განმარტება - გამოცხადების წიგნის "ორი მოწმის" წინასწარმეტყველური ხელმწიფება (გამოცხ. 11:5-6) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
გამოცხადების წიგნის "ორი მოწმის" წინასწარმეტყველური ხელმწიფება
 
(გამოცხ. 11:5-6)
ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე
"თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს. მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში, და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა სისხლად აქციონ და ათასგვარი წყლულით მოწყლან ქვეყანა, როცა ინებებენ" (გამოცხ. 11:5-6).
 
 
ვაგრძელებთ რა მსჯელობას "ორი უკანასკნელი წინასწარმეტყველის" შესახებ, რომლებზეც მოწმობს გამოცხადების წიგნის 11-ე თავი, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ დღეს ღვთისმეტყველთა უმრავლესობა ამ ხატებაში ხედავს ილიასა და ენოქს(რადგან მხოლოდ ისინი არიან წმ. წერილის მიხედვით "ძველაღთქმისეული ზეციერი მცხოვრებნი"(დაბ. 5:24; ებრ. 11:5; 4 მეფ. 2:11), ან კიდევ ილიას, მოსეს ან ორ სხვა "ბუკვალურ" ადამიანს, - ამიტომაც მათი წინასწარმეტყველური ძალაუფლების გამოვლინება აღიქმება, როგორც ბუკვალური მოვლენა.
 
მაგრამ რადგან გამოცხ. 11:5-6-ში აღწერილი მოვლენებიდან მსგავსი რამ "წუთისოფელში" ჯერაც არაფერი მომხდარა (ანუ მოცემული მომენტისთვის ვერავინ დაასახელებს ორ კონკრეტულ ადამიანს, რომლებიც თავიანთი პირიდან აფრქვევენ ცეცხლს, და მდინარეებს აქცევენ ბუკვალურ სისხლად, და სხვა), - გამოც. 11-ე თავის მოწმობათა ბუკვალური აღქმა და მასში აღწერილი მოვლენები გარდაუვალად განეკუთვნებიან მომავალს, ანუ ივარაუდება, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცევა მხოლოდ ძველი სამყაროს აღსასრულის ბოლო დღეებში.
 
ამასთან საკმაოდ ნათელია, რომ მოწმობებს "ორი ახალაღთქმისეული ზეთისხილის" უდიდესი წინასწარმეტყველური ძალაუფლების შესახებ გააჩნია მთელი რიგი არსებითი თავისებურებანი, რომელიც უფლებას არ გვაძლევს მათი შესაძლებლობები მხოლოდ ბუკვალური მნიშვნელობით შემოვფარგლოთ.
 
ასე, მაგალითად, მე-5 მუხლში იდუმალთმხილველი ორჯერ იმეორებს ფრაზას "თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას...", თანაც პირველი ნაწილი იმ შედეგებისა, რომლითაც აღიკვეცება ყოველგვარი სურვილი ზიანი მიაყენოს "ორ წინასწარმეტყველს", მსგავსია არა მარტო ბუკვალური ცეცხლისა, არამედ მათი პირიდან გამომავალი მამხილებელი სიტყვისა. ამ მოწმობის ძველაღთქმისეულ წინასახეს ვხედავთ იმ მოვლენებში, როდესაც წინასწარმეტყველმა ილიამ ორჯერ გადმოიყვანა ცეცხლი მეომრებზე, რომლებიც მასთან სამარიელი მეფის ოქოზიას "მბრძანებლური" მოთხოვნებით მივიდნენ (4 მეფ. 1:8-12), "ყოვლისშთანმთქმელი ცეცხლი" ადამიანის პირიდან კი არ გამოვიდა, არამედ წინასწარმეტყველის სიტყვით ღმრთისმოძულეებზე ზეციდან გადმოიფრქვა.
 
