სწავლანი > ანტიერეტიკონი
სულის მახვილი
სექტანტურ ცრუსწავლებათაგან თავდასაცავად
I. ქრისტეს ეკლესიის შესახებ
ავტორი: დეკ. იოანე სმოლინი.
შესავალი
"ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას" (იაკ. 5:19-20). "... მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტ. 3:15)
თითქოსდა მოციქულის ეს სიტყვები საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რათა მართლმადიდებელი ქრისტიანი მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყო მწვალებლურ ცდომილებებში გახლართულ და სულიერი წარწყმედის გზაზე მდგომ ახლობელ ადამიანთა დასახსნელად. მაგრამ სინამდვილე სხვას გვიჩვენებს: ზოგიერთ ჩვენგანს, შესაძლოა, აქვს სურვილი გადაარჩინოს სულიერად დაბნეული ძმა და როგორც ის, ასევე საკუთარი თავიც განამტკიცოს მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტებებში, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არცთუ დიდია და, მეტიც, თითქმის მიზერულია ჩვენში ამ ჭეშმარიტებათა ცოდნის მარაგი. ზოგჯერ კი არა თუ შეცდომილთა შეგონება და გადარჩენა არ ძალგვიძს, არამედ ნორმალური პასუხის გაცემაც კი არ შეგვიძლია ჩვენს სასოებასთან დაკავშირებით.
ეს ყველაფერი ჩვენში ხდება საკუთარ და ჩვენთვის ახლობელ ადამიანთა სულთა ხსნისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ეს დაუდევრობა უმთავრესად მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ცოტას ვშრომობთ საკუთარ თავზე ამ საქმესთან მიმართებაში. რაში უნდა მდგომარეობდეს ეს ღვაწლი? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უფლის მცნებათა აღსრულებაში, რომელიც შემოკლებით გამოხატულია მაცხოვრის სიტყვებში ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულში. შემდეგ, თვის უფალი ამბობდა: "წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ" (ინ. 5:39-40).
ამრიგად, ამგვარი სამართლიანი საყვედური რომ არ ვისმინოთ, ყოველდღიურად უნდა ჩავუღრმავდეთ სიცოცხლის სიტყვებს, წმიდა წერილის წიგნებს, რათა ღმრთის სიტყვის ცოდნა არ გაიფანტოს ჩვენი ცნობიერებიდან.
***
როგორც სარწმუნოების სიმბოლოშია ნათქვამი, სამოციქულო ეკლესიის ყველა წევრი თავიანთი საზოგადოების შიგნი იწოდებიან:
რჩეულებად: "პეტრე, მოციქული იესო ქრისტესი, პონტოსა და გალატიაში, კაპადოკიასა, ასიასა და ბითვინიაში განთესილ რჩეულ ხიზნებს" (1 პეტ. 1:1).
ქრისტიანებად: "მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ეკლესიაში და ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს; ასე რომ, მოწაფეებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები" (საქმე 11:26).
შედეგად, ამაოდ ისაკუთრებენ ამ სახელწოდებას ის თემები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც არ შედიან სამოციქულო ეკლესიის შემადგენლობაში, რომელიც ეფუძნება მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკვლებს და თვით უფალი ჰყავს ქვაკუთხედი ლოდი (ეფეს. 2:20).
ქრისტეს ეკლესია იწოდება საყოველთაოდ ანუ, რაც იგივეა, კათოლიკედ, რადგან ის შემოფარგლული არ არის არც ადგილით, არც დროით, არც ხალხით, არამედ საკუთარ თავში მოიცავს ყველა ადგილის, დროისა და ეროვნების ჭეშმარიტ მორწმუნეს:
"სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში" (კოლას. 3:11).
"და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მთ. 16:18).
ასეთ სულიერ კავშირს ან ყველა ხალხის მოწოდებას წარმოადგენს რწმენის ერთობა, ყველასთვის საზოგადო ღვთისმსახურება, ღმერთში ერთობა, იესუ ქრისტეს აღსარების ერთიანობა:
"ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესუს" (ებრ. 3:1).
გამართლების ერთობა, სასოების ერთობა:
"მან (იესუ ქრისტემ) გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით" (საქმე. 10:42-43).
ქრისტეს ეკლესია არ არის რაიმე ახალი დაწესება, რომელიც უეცრად გაჩნდა (როგორც, მაგალითად, ჩნდება სხვადასხვა სექტანტური "ევანგელისტური", "ბაპტისტური", "ორმოცდაათიანელური" და სხვა მათი მსგავსი თემები, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვიან თავიანთი ცრუ სწავლებებით), არამედ მარადიული, ზეგარდმო განსაზღვრული, და ამასთან სრულიად რჯულიერი და კანონიერი (ეფეს. 2:19-20).
ჭეშმარიტი ეკლესიის დაფუძნება, რომლის თავი არის თვით იესუ ქრისტე, ხდებოდა მოციქულთა და მათი მემკვიდრეების მეშვეობით.
"ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად" (საქმე. 16:4-5).
"დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესუა ქვაკუთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება უფალში წმიდა ტაძრად" (ეფეს. 2:20-21).
"მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი" (1 ტიმ. 3:15).
ეკლესია ერთია, როგორც "ერთია სხეული და ერთია სული, ... ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:4-5).
წმიდად: "გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა. ... მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით" (ინ. 17:17-19). წმიდა ეკლესია იარსებებს ქვეყნიერების აღსასრულამდე: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მთ. 16:18). "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:20).
"და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო" (ეფეს. 5:27).
სწორედ ეს ეკლესია შეიყვარა ღმერთმა:
"... ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის..." (ეფეს. 5:25).
მხოლოდ ამ ეკლესიის სწავლება და მოქმედებებია წმიდა: (ეფეს. 5:26-27). ამიტომაც, მარადიულ ნეტარებას რომ ეღირსოს ადამიანი, სწორედ ამ ეკლესიას უნდა ეკუთვნოდეს და სრულად მორჩილებდეს მას:
"თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მთ. 18:17).
ღმრთითდაწესებული ეკლესიისგან განდგომილნი ამავდროულად სხვებსაც აცდუნებენ, ცრუმოძღვრებად იწოდებიან და სულის დამღუპველ მწვალებლობებს ამკვიდრებენ:
"იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ... რადგან თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს შემეცნების წყალობით ამქვეყნიური ბილწებისგან განრისხებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრებიან და დაიძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია" (2 პეტ. 2:1-3; 2:20).
მოკლე განმარტება წმიდა წერილის ადგილებისა, რომელთაც ამახინჯებენ მწვალებლები
1) ეკლესიის შემადგენლობის შესახებ
"და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას" (მთ. 16:18)
განმარტება: "კლდეზე" დაშენებული ეკლესიის წევრი რომ იყო, უნდა იცავდე ყოველივეს, რაც უფლის მიერ არის ნამცნები - მთ. 28:20; ამაში უნდა განმტკიცებულიყო თვით "კლდეც", ანუ პეტრეც - ლკ. 22:32; ეკლესიის ნაგებობა სრული და რჯულიერი უნდა იყოს - ეფეს. 1:23; 2:20-22; და არა თვითნებური თავყრილობა - გამოცხ. 3:9.
"კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მთ. 18:19-20).
განმარტება: ეკლესია რომ არ შედგება 2 ან 3 კაცისგან, ეს ჩანს სახარებებიდან და ეპისტოლეებიდან. მაგ.: მთ. 18:16–18; 1 კორ. 12:28–29; ეფ. 4:11–12. იმისთვის, რათა შეკრებილებს ეკლესია ეწოდოთ, საკმარისი არ არის 2 ან 3 კაცი, არამედ საჭიროა ისინი აღასრულებდნენ ღმრთის სიტყვას: ინ. 15:4-7; ქრისტესთან შინაგანი ერთობა ეკლესიაში მიიღწევა: ეფეს. 1:22-23; 2:19-20; იმისთვის, რათა ჭეშმარიტი ეკლესიის კეთილი წევრი იყო, საჭიროა დაიცვა მის მოძღვართა სწავლებანი: მთ. 28:20; საქმე 16:4-5.
"სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესუ" (საქმე 13:23).
განმარტება: ღმერთმა აღთქმისამებრ მოავლინა მაცხოვარი იესუ (საქმე 2:30; რომ. 1:3). უფალმა იესუ ქრისტემ, ამაღლებამდე თავისი ეკლესია განუწყობელი როდი დატოვა, არამედ მასში მწყემსები და მოძღვრები დააწესა - ეფეს. 4:11-12, და აღუთქვა, რომ მათთან იქნებოდა აღსასრულამდე სოფლისა - მთ. 28:20.
"ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი" (1 პეტ. 2:9).
განმარტება: აქ მოციქული პეტრე ქრისტესადმი ყველა მორწმუნეს სამღვდელოებას უწოდებს არა იმ აზრით, როგორი აზრითაც ეკუთვნის ის ქრისტეს ეკლესიის მწყემსებს, არამედ იმ მნიშვნელობით, რომ მორწმუნეებსა და ეკლესიის საიდუმლოებებში განწმენდილებს აქვთ კადნიერება, ყოველმა თავისთვის, ღმრთის წინაშე სულიერად იმსახუროს, მსხვერპლად შეწიროს ლოცვა, მოწყალება, მადლობა, სული შემუსვრილი და გული დამდაბლებული, სხვადასხვა სათნოებები და ა. შ. - რომ. 12:1; 2 კორ. 6:4. ხოლო, საერთოდ, ეკლესიაში ყველა რომ ვერ იქნებიან მეფენი, მღვდელნი, მოძღვარნი და მასწავლებელნი, ამას ადასტურებს მოციქულ პავლეს ეპისტოლეები - 1 კორ. 12:28-29; ეფეს. 4:11-14.
"ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესუს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს" (1 კორინთ. 1:2).
განმარტება:. ღმრთის ეკლესია მარტო ერისკაცთაგან რომ არ შედგებოდა, ჩანს იმავე მოციქულ პავლეს ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ - 1 კორ. 12:28-29); ოღონდ ჭეშმარიტი ეკლესიის წევრები შეიძლება იყონ განწმენდილნი იესუ ქრისტეში - ინ. 17:18-20; ეფეს. 2:19-20. ხოლო ურჯულო თავყრილობები, რომლებიც უფლის ნების გარეშე იკრიბებიან, როგორც ჩანს, ამას იქმან უფლის სახელით, მაგრამ მისგანვე მოისმენენ: "რად მეუბნებით: უფალო, უფალო!.." (ლკ. 6:46; 2 ტიმ. 2:5).
"ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით" (ლევ. 26:12).
განმარტება: "თქვენ" – "ჩვენ" - იგულისხმება მთელი საზოგადოება, მაგალითად ქრისტიანები, შეად. 2 კორ. 6:16. ამ საზოგადოებაში არიან ღმრთის თანამომუშაკენი (მოძღვარნი) და ღმრთის ნიადაგი (მრევლი): 1 კორ. 3:9-11:16. ასეთ საზოგადოებას საფუძვლად აქვს თვით იესუ ქრისტე და მისი მოწესრიგება მიენდო მოციქულებს - ეფეს. 2:20-22. ის მრავალი წევრისგან არის შემდგარი - 1 კორ. 12:12-30.
"ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ. ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს" (ფსალმ. 136:8-9).
განმარტება: ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ აქ ლაპარაკია ბაბილონის სამეფოზე, და არა მოციქულთა მიერ დაფუძნებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე - მთ. 16:18, რომლის თავი არის თვით უფალი - ეფეს. 1:22-23.
136-ე ფსალმუნი გამოხატავს ებრაელთა მდგომარეობას ბაბილონური ტყვეობის პერიოდში, ხოლო მე-8-9 მუხლებში გამოთქმულია სურვილი, რათა ბაბილონელებს სამაგიერო მიეზღოთ ებრაელ ტყვეთადმი სასტიკი მოპყრობისათვის; ამიტომაც, არ არსებობს არანაირი საფუძველი ეს მუხლები განვაკუთვნოთ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
2) ქრისტეს ეკლესიის სისრულე
"და ყოველივე დაუმორჩილა მის ფერხთა ქვეშ და დაადგინა იგი ყველაფერზე — თავად ეკლესიისა, რომელიც მისი სხეულია, სისავსე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში" (ეფეს. 1:22-23).
განმარტება: როდესაც ეკლესიას ადარებს სხეულს, მოციქული ამ სხეულის თავად თვით ქრისტეს წარმოიდგენს, მაგრამ არა მარტო მის მართვასთან მიმართებაში, როგორც საზოგადოების თავისა, არამედ მთელი სხეულის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან მიმართებაშიც, რომელშიც არსებობს სხვადასხვა ნაწილები (ასოები) - ეფეს. 4:11-12.
ეკლესიის დაფუძნება წარმოებდა მოციქულთა და მათი მემკვიდრეების მეშვეობით - საქმე 16:4-5; ეფეს. 2:20-21; 1 ტიმ. 3:15; ტიტ. 3:5. იესუ ქრისტე, როგორც ეკლესიის თავი, თუმც აღავსებს ყოველივეს და მოქმედებს თავისი სხეულის ყოველი წევრის მიერ, მისი სისავსისთვის საჭიროა სხეული, ანუ ეკლესიაა (თავისი წევრებითურთ) და, რომელიც არის მისი უზენაესი სრულყოფილებების მატარებელი: 1 კორინთ. 12:12.
"ახლა კი იესუ ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით. ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა მდგარი ზღუდე" (ეფეს. 2:13-14).
განმარტება: წარმართობის ადრინდელი მდგომარეობის საწინააღმდეგოდ მოციქული გამოხატავს ეფესელთა იმდროინდელ მდგომარეობას და მის უმთავრეს თვისებად ღმერთთან სიახლოვეს წარმოაჩენს, შემდეგ კი მოციქული აჩვენებს, როგორი იყო მტრობა, რომელიც ასაზრდოვებდა წარმართებსა და იუდეველთ, და რომლებიც ორ შეურიგებელ მხარეს შეადგენდნენ - მთ. 15:26. ქრისტიანობაში შეერთებით, იუდეველებმა და წარმართებმა ერთი ნაგებობა შეადგინეს, რომელიც მოციქულთა საძირკველს ეყრდნობოდა და, რომლის ქვაკუთხედ ლოდს წარმოადგენდა იესუ ქრისტე. მთელი ეს ერთობა კი შეკრული იყო ერთი სულით - ეფეს. 2:19-20. ამგვარი კეთილმოწყობილი ერთობისგან განდგომილნი, და მით სხვა ადამიანთა მაცდუნებელნი, წერილის მიხედვით, ცრუ მოძღვრებად იწოდებიან, რომლებიც სულის დამღუპველ მწვალებლობებს ამკვიდრებენ - 2 პეტ. 2:1 – 2:20.
"გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი" (გამოცხ. 19:7-8)" (გამოცხ. 19:7-8).
განმარტება: ბისონში გამოწყობილი სასძლო, ქრისტეს ეკლესიაა. ხოლო ქრისტეს ქორწილი ეს არის ცხონებულთა ზეიმი და სიხარული, რომელსაც დაიმკვიდრებენ ნეტარნი და შევლენ თავიანთი სიძის მარადიულ კარავში, რადგან "სარწმუნოა და ჭეშმარიტი" (გამოცხ. 21:5).
3) ეკლესიის ერთობა.
"რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე" (Ин.17:20-21)
განმარტება: ქრისტესადმი მორწმუნეებში, მოციქულთა თქმით, უნდა ვიგულისხმოთ ისინი, ვისაც მოციქულები მათი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ თავიანთი წერილებითა და გადმოცემებით ასწავლიან: 2 პეტ. 1:15. ამიტომაც აქ უნდა ვიგულისხმოთ ყველა შემდგომდროინდელი ქრისტიანი - მთელი საყოველთაო, სამოციქულო ეკლესია. ამ ეკლესიის ერთობისთვის ევედრება უფალი თავის მამას სამ მომდევნო მუხლშიც: 21-23.
"ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი" (ეფეს. 5:23).
განმარტება: არ არის ნათქვამი, რომ ქრისტე უბრალოდ არის თავი ეკლესიისა, არამედ ერთი ეკლესიისა, როგორც სხვა ადგილას ამბობს მოციქული: ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება: ეფეს. 4:5. აქედან კეთდება დასკვნა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია ეს არის ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო, რომელიც, მოციქულის თქმით, არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე - 1 ტიმ. 3:15.
4) ქრისტეს ეკლესიის სიწმიდის შესახებ
"ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში" (კოლას.1:12-13).
განმარტება: "წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა", - ეს იგივეა, რაც ქრისტეს ეკლესიაში მონაწილეობა მის წევრად. ქრისტეს ეკლესიის შესახებ ცნებაში მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს სიწმიდე. ეკლესია წმიდაა იმიტომ, რომ ის განწმენდილია იესუ ქრისტეს მიერ მისი ვნებების, მისი სწავლების, ლოცვის და საიდუმლოთა მეშვეობით - ინ. 17:17-20; ეფეს. 5:25-27; 2:19-20.
5) მიწიერი და ზეციერი ეკლესიების ურთიერთკავშირი
"ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა" (ეკლ. 9:5).
განმარტება: აქ მოტანილია იმ ადამიანთა აზრი, რომელთაც არ სწამთ საიქიო ცხოვრება და სამარადისო მისაგებელი. თვით სოლომონს სხვა რწმენა ჰქონდა - ეკლ. 11:9. მხოლოდ ღმერთმა, თავისი ყოვლისმცოდნეობით, თავისთავად იცის ყოველივე. წმიდა ანგელოზებმა და ღმრთის მართლებმა ადამიანთა გულების საიდუმლონი იციან არა თავისთავად, არამედ ღმრთისგან გამოცხადებით, ან ღმრთის მადლით, რომელიც მათში ბინადრობს - დან. 2; საქმე 5:3-9; 27:22. სიკვდილის შემდეგ წმიდა ადამიანთა ცოდნა უმეტეს სრულყოფას იღებს, რადგან ისინი უფლის სამკვიდროში გადასახლდნენ - 2 კორ. 5:2-8; ლკ. 23:43; აქედან მომდინარეობს სრული მტკიცებულება იმისა, რომ მიწიერ ეკლესიაში მჭიდრო კავშირი აქვს ზეციერ ეკლესიასთან.
6) ქრისტეს ეკლესიის მარადიულობა
"ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:20).
განმარტება: იესუს სიტყვები, რომ მარადის მოციქულებთან, მათ მემკვიდრეებთან და იმათთან, ვისაც სწამს ქრისტესი მათი სწავლებისამებრ - ინ. 17:20-22, გვარწმუნებს იმაში, რომ ქრსიტეს ეკლესია ვერასოდეს მიეცემა ცდომილებას და დაკარგავს ჭეშმარიტ სახარებისეულ გულისხმისყოფას მისი შემადგენლობისა და მიზნის შესახებ: მთ.16:18; საქმე. 16:4-5; 20-28; ეფეს. 1:22-23; 2:20-21.
"მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესუში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (ეფეს. 3:21).
განმარტება: აი ნათელი და განსაზღვრული მოწმობა ქრისტეს ეკლესიის მარადისობაზე, რომელშიც მისი თავს - ქრისტეს ექნება დიდება ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. განსაზღვრება ეკლესიის მარადიულობის შესახებ მოცემულია თვით უფლის მიერ - მთ. 16:18; 28:20.
"შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან. ... ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით" (4 მეფ. 17:20-23).
განმარტება: ღმრთის აღთქმები, რომ ებრაელები მარადის დაეუფლებიან აღთქმულ მიწას, ღმერთმა იმ პირობით დადო, რომ ისინი აღასრულებდნენ ღმრთის მცნებებს: ეს. 1:19-20; ლევ. 25:18; ამასთან ეს აღთქმები ვრცელდებოდა მხოლოდ ძველაღთქმისეულ პერიოდზე. მაგრამ, როდესაც დადგა "ჟამთა სისრულე", როდესაც ღმერტმა წარმოაგზავნა ძე თვისი მხოლოდშობილი - გალატ. 4:4, მაშინ ამ ძემ, ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ, დააფუძნა თავისი ეკლესია, რომელიც სხვადასხვა ნაწილებით არის შენაწევრებული - ეფეს. 4:11-14; 2 ტიმ. 2:20-21, და შეჰპირდა მას მარადიულ არსებობას, ვიდრე მის დიდებით მეორედ მოსვლამდე და მის შემდეგაც: მთ. 28:20; 16:18.
7) მორწმუნეთა ურთიერთობა ეკლესიაში
"ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს" (1 ინ. 1:7).
განმარტება: ნათელში აქ ჭეშმარიტი შემეცნება იგულისხმება და, როგორც მისი აუცილებელ შედეგი, ღვთითსათნო ცხოვრება, რომელიც არის მარადიული ცხოვრების დასაბამი და საფუძველი. ეს ყველაფერი შეიმჩნევა მორწმუნეთა ურთიერთობაში. იხ. მ. 3; ინ. 17:20-21; განწმენდაში, ცოდვათაგან გამართლებაში იესუ ქრისტეს სისხლით. მორწმუნეთა შორის ურთიერთობის საქმეებს, სხვათა შორის, განეკკუთვნება ლოცვები, რომელიც აღევლინება ყველას მიმართ; ლოცვები გარდაცვლილთა აღვლენილი ცოცხალთათვის - გამოცხ. 8:3; 2 პეტ. 1:14-15, ცოცხლად დარჩენილთა ლოცვები გარდაცვლილთათვის - ზირ. 7:36; ტობ. 4:17, ლოცვები წმინდანთადმი.
იესუ ქრისტეს სისხლით განწმენდის საქმეებს განეკუთვნება ყველა საიდუმლო, განსაკუთრებით კი ნათლისღება, ზიარება, სინანული, ზეთისცხება - ინ. 3:5:6:56; მთ. 18:18; საქმე. 19:18; იაკ. 5:14-15. ხოლო თუ ვინმე იტყვის, ქრისტეს სისხლი ყოველგვარ საიდუმლოთა გარეშე განგვწმენდს ჩვენო, ან ყოველგვარი შუამავლობის გარეშე ადამიანთა მხრიდან (რომლებიც, მართლმადიდებლობის სწავლებით, მოწოდებულნი არიან აღასრულონ საიდუმლონი), იხილე შემდგომ: მ. 8-9.
8) ეკლესიის გარეთ არ არსებობს ცხონება
"და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი" (ლკ. 13:6-9).
განმარტება: იგავი ლეღვის ხეზე აჩვენებს, რომ სანამ ხე მევენახის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება მის ვენახში, თუმც უნაყოფო იყოს, მანამ დაკარგული არ არის მისთვის ნაყოფის გამოღების იმედი; ასე არიან ადამიანებიც, სანამ ისინი არიან ეკლესიაში, მათთვის ჯერ კიდევ არსებობს ცხონების სასოება - ინ. 15:5; ხოლო განდგომილთათვის ყველაფერი დაკარგულია - ინ. 15:6; ებრ. 6:4-6; 10:28-29.
"ხელახლა მიმართა იესუმ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი" (ინ. 8:12).
განმარტება: ამ სიტყვებით უფალი კაცობრიობას ამცნებს ღმრთის შესახებ ჭეშმარიტ შემეცნებას: "ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი" (ინ. 8:12); სიცოცხლის ეს ნათელი დაუზიანებლად გადაეცემა მორმწუნეებს ეკლესიის მიერ - 1 ტიმ. 3:15; ვინც ეკლესიის გარეთაა ის სხვას ასწავლის - 1ტიმ. 6:3-4; 4:1); მათ უნდა ვერიდოთ - რომ. 16:17; ტიტ. 1:10-11.
"დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (ინ. 15:4-5).
განმარტება: ქრისტეში ყოფნა მიიღწევა ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებით - ინ. 6:56; ქრისტე არა მარტო ვაზია, არამედ ეკლესიის თავიც - კოლას. 1:18; ხოლო ქრისტეს ეკლესია, როგორც მისი სხეული, შედგება არა 2 ან 3 შეკრებილისგან, თუნდაც ქრისტეს სახელით, არამედ მოძღვართა და სამწყსოსგან - 1 კორინთ. 12:27-29; ვინც ეკლესიაში არ არის, ის არც ვაზშია, როგორც ლერწი, მეტიც ის ქრისტიანიც კი არ არის - მთ. 18:17-18.
მოციქულთა საქმეების მე-10 თავი მოგვითხრობს ასისთავ კორნილიუსის მოქცევას ქრისტესკენ.
განმარტება: კორნილიუს ასისთავზე ნათქვამია, რომ ის მოქცევამდეც იყო "კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი" (მ. 2); რომ, ის როგორც ღმრთის მოშიში და სიმართლის მოქმედი, სათნო იყო ღმრთისთვის (მ. 35), მაგრამ, რომ ცხონებულიყო, კორნილიუსს უნდა მოესმნა მოციქულ პეტრეს ქადაგება (მ. 6). აქედან შეიგნონ მათ, ვინც თავდაჯერებულია საკუთარი ღვთისმოსაობისადმი და არად დაგიდევს თავის მონაწილეობას რჩეული ერისადმი, ანუ ღმრთი ეკლესიისადმი, რომელიც არის ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე - 1 ტიმ. 3:15; და რომლის გარეთ არ არის ცხონება - მთ. 18:17; ინ. 15:5-6; ეფეს. 4:5-6.
9) ქრისტეს ეკლესიაში შეიძლება იყონ ცოდვილებიც
"... როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით სიტყვის მეშვეობით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად, არ ჰქონოდა მწიკვლი ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო" (ეფეს. 5:25-27).
განმარტება: აქ იგულისხმება ზეციური, მოზეიმე ეკლესიის სიწმიდე, და არა მიწიერისა, რომელიც ჯერაც იბრძვის. ის, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია შეიძლება შედგებოდეს არა მარტო წმიდა და უბიწო ადამიანთაგან, ეს წერილის მრავალი ადგილიდანაც ჩანს - 1 ინ. 1:8; იაკ. 3:2; რომ. 7:14-23, ამიტომაც არ გვმართებს ეკლესიისადმი საყვედურობა, რომ მასში ბევრია ცოდვილი - რომ. 11:17-18; 14:4; მთ. 13:30.
გამოცხადების მე-2 და მე-3 თავები.
განმარტება: გამოცხადების მე-2 და მე-3 თავებიდან ჩანს, რომ უფალი იდუმალთმხილველს უბრძანებს, რათა მიწეროს მისი განკარგულება მცირე აზიის შვიდი ეკლესიის წინამძღვრებს. ამასთან ეფესოს ეკლესიას უფალი საყვედურობს იმას, რომ მან მიატოვა პირველი სიყვარული - 2:4; პერგამოსისას იმას, რომ იქ არიან ნიკოლაიტები - მ. 15 და ა. შ. თუმცა, მსგავსი ცდომილებები და არასრულყოფილებები ხელს არ უშლიდა მათ წოდებულიყვნენ ეკლესიად, რომელთა ვარსკვლავები ქრისტეს ხელშია, ანუ მათი წინამძღვრები ქრისტეს მწყემსმთავრობის ქვეშ იმყოფებიან - გამოცხ. 2:1. აქედან ჩანს, რომ საერთოდ ეკლესიაში არიან ცოდვილებიც და ცდომილებიც, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ეკლესიას დარჩეს ქრისტეს წმიდა ეკლესიად.
10) სექტანტთა საკრებულოები არ შეიძლება იწოდონ ქრისტეს ეკლესიად
საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და - იქაც ხარ! ... სიბნელეც ვერ დაბინდავს შენგან და ღამე დღესავით გაანათებს; რა სიბნელე და რა სინათლე. (ფსალმ.. 138:7-8, 12).
განმარტება: ღმერთი ყველგანმყოფია, მაგრამ ყველგან როდია იგი თავისი მადლით. ზოგ საკრებულოს ის უყურებს სიყვარულით, სხვებს კი - მრისხანებით - ფსალმ. 2:5. ამიტომ შეიძლება არსებობდნენ პირდაპირ სატანური საკრებულოებიც - გამოცხ. 2:9; 3:9. მართალია, ამგვარ საკრებულოებშიც მოუწოდებენ ღმრთის სახელს, უზენაესს აღუვლენენ ლოცვას, მაგრამ "ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა" (იგავნი. 28:9).
არ უნდა დავივიწყოთ ხუთი უგუნური ქალწულის და მღვდელმთავარ სკევას შვიდი ძის თავყრილობები - საქმე 19:13-16. ერთშიც და მეორეშიც ორზე ან სამზე მეტი ადამიანი იყო (მ. 5-7) და უფლის სახელსაც მოუწოდებდნენ; მაგრამ ხუთ უგუნურ ქალწულს უფალმა უთხრა: "არ გიცნობ თქვენ" - მთ. 25:12, ხოლო სკევას შვილებს, რომლებიც უფლის სახელს მოუწოდებდნენ, სძლია ეშმაკმა.
11) საეკლესიო სასამართლოს შესახებ
"თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, სულით ვიმყოფები. უკვე მსჯავრი დავდე მას, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა შეიკრიბებით ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალით, ასეთი კაცი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს" (1 კორ. 5:3-5).
განმარტება: ეპისტოლეს ამ თავში ჩვენ ვპოულობთ მაგალითს საეკლესიო სასამართლოსთან დაკავშირებით. როდესაც მოციქულმა გაიგო, რომ კორინთელ ქრისტიანთა შორის არის ვინმე, ვინც დანაშაულებრივ კავშირში შევიდა დედინაცვალთან, მოციქულმა მიწერა მათ ის, რაც ნათქვამია 3-5 მუხლებში, ხოლოქვემოთ, 13-ე მუხლში დაასკვნა: "გარეშეებს ღმერთი განიკითხავს. მოიშორეთ უკეთური თქვენგან" (1 კორ. 5:13).
ცხადია, რომ "სატანისადმი გადაცემა" (მ. 5) ნიშნავდა "მორწმუნეთა წიაღიდან მოკვეთას", ეკლესიიდან მოკვეთას. აქ სახეზეა საეკლესიო სასამართლოს შემდეგი ნიშნები: 1) ის აღესრულება იესუ ქრისტეს სახელითა და ძალით (მ. 4); 2) გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა ჯერ მოციქულებს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, მათ მემკვიდრეებს; 3) გადაწყვეტილება გამოცხადდა მორწმუნეთა კრებაზე, ეკლესიის მწყემსისა და მისი წევრების ცოცხალ, სულიერ ურთიერთობაში; 4) ერთ-ერთი სასჯელი არის ეკლესიიდან მოკვეთა, ამას კი თავისთავად უერთდება გადაცემა სატანისადმი, ხორციელი და სულიერი ტანჯვისთვის - 1 მეფ. 16:14; 1 კორ. 11:30). მსგავსი სასჯელების მიზანია შემცოდეთა შეგონება, გამოსწორება, ეკლესიისკენ მოქცევა და გაკიცხულის გადარჩენა - 2 კორ. 2:6-10. ამ ნიშნებით საეკლესიო სასამართლო დღემდეა დაცული ქრისტეს ეკლესიაში.
12) წმიდა წერილის ძირითადი ადგილები ეკლესიის შესახებ, რომელთა შესწავლა ზეპირად სავალდებულოა
მთ. 16:18. "... ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას".
მთ. 28:20. "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ".
ეფეს. 4:4-6. "ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა...".
ეფეს. 4:11-12. "მან (იესუმ) დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი - წინასწარმეტყველებად, ზოგნი -მახარებლად, ზოგნი - მწყემსებად და მოძღვრებად, რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის -ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად".
1 კორ. 12:29. "ყველა მოციქულია? ყველა მქადაგებელია? ყველა მოძღვარია?..."
საქმე. 20:28. "მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით".
1 ტიმ.3:15. "მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ცოცხალი ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი".
საქმე. 14:23. "ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი..."
ეფეს. 3:10. "რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით მთავრობათ და ხელმწიფებათ ეუწყოს ცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე" (შეად. 1 პეტ. 1:12).
გაგრძელება იქნება
გამოცემა: Меч духовный в ограждение от сектантских лжеучений / Сост. и изд. диакон Иоанн Смолин. - Санкт-Петербург : Типо-лит. "Свет", 1910.
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2024 წ.