აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
აპოკალიფსისის ფუნდამენტი
გამოცხადების წიგნი სულაც არ არის იოანე ღვთისმეტყველის კერძო ან სავარაუდო განსჯა მომავალზე; ის არ ამბობს: "იცით რა, სავარაუდოდ XX-XXI საუკუნეებში მოხდება ჯერ პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ მეორე, ყოველგვარი ხიროსიმები, ჩერნობილები, ფუკუსიმები და სხვა, ხოლო შემდეგ შემოვა კორონავირუსი, ამოქმედდება სამხედრო დიქტატურა, ჩიპიზაცია, ვაქცინაცია და მორჩა". მსგავსი არაფერი არის ნათქვამი აპოკალიფსისში. იოანეს აპოკალიფსისი ეს არის იესუ ქრისტეს "გამოცხადება" (ანუ გახსნა, განმარტება, რაღაცის უწყება) და არა იოანეს შეხედულებები.
ეს გამოცხადება იოანემ ჩაიწერა, მაგრამ გამოცხადება მიეცა არა მას, არამედ იესუ ქრისტეს მამა ღმერთისგან. ასე არის ეს ნათქვამი თვით იოანეს აპოკალიფსისში: "გამოცხადება იესუ ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისთვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს" (გამოცხ. 1:1). სხვათა შორის აპოკალიფსისის ეს ადგილი მრავალს აბრკოლებს, რადგან არ ესმით, თუ როგორ მიიღო იესუ ქრისტემ გამოცხადება მამისგან და წარაგზავნა ანგელოზი, რათა ეს ყოველივე ეჩვენებინა იოანესთვის. ჯერ-ერთი, რატომ ასე რთულად, მეორეც - როგორ გავიგოთ, რომ გამოცხადება იესუს მისცა მამამ? ამ საიდუმლოს ჩვენ პუბლიკაციაში "იოანეს გამოცხადების ზედმიწევნითი გადმოცემა" უფრო დეტალურად შევეხებით, აქ კი მოკლედ ვიტყვით, რომ ამ სქემით (მამამ იესუს მისცა გამოცხადება, იესუმ წარმოაგზავნა ანგელოზი, ანგელოზმა კი ამცნო იოანეს), როგორც ზოგიერთი ფიქრობს, ღმერთმა გამოცხადებაში ჩართო ყველა - საკუთარი თავი, ეკლესია, ანგელოზები და მოციქულები - რადგან ეს უმნიშვნელოვანესი და უაღრესად საჭირო წიგნია.
შემდეგ ჩვენ ვკითხულობთ, რომ იესუს გამოცხადების მიზანი იყო "ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1). გამოდის, რომ გამოცხადების წიგნი ებოძა მხოლოდ მის მონებს, მისი მონები კი არიან ისინი, ვინც "მიყვება კრავს საითკენაც გინდ წავიდეს და, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დათმობს მისთვის" (შეად. ლუკა 9:57-62); ესენი არიან მორწმუნეები, რომლებიც მხოლოდ უფლის ნებით მოქმედებენ და ცხოვრობენ პრინციპით: "იყავნ ნება შენი, როგორც ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა".
ისინი, ვინც არ არიან უფლის მონები, აპოკალიფსისს ვერ განმარტავენ, რადგან ის მათთვის დახურულია - ანუ ამ წიგნის წვდომის ნიჭი უფლისგან ზეგარდმო არაშობილთ, მისი მცნებებით არმცხოვრებთ არ გააჩნიათ - ისინი უბრალოდ ვერც გაიგებენ გამოცხადებას, მათთვის ის იქნება, როგორც დაბეჭდილი წიგნი, რომლის "გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი" არავინაა. მაშ, ვის შეუძლია განმარტოს აპოკალიფსისი? მხოლოდ მას, ვისაც მიეცა მისი წვდომის ნიჭი. ვისგან? - უფალ იესუ ქრისტესგან, რადგან გამოცხადების წიგნის გაგებაში დახმარება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ის მოგვცა.
ამიტომაც არის, რომ იოანე ფაქტობრივად არც არაფერს განმარტავს, ის უბრალოდ იწერს გამოცხადებას ისე, როგორც მიეცა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იოანესადმი უფლისგან მიცემული პირდაპირი აკრძალვა რომ არა - "თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში" - შესაძლოა იოანესაც მოეცა თავისი განმარტება. ნუთუ იოანე არ აგვიხსნიდა, რომ მიმართვა 7 ეკლესიისადმი განეკუთვნება მომავალ საუკუნეებს, რომ მხეცი ეს რომია ან რომელიმე სხვა სახელმწიფოა. იოანეს აზრით ზღვიდან ამომავალი მხეცი რომი რომ ყოფილიყო, იოანე ასეც დაწერდა - ეს რომია. რატომ უნდა დაემალა? ის ხომ რომის იმპერიაში ცხოვრობდა!
მაგრამ, გამოცხადების წიგნში ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ მასში არ არის მოცემული არც ერთი სახელი, თარიღი თუ ზედწოდება. მოცემულია ეკლესიათა სახელწოდებები და ალეგორიული სახელები, როგორიცაა "ბაბილონი", "ეგვიპტე", "დიდი მდინარე ევფრატი", "სოდომი" და სხვა. ამასთან ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იოანე დევნულების პერიოდში ცხოვრობდა და თვითონაც განიციდა დევნულებას; ის იცნობდა ნერონს, ცხოვრობდა რომაელთა მიერ ოკუპირებულ ისრაელში, იხილა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა (ქრ. შობიდან 70 წელს), დაინახა, როგორ დაკარგეს ებრაელებმა თავიანთი მიწა-წყალი, და კიდევ ბევრი ისეთი რამ იხილა, რაც სხვა ადამიანისთვის 100%-იანი აღსრულება იქნებოდა მათეს სახარების 24-ე თავის წინასწარმეტყველებებისა. მაგრამ იოანე აქედან არაფერს ახსენებს. იმასაც კი, რომ გადასახლებული იყო კუნძულ პატმოსზე სასხვათაშორისოდ ვიგებთ. ის არ ახსენებს არც რომს, არც იმდროინდელ იმპერატორს, არც ტაძრის დანგრევას, არც პირველი საუკუნის დევნულებას. რატომ? იმიტომ, რომ ის იყო მხილველი, მისი საქმე არ იყო რაიმეს განმარტება ან კომენტირება, არამედ მხოლოდ ჩაწერა. გამოცხადების ავტორი კი იყო იესუ ქრისტე და გამოცხადება იყო ზეციდან, თანაც არა ნერონზე ან ვატიკანზე ან კიდევ ვინმეზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადება მჭიდროდ არის დაკავშირებული დანიელისა და ზაქარიას წინასწარმეტყველებებთან. ხშირად დანიელის წიგნი განგვიმარტავს გამოცხადების ამა თუ იმ ადგილს, ხოლო გამოცხადება ნათელს ფენს დანიელის წინასწარმეტყველების საიდუმლოებებს. ამ წიგნებში (და საერთოდ წმიდა წერილში) არც კი არის ნავარაუდევი, რომ ღმრთის მონებს თავიანთი შთაგონება უნდა მიეღოთ იუთუბელ ბლოგერთა ან რელიგიურ მოღვაწეთა წიგნების კომენტარებიდან, რომლებმაც არც კი იცოდნენ რის შესახებ წერდნენ (თუმცა, ეს ყოველგვარ მეცნიერულ-ფილოლოგიურ კვლევა-ძიებას და ვარაუდების გამოთქმას არ გამორიცხავს).
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იოანემ გამოცხადებაში იხილა და ორ თავში აღწერა დიდი ბაბილონი და ძალიან გაკვირვებული იყო ამ მოვლენით. რატომ? იმიტომ, რომ მის დროს ბაბილონი ერთი პატარა სოფელი გახლდათ და ნაბუქოდონოსორის იმპერიიდან მას მხოლოდ სახელწოდებაღა შერჩა. ნაბუქოდონოსორისეული ბაბილონი მტვრად და ფერფლად იყო ქცეული და იოანესაც ამიტომ გაუკვირდა სრულად აღდგენილი ბაბილონის ხილვა, რომელიც ბოლო ჟამს გამოჩნდება დედამიწის ყოველი მკვიდრის საცთუნებლად, თანაც ის საერთოდ არ წააგავდა ნაბუქოდონოსორის იმპერიას.
მეტიც, იოანე გაკვირვებული იყო, რომ იხილა ბაბილონი, რომლის აღწერა თითქმის პარალელურია ისაიას (13 და 41 თავები) და იერემიას (თ. 51) მიერ აღწერილი ბაბილონისა (ასევე არა ნაბუქოდონოსორისა). ანუ, იოანე მიხვდა, რომ ეს დიდი ბაბილონი უფრო გლობალური მოვლენაა, ვიდრე ადრე არსებული ფიზიკური ბაბილონი.
შემდეგ აღწერილია ზღვიდან და მიწიდან ამომავალი მხეცი. იოანე ბუნებრივად გაიხსენებდა დანიელის წინასწარმეტყველების მე-7 თავს, იმდენად მსგავსია აქ ყოველივე. მეორე მხრივ არც დანიელის წინასწარმეტყველება შეიძლება ეხებოდეს მის უახლოეს მომავალს, რადგან იოანეს მიერ აღწერილი მომავალი დანიელის მიერ აღწერილი მომავალიც იყო. არც დანიელს და არც იოანეს არ მოუციათ საკუთარი ჰიპოთეზები თუ ვინ არის "მხეცი", ცრუწინასწარმეტყველი ან ბაბილონი, ასევე ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ გამოცხადება არ გულისხმობს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებს (ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ბეჭდების მოხსნა 20-ე საუკუნის მოვლენა (I და II მსოფლიო ომები, ჩერნობილი და ა. შ.)? რატომ მაინც და მაინც 20-ე და არა 16-ე, 17- ან თუნდაც 23-ე საუკუნეები? გამოცხადება ჩვენ არ გვაძლევს აღწერილი მოვლენების არც დასაწყის და არც დასასრულ თარიღებს. ის ზუსტად აღწერს იმას, "რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 1:1), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უფლისთვის ერთი დღე არის როგორც ათასი წელი და პირიქით, მაშინ მისთვის სადღეისოდ გასულია მხოლოდ ორი დღე. როდესაც ჩვენ ვამბობთ "მალე წავალთ, მალე გავაკეთებთ" და ა. შ., ხშირად მხედველობაში გვაქვს არა ორი დღე, არამედ ერთი თვე ან ორი თვე, ხოლო ჩვენს "მალეში" საერთოდ არ იგულისხმება დროის გაურკვეველი პერიოდი - "ოდესღაც".
ორ დღესთან დაკავშირებით კი არსებობს ოსიას განსაცვიფრებელი წინასწარმეტყველება "ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე" (ოსია 6:2). "ვიცოცხლებთ მის წინაშე" განსაზღვრულად უთითებს უფლის სასუფეველზე, როდესაც მართალნი უფლის წინაშე იხარებენ.
რადგან გამოცხადების წიგნი დანიელის წიგნთან ერთად ერთი მონეტის ორ მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანიელის წიგნი წერს, რომ ეს მოხდება არა "მალე", არამედ "უკანასკნელ დღეებში", "შორეულ მომავალში", ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოცხადებაც, როდესაც "მალე" მოსახდენ მოვლენებზე ლაპარაკობს, სწორედ იმავე "უკანასკნელ დღეებს, "შორეულ მომავალს" და უფლის "რისხვის დღეს" გულისხმობს. არსებითად, მე-6 თავიდან მოყოლებული, გამოცხადება ჩვენ გვიჩვენებს უფლის დღის მოახლოვებას, რომლის შესახებაც ბევრს გვაუწყებდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები.
ყოველივე ამის გათვალისწინების გარეშე გამოცხადების წიგნს ვერასოდეს ჩავწვდებით და იქ დავინახავთ მხოლოდ ჩიპებს, ვაქცინებს და 5G ანძებს, ნაცვლად იმისა დავინახოთ ფინალური მოვლენები, რომლის შემდეგაც უფლის სასუფეველი დადგება.
სხვათა შორის წინასწარმეტყველი დანიელი იგივეს ამბობს: "ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან" (დანიელი 12:10), სადაც "გონიერნი" არიან ისინი, ვინაც "მკვდარი მკვდრებს მიანდეს დასამარხად" (მათე 8:22), თვითონ კი უფალს მიჰყვნენ.
გამოცხადების მე-4 თავიდან ჩვენ ვხედავთ იესუს, რომელმაც გაიმარჯვა და, რომელიც ღირსია "რომ მიიღოს დიდება, პატივი და ძლიერება" (შეად. გამოცხ. 4:11), რომელიც ღირსია გადაშალოს "შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი" წიგნი (გამოცხ. 5:1). ყველაფერი დანარჩენი - ამ წიგნის გადაშლის შედეგია.
როგორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე აქედან? ჩვენი კერძო აზრით პირველი ბეჭედი ჯერაც არ მოხსნილა. ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა, რაც აღწერილია გამოცხადების მე-6 თავში. მაგრამ ნიშნები იმისა, რომ ყველაფერი კარზეა მომდგარი, სახეზეა. მე მწამს, რომ დანიელის 7:7-8 და 11:27 და 23 ბუკვალურად აღსრულდება, მაგრამ ჩვენ ამას შევიცნობთ მხოლოდ მაშინ, როცა აღსრულდება. ნიშნები იმისა, რომ "ცა წითელია" (ანუ ახლოვდება უფლის მეორედ მოსვლა) (შეად. მათე 16:2) სულ უფრო აშკარა ხდება, მაგრამ ნებისმიერი თარიღები და სახელები წმიდა წყლის სპეკულაციაა და ბალაგანური ფოკუსნიკის დონის მკითხაობაა.
საერთოდ, სანამ არ გამოჩნდება დიდი ბაბილონი, ყველა ჩვენი თეორია მხოლოდ თეორიად რჩება, მითუმეტეს, თუკი ის ეხება თარიღებსა და სახელებს, და მხოლოდ მაშინ, როდესაც გაჩნდება ადამიანის გაღმერთების ახალი გლობალური იდეოლოგია სულისკვეთებით "თქვენ გაღმერთდებით", და მთელ დედამიწას ეპიდემიასავით მოედება, მაშინ გაჩნდება 10 უძლიერესი ლიდერი, რომლებიც მომავალი ჩრდილოური სახელმწიფოს ბირთვს შექმნიან - მხოლოდ მაშინ შევძლებთ ზუსტად იმის თქმას, თუ რა და როგორ იქნება, თუმცა არც მაშინ გვეცოდინება ვინ არის ანტიქრისტე, რადგან ის თავს გამოავლენს მხოლოდ მაშინ, როდესაც სათავეში ჩაუდგება ამ 10 თანამმართველთა კოალიციას. მხოლოდ მაშინ გავიგებთ ზუსტად ვინ არის ანტიქრისტე და მთელ მის სცენარსაც ფარდა აეხდება.
ახლა კი არა თუ არ ძალგვიძს ამოვიცნოთ ანტიქრისტეს ვინაობა, არამედ მოცემულ მომენტში ის ელიტასაც კი არ ეკუთვნის, ის არ არის საზოგადო პიროვნება, ის "უმნიშვნელოა", მაგრამ უეცრად, მოულოდნელად გამეფდება (დანიელი 11:21) და სათავეში ჩაუდგება 10 კაციან კოალიციას.
მაშ, შეწყვიტეთ მკითხაობა და განმტკიცდით წმიდა წერილსა და უფალში, რომელსაც შეუძლია მხოლოდ მოგვანიჭოს მომავლის ჭეშმარიტი ცოდნა და გულისხმისყოფა. მას ეკუთვნის დიდება და პატივი, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მასალა შედგენილია "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ.