განმარტება - აპოკალიფსისის მეოთხე საყვირი: ზეციურ მნათობთა მოწყვლა და ნათლის დაბნელება (გამოცხ. 8:12) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეოთხე საყვირი: ზეციურ მნათობთა მოწყვლა და ნათლის დაბნელება

(გამოცხ. 8:12)
ზეციურ მნათობთა დაბნელება
მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის (გამოცხ.8:12)
 
ზეციურ მნათობთა "მესამედის" მოწყვლა, რომელიც მეოთხე საყვირის დაცემის შემდეგ ხდება, აგრძელებს და ამთავრებს პირველი სამი საყვირის აზრობრივ პანორამებს, რომლებმაც აღგვიწერეს მთელი ძველი ქმნილების მესამედი ნაწილის დაზიანება, - და მოწმობს "მეოთხე დღის" ქმნილებათა ნაწილობრივ დაზიანებაზე, შეად.:
 
"თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა; იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო" (დაბ. 1:14-18).
 
ამასთან არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ "ზეციურ ვარსკვლავთა" დაცემის მსგავსად, რომელიც მეექვსე ბეჭდის მოხსნისას გამოვლინდა, მეოთხე საყვირის შემდეგ "ზეციურ მნათობთა მოწყვლა" გვიხატავს არა აუხსნელ კოსმიურ კატაკლიზმებს, რომელიც "სამყაროს აღსასრულის წინ", მთელ სამყაროში, ყველა გალაქტიკაში ხდება, - არამედ ღმრთისგან ოდითგანდელ განდგომას ზეციური მხედრობის იმ ნაწილისა, რომელიც ცდუნებულ იქნა ეშმაკისგან და დღეს ბნელეთის ძალად იწოდება, შეად.:
 
"ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს" (იუდ. 1:6).
 
"... სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფეს. 6:12).
 
რა თქმა უნდა, დღეს არსებულ განმარტებათა უმეტესობა ამ თვალსაზრისით საკმაოდ "გამიწიერებულად" გამოიყურება და ყველაფერი დაჰყავს იქამდე, რომ რომელიღაც "აპოკალიპტური" მოვლენის შედეგად თითქოსდა მოხდება ისეთი რამ, რაც გავლენას მოახდენს არა იმდენად მნათობებზე, რამდენადაც "ჰაერის გამჭვირვალობაზე" (თვით ზეციურ სხეულთა ანუ მზის, მთვარის და იმ 6000 ვარსკვლავიდან, რაც ცის კაბადონზე ჩანს, 2000 ვარსკვლავის დაზიანება უფრო იშვიათად განიხილება). მაგრამ გამოცხადების წიგნის მოწმობებისადმი უფრო ყურადღებითი მიდგომა დაგვანახებს, რომ მეოთხე საყვირის დროს მნათობთა დაბნელებასთან ერთად ხდება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, კერძოდ თვით ნათლის დაბნელება, რომელიც ქვეყნიერებას ჯერ კიდევ მზის, მთვარისა და ვარსკვლავების შექმნამდე მიენიჭა (დაბ. 1:4-5).
 
მეტიც, ზეციურ მნათობთა როლი, რომლებიც ღმერთმა შესაქმის მეოთხე დღეს "ზეციურ მყარზე" დააწესა (ანუ ორი დღის შემდეგ, რაც შესაქმის პირველ დღეს ნათელი გაიყარა ბნელისგან და "დღისა" და "ღამის" ცნებები გაჩნდა), ბუკვალური განათების (ანუ დედამიწაზე ფოტონების ნაკადის გამოგზავნის) ფუნქციით არ შემოიფარგლებოდა. დაბადების წიგნის თანახმად ზეციურ მნათობთა თავდაპირველი დანიშნულება მდგომარეობდა "დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა" (დაბ. 1:14). ასე რომ, ამ აზრით მათმა მესამედი, რომელიც მეოთხე საყვირის დაცემისას "დაბნელდა", უნებლიედ აღასრულა თავისი დანიშნულება და საკუთარი "მოწყვლით" კაცობრიობას ძველი ქვეყნიერების უკანასკნელი ჟამის დადგომა აუწყა, შეად.:
 
"და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა" (ლკ. 21:25).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეოთხე საყვირის მოვლენებში გამოხატულია სამყაროს ფუძემდებლური დონისა და იმ სულიერ საფუძველთა რყევა, რომლებიც შესაქმის პირველ დღეს განემწესა. რადგან იმის შემდეგ, რაც ნათელი განიყო ბნელისგან და "დღედ" იწოდა, ხოლო ბნელი იწოდა "ღამედ" (დაბ. 1:4-5), მნათობები ზეციურ მყარზე განლაგდნენ არა მხოლოდ იმისთვის, რათა "განეგოთ დღე და ღამე", არამედ უპირველესად იმისთვის, რათა "გაეყარათ ნათელი და ბნელი" (დაბ. 1:18). ამიტომაც, იმის შემდეგ, რაც მათი მესამედი შეეწინააღმდეგა ღმრთის ნებას და თავისი დასაბამიერი დანიშნულებისგან განდგა (შეად.: - "... ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტ. 2:4), - ეს მოვლენა შეეხო "დღისა და ღამის განაწესსაც", ანუ ბიბლურ სულიერ საზღვარს, რომელიც ნათელს ბნელისგან ჰყოფდა (იერ. 33:25).
 
შედეგად, "დაბნელდა" არა ასტრონომიული დღეების მესამედი, არამედ თვით ნათლის მესამედი, რომელმაც ხილული ქვეყნიერების ნაწილი "სულიერი სიბნელით" დაფარა, შეად.:
 
"რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ" (ეს. 60:2-4).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მეოთხე საყვირის მოვლენები სამყაროს ახალაღთქმისეულ რყევებს უკავშირებენ "ეგვიპტის მეცხრე სასჯელის" სახეებს (გამ. 10:21-23), მაგრამ იმ არსებითი განსხვავებით, რომ ახალაღთქმისეული გამოსვლის დროთა დასაწყისში ”ხელშესახები სიბნელე" არა მარტო დაეშვა დედამიწაზე მაცხოვრის ჯვარცმისას, არამედ სამყაროს მესამედი დაფარა ვიდრე თვით დრო-ჟამის აღსასრულამდე (ასე, რომ ახალაღთქმისეულ დროში "ნათელი დღე" მხოლოდ იქაა, სადაც არიან "ისრაელის ძენი", ანუ ქრისტეს ეკლესია, შეად.: - "... ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში" (გამ. 10:23).
(ყველაზე ამაღლებული აზრით ახალაღთქმისეულ ეკლესიას არანაირად შეხებია "შექმნილი" ნათლის დაბნელება, რადგან მას ხელთუქმნელი ნათელი განანათლებს, შეად.: - "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა... იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი" (ინ. 1:5, 9-10); შეად.: - "ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი" (გამოცხ. 21:23).
მთლიანობაში შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ პირველი ოთხი საყვირი მოწმობს იმ თავდაპირველ მდგომარეობათა შეცვლაზე, რომლებიც შესაქმის პირველ ექვს დღეში იყო დამტკიცებული, რის შედეგადაც დაზიანდა ზღვა, ასევე ბალახი და ხეების მესამედი დედამიწაზე (დღე მესამე, დაბ. 1:9-13); დაზიანდა მდინარეთა და წყაროთა მესამედი (დღე მეორე, დაბ. 1:6-8); ზეციურ მნათობთა მესამედი დღე მეოთხე, დაბ. 1:14-19), - და, როგორც ამ მოვლენათა კულმინაცია, თვით "დღის მესამედიც", რომელიც იქცა ღამედ, რაც დასაბამიდან უბრალოდ გამორიცხული იყო (დღე პირველი, დაბ. 1:3-5). თანაც ამ მოვლენებში იღუპება არა მარტო "ზღვის სულიერ ქმნილებათა" მესამედი (დღე მეხუთე, დაბ. 1:20-23), - არამედ ადამიანთა ნაწილიც, რომლებიც შეიქმნენ "მეექვსე დღეს" (დაბ. 1:26-31).
 
მაგრამ ეს ყველაფერი ხდება არა როგორც რაიმე სასჯელი, რომელსაც თავის ქმნილებას "უგზავნის" თვით შემოქმედი, არამედ, როგორც შედეგი ეშმაკის სულიერი დაცემისა და იმ ანგელოზებისა, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი ზეციური მსახურება, უსჯულოებას მიეცნენ და ამ უსჯულოებებით ხილული სამყაროც აღავსეს (შეად.: გამოცხ. 12:7, 9).
 
რაც შეეხება წინასწარმეტყველურ პანორამათა გარკვეულ მსგავსებას პირველ ოთხ საყვირთან, სადაც სხვადასხვა სიმბოლოებში ასახულია ერთი და იგივე მოვლენები, კერძოდ ზეცის განწმენდა და ბნელეთში ეშმაკისა და მისი ანგელოზების ჩამწყვდევა, - ეს მოწმობები ერთმანეთს კი არ აკოპირებენ, არამედ ეშმაკის დაცემას სხვადასხვა აზრობრივ ასპექტებში წარმოადგენენ.
 
ასე, მაგალითად, "ბალახისა და ხეების მესამედის დაწვა" (პირველი საყვირი) მოწმობს მთელი "მიწიერი საკვების" დაზიანებაზე, რომელიც ადამიანს სამყაროს გაჩენიდან განეკუთვნა, ანუ გვიხატავს ცოდვით დაცემის შედეგს და ქვეყნიერებაზე დამანგრეველი სატანური სწავლების მოვლინებას, რამაც ქვეყნიერება "წინასწარმეტყველურ უდაბნოდ" აქცია (რომელიც ქრისტეს ეკლესიამ, მაცხოვრის მიერ "ფარაონის" მძლავრებისგან გათავისუფლებით უნდა გადალახოს, და ახალი ცის ქვეშ ახალი მიწაზე დასახლდეს, სადაც დამკვიდრდება "მხოლოდ სიმართლე" (2 პეტ. 3:13).
 
ზეციდან "ცეცხლივით მოელვარე დიდი მთის" დაცემის სახე (მეორე საყვირი) მოწმობს ეშმაკის ძალისა და ხელმწიფების განადგურებაზე, ხოლო ის, რომ "ზღვის მესამედი სისხლად იქცა", - "მყარში" მობინადრე სულიერი სივრცის "სისხლში ჩაძირვაზე", რომელზეც ეშმაკის უკეთური ძალაუფლება ჯერაც ვრცელდება (ანუ "უწმინდურ წყლებზე", და იმათზე, ვინც ამ წყლებში ბინადრობენ ან მასთან სულიერად ვაჭრობენ).
 
"დიდი და ლამპარივით მოლაპლაპე ვარსკვლავის" სახე (მესამე საყვირი) გვიხატავს ზეციდან თვით ეშმაკის (ყოფილი ნათელმოსილი ქერუბიმის) გადმოგდებას, - "მომაკვდინებელი სიმწარე", რომელიც შეიძინა "წყლებმა", მოწმობენ მზაკვარ ეშმაკურ სწავლებათა შერევას იმ "სულიერი სასმელის" მესამედში, რომელიც ქვეყნიერებაზე არამატერიალური წყაროებით გადმოედინება.
 
რაც შეეხება "მნათობთა მესამედის მოწყვლას" (მეოთხე საყვირი), ის უთითებს ქმნილების იმ ნაწილის ახალაღთქმისეულ რყევაზე, რომელსაც "ცა" ეწოდება, მაგრამ სულიერი აზრით წარმოადგენს არა "ვაკუუმს", არა "ჰაერს", არამედ "მყარს", რომელიც აკავებს "მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს", შეად. მეექვსე ბეჭდის მოწმობებს:
 
"და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს" (გამოცხ. 6:12-13).
 
ამასთან უფრო ვიწრო აზრით პირველი ოთხი საყვირი პრაქტიკულად ზედმიწევნით გვიხატავენ ეზეკიელის ერთ-ერთი წინასწარმეტყველების აღსრულებას "ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე" (რომელსაც შემთხვევით როდი ეწოდა "ზღვის გველეშაპი"), რის შედეგადაც სამყაროს სულიერმა პანორამებმა მიიღეს ახალაღთქმისეული სახე:
 
"ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით. მოგისვრი მიწაზე და ტრიალ მინდორზედ დაგაგდებ, დავასახლებ შენზე ცის ყოველ ფრინველს და მიწის ყოველ მხეცს შენით გამოვკვებავ. მიმოვფანტავ შენს ხორცს მთებზე და ხევებს ავავსებ შენი მძორით. შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები. დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით. ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი" (ეზეკ. 32:2-8).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში ნახსენებია "ურჩხულის დაგდება მიწაზე", და მისი მდინარეების "სისხლით მორწყვა", და თვით მისი "ჩაქრობა" და მისი სამეფოს დანთქმა ბნელეთში; მასზე და "მის მიწაზე" იმ ზეციურ მნათობთა ჩაქრობა, რომლებსაც არ დაუკარგავთ თავიანთი ღირსება და დანარჩენ დედამიწას ჯერაც ანათებენ, - ანუ ყველა ის სიმბოლო, რომლებიც გამოცხადების წიგნის მეექვსე ბეჭდისა და პირველი ოთხი საყვირის მოვლენებშია აღწერილი).
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმობა დროთა ცვლილებისა მდგომარეობს "ნათლის დაბნელებაში" მათთვის, ვინც არ მიიღო და არ იღებს მაცხოვარს, - ასე რომ ახალაღთქმისეულ დროში ვინც ქრისტეს ეკლესიას არ ეკუთვნის, ყველაზე კეთილშობილური ზრახვითაც რომ მოქმედებდეს, ქვეყნიერებაში ვერ შემოიტანს ვერაფერს, ცრუსწავლებებისა და ცრუწინასწარმეტყველებების გარდა (შეად.: - "ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ" (მიქ. 3:6).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому