საუბრები ბიბლიაზე - ესაიას წინასწარმეტყველება 5 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა: ისაიას, იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის წიგნთა განმარტება
წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე
ისრაელის დატყვევება

I. წმიდა წინასწარმეტყველი ესაია


თავი 5
 
 
ახ. ქართ.:
 
1. ვუმღერებ სიყვარულის სიმღერას ჩემს ვენახს: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.
   
2. დავბარე, ზღუდე შემოვავლე, ჩავყარე რჩეული ვაზი, ჩავდგი კოშკი მის შუაგულში, სასაწნეხლეც ამოვკვეთე იქ და დაველოდე, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა, მაგრამ ეკლები გამოიღო.
   
3. ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.
 
4. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ეკალი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
 
5. ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.
   
6. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
 
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
 
 
ძვ. ქართ.:
 
1. უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.
 
2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.
   
3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!
 
4. რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?
   
5. აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,
 
6. და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.
 
7. რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.
 
 
***
 
 
3. სიყვარულის სიმღერა შეყვარებულ ვენახზე (თ. 5:1-7).
 
 
წინამდებარე თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველის მამხილებელი სიტყვა, რომელიც შინაარსით ჰგავს პირველ თავში წარმოთქმულ მხილებას: როგორც იქ, ასევე აქ, წინასწარმეტყველი უმთავრესად ამხილებს იუდეველი ხალხის უმადურობას ღმრთის მიმართ - თავისი კეთილისმყოფელის მიმართ  (შეად. 1:2-3 и 5:1-2) (3).
 
_______________
 
3. ეს შინაარსობრივი მსგავსება გარკვეულ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმა ეხება იმავე დროს, რომელსაც ეხება პირველ თავში წარმოთქმული სიტყვა. უფრო ნათელი და გადამწყვეტი მითითებები წინამდებარე ქადაგების წარმოთქმის დროისა არ არსებობს.
 
_______________
 
თავის დასაწყისში (1-6 მმ.) წინასწარმეტყველი გადმოსცემს ალეგორიულ სიმღერას "შეყვარებულ ვენახზე". ამ სიმღერას აქვს ასეთი შინაარსი: "ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს. დავბარე (წინასწარმეტყველი აქ ამ ვენახის დამრგველის სახელით მეტყველებს), ზღუდე შემოვავლე, ჩავყარე რჩეული ვაზი, ჩავდგი კოშკი მის შუაგულში, სასაწნეხლეც ამოვკვეთე იქ და დაევლოდე, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ეკლები გამოიღო. ... ახლა გაგიცხადებთ (აცხადებს წინასწარმეტყველი ვენახის დამრველის სახელით გალობის ბოლოს), რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს".
 
 
1. "ვუმღერებ სიყვარულის სიმღერას ჩემს ვენახს: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს".
 
 
ამ პირველი მუხლის პირველი ნახევარი ერთგვარი შესავალია იმ სათქმელისა, რომელშიც წინასწარმეტყველი უთითებს, როგორ სიმღერას გალობს ის და ვის უძღვნის: "ვუმღერებ სიყვარულის სიმღერას ჩემს ვენახს".
  
შეყვარებული ვენახი, რომელსაც წინასწარმეტყველი უგალობს, თვით წინასწარმეტყველის განმარტებით, ისრაელია: "ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია", ამბობს წინასწარმეტყველი ცოტა ქვემოთ (მ. 7). ხოლო შეყვარებული, ვისაც ეკუთვნის ეს გალობა, თვით უფალი ცაბაოთია. ეს ჩანს წინასწარმეტყველის სიტყვების შეხამებიდან: "შეყვარებული ვენახი" (მ. 1-ლი) და "საბაოთ უფლის ვენახი" (მ. 7).
 
უფალ ღმერთის შეყვარებულად ხმობა გვხვდება წმიდა წერილის სხვა ადგილებშიც, სადაც ღმრთის დამოკიდებულება თავის ხალხთან წარმოდგენილია სიძისა და პატარძლის, შეყვარებულისა და საყვარლის საქორწილო სახით (იხ. ქებათა ქება და სხვა). წინამდებარე ალეგორიულ გალობას წინასწარმეტყველი თავისას კი არ უწოდებს, არამედ შეყვარებულისას, ანუ უფლისას, იმავე აზრით, რა აზრითაც ყველა თავის წინასწარმეტყველურ სიტყვას ესაია უწოდებს უფლის სიტყვას (იხ. წინასწარმეტყველი გამონათქვამები: "უფალი ლაპარაკობს" (ეს. 1:2); "ისმინეთ უფლის სიტყვა" (ეს. 1:10); "უფლის ბაგენი მეტყველებენ ამას" (ეს. 1:20); "სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ" (ეს. 2:1).
  
"ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს". ასე იწყებს წინასწარმეტყველი თავის გალობას. ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი უთითებს ღმრთის ერის საცხოვრისზე - პალესტინაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, მთაგორიანი ქვეყანაა, ამაღლებულია და თანაც ოდესღაც, წმ. წერილის მიხედვით, საკმაოდ ნაყოფიერი ქვეყანაც იყო, რომელშიც მოედინებოდა "რძე და თაფლი" (გამ. 33:3; რიცხვ. 13:28).
 
 
2. დავბარე, ზღუდე შემოვავლე, ჩავყარე რჩეული ვაზი, ჩავდგი კოშკი მის შუაგულში, სასაწნეხლეც ამოვკვეთე იქ და დაველოდე, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა, მაგრამ ეკლები გამოიღო.
 
 
ა) ზღუდის, მიწაყრილის შემოვლება, ვაზის უმაღლესი ჯიშის ჩარგვა, დამცავი კოშკისა და საწნახელიც ჩადგმა, ყველა ეს მოქმედება გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ღმრთის ზრუნვას თავის რჩეულ ერზე, რომლისთვისაც ღმერთმა ყველა ღონე იხმარა, რათა მოეწყო მისთვის, როგორც დროებითი კეთილდღეობა, ასევე მიეღო მას მარადიული ცხონება.
 
კერძოდ: ა) ზღუდესა და მიწაყრილში უნდა ვიგულისხმოთ რჯული, რომელიც სინას მთაზე მიეცა ისრაელს მოსეს მიერ: ""დავბარე, ზღუდე შემოვავლე", - რჯულის მიცემას ნიშნავს", ამბობს წმ. ეფრემ ასურელი. მსგავსად იმისა, როგორც ღობე ან კედელი აცალკევებენ ერთმანეთისგან სხვადასხვა სამფლობელოებს, იუდეველი ხალხიც, როგორც ღმრთითრჩეული ერი, მოსეს რჯულით განცალკევებული იყო სხვა ხალხებისგან და ერთგვარ ზღუდედ იდგა (მოცექულის თქმით - "შუა-კედლად" (ეფეს. 2:14)) იუდეველებსა და წარმართებს შორის.
 
მაგრამ შუა-კედელი ან ზღუდე ერთი სამფლობელოს მეორე სამფლობელოსგან გამოცალკევების გარდა, თვით სამფლობელოს გარე თავდასხმებისგან დასაცავადაც გამოიყენება. წინასწარმეტყველის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ აქ ნახსენებ ზღუდეს და კედელს სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რადგან მათ ვენახს გაპარტახება ემუქრებოდა (მ. 5). ამიტომაც ზღუდედ და კედლად აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ღმრთის განგებულებით და მისი მსახურების მეშვეობით, იუდეველი ერის მფარველობა. ეს მსახურები კი იყვნენ: წინამძღოლები, მსაჯულები და მეფეები, რომლებიც სულიწმიდით აღძრულები, ღმრთის ერს მტრისგან იცავდნენ.
 
ბ) "რჩეული ვაზი" მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს ღმრთის რჩეული ერის დამკვიდრებას ქანაანის მიწაზე. როგორც მევენახე ეძებს საუკეთესო რტოს და რგავს მას თავის ვენახში ადრიდანვე გაპოხიერებულ მიწაში, ასევე ღმერთმა აირჩია თავისი ხალხი სხვა ხალხთა შორის და დაამკვიდრა იგი აღთქმულ მიწაზე იმისთვის, რათა აქ გამრავლებულიყო და ჭეშმარიტი ღმრთისშემეცნების სულიერ ნაყოფი გამოეღო. აღთქმულ მიწაზე ღმრთის მიერ დამკვიდრებული იუდეველი ხალხი წმ. წერილის სხვა ადგილებშიც იწოდება დარგულ ვენახად (იხ. ფსალმ. 79:9; იერ. 2:21).
 
გ) კოშკის ჩადგმა ვენახის შუაგულში, თითქმის იმასვე ნიშნავს, რასაც მიწის შემოზღუდვა კედლით და მიწაყრილით. კოშკებს ვენახებში იმისთვის აშენებდნენ, რათა დარაჯებს უფრო იოლად მოეხერხებინათ დაკვირვება, ვინმე ადამიანი ან მხეცი რაიმე ზიანს ხომ არ აყენებდა ვენახს შიგნიდან ან გარედან (იხ. ზემოთ. 1:8). აქედან გამომდინარე წინასწარმეტყველის სიტყვები: "ჩავდგი კოშკი მის შუაგულში" (ანუ იუდეველ ხალხში - შეად. მ. 7) გადატანითი მნიშვნელობით ნიშნვს იმას, რომ უფალმა თავისი ერის დასაცავად მიამაგრა მას განსაკუთრებული დარაჯები, როგორებიც იყვნენ (წმ. ეფრემ ასურელის აზრით) მეფეები და მსაჯულები. ამ დარაჯებს უნდა განვაკუთვნოთ წინასწარმეტყველებიც, რომლებიც წმ. წერილში ზოგჯერ პირდაპირ იწოდებიან ისრაელი ერის დარაჯებად (ეზეკ. 3:17).
 
დ) "სასაწნეხლედ" (ბერძნ. προλὴνιον) საკუთრივ იწოდება მიწაში ჩამარხული ქვევრი, რომელშიც განსაკუთრებული ხვრელით იღვრება საწნახელში დაწურული ყურძნის მტევნების ნაჟური. მოცემულ შემთხვევაში საწნახელს წინასწარმეტყველი სულიერი გაგებით უწოდებს ძველაღთქმისეულ სამღვდელოებასა და მსხვერპლს (წმ. ეფრემ ასურელი): უწოდებს მათ არა საწნახელს, არამედ სასაწნეხლეს, რითაც, შესაძლოა უნდა აჩვენოს, რომ ძველაღთქმისეულ სამღვდელოებასა და მსხვერპლს ჰქონდა მხოლოდ დროებითი, წინასახეობრივი მნიშვნელობა, ისინი მიანიშნებდნენ მხოლოდ ჭეშმარიტ საწნახელზე - ახალაღთქმისეულ ქრისტიანულ სამღვდელოებაზე ერთი ჭეშმარიტი მაცხოვნებელი მსხვერპლით, რომელიც არის - უფალ იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი.
 
იმის შემდეგ, რაც ყველაფერი გააკეთა, რომ გაფურჩქვნილიყო თავისი რჩეული ხალხი, ღმერთი, მევენახის მსგავსად, რომელმაც დარგო და დაამუშავა თავისი ვენახი, მისგან კეთილ ნაყოფს ელის, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა: "დაველოდე, ვიდრე (ვენახი) სავსე მტევნებს გამოიღებდა, მაგრამ (მან) ეკლები გამოიღო". ეს კაცობრივი გამოთქმაა: მოლოდინი, რომელმაც ღმერთს არ გაუმართლა იმას როდი ნიშნავს, თითქოსდა ღმერთს არ ცოდნოდა, როგორ ნაყოფს გამოიღებდა მის მიერ დარგული ვენახი; არამედ იმას მხოლოდ, რომ ისრაელის ხალხს ღმრთისთვის, მისგან ბოძებული სიკეთისთვის, კეთილ საქმეთა ნაყოფი უნდა მიერთმია, რომელსაც ღმერთი მისგან ელოდა. მაგრამ, თუმც ისრაელიტებმა, მიუხედავად ღმრთის ყოველი სიკეთისა, კეთილ ნაყოფთა ნაცვლად ცუდი გამოიღეს, ღმერთმა, თავისი მრავალმოწყალებით, უეცრად როდი დასაჯა თავისი უმადური ხალხი, არამედ ითმინა მის მიმართ, როგორც მომავალში კეთილ ნაყოფთა გამოღების მომლოდინემ (იმის მსგავსად, როგორც მებაღე უცებ როდი მოკვეთს მის მიერ დარგულ ხეს, თუკი ის პირველ წელიწადს უნაყოფო ან ხენეში ნაყოფის მქონე აღმოჩნდება).
 
 
3-4. ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ეკალი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
 
 
ამის შემდეგ წინასწარმეტყველი ღმრთის სახელით მიმართავს იერუსალიმის მკვიდღთ და ყოველ იუდეველს საზოგადოდ, იწვევს მათ გამოიტანონ მსჯავრი უმადურ ვენახზე (ანუ, რაც იგივეა, საკუთარ თავზე). "ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ეკალი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?"
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მითხარით იუდეველნო, - მე ვარ დამნაშავე იმასი, რომ ვენახმა რომ არ გამოიღო ისეთი ნაყოფი მე რომ ველოდი? - პასუხი ამ კითხვაზე თავისთავად შემდეგი სახისაა: მე ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე, რაც საჭირო იყო ვენახის დასაცავად და ასაყვავებლად (იხ. მ. 2), რასაც ეფუძნებოდა ვენახისგან კეთილი ნაყოფის გამოღების მოლოდინი: "სავსე მტევნებს ველოდი", ამბობს უფალი, - მაგრამ ვენახმა მოსალოდნელი კეთილი ნაყოფის ნაცვლად ეკალი გამოიღო. რადგან ვაზი თავისი ბუნებით საუკეთესო ხარისხისა იყო ("ჩავყარე რჩეული ვაზი") და ყველაფერი რაც საჭირო იყო, გაკეთდა მისი განაყოფიერებისთვის (მ. 2), აქედან ნათელია, რომ თავისთავად კარგი ვენახი გაცუდდა. ეს ვითარება სრულიად უპასუხოდ ტოვებს მას თავისი უფლის წინაშე (შეად. იერ. 2:21).
 
წინასწარმეტყველის მიერ დასმული კითხვა: "ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი?" - აჩვენებს, რომ წინასწარმეტყველს, - ამბობს რა შეფარვით, ალეგორიულად, - უმადურ იუდეველთა ცნობიერებამდე დაჰყავს მისი ბრალეულობა, და ცდილობს თვითონ გამოატანინოს საკუთარი თავისადმი განაჩენი, რათა ამით მათდამი გამოტანილი ღმრთის მკაცრ მსჯავრზე ჩივილის უფლება წაართვას. მსგავსადვე მიიყვანა წინასწარმეტყველმა ნათანმა მეფე დავითი საკუთარი ცოდვის შეგნებამდე და საკუთარ თავზე თვითონ გამოატანინა განაჩენი (2 მეფ. 12:1-7) და თვით მაცხოვარიც იგავში ბოროტ მევენახეებზე მოუწოდებს თავის თანამედროვეთ განიკითხონ საკუთარი თავი (მთ. 21:33-41).
 
 
5-6. ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
 
 
ა) ამისთვის ვენახს ღმრთის მრისხანე მსჯავრი ეუწყება, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ა) მოენგრევა ზღუდე და მიწაყრილი (ანუ ის მიწათხრილი, რომელიც მის ირგვლივ იყო დაბარული მ. 2), რის შედეგადაც ის გახდება გაძარცვისა და გაქელვის ღირსი; ბ) მას მიატოვებს უფალი, რომელიც უკვე აღარ დაამუშავებს ამ ვენახს (არ გასხლავს, არ შემოუბარავს), რის გამოც მასში, როგორც ხრიოკ და დაუმუშავებელ მიწაზე, მხოლოდ ეკალ-ბარდი ამოვა; და 3) ღრუბლებსაც კი ებრძანება წვიმა არ აწვიმოს მათზე.
 
ეს ყველაფერი, იუდეველებთან მიმართებაში, გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს: ა) რომ უფალი მოაშორებს მათ თავის მფარველობას და ამიტომაც ისინი, შემოუღობავი ვენახივით გაიძარცვებიან (წმ. ეფრემ ასურელი). ამ წინასწარმეტყველების აღსრულება განეკუთვნება იმ დროებას, როდესაც ისრაელის სამეფო გაპარტახებულ იქნა ასირიელთა მიერ (722 წ. ქრ. შ.-მდე), ხოლო იუდეველთა სამეფო - ბაბილონელთა მიერ (588 წ. ქრ. შ.-მდე). ებრაელთა სამეფოს საბოლოო გაპარტახებად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომელიც აღასრულეს რომაელებმა (70 წ. ქრ. შ.).
 
ბ) შემდეგში იუდეველი ხალხი საბოლოოდ იქნება უარყოფილი ღმრთის მიერ, მოაკლდება მის განსაკუთრებულ განგებულებას და მზრუნველობას, რომლითაც ადრე სარგებლობდა სხვა ხალხებს შორის, რის გამოც საბოლოოდ დაიფარება ეკალ-ბარდით, ანუ ჯიუტად გახევდებიან თავიანთ ცოდვილ ჩვევებში: "ნარსა და ეკალს წინასწარმეტყველი აქ ცოდვებსა და ურჯულოებას უწოდებს" (წმ. ეფრემ ასურელი). ამგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან ებრაელები დღემდე, მთელი მსოფლიოს ხალხებში მათი საბოლოო განთესვის შემდეგ.
 
გ) იუდეველები წინასწარმეტყველურ სიტყვას აწ ვეღარ მოისმენენ. "ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე" – "ეს ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველები აწ აღარ აუწყებენ მათ (იუდეველთ) წინასწარმეტყველურ სიტყვებს. რადგან "წვიმას" წინასწარმეტყველი გადატანითი მნიშვნელობით წინასწარმეტყველებას და ღმრთის ნების ცოდნას უწოდებს, ხოლო "ღრუბლებს" თვით წინასწარმეტყველებს, რომლებიც ჩვენ ზეციური წვიმით გვრწყავენ" (წმ. ეფრემ ასურელი). წინასწარმეტყველთა მიერ კაცთადმი ნაუწყები ღმრთის სიტყვა წმ. წერილის სხვა ადგილებშიც იწოდება "წვიმად" (ეს. 55:10-11).
 
წინასწარმეტყველური სიტყვის შეწყვეტა იუდეველთა შორის სხვა წინასწარმეტყველმა, კერძოდ, ამოსმაც იუწყა (ამ. 8:11-14). ეს აღსრულდა მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველური სიტყვა და სხვა სულიერი ნიჭები იუდეველთ წაერთვათ, რადგან უღირსნი აღმოჩნდნენ და უხვად გადმოიღვარა უდაბნოში წარმართებზე (შეად. ეს. 35:1 და იოველ 2:28-29), ანუ იმის შემდეგ, რაც იუდეველებმა თავიანთი მესია და მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს.
 
 
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
 
 
აქ წინასწარმეტყველი გვთავაზობს ზემოთ გადმოცემული ალეგორიული სიმღერის განმარტებას შეყვარებულის ვენახზე. ამ განმარტებით, შეყვარებული - ეს თვით ღმერთი საბაოთია, მისი ვენახი - კი ისრაელის ხალხი, იუდეველები (ისრაელის მთელი ხალხის ნაწილი, რომელიც შეადგენდა იუდეის სამეფოს) - ეს ახალი ნერგია (ახალი ბაღი νεόφυτον), რომელიც ღმერთმა შეიყვარა.
 
აქ, როგორც ჩანს, იუდეველები განსხვავდებიან მთელი ისრაელი ხალხისგან, როგორც საუკეთესო და ღმრთითშეყვარებული ნაწილი. ასეთებად ისინი (იუდას და ბენიამინის ტომები) მართლაც იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში, რაც ისრაელის 10 ტომი გამოეყო დავითის სახლის კანონიერ მეფეს, და მით ჭეშმარიტი ღმრთისგან განდგნენ და კერპთაყვანისმცემლობაში ჩავარდნენ (3 მეფ. 12).
 
როდესაც წარმართთა შორის ისრაელი ხალხი აირჩია, უფალმა ღმერთმა ისინი წმიდა ცხოვრებისთვის გამოჰყო, მისცა თავისებური რჯული სინას მთაზე (გამ. 19:5-6). მაგრამ ეს რჩეული ხალხი თავისი უმაღლესი მოწოდების უღირსი აღმოჩნდა და მალევე უღალატა თავის აღთქმას ღმერთთან.
 
პირველად ღმერთთან დადებულ ამ დარღვევებს ჰქონდა დროებითი, შემთხვევითი ხასიათი: კერპთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილნი ინანიებდნენ და კვლავ ღმერთს უბრუნდებოდნენ. შემდეგში კი ისრაელი ხალხის ერთ ნაწილში (ისრაელის სამეფოში) კერპთმსახურება ღია და მუდმივი გახდა. ამის შემდეგ რჩეული ანუ ღმრთის საყვარელი და ღმრთის ნერგი დარჩა მხოლოდ ღმრთის ხალხის ის ნაწილი, რომელსაც იუდეის სამეფო შეადგენდა. მაგრამ შემდეგ, ისრაელელთა მსგავსად, იუდეველებმაც დაიწყეს კერპებისადმი მსახურება, ამასთან სათნოებების ნაცვლად ურჯულოებები ამრავლეს, ასე რომ წინასწარმეტყველ ესაიას დროისთვის ღმრთის მთელი რჩეული ერი თავისი რჩეულების უღირსი გახდა.
 
აი რატომ ამბობს წინასწარმეტყველი, რომ თავისი რჩეული და შეყვარებული ხალხისგან ღმერთი ელოდა მართლმსაჯულებას ("სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა!"), ხოლო ის, ანუ ხალხი, ურჯულოებას იქმოდა. ნაცვლად იმისა, სამართლიანად მოპყრობოდა მოყვასთ, ჩაგრავდა მათ და ტანჯავდა (ღმრთის რჩეული ერისგან მოელოდა "სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!").
 
ამ თავის ბოლომდე (8-30 მუხლები) წინასწარმეტყველი დეტალურად ჩამოთვლის იმ ურჯულოებებს, რომლებითაც ჩირქი იცხეს იუდეველებმა და, რომელთა გამოც მათ ღმრთის მკაცრი მსჯავრო ელოდათ. ყველაზე აღმაშფოთებელი ურჯულოება, წინასწარმეტყველის თქმით, იყო: სხვისი საკუთრების მიტაცება (მ. 8), თავშეუკავებლობა და ფუფუნება (11-12 მმ.), ფუქსავატური დაცინვა წინასწარმეტყველთა გაფრთხილებაზე (18-19 მმ.), უკიდურესად გარყვნილი ზნეობა (მ. 20), დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე (მ. 21), მსაჯულთა და დიდებულთა ლოთობა და უსამართლობა (მმ. 22-23). ამ ურჯულოებისთვის წინასწარმეტყველი იუდეველებს ემუქრება და აუწყებს, რომ: მათი სამეფო შორიდან მოსული ხალხის ხელით დაინგრევა (მმ 24-25), რომელიც ძლიერი და მეომარი ხალხი იქნება (მმ. 27-30).


გაგრძელება იქნება.

წყარო: П. Н. Спасский, преп. Новгородской духовной семинарии. Толкование на пророческие книги Ветхого завета, составленное на основании святоотеческих толкований, применительно к славянскому (и греческому 70-ти) тексту по программе для 4 класса духовных семинарий : Вып. 1-2 / Новгород. 1893-1894.

თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому