აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეექვსე ბეჭედი: დიდი მიწისძვრა და ვარსკვლავთცვენა
(გამოცხ. 6:12-13)
"და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს" (გამოცხ. 6:12-13)
იმ ხილვებთან მიმართებაში, რომლებიც ეხსნებოდა იდუმალთმხილველს ზეციური წიგნის პირველი ხუთი ბეჭდის სახით, ღვთისმეტყველთა და კომენტატორთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს, - ასე რომ "ოთხი მხედრისა" და "საკურთხევლის ქვეშ მყოფ სულთა შემოსვის" შესახებ კომენტარები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მარტო დეტალებით, არამედ უფრო მნიშვნელოვანი გააზრებებითაც.
მაგრამ მოვლენები, რომლებიც აღწერილია "მეექვსე ბეჭდის" მოხსნის შემდეგ, კომენტატორთა უმრავლესობას ერთი და იმავე აზრით ესმის, - და მათში ხედავენ "ზეციურ ნიშნებს", რომლებიც შეესაბამებიან გლობალურ "მიწიერ" კატაკლიზმებს, რომელიც ძველი სამყაროს აღსასრულის წინ დადგება.
რა თქმა უნდა, გამოცხადების 6:12-17 მუხლების ბუკვალური "წაკითხვის" სრული უარყოფა არასწორი იქნებოდა: უკანასკნელ დღეთა მოვლენები მართლაც ვარაუდობენ მსოფლიო კატაკლიზმებსაც, და მეტსაც, რისი მსგავსების მოტანა შეუძლებელია. და, მიუხედავად ამისა, გლობალურ კრებით მნიშვნელობათა შუქზე, რაც გამოცხადების წიგნისთვის არის დამახასიათებელი, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ მეექვსე ბეჭდის ქვეშ აღწერილია არა იმდენად ძველი სამყაროს ბუკვალური დანგრევის სუფათი, რამდენადაც წინასწარმეტყველური სიმბოლოები, რომლებიც წარმოადგენენ ახალი აღთქმის დროთა მთელ სისავსეს (ანუ იმ სულიერ ნიშნებს, რომლებიც მთელ "ბოლო ჟამს" ეხება, - და რომლებიც უფლის მრისხანების უკანასკნელ დღეს არსაიდან კი არ აღმოცენდებიან, არამედ მიაღწევენ წინასწარმეტყველურ სისრულეს და აზრობრივ კულმინაციას).
ასე, მაგალითად, იოველის წინასწარმეტყველების წიგნში "მზის დაბნელება" და "სისხლიანი მთვარე" წარმოადგენენ ნიშნებს, რომლებიც მოწმობენ ახალი აღთქმის დადგომას და დამტკიცებას (ანუ ამგვარი მოვლენებით ახალაღთქმისეული დროება კი არ მთავრდება, არამედ იწყება, შეად. - იოველი 20:10; 2:30-31).
მოციქული პეტრეც სულთმოფენობის დღეს სწორედ ამ აზრით განმარტავს იოველის წინასწარმეტყველებას (ანუ ციურ მნათობთა ნიშნებს წარმოაჩენს "აწმყოს" და არა "მომავლის" მოვლენად), შეად.:
"არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ: "და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება"" (საქმე. 2:16-21).
რაც შეეხება "ნათლის დაბნელებას", რომელიც ურჯულოთათვის "ჩაქრება" (ეს. 5:26-30; 13:10-13; მიქა 3:5-6 და სხვა), - მსგავსი მოვლენა ასევე აღწერს ყველა ახალაღთქმისეულ დროთა სულიერ რეალობას (და არა მარტო ძველი სამყაროს უკანასკნელ დროებას), შეად.:
"აღუმართავს დროშას შორეულ ხალხებს, ქვეყნის კიდიდან მოუხმობს მათ და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება. ... დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება ... " (ეს. 5:26, 30).
"ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ" (მიქა. 3:5-6).
ამავე აზრით (როგორც სამყაროს სულიერ რყევათა ნიშანი ახალი აღთქმის დამყარებისას) იხსნება ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებთან "სისხლიანი მთვარის" სახე, - რადგან მთვარის "ჩვეულებრივი" ნათება, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველური სიმბოლოა, კაცობრიობას "ნათელი დღის" სახედ როდი მიეცა, არამედ "ღამის განმგებლად" (დაბ. 1:16), ანუ მხოლოდ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყნიერება ელოდა ქრისტეს და მაცხოვარს.
(ასე, მაგალითად, ძველაღთქმისეული პასექი გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობაზე აღსრულდებოდა, რაც დროის (სეზონის) ცვლილების სიმბოლოს მეშვეობით უთითებდა "ძველაღთქმისეული ზამთრის" დასრულებაზე, და სავსემთვარეობის სახით - დროის იმ მოკლე მომენტზე, როდესაც მისი ნათელი თავის მაქსიმუმს აღწევდა. მაგრამ პირველი (ძველი) აღთქმის "მანათობელი შესაძლებლობები" ამით ამოიწურებოდა: ამომავალი მზის ნათელს უდავო უპირატესობა აქვს მთვარის ნათების წინაშე (ინ. 12:46; ლკ. 1:78), - ასე რომ განათებული ცისკრის ცაზე მთვარის ნათება უბრალოდ ცაში ითქვიფება.
მეტიც, დღეს კაცობრიობისთვის ცნობილია, რომ მთვარეს "საკუთარი" ნათელი არ გააჩნია, და მზის ნათელს ირეკლავს, - და ამ ვითარებას ორი აღთქმის სიმბოლიკის კონტექსტში ასევე მეტაფორული სახარებისეული აზრი გააჩნია).
მაგრამ ყველაზე მთავარი, - იმის შემდეგაც კი, რაც მთვარე "გარდაიქცევა სისხლად" (იოველ 2:31; საქმე 2:20), ის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველურ სიმბოლოდ დარჩება. უბრალოდ ახალაღთქმისეულ დროში მასში უკვე აღარ აირეკლება საღმრთო ნათელი (რადგან "ნათელ დღეს" ეს არ ხდება), - არამედ ამასთან გამოვლინდება "სისხლის ბრალეულობა" (რომელსაც ძველი აღთქმის რჯულით უცილობლივ ატარებს ყველა, ვინც უარყოფს ქრისტე მაცხოვარს, შეად. - ეს. 1:18):
"რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას" (ლკ. 11:50-51).
(სიტყვამ მოიტანა და "სისხლიანი მთვარე" შეიძლება დღესაც ვნახოთ, (იხ. ფოტო ქვემოთ). უბრალოდ, ურწმუნო მსოფლიო, რომელიც ბრმაა და ყრუა ნებისმიერ ზეციურ მოწმობათა მიმართ, მსგავს ნიშნებს "ბუნებრივ ასტრონომიულ მოვლენებად" მიიჩნევს).
სუპერმთვარეობა და "სისხლიანი მთვარე", ფოტო გადაღებულია 2018 წელს (ღია, ინტერნეტ წყაროებიდან).
აი, როგორ აღწერს ახალი აღთქმის ნიშნებს წინასწარმეტყველი ესაია (თანაც ის ამავდროულად იუწყება "დიდ მიწისძვრასაც", რომლისგანაც იწყება "მეექვსე ბეჭდის" პანორამები და, რომელსაც ასევე ნიშანდობლივი ახალაღთქმისეული აზრი გააჩნია):
"შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო! შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება. ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება. მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან. მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას" (ეს. 24:17-23, შეად.: გამოცხ. 4:8-11; 5:8-10).
ესაიას წიგნის იგივე ნაწყვეტი ირიბად ადასტურებს იმის შესახებ, რომ "ზეციურ ვარსკვლავებად", რომლებიც სამყაროს ახალაღთქმისეული რყევის დროს "დედამიწაზე ჩამოიყარნენ", ბუკვალურად ზეციური მნათობები კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ ანგელოზები, რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს თავიანთი ღირსება და გადმოგდებულ იქნენ ციდან (ეს. 24:21-22, შეად. – 2 პეტ. 2:4; იუდ. 1:6; გამოცხ. 12:4 და სხვა.).
ხოლო რადგან გამოცხ. 6:13 მიმართავს ლეღვის სიმბოლოსაც, - მოწმობა "დაცვენილ ვარსკვლავებზე" ნაწილობრივ ადამიანებსაც ეხება. თანაც ლაპარაკია არა ვინმე აბსტრაქტულ ადამიანებზე, არამედ "აბრაამის თესლზე", რომლებიც, მოწოდებულნი იყვნენ რა "ზეციურ ვარსკვლავთა" სამეფო დიდებისკენ (დან. 12:3), განუდგნენ რწმენას და აღთქმას, რის შედეგადაც მოუმწიფებელი ლეღვივით უნაყოფოდ "დაეყარნენ" მიწაზე (რათა შემდეგში ერთად იქნენ შეკრებილ დაცემულ ანგელოზებთან ერთად "დილეგში" და "კლიტულებში გამომწყვდეულნი" დაისაჯონ (ეს. 24:22).
სწორედ ამ მნიშვნელობებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ანდრია კესარიელიც:
"ლეღვის ხის სიმბოლოც იმის გამოხატვას ემსახურება, რომ ღვთის მადლითა და განსაცდელთა სიცხით დაუტკბობელი, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ლეღვის ხის ნაყოფები საშინელი დემონური ქარისგან ირყევა და ცვივა. ლეღვი გაიგება ორი მნიშვნელობით - კეთილით და ცუდით. ასე, შეიძლება ეს დავასკვნათ "ლეღვის ორი კალათისგან", რომელიც ეჩვენა იერემიას (24:1-2), და ლეღვის ხისგან, რომელიც გახმა ქრისტეს სიტყვისგან (მთ. 21:19; მკ. 11:13-14) და "ყვავილის გამოღებისგან" ქებათა ქების წიგნში (2:13).
რაც შეეხება დანარჩენ სიმბოლოებს, რომლებიც მეექვსე ბეჭდის მოხსნისას გამოვლინდა, - "დიდი მიწისძვრა" აღწერს როგორც მიწიერი, ასევე უხორცო ძალების კარდინალურ რყევებს, რომელმაც ახალი აღთქმის დამტკიცების შემდეგ "მთელი სამყაროს "სულიერი ლანდშაფტი" შეცვალა.
მზე, რომელიც "ძაძით არის შემოსილი" (ანუ ჯვალოს მიწიერი, უხეში შესამოსელით (ეს. 50:3) და სხვა), მოწმობს ძველი სამყაროს ცოდვებსა და ურჯულოებაზე, რომლებიც "სიმართლის მზის" ახალაღთქმისეული ხელთუქმნელი ნათლის შუქზე აშკარავდებიან (მალ. 4:2). თანაც, ერთი შეხედვით ასეთი სიმბოლიზმი შეიძლება ალოგიკურადაც მოგვეჩვენოს, რადგან "სიმართლის მზედ" წმ. წერილში თვით უფალი იწოდება (გამოცხ. 1:16), ხოლო ახალაღთქმისეული დროება წარმოდგენილია "მზიანი დღით", როდესაც მზე ჯერაც "არ დაბნელებულა", არამედ მთელი ძალით ბრწყინავს (შეად. – 2 პეტ. 1:19; 1 ინ. 2:8 და სხვა).
მაგრამ სახარება და სახარებისეული ჭეშმარიტებები სხვადასხვა ადამიანების მიერ სრულად სხვადასხვანაირად აღიქმებიან, და ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ნათქვამია, სხვადასხვა გემო და სუნი გააჩნიათ (2 კორინთ. 2:15-16), - ამიტომაც, "სიმართლის მზე" ახალ აღთქმაში ნათლად მხოლოდ მართალთათვის გამოიყურება, ხოლო უკეთურთა და ურჯულოთა თვალში ასეთი "სულიერი მზე" სულ უფრო და უფრო დამუქდება, სანამ მათთვის სრულ სიბნელედ არ გადაიქცევა (ამოს. 5:18-20; სოფ. 1:15-16 და სხვა).
(ანდრია კესარიელი: "მზის გაშავება და მთვარის სისხლივით გაწითლება იმ ადამიანების სულიერ სიბნელეს გამოხატავს, რომელთაც ღვთის რისხვა ეწევათ").
გარდა ამისა, რადგან "ჯვალო", რომელსაც ედრება მზე, წარმოადგენს "ძაძას", ხოლო "ძაძა" ჭირვების, გლოვისა და სინანულის გამოხატულებაა (3 მეფ. 21:27; 4 მეფ. 19:1-2; ნეემ. 9:1; ფსალმ. 34:13; იოველ 1:13), — ამ სიმბოლოში მონიშნულია ის ერთადერთი სწორი შინაგანი სინანულისებრი განწყობა, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მოისმინოს და მიიღოს ახალაღთქმისეუილ ქადაგება, რომელიც მომდინარეობს "სიმართლის მზისგან".
ხოლო მთვარე, რომელიც "სისხლივით იქმნა", იმ ვითარებაზე უთითებს, რომ პირველი აღთქმის სულიერი საფუძვლები შეუქცევადად დაძველდა, თანაც ისე, რომ მათზე დაყრდნობილები საკუთარ თავზე იღებენ სისხლის მთელ ბრალეულობას (და პირველ რიგში - მაცხოვრის სისხლის დაღვრისას, (ინ. 3:19; მთ. 27:25; საქმე. 2:36; 1 კორ. 2:8)).
ასე რომ მეექვსე ბეჭდის ქვეს იხსნება არა მარტო და არა იმდენად უკანასკნელ დღეთა გლობალური მსოფლიო კატაკლიზმები, - რამდენადაც მსოფლიო ნიშნები, რომლებიც ახალაღთქმისეული სულიერი სიმბოლოების სახით იყვნენ და რჩებიან აქტუალურებად "ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა".
______________________