განმარტება - აპოკალიფსისის მესამე საყვირი: ვარსკვლავ "აფსინთის" გადმოვარდნა და წყლების დამწარება (გამოცხ. 8:10-11) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მესამე საყვირი: ვარსკვლავ "აფსინთის" გადმოვარდნა
 
და წყლების დამწარება
 
გამოცხ. 8:10-11
მესამე აპოკალიფსური საყვირი
მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის "აფსინთი", და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. (გამოცხ. 8:10-11).
 
ყველა შენიშვნა, რომელიც გვაფრთხილებს შვიდი საყვირის გულისხმისყოფას ბუკვალურად არ მივუდგეთ, სრულად განეკუთვნება მესამე საყვირის მოვლენებსაც. რადგან თუკი სრულიად ბუკვალურად აღვიქვამთ იმას, რაც გამოცხადების მე-8 თავის 10-11-ე მუხლებშია ნათქვამი, დედამიწას ზეცის ერთ-ერთი ისეთი მნათობი უნდა დაეცეს, რომლის დიამეტრი ჩვენი პლანეტის დიამეტრს, როგორც მინიმუმ 5 ჯერ აღემატება (ე. წ. "წითელი ჯუჯები"), - მაგრამ ამგვარი დაცემის რეალური შედეგები "მდინარეთა და წყაროს წყალთა მესამედით" შემოიფარგლება, რომლებიც რატომღაც "მწარდებიან".
 
რა თქმა უნდა, არსებობს "ფსევდო-ბუკვალური" ვერსიები და განმარტებები, რომელთა თანახმადაც ციდან ჩამოვარდება არა "ვარსკვლავი" (რადგან ეს მხოლოდ მეტაფორაა), და "წყლების მესამედიც" უბრალოდ რაღაც ნაწილია. სინამდვილეში წყლები მდინარეებში კი არ "გამწარდებიან", არამედ, მაგალითად, რადიაქტიურნი გახდებიან და ა. შ. მაგრამ ასეთი ვერსიები ვერ პასუხობენ კითხვებს, თუ რატომ იწოდება ეს ვარსკვლავი "აფსინთად", და რატომ ეცემა ის ციდან (და არ ამოდის "მიწიდან", როგორც ეს შეიძლება მოხდეს აეს-ის ავარიის ან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში), და რატომ იწვის ეს ვარსკვლავი "ლამპარივით" მანამ, სანამ დედამიწაზე დაეცემა და სხვა. ასე რომ გადაუჭრელი შეკითხვების რიცხვი ბუკვალურად ყოველ მომდევნო ლოგიკურ ნაბიჯზე იბადება.
 
გარდა ამისა, მეხუთე საყვირის დაცემისას იდუმალთმხილველი ნახავს, რომ ციდან გადმოვარდნილ ამ ვარსკვლავს "მიეცა გასაღები უფსკრულის ჭისა" (გამოცხ. 9:1-2), ხოლო თავად "დაცემული ვარსკვლავი" არ დააყოვნებს ამ ბუკვალური გასაღების გამოყენებას (გამოცხ. 9:1-2), - ასე რომ გამოცხადების მომდევნო მოწმობანი ადგილსაც არ უტოვებენ დღეს არსებულ პოპულარულ ვერსიებს, რომელთა მიხედვითაც წმ. წერილის ბოლო წიგნი თითქოსდა დედამიწაზე რადიაქტიური ნალექის ან მეტეორიტის მსგავსი რომელიღაც კოსმიური ობიექტის ან კომეტის და, მითუმეტეს, ბუკვალური ვარსკვლავების ჩამოვარდნას "წინასწარმეტყველებდეს".
 
რაც შეეხება ქრისტეს ეკლესიის მიერ მიღებულ განმარტებებს, - "დიდ ვარსკვლავში" მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები ხედავენ არა რომელიმე "ზეციურ სხეულს", არამედ ზეციდან გადმოგდებულ ქერუბიმს (ეზეკ. 28:14), რომელსაც ასევე გველი, ურჩხული, ეშმაკი და სატანა ეწოდება (შეად. - გამოცხ. 12:9; 20:2).
 
განსაკუთრებულ შეკითხვებს არ იწვევს ამ დაცემული ვარსკვლავის მიმსგავსება "ტაძრის სასანთლესთან" (რადგან გამოცხადების მოწმობები ყველა შემთხვევაში სწორედ სატაძრო სიმბოლიზმს ეფუძნება), - რადგან თავის საშინელ დაცემამდე სატანა ცაში იმყოფებოდა, და, წარმოადგენდა ბრწყინვალე, ნათელმოსილ ქერუბიმს, მისი მსახურება "ცისკრის ვარსკვლავის" შესაფერისი დიდებული და "ბრწყინვალე" მსახურება უნდა ყოფილიყო (შეად. - ეზეკ. 28:12-15). მაგრამ რადგან ის საკუთარი სიდიადით ცდუნდა და ურჯულოებაში გადავარდა, - მით უღალატა თავის მსახურებას და ამ დროიდან ის არც "სასანთლეა", და არც "ზეციური ვარსკვლავია", შეად.:
 
"... მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის" (ეზეკ. 28:16).
 
მეტიც, ახალი აღთქმის მტკიცებით სატანა "ჩამოგდებულ" იქნა მიწაზე თავისი "ზეციური" ადგილიდან:
 
"როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: "ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე" (ეს. 14:12-13).
 
ამასთან დედამიწაზე გადმოგდებული ზეციური ვარსკვლავის სახელი პირდაპირ არის დაკავშირებული ძველაღთქმისეული გამოსვლის მოვლენებთან, როდესაც წყალში განზავებული ოქროს ხბოს ფერფლით გამოიცადა ისრაელის ყველა ტომი (გამონაკლისის გარეშე) (გამ. 32; მეორე რჯლ. 9). სწორედ ასეთ "მწარე წყლებზე" უთითებს გამოცხადებაც,როდესაც ციდან გადმოგდებულ ქერუბიმს "აფსინთს" უწოდებს, - ანუ ბიბლიურ მწარე ბალახს, რომელიც სიმბოლური აზრით ცოდვისა და ურჯულოების სულიერ სიმწარეს გვიხატავს (შეად. - იგავნი 5:3-5; ებრ. 12:15).
 
შესაბამისად, "დამხობილი ხბოს ფერფლგარეული წყლისგან" იხოცებიან მხოლოდ ისინი, ვისაც საკუთარ შუბლზე ღმრთის ბეჭედი არ გააჩნიათ და არაფერი აქვთ დასაპირისპირებელი ძველი ქვეყნიერების მომწამვლელ წყაროთა სულიერ სიმწარესთან.
 
"ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, შევაჭმევ ამ ხალხს აბზინდას და შევასმევ მოწამლულ წყალს, გავფანტავ ხალხებში, რომლებიც არასოდეს გაუგიათ არც მათ და არც მათ მამა-პაპას; მახვილს დავადევნებ უკან, ვიდრე საბოლოოდ არ მოვსპობ" (გამოცხ. 9:14-15).
 
გარდა ამისა, "მწარე ფესვის" სახე უთითებს კერპთაყვანისმცემლობის "შინაგან საფუარზე", რომელიც ახასიათებს ყველა ადამიანს. რადგან ეს ხბო, როგორც უკეთური თაყვანისცემის საგანი ერს "გარედან" კი არ მისცემია, არამედ ჩამოსხმულ იქნა იმ ოქროსგან, რომელიც თვით ისრაელს ეკუთვნოდა და, რომელიც მათ ეგვიპტიდან საკუთარი ყურებით გამოიტანეს (შეად.: გამ. 3:21-22; 12:35-36; 32:2-3, 24), შეად.:
 
"რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ. გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ. ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები" (მეორე რჯლ. 29:16-19).
 
ამრიგად, "წყაროს წყალთა" და "მდინარეთა მესამედი", რომლებმაც მიიღეს და საკუთარ წიაღში განაზავეს "ცოდვის სიმწარე", პირდაპირ აგრძელებენ პირველი ორი საყვირის მოვლენებს, სადაც ლაპარაკი იყო "ხეთა მესამედზე", რომლებიც "დაიწვა", და "ზღვის მესამედზე", რომელიც სისხლი გახდა, ანუ უთითებენ ცისქვეშეთში მდებარე ქვეყნიერების იმ ბინადრებზე, რომლებიც ცდუნდნენ ეშმაკისგან და მთელ მსოფლიოს ცოდვის შხამიანი ღირებულებებით "არწყულებენ".
 
ხოლო რაკიღა ადამიანებს, რომლებიც ურწმუნოებაში იმყოფებიან და ცოდვებში იხრწნებიან, ვერაფრით "გაუსწორებიათ" წუთისოფლის ღირებულებები და სწავლებები, არამედ მსოფლიო "ოქროს ხბოს" ფერფლი საკუთარ თავში შეუსრუტავთ, - "ურიცხვი ხალხი ამოწყდება" არა მახვილისგან, შიმშილისგან და სნეულებებისგან, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი "სვამენ წყალს" უკეთური წყაროებიდან, რომელიც ადამიანთათვის მომაკვდინებელია.
 
ამასთან ქრისტეს ეკლესიას აქვს "მერას ძელი" (გამ. 15:23-26), ანუ უფლის ჯვრის ძალა (შეად. – 1 კორ. 1:18; გალატ. 6:14 და სხვა) - ამიტომაც "ძველი ქვეყნიერების დაწყევლილი წყალი" ქრისტიანებს ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს (როგორც ოდესღაც "მწარე წყალმა" რომელშიც ხბოს ფერფლი იყო გარეული, ვერ დააზიანა ლევიტელნი, რომლებიც ახალაღთქმისეული მღვდლობის წინასახე გახდა), შეად.:
 
"ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი" (მკ. 16:17-18).
 
ასე რომ, "ახალი ლევიტელნი" ახალი აღთქმის დამყარების დროიდან მწარე წყლებისგან აღარ კვდებიან, არამედ ესმით მომწოდებლის ხმა, იღვიძებენ ძილისგან, აღიჭურვებიან ჭეშმარიტების მახვილით და "ბანაკის კარიბჭესთან" ქრისტიანული სამსხვერპლო მსახურებისთვის დგებიან.

______________________


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому