პუბლიკაციები - რომელია ყველაზე მომაკვდინებელი და უსაშინელესი ცოდვა ყველა ცოდვათა შორის? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რომელია ყველაზე მომაკვდინებელი და უსაშინელესი ცოდვა ყველა ცოდვათა შორის?
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
ზემოთ ხატზე: წინასწარმეტყველი იერემია.


წინა ოთხ სტატიაში (ლინკები იხ. ქვემოთ) ჩვენ განვიხილეთ ოთხი საშინელი და დიდი ცოდვა, რომელთა შესახებ ღმერთი წინასწარმეტყველ იერემიას პირით ამბობს, რომ ამ ცოდვებისთვის იუდეველები მკაცრად იქნებიან დასჯილნი.

ეს ცოდვებია:

კერპთაყვანისმცემლობა

სიძვა-მრუშობა

მიკერძოებული და ცრუ სასამართლო

პირმოთნეობა და სიცრუე

როდესაც იერემიას წიგნს კითხულობ ცხადი ხდება, რომ თანამედროვე საზოგადოება სულიერად ისევე სნეულია, როგორც ეს ძველაღთქმისეულ დროში იყო.

ისრაელის ყველა დანაშაულობა, ჩვენს დროშიც მეორდება და მათ სხვა ხალხებიც ჩადიან.

რა უნდა აკეთონ ადამიანებმა, თუკი ისინი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, ვნების ან უძლურების გამო ჩადიან ცოდვებს, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევენ საღმრთო შურისგებას?

წინასწარმეტყველ იერემიას მიერ, სულიწმიდა ამ კითხვას ასე პასუხობს: არსებითად, ამ ცოდვებისთვის სასჯელი მოიწევა ამათზე უარესი ცოდვის გამო - ეს ცოდვა კი არის მოუნანიებლობა. ეს არის სიჯიუტე და ადამიანური გულის გაქვავება ჩადენილ ცოდვებში.

"ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას. ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას..." (იერ. 13:9-10).

ასეთი მოუნანიებელი მდგომარეობა, გულქვაობა და სიჯიუტე - ყველა ცოდვაზე უარესი ცოდვაა.

ნებისმიერი ცოდვის შენანება შეიძლება, მაგრამ სიჯიუტეს, როგორც საცდურ ლოდს, ადამიანისთვის სიკვდილი მოაქვს, რადგან ის დარწმუნებულია, რომ არაფერი შეუცოდავს.

იუდეველთა მხილებისას უფალი ამბობს: "როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე. როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს! შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას? და მაინც ამბობ: "უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო". მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ "შემიცოდავსო"" (იერ. 2:32-36).

არსებითად, ღმერთი იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით ამბობს, რომ საშინელი მსჯავრი და შურისგება ელოდება იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ცოდვილებად და სულიერ სნეულებად არ მიიჩნევენ.

ეს ადამიანები აშკარა უსჯულოებაში ცხოვრობენ, არ იცავენ უფლის მცნებებს და სძაგთ ადამიანური ტრადიციული ღირებულებები, რომელთა გარეშე არც ოჯახი შეიძლება არსებობდეს, არც საზოგადოება, არც სახელმწიფო და ყოველივე ამასთან ერთად თავს ნორმალურ ადამიანებად მიიჩნევენ.

ისინი თავის გასამართლებლად ხშირად ამბობენ: "მე ვცხოვრობ ისე, როგორც ყველა...", "მე კი არ ვარ ცუდი, არამედ ცხოვრებაა ასეთი", "ყველა ასე იქცევა - და ეს ნორმალურია", "მარტო მე ხომ არ ვარ ასეთი, ყველა ასეთია" და ა. შ.

სოდომისა და გომორას მთელი მოსახლეობაც კი, ლოტის ოჯახის გარდა, ამტკიცებდა, რომ ისეთს არაფერს აშავებდნენ - უბრალოდ ცხოვრობდნენ ისე, როგორც ყველა.
საკუთარ სიმართლეში თავდაჯერებულობა და სიჯიუტე, საკუთარ მოუნანიებლობაში გახევებულობა, დარწმუნებულობა იმაში, რომ "მე არ ვცოდავ, უბრალოდ ასეთია ცხოვრება", - ეს მომაკვდინებელი მდგომარეობაა არა მარტო კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვისაც, რადგან არავის სურს შეგონება.

საკუთრივ, ამგვარი არსებობა და გამოუვალი მდგომარეობა ღმერთს მოუწოდებს იმისკენ, რათა მთელი სისრულით ჩაერიოს ადამიანთა და ხალხთა ცხოვრებაში, როდესაც მათი "წერტილოვანი" და ლოკალური შეგონებები უკვე შეუძლებელია.

ოდესღაც ისრაელის ისტორიაში, მსაჯულთა პერიოდში, უფალმა ლოკალურად შეაგონა უკეთურებისა და უსჯულოების მქმნელი ხალხი, და მორჩილებასა და სინანულში მოსაყვანად გაუგზავნა სხვადასხვა დამპყრობლები და სუპოსტატნი.

როდესაც მთელი საზოგადოება შეინანებდა თავის ცოდვებს, ადამიანები ცრემლით შესთხოვდნენ ღმერთს ცოდვათა მიტევებას, მაშინ უფალიც, ხედავდა რა ხალხის თავმდაბლობას, იხსნიდა მათ დამპყრობლებისა და მჩაგვრელებისგან.

მაგრამ წინასწარმეტყველ იერემიას დროს ისრაელი ხალხი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მსუბუქი ძალა და ნახევრად სასჯელები უძლური იყო ამ ერის გამოსასწორებლად.

ისრაელი ტერიტორიას ტერიტორიაზე კარგავდა, მტერი იპყრობდა ქალაქებს, იღუპებოდნენ ადამიანები, მაგრამ მეფე და ხალხი არა და არ აღიარებდნენ საკუთარ დანაშაულს და არ აპირებდნენ შეეწირათ ღმრთისთვის სინანულის მსხვერპლი.

ისინი არ უსმენდნენ თვით იერემიასაც, რომელიც მათ ამხელდა და ღმრთის შურისგებას უწინასწარმეტყველებდა.

გულის ასეთი გასასტიკება და მოუნანიებლობა ყველაზე სრული სასჯელის გარდამომწვევი ხდება.

ცხადია, რომ ისრაელსა და მის დედაქალაქ იერუსალემს რაღაც უსასტიკესი სასჯელი უნდა დატყდომოდათ თავს, რათა სხვებისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო:

"საფრთხობელად და სასტვენელად ვაქცევ ამ ქალაქს. ყოველი ჩამვლელი შეძრწუნდება და სტვენას მოჰყვება მისი ჭრილობების შემხედვარე" (იერ. 19:8).

ასეც მოხდა. იერემიას წინასწარმეტყველება ისრაელის მკაცრად დასჯასთან დაკავშირებით აღსრულდა და რჩეულმა ერმა მხოლოდ ბაბილონის ტყვეობაში შეინანა.

იმის შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი დაანგრია და იუდეველები სამოცდაათწლიან ტყვეობაში წაასხა, წინასწარმეტყველმა დანიელმა მთელი ერის სახელით ისრაელის ცოდვები აღიარა:

"ჩვენ შევცოდეთ და უკეთურება ჩავიდინეთ, ურჯულოდ ვიქცეოდით, ვჯიუტობდით და გადავუხვიეთ შენს მცნებებს და სამართალს. ყურს არ ვუგდებდით შენს მორჩილთ - წინასწარმეტყველთ, რომელნიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამა-პაპას და ქვეყნის ყველა ხალხს" (დანიელ. 9:5-6).

მხოლოდ უმძიმესი ტანჯვის შემდეგ შეიგნო ხალხმა თავისი ცოდვები და შეინანა, და როდესაც იუდეველები ტყვეობიდან იერუსალიმის ნანგრევებს დაუბრუნდნენ, მათ სამუდამოდ მიატოვეს კერპებისადმი მსახურება და მთელი სულით განეწყვნენ ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ.

მაგრამ ბაბილონის ტყვეობამდე, როგორც წინასწარმეტყველი იერემია მოწმ9ობს, ადამიანები ჯიუტად ამბობდნენ: "ჩვენ არ ვცოდავთ!"...

ასეთი სულიერი განწყობა არის სწორედ ადამიანის სულის სიკვდილი.

არსებითად, სულს ჰკლავს არა თვით ცოდვა, - არამედ მოუნანიებელი გულის გაქვავება და სინანულის არარსებობა.

________________________

მსგავსი პუბლიკაციები:


საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому