საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება 6 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
წმ. წინასწარმეტყველი ესაია

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია


თავი 6
 
 
ახ. ქართ.:
 
1. მეფე ოზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი დიდება ავსებდა ტაძარს.
   
2. მის გარშემო სერაფიმები იდგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ.
   
3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
 
4. და ამაღლდა კარის წირთხლი ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
 
5. ვიფიქრე: ვაი მე, შეჩვენებულს, რამეთუ შერცხვენილი ვარ, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.
 
6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით.
 
7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.
   
8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.
 
9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
 
10. რამეთუ განსუქდა ამ ხალხის გული, თავიანთი ყურით ძნელად ისმენენ, თვალები აიხვიეს, რათა არ იხილონ, არ ისმინონ და გულით გულისხმაყონ, რომ არ მოიქცნენ და არ განვკურნო.
 
11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
 
12. ამის შემდგომ განაგრძობს ღმერთი ადამიანებს და განმრავლდებიან ქვეყანაზე დარჩენილები.
 
13. კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. კვლავ წარიტყვევნება, როგორც მოჭრილი ბელეკონი და, როგორც რკო, როდესაც ვარდება მისი ბუდისგან. მაგრამ წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. და იქმნა წელსა, რომელსა მოკუდა ოზია მეფე. ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა.
 
2. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს.
 
3. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!
 
4. და ამაღლდა ზეშთა კარისა ჴმისაგან, რომელ ღაღადებდეს, და სახლი აღივსო კუამლითა.
 
5. და ვთქუ: ჵ უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა.
   
6. და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან.
 
7. და შეახო პირსა ჩემსა და თქვა: აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგისპნეს უშჯულოებანი შენნი. და ცოდვანი შენნი განწმიდნეს.
 
8. და მესმა ჴმისა უფლისა მეტყველისა: ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერისა ამის მიმართ? და ვთქუ: აჰა, წარმავლინე მე.
 
9. და თქვა: ვიდოდე და არქუ ერსა ამას: სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ,
 
10. რამეთუ განზრქნა გული ერისა ამის და ყურითა მათითა მძიმედ ისმინეს და თვალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე და იხილონ თვალითა, და ყურითა ისმინონ, და გულითა გულისხმა-ყონ, და მოვიქცე და განვკურნნე იგინი.
 
11. და ვთქუ: ვიდრემდის, უფალო? და თქვა: ვიდრემდისცა მოოჴრდენ ქალაქნი არდამკვიდრებითა და სახლნი არყოფითა კაცთათა. და ქვეყანაჲ დატევებულ იქმნეს ოჴრად.
 
12. და ამისთვის შემდგომად განაგრძობს ღმერთი კაცთა, და განმრავლდენ დაშთომილნი ქვეყანასა ზედა.
 
13. და მერმეცა მას ზედა არს ათეული. და კუალად იყოს წარსატყუენველ, ვითარცა ბელეკუნი, და, ვითარცა რკოჲ, ოდეს გამოვარდეს ბუდისაგან მისისა, ტომ წმიდა იქმნეს, რომელნი დაადგინნეს მას შინა.
 
 
***
 
 
თავი 6
 
 
ესაიას მოწოდება საწინასწარმეტყველო მსახურებისკენ
 
ამ თავში აღწერილია წინასწარმეტყველის მიერ ღმრთის ხილვა, რომელიც ზის საყდარზე და გარშემორტყმულია ანგელოზებით. ამ ხილვას თან ახლავს წინასწარმეტყველისადმი მიმართული მოწოდება საწინასწარმეტყველო მსახურებისკენ.
 
 
1. მეფე ოზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი დიდება ავსებდა ტაძარს.
 
"მეფე ოზიას (ანუ აზარიას - 4 მეფ. 14:21; 15:1) სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი დიდება ავსებდა ტაძარს". ამ მუხლში წინასწარმეტყველი ესაია უთითებს: ა) დროს, როდესაც მოხდა ამ თავში აღწერილი ღმრთის ხილვა და შემდეგ მისი მოწოდება საწინასწარმეტყველო მსახურებაზე, და ბ) ადგილი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. ამგვარად, წინასწარმეტყველმა უფალი იხილა იუდეველთა მეფე ოზიას სიკვდილის წელს, ხოლო ხილვის ადგილი გახლდათ სახლი, რომელიც აღსავსე იყო ღმრთის დიდებით.
 