იერემიას წიგნი კი პირდაპირ მოწმობს იმის შესახებ, რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველთა პირიდან გამოდის არა ბუკვალური ცეცხლი, არამედ მამხილებელი სიტყვა, რომელიც ზეციური ცეცხლის მსგავსია:
 
"ამიტომაც ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: იმის გამო, რომ ამ სიტყვებს ამბობთ, აჰა, ცეცხლივით ჩაგიდებთ ბაგეებში ჩემს სიტყვას. ეს ხალხი შეშა იქნება და ცეცხლი შთანთქავს მათ" (იერ. 5:14).
 
შესაბამისად, იმ ცეცხლსაც, რომლის შესახებაც მოწმობს გამოცხადების წიგნის 11-ე თავი, გააჩნია არა ბუკვალური, არამედ ხატოვანი აზრი, რომელიც დაკავშირებულია წინასწარმეტყველურ სიტყვასთან და ურჯულოებზე მის ზემოქმედებასთან (რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ "ყოვლისშთანმთქმელი ცეცხლი" ბუკვალური იქნება, ასეთი ცეცხლი ნაკლებად სავარაუდოა გამოვიდეს ადამიანის პირიდან, შეად. – 4 მეფ. 1:8-12).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ გამოცხ. 11:5-ში ლაპარაკია არა უკვე აღსრულებულ მტრულ მოქმედებებზე, არამედ უკეთურ ზრახვებზე, რომლებიც არა თუ ჩამოთვლილი, არამედ გაჟღერებულიც კი არ არის. ხოლო რაკიღა "პირიდან გამომავალი ცეცხლი", და "სიკვდილით დასჯა" ("თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს") გულისხმობს არა რეალურად გაკეთებული საქმის სასჯელს, არამედ როგორც შესაძლო პასუხს "პოტენციურ" ზიანზე, - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ ამ მოწმობებში აღწერილია არა ბუკვალური მოვლენები, არამედ სულიერი რჯული, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, მათ შორის ეკლესიის მიმართ განუხორციელებელი ბოროტმზრახველობა, "გარანტირებულად" დაისჯება გამანადგურებელი პასუხით (საკითხს, თუ რატომ უნდა განვიხილოთ ორი წინასწარმეტყველი როგორც კრებითი სახე მთელი ახალაღთქმისეული ეკლესიისა, ეძღვნება რამოდენიმე პუბლიკაცია).
(თანაც ასეთი გულისხმისყოფის დროს სრულიად ცხადია, რომ 11-ე თავში ლაპარაკია არა უბრალოდ ადამიანის "დაცვით" მოქმედებაზე მეორე ადამიანის მიმართ, რომელიც აღსრულდება პრინციპით "თვალი თვალისა წილ", არამედ ზეციურ მსჯავრზე, - ასეთ მსჯავრს კი აღასრულებს ის, ვინც ხედავს გულის იდუმალ ზრახვებს და ეკლესიის მტრებს სჯის არა მარტო გარეგანი საქმეების მიხედვით, არამედ იმ უკეთური მისწრაფებების გამოც, რომლებიც "ადამიანის სულის ბნელ კუნჭულებშია დაფარული" (შეად. 1 კორ. 4:5).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხ. 11:5-ში აღწერილია ახალაღთქმისეული დროების სულიერი რეალობა, სადაც "ორი წინასწარმეტყველისადმი" დამოკიდებულებით აღესრულება არა კაცობრივი, არამედ ღვთაებრივი სამსჯავრო, - ხოლო "შთანმთქმელი ცეცხლის" სიმბოლოში (შეად. 2 მეფ. 22:9; ფსალმ. 17:9; 49:3) და მტკიცებულებაში "... მოკლულ უნდა იქნას" წარმოდგენილია არა იმდენად "მიწიერი" შურისგება, რამდენადაც ესქატოლოგიური განსაზღვრება, რომელიც გამონაკლისის გარეშე მიეწევა ეკლესიის ყველა "მჩაგვრელს", როდესაც უკანასკნელი დღის საუკუნო სამსჯავრო დადგება (ფსალმ. 109:5-6, სოფ. 1:18, 2 პეტ.3:7, გამოცხ. 11:18, 19:21 და სხვა), შეად.:
 
"რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან" (2 თესალონიკ. 1:6-9).
 
მეტიც, რადგან გამოცხ. 11:5-6-ში მტკიცდება ქრისტეს ეკლესიის აბსოლუტურად უნიკალური სულიერი სტატუსი, რომელიც შემოქმედსა და ყოვლისმპყრობელს წარმოადგენს არა ფიგურალურად, არამედ პრაქტიკულად ბუკვალურად, - და ის მსჯავრი, რომელიც ელის ყველას, ვინც ცდილობს ან ფიქრობს მის შეურაცხყოფას, არსებითად წარმოადგენს ზეციურ მსჯავრს უღვთოებაზე, მკრეხელობაზე და ღმრთისმბრძოლობაზე. და თუკი მორწმუნე ადამიანები ბოლო დღის საშინელ სამსჯავროს იღებენ, როგორც სამართლიან და ჭეშმარიტ მსჯავრს, რომლის მიხედვითაც უსჯულოთა უზარმაზარი რაოდენობა გაემართება "უკუნ ბნელში" (მთ. 22:11-14; მკ. 9:47) და "ცეცხლის ტბაში" (გამოცხ. 20:15) – "წინამორბედი" ზეციური მსჯავრები, რომლებიც ხორციელდებიან ლოკალურ "მიწიერ" უბედურებებში, ქრისტიანებმა ახალი აღთქმის სულისკვეთებით უნდა აღიქვან, ანუ უპირველეს ყოვლისა, როგორც სიკეთე, რომელიც არის "შეწყალების ჟამი" (2 კორ. 6:2), და ყოვლისმპყრობელის მიერ აღსრულდება მარადიულ მსჯავრამდე არა მოუთმენლობის, ან შურისძიების, არამედ დროული შეწევნის სახით ქრისტეს ეკლესიის წევრთადმი, რომლებიც ურჯულოთა მიერ განიხილებიან, როგორც ცილისწამების, ბოროტსიტყვაობის და ფიზიკური აგრესიის ადრესატები.
 
რა თქმა უნდა, "სასჯელი ზრახვისთვის", როდესაც უკეთურს ეს ზრახვა უკვე ჩამოყალიბებული აქვს, მაგრამ ჯერაც არ განუხორციელებია, საერო ლოგიკით არა მარტო "უსამართლოდ" გამოიყურება, არამედ ნაადრევადაც, ანუ საერო ლოგიკით ასეთ ურჯულოს საღმრთო სასჯელი "ჯერაც არ დაუმსახურებია". მაგრამ მსგავსი სასჯელები არა მარტო აღღმავებენ, არამედ ამსუბუქებენ იმათ საბოლოო ხვედრს, რომლებიც ექვემდებარებიან გაკიცხვას, რადგან ისინი აღსრულდებიან მანამ, სანამ უკეთურთა ზრახვანი და მისწრაფებანი ხილულ ურჯულოებაში იქნებიან განხორციელებულნი, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ეკლესიას. მაშასადამე, ვერ აღწევენ იმ ზომას, რომელშიც დაისჯებოდა მსგავსი დანაშაული, სინამდვილეში რომ ჩადენილიყო.
(ამ კონტექსტში უკეთურთა განდევნა "უკუნ ბნელში" არ უნდა აღვიქვათ, როგორც ბუკვალური შურისძიება მათი ურჯულოებისთვის. ბნელში განდევნა უპირველეს ყოვლისა ასახავს ურჯულოთა არსებით და საკუთრივ მდგომარეობას, რომლებისთვისაც ღმერთთან ყოფნა მტანჯველი და დამღუპველი იქნებოდა, - ხოლო "ადგილი ღმერთის გარეშე" ახალ სამყაროში, სადაც "ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში", უბრალოდ აღარ იქნება, შეად. – 1 კორ. 15:28.
 
შესაბამისად, ამ აზრით "გარესკნელის ბნელში" შეიძლება გავიგოთ სამყაროს ყველაზე "შორეული" საზღვრები, სადაც ურჯულოებს არ "შთანთქავს" მათთვის გარეგნული საღმრთო ცეცხლის, - მაგრამ მათი შინაგანი უკეთური ცეცხლი, რომელიც გაღვივებულია ვნებებით და შიგნიდან ხრავს პიროვნებას, "გარესკნელის ბნელში" არ ჩაცხრება და გახდება მიზეზი და წყარო მათივ საკუთარი მარადიული ტანჯვისა, სადაც: "სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მკ. 9:44, 46, 48)).
გარდა ამისა, შეიძლება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ 11-ე თავის მოწმობის თანახმად ახალაღთქმისეული ეკლესიის მისია ყველა აზრით აღემატება ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების მისიას, - ხოლო მისი (ეკლესიის) წინასწარმეტყველური ძალაუფლება შეუდარებლად სრულია და სრულყოფილი, ვიდრე ის ძალაუფლება, რომელიც მიენიჭა ღმრთის კაცებს, რომლებიც "მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს" (ებრ. 8:5).
 
ასე, მაგალითად, მოსემ ღმრთის მითითებით ერთხელ წყალი სისხლად აქცია (ფარაონის წინაშე - გამ. 7:15-21), - და ერთხელ მოსწყლა დედამიწა ჭირით (გამ. 9:1-16).
 
წინასწარმეტყველმა ილიამ ერთხელ დაკეტა ცა, რომ არ ეწვიმა (აქაბის და იეზაბელის დროს, - 3 მეფ. 17:1), - და ორჯერ გადმოიყვანა უკეთურებზე "ზეციური ცეცხლი" (4 მეფ. 1:9-12).
 
ამასთან ახალაღთქმისეული დროების "ორ მოწმეს" აქვთ ძალაუფლება მსგავსი საკვირველი საქმენი აღასრულონ მაშინ, "როდესაც ინებებენ" (გამოცხ. 11:6).
 
მეტიც, ახალაღთქმისეულ ეკლესიას ექვემდებარება არა მარტო "მიწიერი" სტიქიები, არამედ უპირველეს ყოვლისა თვით ზეცა ("მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა" - გამოცხ. 11:6), რაც ზუსტად შეესაბამება "ორი ახალაღთქმისეული მოწმის" ხატებას აღწერილს თვით უფლისა და მაცხოვრის მიერ:
 
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მთ. 18:18-20).
 
ეს კი ნიშნავს, რომ სიტყვებში, სადაც ჩანს ხელმწიფება წყალთა მიმართ (რათა "რათა სისხლად აქციონ") და ხელმწიფება ქვეყნიერების მიმართ (რათა "ათასგვარი წყლულით მოწყლან"), ისევე როგორც "შთანთქმელი ცეცხლის" განსაკუთრებულ ხატებაში, აღწერილია არა "ბუნებრივი" კატაკლიზმები, რომლებითაც ეს ორი ბუკვალური ადამიანი შეარყევს ოკეანეებსა და კონტინენტებს, - არამედ მოწმობა იმისა, რომ ქრისტეს ეკლესიის წინასწარმეტყველური ძალაუფლება არა მარტო დიდია, არამედ ყოვლისმომცველია, ანუ ბუკვალურად უსაზღვროა.
 
რაც შეეხება ამგვარი წარმოუდგენელი ხელმწიფების ხილულ გამოვლინებებს (რომლებიც, როგორც ურწმუნოები იტყვიან, მთელი ქრისტიანული ისტორიის განმავლობაში არ გვინახავს და ვერც ახლა ვხედავთ), - მორწმუნეთათვის აშკარაა, რომ ახალაღთქმისეული ეკლესიის ჭეშმარიტი ძლიერება იზომება არა მიწიერ სტიქიებზე ხელმწიფებით, არამედ უნარით მართოს სულიერი სტიქიები. ეკლესიას თავისი ძალაუფლების გამოვლინება ქვეყნიერებაზე ხილულ "ხორციელ" დონეზე რომ დასჭირვებოდა, - მსგავსი მოქმედებები წარმოაჩენდნენ არა მარტო მისთვის დამახასიათებელ ძალას, არამედ განსაზღვრულ სულიერ არასრულყოფილებასაც, შეად.:
 
"ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ" (ლკ. 9:54-56).
 
