აპოკალიფსისი > განმარტება
ქალი, "რომელსაც ემოსა მზე, ... მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით"
(გამოცხ. 12:1-2)
12-ე თავამდე გამოცხადების წიგნის სიმბოლოები და ხილვები მნიშვნელოვანწილად გადადიოდა სიუჟეტიდან სიუჟეტში, - მოვლენათა განვითარების ლოგიკა კი ეფუძნებოდა იმ მნიშვნელობებსა და მოწმობებს, რომლებიც ადრე იყო აღწერილი.
ასე, მაგალითად, კრავის მიერ ზეციური წიგნიდან ბეჭდების ახსნა აგრძელებდა ზეციური კრების ხილვას, რომელშიც გამოჩენილი იყო ზეციური საყდარი, ოცდაოთხი მხცოვანი, ოთხი ცხოველი და ა. შ., რომელთა შორისაც აპოკალიფსისის იდუმალთმხილველს გამოეცხადა "კრავი, როგორც დაკლული".
ანგელოზები შვიდი საყვირით აგრძელებდა იმ მოვლენებს, რომლებიც ზეციურ წიგნთან იყვნენ დაკავშირებულნი და შვიდი ბეჭდით იყვნენ აღბეჭდილნი.
ხოლო ანგელოზის ხილვა გადაშლილი წიგნით ხელში (თ. 10) და ორი წინასწარმეტყველის მისია (თ. 11) აგრძელებდა მოწმობას "სამმაგი ვაების" შესახებ, რომელიც არწივ-ანგელოზმა იუწყა ბოლო სამი საყვირის წინ (გამოცხ. 8:13). თანაც მიუხედავად იმისა, რომ 10-ე და 11-ე თავებში მოხდა ერთგვარი "გადახვევა" სიმბოლოთა ერთიანი ხაზიდან - მეშვიდე საყვირის მოვლენებმა და "უკანასკნელმა ვაებამ" (გამოცხ. 11:14-19) გააერთიანა და შეაჯამა ყველა ადრინდელი მოწმობა და მიუთითა მაცხოვრის მეორედ მოსვლასა და უკანასკნელი დღის სამსჯავროზე.
ასე რომ 11-ე თავის ბოლოსთვის ზეციურ და მიწიერ მოვლენათა თანმიმდევრობა, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების წიგნში, მივიდა აზრობრივ და წინასწარმეტყველურ დასრულებამდე, ანუ დრო-ჟამის ბიბლიურ დაბოლოებამდე და ძველი სამყაროს საბოლოო დაცემამდე.
ხოლო რადგან უკანასკნელი დღის წინასწარმეტყველურ პანორამათა შემდეგ, რომლებიც აღწერილია 11-ე თავის დამამთავრებელ მუხლებში, თხრობა იმის შესახებ, თუ "რა უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1; 22:6), აუცილებელია დაიწყოს "თავიდან", - 12-ე თავის მოწმობანი უბრუნდებიან ახალაღთქმისეულ მოვლენათა დასაბამს, ხოლო იდუმალთმხილველს ის ეცხადება სიმბოლოებით, რომლებიც ამ მომენტამდე არ იყო ნახსენები.
(გამოცხადების წიგნისთვის "ახალ" წინასწარმეტყველურ სიმბოლოებს შეიძლება მივაკუთვნოთ "ქალიც, რომელსაც ემოსა მზე", და ღვთაებრივი ყრმაც, ასევე "ქალის გაქცევა უდაბნოში", გველ-დრაკონის სახე და ა. შ.).
გარდა ამისა, წინა თავებში არც ერთი ხილვა არ იწოდებოდა "ზეციურ ნიშნად" (შეად.: "და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში..." (გამოცხ. 12:1), - და ეს ვითარება ასევე მოწმობს გარკვეულ აზრობრივ დისტანციაზე 12-ე თავის წინასწარმეტყველურ პანორამებსა და იმ მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე იყო აღწერილი, თანაც გვთავაზობს "მზით შემოსილი ქალისა" და "მამრობითი სქესის ყრმის" სახე განვიხილოთ და აღვიქვათ განახლებული მზერით, ანუ როგორც იტყვიან "სუფთა ფურცლიდან".
"და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის ტკივილით გაწამებული" (გამოცხ. 12:1-2).
ქალის "დიადი ნიშანი", რომელსაც "მუცლად ეღო", და რომლისგანაც იღებს დასაბამს ზეციურ ხილვათა ახალი წყება, პირდაპირ არის დაკავშირებული კაცის ძის დიად ზეციურ ნიშანთან, რომელიც მათე მახარობლის მოწმობით მთელ სამყაროს დრო-ჟამის აღსასრულს გამოეცხადება. რადგან ყრმა, რომელსაც ელის დედაკაცი არის ის, ვინც ძველი სამყაროს ბოლო დღეებში ზიდან მოვა, რათა განიკითხოს ცოცხალნი და მკვდარნი (საქმე 17:31).
"და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაში; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე" (მთ. 24:30-31).
მაგრამ ბოლო ჟამს უფალი და მაცხოვარი ქვეყნიერებას გაეხსნება არა როგორც "უმწეო" ყრმა, - არამედ სრულყოფილი კაცი, რომელიც მეთაურობს ზეციურ მხედრობას და ზეციდან გადმოდის, როგორც "უფალი ... ბრძოლაში ძლევამოსილი" (შეად. - ფსალმ. 23:7-10), რომელიც თავისი საღმრთო დიდების ძალით არის შემოსილი, შეად.:
"ვიხილე გახსნილი ცა და, აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელიც იწოდება სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, რადგანაც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. ... ციური ლაშქარი მისდევდა, თეთრ ცხენებზე ამხედრებული და სპეტაკი და წმიდა ბისონით მოსილი. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი. ხოლო სამოსსა და თეძოზე აწერია მისი სახელი: მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი" (გამოცხ. 19:11-16).
შესაბამისად, უეჭველია, რომ ზეციურ ხილვაში ანუ "ქალში, რომელსაც ემოსა მზე", მინიშნებულია ქრისტეს მთელი ეკლესიის ამაღლებული და კრებითი სახე, რომელიც მას წარმოადგენს არა დროის რომელიმე კონკრეტულ მომენტში, არამედ "მთელი მისი ისტორიის განმავლობაში" (პროფ. ლოპუხინი). თანაც სწორედ ამ ხატების ზედროითი მნიშვნელობით აიხსნება ის არსებითი ვითარება, რომ ჯერ კიდევ ყრმის შობამდე (ანუ ჯერაც "მუცლად ყოფნისას") დედაკაცი წარდგება იდუმალთმხილველის წინაშე "დიდი მნათობის" ბრწყინვალებით, რომელიც მიუთითებს მის დიდებაზე უფალში, - ხოლო მთვარე, როგორც უფრო "მცირე" მნათობი, შექმნილი "ღამის განმგებლად" (დაბ. 1:16), იმყოფება მის ფერხთით, რითაც ეკლესიის უდიდეს სულიერ მდგომარეობაზე მიანიშნებს ყველა სხვა ქმნილებებთან შედარებით (შეად.: "რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა" (1 თესალონიკ. 5:5).
გარდა ამისა, "მზისა" და "მთვარის" ხატებანი უთითებენ ორ აღთქმაზე: ძველ აღთქმაზე, რომელიც მოქმედებდა "წინასწარმეტყველური ღამით", რითაც ის ემსგავსება მთვარეს, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ნათელი (ანუ ის ავლენს "მზისგან არეკლილ" ნათელს), - და ახალ აღთქმაზე, რომელიც იუწყა "წინასწარმეტყველურმა დღემ", განათებულმა "სიმართლის მზით", ანუ თვით მაცხოვრის ხელთუქმნელი ნათლით (შეად.: მალ. 4:2; 1 ინ. 2:7-8).
რაც შეეხება გვირგვინის თორმეტ ვარსკვლავს, რომელიც "მზით შემოსილ ქალს" თავზე ადგას, - წარმოადგენენ ისრაელის თორმეტი ტომის და ქრისტეს თორმეტი მოციქულის სიმბოლოს (ანუ 12 რიცხვით მიანიშნებენ ეკლესიის საფუძველს და მის ძველაღთქმისეულ და ახალაღთქმისეულ ისტორიას), ასევე მოწმობენ ქრისტეს ეკლესიის დიდების უპირატესობაზე, რომელიც აღემატება ისრაელის ძველაღთქმისეულ დიდებას (შეად.: იოსების ნიშანდობლივ სიზმარს გამოსვლათა წიგნიდან: გამ. 37:6-11), და თავისი სიდიადით აღემატება ყველა "ზეციურ მნათობს" გამონაკლისის გარეშე (შეად.: "მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე" (დან. 12:3), უფრო დეტალურად იხ. პუბლიკაცია "ზეციურ ვარსკვლავთა" ბიბლიური ხატების მნიშვნელობათა შესახებ).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდუმალთმხილველის მიერ ნანახი ზეციური ხატება ახალაღთქმისეული ეკლესიის კრებითი ერთობით ერთგვარად აღემატება დროს და შეუძლებელია უდანაკლისოდ იქნას გაყოფილი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ასე რომ ამ ხატებაში, როგორც "ერთ სხეულში" (ეფეს. 2:16) ერთდებიან ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი და მართალნი, ასევე იოანე ნათლისმცემელი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა მოციქულები, ახალი აღთქმის ყველა დროისა და ხალხის მოწამენი, და საერთოდ, ყველანი, ვისაც კი უყვარს ღმერთი და პატივს მიაგებს მას.
ამ ხატების "სიახლით" იმ ფორმებთან და პერსონაჟებთან შედარებით, რომლებიც წინა სიუჟეტებში იყო ნაჩვენები, გამოცხადების წიგნში გვეხსნება ყველაზე ამაღლებული ახალაღთქმისეული მოწმობანი, რომელთა შორისაც არის იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება.
და ეკლესიის ცხონების გზაც "დედაკაცის" სახით, რომელიც ძევს შვილთა შობის გზაზე მარადიული ცხოვრებისთვის (1 ტიმ. 2:15; ინ. 3:6; ეფეს. 5:8 და სხვა).
მეტიც, აქვე მოიაზრება ეკლესიის უდიადესი საიდუმლო, როგორც უფლისა და მაცხოვრის პატარძლისა, რადგან "რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. ... დიდია ეს საიდუმლო; ვამბობ ქრისტესთვის და ეკლესიისა" (ეფეს. 5:23, 32).
რა თქმა უნდა, ერთ ხილვაში დედის, პატარძლისა და "ქალიშვილის" შეერთება ფორმალური ლოგიკით მიუღებელია. მაგრამ ბიბლიური მნიშვნელობით ასეთი ერთიანობა მაცხოვარზე საკვირველი როდია, რომელიც იყო უადრეს მამამთავარ აბრაამისა (ინ. 8:58), ხოლო მეფე დავითს ის ერთდროულად შვილადაც და უფლადაც ეკუთვნის (მთ. 22:42-46); ან კიდევ ვიდრე ეს არის შეურევნელი და განუყოფელი ერთობა ღმრთის ძეში და კაცის ძეში ორი განსხვავებული ბუნებისა (მიწიერისა და ზეციერისა).
რაც შეეხება მოვლენებს, რომლებიც მოსდევს ქვეყნად საკვირველი ყრმის მოვლინებას (შეად.: ეს. 9:6), - 12-ე თავში ახალაღთქმისეული რეალობა აღწერილია გამოცხადების წიგნისთვის ახალ, ბიბლიურ სიმბოლოებში, რომელთა მეშვეობითაც იხსნება და ხაზი ესმება ყველაზე მნიშვნელოვან სახარებისეულ მოვლენებს.
ასე, მაგალითად, მოწმობაში იმის შესახებ, რომ ქალი "კიოდა მშობიარობის ტკივილებისგან", აღნიშნულია ცოდვით დაცემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი (შეად.: "... სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს..." (დაბ. 3:16). ამასთან სწორედ შემდეგ მოვლენილმა ღვთაებრივი ყრმის შობამ დაარღვია ცოდვით დაცემის წყევლა და განაღო კარი მისი ნეგატიური შედეგებისგან ყველას გასათავისუფლებლად, - ასე რომ ის "ტკივილები" და "ტანჯვა", რომელსაც განიცდის ახლა ახალაღთქმისეული ეკლესია, დაკავშირებულია უკვე არა შვილთა შობასთან ცოდვილ სამყაროში, რომელიც აღსავსეა ნაკლოვანებებითა და ტანჯვით, არამედ შვილთა შობასთან მარადიული ცხოვრებისთვის, რომელიც აღსავსეა სიხარულითა და საღმრთო კურთხევებით.
მაგრამ იმისთვის, რათა ყოველი ასეთი შობა შედგეს, "დედაკაცს" ჭეშმარიტად დედობრივი ტკივილებისა და განცდების გადატანა უწევს. მშობიარობის ეს კივილები არ გახლავთ მაცხოვრის ჯვარცმის წინ მდგომი ქალწულ მარიამის სულიერი ტანჯვა, არც ებრაელი ხალხის ტანჯვა რომაელთაგან, არც სასტიკი ჰეროდეს მიერ ბეთლემელ ყრმათა მოწყვეტით გამოწვეული გოდება დედათა, არამედ ქრისტეანული ეკლესიის ტანჯვა და შრომაა, რომელსაც ის განიცდის (გალატ. 4:19) ყოველი ახალი წევრის შობისას, წარმართობიდან თუ მწვალებლობიდან ყოველი ცოდვილის მოქცევისას. ეს კივილი და ტანჯვა ეხება არა მარტო სამყაროს აღსასრულს, არამედ ქრისტეს ეკლესიის არსებობის მთელს პერიოდს, მის მთელს ისტორიას.
დედაკაცის საიდუმლო-სიმბოლური მნიშვნელობა მომდევნო მუხლებში ურჩხულთან მისი დაპირისპირებითაც ირკვევა. დედაკაცი, ეს არის ქრისტეს იდეალური ეკლესია. ღმრთის ნათლის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და მადლის მცველი დედამიწაზე. მას უპირისპირდება ურჩხული, ყოველგვარი სიკეთის, კაცთა ცხოვნებისა და ნეტარების მტერი (იხ. მომდევნო მუხლები: გამოცხ. 12:3-4).
(ანდრია კესარიელიც "დედაკაცის თესლისგან ნაშობთა" შესახებ შენიშნავს, რომ "ეკლესია სულიერად შობს მათ, ვისაც ამქვეყნად მოავლენს ტანჯვაში, მაგრამ არ წყვეტს ტანჯვას მათი მოსვლით, ვინც შვა").
ამის შესახებ მოწმობს მოც. პავლეც, რომელიც პირდაპირ ადარებს ქრისტიანულ მოძღვრობას დედობრივ შობას, ხოლო სულიერ შვილებზე ღვაწლსა და შრომას - დედობრივ ტანჯვას:
"შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე (გალატ. 4:19). ეკლესიას სტკივა ყოველი იმ ადამიანის გამო, რომლებიც ხელახლა უნდა იშნენ წყლიდან და სულიდან მანამ, როგორც მოციქულმა თქვა: "სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე" (გალატ. 4:19).
ამასთან, როგორც გამოცხადების წიგნის ყველა წინა ხილვასა და მოწმობაში, იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებულ წინასწარმეტყველურ სიმბოლოთა აზრობრივ მწვერვალს წარმოადგენს თვით მაცხოვარი, რომელიც 12-ე თავში ცხადდება არა როგორც სამსხვერპლო კრავი, არამედ როგორც ღვთაებრივი ყრმა და ძე კაცისა, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინა შობის გზით და "დედაკაცის თესლით" იმისთვის, რათა "გაუჭეჭყოს თავი ძველ გველს", ანუ თვით ეშმაკს (დაბ. 3:15).
რადგან დაბ. 3:15-ის თავდაპირველი განსაზღვრების შესაბამისად სწორედ ქალწულის მიერ ნაშობმა საკვირველმა ყრმამ შეცვალა მთელიკაცობრიობის სულიერი ადგილი და მდგომარეობა, - ის დედობრივი "ტკივილები", რომელთა შესახებაც მოწმობს იოანეს გამოცხადების 12-ე თავი, განპირობებული იყო არა მარტო პირვანდელი ცოდვით დაცემით, რომლის ერთ-ერთი შედეგი გახდა შვილთა დაბადება, არამედ კაცობრიობის მტანჯველი სურვილით "გათავისუფლებულიყო მშობიარობისგან" (ეს. 66:8), რათა დედობის სიხარულთან ერთად მიეღო ცოდვისა და სიკვდილის ძალაუფლებისგან გათავისუფლებაც და მოეპოვებინა მარადიული ცხონება და სიხარული.
(ამ კონტექსტში შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "ქალის" მდგომარეობა, რომელიც განიცდის არა იმდენად "ფიზიკურ" ტკივილს, რამდენადაც "წინასწარმეტყველურ სალმობასა და ტკივილებს", ზუსტად შეესაბამება გამოცხ. 5:4-5-ში კრავის მოლოდინის პანორამებს, როდესაც ახალაღთქმისეული მოვლენების კარიბჭესთან მოც. იოანე "ბევრს ტიროდა" ერთგვარი გამოუვალობის გამო, რომელიც შესაგრძნობი იყო თვით ზეციურ ტაძარშიც).
თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.