სწავლანი > საუბრები ბიბლიაზე
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
შესავალი
I. წინასწარმეტყველისა და წინასწარმეტყველების ცნებათა განმარტება
სიტყვა "წინასწარმეტყველი" (προφήτης, προ - ადრე, წინასწარ; φημί - ვლაპარაკობ) ნიშნავს:
ა) ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს ვიღაცის სახელით ან მის ნაცვლად. ამ მნიშვნელობით არის წოდებული აარონი, ძმა მოსესი, წინასწარმეტყველად: "აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს, და აჰრონ, ძმაჲ შენი, იყოს შენდა წინაწარმეტყუელ" (გამ. 7:1).
ბ) ადამიანს, რომელიც წინასწარმეტყველებს მომავალს. ამ მნიშვნელობითაა ეს სიტყვა გამოყენებული იერემიასთან: "წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა. წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ" (იერემია 28:8-9). სიტყვის ამავე მნიშვნელობით ვხვდებით ტერმინ "წინასწარმეტყველს" ახალ აღთქმაშიაც: "და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ" (საქმე 3:24).
გ) და ბოლოს, ებრაული სახელწოდების თანახმად "წინასწარმეტყველი" (ნაბი) (nabi - ზმნისგან "გადმოღვრა", "გადმოდინება", "შთაგონებით ლაპარაკი") ნიშნავს ადამიანს, რომელიც აღვსილია შთაგონებით, ლაპარაკობს ან გალობს შთაგონებით (1).
_______________________
1. აქედან გამომდინარე, საპირისპირო მნიშვნელობით სახელწოდება წინასწარმეტყველი ასევე ნიშნავს ადამიანს, რომელიც გაშმაგებულ და ექსტატურ მდგომარეობაში იმყოფება. ამ თვალსაზრისით იწოდებიან ბაალისა და აშტაროტის (ასტარტის) მსახურები "წინასწარმეტყველებად" (3 მეფ. 18:28-29) და საერთოდ ყველა ცრუწინასწარმეტყველი (იერემია 23:21). ზუსტად ამ მნიშვნელობით არის ნათქვამი მეფე საულზეც: "და იყო ხვალისგან, ვითარცა მოვიდა სული უკეთური უფლისა მიერ საულის ზედა და იგვემებოდა (სლავ. прорицаше) სახლსა შინა თჳსსა" (1 მეფ. 18:10)).
_______________________
მოკლედ ეს ნიშნავს, - ზეშთაგონებულ მგალობელს, ხოლო გალობის მუსიკასთან მჭიდრო კავშირის გამო მუსიკოსსაც. ამ მნიშვნელობით მეფეთა წიგნში წოდებულნი არიან წინასწარმეტყველთა შვილები ან მოწაფეები: "და მისა შემდგომად ახჳდე შენ ბორცუსა მას ღმრთისასა, სადა-იგი არს გუნდი უცხოთესლთა. და რაჟამს შეხჳდე ქალაქად, შეგემთხჳოს შენ დასი ერთი წინაწარმეტყველთა, გარდამომავალი ბამით, და წინაშე მათსა პარით მემღერნი და ქნარით, ნესტჳ და ბობღანი. და იგინი წინაწარმეტყუელებდენ მათ თანა" (1 მეფ. 10:5).
აერთიანებენ რა ყველა ამ ნიშანს, წმიდა მამები წინასწარმეტყველებზე განმარტავენ, რომ "წინასწარმეტყველი არის ღვთის ნების განმცხადებელი და განმმარტებელი" (წმ. იოანე ოქროპირი) ან კიდევ, "ღმრთის სიტყვათა გამომთქმელი კაცთა მიმართ, რომელთაც უშუალოდ ღმრთის მოსმენა ან არ ძალუძთ, ან კიდევ ღირსნი არ არიან" (ნეტ. ავგუსტინე).
ამ თვალსაზრისით სიტყვა "წინასწარმეტყველში" ნამდვილად თავსდება ყველა ზემოთაღნიშნული მნიშვნელობა:
ა) გამოდის რა როგორც ღვთის ნების მაუწყებელი და განმმარტებელი (იოანე ოქროპირის მიხედვით) ან ღვთის სიტყვათა გამომთქმელი (ავგუსტინეს მიხედვით), ხოლო თვით წმიდა წერილის თანახმად, როგორც მაცნე უფლისა (ანგია 1:13), წინასწარმეტყველი თვითნებურად კი არ ცხადდებიან, არამედ აირჩევიან (იერ. 1:5; ამოსი 2:11; 7:14), ან წარიგზავნებიან (იერ. 7:25; 26:5; 35:15; 44:4; ეზეკ. 2:3) ღმრთის მიერ და ლაპარაკობენ არა თავისას და თვისგან, არამედ უფლისგან და უფლის სახელით (მეორე რჯლ. 18:18; დან. 9:6), სულიწმიდის შთაგონებით (რიცხვ. 11:25; 1 მეფ. 10:10; ეზეკ. 11:5; 2 პეტ. 1:21) და თანაც იმას, რასაც უფალი მისცემს "პირსა მათსა" (რიცხვ. 22:38; 23:5; 24:13; ისაია 51:16; იერ. 1:9; 5:14; 36:4; 2 მეფ. 23:2).
ბ) იმისათვის, რათა გამხდარიყვნენ ღმრთის ნების ასეთი მაუწყებელნი და განმმარტებელნი, წინასწარმეტყველები ღმერთთან ახლო ურთიერთობაში უნდა ყოფილიყვნენ და სცოდნოდათ მისი ღვთაებრივი განზრახვანი და გეგმები. და მართლაც, წმიდა წერილიდან ვხედავთ, რომ ღმერთი მათ ელაპარაკება, როგორც თავის მეგობრებს (2) და აუწყებს მათ საკუთარ გეგმებსა და ზრახვებს (ამოს. 3:7; დაბ. 18:17). როგორც მომავლის საიდუმლოთა მაუწყებელნი, წინასწარმეტყველნი იუწყებიან კიდევაც მომავალში მოსახდენ მოვლენებს, რის გამოც იწოდებიან კიდეც, "მხილველებად", "წინასწარმჭვრეტელებად", "ჟამთა მხილველებად" და "წინასწარმეტყველებად" (1 ნეშტთა (პარალიპომენონი) 9:22; 29:29; 2 ნეშტთა 33:18; 1 მეფ. 9:9; 2 მეფ. 24:11).
_______________________
2. აი, რატომ უწოდებს უპირატესად მათ წმიდა წერილი ღვთის კაცებს (მეორე რჯლ. 33:1; 1 მეფ. 2: 27; 9:6; 3 მეფ. 12:22; 13:1, 17, 23; 4 მეფ. 1:9-10; 4:7; 13:19).
_______________________
გ) ხოლო, რაკიღა წინასწარმეტყველები მეტყველებდნენ სულიწმიდის შთაგონებით (იხ. ზემოთ) და ღვთიურ გამოცხადებებს გამოხატავდნენ ამაღლებული, პოეტური სახეებით, ზოგჯერ კი თავიანთ შთაგონებულ ქადაგებებს მუსიკალური აკომპანიმენტიც თან ახლდა (1 მეფ. 16:23; 18:10), ისინი იყვნენ კიდევაც ჭეშმარიტი ზეშთაგონებული მგალობელნი და მუსიკოსები. სხვასთან შედარებით, უპირატესად ასე შეიძლება ვუწოდოთ მეფესა და წინასწარმეტყველს, დავით ფსალმუნთმგალობელს, რომელიც იყო ღვთივშემკულ ფსალმუნთა გამომთქმელი (2 მეფ. 23:1) და ამავე დროს ბრწყინვალე მუსიკოსი (1 მეფ. 16:16-22).
დავითის გარდა იყვნენ სხვა წინასწარმეტყველები, რომლებსაც შეუდგენიათ მრავალი ფსალმუნი და სხვა ღმრთის სადიდებელი საგალობლები (3).
_______________________
3. ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველ მოსეს ეკუთვნის 89-ე ფსალმუნი, ასაფმა, რომელსაც წერილი წინასწარმეტყველს უწოდებს (2 ნეშტთა 29:30) შეადგინა 12 ფსალმუნი, რამოდენიმე ფსალმუნი, ზედ წარწერილი სახელწოდებების მიხედვით, ეკუთვნით წინასწარმეტყველთ: იერემიას, ანგიას და ზაქარიას. გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა ზეშთაგონებული გალობა "გოდებანი".
_______________________
მაგრამ, რადგანაც წმიდა წერილში წინასწარმეტყველად ზოგჯერ იწოდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ლაპარაკობდნენ და მოქმედებდნენ არა ღვთივშთაგონებით და, შედეგად, არ იყვნენ ღმრთის ნების მაუწყებელნი და განმმარტებელნი, არამედ მხოლოდ ასეთებად მოჰქონდათ თავი (ცედეკია და სხვ. – 3 მეფ. 22:10-12; 2 მეფ. 18:9-11; ანანია - იერ. 28:1; იერუსალიმელი წინასწარმეტყველნი - იერ. 23:14 შეად. 2:8; 5:31; 14:13; ისრაელის წინასწარმეტყველნი - იერ. 23:13; ბაალისა და აშთაროთის (ასტარტის) წინასწარმეტყველნი - 3 მეფ. 18:19; აქაბი და ცედეკია - იერ. 29:21; ბარიისუ და სხვ. მოციქულთა ცხოვრებაში - საქმე 13:6; იოანე 4:1; გამოცხ. 2:20), და მეორეს მხრივ, ადამიანები, რომლებსაც უეჭველად გააჩნდათ საღმრთო გამოცხადებანი, არ იწოდებიან ამ სახელწოდებით (მაგ. ლაბანი - დაბ. 31:24; აბიმელექი - დაბ. 20:3, 4; ფარაონი - დაბ. 12:17; 41:1-7; იოსები - დაბ. 37:5-10; ნაბუქოდონოსორი - დან. 2:1-3 და სხვები), - აღნიშნული ცნება წინასწარმეტყველისა ზუსტად ასე უნდა განიმარტოს: "წინასწარმეტყველები არიან ღმრთის ნების ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი განმმარტებელნი ან განსაკუთრებულნი მოძღვარნი, რომელთაც ამ მსახურებისთვის ირჩევს და წარაგზავნის თვით ღმერთი და თანაც, არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ განსაკუთრებული ვითარების დროს და ღმრთის განგებით".
ტერმინ "წინასწარმეტყველის" ამგვარი განმარტების საფუძველზე, საკუთრივ წინასწარმეტყველებად იწოდებიან ის გამოცხადებები, რომლებიც წინასწარმეტყველთ ეუწყებათ ღვთისგან, განსაკუთრებული ვითარების გამო, და სულიწმიდის წინამძღოლობით გადასცემენ მათ ადამიანებს, სიტყვით, თანამედროვეთა შესაგონებლად და გასაფრთხილებლად, წერილობით კი ყველა დროის ყველა ადამიანის დასამოძღვრად. ამ უკანასკნელი თვალსაზრისით, წინასწარმეტყველებად, ამ სიტყვის ვრცელი მნიშვნელობით, იწოდება საღვთო წერილის წიგნთა ის ერთობლიობა, რომლებშიც გამოცხადებულია ღვთის ნება, რომელიც ღმრთისგანვე ეუწყა წმიდა მწერალთ, ხოლო მათ, სულიწმიდის წინამძღოლობით წერილობით გადასცეს ის კაცობრიობას.
2. საწინასწარმეტყველო მსახურების მიზანი
საწინასწარმეტყველო მსახურების მიზანი მიუთითა თვით უფალმა სიტყვებით: "ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ" (ეზეკ. 3:17) ან "ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუაჲ" (ეზეკ. 33:7). ეს ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველთ, ვითარც დარაჯთ, რომელთაც ქალაქის კოშკურებზე აყენებდნენ, რათა მტრის მოახლოვება ემცნოთ მოქალაქეთათვის (ეზეკ. 322-7), მიზნად ჰქონდათ ქადაგებათ მიერ შეეგონებინათ ღმრთის ერი იმ საშიშროებათა გამო, რომელიც თავს დაატყდებოდათ მათ ღმრთის მცნებათა გარდახდომისთვის (ეზეკ. 33:7-20).
ამ მიმართებით წინასწარმეტყველნი: ა) ნათელყოფდნენ და განუმარტავდნენ ერს სჯულში გადმოცემულ ღმრთის ნებას; ასწავლიდნენ ჭეშმარიტ ღმრთისმოსაობასა (ეს. 1:10-14; 5:3-10; 66:1-3) და სათნოებათა ქმნას (ეს. 1:15-20; მიქა 6:6-8; ოსე 6:6; ზაქ. 7:9-10). ან ბ) ამხილებდნენ სჯულისგან გადახრას და ადამიანურ ცოდვებსა და ცდომილებებს (ეს. 1:21-23; 5:1-24; 58:1) და მათ სინანულისა და გამოსწორებისკენ მოუწოდებდნენ (4 მეფ. 17:13; ეს. 1:16-18; ოსე 14:2-3); მოუნანიებელ ცოდვილთ ამცნებდნენ სასჯელს (3 მეფ. 14:7-16; 21:18-26; იერემ. 7:8-15; ეზეკ. 6:3-14; ოსე 4:1-14), ხოლო მონანულთა და მოქცეულთ წყალობასა და გადარჩენას (ეს. 1:16-18; 55:6-9; იერ. 3:12).
რადგან თვით სჯულის მიზანს წარმოადგენდა ადამიანთა მომზადება მესიის მისაღებად (გალატ. 3:24. "შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ" (გალატ. 3:24)), წინასწარმეტყველნიც, განუმარტავდნენ რა ერს სჯულის სულისკვეთებასა და შინაარსს, თავიანთ უმთავრეს მიზნად ხალხისთვის მომავალის მესიის მოსვლის რწმენის გაღვივებას და მისთვის მათ მომზადებას ისახავდნენ. რადგან, ღვთისმოსაობისა და მძიმე, სამოქალაქო ვითარებათა გამო, ეს შეგნება შესაძლებელი იყო მინავლებულიყო და საერთოდ დაკარგულიყო კიდეც.
3. წინასწარმეტყველურ წიგნთა ზოგადი შინაარსი
ვრცელი მნიშვნელობით წმიდა წერილში წინასწარმეტყველურ წიგნებად იწოდება ძველი აღთქმის ყველა კანონიკური წიგნი, მოსეს ხუთწიგნეულის გამოკლებით, როგორც ეს ჩანს შემდეგი სიტყვებიდან: "ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ" (ლუკა 16:31); და კიდევ: "ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული (ანუ მოსეს ხუთწიგნეული) და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (მათე 22:40). და კვლავადვე: "რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს" (მათე 11:13).
ვიწრო გაგებით წინასწარმეტყველურ წიგნებად იწოდებიან მხოლოდ წინასწარმეტყველთა წიგნები: ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და დანიელისი. ასევე, 12 მცირე წინასწარმეტყველთა. ეს წინასწარმეტყველური წიგნები უმთავრესად შედგება ქადაგებათაგან, რომლებიც წინასწარმეტყველთ სხვადასხვა დროს წარმოუთქვამთ, ხოლო შემდეგ, სულიწმიდის შთაგონებით თვითვე ან მოწაფეთა ხელით, თუმც წინასწარმეტყველთა ხელმძღვანელობით, გადმოიცა წერილობით, რომლებიც მოგვიანებით შეკრებილ იქნა ცალკე წიგნებად. სიტყვებისა და ქადაგებების გარდა, ამ წიგნებში აღწერილია ხილვები და წინასწარმეტყველთა ღმრთივშთაგონებული ქმედებები, ასევე ზოგიერთი ისტორიული მოვლენა.
წინასწარმეტყველურ ქადაგებადა შინაარსი მოიცავს: წინასწარმეტყველთა თანამედროვე ღმრთის ერისა და ნაწილობრივ სხვა ხალხთა სულიერ-რელიგიური მდგომარეობის აღწერას; გაბატონებული ცოდვების მხილებას, განსაკუთრებით კი კერპთთაყვანისცემისა და ცრუმორწმუნეობისა; აქვეა მოწოდება სინანულისა და გამოსწორებისკენ; მუქარა გამოუსწორებლობისთვის, და წყალობის აღთქმა სინანულისა და მოქცევისთვის. ებრაელი ერის წარსული ისტორიული ბედისა და მისი დიადი, მომავალი დანიშნულების გააზრება; ასევე გააზრება სხვა ხალხებისა და სამეფოების ბედისა, განსაკუთრებით კი მათი, რომლებსაც სხვადასხვა დროს პოლიტიკური კონტაქტები გააჩნდათ ღმრთის ერთან.
4. წინასწარმეტყველების უმთავრესი საგანი
წინასწარმეტყველებათა შინაარსის ზემოთაღწერილი მრავალფეროვნების მიუხედავად, მათი ქადაგებების უმთავრეს საგანს აღთქმული მესია, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და მისი ეკლესიის ბედი წარმოადგენს. წინასწარმეტყველებმა სრული სიცხადით აღგვიწერეს და გვიწინასწარმეტყველეს იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ყველა უმთავრესი მომენტი და მოვლენა. ასე, მაგალითად, მათ წინდაწინვე გვაუწყეს:
1) ქრისტეს შობა დავითის თესლიდან (იერემია 23:5-6; შეად. მათე 1:1 და იოანე 7:42); და რომ იშვებოდა იგი ქალწულისგან (ესაია 7:14; შეად. მათე 1:23);2) დრო-ჟამი (დანიელი 9:24-25) და ადგილი მისი შობისა (მიქა 5:2 შეად. მათე 2:4-6; ლუკა 2:11; იოანე 7:42);3) რომ მას უწოდებდნენ ემმანუელს (ესაია 7:14; შეად. მათე 1:21-23);4) მისი გაქცევა ეგვიპტეში და იქიდან დაბრუნება (ოსია 11:1; შეად. მათე 2:15);5) ბეთლემელ ყრმათა მოწყვეტა ქრისტეს მოკვლის მიზნით (იერემია 31:15; შეად. მათე 2:16-18);6) მისი წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მოვლინება (ესაია 40:3; მალაქია 3:1; 4:5 შეად. მათე 3:1-3; 11:10; მარკოზი 1:2-4; ლუკა 3:3-6; 7:27; იოანე 1:23).7) დასაწყისი მისი საზოგადო მსახურებისა გალილეაში (ესაია 9:1 შეად. მათე 4:12-17);8) მისი ცხება სულიწმიდით (ესაია 11:2; 42:1-4; 61:1-3; დანიელი 9:24 შეად. მათე 3:16; მარკოზი 1:10; ლუკა 3:22; 4:18-22);9) მრავალრიცხოვანი სასწაულები (ესაია 35:3-6 შეად. მათე 8:16-17; 11:4-5);10) მისი მორჩილება და თავმდაბლობა (ესაია 42:2-4 შეად. მათე 11:29; 12:16-21; ლუკა 22:27);11) დამცირებული მდგომარეობა (ესაია 52:14-15; 53:2-4; შეად. ლუკა 9:58; ფილიპ. 2:7);12) საზეიმო შესვლა იერუსალემში (ზაქარია 9:9 შეად. მათე 21:4-9; იოანე 12:12-16);13) ნებსითი ვნებანი და სიკვდილი (ესაია 53:4-8, 12; 63:1-6; დანიელი 9:26);14) მისი გაყიდვა ოცდაათ ვერცხლად და ამ ფულით მეთუნის მიწის ყიდვა (ზაქარია 11:12-13; შეად. მათე 26:14-16; 27:6-10);15) გვერდის განგმირვა (ზაქარია 12:10 შეად. იოანე 19:34, 37);16) მესამე დღეს მისი აღდგომა მკვდრეთით (იონა 2:1 შეად. მათე12:39-40);17) მის მიერ ეკლესიის დაფუძნება (ესაია 28:16 შეად. მათე 21:24; საქმე 4:10-11);18) ყველა ხალხთა განათლება მისი სწავლების ნათლით (ესაია 42:6; 49:6; 60:3; შეად. ლუკა 2:32; საქმე 13:47); და ბოლოს:19) მის მიერ აღთქმული სასუფევლის მარადიულობა (ესაია 9:6-7; დანიელი 7:14 შეად. ლუკა 1:32-33; მათე 16:18; 28:20).
5. მწერალ-წინასწარმეტყველთა რაოდენობა და მათ მიერ დაწერილი წიგნები
ყველა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი შეგვიძლია დავყოთ ორ კლასად: პირველს განეკუთვნებიან ისინი, რომელთა წინასწარმეტყველებანი არ ჩაწერილა, ხოლო მეორეს ისინი, რომელთა წინასწარმეტყველებანი ჩაწერილია და განსაკუთრებულ წიგნებად არის ჩამოყალიბებული. წინასწარმეტყველები, ვინც თავიანთი წინასწარმეტყველებანი წერილობითად დაგვიტოვეს, თექვსმეტია. მათგან ოთხ წინასწარმეტყველს: ესაიას, იერემიას, ეზეკიელსა და დანიელს ეკლესია დიდ წინასწარმეტყველებს უწოდებს მათი წიგნების მოცულობის გამო, ხოლო დანარჩენ თორმეტს: ოსიას, იოველს, ამოსს, აბდიას, იონას, მიქას, ნაუმს, ამბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიასა და მალაქიას, - მცირეს, რადგან მათ, დიდ წინასწარმეტყველთა ვრცელ წიგნებთან შედარებით, მცირე მოცულობის წიგნები დაგვიტოვეს.
წინასწარმეტყველ მწერალთა რაოდენობის მიხედვით, მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა წერილის კანონში თექვსმეტ წინასწარმეტყველურ წიგნს აღიარებს: ოთხ დიდსა (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და თორმეტ მცირეს. ებრაულ ბიბლიაში წინასწარმეტყველურ წიგნებად მიიჩნევა მხოლოდ ოთხი წიგნი: ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელისა და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველისა, რომელიც თავმოყრილია ერთ წიგნში (in unum – volumen) (4).
_______________________
4. ამაზე მინიშნება გვაქვს მოციქულთა საქმეებში, სადაც მოტანილია სიტყვები წინასწარმეტყველ ამოსის წიგნიდან და ნათქვამია, რომ ეს დაწერილია არა წინასწარმეტყველის, არამედ წინასწარმეტყველთა წიგნებში (საქმე 7:42-43 შეად. ამოს. 5:25-27). ხოლო დანიელის წიგნი ე. წ. აგიოგრაფთა კატეგორიას განაკუთვნეს.
_______________________
შენიშვნა: წინასწარმეტყველურ წიგნთა შორის არ მოიაზრება ბიბლიის შემადგენლობაში შესული ისეთი წიგნები, როგორიცაა: გოდება იერემიასი, იერემიას ეპისტოლე და ბარუქის წინასწარმეტყველება, რადგან ყველა მათგანი იერემიას წინასწარმეტყველების დამატებად განიხილება. გარდა ამისა, იერემიას ეპისტოლე და ბარუქის წინასწარმეტყველება არ მიიჩნევა კანონიკურ წიგნებად.
6. წინასწარმეტყველურ წიგნთა ბიბლიური და ქრონოლოგიური თანამიმდევრობა
სლავურ (რუსულ) ბიბლიაში წინასწარმეტყველთა წიგნები არ არის განლაგებული ქრონოლოგიური თანიმდევრობით და არც ისე, როგორც ეს არის ებრაულ ან ბერძნულ ბიბლიაში (5).
_______________________
5. ებრაულ ბიბლიაში პირველი ადგილი უკავია იერემიას წინასწარმეტყველებას, შემდეგ მოსდევდა მათ: ეზეკიელი, ესაია და თორმეტი წინასწარმეტყველი. თუმცა, მასორეტებმა მცირედით შეცვალეს ეს თანმიმდევრობა და ესაიას წიგნი იერემიაზე წინ დააყენეს. ბერძნულ ბიბლიაში, მისი ალექსანდრიული კოდექსის მიხედვით, პირველ ადგილს 12 წინასწარმეტყველი იკავებს).
_______________________
ყველაზე წინ აქ დაყენებულია ვრცელი წინასწარმეტყველებანი: ესიასი, იერემიასი (დამატებებით), ეზეკიელისა და დანიელისი და ერთისა მცირეთაგან, ოსიასი (ოსე). დანარჩენთა განლაგებაში კი ქრონოლოგია არ არის დაცული. მხოლოდ ის არის აღსანიშნავი, რომ აშურეთის პერიოდის წიგნები, კერძოდ: ამოსის, მიქასი და ნაუმისა დაყენებულია ბაბილონის პერიოდის წინასწარმეტყველთა - ამბაკუმისა და სოფონიას წინ. ხოლო ამ უკანასკნელთ მოსდევთ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მცხოვრებ წინასწარმეტყველთა წიგნები: ანგიასი, ზაქარიასი და მალაქიასი.
წინასწარმეტყველ იონას წიგნი, როგორც ჩანს, არ დგას ქრონოლოგიურ რიგში, რაც შეეხებათ იოველსა და აბდიას, მათზე ვერაფერს ვიტყვით ბიოგრაფიული ცნობების არქონის გამო. იგივე მიზეზით წინასწარმეტყველთა ზუსტი ქრონოლოგიური რიგის დადგენა შეუძლებელია. დროის მიხედვით, სხვა წინასწარმეტყველ-მწერლებზე ადრე თავისი მსახურება დაიწყო წინასწარმეტყველმა იონამ, რომელიც ისრაელის მეფის, იერობოამ II-ის თანამედროვე და შესაძლოა მისი მამის, იერობოამ - იოასის თანამედროვეც იყო. ამას ვარაუდობენ იმის საფუძველზე, რომ იერობოამ II-ის დროს აღსრულდა იონას წინასწარმეტყველება ისრაელის სამეფოს ძველი საზღვრების აღდგენის შესახებ (4 მეფ. 14:25). ამას მოსდევენ თითქმის ერთმანეთის თანამედროვე წინასწარმეტყველნი: ესაია, ოსია და იოველი (სავარაუდოდ), ამოსი, მიქა და ნაუმი, რომელიც იუდეველი მეფეების: ოზიას, იოათამის, აქაზისა და ეზეკიას დროს მსახურობდა.
ამას მოჰყვებიან ამბაკუმი, სავარაუდოდ მანასეს თანამედროვე, შემდეგ იერემია, აბდია (სავარაუდოდ) და სოფონია, რომელმაც თავისი მსახურება დაიწყო ოსიას, დანიელისა და ეზეკიელის დროს, რომლებიც ღმერთს ბაბილონის ტყვეობაში ემსახურებოდნენ; და ბოლოს ანგია, ზაქარია და მალაქია, რომლებიც ცხოვრობდნენ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ.
7. სხვადასხვა მდგომარეობანი, რომელშიც ღებულობდნენ წინასწარმეტყველნი ღმრთის გამოცხადებას და განსხვავებული მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ეძლეოდათ გამოცხადება; ასევე იმის შესახებ თუ როგორ ეუწყებოდა ის ხალხებს.
ა) მდგომარეობანი, რომელშიც ღებულობდნენ წინასწარმეტყველნი ღმრთის გამოცხადებას
წინასწარმეტყველური შთაგონების მდგომარეობა (1) მუდმივად არ გააჩნდათ წინასწარმეტყველთ და, როგორც მთლიანად ღმრთის მადლზე დამოკიდებული (2) შეუძლებელი იყო ძალდატანებით ან ხელოვნურად ყოფილიყო გამოწვეული. (3) ასევე არავითარ გარეგან პირობებს არ შეეძლო შეეკავებინა მისი გამოვლენა:
1) "წინასწარმეტყველების სული, ბრძანებს წმ. გრიგოლ დიოლოგოსი (ორმეტყველი),წინასწარმეტყველთა გონებას გამუდმებულად როდი განანათლებს" (Dialog lib. 11, cap. 21), და ამას წმიდა წერილიც ადასტურებს. ასე, მაგალითად, როდესაც წმ. დავით მეფემ ნათან წინასწარმეტყველს ჰკითხა აეშენებინა თუ არა უფლისთვის ტაძარი იერუსალიმში, ნათანმა უცებ როდი მიიღო გამოცხადება ამის შესახებ, მან სანამ ღმერთი გამოუცხადებდა თავის ნებას, ჯერ დადებითი პასუხი გასცა დავითს, ხოლო შემდეგ, ღამით, როდესაც "ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა" (ძვ. ქართ.: "და იყო მას ღამესა ბრძანებაჲ უფლისა ნათან წინაწარმეტყუელისა მიმართ" - მთარგმნ.), უარყოფითად უპასუხა (2 მეფ. 7:3-17).
კვლავაც, წინასწარმეტყველი ელისე მგლოვიარე სამარიტელის დანახვისას იმწამსვე კი არ მიხვდა გლოვის მიზეზს, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფალმა გამოუცხადა ამის შესახებ (4 მეფ. 4:27).
2) აქედან ნაწილობრივ ჩანს, რომ წინასწარმეტყველური შთაგონება შეუძლებელია ადამიანური ძალისხმევით ან ხელოვნურად იქნეს გამოწვეულ. ამის შესახებ სრულიად მკაფიოდ არის ნათქვამი წმიდა წერილში. წმ. მოციქული პეტრე ასე ბრძანებს ამის შესახებ: "უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი" (2 პეტრე 1:20-21).
3) წინასწარმეტყველური შთაგონების მდგომარეობას ვერაფერი შეაკავებს და ამის შესახებ მოწმობს წინასწარმეტყველი იერემია, რომელიც საკუთარ თავზე ამბობს, რომ წინასწარმეტყველებისთვის განცდილი შევიწროებისა და შეურაცხყოფის გამო გადაწყვიტა ამიერიდან აღარ ელაპარაკა უფლის სახელით, ანუ აღარ ეწინასწარმეტყველა, მაგრამ ვერ შესძლო: "ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი" (იერ. 20:9).
ხოლო რადგან წინასწარმეტყველური შთაგონება ან გამოცხადება დამოკიდებული არ არის გარეგან პირობებზე, წინასწარმეტყველნი გამოცხადებას მღვიძარე მდგომარეობაშიც ღებულობდნენ (დან. 8:1; ეზეკ. 37: 1-2) და სიზმარშიც (დან. 7:1-7); ტყვეობაშიც და თავისუფლებაშიც (იერ. 33:1), ტრაპეზობის დროსაც (3 მეფ. 13:10) და ველზე განმარტოვების შემთხვევაშიც (ეზეკ. 37:1); ერთხელ იერემიამ გამოცხადება მიიღო მეთუნის სახლში (18:1).
ბ) მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ეძლეოდათ წინასწარმეტყველთ საღმრთო გამოცხადება
რაც შეეხება გამოცხადების მიღების მეთოდებს, უმთავრესი მათგანი მითითებულია თვით ღმრთის სიტყვებში, რომელიც მან უთხრა აარონსა და მარიამს: "თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი. პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?" (რიცხვ. 12:6-8). აქ მკაფიოდ არის მითითებული ღმრთის ნების გამოცხადების სამი სახე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წინასწარმეტყველთ ღმერთი საკუთარ ნებას აუწყებდა შემდეგ მეთოდებით: ა) გამოცხადებით მღვიძარე მდგომარეობაში, ბ) სიზმრისეული ხილვით ან სიზმარში ლაპარაკით და გ) უშუალოდ, პირისპირ, ცხადლივ, არა იგავურად.
1) პირველი მეთოდის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ესაიას მიერ ამაღლებულ ტახტზე უფლის ხილვა (ეს 6:1-4); ეზეკიელის მიერ უფლის დიდებისა (ეზეკ. თ. 1) და ადამიანის ძვლებით მოფენილი ველის ხილვა (ეზეკ. 37:1-12). შემდეგ, იერემიას მიერ ნუშის რტოსა და ქვაბის (იერ. 1:11-14) და ლეღვით სავსე ორი კალათის ხილვა (იერ. 24:1-10); ამავე მეთოდს განეკუთვნება ზაქარიას მიერ მფრინვალე ნამგლის (ზაქ. 5:1-3) და დანიელის მიერ მდინარე უბალზე ერკემალისა და ფაჩვნიერი ვაცის ხილვა (დან. 8:2-7). ყველა ამ ხილვას, რომლებიც თავის შინაარსით საიდუმლო და იგავური მნიშვნელობისაა, თან ახლავს სიტყვიერი განმარტება (მესამე მეთოდი).
ამ გამოცხადებების ჟამს წინასწარმეტყველთა სულიერი მდგომარეობის წვდომა შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს არც თუ ჩვეულებრივი მდგომარეობა იქნებოდა და მიმსგავსებული უნდა ყოფილიყო ექსტაზს (ძვ. ქართ. "განკვირვება" - რედ.), რომელშიც იერუსალიმის ტაძარში მყოფმა მოციქულმა პავლემ იხილა უფალი და ესმა მისი ხმა: "ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ" (ძვ. ქართ.: "ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს" (საქმე 22:17-18).
ექსტაზი, ეს არის სულიერი აღმაფრენა, რომელშიც ესმა წმ. იოანე ღვთისმეტყველს უფლის ხმა და რომელშიც იხილა მან შვიდი ზეციური ოქროს სასანთლე (გამოცხ. 1:10-12). ამ ექსტატურ, ანუ სულიერი აღფრთოვანების მდგომარეობას წმ. იერემია წინასწარმეტყველი დათრობის მდგომარეობას ადარებს: "წინასწარმეტყველთა გამო მისკდება გული მკერდში და მტეხს ძვლები; მთვრალი კაცივით ვარ, ღვინო რომ მორევია, უფლის გულისთვის, მისი წმიდა სიტყვებისთვის" (იერ. 23:9).
მაგრამ წინასწარმეტყველთა ექსტაზი უნდა განვასხვავოთ იმ ექსტაზისგან, წარმართი მოგვები და ჯადოქრები რომ ვარდებოდნენ ხოლმე. "წინასწარმეტყველნი წარმართი ჯადოქრებივით როდი იყვნენ, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი. როდესაც ბოროტი სული ეუფლებოდა მჩხიბავთ, ისე აბნელებდა მათ გონებას, რომ წარმოთქმულისა არაფერი ესმოდათ და უსულო ფლეიტასავით აღმოთქვამდნენ ბგერებს" (ჰომ. 44-ე ფსალმუნზე), წინასწარმეტყველი კი ასე როდია: საღ გონებაზე მყოფი ის ყოველივეს საღი აზრით წარმოთქვამს და ესმის რას ამბობს; ასე განასხვავე წინასწარმეტყველი და მჩხიბავი მანამ, სანამ მათ მიერ ნაწინასწარმეტყველევი აღსრულდებოდეს" (29-ე ჰომ. კორინთელთა მიმართ 1-ელ ეპისტოლეზე).
2) ღმრთის ნება სიზმარში განეცხადა დანიელ წინასწარმეტყველს, რომელიც საკუთარ თავზე ჰყვება, რომ ბაბილონის მეფის, ბალთასარის მეფობის პირველ წელს ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი (დან. 7:1-2). გამოცხადების ეს ფორმა, წინასწარმეტყველთა გარდა, სხვებსაც ეძლეოდა. ასე მაგალითად, გერარის მეფე აბიმელექზე ნათქვამია: "მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი" (დაბ. 20:3).
სიზმრისეული გამოცხადებები ჰქონდათ: პატრ. იაკობს (დაბ. 31:11), მის ბიძას ლაბანს (დაბ. 31:24), იოსებს (დაბ. 37:6-9), ფარაონის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს (დაბ. 40:5-22), ფარაონს (დაბ. 41:1-7), ნაბუქოდონოსორს (დან. 2:1-2; 4:6-15) და იოსებ დამწინდველს (მათე 1:20-21). ამ უკანასკნელ შემთხვევაში ღმრთის ნება განეცხადებოდა ადამიანებს ან სიმბოლური ხილვების მეშვეობით, როგორც ეს ჰქონდათ დანიელს, იოსებ მშვენიერს, მწდეთუხუცესს, მეპურეთუხუცესს, ფარაონსა და ნაბუქოდონოსორს, ან კიდევ სიტყვით, რომელიც ესმოდათ თვით ღმრთისგან, როგორც იყო ეს აბიმელექისა და ლაბანის შემთხვევაში, სხვებს - ღმრთის ანგელოზისგან (მაგ.: იაკობი და იოსებ დამწინდველი).
ზოგჯერ ამ სიმბოლურ ხილვებს თან ახლდა სიტყვიერი განმარტება, რომელთაც ხილვის მქონენი ღებულობდნენ ან ანგელოზისგან (მაგ.: დანიელ წინასწარმეტყველი (დან. 7:16)), ან კიდევ სხვა ადამიანებისგან (მაგ. ფარაონს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს, თავიანთი სიზმრისეული ხილვები განუმარტა იოსებ მშვენიერმა, ხოლო ნაბუქოდონოსორს - დანიელ წინასწარმეტყველმა).
ის, რომ ყველა ამგვარი სიზმრისეული გამოცხადება არ ყოფილა უბრალო სიზმარი ან ზმანება, ცხადად ესმოდათ თვით სიზმრისეული გამოცხადებების მხილველთ. ასე მაგალითად, წმ. წინასწარმეტყველი დანიელი საკუთარ თავზე მოწმობს, რომ როდესაც მან სიზმარში ოთხი უჩვეულო ცხოველი იხილა, თქვა: "შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს" (დან. 7:15); ხოლო იმის შემდეგ, რაც მთავარანგელოზ გაბრიელისგან ესმა ამ ხილვის განმარტება" (დან. 7:28). იგივე განიცადა მართალი იობის ერთ ერთმა მეგობარმა ელიფაზმაც, რომელსაც ღმრთისგან სიზმრისეული გამოცხადება ჰქონდა (იობი 4:13-18). ამის მსგავსს ჰყვება დანიელი მეფე ნაბუქოდონოსორის შესახებ, რომელიც უკიდურესი აფორიაქების გამო, რომელიც სიზმარმა გამოიწვია, ვერ გაარკვია რა ნახა: "ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს, ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა. მოახმობინა მეფემ მოგვები, შემლოცველები, ჯადოქრები და ქალდეველები, რათა მეფისთვის გაეგებინებინათ მისი სიზმრები. ისინიც მოვიდნენ და წარდგენ მეფის წინაშე" (დან. 2:1-3).
ჩვეულებრივი სიზმრები და ზმანებები ასეთ ძლიერ სულიერ ფორიაქს არ იწვევენ და ეს ყველასთვიც ცნობილია თუნდაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. აქედან ცხადი ხდება, რომ მითითებულ შემთხვევებში სიზმრისეული ხილვები, თვით ამ სიზმრების მხილველთა შეგნებით, რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენდნენ და არა უბრალო ზმანებებს. ამგვარი მდგომარეობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიხატებოდა იმაში, რომ ამგვარი ხილვის მქონე, უკვე მღვიძარე მდგომარეობაში, აკეთებდა იმას, რაც ამ ხილვაში უთხრეს. ასე მაგალითად, აბიმელექმა, გერარის მეფემ, რომელსაც სიზმარში უბრძანეს: "ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს", როგორც კი გაიღვიძა, დაუბრუნა აბრაამს თავისი ცოლი სარა და მდიდრული ძღვენის მიაყოლა (დაბ. 20:7-16). ასე მოიქცა ლაბანიც. სიზმარში მას უთხრეს: "გამოეცხადა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: ფრთხილად იყავი, არც კარგი უთხრა იაკობს, არც ავი", მეორე დღეს, როდესაც მან იაკობს გაქცევისთვის უსაყვედურა, "გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო" (დაბ. 31:24, 29, 55).
ასევე იოსებ დამწინდველზე მათე მახარობელი მოგვითხრობს, რომ იმის შემდეგ, რაც ანგელოზმა აუწყა მას სიზმარში: "ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის", როდესაც გამოიღვიძა ძილისგან, "ისე მოიქცა, როგორც უბრძანა ანგელოზმა უფლისა, და მოიყვანა თავისი ცოლი" (მათე 1:20-24). ვინც თავის სიზმარს უბრალო ზმანებად მიიჩნევს, ის გამოღვიძების შემდეგ სიზმარში ნანახის მიხედვით როდი მოქმედებს. მაშ, თუ ვხედავთ, რომ აბიმელექი, ლაბანი და იოსები სიზმრისეული შეგონების მიხედვით მოქმედებდნენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ძალზედ მკაფიო და მათთვის შესაგრძნობი (თუმცა ჩვენთვის მიუწვდომელი და გაუგებარი) მტკიცებულება იმისა, რომ ნანახი სიზმარი უბრალო ზმანება კი არა, ღმრთის გამოცხადებაა. ცხადია, იგივე უნდა ვთქვათ წინასწარმეტყველებსა და მათ სიზმრებზეც.
3) სიტყვის მეშვეობით გამოეცხადა ღმრთის ნება წინასწარმეტყველ მოსეს, რომელსაც, როგორც წმიდა წერილი მოწმობს, ღმერთი ელაპარაკა "პირისპირ" (რიცხვ. 12:6-8). "პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს" (გამ. 33:11). მოლაპარაკე ღმრთის ხმა ესმოდათ სხვა წინასწარმეტყველებსაც, რომლებიც ამის გამო, როდესაც უფლის ნაბრძანებს ადამიანებს აუწყებდნენ, ასე ამბობდნენ: "მითხრა უფალმა", "უფალმა ბრძანა", "იყო ხმა უფლისა ჩემზე" და ა. შ. სხვათა შორის, წმიდა წერილის მოწმობით, დანარჩენ წინასწარმეტყველთაგან განსხვავებით მოსეს უფალი განსხვავებულად ელაპარაკა: "აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი", ნათქვამია მეორე სჯულთა წიგნის დასკვნით ნაწილში (2 რჯლ. 34:10 შეად. რიცხვ. 12:6-8).
შესაძლოა ეს განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ როდესაც მოსე ელაპარაკებოდა უფალს, ღმერთი მას ეცხადებოდა გარკვეული ხილული სახით, რომლის ჭვრეტა სხვებისთვის მიუწვდომელი იყო. მაშინ როდესაც, სხვა წინასწარმეტყველთ უფლის ხმა ესმოდათ ან ხილვაში ან კიდევ სიზმარში, თვალნათლივ კი რაიმე ხილული სახე არ ჰქონიათ. ასე მაგალითად, სამუელს ესმოდა ღმრთის ხმა, მაგრამ ვერ ხედავდა მას (1 მეფ. 3:3-10). უფრო ხშირად, წინასწარმეტყველთ უფლის ხმა ესმოდათ არა გარედან, როგორც სხვა წყაროდან, არამედ საკუთარი გულის შიგნით, ან როგორც სინდისის ხმა, გადაულახავი გულითადი სურვილი ან ლტოლვა, რომელიც წინასწარმეტყველის სულზე ღმრთის მადლის ზემოქმედებით იყო გამოწვეული. სწორედ ასეთი შინაგანი ხმა ესმოდა წინასწარმეტყველ იერემიას ყოველ ჟამს, როდესაც დევნა-შევიწროებისა და შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლის მიზნით გადაწყვეტილი ჰქონდა არ ეწინასწარმეტყველა (შეად. იერ. 20:9).
გ) მეთოდები, რომლითაც წინასწარმეტყველნი აუწყებნდნენ ხალხს საღმრთო გამოცხადებას
ადამიანთათვის საღმრთო გამოცხადების ფორმებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორმებიც არაერთგვაროვანია. ყველაზე უმთავრესი მეთოდები იყო შემდეგი სახის:
1) ყველაზე ხშირი და ჩვეული ფორმა წინასწარმეტყველებისა გახლდათ ღმრთის გამოცხადების სიტყვიერი გაცხადება მათთვის, ვისაც უშუალოდ ეხებოდა ეს წინასწარმეტყველება. ხოლო თუ ღმრთის გამოცხადება ეხებოდა მთელს ხალხს, მაშინ მას წინასწარმეტყველნი წარმოთქვამდნენ ტაძარში და ერის თავშეყრის ადგილებში (იერ. 7:2; 26:1-2). ღმრთი ნება თუ მეფისთვის უნდა ყოფილიყო განცხადებული, ან ვინმე მმართველისთვის, ან კიდევ კერძო პირისთვის, წინასწარმეტყველნი მას სახლში სტუმრობდნენ (იერ. 22:1; 28:13; 42:8-10; ოსია 5:1) ან კიდევ მათი მსახურების ადგილას და იქ აუწყებდნენ მას ღმრთის განაჩენს, პირდაპირ, დაუფარავად, დამცირების გარეშე, მაგრამ არა პირფერობით. წინასწარმეტყველთა უმეტესობა სარგებლობდა ამ ფორმით.
2) მეორე, ასევე მეტად გავრცელებული ფორმა ღმრთის გამოცხადების ადამიანთათვის უწყებისა იყო მათი წერილობითი გადმოცემა. ღმრთის ნებას ზოგჯერ წერდნენ თვით წინასწარმეტყველნი, ზოჯგერ კი მათი უახლოესი თანამშრომელნი და მოწაფენი (იერ. 36:1-7, 27-32). ეს მეთოდი განსაკუთრებულად გამოიყენებოდა იუდეველთა მეფის, ოზიას დროს, ნეემიას სიკვდილამდე, რომელიც იუდეის მმართველი იყო ტყვეობის შემდეგ და რომლის მმართველობის პერიოდს ემთხვევა ყველა მწერალ-წინასწარმეტყველთა მოღვაწეობის პერიოდი. ამ ფორმის წყალობით წინასწარმეტყველური გამოცხადებების დედნები უცვალებელი სახით არა მარტო თანამედროვეთა მონაპოვარი ხდებოდა, არამედ მისაწვდომი გახდა ყველა დროის ყველა ადამიანისთვის.
3) მესამე მეთოდი გახლავთ სიმბოლური ქმედებანი. ამ მეთოდით სარგებლობდა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც მოწმეთა თანდასწრებით დიდ გრაგნილზე გამოიტანა სიტყვები: "მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად)" და ამ სახელს აძლევს თავის ახალშობილ ძეს, რითაც ერს ქალდეველთა მხრიდან ისრაელის სამეფოს მოახლოებულ გაპარტახებას, შემდეგ კი სენახერიმის მიერ იუდეის გაპარტახებასაც აუწყებს (ეს. 8:1-3). იგივე წინასწარმეტყველი სამი წელი ტიტველი და ფეხშიშველი იარებოდა რათა სამარცხვინო მონობა მოესწავებინა, როდესაც მოვა აშურელი მეფე და ტყვედ წაასხამს მათ ტიტვლებსა და ფეხშიშვლებს. "მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული. თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის" (ეს. 20:2-4).
სხვა წინასწარმეტყველი, იერემია, ყიდულობს ახალ სარტყელს და შემოირტყამს, შემდეგ კი იმავე სარტყელს ევფრატზე და იქ, კლდის ნაპრალში დამალავს. შემდეგ, როდესაც ეს სარტყელი დალპა, კვლავ მიდის იქ, ამოთხრის მას და თავის თანამგზავრებს ეუბნება: "იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას. ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა. რადგან როგორც კაცის წელზეა მიკრული სარტყელი, ასევე მივიკარი მე ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი, ამბობს უფალი, რათა ქცეულიყვნენ ჩემს ერად, სახელად და დიდებად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს".
იმავე წინასწარმეტყველმა ბენ-ჰინომის ველზე ერის უხუცესებისა და მღვდლების წინაშე გატეხა თიხის დოქი, რითაც იერუსალემის დანგრევაზე მიანიშნა (იერ. 19:10-11). წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა აიღო ალიზი და მასზე დახატა იერუსალიმი, გამოსახა მისი ალყა, სანგრები, მიწაყრილები, ბანაკები და ტარანები... და ამით მიანიშნა, თუ რა მოელოდა იერუსალიმს (ეზეკ. 4:1-7).
წინასწარმეტყველმა ოსემ იმისთვის რათა ეჩვენებინა რაოდენ საძაგელია უფლისთვის ისრაელის კერპთაყვანისმცემლობა, ცოლად მეძავი შეირთო, ხოლო ამ ქორწინებიდან ნაშობ შვილების სახელებით ისრაელის მომავალი სამეფოს ბედი მიანიშნა (ოსია 1:2-9).
ეს უკანასკნელი მეთოდი (სიმბოლური ქმედებანი), სხვებისგან განსხვავებით, იშვიათად გამოიყენებოდა და მას ყოველთვის თან ახლდა წინასწარმეტყველთა სიტყვიერი ან წერილობითი განმარტება (ეს. 20:3-4; იერ. 13:8-11, 19; ეზეკ. 4:13; ოს. 1:2-9). ალბათ იმიტომ, რომ განმარტების გარეშე ეს სიმბოლური მოქმედებები ადვილად შესაძლებელი იყო გაეგოთ არასწორად და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მიენიჭებინათ მათთვის.
წინასწარმეტყველთა მიერ ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება ერისთვის ღმრთის ნების საუწყებლად, ყოველთვიოს როდი იყო დამოკიდებული წინასწარმეტყველებზე, არამედ ძალზედ ხშირად მათ თვით უფლის განკარგულება განაპირობებდა. ასე მაგალითად:
ა) ერთ შემთხვევაში ღმერთი ავალებს წინასწარმეტყველთ წავიდნენ და სიტყვიერად იქადაგონ. ასეთი განკარგულება მიეცა ესაიას: "უთხრა უფალმა ესაიას: წადით შენ და შენი შვილი შეარ-იაშუბი და შეხვდით ახაზს ზემო ტბორის წყალსადენის ბოლოს, მრეცხავთა მინდვრის გზაზე" (ეს. 7:3). მსგავსი განკარგულებები მიიღეს წინასწარმეტყველებმა იერემიამ (2:1), ეზეკიელმა (3:1-4) და სხვებმაც.
ბ) სხვა შემთხვევაში ღმერთი წინასწარმეტყველთ ავალებს სიმბოლური მოქმედებებით შეაგონონ ადამიანები. ასეთი განკარგულება მიიღო წინასწარმეტყველმა ესაიამ: "მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული" (ეს. 20:2 შეად. 8:1). მსგავსი განკარგულებები მიიღეს წინასწარმეტყველებმა იერემიამ (იერემია 13:1-10; 19:1-10), ეზეკიელმა (ეზეკ. 4:1), ოსემ (ოს. 1:2) და სხვებმა.
გ) და ბოლოს, სხვა შემთხვევებში ღმერთი ავალებს წინასწარმეტყველთ ადრინდელი გამოცხადებები ჩაწერონ წიგნებში. ასეთი განკარგულება მიიღო, მაგალითად, იერემიამ: "იუდას მეფის, იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს იყო უფლისგან ეს სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი: აიღე საწერი გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც მითქვამს შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე - იოშიას გამეფებიდან დღემდე" (იერ. 36:1-2). ასეთივე განკარგულებები მიიღეს: მოსემ (გამ. 24:4, 7; 34:27), ამბაკუმმა (ამბ. 2:2) და სხვებმა.