ამ ხილვის დრო დაახლოებით შეიძლება ასე განისაზღვროს: იუდეველთა მეფე ოზიას სიკვდილის წელი, პირველი წელია მისი ძისა და მემკვიდრის იოათამისა, და მეორე წელია ისრაელის მეფის ფაკე რომელის ძისა (4 მეფ. 15:32), ასე რომ იოათამის მეფობის უკანასკნელი (16-ე) წელი, რომელიც აქაზის გამეფების წელია, ფაკეს მეფობის 17-ე წელს უწევდა (4 მეფ. 16:1); ხოლო მეოცე, იოათამის გამეფებიდან, პირველი წელი იყო ფაკეს მემკვიდრის ოსიასი. ოსიას გამეფების წელი ქრისტეს შობამდე 730 წლით თარიღდება (რადგან მიაჩნიათ, რომ მისი მე-9 წელი, როდესაც მოხდა ისრაელის სამეფოს დანგრევა, ქრ. შ.-მდე 722 წელია), შედეგად ოზიას სიკვდილის წელი დაახლოებით ქრ. შ.-მდე 750 წ. (730+20) იქნება
 
რომელი სახლში მოხდა ეს ხილვა, აქ ნათლად არ ჩანს; მაგრამ ზოგიერთი გამონათქვამის საფუძველზე, როგორიცაა: "მისი დიდება ავსებდა ტაძარს... და ამაღლდა ზეშთა კარისა ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი... და მოივლინა ჩემდამო ერთი სერაფიმთაგანი და ხელში სამსხვერპლოდან მაშით აღებული მუგუზალი ეჭირა" (ძვ. ქართ.: "ჴელსა შინა აქუნდა ნაკუერცხალი, რომელი მარწუხითა მოიღო საკურთხეველისაგან - "აპოკ." რედ.), შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში (ძვ. ქართ. "ტაძარი", სლავურშია - храм – "აპოკ." რედ.) წინასწარმეტყველი გულისხმობს იერუსალიმის ტაძარს, რომელშიც მდებარე აღთქმის კიდობანი მასზე მდგომი ქერუბიმებითურთ, ერთგვარი საყდარი იყო ზეციური მეფისა, დედამიწაზე მისი განსაკუთრებული მყოფობის ადგილი, საიდანაც მომდინარეობს გამოთქმა, რომელიც ზოგჯერ წმ. წერილში გვხვდება: "ქერუბიმებზე მჯდომარე" (ფს. 97:1; 2 მეფ. 6). აქედან ჩნდება კითხვა: როგორ შეეძლო წინასწარმეტყველს ეხილა საყდარზე მჯდომი უფალი და თანაც ტაძარში, როდესაც ცნობილია, რომ "ცა ტახტია მისი და ქვეყანა კვარცხლბეკი მისი" (შეად. ეს. 66:1), რომ ის არის "მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა" (1 ტიმ. 6:16; ინ. 1:18)?
 
მაგრამ, თუ როგორ იხილა წინასწარმეტყველმა, არ გააცხადა; ხოლო რაც დაფარულია წინასწარმეტყველის მიერ, იმისი არც ჩვენ გვმართებს გამოკვლევა. "არ ვიცი როგორ იხილა ღმერთი წინასწარმეტყველმა, - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი. - ის, რომ წინასწარმეტყველმა ესაიამ იხილა, ეს თქვა. მაგრამ, როგორ იხილა ამაზე დაიდუმა. მე შევიწყნარებ ნათქვამს, არ ჩავეძიები დადუმებულს, ვგულისხმაყოფ გაცხადებულს, მაგრამ არ ვიკვლევ დაფარულს, რადგან იმიტომაც არის ის დაფარული" (ჰომილია ეს. 6:1-ზე).
 
შესაძლოა წინასწარმეტყველმა ესაიამ იმიტომ არ გვამცნო ეს, რომ თვითონაც ნათლად არ უწყოდა, მსგავსად იმისა, როგოროც წმ. მოციქულმა პავლემ, რომელიც "ატაცებულ იქნა ატაცებულ იქნა მესამე ცამდე, ... სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს" (2 კორ. 12:2, 4), ვერ თქვა საკუთარ თავზე, როგორ იმყოფებოდა იქ სხეულებრივად თუ მის გარეშე, მხოლოდ სულით: "არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის" (2 კორინთ. 12:2). ყოველმხრივ უნდა ვიფიქროთ, რომ წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ღმრთის ხილვა გარკვეულწილად განსხვავდება მსგავსი ხილვებისგან, რომლებიც ღირსებიათ ღმრთის სხვა რჩეულთ (გამ. 33:20; 3 მეფ. 19:11-12; 22:19): ის თვითონ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, რომ  "ჩემმა თვალებმა მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს" (მ. 5). ეს მიანიშნებს ხილვის განსაკუთრებულ სიცხადესა და განსაზღვრულობაზე, როგორიც კი შესაძლოა რაიმეს ჭვრეტისას საკუთარი თვალებით. მაშასადამე, ღმერთმა, რომელიც თავისი არსებით უხილავია (1 ტიმ. 6:16; ინ. 1:18), ინება დროებით გამოევლინებინა საკუთარი თავის ადამიანის მზერისთვის მისაწვდომი სახით, და ამ სახით ჭვრეტდა მას წინასწარმეტყველი ესაიაც. ამავე სახით ჭვრეტდა ღმერთს სხვა წინასწარმეტყველიც, კერძოდ, - მიქა (3 მეფ. 22:19).
 
თვით წინასწარმეტყველის მითითებით, მან იხილა უფალი ცაბაოთი (შეად. 1-ლი და მე-5 მუხლები), თუმცა, წმ. იოანეს მოწმობით, მან იხილა დიდება იესუ ქრისტესი (ინ. 12:41). ეს გარეგანი უთანხმოება აიხსნება მით, რომ წინასწარმეტყველი ჭვრეტდა რა უფალ ცაბაოთს (წმ. სამების პირველ პირს), ამავდროულად ჭვრეტდა უფალ იესუ ქრისტესაც (მეორე პირს), რადგან თვით იესუ ქრისტემ თქვა: "მე მამაში ვარ და მამა - ჩემში" (ინ. 14:10), და კიდევ:  "ვინც მე მიხილა, მამაც იხილა" (ინ. 14:9), შედეგად პირიქითაც; ვინც მამა იხილა, მან იხილა მისი ძეც, რადგან ძე "არის ბრწყინვალება დიდებისა და ხატი მისი ძლიერებისა" (ებრ. 1:3).
 
არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ, ჭვრეტდა რა უფალ ცაბაოთს, წინასწარმეტყველი ესაია ამავდროულად ხედავდა არა მარტო მეორე, არამედ წმიდა სამების მესამე იპოსტასსაც, სულიწმიდას, რადგან წმ. სამების ყველა პირი, პიროვნულად განსხვავებულნი, მაგრამ არსებითად განუსხვავებელნი არიან. "ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია" (1 ინ. 5:7). და მართლაც, წმ. მოციქული პავლე წინასწარმეტყველ ესაიას მიერ უფალ ცაბაოთისგან მოსმენილ სიტყვებს (მმ. 8-10) მიაწერს სულიწმიდას (საქმე. 28:25-27).
 
 
2. მის გარშემო სერაფიმები იდგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ.
 
3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
 
საყდარი, რომელზედაც ღმერთი იჯდა, სერაფიმებით იყო გარშემორტყმული. სერაფიმებს ექვს-ექვსი ფრთები ჰქონდათ: ორით იფარავდნენ სახეს, "რითაც აჩვენებდნენ, რომ ვერ ბედავენ უფლის სახის მზერას" (წმ. ეფრემ ასურელი) (იგივე აზრია გამოთქმული მე-6 ხმის საეკლესიო საკვირაო საგალობლის მე-9 გალობის ძლისპირში), ორით ფეხებს იფარავდნენ, ნიშნად თავმდაბლობისა და საკუთარი უღირსების (დეკ. ნეჩაევი) შეგნებისა და ორით ფრენდნენ. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: "წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!"
 
მსგავსი გალობა, რომელსაც განუწყვეტლივ (დღე და ღამე) აღუვლენდნენ ღმერთს ტახტის გარშემო მდგომი სერაფიმები, ისმინა წმ. იოანემაც (აპოკ. 4:8). სერაფიმები (იაკიმოვის მიხედვით მომდინარეობს არაბული შირუფიდან - მაღალი, წარჩინებული, კეთილშობილი) - უმაღლესი მეთაური ძალები. ასე იწოდებიან ანგელოზთა ცხრა დასიდან ყველაზე მაღალი და ღმერთთან ახლოს მყოფი ანგელოზები. ისინი უფლის ტახტის გარშემო დგანან და შედეგად მისი უახლოესი მსახურები და ზეციური მეფის ნების აღმასრულებლები არიან. წინასწარმეტყველ ესაიას აღწერით მათ ჰქონდათ ფრთები (ფრინველთა კუთვნილება), სახე (საერთოდ ყველა ცხოველის კუთვნილება); მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოსდა სერაფიმები მიწიერ არსებათა მსგავსნი არიან; ზეციური მეფის უახლოესი მსახურები, როგორც უხორცო, უსხეულო და სრულყოფილი არსებები, შეუძლებელია ასეთები იყონ. წინასწარმეტყველისეული აღწერა მხოლოდ აჩვენებს იმას, თუ როგორ ხილულ ფორმაში ჭვრეტდა იგი ამ არსებებს.
 
უფლის ტახტის ირგვლივ მდგომარე სერაფიმთა გალობა შეიცავდა სამგზის განმეორებად "წმიდას", რაც ღმრთის სამიპოსტასოვნებაზე მიუთითებს. "სერაფიმები გალობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა და მით გამოგვისახეს წმიდა სამების საიდუმლო" (წმ. ეფრემ ასურელი). სერაფიმთა გალობის ეს სიტყვები საფუძველი გახდა სამწმიდაო გალობისა, რომელიც მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში (და კერძო საშინაო ლოცვებშიც) წმიდა სამების სადიდებლად გამოიყენება. სერაფიმთა გალობის მეორე ნაწილი: "მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!" - შეიცავს იმავე ჭეშმარიტების აღსარებას, რომელიც გამოხატულია ფსალმუნთმგალობელის სიტყვებით: "ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფსალმ. 18:1). როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში დიდებაში იგულისხმება საღმრთო სრულყოფილების უზენაესობა: ყოვლადძლიერება, სიბრძნე და სიკეთე, რომელიც გამოიხატა სამყაროს შექმნაში და იმითაც, რომ არიან რა უხილავნი, შეიძლება ქმნილებათა მიერ შემეცნებულ იქნან: "და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება" (რომ. 1:20), რადგან, ბრძენის თქმით, "ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა" (სიბრძნე 13:5).
 
 
4. და ამაღლდა კარის წირთხლი ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
   
მგალობელ სერაფიმთა ხმაზე ამაღლდნენ ტაძრის კარის წირთხლები (სლავ.: взяся, ბერძნ.: ἐπήρθη, რუს.: снялось с места, – наддверие, რუს.: верхи врат). აზრი იმაშია, რომ სერაფიმთა უჩვეულო ძლიერი შეძახილებისგან ტაძარი შეირტყა. ამასთან აღსრულდა სხვა უჩვეულო მოვლენაც: ტაძარი კვამლით აივსო. მოცემულ შემთხვევაში, კვამლი, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში - ღრუბელი (ლევ. 16:2; 3 მეფრ. 8:10-11), ხილული ნიშანია ღმრთის მუნმყოფობისა (შეად.: გამ. 19:18; აპოკ. 15:8).
 
 
5. ვიფიქრე: ვაი მე, შეჩვენებულს, რამეთუ შერცხვენილი ვარ, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.
 
ღმრთის ამ საკვირველი ხილვის დროს, რომლის მზერას სერაფიმებიც კი ვერ ბედავენ და თავიანთ პირისახეს იფარავენ, წინასწარმეტყველმა ესაიამ, შეიგნო რა თავისი უღირსება, შესძახა: "ვაი მე, შეჩვენებულს (სლავ.: о, окаянный аз, ბერძნ.: τάλας), დავიღუპე, რამეთუ შერცხვენილი ვარ, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ დაბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ, ჩემმა თვალებმა კი (მიუხედავად ამ ყველაფრისა, ანუ ამგვარი უღირსებისა) ცაბაოთ უფალი იხილეს".
 
წინასწარმეტყველი ამ ამოძახილით გამოხატავს შიშს თავისი სიცოცხლის გამო: "ვაი მე! დავიღუპე!" ამგვარი შიშის საფუძველს წინასწარმეტყველი იმაში უთითებს, რომ, როგორც ბაგეუწმიდურმა კაცმა უფალი იხილა. უწოდებს რა საკუთარ თავს ბაგეუწმიდურს, ამით წინასწარმეტყველი გამოხატავს თავისი უწმინდურების ან სულიერი ბიწიერების თავმდაბალ შეგნებას, რადგან "პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ გულიდან გამომავალია რაც ბილწავს კაცს" (შეად. მთ. 15:11, 18).
 
ამ ცოდვილი უწმიდურებისგან არავინ შეიძლება სრულიად თავისუფალი იყოს: ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? არამედ არავინ, დაღათუ ერთ დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა.
 
"ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ, ერთი დღეც რომ იყოს მისი სიცოცხლე დედამიწაზე" (იობი. 14:4-5); და კიდევ: "ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი? აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!" (იობი 4:17-18). ხოლო რადგან ჯერ კიდევ მოსესთან არის ნათქვამი, რომ "შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი (ცოდვილთათვის)" (მეორე რჯლ. 9:3), და ამიტომაც "ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს" (გამ. 33:20), - ესაიაც, რომელსაც შეგნებული აქვს, რომ არის ცოდვილი (ბაგეუწმიდური) და საკუთარი თვალით იხილა უფალი, თავი დაღუპულად ჩათვალა, რომელიც უკვე სასიკვდილოდ არის განწიული. მსგავსი შიში გამოთვა მანოემაც, სამსონის მამამ, იმის შემდეგ რაც იხილა ანგელოზი (მსაჯ. 13:22).
 
 
6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით.
 
7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.
 
იმის შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ესაიამ გამოხატა თავისი უღირსების თავმდაბლური შეგნება, ღმერთმა მას ერთ-ერთი სერაფიმი გაუგზავნა ანთებული მუგუზალით ხელში, რომელიც სამსხვერპლოდან იყო აღებული. ამ მუგუზლით სერაფიმი შეეხო წინასწარმეტყველის ბაგეებს და უთხრა: "აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა" (1).
 
______________________
 
1. სერაფიმის ამ სიტყვებს წარმოთქვამს მღვდელი იმის შემდეგ, რაც მორწმუნეებს აზიარებს ქრისტეს ხორცსა და სისხლს ევქარისტიის საიდუმლოში.
 
______________________
 
ამგვარი, წინასწარმეტყველისთვის ხილული სახით ებოძა მას ღმრთის მადლი, რომელიც კურნავს უძლურთ და აღავსებს დაკნინებულთ. მოცემულ შემთხვევაში მხურვალე მუგუზალი კი არ იყო უსჯულოების აღმხოცველი და წინასწარმეტყველის ცოდვების განმწმენდელი; არა. ეს ღმრთის მოწყალე მადლის მიერ აღსრულდა, რომელიც ფარავს ადამიანთა ცოდვას. მხურვალე მუგუზალი აქ მხოლოდ ღმრთის მადლის განმწმენდელი მადლის გარეგანი ნიშანი ან სიმბოლოა.
 
 
8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.
 
იმის შემდეგ, რაც წინასწარმეტყველი განიწმინდა თავისი ცოდვებისგან და ამით შემძლე და ღირსეულ იქნა გაევლო წინასწარმეტყველური მსახურება, მისი ამ მსახურებაზე მოცოდებაც აღსრულდა. წინასწარმეტყველს ესმა უფლის ხმა, რომელიც ამბობდა: "ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება (იგულისხმე - ამ ხალხთან საქადაგებლად)?" თვითონვე გამოეცხადა უფალს და თქვა: "ვთქვი: აჰა, მიმავლინე" (მე-8 მ.). მაშინ უფალმა მისცა მას იუდეველებთან საქადაგებლად წასვლის უფლებამოსილება, ამასთან განსაზღვრა თვით ქადაგების ძირითადი ხასიათიც:  
 
 
9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
 
ანუ, მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. თვით  უფალი განუმარტავს წინასწარმეტყველს იუდეველი ხალხის ამგვარი დაბრმავების მიზეზს; ეს მიზეზი მდგომარეობს იუდეველთ უკიდურეს ზნეობრივ გაუკუღმართებასა და გაუხეშებაში:
 
 
10. რამეთუ განსუქდა ამ ხალხის გული, თავიანთი ყურით ძნელად ისმენენ, თვალები აიხვიეს, რათა არ იხილონ, არ ისმინონ და გულით გულისხმაყონ, რომ არ მოიქცნენ და არ განვკურნო.
   
ამ ბოლო სიტყვებში მოცემულია ის აზრი, რომ წინასწარმეტყველის თანამედროვენი (რომელთაც ეს უკანასკნელი წარეგზავნება ქადაგებით) ისეთ საცოდავ და ამასთანავე საშინელ მდგომარეობამდე მივიდნენ, რომ შემძლენი ვერ არიან შეიგნონ ღმრთის სიტყვა და გულისხმაყონ იგი ("თავიანთი ყურით ძნელად ისმენენ"), ჭეშმარიტების ყველაზე მკაფიო მტკიცებულებების დროსაც კი არ შეიწყნარებენ მას, არც კი სურთ შემოთავაზებული მტკიცებულებების დანახვა და თვალებს შეგნებულად ხუჭავენ ("თვალები აიხვიეს"). თავის თანამედროვეთა ეს დაბრმავება უნდა ამხილოს წინასწარმეტყველმაც თავისი სიტყვებით.
 
თუმცა, ამგვარი ზნეობრივი დაბრმავების მხილება მიმართულია არა მარტო იუდეველთ წინააღმდეგ, რომლებიც წინასწარმეტყველის თანამედროვენი იყვნენ, არამედ მათი შორეული შთამომავლების მიმართაც, იესუ ქრისტეს თნამედროვე იუდეველთადმი, რომლებიც თავიანთი სიბრმავითა და გონებადაბნელებით წინასწარმეტყველის თანამედროვეთაც კი აღემატნენ. სწორედ ამ მნიშვნელობით არის განმარტებული ეს სიტყვები თვით იესუ ქრისტეს მიერ (მთ. 13:14). წმ. იოანეც ასე განმარტავს წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს, კერძოდ, როგორც წინასწარმეტყველებას ქრისტეს თანამედროვე იუდეველთ მიმართ, რომლებიც, მრავალრიცხოვანი სასწაულებისდა მიუხედავად, რომლებიც მათ თვალწინ აღსრულდა, და აშკარად მოწმობდა ქრისტეს ღვთაებრივ ღირსებაზე, მაინც მისდამი ურწმუნოებად დარჩნენ. "ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი" (ინ. 12:37), ამბობს მახარობელი იუდეველთ შესახებ (ინ. 12:37), და ამგვარი ურწმუნოების მიზეზად ის იმავე სულიერ სიბრმავეს ასახელებს, რომელშიც მდგომარეობდა წინასწარმეტყველ ესაიას თანამედროვეთა ურწმუნოებაც. "ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ: დაიბრმავეს თვალები და გული გაიქვავეს, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი" (ინ. 12:39-40).
 
 
11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
 
ეს რომ მოისმინა (მმ. 9-10), გაოცებულმა წინასწარმეტყველმა იკითხა: "როდემდის, უფალო?" - დიდხანს გაგრძელდება ადამიანთა ეს გულქვაობა? და მაშინ, უფალმა მას უთხრა, რომ მათი ეს გულქვაობა გაგრძელდება მანამ, სანამ "უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება", რადგან "გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში".
 
აქ უნდა გულისხმავყოთ: ა) ის გაპარტახება, რომელიც აღასრულა სალმანასარმა, ასურელმა მეფემ ისრაელის სამეფოში და, რომელსაც თან სდევდა ამ სამეფოს საბოლოო დანგრევა, და ბ) ის გაპარტახება, რომელსაც ისრაელის სამეფოს დანგრევამდე მცირე ხნით ადრე დაექვემდებარა  იუდეის სამეფო აქაზის დროს ისრაელიტელთა, ასურელთა, იდუმეველთა და ფილისტიმელთა ხელით და, რომელიც წინასწარმეტყველთან ზემოთ (1:5-8) არის აღწერილი.
 
მაგრამ ეს გაპარტახება ჯერ კიდევ არ იქნება საბოლოო:
 
 
12. ამის შემდგომ განაგრძობს ღმერთი ადამიანებს და განმრავლდებიან ქვეყანაზე დარჩენილები.
 
ანუ უფალი "განაგრძობს" ამ ხალხის (ადამიანების) არსებობას, ასე რომ ამ მიწაზე დარჩენილები  (ვინც გადაურჩნენ ტყვეობასა და მახვილს) კვლავ გამრავლდებიან (მ. 12).
 
ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი, როგორც ჩანს, უთითებს იმაზე, რომ იმის შემდეგ, რაც ისრაელის სამეფომ შეწყვიტა თავისი არსებობა და გაპარტახდა, იუდეველთა სამეფო, გაიმართა რა წელში ამ დროებითი გაპარტახებისგან, რომელსაც დაექვემდებარა აქაზის დროს, კიდევ გარკვეული ხანი (ას წელზე მეტი) აგრძელებდა არსებობას.
 
წინამდებარე თავის განხილული განყოფილება შეადგენს პარემიას, რომელიც იკითხება უფლის მირქმის დღესასწაულზე. აქ აღწერილი ხილვის მიმართება ამ დღესასწაულის მოვლენებთან, თვით ეკლესიის სწავლებით, მოიაზრება შემდეგში:
 
ა) უფალ ცაბაოთის სახით, რომელიც ტაძარში იჯდა მაღალ საყდარზე, წინასწარმეტყველი ესაია ხედავდა ღმრთის ძეს, რომელიც განკაცების შემდეგ უნდა მისულიყო იერუსალიმის ტაძარში მისი შობიდან მეორმოცე დღეს. ასე არის ეს ნათქვამი მირქმის კანონის (საგალობლის) მე-5 ირმოსში (ძლისპირში);
 
ბ) საყდარი, რომელზეც უფალი ცაბაოთი იჯდა, იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახე, რომელსაც ხელთ ეპყრა ღვთაებრივი ყრმა (იხ. კანონის (საგალობლის) მე-5 გალობის 1-ლი ტროპარი);
 
გ) მარწუხები, რომლითაც ერთ-ერთმა სერაფიმმა მიაწოდა წინასწარმეტყველს გავარვარებული მუგუზალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელის სიმბოლოა, რომელმაც მხცოვან სიმეონ მიმრქმელს მიაწოდა ახალშობილი, ხოლო ამ მუგუზლის ნათება იყო სახე იმ ნათლისა, რომელმაც გაუნათა სახე მცხოვან სიმეონს (იხ. კანონის (საგალობლის) მე-5 გალობის მე-3 ტროპარი):
 
დ) ესაიამ იგრძნო შიში, როდესაც დაინახა უფალი ცაბაოთი, და სიმეონ მიმრქმელმაც უთხრა ქალწულს: "ცეცხლს ატარებ შენ, წმიდაო; მეშინია ხელებში მივირქვა ყრმა ღმერთი" (კანონის (საგალობლის) მე-5 გალობის მე-2 ტროპარი).
 
 
13. კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. კვლავ წარიტყვევნება, როგორც მოჭრილი ბელეკონი და, როგორც რკო, როდესაც ვარდება მისი ბუდისგან. მაგრამ წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.
 
მაგრამ ღმრთის მსჯავრით იუდეველთა სამეფოსაც იგივე ხვედრი ელოდა, რაც ისრაელის სამეფოს. აი რატომ ამბობს შემდეგ წინასწარმეტყველი: "კიდევ მეათედი დარჩება (აღთქმულ მიწაზე), მაგრამ "ისიც გადაიბუგება" და დაექვემდებარება გაპარტახებას, კვლავ წარიტყვევნება, როგორც მოჭრილი ბელეკონი და, როგორც რკო, როდესაც ვარდება მისი ბუდისგან.
 
ამ წინასწარმეტყველების აღსრულება დაიწყო იუდეველთა მეფის იოაკიმეს მეფობის მე-4 წლიდან (606 წ. ქრ. შ.-მდე), როდესაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეველები ტყვედ წაასხა ბაბილონში, ხოლო საბოლოოდ აღსრულდა იგი, როდესაც ნაბუქოდონოსორის მხედართმთავარმა ნაბუზარდანის გადაწვა იერუსალიმიც და ტაძარიც (588 წ. ქრ. შ.-მდე). თუმცა, პალესტინისა და მის მცხოვრებთა შესახებ ამ წინასწარმეტყველების აღსრულება შეიძლება დღევანდლამდე ვნახოთ. პალესტინა, ეს არის ქვეყანა, ოდესღაც მდიდარი, როგორც სამოთხე დედამიწაზე, ახლა კი სრულიად გაპარტახებული.
 
თუმცა პალესტინის ეს გაპარტახება, რაოდენ დიდი და ხანგრძლივი იყოს, წინასწარმეტყველის თქმით ვერ ამოწყვეტს იუდეველ ხალხს. ეს ერი თავისი ქვეყნის გაპარტახების შემდეგაც შეინარჩუნებს ეროვნულობას, რადგან "წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი", - ამბობს წინასწარმეტყველი.
 
"წმიდა ძირს" წინასწარმეტყველი დავითის აღთქმულ შთამომავალს, მესია იესუ ქრისტეს უწოდებს. "წმიდა ძირში იგულისხმება ღმრთის ძე, რომელიც მაშინ (წინასწარმეტყველ ესაიას დროს) ჯერაც არ იყო გამოჩენილი, მაგრამ უნდა გამოჩენილიყო" (წმ. ეფრემ ასურელი).
 
იესუ ქრისტე იუდეველი ერის წმიდა ძირად იწოდება იმ აზრით, რომ ეს ღმრთითრჩეული ერი მომავალი განთესვისა და ბაბილონის ტყვეობის მიუხედავად არ დაკარგავს თავის ეროვნულობას, არამედ დარჩება იმავე ერად, რადგან მასში, ღმრთის აღთქმით, უნდა აღმოცენდეს ქვეყნიერების მაცხოვარი.
 
იგივეს ვხედავთ ახლაც, ქვეყნად მესიის მოსვლის შემდეგ. რომაელთაგან იერუსალიმის დანგრევის შემდეგ (70 წ. ქრ. შ.-დან) იუდეველები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ და მაინც დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულობას (ეს მით უფრო საკვირველია, რადგან სხვა ხალხთა უმეტესობა საერთოდ აღიხოცა პირისაგან მიწისა), მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ისინი ხილულად უარყო იმისთვის, რომ არ შეიწყნარეს მათთვის აღთქმული მესია და, მოც. პავლეს განმარტებით, იუდეველი ხალხის არსებობა გაგრძელდება ბოლო დრომდე, რადგან მისი ახლანდელი სიბრმავე და ამისთვის ღმრთისგან უარყოფა მხოლოდ დროებითია: "ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე" (რომ. 11:25), - ბრძანებს მოციქული. ანუ ისრაელის ახლანდელი სიბრმავე, მოციქულის თქმით, გაგრძელდება მანამ, სანამ ქრისტეს ეკლესიის გალავანში არ შემოვლენ "ღმრთისგან წინასწარცნობილი წარმართები" (თეოფილაქტე). ხოლო როგორც კი წარმართთა სისავსე მიიღებს ქრისტიანულ ქადაგებას ირწმუნებენ იუდეველნიც (ნეტ. თეოფილაქტე).
 
ამრიგად იუდეველი ხალხის საყრდენად, მიუხედავად მთელ დედამიწაზე მისი განთესვისა, როგორც ეს იყო ადრე, ასურულ-ბაბილონური განთესვის დროს, რჩება წმიდა ძირი: "წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი". როგორც ადრე, იუდეველთა განთესვა ტყვეობაში ვერ ძლევდა მათ რადგან, მათი მოდგმიდან უნდა მოსულიყო აღთქმსული წმიდა შთამომავალი, ასევე რომაელთაგან მთელ მსოფლიოში განთესილი ისრაელის, რომელშიც ისინი რჩებიან დღემდე, საბოლოოდ ვერ დაღუპავს მათ ეროვნულობას, რადგან ბოლო ჟამს (2) ისინი ირწმუნებენ მათთვის აღთქმულ მესიას, რომელიც უარყვეს თავიანთი გონებადაბნელებითა და დღემდე ამ ბნელში არიან ჩარჩენილნი.
______________________
 
2. იუდეველთა საბოლოო მოქცევა, მოციქულ პავლეს მიერ ნაწინასწარმეტყველევი (რომ. 11:25), ბოლო ჟამს იმიტომ უნდა განვაკუთვნოთ, რომ იუდეველთა დაბრმავევის დასრულებას და მათ შერიგებას ღმერთთან მოციქული პავლე უერთებს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას: "რადგან თუ მათი (ანუ იუდეველთა) განშორება ქვეყნის დაზავებაა (ღმერთთან), რაღა იქნება მათი შემოერთება (მათი კავშირი ღმერთთან), თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?" (რომ. 11:15). ანუ თუკი იუდეველთა მიერ თავიანთი მაცხოვრის უარყოფამ (და ამის გამო მათმა უარყოფამ ღმრთის მიერ) გამოიწვია ის, რომ მათ ნაცვლად ღმერთმა შეირიგა წარმართები (იხ. მთ. 10:5-6 და 28:19), "მაშინ აშკარაა, რომ ყველა მათგანს (იუდეველს) რომ მოესურვებინა ერწმუნა, სხვა არაფერი მოხდებოდა თუ არა აღდგომა მკვდრეთით" (ნეტ. თეოდორიტე).
 
______________________


გაგრძელება იქნება.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2024 წ.
Назад к содержимому