კითხვა-პასუხი - საიდან და როგორ ჩაისახება სული ადამიანში ? სად იყო ის შობამდე, ადამიანში გაჩენამდე? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
საიდან და როგორ ჩაისახება სული ადამიანში ? სად იყო ის შობამდე, ადამიანში გაჩენამდე?
ადამიანის სული და მფარველი ანგელოზი
კითხვა: საიდან და როგორ ჩაისახება სული ადამიანში ? სად იყო ის შობამდე, ადამიანში გაჩენამდე?

პასუხი: საკითხი ადამიანის სულის წარმომავლობის შესახებ ღმრთის სიტყვაში (წმიდა წერილში) ბოლომდე გახსნილი არ არის. როგორც წმ. კირილე ალექსანდრიელი ამბობს, ეს არის "საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის". ეკლესია არ გვთავაზობს მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას ამ საგანზე. ამიტომაც სულთა წარმომავლობის შსახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ საღვთისმეტყველო შეხედულებათა და მათდამი ეკლესიის დამოკიდებულების საფუძველზე.
 
1) ორიგენეს დოგმატური სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა სწავლებას ადამიანთა სულების წინარე არსებობის შესახებ. ორიგენემ ეს შეხედულება ისესხა პლატონის ფილოსოფიიდან. ჩვენ დეტალურად არ შევჩერდებით ამ სწავლების შინაარსზე, ვიტყვით მხოლოდ ერთს, რომ ის: ა) ეწინააღმდეგება წმიდა წერილის სწავლებას პირველმშობელთა ცოდვის შედეგების შესახებ; ბ) არ შეუძლია ახსნას ღმრთის განკაცების ფაქტი; გ) დაკავშირებულია ეკლესიის მიერ დაგმობილ სწავლებასთან საყოველთაო აღდგენის (აპოკატასტასისის) შესახებ. VI ს-ის შუა წლებში ეკლესიამ დაგმო ორიგენეს სწავლება.
 
2) არსებობს აზრი, რომ ყოველი ადამიანის სულს ღმერთი ქმნის არაფრისგან (მღვდელმოწ. ირინეოს ლიონელი, წმ. ეფრემ ასურელი, ნეტ. თეოდორიტე, წმ. იოანე ოქროპირი და სხვ.)
 
3) სხვა მამების აზრით სული იქმნება სხეულთან ერთად;
 
4) კიდევ სხვათა აზრით სული იქმნება ადამიანის ჩასახვიდან 40-ე დღეს. ამ შეხედულების სუსტი მხარე იმაშია, რომ ის არ განმარტავს ადამის ცოდვითი დაზიანების გადასვლას მთელ კაცობრიობაზე, ასევე თუ როგორ იძენენ შვილები მშობლების თვისებებს.
 
5) არსებობს კიდევ ერთი აზრი, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული იბადება მშობლების სულთაგან (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირ. მაკარი დიდი და სხვები). მოცემული საღვთისმეტყველო აზრიც ვერ პასუხობს ყველა შეკითხვას. მაგალითად, რომელი მშობლისგან მომდინარეობს სული - მამისგან, დედისგან თუ ორივესგან? ის ასევე ვერ განმარტავს შვილებსა და მშობლებს შორის გასაოცარი არამსგავსების საკითხს.
 
V მსოფლიო კრების შემდეგ უპირატესობა მოიპოვა აზრმა ადამიანთა სულების შექმნის შესახებ, მაგრამ, მოგვიანებით უფრო გავრცელდა აზრი, რომ სულები იშვებიან მშობლებისგან. ეს ორი აზრი ერთმანეთს ავსებს.
 
სულიერი სამყაროს კანონები ჩვენთვის უცნობია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანის სულს იღებს მშობლებისგან, მაგრამ განუმეორებელ და უნიკალურ პიროვნებად ადამიანი ხდება განსაკუთრებული საღმრთო ზემოქმედების შედეგად.

 
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
Назад к содержимому