განმარტება - რაში მდგომარეობს "მიწიდან ამომავალი მხეცის" მზაკვარება? (გამოცხ. 13:12-14) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რაში მდგომარეობს "მიწიდან ამომავალი მხეცის" მზაკვარება?

(გამოცხ. 13:12-14)
მხეცი ამომავალი მიწიდან
"ის მოქმედებს მის წინაშე პირველი მხეცის ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:7-10).
 
 
ღვთისმეტყველთა და კომენტატორთა უმეტესობა სიმბოლოებსა და მოვლენებს, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების 13:12-15 მუხლებში აღიქვამს, როგორც მოწმობას "ანტიქრისტეს განსაკუთრებულ დროებაზე", როდესაც მსოფლიოში მთელი ძალაუფლება ერთი ღმრთისმბრძოლი პიროვნების ხელში მოექცევა და, რომელიც მიეძალება ყოველგვარ ცოდვებსა და ბიწიერებას, პირდაპირ და არაორაზროვნად გამოაცხადებს თავს ღმერთად და სიკვდილის შიშით მოსთხოვს "მიწის მკვიდრთ" მიაგონ მას "პირადი" ღვთაებრივი პატივისცემა, შეად.:
 
"არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და საკუთარ თავს გაასაღებს ღმერთად" (2 თეს. 2:3-4).
(აშკარაა, რომ 2 თეს. 2:3-4-ის მტკიცებულების კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ "უკანასკნელი ანტიქრისტე", რადგან "ჩვეულებრივმა" ანტიქრისტეებმა ჯერ კიდევ მოციქულ იოანეს დროიდან დაიწყეს გამოჩენა და აცდუნებდნენ ადამიანებს მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში, მაგრამ მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო მესია იესუ ქრისტეს უარყოფა, და არა პრეტენზიები "პირად ღვთაებრიობაზე", შეად.: "... როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ... ვინ არის ცრუ, გარდა იმისა, ვინც უარყოფს, რომ იესუ არის ქრისტე? ისაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი" (1 ინ. 2:18-22)).
მაგრამ 13-ე თავის ბუკვალური მტკიცებულებანი და ის მნიშვნელობანი, რომლებიც განიხილებოდა მთელი წინა მსჯელობის განმავლობაში, შესაძლებლობას გვაძლევენ დავეჭვდეთ იმაში, რომ "მიწიდან ამომავალი მხეცი", რომელიც აღასრულებს "დიდ ნიშნებსა" და "სასწაულებს", ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს გაასაღებს შემოქმედად და უზენაეს ღმერთად.
(აქ უნდა შევნიშნოთ, რომ 2 თეს. 2:3-4-ის მტკიცებულება "საკუთარ თავს გაასაღებს ღმერთად" არ არის ტოლფარდი ფრაზისა "გამოაცხადებს საკუთარ თავს ღმერთად", რადგან ბერძნული სიტყვა ἀποδείκνυμι უპირველესად ნიშნავს "ჩვენებას", მეორე მნიშვნელობით - "წარმოადგინას" და "წარმოჩინებას". მხოლოდ მესამე მნიშვნელობა შეიძლება ნიშნავდეს "გამოცხადებას").
ასე, მაგალითად, თუკი არ მივყვებით ადრიდანვე ჩამოყალიბებულ "აპოკალიპტურ მოლოდინებს", და გამოცხადების წიგნის მოწმობათა და მნიშვნელობათა ჩარჩოებში დავრჩებით, შეიძლება შევნიშნოთ, რომ "მიწიდან ამომავალი მხეცი" არ ესწრაფვის "პირად" საღვთო პატივისცემას, არამედ მას მიზნადა აქვს დედამიწის ყველა მკვიდრს აიძულოს უკეთური თაყვანისცემა, რომლის ობიექტი იქნება "მხეცი, ამომავალი ზღვიდან" (გამოცხ. 13:12).
 
მეტიც, "დიდი ნიშნები", და მაცდუნებელი სასწაულები, რომელსაც იქმს "მიწიდან ამომავალი მხეცი", ძალიან მსგავს მიზანს ემსახურება, კერძოდ მთელი კაცობრიობა მიდრიკოს იმისკენ, რათა ადამიანებმა კერპად დაიდგან "ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:14). თანაც როდესაც ასეთი ხატება შექმნილია, "მიწიდან ამომავალი მხეცი" მასში შეიყვანს სულს, რათა ეს ხატება "გაცოცხლდეს" და კიდევ ერთი აქტიური მოქმედი პირი გახდეს მსოფლიო ახალაღთმისეული ბრძოლისა, სადაც მხეცი აიძულებს ყველას თაყვანი სცენ მას, - ხოლო ამ ყველაფრის მომწყობი "მიწიდან ამომავალი მხეცი" მიმდინარე მოვლენებისგან განზე დარჩება, ანუ ის არ გამოდის არც, როგორც ობიექტი და არც, როგორც სუბიექტი მის მიერ ორგანიზებული და შთაგონებული უკეთური თაყვანისცემისა (გამოცხ. 13:15).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "მიწიდან ამომავალ მხეცს" არა აქვს პრეტენზიები ურჩხულის ტახტზე, რომელიც "ზღვიდან ამომავალ მხეცს" გადაეცემა, და არავის სთავაზობს საკუთარ თავს თაყვანისცემის ობიექტად; ის არც ბრძოლას ეწევა წმინდანთა წინააღმდეგ, - ანუ მოირგებს "მეორეხარისხოვან როლს" და იმოქმედებს არა როგორც "ძალაუფლების მქონე", არამედ, როგორც მსახური "ზღვიდან ამომავალი მხეცისა".
 
ყველაზე არსებითი და მზაკვრული ასპექტი მისი უკეთური მისიისა მდგომარეობს იმაში, რომ მთელ თავის არცთუ მცირედ ძალას "მეორე მხეცი" წარმატებით გამოიყენებს იმისთვის, რათა "მიწის მკვიდრებმა" ბუკვალურად დაარღვიონ პირველი და მეორე მცნება, რომელიც ბრძანებს: "მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, ..." (გამ. 20:2-5; მეორე რჯლ. 5:6-9).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "ზღვიდან ამომავალი მხეცი", რომლის თაყვანისცემისკენ მიჰყავს მიწის მკვიდრნი "მეორე მხეცს", ჩნდება იმ წყლებიდან, რომლებიც "მიწის ქვეშაა").
თანაც ორი ფუძემდებლური მცნების გლობალური დარღვევისკენ კაცობრიობის "მიყვანის" ასპექტში მნიშვნელოვნად წარმოგვიდგება ის ვითარება, რომ რომელიღაც "ხელთქმნილი ხატება" "ზღვიდან ამომავალ მხეცთან" ერთად საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტი უნდა გახდეს. მას არ შექმნის თვით "მიწიდან ამომავალი მხეცი", თუმცა მას შეუძლია ქმნას "დიადი ნიშნები და სასწაულები" და "იმოქმედებს ... პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით" (პირველ მხეცს კი გადაეცა არა მარტო ურჩხულის საყდარი, არამედ მისი ძალა და ხელმწიფება), - ასე რომ "საკუთარი ხელით" ამა თუ იმ ხატების შექმნა მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
 
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მხეცის რეალურ მიზანს წარმოადგენს არა "ზღვიდან ამომავალი მხეცის" ხატება, როგორც ასეთი, არამედ "მიწის მკვიდრთა" ცდუნება, - სრულიად ლოგიკურია, რომ "მიწიდან ამომავალი მხეცი" მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს არა რომელიღაც უკეთური კერპის გასაკეთებლად, არამედ იმ პირობების შესაქმნელად, რომლის დროსაც ასეთ კერპს გააკეთებენ თვით ადამიანები (ცოტა სხვანაირი წაკითხვით, - შექმნის პირობებს, რათა მსგავსი კერპი თავიანთთვის "დაამზადოს" ყოველმა ადამიანმა). მეტიც, თუკი (და როდესაც) "მიწიდან ამომავალი მხეცი" მიაღწევს ამ მიზანს, - ის იქვე "ხელს იბანს" და "განზე გადის", რათა პირველი და მეორე მცნების დარღვევისთვის დანაშაულის მთელი სიმძიმე დააწვეს მათ, ვინც თვით ამზადებდა თავისთვის უკეთურ კერპს და თაყვანს სცემდა მას.
 
"როლების" მსგავსი გადანაწილება კი ნიშნავს, რომ გამოცხადების 13-ე თავში გახსნილი პანორამა არ შემოიფარგლება ძველი ქვეყნიერების ბოლო დღეებით, არამედ, სხვადასხვა პირობებსა და ვითარებებში, მთელი ახალაღთქმისეული დროების განმავლობაში მეორდება.
 
ასე, მაგალითად, რაღაც მსგავსი (დეტალებამდე სიზუსტით) მოხდა თითქმის 2000 წლის წინათ პონტოელი პილატეს სამსჯავროზე, შეად.:
 
"ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას! ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას! და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი" (მთ. 27:22-25).
 
"იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე! ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა. მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესუ" (ინ. 19:14-16).
(აქ შეიძლება შევნიშნოთ, რომ უსამართლო სამსჯავროს მონაწილეთა "როლების" შესაბამისად, რომლის შედეგადაც გაშვებულ იქნა ავაზაკი და ჯვარცმულ იქნა კაცობრიობის მაცხოვარი, "ზღვიდან ამომავალ მხეცს" შეესაბამება რომის იმპერია და კეისარი, ხოლო "მიწიდან ამომავალ მხეცს", რომელიც ჯერ არ ქმნის ნიშნებსა და სასწაულებს, მაგრამ მიწიერი ძალაუფლება გააჩნია, - პონტოელი პილატე, თუმცა მის გადამწყვეტ სიტყვას "ჯვარს ეცვას" წარმოთქვამს პირველი მხეცის ხატება, რომელიც პილატეს ქმედითი მონაწილეობის პირობებში თვით შექმნეს ურწმუნო იუდეველებმა.
 
მიუხედავად ამისა, რადგან ეს ესაა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არსებობს "ზღვიდან ამომავალი მხეცი" და არსებობს "მხეცი ამომავალი მიწიდან", და, რომ ასევე არსებობს "პირველი მხეცის ხატება", ამ საგანზე მსჯელობისას განხილული იქნება სხვა ბიბლიური ხატებები და მნიშვნელობები, - ამიტომაც დიდი თხოვნაა მოიკრიბოთ მოთმინება და არ იჩქაროთ საბოლოო დასკვნების გაკეთება!).
მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხეციდან თითოეული საკუთარი მეთოდებით იბრძვის ღმრთისა და ეკლესიის წინააღმდეგ, და ასევე საკუთარი სტატუსისთვის, - მათ გააჩნიათ მრავალი ნიშანი, რომლებიც მათთვის საერთოა, და რომლებიც მოწმობენ ამ პერსონაჟებზე, როგორც ერთი (სატანური) თესლიდან შობილებზე (დაბ. 3:15).
 
ჯერ-ერთი, კაცობრიობის წინააღმდეგ მებრძოლ ორივე უკეთურ პერონაჟს "მხეცები" ჰქვიათ, ანუ მათ გააჩნიათ მტაცებლური არსი და ბუნება, და ამასთან ეფუძნებიან კაცთმოძულე ეშმაკის ძალასა და ხელმწიფებას.
 
მეორეც, ორივე მხეცი ისე მოქმედებს, რათა "მიწის მკვიდრებმა" დაარღვიონ პირველი და მეორე მცნებები, ანუ თაყვანი სცენ ურჩხულს, პირველ მხეცს და "საკუთარი ხელით" დამზადებულ მის ხატებას (კერპს). მაგრამ თუკი პირველი მხეცი ადამიანებს კერპთაყვანისმცემლობისკენ მიაქცევს თავისი დიდი ძალაუფლების გამოვლინებით, ძალითა და ხელმწიფებით, ისე რომ საკუთარი მოჩვენებითი უძლურებით გაკვირვებული მიწის მკვიდრნი თაყვანს სცემენ მას და ურჩხულს, - "მიწიდან ამომავალი მხეცი", მისდევს რა იმავე მიზანს, მიმართავს მოტყუებას და ცდუნებას, თანაც ერთდროულად გამოიყენებს ძალაუფლებასაც, მლიქვნელობასაც, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვენა გრძნობებს, მისწრაფებებს, და ა. შ.
(სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიღაცას არ სურს ან მზად არ არის პირდაპირ თაყვანი სცეს ურჩხულს და "პირველ მხეცს", "მიწიდან ამომავალი მხეცი" ამგვარ ადამიანებს შეთავაზებს თვით "დაიხატონ" თავიანთთვის და საკუთარ თავში ის ხატება, რომელიც მზად არის დააკმაყოფილოს ადამიანური ვნებები და რომლისადმი მსახურება და თაყვანისცემა უფრო "მოხერხებულია").
და, მესამეც, ორივე მხეცს სრულიად ერთნაირი პირი აქვთ, რომლებიც ყველაზე ზოგადი აზრით მიეკუთვნებიან ურჩხულს და განახორციელებენ უკეთური, "ურჩხულისებრი" არსების ცრუ სიტყვას (შეად. გამოცხ. 13:5 – 13:11; გამოცხ. 13:2 – 13:12), რის შედეგადაც მთელი სისტემა, რომელიც საკუთარ თავში მოიცვს პირველი მხეცის "მსოფლიო ძალას" და მეორე მხეცის "მსოფლიო საცდურს", ასევე სიკვდილის მუქარას "მხეცის გაცოცხლებული ხატისას", პირველიდან ბოლო ნიშნამდე შთაგონებულია და მხარდაჭერას იღებს მიწაზე გადმოგდებული ურჩხულისგან (ანუ მომდინარეობს მისი საყდრიდან, და აღესრულება მისი ძალითა და ხელმწიფებით, ამიტომაც ემსახურება ფიზიკურ და სულიერ კაცთამკვლელობას (ინ. 8:44)).
 
ეს კი ნიშნავს, რომ გამოცხადების წიგნის 13-ე თავში აღწერილია საცდური, ცდუნება და მთელი ქვეყნიერების დამორჩილება "ორი მხეცისა და ამეტყველებული ხატების" ძალით, რომელთაგან თითოეული ასე თუ ისე წარმოადგენს თვით ეშმაკს (ურჩხულს). თანაც საკმაოდ რთული "თაყვანისცემათა გადამისამართება", როდესაც "ეშმაკის" ძალა და ხელმწიფება, რომელიც გადაეცა "ზღვიდან ამომავალ მხეცს", მიზეზი ხდება ურჩხულისა და თვით "ზღვიდან ამომავალი მხეცის" თაყვანისცემისა (გამოცხ. 13:3, 8); ხოლო "მიწიდან ამომავალი მხეცი" პროვოცირებას მოახდენს თაყვანი სცენ "ზღვიდან ამომავალ მხეცს" (გამოცხ. 13:12) და გააკეთონ მისი ხატება (კერპი) (გამოცხ. 13:14); ასევე ადამიანების მიერ დამზადებული ხატება "ზღვიდან ამომავალი მხეცისა", სიკვდილის მუქარით აიძულებს ყველას თაყვანი სცენ მას (გამოცხ. 13:15) - საბოლოოდ მიდის თვით ეშმაკის თაყვანისცემამდე.
 
მართალია, გამოცხადების 13-ე თავში აღწერილი მოვლენები, ხატებანი და მნიშვნელობები არცთუ იოლია მიუყენო ხილულ რეალობას, - "მხეცურ" ხატებაში აღწერილი მთელი პანორამა ყველაზე ზოგადი აზრით თავსდება მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლეს რამოდენიმე მტკიცებულებაში, კერძოდ:
 
"ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე" (1 ინ. 2:15-17).
 
ან რამოდენიმე სტროფში კორინთელთა მიმართ მოციქულ პავლეს ეპისტოლედან:
 
"ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი; სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე" (1 კორ. 7:29-31).
 
ხოლო მრავალრიცხოვანი, მაგრამ არცთუ აშკარა კავშირი "მხეცების ხატებებს" შორის გამოცხადების წიგნიდან და იმ პროცესებს შორის, რომლებიც ხილულ ქვეყნიერებაში ხდება, ბევრწილ განპირობებულია მით, რომ 13-ე თავის მოწმობანი აღწერენ ახალაღთქმისეული სულიერი ბრძოლის რეალობას არა ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანისთვის ჩვეული თხრობითი ლოგიკით, - არამედ აღთქმის ფიქალების დამტვრევის ბიბლიური ხატებების მიხედვით, რომლებიც მოსემ იმ ოქროს ხარის გამო დაამტვრია, რომელიც "საკუთარი ხელით" დაამზადა ფიცის მოღალატე ისრაელის ხალხმა, რათა ღვთაებრივი პატივი მიეგო და თაყვანი ეცა ხელთქმნილი კერპისთვის.
 
სწორედ ასეთი მნიშვნელობები წარმოადგენენ განმსაზღვრელს გამოცხადების წიგნის იმ სიმბოლოთათვის, რომლითაც მთავრდება 13-ე თავი, - და სწორედ ამ მნიშვნელობებს მიეძღვნება მომდევნო რამოდენიმე პუბლიკაციაც.


მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2025 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому