ამ მომენტიდან არაფერი ღირს, - "მგრგვინავი ხმა ცაში" ცის ბინადართ აუწყებს, რომ "აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი", რაც ყველა აზრით შეესაბამება მაცხოვრის მიერ ნაქადაგები ზეციური სასუფევლის დახასიათებას (მთ. 3:1-3; 4:17; 16:19 და სხვა).
გარდა ამისა, გამოცხ. 12:10-11-ში სრულიად განსაკუთრებული სახით წარმოდგენილია და განდიდებულია ქრისტიანული მოწამეობის სულიერი მნიშვნელობა, - ანუ რწმენის ის უდიადესი ღვაწლი, რომელიც კი შესაძლებელია ხორცში მყოფი ადამიანისთვის. რადგან მიწიერი ცხოვრება ადამიანს მხოლოდ ერთადერთხელ ეძლევა, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანი კი, რომელსაც ქრისტიანი მოწამეები აღასრულებენ, მათ არ უტოვებდა არანაირ იმედს, რომ სანაცვლოდ მიიღებდნენ "სხვა ასეთსავე სიცოცხლეს", - ასე რომ ყველა შესაძლო სულიერ მსხვერპლთა შორის (1 პეტ. 2:5; რომ. 12:1; ებრ. 13:15 და სხვა) მხოლოდ ქრისტიანული მოწამეობაა "უდანაკარგო შენაწირი" და ის უდავო მაქსიმუმი, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა მსხვერპლად გაიღოს ღვთისმოშიშების საკურთხეველზე (ანუ უფლისადმი შეწირული ისეთი სრული მსხვერპლი, როდესაც ადამიანი "თავისთვის" არაფერს ტოვებს, რაც აქვს; შეად. სიტყვები მცირე კვერექსიდან: "... თავნი თვისნი ... და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ").
მეტიც, როგორც გლობალური აზრით ახალაღთქმისეული გამარჯვება ეშმაკზე მოპოვებულ იქნა თვით კრავის სისხლით, ანუ კაცის ძის სრულყოფილი მსხვერპლით, რომლის წინააღმდეგაც ცილისმწამებელ ეშმაკს არაფერი აქვს სათქმელი და მის წინააღმდეგ არ გააჩნია არანაირი იარაღი, - ასევე არა აქვს მას ძალა და საშუალება ქრისტიანული მოწამეობის უბიწო ღვაწლის წინააღმდეგ (ანუ ცილისმწამებელსა და ბრალმდებელს არაფერი აქვს სასაყვედურო, არც სამხილი იმათ წინააღმდეგ, ვინც ქრისტესა და სახარების გამო წირავს საკუთარ სიცოცხლესაც კი, ანუ მიდის მაცხოვრის გზით და საკუთარ თავს დებს სამსხვერპლოზე უზენაესისთვის, მსხვერპლად წირავს იმ ერთადერთ "ქონებას", რომელსაც ადამიანი იძლევა არა სიჭარბის გამო, და რომელიც შეუძლებელია გაღებულ იქნას "ნაწილობრივ", შეად. - მთ. 19:21).
ეს კი ნიშნავს, რომ მოწამეები, რომლებიც და "მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ" (გამოცხ. 6:9), უკვე არა უბრალოდ "ძლევამოსილნი" არიან, არამედ წარმოადგენენ უსიტყვო ძლევის მოზეიმე ზეციურ კრებას (ებრ. 12:22-24), რომელიც შემოსილია ქრისტეს სიმართლით, და ასეთ დიდებულ მდგომარეობაში დარჩებიან მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე, შეად.:
"და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:11).
"და ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს. დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4-6).
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქრისტეს მოწამეთა სისხლით (და არა წმიდა ტექსტების კითხვიდან აღძრული მჭევრმეტყველებითა და ლოგიკური დასკვნებით, შემდეგ კი მისი შინაარსის თავისუფალი გადაცემით სხვებისთვის) მტკიცდებოდა და იქადაგებოდა მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანობა. თანაც საკუთარი თავის უარყოფა და ის მემსხვერპლეობა, რომლებმაც წარმოუჩინეს წუთისოფელს ქრისტეს მოწამეები, წარმართი ხალხებისთვის ყველაზე საუკეთესო მოწმობა გახდა არა მარტო იმისა, რომ ქრისტიანული რწმენა არის ყოვლისმძლეველი სიმტკიცე, - არამედ მისი ფასდაუდებელი ღირებულებაც (რომელთან შედარებით საკუთარი ხორციელი სიცოცხლეც კი არ წარმოადგენს რაიმე "საკუთრებას", რომელსაც ადამიანი ნებისმიერ ფასად იცავს), შეად.:
"მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას" (მკ. 8:34-35).
ასე რომ სიტყვები "იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე" (გამოცხ. 12:11), არსებითად მოწმობს იმის შესახებ, რომ ზეციური ეკლესია იშვა, განმტკიცდა და ძლევამოსილ იქნა, როგორც მოწამეთა ეკლესია, რომელთათვისაც არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს რაიმე მსჯავრი. მათ ხომ საკუთარი სულებიც კი გაიღეს მსხვერპლად, - ხოლო მოწამეობის საკუთარი წმიდა მსხვერპლით განხორციელდნენ ქრისტიანული მოწმობის სიტყვასა და საქმეში და "საუკუნო სიცოცხლის სიტყვებთან" ბუნებრივი ერთობით შეუერთდნენ უფალ-სიტყვას ღვთაებრივ მარადისობაში.
(ბერძნულ ენაში ერთი და იგივე სიტყვსა μάρτυς (მარტის) ორი მნიშვნელობა გააჩნია, "მოწმე" და "მოწამე" (ტანჯული). თანაც საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ სიტყვა "მარტის"-ის წაკითხვისას "მოწამის" მნიშვნელობით მრავალ ბიბლიურ ფრაზაში იხსნება ყველაზე ამაღლებული "დამატებითი" მნიშვნელობები, შეად.: "... მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე" (საქმე 1:8); "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი" (ებრ. 12:1 და სხვა).