აპოკალიფსისი > განმარტება
"და შვა მან ძე წული..."
(გამოცხ. 12:5)
"და შვა მან ძე წული, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი, და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (გამოცხ. 12:5).
ქალის მიერ ნაშობი ყრმა ადრე ნაჩვენებ ყველა მნიშვნელობათა გაგრძელებად წარმოდგება ყველა ხალხის მეფედ და მწყემსად, რომელსაც განსაკუთრებული რკინის კვერთხი გააჩნია (ფსალმ. 2:1-9, გამოცხ. 2:27, გამოცხ. 19:15-16),, რომელმაც აღასრულდა და დაასრულა თავისი მიწიერი მისია და, დარჩა რა ძედ კაცისა (შეად.: "და ატაცებულ იქნა მისი შვილი..."), ატაცებულ იქნა პირდაპირ ზეციურ ტახტთან, შეად.:
ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი, ანგელოზებზე იმდენადვე უზენაესი, რამდენადაც მათზე უდიადესი დაიმკვიდრა სახელი" (ებრ. 1:1-4).
ამასთან სამეფო ყრმის "მამრობითი სქესი" (ძე წული) (ბერძნ. ἄρσεν ნიშნავს "მამრობითი სქესის ყრმას"), ისევე როგორც შობილის სახელდება "ძედ", "შვილად" (ბერძნ. ფრაზაში "და შვა მან ძე წული", მოცემულია სიტყვა υἱόν, რაც "ძეს" ნიშნავს), 12-ე თავის მოწმობას აკავშირებს ძველაღთქმისეული დროების მრავალ მესიანურ წინასწარმეტყველებასთან.
ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია ისრაელს და მთელ კაცობრიობას აუწყებს ყრმისა და ძის შობას, რომელიც დაიმკვიდრებს დავითის ტახტს და საღმრთო სახელებით იწოდება (თანაც ამავე მე-9 თავში გაისმის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკეთურებას მოეკვეთება "თავი" და "კუდი" (ეს. 9:14-15)):
რადგან შეგვეძინა ყრმა, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას (ეს. 9:6-7).
ასეთივე მნიშვნელობები და მოწმობები არის წარმოდგენილი მეორე ფსალმუნში, სადაც, სხვა დანარჩენთან ერთად, ნახსენებია განსაკუთრებული "რკინის კვერთხი":
"მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე. გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ძე (υἱός) ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ; მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად. შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ. ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულნო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი (Пс.2:6-12).
ხოლო ესაიას წინასწარმეტყველების 66-ე თავში ნაუწყებია სიონის მთიდან "მამრობითი სქესის ყრმის" საკვირველი შობა, რომელშიც მთელი ახალი ერი დაიბადება:
ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი (ἄρσεν) გააჩინა. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები (ეს. 66:7-8)?
გარდა ამისა, იმ ვითარებას, რომ "ქალისგან შობილი" თვით უფალია, უთითებს ის ფაქტიც, რომ ყრმა უბრალოდ კი არ აიტაცება ზეცად, არამედ აიყვანება პირდაპირ ღმერთთან და ზეციუირ ტახტთან (შეად.: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს" (მთ. 22:44; მკ. 12:36; ებრ. 1:13; გამოცხ. 22:3)).
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი აღთქმა, რომელიც უფალ იესუ ქრისტეში გამოცხადდა, გახლავთ ერთგულთა ამაღლება (შეად.: "და როცა ავმაღლდები ქვეყნით, ყველას ავიტაცებ ჩემთან" (ინ. 12:32 და სხვა), - ყრმის ზეციურ ტახტთან ამაღლებაში მინიშნებულია არა მარტო მაცხოვრის მდგომარეობა და სტატუსი, როგორც ზეციური მბრძანებლისა და მთელი სამყაროს მსაჯულისა, არამედ ცხონების გზა მარადიული სიცოცხლისკენ მათთვის, ვინც დედამიწაზე მისი მიმდევარი იქნება.
(სწორედ ასეთი მნიშვნელობებია სულიერი ორიენტირი ყოველი ადამიანისთვის,
რომელიც ეკლესიის საიდუმლოებებში იშვება "დედაკაცის თესლისგან, რომელსაც მზე ემოსა",
შეად.: იერ. 17:12, 1 თეს. 4:17, ებრ. 4:16, გამოცხ. 3:12, 7:9, 15 და
ა. შ.).
მეტიც, ყრმის ატაცება ზეციური ტახტისკენ ყველაზე მკაფიოდ მოწმობს იმაზე, რომ ურჩხულის მთელი კაცთმოძულეობრივი გეგმები სრულიად და საბოლოოდ დაინგრა. რადგან ქალის წინააღმდეგ ამხედრებული ეშმაკი უბრალოდ ყრმის "შთანთქმას" (ბუკვალურად "შეჭმას") კი არ ცდილობდა, როგორც ეს იონას შემთხვევაში იყო, ვეშაპმა რომ გადაყლაპა, არამედ სამუდამოდ ჩაემწყვდია იგი სიკვდილის კლანჭებში "ჯოჯოხეთის კარიბჭის მიღმა" (შეად.: იონ. 2; იობი 38:8-17, მთ. 12:40, ეფეს. 4:8-10, საქმე. 2:24 და სხვა), - ხოლო უფალმა, აღდგა რა მკვდრეთით, უბრალოდ კი არ დაარღვია ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ყველა წყევლა, არამედ, დაამხო თვით ცოდვისა და სიკვდილის ძლიერება, და მით შემუსრა "ჯოჯოხეთის ბჭენი", რომლებსაც შეეძლო ქვესკნელში ადამიანების შეკავება, შეად.:
"დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. რადგან დაამსხვრია ბჭენი სპილენძისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა" (ფსალმ. 106:15-16).
"თქვენც, რომლებიც მკვდრები იყავით შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება. განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება" (კოლას. 2:13-15).
(ე. ი. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხ. 12:5-ის მტკიცებანი ისე ჟღერს, როგორც
თითქოსდა ყრმამ უბრალოდ თავიდან აიცილა ის ხვედრი, რომელიც მისთვის ურჩხულს განზრახული
ჰქონდა, - გლობალური აზრით ყრმის სარმრთო ტახტისკენ ატაცება უთითებს იმაზე, რომ ჩანაფიქრთა
დაპირისპირებაში ღმრთის ნებამ დაამხო ეშმაკის კაცთმოძულეობრივი გეგმები და კაცთა მოდგმა
ის დიადი როლი "დაუბრუნა", რომელიც, ცოდვით დაცემის გამო თითქოსდა სამუდამოდ
იყო დაკარგული).
რაც შეეხება დროთა და ჟამთა სიმბოლიზმს, - სწორედ ზეციური პირმშოს დაბადებამ აუწყა მთელ მსაყაროს წინასწარმეტყველური "დროთა სისრულის" დადგომა, შეად.:
"მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს" (გალატ. 4:4).
ხოლო "დროთა სისრულის" მიღწევა, თავის მხრივ, მოწმობს ჭეშმარიტ (და არა სიმბოლურ ძველაღთქმისეულ) წმიდა იუბილეზე, - ანუ სრულიად განსაკუთრებულ დრო-ჟამზე, როდესაც მთელი სამყაროს მასშტაბით აღსრულდება მოვლენები, რომელთა აღსრულება სხვა პირობებში უბრალოდ შეუძლებელია (შეად.: ლევ. 25).
(ბუკვალური მითითებები იმაზე, რომ ახალაღთქმისეული დრო-ჟამნი საყოველთაო
იუბილეთა დროებაა, გამოცხადების წიგნში არ გვაქვს, მაგრამ მრავალი მისი ხატება საიუბილეო
წლის წეს-განგებებთან დაკავშირებულია ერთიანი წინასწარმეტყველური მნიშვნელობებით, რომლებიც
შესაძლებლობას გვაძლევენ ახალაღთქმისეულ დროებაზე ვილაპარაკოთ არა "აჩრდილისებრ"
(სიმბოლურად), არამედ ყველაზე სანდო ბიბლიურ მოწმობებზე დაყრდნობით).