პუბლიკაციები - რატომ უჭირთ ადამიანებს უხილავი ღმრთისა და სულიერი სამყაროს აღიარება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
რატომ უჭირთ ადამიანებს უხილავი ღმრთისა და სულიერი სამყაროს აღიარება?
კერპთაყვანისმცემლობა
ზემოთ ფოტოზე: კერპთაყვანისმცემლობა

 
ვაგრძელებთ რა კერპთაყვანისმცემლობის თემას, რომელიც ძირითადი ცოდვა იყო ებრაულ საზოგადოებაში და, რომელსაც წინასწარმეტყველი იერემია მკაცრად ამხილებდა, საჭიროა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.
 
როგორც წმიდა მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი აღნიშნავს:
 
"ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს" (ინ. 4:24).
 
უდავოდ, ძველმა ებრაელებმა იცოდნენ, რომ უხილავ ღმერთს სულიერად უნდა ემსახურო.
 
მაგრამ, სინამდვილეში, უხილავი ღმრთისადმი რწმენა და მისი სულიერი თაყვანისცემა ახალაღთქმისეული ადამიანებისთვისაც კი ფრიად ძნელია. თუმცა ქრისიტანებს ნათლისღების საიდუმლოში ენიჭებათ სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც განგვანათლებენ და ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მსახურებისკენ მოგვიწოდებენ.
 
სირთულე კი მდგომარეობს იმაში, რომ ცოდვით დაცემასთან დაკავშირებით - მიიღო რა შესახედავად სასიამოვნო და სანატრელი, მაგრამ აკრძალული ხილის ნაყოფი, ადამიანი ხორცს დაემორჩილა, რომელიც თავისი მოთხოვნილებების, სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილებას ითხოვს.
 
ახლა დაცემული ადამიანისთვის ხილული და ნივთიერი ქვეყნიერებისთვის მსახურება უფრო ადვილია, ხოლო ყველაზე მთავარი - უფრო გასაგებია, ვიდრე ემსახურო რომელიღაც უხილავ ღმერთს და მიუწვდომელ სულიერ სამყაროს.
 
ხილული მატერიის გაღმერთება უფრო ბუნებრივია დაცემული ადამიანისთვის, ვიდრე სულიერი და უხილავი ღმერთის რწმენა.
 
დიდი ჭკუა არ არის საჭირო, რათა ღვთაებრივად აღიარო ადამიანური შემოქმედების ან გონების გენია. მისი საქმიანობის ნაყოფი ხილულია, მისი მოსმენა იოლია, მეტიც, შესაძლებელია მისი შეგრძნება და ექსტაზის განცდა.
 
მაგრამ ძალიან ძნელია შენი გონება და გრძნობები განაწყო სულიერი და უხილავი ღმერთის მიმართ.
 
თანამედროვე ადამიანები, ამ მიმართებით, ძველ საზოგადოებაზე უარეს დღეში არიან, ძველად, ასე თუ ისე, სულიერი სამყაროსი მაინც სწამდათ და მისი ყოფიერების მტკიცებულებების მოტანა საჭირო არ გახლდათ.
 
თუმცა ფილოსოფოსთა შეხედულებით ღმერთის ბუნება ქმნილი ქვეყნიერებისთვის არ შეიძლება ხილული იყოს. შემოქმედი უსაზღვროდ აღემატება თავის ქმნილებებს და ჩვენი გრძნობებისა და შეზღუდული გონებისთვის მიუწვდომელია.
 
მაგრამ რჩეული ერი კერპთაყვანისცემისკენ მიიდრიკებოდა სწორედ იმიტომ, რომ მათი სული ხილულსა და გრძნობითის თაყვანისცემას ითხოვდა.
 
ანუ, საკმარისი არ იყო გაეკეთებინათ და დაედგან ბაალის ან აშტაროტის (ასტარტის) კერპი, საჭირო იყო ამ კერპთა თაყვანისცემას თან ხლებოდა გრძნობითი სიამტკბილობაც.
 
და დადგა დრო ისრაელში, როდესაც ასეთი მსახურება ლოთობიდან და გარყვნილებიდან ფინიკიელთა "ღმერთ" მოლოქისადმი თაყვანისცემამდე და მისდამი ადამიანთა მსხვერპლშეწირვამდე მივიდა.
 
არადა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანი უნდა სცე სულიერად, უნდა შეიკავო შენი ვნებები და მიდრეკილებები, რომლებიც ამიწიერებენ ადამიანს, და მისგან მომხმარებელს ქმნიან, ბოლოს კი - პირუტყვობამდე დაჰყავთ.
 
მაგრამ საკუთარი ვნებებისა და ხილული სამყაროსადმი ხარკის გადახდა ყოველთვის უფრო სასიამოვნო, იოლი და გასაგებია, ვიდრე ასკეტური და სულიერი ღვაწლი.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ გვთავაზობენ კარიერულ ზრდას და მაღალ ხელფასს, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინგლისური ენის სრულყოფილი სწავლა, ყველაფერზე წავალთ, სასურველი მიზნის მისაღწევად.
 
მაგრამ, როდესაც გვეტყვიან, რომ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების შესასწავლად, უნდა ვიცოდეთ საეკლესიო ძველი ენა, მაშინვე გაპროტესტებას ვიწყებთ: "საჭიროა საეკლესიო რეფორმა, უმჯობესია მსახურება თანამედროვე ენაზე ჩავატაროთ, რომელიც უფრო გასაგებია..."
 
საღვთისმსახურებო ენა საერო ცხოვრებაში საჭირო არ არის, რადგან ერში მას არანაირი სარგებლობა მოაქვს, ამიტომ გამოდის, რომ ქვეყნიერებისადმი რაიმეს მსხვერპლად შეწირვა უფრო იოლია, ვიდრე ღმრთისადმი.
 
მაგრამ ადამიანის ცხონება სწორედაც რომ ასკეზს გულისხმობს - ანუ ღმრთის მცნებათა შესრულებას.
 
ღმერთი წინასწარმეტყველ იერემიას პირით ამბობს, რომ, როდესაც იუდეველები კერპთაყვანისცემად მიიდრიკნენ, მათ ორმაგი ცოდვა ჩაიდინეს - მათ ჭეშმარიტ ღმერთს ზურგი აქციეს და უარყვეს მისი დიდებაც, ცხონებაც და მარადიული ნეტარებაც:
 
"თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!" (იერ. 2:11).
 
შემდეგ უფალი ამბობს:
 
"რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ" (იერ. 2:13).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებმა მიწით ამოავსეს ცოცხალი წყარო, ამოთხარეს ორმოები, და ისინი წუმპეთი ამოავსეს, რომელსაც სვამენ და მას ჭეშმარიტ, ნედლ და სიცხისგან თავდამხსნელ სინოტივეს უწოდებენ.
 
ამ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას რომ კითხულობს, უნებლიედ გესმის, რომ ღმრთისადმი მართალი მსახურება ეს არის საკუთარი ვნებების შებორკვა, შეზღუდვა და მით ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა. მაგრამ ზოგს ასე ურჩევნია: "ღმერთი მე სულში მყავს, მცნებები და მარხვა არ მჭირდება, მე სიცოცხლით ტკბობა მსურს და ჰარმონიაში ვიცხოვრებ ჩემს ღმერთთან!"
 
როდესაც ადამიანი ან საზოგადოება იწყებენ წუმპის დალევას წმიდა წყაროს ნაცვლად, როდესაც ღმრთის უარმყოფელები მიმართავენ კერპებს, მაშინ ისინი ჭეშმარიტ სულიერ წყაროს, ხორციელ ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბედნიერებას აკლდებიან.
 
ასეთ ალტერნატივას ისინი სუროგატულ ბედნიერებამდე მიჰყავს, რომელსაც ადამიანები ნებისმიერი მსხვერპლის, თვით საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასადაც ეძებენ: ეს არის გართობა, გარყვნილება, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სხვა...
 
ყველაზე საშნიელი კი ის არის, რომ ამ გზაზე ადამიანს შეგნებული აქვს რომ მოტყუვდა და ბედნიერება ვერ იპოვა, - მაშინ ის ბოროტდება, სასოწარკვეთას ეძლევა, მაგრამ ჭეშმარიტი მაცოცხლებელი წყაროსკენ მოქცევა მაინც არ სურს, არადა სწორედ ეს მაცოცხლებელი წყაროა მხოლოდ მისი წყურვილის დამალტობელი, მისი სიცოცხლის განმამტკიცებელი და სულის გამხარებელი.

საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით.
Назад к содержимому