პუბლიკაციები - პირველი დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
პირველი დიდი ცოდვა, რომელიც ანგრევს ღმრთის ჩანაფიქრს ადამიანზე
და სამართლიანი შურისგებისკენ მოუწოდებს
წმ. იერემია წინასწარმეტყველი
ფოტოზე: წინასწარმეტყველი იერემია

ნაწილი პირველი
 
 
დიდი ცოდვები, რომლებშიც წინასწარმეტყველი იერემია ღმრთის სახელით იუდეველ ხალხს ამხელს, - ოთხია.
 
წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთს არ შეუძლია ისინი მიუტევოს მათ და დაუსჯელად დატოვოს, რომელი სასჯელებიც ასევე ოთხია: "მოვუვლენ მათ ოთხ რამეს, ამბობს უფალი: მახვილს - დასახოცად, ძაღლებს - დასაგლეჯად, ცის ფრინველებს და მიწის მხეცებს - შესაჭმელად და გასანადგურებლად" (იერ. 15:3).
 
პირველი ამაზრზენი ცოდვა - კერპთაყვანისმცემლობაა.
 
მაგრამ ამ ცოდვის არსი უფრო ღრმაა, ვიდრე გააკეთო კერპი და აღიარო ის საკუთარ ღმერთად; არსი იმაშია, რომ ადამიანები რაღაცას თაყვანს სცემენ ან პატივს მიაგებენ ღმერთზე მეტად.
 
სინამდვილეში, არა აქვს მნიშვნელობა, რას ან ვის დავაყენებთ ღმერთზე წინ: ძალაუფლებას თუ ფულს, სამშობლოს თუ ეროვნებას, უმაღლეს განათლებას თუ სამსახურს, საკუთარ შეყვარებულს თუ და-ძმას, მშობლებს თუ შვილებს, შინაურ ცხოველებს თუ საყვარელ კერძებს...
 
ცოდვა იმაშია, რომ რომელიმე ამ საგანთაგან ჩვენთან პირველ პლანზე დგება, ის პრიორიტეტული ხდება და ღმერთზე უფრო მნიშვნელოვან აზრს იძენს.
 
ცოდვა იმაშია, რომ მზად ვართ რომელიმე ამ საგანთაგანის სამსახურებლად ან მის მისაღწევად დავივიწყოთ ღმრთის მცნებები და ვიცხოვროთ მხოლოდ ამ საგნის ფლობის ვნებით შეპყრობილებმა, და ვემსახუროთ მას.
 
მაგრამ ადამიანი შემოქმედის ჩანაფიქრით ბედნიერი მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობაში იქნება და მაცოცხლებელ ძალეს მხოლოდ სიცოცხლის წყაროსგან იღებს. და თუკი ადამიანები მოინდომებენ ბედნიერების, სიხარულის და სიამტკბილობის მიღებას სხვა წყაროთაგან - ეს უკვე ცოდვაა.
 
ნახევრად უბედურებაა, როდესაც ადამიანი ბედნიერებას ღმერთს გარეთ ეძებს და როცა ვერ იპოვის კვლავ, როგორც უძღები შვილი უფალს უბრუნდება...
 
მაგრამ თუკი ადამიანი იპოვის ჭაობს და მას წმიდა წყაროს უწოდებს, წყაროს, რომელსაც ბედნიერება მოაქვს, - ეს უკვე უბედურებაა, რადგან ის ღმრთის წინააღმდეგ აშკარად სცოდავს.
 
როდესაც სიცრუეს უწოდებენ ჭეშმარიტებას, სიბინძურეს - სიწმიდედ მიიჩნევენ, ბოროტებას - სიკეთედ, სიძულვილს - სიყვარულად, ცოდვას კი - ბედნიერებად და სიტკბოებას, ადამიანები ამით საკუთარ თავზე სამართლიან რისხვას დაიტეხენ თავზე.
 
წინასწარმეტყველ იერემიას წიგნში ნათქვამია, რომ კერპთაყვანისმცემლობა იყოფა ორ სახეობად:
     
  • საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და საკუთარ თავზე დაიმედება;
  •  
  • იმედისა და სასოების დამყარება სხვა ადამიანებზე;
 
ღმერთი პირველი კატეგორიის კერპთაყვანისმცემლებს პასუხობს: თუკი თქვენ საკუთარ თავს ეიმედებით და არავინაა თქვენთვის შენიშვნის მომცემი, მაშინ თვითონ გადაარჩინეთ, დაიხსენით და დაიცავით საკუთარი თავი. მაშინ, ნუ ითხოვთ შემწეობას ღმრთისგან, როდესაც უბედურებები გეწვევათ.
 
თვითონ იხსენით თავი მიწისძვრებისგან და ცუნამებისგან, სნეულებებისა და სიკვდილისგან, ყაჩაღებისა და ათასგვარი მტრებისგან...
 
კაცობრიობის მთელი ისტორია აჭრელებულია მაგალითებით, როდესაც თავდაჯერებული ადამიანები ხვდებოდნენ საკუთარ უძლურებას და საკუთარ ძალებზე დაიმედების ამაოებას.
 
ისინი იწყებდნენ იმის შეგნებას, რომ სასჯელს ან განსაცდელს, რომელიც მათ და სხვა ადამიანებს მოუგზავნა ღმერთმა, თავიდან ვერ აიცილებენ.
 
არსებობს ძალა, რომელიც ნებისმიერ სხვა ძალას აღემატება. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს სტიქიურ უბედურებებს, სასიკვდილო სნეულებებს, სუპოსტატთა ურდოებს და ა. შ. მიუხედავად ამისა არიან ადამიანები, რომლებიც კადნიერად აცხადებენ, რომ შემძლენი არიან თავად გაუმკლავდნენ უბედურებას, თავად ძალუძთ საკუთარი თავის დახსნა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ.
 
ვაი ადამიანებს, ღმრთის შემწეობას რომ უარყოფენ, ამ თავიანთი შეცდომის აღიარებაც არ სურთ და დახმარებისთვის ღმერთს არ მოუწოდებენ.
 
კერპთაყვანისმცემლობის მეორე სახეობის მიმდევრებს, ანუ კაცთა მოიმედეთ უფალი ეუბნება: "დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს" (იერ. 17:5).
 
არსებითად, თუკი ადამიანები სხვა ადამიანთა დახმარების იმედად არიან - ისინი ასევე უარყოფენ ღმერთს, როგორც საკუთარი თავის მოიმედენი.
 
პატარა ბავშვს არ შეუძლია უარყოს ან გაწიოს თავისი მამის ხელი, რადგან ბავშვს ესმის, მამა მას მხარს უჭერს და იცავს, პირიქით, ის უფრო მჭიდროდ ეკვრის მამის ხელს და არ შორდება.
 
ამიტომ ძალიან სულელულრად გამოიყურებიან ისინი, ვინც უარყოფენ და განზე სწევენ ღმრთის შემწეობას.
 
უფალს სურს დაიცვას და აცხოვნოს ადამიანი; შეეწიოს მას ცხოვრებისეულ გზაზე და შეანარჩუნებინოს მას ადამიანობა და მოუპოვოს მარადიული ნეტარება. სხვა ადამიანებზე, კერძოდ: ექიმებზე, მკურნალებზე, მოსამსახურეებზე, მეცნიერებსა და სხვებზე დამყარებული სასოება,- ამაო, ფუჭი იმედია. მართალია, ღმერთს ნებავს, რათა ადამიანები შეეწეოდნენ ერთმანეთს, ემსახურებოდნენ ერთმანეთს, და ნორმალურ საზოგადოებაში ასეც ხდება, თვით უფალიც მოუწოდებს ადამიანს მოყვასის სიყვარულისკენ და მსახურებისკენ, მაგრამ ეს ღმრთის უარყოფის, მის დახმარებაზე უარის თქმის ხარჯზე როდი ხდება. და როდესაც ასე ხდება, ანუ უარყოფენ ღმერთს და სასოებენ მხოლოდ ადამიანს და ადამიანურ შესაძლებლობებს - ამპარტავნებასა და მედიდურობაში, მეტიც კერპთაყვანისმცემლობაშიც კი ვარდებიან.
 
განა შესაძლებელია ადამიანზე დაიმედება, თუკი მას თვითონ არ ძალუძს საკუთარი თავის მძიმე სნეუილებისგან, ან, მაგალითად, მიწისძვრისგან თუ რომელიმე სტიქიური უბედურებისგან თავის დაღწევა?
 
სხვა ადამიანებზე დაიმედების ასეთი გრძნობა იოლად ასახსნელია.
 
ჩვენ ვხედავთ ძლიერ, ძალაუფლების მქონე, ტალანტიან, ნიჭიერ, გონიერ ადამიანს და მასზე დაყრდნობა უფრო გვიადვილდება, ვიდრე უხილავ ღმერთზე. მაგრამ ეს ადამიანი დღეს არის, ხვალ კი - აღარ, დღეს ის ძლიერია, ხვალ კი - უძლური...
 
განა ადამიანის გულისცემა ადამიანზეა დამოკიდებული?
 
იმედი და სასოება უნდა გვქონდეს იმისა, ვის ხელშიც არის ჩვენი გული, ანუ - ადამიანის გულის შემოქმედისა.
 
იმედი და სასოება უნდა გვქონდეს იმისა, ვისაც ამ სამყაროში ყველა და ყველაფერი ემორჩილება: სტიქიები, ძალნი, ვითარებანი...
 
ამიტომაც კერპთაყვანისმცემლობა - ეს პირველი უდიდესი ცოდვაა, რომელიც არასოდეს რჩება სამართლიანი სასჯელის გარეშე.


 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому