აპოკალიფსისი > განმარტება
როგორ გადმოყარა ურჩხულის კუდმა ზეციურ ვარსკვლავთა მესამედი
(გამოცხ. 12:4)
ჩვენი საიტის პუბლიკაციებში, რომლებიც ეძღვნება მეხუთე და მეექვსე ზეციურ საყვირებს, სადაც იდუმალთმხილველმა იხილა "დემონური კალია" და "ცხენოსანთა მხედრობა, ორასი ათასჯერ ათასი", უკვე აღვნიშნავდით, რომ წმ. წერილში "თავი" შეესაბამება "პალმას", ანუ ძალაუფლების მქონეს, ხოლო "კუდად" იწოდება "ცრუ ხელჯოხი", ანუ ცრუმოძღვრები და ცრუწინასწარმეტყველები (შეად.: "მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი" (ეს. 9:14-15). ამიტომაც გამოცხადების წიგნის სიმბოლურ მოწმობებში "დიდი ცეცხლისფერი ურჩხულის" თავი და რქები წარმოადგენენ თავიანთი "ბატონის" ძალისა და ხელმწიფების სიმბოლოს, ხოლო "ურჩხულის კუდი" შეესაბამება მისგან გამომავალ ცრუსწავლებას.
რადგან ეშმაკის ყველაზე უსირცხვილო სიცრუე იყო ცილისწამება, რომლითაც მას უნდა გაეშავებინა კაცთა მთელი მოდგმა (თვით სიტყვა "ეშმაკი" (ბერძნ. "დიაბოლოს"-"διάβολος") ნიშნავს "ცილისმწამებელს"), - "ვარსკვლავთა" მესამედი ნაწილი (რომლითაც სიმბოლურად გამოიხატებიან ანგელოზები (დან. 8:10; 1 კორ. 15:41) დაეცა არა მათთვის გარეგანი გადაულახავი ძალის მიერ, რომელიც იმოქმედებდა მათ "თავებზე" ან "რქებზე", არამედ "წარტაცებულ იქმნენ კუდის მიერ", რაც სხვათა შორის გულისხმობს მათ საკუთარ მიდრეკილებას კაცთმოძულეობის ცოდვისკენ.
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაცემულ ანგელოზთა სწორედ საკუთარი "ნებაყოფლობითი" არჩევანით არის განპირობებული ის ვითარება, რომ ასეთი ანგელოზები გამოცხადებაში წარდგებიან, როგორც "დამწვარ ხეებად" და "მწარე წყლებად" (გამოცხ. 8:7-11), შეად.: "... ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტ. 2:4)).
პროფ. ლოპუხინი ამ მოვლენას ასე განმარტავს:
"... ზეციური ვარსკვლავები ეს ზეციური მხედრობაა, ზემიწიერი ქმნილებებია, ანგელოზებია, რომლებიც წარიტაცა ეშმაკმა თავისი მაგალითით, და არა მარტო თვითონ თავისი ცოდვილიანობით და დაუმორჩილებლობით განდგება ღმრთისგან, არამედ ამისკენვე მოუწოდებს სხვა ანგელოზებსაც. ისინი, მისდევენ რა მას, ტოვებენ თავიან ზეციურ საცხოვრისს, თავიანთ ზნეობრივ სიახლოვეს უფალ ღმერთთან და მთელ თავიანთ ძალებს ახმარენ დედამიწაზე ბოროტებისა და ცოდვის გავრცელებას კაცთა შორის"
ხოლო მესამედი ნაწილის ხსენება მეტყველებს არა ზუსტ მათემატიკურ რიცხვზე, არამედ საკმაოდ დიდ რიცხვზე, თუმცა, იმაზე ნაკლებზე, ვიდრე უფლის ერთგული ანგელოზებია).
რაც შეეხება ურჩხულის აშკარად ბოროტ განზრახვას ყრმის მიმართ, რომლის "შთანთქმასაც" აპირებდა, - ასეთი სიძულვილი გაჩნდა და გამოვლინდა არა უეცრად, არამედ ის თან ახლდა მას კაცობრიობის მთელი ისტორიული გზის განმავლობაში, სამყაროს შექმნის პირველივე დღეებიდან. რადგან სწორედ დაუმორჩილებლობის ცოდვით ადამის დაცემისთვის, რაც იმ მომენტში თანასწორი იყო კაცთმკვლელობისა, "ძველ გველს" დაედო პირველი მარადიული წყევლა, ხოლო ამასთანავე მისთვის დამამცირებელი განსაზღვრება, რომლის თანახმადაც რაოდენ უძლურიც გინდ იყოს ადამიანი, და რაოდენ მნიშვნელოვანი იყოს "გველური" ძალა, ურჩხულის თავი-ძალაუფლება ამიერიდან მოწყვლადია, შეად.:
"უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!" (დაბ. 3:14-15).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ 12-ე თავის სიმბოლოებში ნაწილობრივ მეორდება ადამიანისა და გველის დაპირისპირების ძველი ისტორია, - ოღონდ ეს დაპირისპირება მეორდება ახალ პირობებში და სრულიად სხვა შედეგით მთავრდება.
ასე, მაგალითად, "ძველი გველი" (გამოცხ. 12:9; 20:2) კვლავ, როგორც დაბ. 3:1-5-ში, დგება "ქალის წინაშე", - მაგრამ ამჯერად მისი განზრახვა არა იმდენად მზაკვრულია, რამდენადაც პირდაპირ და აშკარად მტრული. მეტიც, გველ-ურჩხულს ესმის, რომ "ქალის თესლი" (ანუ "უკანასკნელი ადამი", 1 კორ. 15:45-48) ეს არის ძალაუფლება, რომელიც "გველს თავს გაუჭეჭყავს", - და ამიტომაც მთელ თავის ბოროტ ნებას მიმართავს არა ქალის, არამედ "მისი თესლის წინააღმდეგ", ანუ ქალის მიერ გასაჩენი ყრმის წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია თვით ურჩხულის დამარცხება.
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ქალი ამ მომენტში არ წარმოადგენს მის აგრესიის ადრესატს, რადგან ყრმის გარეშე მას არაფერი შეუძლია დაუპირისპიროს ურჩხულის ძალას, ვერც მის გველურ მზაკვარებას).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურჩხულს ნაწილობრივ ესმოდა ის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, - და ამიტომაც ელტვოდა "გაენეიტრალებინა მთავარი საშიშროება", სანამ პირდაპირ ქალის წინაშე იდგა მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ "მას მუცელში ჰყავდა ძე" და ელოდა პირმშოს დაბადებას, შეად.:
"ყვირილი მესმის თითქოსდა მშობიარისა, კივილი ქალისა პირველად რომ შობს, ყვირილი სიონის ასულისა; სულთქვამს და ხელებს იშვერს: "ვაიმე, სული ამომდის მკვლელების მოლოდინში!" (იერ. 4:31).
თანაც ყველაზე თვალსაჩინოა, რომ ურჩხულის ახალი ჩანაფიქრი, რომელიც ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, ისევე როგორც პირველი ზრახვა, რომელმაც ცოდვით დაცემის შედეგად კაცთა მთელი მოდგმა სულიერი სიკვდილის მარწუხებში მოამწყვდია, ხოლო თვით "ძველი გველი" მისთვის დამამცირებელ წყევლას დაუქვემდებარა, სრულყოფილად ასახავს მის ღვთითმბრძოლ არსს, რადგან ნაცვლად იმისა, შეიგნოს ადრე ჩადენილი დანაშაული, დაემორჩილოს საღმრთო განგებულებას და ადამიანი აღიაროს ქმნილების გვირგვინად, ურჩხული-გველი კვლავ სიძულვილისა და კაცთამკვლელობის გზას ირჩევს (მოცემულ შემთხვევაში - იმაზე გათვლით, რომ თუ "ახალშობილს შთანთქავს", მას შეეძლება დაამხოს ყოველგვარი საღმრთო განსაზღვრება, რაც კი ადამიანთან და მთელ კაცობრიობასთან არის დაკავშირებული).
ამიტომაც ის ვითარებაც, რომ 12-ე თავის განმავლობაში "ურჩხული" თანმიმდევრულად იწოდება ხან "გველად", ხან "სატანად, ანუ "მოწინააღმდეგედ", ხან კიდევ "ეშმაკად" ("დიაბოლოს"-"διάβολος"), ანუ "ცილისმწამებლად" (გამოცხ. 12:9; 12:12), მოწმობს არა მარტო მისი სულიერი არსების სხვადასხვა "ბნელ მხარეებზე", არამედ მისი უკეთური საქმიანობის სისავსეზეც.
გარდა ამისა, 12-ე თავის სიმბოლოებსა და მოვლენებში გამოვლენილია ერთ-ერთი ყველაზე აშკარა მოწმობა იესუ ქრისტეს, არა მხოლოდ როგორც ღმრთის ძის ჭეშმარიტებისა, არამედ როგორც კაცის ძისაც. რადგან კაცობრიობის ცოდვით დაცემა ადამში და მისი აღდგომა და ცხონება ქრისტეში ერთმანეთს შეესაბამება და აღასრულებს საღმრთო განსაზღვრებას დაბადების წიგნიდან მხოლოდ იმ პირობით, რომ ქალის მიერ ნაშობმა ყრმამ არა უბრალოდ სძლია ეშმაკს (ურჩხულს), არამედ - "თავი გაუჭეჭყა" მას, როგორც ქალის ჭეშმარიტმა თესლმა (ებრ. 2:14); ანუ როგორც ძე კაცისამ არა მარტო "შობის მიხედვით", არამედ თავისი ჭეშმარიტი შინაგანი ბუნების მიხედვითაც (არა როგორც ადამიანის "გამომხატველმა", არამედ, როგორც არსებითად ღმერთად მყოფმა).
რაც შეეხება მოწმობას, რომლის თანახმადაც ვრცელი ცოდნისა და დიდი (თუნდაც უკეთური) ცნობიერების მქონე ურჩხულმა არა მარტო მოიფიქრა, არამედ გაბედა დამდგარიყო "ქალის წინაშე... რათა... შთაენთქა მისი ყრმა" (გამოცხ. 12:4), - ის ირიბად ხაზს უსვამს იმ ვითარებასაც, რომ უფალი მართლაც დამდაბლდა ადამიანურ სიყრმემდე და ამასთანავე სრულიად დაემორჩილა ხორცის რჯულდებას, შეად.:
"მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს, რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა" (გალატ. 4:4-5).
მაშასადამე, სწორედ ღმრთის ძის გაუგონარი დამდაბლება გახდა მიზეზი იმისა, რომ საკუთარი ამპარტავნებით დაბნელებულმა ეშმაკმა ისარგებლა ვითრებით, რათა განეხორციელებინა "საბოლოო კაცთმკვლელობა", ანუ კაცობრიობისთვის წაერთმია ყოველგვარი ნუგეში და სამუდამოდ შეეცვალა მის სასარგებლოდ გადაწონილი სამყაროსეულ ძალთა თანაფარდობა. შესაბამისად, სიტყვები "დადგა ქალის წინაშე" უთითებს არა ურჩხულის ვერტიკალურ მდგომარეობას "სივრცეში" (შეად. – "მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე" (დაბ. 3:14), - არამედ იმ ვითარებას, რომ ცილისმწამებელი-ეშმაკი დადგა გარკვეულ სულიერ საფუძველზე, სადაც ამგვარ საფუძვლად აირჩია წყევლა, რომელიც ძალას იძენს კაცის მიერ რჯულის მცნებათა დარღვევის შემთხვევაში (ანუ იმათ მიმართ, ვინც ექვემდებარება საღმრთო განსაზღვრებებს, მაგრამ არღვევს მათ, რადგან უმცირესი დარღვევაც კი ეშმაკის ნებას უმორჩილებს მათ, შეად.: "დაწერილია: "წყეულიმც იყოს ყველა, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში" (გალატ. 3:10).
(სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით იმ ადამიანებს, რომლებმაც უარყვეს ძე კაცისა და მისი ქადაგება, თითქოსდა სულაც არ აინტერესებდათ მისი სწავლების ამაღლებული მნიშვნელობები, მაგრამ ზურგს როდი აქცევდნენ მას და განზე გადიოდნენ, არამედ ჯიუტად ეძებდნენ მაცხოვრის სიტყვებსა და მოქმედებებში რჯულის თუნდაც იოტისოდენა დარღვევას.
აშკარაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკის თვალსაზრისით მსგავსი "ვიწრო დაინტერესება" უკიდურესად არაბუნებრივია, - მაგრამ რადგან ამ წინააღმდეგობის ჩარჩოებში სახარების მოწინააღმდეგეები ეშმაკის მსახურებად გამოდიან არა რომელიღაც განყენებული ან სიმბოლური აზრით, არამედ ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით, ისინი ამაოდ ეძებდნენ ქრისტეში სწორედ იმას, რაშიც დაინტერესებულნი იყვნენ არა თვითონ, არამედ მათ ზურგს უკან მდგომი ეშმაკი.
თუმცა ყველა მათი უკეთური მოლოდინი ამაო აღმოჩნდა: ყველაზე რთულ ვითარებებშიც კი უფალს არაფერში შეუცოდავს, და რჯული იოტისოდენადაც კი არ დაურღვევია, ასე რომ მის წინააღმდეგ მიმართული არც ერთი ბრალდება არ იძენდა სულიერ ძალას, შეად.: "ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (ინ. 14:30)).
ხოლო როდესაც მაცხოვრის უნაკლობა და დაუზიანებლობა წყევლისთვის რჯულის დარღვევის გამო სრულიად აშკარა გახდა თვით ცილისმწამებლისთვისაც კი, - ეშმაკმა მას მისთვის შესაძლო უკანასკნელი დარტყმა გამოიყენა, მიმართა რა კიდევ ერთ წყევლას, რომელიც ასე ჟღერს: "... ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული..." (მეორე რჯლ. 21:22-23; შეად. გალატ. 3:13).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანამ გადაწყვიტა, რომ თუკი თვით უფალს არ მოუცია იოტისოდენა მიზეზიც კი მოეწყლა იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში, იქნებ ღვთის სიტყვა მიაბრუნოს ღმრთის ძის წინააღმდეგ მისი სიტყვებისა და თვით უფლის საქმეების მიუხედავად, - და მოახდინა მაცხოვრის ჯვარცმის პროვოცირება, რათა "წყეულის სიკვდილით" მოეკლა იგი და სამუდამოდ ჩაემწყვდია იგი ქვესკნელში.
მაგრამ ეშმაკის უზომო სიამაყემ და უწმინდურმა გონებამ კვლავ თვით ეშმაკი მოატყუა, არ მისცა რა მას შეეგნო, რომ უფალი ჯვარზე ადის არა მარტო, როგორც უდანაშაულო, არამედ ნებაყოფლობითაც, - და ამიტომ ის არა უბრალოდ თავს არიდებს წყევლას, რომელიც ხორცისთვის დაწესებულ რჯულთან არის დაკავშირებული, არამედ "ჯვარზე ჩამოკიდების" ამ წყევლას თვით ცოდვის წინააღმდეგ მიაქცევს, შეად.:
"ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულებულიყო რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, ... ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესუ, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესუ აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული" (რომ. 8:3-11).
ასე რომ ნაცვლად ეშმაკისთვის სასურველისა და მოსალოდნელისა, რომ ცოდვისა და სიკვდილის საკვრელებში ჩაკეტავდა კაცთა მოდგმას, მაცხოვრის აღდგომის მიერ კაცთა მოდგმა აღდგა მისთვის ადრე "დაგებული" ხაფანგისგან და პირდაპირ ზეციური საყდრისკენ ამაღლდა, - ხოლო ურჩხულმლა განიცადა სრული და საბოლოო დამარცხება, რომელმაც არა მარტო წაართვა მას ცაში ასვლის შესაძლებლობა, არამედ უფსკრულის სიღრმეებში ჩაამწყვდია.
შეად.: "და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას" (ებრ. 2:14-16).