სწორედ ამ მიზეზით ქრისტეს საყოველთაო ეკლესია მთელი თავისი "დელეგირებული" ხელმწიფებით რომელიც მას აქვს "ქვეყნიერების სიქიათა მიმართ" (ანუ ცეცხლზე, ცა-ჰაერზე, წყლებზე და მიწაზე) აღესრულება "არა ძალითა და ძლიერებით" (ზაქ. 4:6; მთ. 26:53), არამედ სულიწმიდის შვიდი წმიდა და "ცეცხლოვანი" ნიჭის სრულყოფილი მოქმედებით (გამოცხ. 2:1; 4:5), შეად.:
 
"აჰა, ძე ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს" (მთ. 12:18-20).  
 
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კომენტატორთა უმრავლესობა "ორი უკანასკნელი წინასწარმეტყველის" როლში მხოლოდ ილიას და ენოქს ხედავს, რაც მათი პირიდან ბუკვალური ცეცხლის გამოსვლას და ბუკვალური აზრით "წყლის სისხლად გადაქცევას" გულისხმობს, ასევე დედამიწის მოწყვლას "ყოველგვარი ჭირვებით" ხილულ "ფიზიკურ" დონეზე და ა. შ. (ანუ რაღაც იმის მსგავსს, რასაც ძველაღთქმისეულ დროებაში იქმოდა ილია, მაგრამ არა ენოქი), - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ გამარტივებული (ბუკვალური) წარმოდგენები "ორ სასანთლე-ზეთისხილის" წინასწარმეტყველურ მისიაზე ვერ აღწევენ მსოფლიო ახალაღთქმისეული მოწმობის დონესა და მასშტაბს (თანაც, ყველა დეტალი და ვითარება, რომლებიც 11-ე თავშია ნახსენები, ზუსტი და ჭეშმარიტია მხოლოდ ერთობლივად მოაზრებულ საზოგადო ახალაღთქმისეულ მნიშვნელობათა ჭრილში).
 
მიუხედავად ამისა, "ახალაღთქმისეულ მოწმეთა ღრუბელი" მოიცავს ილიასაც და ენოქსაც (შეად. – "ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ... მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი" - ებრ. 12:1), - ასე რომ კრებითი გააზრება "ორი წინასწარმეტყველის" ხატებისა არავითარ შემთხვევაში არ უპირისპირდება მათ პირად სარწმუნოებრივ ღვაწლს. მეტიც, უეჭველია, რომ მიწიერი ქრისტიანული მისია სხვა ყველაფერთან ერთად აღესრულება ენოქისა და ილის სულითა და ძლიერებით (შეად.: "უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით...") (ლკ. 1:17)), - თუმცა მხოლოდ მათი პიროვნებებითა და მათი სულიერი სიმტკიცთ არ შემოიფარგლება.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 11-ე თავის მოწმობებში უმჯობესია დავინახოთ ის მნიშვნელობები, რომლებიც აქტუალურნი იყვნენ და რჩებიან მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში (შეად. - ზაქ. 14:11-19) და რომლის თანახმადაც "ორი მოწმის" ხატება, "ორი წინასწარმეტყველი", "ორი სასანთლე" და "ორი ზეთისხილი" მოიცავენ ახალაღთქმისეული პერიოდის ყველა დროისა და ყველა ხალხის მოზიარეებს; ხოლო "მტრებში" იგულისხმება სრულყოფილი აღთქმის ყველა მოწინააღმდეგე, რომლებიც მონიშნულნი არიან საყოველთაო მასშტაბით (ურჯულოთა ერთობლიობა, რომლებიც ხელთუქმნელი ტაძრის "გარეთა ეზოს" ქელავენ და იბრძვიან ნებისმიერი ახალაღთქმისეული მოწმობების წინააღმდეგ, რომელიც კი ქრისტეს ეკლესიისგან გამოდის), შეად.:
 
"მაშინ ისინი იყვნენ მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი,  იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან, არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო მეფეებს: "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ უბოროტოთ". უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას. მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები" (1 პარ. 16:19-24, იგივე ფსალმ. 104).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому