Перейти к контенту

ანტიერეტიკონი - სულის მახვილი - 2 - II. საეკლესიო კრებების შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
 
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
ქრისტეს წმიდა ეკლესია


II. საეკლესიო კრებების შესახებ

ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.

 
მართლმადიდებლური მრწამსი და მისი საფუძველი წმიდა წერილში

მსოფლიო საეკლესიო კრებებზე წმიდა მამებს არაფერი ახალი არ უქადაგიათ. ისინი ქადაგებდნენ იმავეს, რასაც ასწავლიდნენ უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და მოციქულები, მათ არ შეუთხზავთ დოგმატები, არამედ მზა სწავლებებს იღებდნენ წმიდა წერილიდან.
 
სანიმუშოდ ავიღოთ ორი მაგალითი სარწმუნოების სიმბოლოდან:
 
სარწმუნოების სიმბოლოში ("მრწამსში") მოცემული დოგმატები, არა მარტო აღებულია წმიდა წერილიდან, არამედ თვით სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი გადმოცემულია სიტყვებით, რომლებიც ახალაღთქმისეული წერილიდან არის ნასესხები. განვიხილოთ ეს უფრო დეტალურად.
 
 
მრწამსის 1-ლი წევრი ასე იკითხება:
 
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
 
აქ ლაპარაკია წმიდა სამების პირველ პირზე, მამა ღმერთზე. თავის მამას ქრისტე მაცხოვარი თვითონვე უწოდებდა ღმერთს (ინ. 3:16 შეად. ინ. 17:1-2). მანვე უწოდა მამას ერთი (ინ. 17:3), ყოვლისმპყრობელი (კოლ. 11:6-17), შემოქმედი (მთ. 19:4; შეად. დაბ. 1:27; მკ. 10:6).
 
მოციქულებიც წმიდა სამების პირველ პირს მამა ღმერთს უწოდებდნენ (რომ. 1:4; 2 კორ. 1:3), ასევე უწოდებდნენ მას ერთს (1 კორ. 8:6; ეფეს. 4:6), რომელმაც შექმნა ცა და მიწა და, საერთოდ, ყველაფერი, რაც კი ქვეყანაზე არსებობს (საქმე 4:24; 17:24).
 
 
მრწამსის მე-2 წევრი:
 
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
 
ღმრთის ძედ უფალს უწოდებენ მთელი წმიდა წერილი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და თვით ქრისტე (ინ. 3:16; 17:1). მხოლოდშობილი უწოდა მან საკუთარ თავს (ინ. 3:16, 18). ასე უწოდებს მას წმიდა იოანე ღვთისმეტყველიც (ინ. 1:14, 18; 1 ინ. 4:9). შობილად უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ის იწოდება საკუთარი სიტყვების საფუძველზე (ინ. 17:5; 8:25).
 
გამოთქმა "ნათელი ნათლისაგან" აღებულია სიბრძნ. 7:26-დან (შეად. ლკ. 2:32; ინ. 1:4-9, 8:12; 1 ინ. 1:15 და სხვა). ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა - ეს სიტყვები მრწამსში ჩასმულია თვით იესუ ქრისტეს სწავლების საფუძველზე (ინ. 10:30; 14:9; მთ. 11:27). სიტყვები: რომლისაგან ყოველი შეიქმნა, წარმოადგენს სახარების შემოკლებულ სიტყვებს: ინ. 1:3-დან.

 
მრწამსის მე-3 წევრი:
 
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
 
სწავლება ქრისტეს განკაცებაზე ეფუძნება ქრისტესა და მახარობლების სწავლებას (ინ. 3:13; 4:38; 16:28; 3:17; 4:51); მთ. 1:20-23; ლკ. 1:30-31).
 
 
მრწამსის მე-4 წევრი:
 
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
 
სწავლება ჯვარცმაზე, ვნებაზე და დაფლვაზე აღებულია მთ. 16-ე და 17-ე თავებიდან, ასევე მკ. 14-ე და 15-ე თავებიდან, ლუკას სახარების 22-ე და 23-ე, ასევე იოანეს 18-ე და 19-ე თავებიდან.
 
 
მრწამსის მე-5 წევრი:
 
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
 
უფლის მკვდრეთით აღდგომაზე არაერთხელ ლაპარაკობდნენ: თვით მაცხოვარი (მთ. 16:21; 26:32; მკ. 14:28), მახარობლები (მკ. 16:9; ინ. 20:19-20) და მოციქულები (1 კორ. 15:3-5).
 
 
მრწამსის მე-6 წევრი:
 
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
 
ამაღლების შესახებ ლაპარაკობდნენ ქრისტე მაცხოვარი (ინ. 16:28) და მოციქულები (ეფეს. 4:10; ებრ. 8:1), ხოლო გამოთქმა მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, ბუკვალურად აღებულია ქრისტეს სიტყვებიდან: "ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ" (ლკ. 22:69).
 
 
მრწამსის მე-7 წევრი:
   
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
 
უფალ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, საყოველთაო სამსჯავროზე და უსასრულო სასუფეველზე მაცხოვარი არაერთხელ საუბრობდა (მთ. 24:27; 25:31-32, 46; ინ. 5:28-29).
 
 
მრწამსის მე-8 წევრი:
 
და სული წმიდა, უფალი ჭეშმარიტი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
 
სულიწმიდის ღვთაებრიობაზე და მის გამომავლობაზე მამა ღმერთისგან თვით უფალი იესუ ქრისტე (ინ. 15:26; 14:16-17) და მისი მოციქულები ასწავლიდნენ (საქმე 5:3-4). სულიწმიდა ღმერთად და უფლად იწოდება წმიდა წერილშივე. იხ.: (საქმე. 5:3-4; 2 კორ. 3:18).

 
მრწამსის მე-9 წევრი:
 
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
 
განსაზღვრებას ეკლესიის შესახებ კრებათა მამები ასევე გადმოსცემენ მის შესახებ იესუ ქრისტეს სწავლების საფუძველზე (მთ. 6:18; 28:20; 18:17; ინ. 15:5-6; შეად. ეფეს. 3:10; 1 ტიმ. 3:15 და სხვა). ის ერთია (ეფეს. 4:4-5); წმიდაა (ინ. 17:17-20; ეფეს. 5:25-37); კათოლიკეა (საყოველთაოა) (კოლ. 3:11); სამოციქულოა (ეფეს. 2:19-20). ნათლისღების შესახებ
 
 
მრწამსის 10-ე წევრი:
 
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
 
ნათლისღების შესახებ ლაპარაკობდნენ იესუ ქრისტე (ინ. 3:5; მკ. 16:16) და მოციქულები (საქმე 2:38 და მრავალი სხვა).
 
 
მრწამსის 11-ე წევრი:
 
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
 
მკვდრეთით აღდგომის შესახებ ასწავლიდნენ ქრისტე (ინ. 6:54; 5:25) და მოციქულები (1 კორ. 15:12-14:19-20).
 
 
მრწამსის 12-ე წევრი:
 
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
 
მარადიული სიცოცხლის შესახებ, რომელიც დადგება საყოველთაო აღდგომის შემდეგ იუწყებოდა ჩვენი მაცხოვარი (ლკ. 20:34-38).
 
კრებათა წმიდა მამებს სხვადასხვა კანონები შემოჰქონდათ არა თვითნებურად, არამედ ხელმძღვანელობდნენ ეკლესიის არსებითი საჭიროებებით და თანაც, არასოდეს ამკვიდრებდნენ ისეთ კანონს, რომელიც ღმრთის სიტყვის საწინააღმდეგო იქნებოდა. თავიანთი კანონები მათ სწორედ ღმრთის სიტყვას დააფუძნეს, და ამ საქმეში ისინი მისდევდნენ, როგორც ძველაღთქმისეული ეკლესიის, ასევე მოციქულთა მაგალითებს. კერძოდ, მოციქულმა პავლემ დააწესა, რომ ქალი მდუმარებაში უნდა სწავლობდეს და სხვებს არ უნდა ასწავლიდეს ეკლესიაში, ასევე არ უნდა ბატონობდეს ქმარზე (1 ტიმ. 2:11-12; 1 კორ. 14:35). არადა ეს კანონი არსად არ არის 4 სახარებაში. საკუთარი კანონებით ეკლესიის მოწესრიგების უფლება მოციქულებმა გადასცეს თავიანთ მემკვიდრეებსაც, რომლებიც, მოციქულების მაგალითით (საქმე 15) იკრიბებოდნენ მწვალებელთაგან ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის დასაცავად, რომლებიც რყვნიდნენ სწავლებას და ამის გამო, მათ წინააღმდეგ წმიდა მამები იღებდნენ კანონებს და განმარტავდნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების დოგმატებს, ასევე განამტკიცებდნენ ზნეობრიობას, საეკლესიო ღვთისმოსაობას და მმართველობას.
 
 
1) წმიდა წერილის ადგილთა მოკლე განმარტებები კრებებთან დაკავშირებით, რომელთაც ხშირად ამახინჯებენ მწვალებლები
 
 
მოციქულთა საქმენის 15-ე თავი მოგვითხრობს მოციქულთა კრებაზე.
 
განმარტება: იერუსალიმში შედგა კრება, სადაც მოციქულები და პრესვიტერები მთელ ეკლესიასთან ერთად (მ. 6-22) მსჯელობდნენ ისე, რომ ერისკაცებსაც ცოდნოდათ კრების დადგენილებათა საფუძვლები, ამიტომაც მიჰყვებოდნენ მას გონიერად და თავდაჯერებით. კრებაზე ჯერ სიტყვა აიღო მოციქულმა პეტრემ (მ. 7-11), შემდეგ მოციქულმა იაკობმა (13-21), მაგრამ დადგენილება მიიღო ყველამ და ეპისტოლე ანტიოქიელთა მიმართ დაიწერა მოციქულთა, პრესვიტერთა და ძმათა სახელით (22-23). ამ ეპისტოლეში შეხედულება ქრისტესკენ მოქცეულთა სავალდებულო წინადაცვეთის შესახებ უარყოფილია, როგორც არამოციქულებრივი ჩვეულება (24), -  კრების დადგენილება გადმოცემულია სიტყვებით: "მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია" (მ. 28-29).
 
რას ვსწავლობთ ამ ისტორიიდან? 1) სარწმუნოებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ბადებენ უთანხმოებას ცალკეულ ეკლესიებში, კრებითად წყდება; 2) იერუსალიმის კრებაზე მონაწილეობდნენ პრესვიტერებიც, ასე რომ კრებები შეიძლება შეიკრიბონ მოციქულთა მემკვიდრეების, ანუ ეპისკოპოსების და პრესვიტერების მიერაც ერისკაცთა მონაწილეობით; 3) კრების გადაწყვეტილება სულიწმიდის გადაწყვეტილებაა, რომელიც ჭეშმარიტებისკენ მიუძღვის ეკლესიის მოძღვართ.
 
აი, ის საფუძვლები, რომლის მიხედვითაც მსოფლიო კრებები ეკლესიის უმაღლეს ხილულ ძალაუფლებად უნდა მივიჩნიოთ და მათი დადგენილებები ქრისტიანთათვის სავალდებულო რწმენის კანონად. ამრიტად, მოციქულთა ეკლესიაში დასაბამი მიეცა კრებებს. საეკლესიო საქმეთა კრებითი განხილვების სხვა მაგალითები შეიძლება ვიპოვოთ მოციქულთა საქმეებში 1:15-26:1-5:8 და სხვა).
 
 
გამოცხ. 10:3-4. "და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.  და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ".
 
განმარტება: აქ ნაწინასწარმეტყველევია, რომ "ქუხილები" - მსოფლიო კრებებია; მათმა სარწმუნოებრივმა განსაზღვრებებმა გაიქუხეს და დღემდე ქუხან დედამიწის ოთხივ კიდეზე. იოანეს მათი (ქუხილთა) სიტყვები რომ ჩაეწერა, მაშინ შემდეგ კრებები აღარ იქნებოდა საჭირო. კრებათა განსაზღვრებები არავისთვის დაფარული არ არის, მაგრამ ვისაც აქვს ყურნი სმენად და არ ესმით, აქვთ თვალნი და ვერ ჰხედავენ (მთ. 13:14-15), იმას არც ესმის და არც აქვს სურვილი ესმოდეს ან იცოდეს ეს განსაზღვრებანი, არადა ეს კრებები დაწესებულია წმიდა წერილის მიერ და მათი განსაზღვრებანი წმიდა და დაურღვეველნი უნდა იყონ: საქმე 1:15-16; 6:1-2; 16:4.
 
 
იგავნი 9:1: "სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა".
 
განმარტება: "შვიდ ბოძში" უნდა ვიგულისხმოთ არა მარტო საიდუმლონი, არამედ მსოფლიო კრებათა რიცხვი. მართლმადიდებლური რწმენის საფუძველს წარმოადგენს სარწმუნოების აღსარება, რომელიც გამოთქვა მოციქულმა პეტრემ (მთ. 16:13-18). ეს აღსარება ზუსტად არის გამოხატული შვიდი მსოფლიო კრების განსაზღვრებებში. კრებითი დადგენილებები სავალდებულოა ყველა მორწმუნისთვის (საქმე 16:4), რადგან ისინი ღმრთის ნების თანხმიერია (საქმე 15:22).
 
 
2 ტიმ. 1:13. "სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესუში".
 
განმარტება: რა ვიგულისხმოთ მასულდგმულებელ სიტყვებში (სწავლებაში)? ჯანსაღი სწავლება უკვე მოცემულია მოციქულ ტიმოთეს მიერ (2 ტიმ. 3:14-15), ხოლო მისდიო ამ სწავლების ნიმუშს ეს უკვე სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა მოციქულთა მიერ გადმოცემული სწავლების ზუსტ, სანიმუშო გადმოცემას. აქედან იხილვება ის, რომ სამოციქულო ეკლესიაში არსბობდა სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა, რომელსაც უნდა მიჰყოლოდნენ სანიმუშო მქადაგებლები. ეს იყო ე. წ. სარწმუნოების სიმბოლო, რომელიც ჩვენს დღეებამდე შენარჩუნდა და თავის დასაბამს მოციქულთაგან იღებს (საქმე 15:2-4). ნიკეო-კონსტანტინოპოლის სიმბოლო მთლიანად გადმოცემულია ახალაღთქმისეული წერილის საფუძველზე, ასე, მაგალითად, 1-ლი წევრს ადასტურებენ: ინ. 3:16; 17:1-3; კოლას. 1:16-17 და სხვა; მე-2-ს - ინ. 3:8; 17:5; მე-3-ს - ინ. 3:13; 6:38 და ა. შ.
 
 
2) წმიდა წერილის ძირითადი ადგილები სწავლებაზე საეკლესიო კრებების შესახებ
 
საქმე. 1:15-16. "იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა ..."  
 
საქმე. 6:2-3. "მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება".
 
საქმე. 15:6-7. "მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ".
 
საქმე. 16:4. "ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები".
 
საქმე. 15:22, 28. "მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები... ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია".



გაგრძელება იქნება

გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
 
წყარო: azbyka.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому