განმარტება - აპოკალიფსისის მეორე საყვირი: ცეცხლოვანი მთის გადმოვარდნა და სისხლადქცეული ზღვა (გამოცხ. 8:8-9) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეორე საყვირი:
 
ცეცხლოვანი მთის გადმოვარდნა და სისხლადქცეული ზღვა

(გამოცხ. 8:8-9)
ანგელოზი პირველი საყვირით ხელში
"მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა" (გამოცხ. 8:8-9)
 
 
ის, რაც (ან "ვინაც") ჩავარდა ზღვაში, რის შედეგადაც ზღვის მესამედი "სისხლად იქცა", წააგავს უბედურებას, მაგრამ ბუკვალური აზრით უბედურებას არ წარმოადგენს (შეად. – "თითქოს უზარმაზარი მთა" (გამოცხ. 8:8)), - ასე რომ ამგვარი მოვლენის ბუკვალური ახსნის მცდელობა, თითქოსდა დედამიწაზე "ტუნგუსკის მეტეორიტის" მსგავსი ობიექტი უნდა ჩამოვარდეს სრულიად უსაფუძვლოა.
 
ხოლო თუ გავითვალისწინებტ, რომ ამ ჩამოვარდნის შედეგები გახლავთ არა გიგანტური ტალღები, რომლებიც წალეკავდნენ ქალაქებსა და ქვეყნებს, არა მილიონობით ტონა ქანებისა და ფერფლის ატმოსფეროში ატყორცნა, არამედ მესამედის დაღუპვა იმისგან, რაც ზღვაში ცხოვრობს და ცურავს (რაცბიბლიურ "ხმელეთს" არანაირად ეხება), - ამიტომ მეორე საყვირის გააზრების "მეტეორიტული" ვერსია კიდევ უფრო უსუსურად გამოიყურება.
 
გარდა ამისა, თუკი "ზღვაში" ბუკვალურად გავიგებთ დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებს, მაშინ მათი ნაწილობრივი გადაქცევა სისხლად ასევე ბუკვალურად უნდა გავიგოთ. ასეთი მოვლენა კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ზედაპირის 20%-ზე მეტი (ანუ წყლით დაფარული მისი ზედაპირის მესამედი) ბუკვალურად სისხლით უნდა აივსოს საშუალოდ 3,5 კმ სიღრმეზე (ასეთია მსოფლიო ოკეანის საშუალო სიღრმე).
 
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოვლენის შესაძლებლობის გარჩევის აზრიც კი არ არსებობს იმ მიზეზით, რომ ნებისმიერი ადამიანური ფანტაზია, სურვილის შემთხვევაში, ამას შემოქმედის ყოვლისშემძლეობით ახსნის. აქედან გამომდინარე, მსგავს უბედურებაში ბიბლიური აზრის პოვნა მნიშვნელოვნად გართულდება.
 
მეტიც, ბუკვალური სისხლი, რომელიც დედამიწის ოკეანეებში ასეთი რაოდენობით გაჩნდება, სულ რამოდენიმე დღეში დაღუპავს ყოველ ცოცხალ ორგანიზმს (ყოველს, და არა მესამედს) არა მარტო ზღვაში, არამედ ხმელეთზეც. ასე რომ შემდგომი ზეციური საყვირები, ამგვარი სცენარის შემთხვევაში", აზრს კარგავენ, რადგან მათი შეგონების შემძლე ცოცხალი აღარავინ დარჩება.
 
რა თქმა უნდა, არსებობს ვერსიები, რომელთა ჩარჩოებში "დიდი მთა" აღიქმება შედარებითად, "ზღვა" - ბუკვალურად, ხოლო "სისხლი" - სიმბოლურად (მათ შორის, მსოფლიო ოკეანის მესამედი მიიღებს სისხლის ფერს, მაგრამ ნამდვილი სისხლი მასში არ იქნება). თუმცა, ასეთი განმარტებები არანაირად არიან დაკავშირებულნი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებთან, და არანაირად განმარტავენ ამგვარი მოვლენების საკმაოდ შერჩევით ხასიათს; ხოლო ერთიანი და დასაბუთებული მიდგომა შვიდივე საყვირის მოვლენებთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში, საერთოდ არ გვაქვს.
 
ახლა ყველაზე მთავარი, - ძნელი არ არის შევნიშნოთ, რომ გამონაკლისის გარეშე ყველა "ბუკვალური" ვერსია არაფერს განმარტავს. კერძოდ, როგორ გავიგოთ"სულდგმულთა მესამედის" დაღუპვა (რა ვუყოთ ე. წ. წყლის ორგანიზმებს, ანუ არასულდგმულ თევზებს, კიბოსნაირებს, მოლუსკებს და ა. შ.?) და კიდევ "ხომალდთა მესამედის" განადგურება (ზოგიერთი ხომალდი იმიტომ დაიღუპება, რომ ვერ გაცურავენ სისხლში, დანარჩენები კი გაცურავენ?)? ამ შემთხვევაში, ასეთი განმარტებები უცნაურად და უსისტემოდ გვეჩვენება, რომლებიც მხოლოდ ადამიანურ წარმოსახვაში არსებობენ.
 
ამასთან ადრე განთავსებულ პუბლიკაციებში საკმაოდ დეტალურად იყო განხილული, რომ ბიბლიური "მთები" სულიერ ხელისუფლებათა და ძალთა მყარ სიმბოლოს წარმოადგენს, - ხოლო "ზღვა" სამყაროს შექმნის დროს იწოდა წყლის შეკრებად, რომელიც იყო "მყარს ქვემოთ", ანუ სულიერი სამყაროს ცისქვეშეთი (დაბ. 1:9-10). ამიტომაც გამოცხადების მოწმობა "ზღვაში მთის ჩავარდნის" შესახებ ("დიდ მთაზე" ნათქვამია ἐβλήθη, ანუ ის თავისით კი არ ჩავარდა, არამედ "ჩაგდებულ იქნა") ნიშნავს, რომ ერთგვარმა ძალამ და ხელისუფლებამ დაკარგა თავისი ზეციური სტატუსი და ჩაგდებულ იქნა "წყლებში, რომლებიც არის მყარს ქვემოთ", შეად.:
 
"აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი. ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი" (იერ. 51:25-26).
 
ხოლო რადგან "დამღუპველი მთის" გადმოგდების შედეგები გახლავთ წყლების უკიდურესი სიბინძურე, რომლებიც მომენტალურად ივსებიან სისხლით და "უწმინდური გვამებით" (შეად.: ლევ. 11:29-47), - მსგავსი მოწმობა არ ტოვებს ეჭვსაც კი იმაში, რომ "უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე", არის უწმინდური და დამანგრეველი ძალი.
(ანდრია კესარიელი: "მთაში, მე ვფიქრობ, უნდა ვიგულისხმოთ ეშმაკი").
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მეორე საყვირის" ხილვაში აღწერილია დაცემული ქერუბიმის "ძალაუფლებრივი სტატუსისგან" ზეციური ტაძრის ახალაღთქმისეული განწმენდის ხატი, რის შედეგადაც ის ჩამოაგდეს მიწაზე. ხოლო ცისქვეშეთში მისი სამფლობელოს საზღვრები გახდა "სიკვდილის სამეფოს საზღვრები", შეად.:
 
"და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან" (ლკ. 10:18).
 
"რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!" (ზაქ. 4:7).
(სხვათა შორის, მაცხოვრის სიტყვები: "... თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე" (მთ. 21:21). - ეს მეტაფორა როდია, არამედ სიმბოლურად თქმული სულიერი ძალაუფლების შესახებ, რომელიც ქრისტიანებს აძლევს ძალას დედამიწაზევე დაამარცხონ ეშმაკი ისე, როგორც ის დამარცხებული იქნა ცაში, შეად.: 1 ინ. 2:13-14; იაკ. 4:7; გამოცხ. 12:10-11).
ამასთან საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ მე-4 ზეციური ხილვებისა და "მეორე საყვირის" მოვლენათა გათვალისწინებით, გამოცხადების წიგნის პანორამებში იგავურად ერთმანეთს უპირისპირდება ორი "ზღვა": ზეციური, რომელიც ახალი აღთქმის დროებაში წმიდაა, როგორც ძვირფასი კრისტალი, - და "ცისქვეშეთის ზღვა", რომელშიც გაიხსნა დანაშაულის სისხლი, ქვეყნიერების შექმნიდან რომ იღვრება (თანაც ზეციური ზღვიდან "მკვდარში" ჩაედინება ზეციური ტაძრიდან მომდინარე სიცოცხლის წყლის მდინარე, და იმ მხარეს, სადაც ის ჩაედინება, ცისქვეშეთის ზღვაში შესაძლებელია სიცოცხლე (ეზეკ. 47:1-12).
(ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში, ეშმაკის ციდან გადმოვარდნისთანავე, "ცისქვეშეთის ზღვის" სიბინძურის საზომი შორს იყო სისავსისგენ, ასე რომ იდუმალთმხილველი მის მხოლოდ "მესამედ" დასისხლიანებას ხედავს. მაგრამ, რადგან ურჯულოება და სისხლისღვრა "წუთისოფელში" გრძელდებოდა და გრძელდება დღემდე, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ქვეყნიერებისთვის სრული სულიერი კატასტროფით დასრულდება. მეტიც, ამ თვალსაზრისით, ორი პირველი საყვირი პირდაპირ კავშირში არიან ერთმანეთთან, რადგან პირველი საყვირის დროს სისხლი ეცემოდა ციდან, მაგრამ ჯერაც არ გამოვლენილიყო, ის გამოვლინდა მეორე საყვირის შემდგომ "და ზღვის მესამედი სისხლად იქცა" (გამოცხ. 8:8).
გარდა ამისა, ყველაზე ზოგადი აზრით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მეორე საყვირის დროს მიმდინარე ყველა მოვლენას გარკვეული მსგავსებები აკავშირებს ძველაღთქმისეულ გამოსვლასთან (როდესაც წინასწარმეტყველმა მოსემ ეგვიპტის მიწის მდინარეები სისხლად აქცია (გამ. 7:15-25). მაგრამ, რადგან გამოცხადების წიგნში "მთა, ცეცხლით მოლაპლაპე" ვარდება "ზღვაში" და არა "მდინარეებზე", - ეს ნიშნავს, რომ "სისხლიან დანაშაულს", რომელიც ეშმაკს ეკისრება, მასთან ერთად "ზღვის წყალთა" მესამედიც გაიზიარებს, რის შედეგადაც "ცისქვეშეთის ზღვა" მომაკვდინებელი გახდება "სულდგმულთათვის" და იმ "ხომალდთათვის", რომლებიც ამ "სისხლიან წყლებში" მოგზაურობას არას დაგიდევდნენ (ანუ იმ "ვაჭართათვის", რომლებიც ბნელეთის სამეფოსთან აწარმოებენ უსამართლო სულიერ ვაჭრობას, შეად.: "როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი" (ეზეკ. 27:33; გამოცხ. 18:17-18 და სხვა).
 
ამრიგად, თუკი პირველი საყვირის მოვლენებში განადგურებულ იქნა "ხმელეთის" მესამედი, მთელი ბალახი და ხეთა მესამედი ნაწილი (გამოცხ. 8:7), - მეორე საყვირის შემდეგ ზიანდება "ზღვის" მესამედი და ყველა მასში მობინადრე "სულდგმული". რადგან ზღვა და მიწა შესაქმის მესამე დღეს გაჩნდნენ, ხოლო "ზღვის ბინადარნი", რომლებიც "ქვეწარმავლებად" და "სულდგმულებად" იწოდნენ, გაჩნდნენ "მეხუთე დღეს" (დაბ. 1:9-10; 20-23), - სრულიად ცხადია, რომ პირველი ორი საყვირის მოვლენები განუწყვეტლად არიან დაკავშირებულნი მესამე და მეხუთე დღეების შესაქმის პანორამებთან.
______________________


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому