სწავლანი > ღვთისმეტყველება
მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი
ეკლესიის ერთობის შესახებ
„ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა"
როდესაც უფალი თავად შეგვაგონებს: თქუენ ხართ ხართ მარილნი ქუეყანისანი (მთ. 5,13), როდესაც მცნებად გვიდებს, ვიყოთ უბოროტონი და უმანკონი და ამასთან მეცნიერნი (მთ. 10,16), ყველაზე ჯეროვანი ხომ არ იქნება, საყვარელნო ძმანო, გავითვალისწინოთ ვერაგი მტრის ხრიკები, გულითადად მოვინდომოთ და თვალგაფაციცებულებმა წინასწარ ამოვიცნოთ ისინი, გავექცეთ მათ, რათა ჩვენ, ვინც შევიმოსეთ ქრისტე - სიბრძნე მამა ღმერთისა, არ აღმოვჩნდეთ იმდენად უგუნურნი, რომ არ გავუფრთხილდეთ საკუთარ ცხონებას?! ამრიგად, არ უნდა გვეშინოდეს ისეთი დევნისა, როცა თავს დაუფარავად გვესხმიან და ლამობენ ღვთის მონათა შემუსვრასა და დამხობას - სადაც საფრთხე აშკარაა, იქ გაფრთხილება იოლია; როგორც კი მომხდური თავის ზრახვას გამოააშკარავებს სულიც წინასწარ განეწყობა მასთან საბრძოლველად. გაცილებით მეტად უნდა გვეშინოდეს და ვუფრთხოდეთ მტერს, რომელიც ფარულად მოიპარება, მშვიდობისმყოფელად მოგვაჩვენებს თავს და გვაცდუნებს, იდუმალი გზებით შეუმჩნევლად შემოსრიალდება - ვითარცა მცურავი ანუ გველი [*] მარად ასეთია მისი ბოროტება - ფარული, ცბიერი თვალთმაქცობით აცდუნებს ადამიანებს! ასე შეაცდინა მან სამყაროს არსებობის დასაწყისში უმანკო სულები, რომლებმაც გაუფრთხილებლად და იოლად დაუჯერეს მის ალერსიან, პირფერობით სავსე სიტყვებს! თავად უფლის გამოცდაც კი სცადა - ფარულად მიადგა მას, რათა მოულოდნელად დასხმოდა თავს და ეცდუნებინა. მაგრამ დროულად მიუხვდნენ და უკუაგდეს. ეს იმიტომ, რომ ამოიცნეს და ამხილეს; ეს ჩვენთვის მაგალითია - უნდა ვერიდოთ ძველი ადამიანის გავლილ გზებს და განუხრელად შევუდგეთ ქრისტე - ცხოვრებისმომცემელს, რათა დაუდევრობით კვლავ კი არ გავებათ სიკვდილის ბადეში, არამედ გავითვალისწინოთ საფრთხე და ასე მივაღწიოთ უკვდავებას... [ამას როგორ შევძლებთ], თუ არ დავიცავთ ქრისტეს ბრძანებებს, რომელთა ძალითაც შეიმუსრება და იძლევა სიკვდილი? მაცხოვარი ჩვენს განსასწავლად ამბობს: უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაა, დაიმარხენ მცნებანი (მთ. 19,17); და კვლავ: უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ, არღარა გეტყვ თქუენ მონად (ინ. 15,14-15). ასეთ ადამიანებს უფალი უწოდებს ახოვანთ და მედგართ, პიტალო ქვაზე დაფუძნებულთ, ამქვეყნიური ყველა ქარიშხლისა და მღელვარებისგან შეუძვრელთ, დაურღვეველი გალავნით შემოზღუდულთ: ყოველმან, რომელმან ისმინოს სიტყუანი ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვსი კლდესა ზედა; და გარდამოხდა წვიმაი, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებული იყო კლდესა ზედა (მთ. 7,24-25).
ამრიგად, ჩვენ გვმართებს, დავიმარხოთ მისი სიტყვები; შევითვისოთ და ვქმნათ ის, რასაც იგი გვასწავლიდა და იქმოდა. მორწმუნე როგორ უნდა უწოდოს საკუთარ თავს მან, ვინც ქრისტეს მცნებებს არ ასრულებს?! ან ვით ჰპოვებს რწმენისთვის ჯილდოს ის, ვისაც არ სურს რწმენისა და მცნებების დაცვა?! მას წარიტაცებს ცდუნება გარემოებათა მიხედვით, დაიწყებს ორჭოფობას, დაემსგავსება ფერფლს, რომელსაც ქარი აქეთ-იქით ფანტავს; თუმცა იგი შეძლებს გადარჩენას, თუ ჭეშმარიტების მაცხონებელ გზას დაადგება.
საყვარელნო ძმანო, გვმართებს - ვუფრთხოდეთ არა ოდენ აშკარა და თვალსაჩინო სიცრუეს, არამედ ცბიერებითა და მზაკვრობით ოსტატურად შენიღბულსაც. მას შემდგომ, ოდეს მტერი გამოაშკარავებული და ძლეულ იქმნა ქრისტეს მოსვლით, რამაც ნათელი მოჰფინა წარმართებს და აღმოუბრწყინა ბედნიერების მომტანი მაცხონებელი მნათობი ადამიანებს, მათ უფრო სიღრმისეულად აღიქვეს სულიერი მადლი, ბრმებს აეხილათ თვალები და ღვთისკენ მიმართეს მზერა, დავრდომილნი სამუდამოდ განიკურნენ, ხეიბრებმა ეკლესიას მიაშურეს, მუნჯებმა ხმამაღლა იწყეს ლოცვა.
მას შემდგომ, რაც მტერმა იხილა მიტოვებული კერპები, თავისი დაცარიელებული სახლები და ბომონები, რაც მრავალი ადამიანის სარწმუნოებაზე მოქცევამ განაპირობა, მაცდურმა მოიფიქრა ახალი ტყუილი - თავად ქრისტიანის სახელით შეეცდინა გაუფრთხილებელნი - რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ოსტატური ცბიერება და მზაკვრობა?! სარწმუნოების დასამხობად, ჭეშმარიტების დასამახინჯებლად და ერთიანობის დასარღვევად მან გამოიგონა ერესები და განხეთქილებანი. თუ ვერ მოახერხებდა ხედვადაშრეტილი კაცის ძველ გზაზე დატოვებას, მას - ახალ გზაზე შემდგარს - მოატყუებდა და აცდუნებდა. და აი, უკვე თვით ეკლესიიდან იტაცებს იგი ადამიანებს: როდესაც ისინი თითქმის უახლოვდებიან ნათელს და თავს აღწევენ ამა სოფლის წყვდიადს, იგი ხელახლა ახვევს მათთვის შეუცნობელ ბნელეთში და ისინიც, მართალია, საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, აღარ მიჰყვებიან სახარებას, არ იცავენ რჯულს, აქეთ-იქით აწყდებიან უკუნეთში და თავი ნათელში მავალნი ჰგონიათ. ასეთია თვალთმაქცური ხრიკები მტრისა, რომელიც, მოციქულის სიტყვებით, გარდაისახება რა ანგელოსად ნათლისა (2კორ. 11,14), თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოაჩენს; ამასობაში ისინი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას - ცხონებად, სასოების საფარველქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენად ასაღებენ, ანტიქრისტეს ქრისტეს უწოდებენ, სიცრუეს დამაჯერებლობას სძენენ, ოსტატური ცბიერებით ჭეშმარიტებას ანადგურებენ...
ეს იმიტომ ხდება, საყვარელნო ძმანო, რომ ისინი არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრის სწავლებას. ამის გასაგებად არ არის საჭირო ვრცელი მსჯელობანი და მტკიცებულებანი; საკმარისია მხოლოდ საქმეში ჩახედვა და მისი გამოძიება, ამაში ჭეშმარიტების მოკლე გადმოცემაც იოლად დაგვარწმუნებს.
უფალი ეუბნება პეტრეს: და მე გეტყვ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა (მთ. 16,18-19); და თავისი აღდგომის შემდგომ კვლავ უცხადებს: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი (ინ. 21,16). ამრიგად, მაცხოვარმა ერთ [საძირკველზე] დააფუძნა ეკლესია. მართალია, თავისი აღდგომის შემდგომ მან ყველა მოციქულს თანაბარი უფლება მიანიჭა და უთხრა: ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ (ინ. 20,21-23), მაგრამ მაინც ინება, ეჩვენებინა, რომ ეკლესია ერთია და ერთით დაიწყო ეს ერთობა. რა თქმა უნდა, დანარჩენ მოციქულებსაც პეტრეს დარი ღირსება და უფლება ჰქონდათ, მაგრამ დასაწყისში მითითებულია ერთი [მოციქული], იმის ნათელსაყოფად, რომ ეკლესია ერთია. ამასვე აცხადებს სულიწმიდა, უფლის პირით: ერთ არს ტრედი ჩემი, სრული ჩემი; ერთ არს დედისა თჳსისა, რჩეულ არს მშობლისა თჳსისა (ქებათა ქება 6,8).
მას, ვინც ეკლესიის ამ ერთიანობას არ იცავს, როგორ შეუძლია ეგონოს, რომ სარწმუნოებას იმარხავს?! ვინც წინ აღუდგება და უპირისპირდება ეკლესიას, რა იმედი უნდა ჰქონდეს მის წიაღში ყოფნისა?! როდესაც პავლე მოციქული ამავე საგანზე მსჯელობისას ეხება ერთობის საიდუმლოს, ამბობს: ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებითა თქუენისაჲთა; ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი (ეფ. 4,4-6). ზუსტად ეს ერთიანობა უნდა დავიცვათ მტკიცედ და შევინარჩუნოთ; ეს განსაკუთრებით ეხებათ ეპისკოპოსებს - პირველმჯდომარეთ ეკლესიაში - რათა ცხადყონ, რომ თავად ეპისკოპოსობაც ერთია და განუყოფელი. დაე, ნურავინ მოატყუებს ძმობას! დაე, ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური ღალატით! ეპისკოპოსობა ერთია და ეპისკოპოსთაგან თითოეული სრულად მონაწილეობს მასში. ასევე ერთია ეკლესიაც, თუმცა წევრთა შემომატებით გავრცობილი იგი მრავალ ნაწილად იყოფა. მრავალსხივოსან მზესაც ხომ ერთი სინათლე აქვს; ხეც დატოტვილია, მაგრამ მყარად ფესვგადგმული ტანი ერთი აქვს; ბევრი წყარო გამოედინება ერთი სათავიდან და უხვი წყალი მრავალ ნაკადად იყოფა, მაგრამ თავწყარო მათ მაინც ერთი აქვთ. მოაშორე სხივები მზეს - ამ წყაროსთან ერთიანობას მოწყვეტილი სინათლე ვერ იარსებებს; გადატეხე ხის ტოტი - ის ვეღარ გაიზრდება; გადაუკეტე ნაკადულს სათავე - იგი დაშრება.
წმ. კვიპრიანე კართაგენელი (III ს.)
უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესიაც ასევე მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ ყველგან ამგვარად განფენილი ნათელი ერთია და სხეულის ერთიანობა განუყოფელი რჩება. მთელ დედამიწას ფარავს მისი ნაყოფით დახუნძლული ტოტები; მისი წყალუხვი მდინარეები შორს მიედინება... მაგრამ ერთია თავი, ერთია დედა - გამოღებული ნაყოფის სიუხვით გამდიდრებული.
ჩვენ მისგან ვიბადებით, მისი რძით ვიკვებებით, მისი სული გვასულდგმულებს. ქრისტეს სასძლოს დამახინჯება შეუძლებელია - იგი წმინდაა და უხრწნელი, აქვს ერთი სახლი და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს.
ეკლესია ჩვენ - თავისგანვე შობილთ - გვამზადებს ღმერთისა და სასუფევლისთვის. ეკლესიისგან ყოველი განდგომილი ემსგავსება მემრუშე დედაკაცს, ეკლესიის აღთქმები მისთვის უცხო ხდება; ვინც ქრისტეს ეკლესიას მიატოვებს, დაკარგავს ქრისტეს მიერ მისთვის წინასწარ განკუთვნილ ჯილდოს. იგი ეკლესიისთვის ხდება უცხო, უხმარი, მტერი. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის მამა ვერ იქნება ღმერთი. ეკლესიას განშორებული კაცი მხოლოდ მაშინ შეძლებდა ცხონებას, ნოეს კიდობნის გარეთ დარჩენილთაგან ვინმე რომ გადარჩენილიყო. უფალი ასე შეგვაგონებს: რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მთ. 12,30).
ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს. ვინც სხვაგან, ეკლესიის გარეთ, შეკრებს, იგი განაბნევს ქრისტეს ეკლესიას. უფალი ამბობს: მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ (ინ. 10,30). მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ აგრეთვე წერია: ესე სამნი ერთ არიან ( 1ინ. 5,7). ვის შეუძლია იფიქროს, რომ ღვთაებრივ უცვალებლობაზე დაფუძნებული და ზეციურ საიდუმლოებთან შეერთებული ეს ერთობა ეკლესიისა დაირღვევა და დანაწევრდება ურთიერთსაპირისპირო სურვილების შეუთანხმებლობის გამო?! არა, ვინც ამ ერთობას არ იცავს, ის არ მისდევს საღვთო რჯულს, არ იმარხავს მამისა და ძის მიმართ რწმენას, არ ადგას გადარჩენის ჭეშმარიტ გზას!..
ერთობის ეს საიდუმლო, განუყოფელი კავშირი ასახულია სახარებისეულ თხრობაში უფალ იესო ქრისტეს კვართის შესახებ. კვართი არ გაუნაწილებიათ და არ დაუნაწევრებიათ, იგი - დაუზიანებელი და განუყოფელი - მთლიანად ერგო წილად ერთ კაცს. ამასთან დაკავშირებით საღვთო წერილი ამბობს: ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს (ინ. 19,23-24). ამ კვართის ერთიანობა იყო ზეციური - მამა ღმერთისგან მომდინარე, ამიტომაც მას ვერ დაგლეჯდნენ მისი მფლობელნი - კვართმა სრულად, ერთხელ და სამუდამოდ შეინარჩუნა სიმტკიცე და განუყოფელობა. ამიტომაც ვერ ექნება მაცხოვრის სამოსი ქრისტეს ეკლესიის დამარღვეველს.
როდესაც სოლომონის სიკვდილის შემდგომ მისი სამეფო და ერი უნდა გაყოფილიყო, წინასწარმეტყველი აქია ველზე შეხვდა მეფე იერობოამს, თავისი სამოსი თორმეტ ნაწილად დახია და უთხრა: მიიღე შენდა ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყვს უფალი: ...აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ხელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი წილი; და ორი იგი წილი იყავნ მისა დავითისათჳს, მონისა ჩემისა, და იერუსალჱმისათვს ქალაქისა... რომელ გამოვირჩიე სახლად ჩემდა (3მეფ. 11-32-33,36). ამრიგად, როდესაც ისრაელი თორმეტ ტომად უნდა გაყოფილიყო, აქია წინასწარმეტყველმა თავისი სამოსი დახია. მაგრამ ქრისტეს ერი არ უნდა დანაწევრდეს, ამიტომაც მისმა მფლობელებმა არ დახიეს ქრისტეს მკვიდრად ნაქსოვი კვართი, რომლის მთლიანობა მიანიშნებს ყველა ქრისტეშემოსილის განუყოფელ თანხმობას. ამრიგად, უფალმა თავისი სამოსის დაურღვევლობაზე საიდუმლო მინიშნებით ეკლესიის ერთიანობის წინასახე გვიჩვენა.
ვინ არის ესოდენ ურჯულო და ორგული, ვის დარია ხელი შუღლის ვნებამ ისე, რომ გაკადნიერებულს შესაძლებლად მიაჩნია, დაარღვიოს საღვთო ერთობა - სამოსი უფლისა - ეკლესია ქრისტესი?! თავად უფალი შეგვახსენებს და შეგვაგონებს თავისი სახარებით: და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (ინ. 10,16). ვინ მოიფიქრებს, რომ ერთ ადგილას შეიძლება მრავალი მწყემსის ან მრავალი სამწყსოს არსებობა? პავლე მოციქული იმავე ერთობის შესახებ გვასწავლის, გვევედრება და შეგვაგონებს: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (1კორ. 1,10). და სხვა ადგილას იმეორებს: თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვდობისაჲთა (ეფეს. 4,3).
ნუთუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ეკლესიიდან მოშორებულმა იცხოვრო და სხვა სამყოფელი მოიწყო? ჰრააბეს, რომელსაც ეკლესიის წინასახის შექმნა უკავშირდება, ეთქვა: მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბე შენ თანა სახლსა შინა შენსა; და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა (ნავ. 2,18-19). გამოსვლათა წიგნში მოცემული კანონის თანახმად, პასექის საიდუმლოსთვის აუცილებელი იყო, რომ დაკლული კრავი - წინასახე ქრისტესი - შეეჭამათ ერთ სახლში. ღმერთი ასე ბრძანებს: სახლსა შინა ერთსა იჭამოს... არა განიღოთ ჴორცთაგანი გარე (გამოსლვ. 12,46). ხორცი ქრისტესი - სიწმინდე უფლისა - არ შეიძლება სახლიდან იქნეს გამოტანილი, მორწმუნეთათვის კი არ არსებობს სხვა სახლი, თვინიერ ერთი ეკლესიისა. ამ ერთსულოვნების სავანეს ახსენებს ფსალმუნებში სულიწმინდა: ღმერთმან დაამკვიდრნის ერთსახენი სახლსა (ფს. 67,7). ღვთის სავანეში, ქრისტეს ეკლესიაში, მხოლოდ ერთსულოვანნი, ურთიერთშეთანხმებულნი და გულწრფელნი ცხოვრობენ და თანამყოფობენ.
სულიწმიდაც ამისთვის გამოჩნდა მტრედის სახით. ამ უბრალო და უწყინარ არსებას, რომელიც არ არის ავი, არ იკბინება და ბრჭყალებით დაუნდობლად არ იკაწრება, უყვარს ადამიანთა საცხოვრისი და მეწყვილესთან ერთად მხოლოდ ერთ ბუდეს იშენებს. ისინი ბარტყებს ერთად ჩეკენ, ერთმანეთის მხარდამხარ დაფრინავენ, განუშორებლად ცხოვრობენ, ამბორით ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, სიმშვიდესა და ერთსულოვანებას.
ეკლესიაშიც უნდა იგრძნობოდეს ასეთივე გულწრფელობა და სიყვარული: ძმობას ჰმართებს, მიჰბაძოს სიყვარულში მტრედების სიყვარულს, კრავებისა და ცხვრების თვინიერებასა და სიმშვიდეს. რა აღვიძებს ქრისტიანის გულში მგლის სიმხეცეს, ქოფაკის სიცოფეს, საიდან ჩნდება მასში გველის სასიკვდილო გესლი და საერთოდ სისხლსმოწყურებულ ნადირთა მძვინვარება? უნდა ვხარობდეთ, როდესაც მათი მსგავსნი შორდებიან ეკლესიას, რათა თავიანთი დაუნდობელი და მომწამლავი სახადით არ დაღუპონ ქრისტეს მტრედნი და ცხოვარნი.
ვერ შეუერთდება და შეერევა ნაღველი სიტკბოებას, ბნელი ნათელს, ავდარი დარს, ომი მშვიდობას, უნაყოფობა ნაყოფიერებას, სიმშრალე წყლის ნაკადს, ქარიშხალი მყუდრო ამინდს.
ნურავინ იფიქრებს, თითქოს კეთილ ადამიანებს შეეძლოთ, ეკლესიას გამოეყონ. ქარი ვერ გაფანტავს ხორბალს, ვერც ქარიშხალი ამოთხრის ფესვმაგარ ხეს. გრიგალს მხოლოდ ბზე მიაქვს, მისი ქროლვა მარტოოდენ სუსტ ხეებს სცემს ძირს. სწორედ მათ შეაჩვენებს და შერისხავს იოანე მოციქული: ჩვენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი, იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა (1ინ. 2,19). ერესები ხშირად ჩნდებოდნენ და ჩნდებიან იმის გამო, რომ თავნება გონებამ ვერ ჰპოვა მშვიდობა საკუთარ თავში; ხოლო განხეთქილების მთესველი ორგულობა არღვევს ერთიანობას. უფალი გვინარჩუნებს თავისუფალ ნებას და უშვებს, ჭეშმარიტებაზე პაექრობაში გამოიცადოს ჩვენი გული და გონება და ნათლად გამოჩნდეს ღირსეულთა წმინდა სარწმუნოება. ამას წინასწარ გვაუწყებს სულიწმიდა მოციქულის პირით: რამეთუ წვალებანიც ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ (1კორ. 11,19). ასე გამოიცდებიან ერთგულნი და მხილებას მიეცემიან ორგულნი. ასე გენეშორებიან ურთიერთს მართალთა და ურჯულოთა სულები ჯერ კიდევ განკითხვის დღემდე, ასე გამოირჩევა ღვარძლი იფქლისგან! განგდებულ იქნებიან ისინი, ვინც საღვთო განჩინების გარეშე, თვითნებურად, იჩემებენ უგუნური ბრბოს მეთაურობას; კანონიერი კურთხევის გარეშე აცხადებენ თავს ბელადებად; ისაკუთრებენ ეპისკოპოსის სახელს ამ წოდების ვინმესგან მიუნიჭებლად. სულიწმიდა ფსალმუნებში მათ უწოდებს მსხდომთა საჯდომელთა უსჯულოთასა (ფს. 1,1), წყლულთა და სენთა სარწმუნოებისა - მოიხსენიებს ადამიანებად, რომლებიც იოლად დამყოლთ აცდუნებენ გველური სისინით, ოსტატურად ამახინჯებენ ჭეშმარიტებას და დამღუპველი ენით ანთხევენ სასიკვდილო შხამს; მათი სიტყვა ვრცელდება, ვითარცა სრსჳლი (2ტიმ. 2,17), მათი საუბარი სასიკვდილო სახადივით ედება თითოეულის გულს.
უფალი მათ წინააღმდეგ ღაღადებს, მათგან იცავს და განარიდებს თავის გზაკვალარეულ ერს, როდესაც ამბობს: ნუ ისმენთ სიტყუათა წინასწარმეტყუელთასა. რომელნი გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყვან და არა პირისაგან უფლისა. ეტყვან ურჩთა სიტყვსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მამისაითა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი... არა მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ და იგინი წინასწარმეტყუელებდეს. და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა (იერ. 23,16-17;21-22). მათვე აღწერს და მათზე მიანიშნებს უფალი, როდესაც ამბობს: მე დამიტევეს წყაროა წყლისა ცხოველისაა, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა (იერ. 2,13). შეუძლებელია სხვა ნათლისღება, გარდა ერთისა. ისინი (ერეტიკოსები) კი ფიქრობენ, რომ მონათვლა შეუძლიათ; მათ დაუტევეს წყარო ცხოვრებისა და ხალხს ცხოველმყოფელი, მაცხონებელი წყლის მადლს ჰპირდებიან. მათგან ადამიანები, ნაცვლად განბანვისა, ბიწიერებით ივსებიან; ცოდვები კი არ წარეხოცებათ, უფრო უმძაფრდებათ. ასე იბადებიან არა ღმერთის, არამედ ეშმაკის შვილები. სიცრუისგან გაჩენილნი აღთქმული ჭეშმარიტების ღირსნი ვერ გახდებიან. ორგულობით შობილნი სარწმუნოების მადლს განეშორებიან. შმაგი განხეთქილებით უფლისმიერი მშვიდობის დამარღვეველნი ჯილდოდ სიმშვიდეს ვერ მიიღებენ.
დაე, ზოგიერთები ნუ მოიტყუებენ თავს უფლის ნათქვამით: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,20) - მას იმოწმებენ სახარების დამამახინჯებლები და ცრუ განმმარტებლები. ეს სიტყვები მეორე ნაწილია ნათქვამისა, რომლის დასაწყისიც მათ გამოტოვეს. ერთ ფრაგმენტს შეგვახსენებენ, მეორეს კი ვერაგულად გვიმალავენ. როგორც თავად განეშორნენ ეკლესიას, ისე ანაწევრებენ ერთსა და იმავე ფრაზას. უფალი თავის მოწაფეებს მოუწოდებს, დაიცვან ერთსულოვნება და მშვიდობა: ამენ გეტყვ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვსვე საქმისა, რომელიც ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,19-20) და ამ სიტყვებით გვიჩვენებს, რომ მთავარია არა მვედრებელთა მრავალრიცხოვნება, არამედ მათი ერთ-სულ ყოფა. უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა, - გვეუბნება მაცხოვარი.
ამგვარად, უფალმა მცნებად დაგვიდო, უპირველესად ვიყოთ ერთსულოვანნი, შეხმატკბილებულნი; გვასწავლა, მართლად და გაბედულად დავეთანხმოთ ურთიერთს. მაგრამ როგორ დაეთანხმება ვინმეს ის, ვინც უპირისპირდება თავად ეკლესიის სხეულს და მთელ ძმობას?!
ქრისტეს სახელით ვითარ შეკრბებიან ორნი ან სამნი, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ უკვე განუდგნენ ქრისტესა და მის სახარებას! ჩვენ ხომ არ განვეშორეთ მათ, ისინი ჩამოგვცილდნენ! მას შემდგომ, რაც მათგან მოწყობილმა სხვადასხვა შეკრებებმა სათავე დაუდო ერესებსა და განხეთქილებებებს, მათ ზურგი აქციეს ჭეშმარიტების თავსა და საწყისს. უფალი კი, ეხება რა ეკლესიას, შემდეგნაირად მიმართავს მასში მყოფთ: მათ შორის თანხმობის შემთხვევაში, თანახმად მაცხოვრის შეხსენებისა და შეგონებისა, თუ ორი-სამი შეიკრიბება და ერთსულოვნად ილოცებს, ისინი, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნებისა, საღვთო დიდებულებით მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ. სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა - აქ იგულისხმება უბრალო და მშვიდობისმოყვარე, ღვთისმოშიში და ღვთის მცნებათა დამმარხველი ადამიანები. უფალმა აღგვითქვა, რომ იქნებოდა ასეთთა შორის. სამ ყრმასთან სახუმილში მყოფმა ცვრით განაგრილა ცეცხლის ალით გარშემორტყმულნი, რადგან ღვთის ერთგულნი და ერთსულოვანნი იყვნენ (იხ. დან. 3,50); უფალმა არ მიატოვა დილეგში გამომწყვდეული ორი მოციქული, რაკი ისინი წრფელნი და ერთსულოვანნი იყვნენ, გაუღო კარი და გამოიყვანა, რათა მათ ერისთვის ეთქვათ მართლად ნაქადაგები სიტყვა (იხ. საქმ. 5,19).
წმმ. ელეფთერი, აკაკი და კვიპრიანე
ამრიგად, როცა უფალი მცნებად გვიდგენს და გვეუბნება: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა, ამით ეკლესიის შემქმნელი და დამაფუძნებელი არ გამოყოფს ადამიანებს ეკლესიისგან, არამედ სარწმუნოებიდან განდგომილთ ამხელს და მართალთ მშვიდობისკენ მოუწოდებს. უფალი თავისი სიტყვებით ცხადყოფს, რომ მისთვის ორ-სამ ერთსულოვნად მლოცველთან ყოფნა უფრო სათნოა, ვიდრე მრავალრიცხოვან განსხვავებულად მოაზროვნესთან; და მცირერიცხოვანთა შეთანხმებული ლოცვით უფრო შესმენილ იქნება თხოვნა, ვიდრე ვედრებით მრავალთა, რომლებიც ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ამიტომაც ლოცვის კანონის დადგენისას უფალმა იქვე დაურთო: და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი (მრკ. 11,25). მსხვერპლშეწირვის მსურველს, რომელიც ვინმეს ემტერება, უფალი საკურთხეველთან არ უშვებს, უბრძანებს, ჯერ შეურიგდეს ძმას, მერე კი მშვიდობით დაბრუნდეს და მიართვას ძღვენი ღმერთს (იხ. მთ. 5,23-25). უფალმა არ მოხედა კაენის შესაწირს, რადგან ვერ იქნებოდა მოწყალე მისდამი, ვისაც შურდა ძმისა, სძულდა და უპირისპირდებოდა მას.
რა მშვიდობის მოპოვების იმედი აქვთ ძმათა მტრებს? რა მსხვერპლის შეწირვას განიზრახავენ ისინი, რომელთაც მღვდლების შურთ? ქრისტეს ეკლესიის გარეთ თავშეყრილთ ნუთუ სჯერათ, რომ ქრისტე მათთან არის? ასეთებმა თუნდაც თავს-იდვან რწმენის აღიარებისთვის სიკვდილი - მათ ლაქას სისხლიც ვერ ჩამორეცხავს. განხეთქილების წარუხოცავ და მძიმე დანაშაულს ტანჯვაც ვერ განწმენდს. ვინც ეკლესიაში არ არის, მოწამე ვერ იქნება; ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ის, ვინც მიატოვა ეკლესია, რომელიც თავად მეუფებს. ქრისტემ გვიბოძა მშვიდობა და გვიბრძანა, ვიცხოვროთ თანხმობითა და ერთსულოვნებით; მცნებად დაგვიდო, დაურღვევლად და მტკიცედ დავიცვათ ერთიანობა და სიყვარული - ის კი, ვინც არ დაიმარხა ძმათა სიყვარული, მოწამე ვერ იქნება. ამას გვასწავლის და ადასტურებს პავლე მოციქული: მაქუნდეს ღათუ ყოველივე წინაჲსწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების (1კორ. 13,2-8). მოციქულის სიტყვებით, სიყვარული არასდროს გადავა, სამარადჟამოდ ჰგიეს ზეციურ სასუფეველში და განუწყვეტლად განიგრძობა ძმური კავშირით შეკრულ ერთობაში. განხეთქილების ადგილი არ არის ზეციურ სასუფეველში, ვერც მისი მომწყობნი ეღირსებიან ჯილდოს ქრისტესგან, რომელმაც გვითხრა: ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას (ინ. 15,12). ვინც მუხანათური უთანხმოებით დაარღვია ქრისტეს სიყვარული - ვისაც არ უყვარს, მისთვის არც ღმერთი არსებობს და ვერც თავად მიეკუთვნება ქრისტეს. ნეტარი მოციქული გვეუბნება: ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (1ინ. 4,16).
ამრიგად, ღმერთთან ვერ იქნებიან ისინი, რომლებმაც არ მოისურვეს, ყოფილიყო ერთსულოვნება ღვთის ეკლესიაში. მათ თავიც რომ გაწირონ, ცეცხლის ალში დაიფერფლონ ან მხეცთა შესაჭმელად მიგდებულებმა სული განუტეონ, ეს მაინც სასჯელად მიეგებათ თავიანთი ღალატისთვის, ისინი არა თუ დაიდგამენ სარწმუნოების გვირგვინს - ამას დაერქმევა სასოწარკვეთილების საზღაური და არა დიდებული დასასრული ღვთისმოსაობისა. შეიძლება მოკლან ასეთი ადამიანი, მაგრამ ის ამით გვირგვინს ვერ ჰპოვებს. იგი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ისეთივე სიყალბით, როგორითაც ეშმაკი ხშირად თავისთავს ქრისტედ მოიხსენიებს; თანახმად უფლის გამონათქვამისა: რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ (მრკ. 13,6). როგორც ეშმაკი არ არის ქრისტე, თუმცა ამ უკანასკნელის სახელით ატყუებს მავანთ, ისე ქრისტიანად ვერ ჩაითვლება ქრისტეს სახარებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღმა მყოფი. რა თქმა უნდა, დიდი საქმეა და გაოცებას იმსახურებს წინასწარმეტყველება, ეშმაკთა განდევნა და უდიდესი სასწაულების აღსრულება ამქვეყნად, მაგრამ ყოველივე ამის მოქმედი ვერ მიაღწევს ზეციურ სასუფეველს, თუ სწორი, ჭეშმარიტი გზით არ ივლის. ამის შესახებ გვაუწყებს უფალი: მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ. 7,22-23).
საჭიროა სიმართლე, რომ ღმერთ-მსაჯულს სათნო-ვეყოთ; უნდა დავემორჩილოთ მის მცნებებსა და შეგონებებს, რათა ჩვენთა საქმეთათვის ჯილდო მივიღოთ. უფალი სახარებაში მოკლედ მიგვითითებს ჩვენი რწმენისა და სასოების გზაზე: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაა. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვსი (მრკ. 12,29-31; მთ. 22,37-39). ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან (მთ. 22,40). ამ სწავლებით უფალმა გვიქადაგა ერთიანობა და სიყვარული. ორ მცნებაში მოაქცია რჯული და ყველა წინასწარმეტყველი. რა ერთიანობას იცავს, როგორ სიყვარულს იმარხავს და განიზრახავს ის, ვინც განხეთქილებას ესწრაფვის და შუაზე აპობს ეკლესიას. არღვევს სარწმუნოებას, აფორიაქებს მშვიდობას, აღმოფხვრის სიყვარულს, ბილწავს საიდუმლოებას?!
საყვარელნო ძმანო, დიდი ხანია, დაიწყო ეს ბოროტება, მაგრამ ამ დამღუპველი სიავის გამანადგურებელი ძვრა ამჟამად გაძლიერდა და ერეტიკული გაუკუღმართებისა თუ განხეთქილების შხამის გავლენა სულ უფრო აშკარავდება და ვრცელდება. თუმცა სულიწმიდამ მოციქულის პირით წინასწარ გვაუწყა, რომ ამა სოფლის აღსასრულის მოახლოებისას ასეც მოხდებოდა: უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი. და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმრთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე. რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსლვად. ვითარცა-იგი იანე და იამბრე უქდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უქდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა. გარნა არა წარემარტნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო (2 ტიმ. 3,1-9).
და აი, სრულდება წინასწარმეტყველება - ახლოვდება ამა სოფლის აღსასრული და უკვე ჩნდებიან ასეთი ადამიანები, უკვე დგება ასეთი ჟამი. მტერი სულ უფრო შმაგდება, ადამიანებს ატყუებს ცდომილება, აღაზევებს სიცოფე, აღაგზნებს შური, აბრმავებს გულისთქმა, რყვნის უკეთურება, სძლევს ამპარტავნება, დაუნდობელს ხდის უთანხმოება, ბოლოს უღებს მრისხანება. მაგრამ ჩვენ ნუ შეგვძრავს და შეგვაშფოთებს მრავალთა უკიდურესი და მოულოდნელი მუხანათობა. უმჯობესია, ნაწინასწარმეტყველებმა ჭეშმარიტებამ განგვიმტკიცოს რწმენა. წინასწარ ნაუწყების თანახმად, ზოგიერთი ასეთი უნდა გამხდარიყო; ასე რომ, დაე, დანარჩენი ძმები უფრთხილდნენ მათ, რადგან ამის შესახებაც იწინასწარმეტყველა უფალმა თავის შეგონებაში: თქუენ იხილეთ და ეკრძალენი, აჰა ესერა წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველი (მრკ. 13,23). გევედრებით, გაექეცით ასეთ ადამიანებს და, როგორც სასიკვდილო სენს, ისე მოარიდეთ თქვენ სმენას მათი დამღუპველი სიტყვები, თანახმად წმინდა წერილისა: მოზღუდე ყურნი შენნი ეკლითა და ნუ ისმენ სიტყუათა უსჯულოთასა, რადგან განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი (1კორ. 15,33). თავად უფალი გვასწავლის და მცნებად გვიდებს - განვეშოროთ ასეთებს: ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაა ბრმასა თუ წინა-უძღინ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან (მთ. 15,14). უნდა ზურგი შევაქციოთ და გავექცეთ ყველას, ვინც გამოეყო ეკლესიას, რამეთუ გარდაგუარძნილ არს ეგევითარი იგი და სცოდავს და არს იგი თვთ დასჯილ (ტიტ. 3,11).
ნუთუ ქრისტესთან არის ის, ვინც მოქმედებს ქრისტეს მღვდლების წინააღმდეგ, განეშორება ქრისტეს სასულიერო დასსა და ერთან ურთიერთობას?! ის - ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებული და უგულებელმყოფელი საღვთო განგებულებისა - არის საკურთხევლის მტერი, ქრისტეს მსხვერპლის უარმყოფელი, სარწმუნოების მოღალატე, ღვთისმსახურების მგმობი, ურჩი მონა, ურჯულო ძე, საძულველი ძმა. მან არად ჩააგდო ეპისკოპოსები, მიატოვა ღვთის მღვდლები, გაკადნიერდა და აღმართა სხვა საკურთხეველი, მიუღებელი სიტყვებით შეადგინა სხვა ლოცვა, მოჩვენებითი მსხვერპლშეწირვებით შებილწა უფლის ჭეშმარიტი მსხვერპლი; და არც უნდა შეისმინოს, რომ საღვთო წესგანგების საწინააღმდეგოდ აღძრული უგუნური კადნიერებისთვის საღვთო განგებულებისამებრ დაისჯება კიდეც.
მაგალითად, კორე, დათანი და აბირონი, რომლებიც წინ აღუდგნენ მოსესა და მღვდელ აარონს და მსხვერპლშეწირვის უფლების მითვისებას შეეცადნენ, მყისვე დაისაჯნენ თავიანთი საქციელისთვის: გაირღვა მიწა და ხახადაღებულმა უფსკრულმა ცოცხლად შთანთქა ისინი. ღვთის რისხვა მარტო შფოთისამტეხთ როდი ეწია - უფლის ცეცხლმა დაუყოვნებლივ დაფერფლა იმავე უგუნურების ყველა მონაწილე, მიმდევარი და მათი თანამოაზრენი - სულ ორასორმოცდაათი კაცი (იხ. რიცხვ. 16). ღმერთმა ამით შეგვახსენა, რომ ურჯულოთა მიერ საღვთო წესგანგების დასარღვევად თვითნებურად წამოწყებული ყველა მცდელობა ღვთის წინააღმდეგ არის მიმართული. ასე დაემართა მეფე ოზიასაც: როდესაც მან ხელთ აიღო საცეცხლური და საღვთო რჯულის საწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მსხვერპლშეწირვის უფლება, თანაც არ მოისურვა, დაეთმო და დამორჩილებოდა მღვდელ აზარიას, რომელიც უკრძალავდა ამის გაკეთებას, ღვთის რისხვა დაატყდა - შუბლზე კეთრი გაუჩნდა - შეურაცხყოფილმა ღმერთმა სხეულის იმ ნაწილზე დაასვა დაღი, რომელზედაც ღვთის სათნომყოფელს გამოესახება ხოლმე უფლის ნიშანი (იხ. 2ნეშტ. 26). ასევე დაისაჯნენ აარონის ძენიც, რომელთაც საკურთხეველზე გააჩაღეს უცხო ცეცხლი, რისი დანთებაც უფალმა აკრძალა - ისინი მყისვე დაიწვნენ შურისმაძიებელი ღმერთის წინაშე (იხ. ლევ. 10). ზუსტად მათ ჰბაძავენ და მიჰყვებიან ღვთის მცნებათა უგულებელმყოფელნი და უცხო მოძღვრებით გატაცებულნი ნერგავენ კაცთაგან შემოღებულ წესებს. უფალი თავის სახარებაში ასეთ ადამიანებს ამხელს და კიცხავს: დაგიტევებიეს მცნება ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძუღურებაჲ კაცთაჲ (მრკ. 7,8).
ეს დანაშაული იმაზე უარესია, რაც ხილულად ჩაიდინეს დაცემულებმა, რომლებიც შემდგომ მიხვდნენ თავიანთ შეცოდებას და ღმერთს ახლა ევედრებიან სრულიად კმასაყოფელი სინანულით. აქ ეკლესიას ეძებენ და მას შესთხოვენ, იქ ეკლესიას უპირისპირდებიან; აქ უკანონობა, შეიძლება, იძულების გამო ჩაიდინეს, იქ ამას თავისუფალი ნებით სჩადიან; აქ დაცემულმა ზიანი მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა, იქ - ერესის გამომგონებელმა ან განხეთქილების მოთავემ მოტყუებით გაიყოლა მრავალი ადამიანი; აქ დაზარალდა ერთი სული, იქ - საფრთხე ექმნება ფრიად მრავალს; დაცემულს ესმის, რომ ნამდვილად შესცოდა და ამადაც ტირის და გლოვობს, ის კი, თავისი ცოდვით გაამაყებული და ურჯულოებით დამტკბარი, შვილებს განაშორებს დედას, ცხვრებს ჰპარავს მწყემსს, არღვევს ღვთის საიდუმლოებს; დაცემული ერთხელ შეცდა, ის კი ყოველდღე სცოდავს. და ბოლოს, თუ დაცემული თავსიდებს მარტვილობას, ის შეძლებს აღთქმული სასუფევლის დამკვიდრებას; ხოლო ის, ეკლესიის მიღმა მყოფი, სიკვდილის ფასადაც ვერ ეღირსება ეკლესიის ჯილდოს.
დაე, ნურავის გაუკვირდება, საყვარელნო ძმანო, რომ აქამდე აღმსარებელთაგან ზოგიერთნიც დაცემულან და ამიტომაც ისეთივე ურჯულო და მძიმე ცოდვას სჩადიან. აღმსარებლობა არავის ათავისუფლებს ეშმაკის ხრიკებისგან და ჯერ კიდევ სააქაოდ მყოფთ სამუდამოდ არ იცავს ამა სოფლის ცდუნებისგან, საფრთხისგან, თავდასხმებისა და დარტყმებისგან. თუმცა, ჩვენ არასდროს შევსწრებივართ ისეთ სიცრუეს, უწესობასა და სიძვას აღმსარებელთა შორის, როგორსაც ამჟამად ვხედავთ ზოგიერთების ქცევაში - აი, რაზე ვწუხვართ და გული შეგვტკივა. ვინც უნდა იყოს აღმსარებელი, ის არ დგას სოლომონზე მაღლა, არც მასზე უკეთესია და არც ღვთისთვის უფრო სათნო. ვიდრემდის სოლომონი უფლის გზით ვიდოდა, ღვთისგან მონიჭებულ მადლსაც ფლობდა; შემდგომ, დაუტევა რა გზა უფლისა, მადლიც დაკარგა; და აღუდგინა უფალმა მჳდომი სოლომონს (3მეფ. 11,14). ამიტომაც არის ნათქვამი წმინდა წერილში: იპყარ, რომელი-ეგე გაქუს, რაათა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი (გამოცხ. 3,11). სიმართლის დაკარგვას რომ არ მოსდევდეს გვირგვინის დაკარგვაც, უფალი სიმართლის გვირგვინის წართმევით არც დაგვემუქრებოდა. აღმსარებლობა მხოლოდ დიდებასთან მიახლებას ნიშნავს და არა უკვე გვირგვინის მოპოვებას; აღმსარებლობა არ არის ღვაწლის დასასრული - იგი წინასაწყისია ღირს-ყოფისა. წმინდა წერილში ნათქვამია: რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს (მთ. 10,22); მაშასადამე, დასასრულამდე არსებობს მხოლოდ საფეხურები ცხონებამდე ასასვლელად და არა მიჯნა, სადაც უკვე მწვერვალს აღწევენ.
აღმსარებელს ასეთად გახდომის შემდგომაც ემუქრება დიდი საფრთხე, რადგან მტერს ეს უფრო მეტად აღიზიანებს. ის აღმსარებელია და ამიტომაც ისე მტკიცედ უნდა მიჰყვეს უფლის სახარებას, რომ მისი საშუალებით განადიდოს იგი უფალმა, რომელიც ამბობს: რომელმა არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰქადონ მას (ლკ. 12,48).
დაე, აღმსარებელთა მაგალითი ნურავისთვის გახდება დამღუპველი! დაე, აღმსარებლის საქციელიდან ნურავინ ისწავლის ტყუილს, ამპარტავნებას, ორგულობას! ის აღმსარებელია... დაე, იყოს მშვიდი და წყნარი, მიუსადაგოს თავისი ქმედებანი კეთილმოწესეობას; გამოირჩეოდეს კეთილკრძალულებით, რაკი ქრისტეს აღმსარებლად იწოდება, მიჰბაძოს ქრისტეს, რომელსაც აღიარებს. ქრისტე გვეუბნება: რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს (მთ. 23,12); თავად მაცხოვარიც განდიდებულ იქნა მამისგან იმიტომ, რომ მან - მამა ღმერთის სიტყვამ, ძალამ და სიბრძნემ - თავი დაიმდაბლა ამქვეყნად (იხ. ფლპ. 2,89). როგორ ეყვარება ქედმაღლობა მას, ვინც ჩვენ თავმდაბლობა დაგვიდო მცნებად და თავადაც თავმდაბლობისთვის მიიღო ჯილდოდ დიდებული სახელი მამა ღმერთისგან?! ადამიანი ქრისტეს აღმსარებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემდგომ მისი მიზეზით არ დაიგმობა ქრისტეს დიდება და ღირსება. ქრისტეს მაღიარებელი ენა არ უნდა იყოს ავი და გესლიანი, ბოროტმეტყველი და მაგინებელი; სახოტბო სიტყვების შემდეგ არ უნდა გადმოანთხიოს გველის შხამი ძმებსა და ღვთის მღვდლებზე.
და აღმსარებელი, თუ მოგვიანებით გახდება მანკიერი და უსინდისო, თავის აღმსარებლობას შეარცხვენს ცუდი ქცევით, საკუთარ ცხოვრებას შებილწავს სამარცხვინო საქმეებით; და ბოლოს, თუ მიატოვებს ეკლესიას, სადაც აღმსარებელი გახდა, გაწყვეტს ერთობასთან კავშირს, ადრინდელ რწმენას უღალატებს, მაშინ თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს არჩეულია დიდებული ჯილდოს მისაღებად აღმსარებლობის გამო. პირიქით, სწორედ ამისთვის დაიმსახურებს უფრო დიდ სასჯელს. უფალმა ერთ-ერთ მოციქულად აირჩია იუდაც, ვინც შემდგომ გაყიდა იგი. თუმცა მოციქულთა რწმენა და სიმტკიცე ვერ შეარყია იმან, რომ იუდა განუდგა მათ კრებულს; ასევე ვერც აღმსარებელთა ღირსებასა და სიწმინდეს დააკნინებს ზოგიერთი მათგანის მუხანათობა. ნეტარი მოციქული თავის ეპისტოლეში გვეუბნება: არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაი განაქარვოსა? ნუ იყოფინ! იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ (რომ. 3,3-4).
აღმსარებელთა უდიდესი და საუკეთესო ნაწილი მტკიცედ იცავს სარწმუნოებას, უფლის რჯულსა და განაწესის ჭეშმარიტებას. ზურგს არ შეაქცვენ ეკლესიის მშვიდობას ისინი, რომელთაც ახსოვთ, რომ მათ ღვთის ნებით ეკლესიაში მიიღეს მადლი. ეს ადამიანები განეშორნენ მათ მუხანათობას, რომლებთანაც აერთიანებდათ აღმსარებლობა, და ამით გადაურჩნენ ცოდვით დასნეულებას, ამიტომაც მეტ შექებას იმსახურებენ თავიანთი რწმენისთვის. ისინი - სახარების ჭეშმარიტი ნათლით გაბრწყინებულნი, უფლის წმინდა და კაშკაშა ნათებით გასხივოსნებულნი, მათთან მბრძოლი ეშმაკის მძლეველნი - ისეთივე შექების ღირსნი არიან ქრისტეს მშვიდობის დაცვისთვისაც.
საყვარელნო ძმანო, მე მსურს, თქვენც გირჩევთ და გარწმუნებთ, რომ ძმათაგან, თუ შესაძლებელია, არავინ დაიღუპოს და დედამ (ეკლესიამ) სიხარულით ჩაიკრას გულში ერთი სხეული - ერთსულოვანი ერი. თუ მაცხონებელი რჩევა გადარჩენის გზაზე ვერ დააბრუნებს განხეთქილების ზოგიერთ ბელადსა და უთანხმოების ჩამომგდებს, რომლებიც სიბრმავესა და შეუვალ უგუნურებას შეუპყრია, მაშინ თქვენ - გულუბრყვილობით ჩათრეულებმა ან მოტყუებით გადაბირებულებმა, ან რაიმე ოსტატური ხრიკით ცდუნებულებმა - თქვენ მაინც გაგლიჯეთ მზაკვრული ბადე, გაითავისუფლეთ ცდომილებით შებორკილი მერყევად მავალი ფეხები, შეიცანით ზეციური გზის სწორი მიმართულება. მოციქული გვეუბნება: გამცნებ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდის, და არა მოძღურებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან (2თეს. 3,6); და სხვაგან: ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ ამისთჳს მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა (ეფეს. 5,5-7). ჩვენ გვმართებს, განვეშოროთ მათ, ვინც შეგნებულად იქმს ცოდვას; უნდა გავექცეთ კიდეც, რომ ვინმე არ შეუერთდეს უწესოდ მავალთ, მათთან ერთად არ გაუყვეს ცდუნებისა და მანკიერების გზებს, ასცდეს ჭეშმარიტებას და თავადაც იგივე ცოდვა ჩაიდინოს.
ერთ არს ღმერთი და ერთ არს ქრისტე, ერთ არს მისი ეკლესია, სარწმუნოება და ერი - ერთიანი თანხმობის კავშირით ერთ სხეულში შემოკრებილი. ერთიანობა არ უნდა დანაწევრდეს; ასევე არ უნდა გაწყდეს კავშირები და ნაწილ-ნაწილ არ უნდა დაიყოს ერთი სხეული; არ შეიძლება მისი წიაღის ნაწილ-ნაწილ გამოგლეჯა; ყოველივე, რაც სიცოცხლის საწყისს ჩამოშორდა და მაცხონებელი არსი დაკარგა, ვერ შეძლებს განცალკევებით ცხოვრებასა და სუნთქვას. სულიწმიდა შეგვაგონებს: ვინ არს კაც, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი? დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყჳან ზაკუვასა; მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვდობაჲ და მისდევდი მას (ფს. 33,12-14). მშვიდობის ძეს უნდა სურდეს მშვიდობა და ეძიებდეს მას. ვინც სიყვარულის კავშირი შეიცნო და შეიყვარა, საკუთარ ენას უნდა აღუკვეთოს განხეთქილების ჩამომგდები ბოროტი ლაპარაკი. უფალმა, მოახლოვდა რა ვნებათა მისთა ჟამი, დანარჩენ შეგონებებსა და მაცხონებელ დარიგებებთან ერთად, ესეც გვასწავლა: მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ (ინ. 14,27). აი, როგორი მემკვიდრეობა გვიბოძა ქრისტემ! მშვიდობის მოცემაში მან იგულისხმა ყველა ნიჭი და ჯილდო, რაც აღგვითქვა.
ამრიგად, თუ ჩვენ ვართ მემკვიდრენი ქრისტესი, ქრისტესმიერი მშვიდობით უნდა ვიცხოვროთ; თუ ვართ ძენი ღვთისა, უნდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი; უფალი ამბობს: ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ (მთ. 5,9). ღვთის ძეთ შეჰფერით იყვნენ მშვიდობის დამამკვიდრებელნი, გულით მშვიდნი, სიტყვით წრფელნი, ურთიერთის მიმართ კეთილგანწყობილნი, ერთსულოვნების კავშირით მტკიცედ თანაშერთულნი. ასეთი ერთსულოვნება სუფევდა ოდესღაც მოციქულთა შორის: ქრისტიანთაგან უპირატესნი იცავდნენ უფლის შეგონებებს და ურთიერთის სიყვარულით ცხოვრობდნენ. ამას ადასტურებს საღვთო წვრილიც: ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ (საქმ. 4,32); ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუისით და ძმებითურთ მისით (საქმ. 1,14). ამიტომაც იყო მათი ლოცვა აღსრულებადი, ამიტომაც შეეძლოთ, ჰქონოდათ იმედი ყოველივეს მიღებისა, რასაც მოწყალე ღძერთს შესთხოვდნენ.
ჩვენთან კი ერთსულოვნება დაირღვა, მოწყალების გაცემის სიუხვე შემცირდა. ოდესღაც ზეციური საუნჯის მოსაგროვებლად სახლებსა და სოფლებს ყიდდნენ და მიღებულ საფასურს მოციქულებს აძლევდნენ, რათა მათ უპოვართათვის დაერიგებინათ. ახლა კი საამისოდ ჩვენი შემოსავლის მეათედსაც ვეღარ ველევით; როდესაც უფალი გვიბრძანებს ქონების გაყიდვას, ჩვენ, პირიქით, უფრო მეტს ვიძენთ და ვაგროვებთ. ასე დაგვეშრიტა რწმენის ძალა! ასე დაკნინდა მორწმუნეთა სიმტკიცე! უფალმა წინასწარ იცოდა, რომ ასეთი დრო დაგვიდგებოდა: მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა? (ლკ. 18,8). და აჰა, აღსრულებული მისი წინასწარმეტყველება! ჩვენ რწმენას არაფერი ადასტურებს: არც ღვთისმოშიშება, არც სიმართლის კანონი, არც სიყვარული და არც საქმე. მომავლის არავის ეშინია, არავინ ფიქრობს უფლის დღესა და საღვთო რისხვაზე; ურწმუნოთათვის განკუთვნილ სამომავლო სასჯელზე და მოღალატეთათვის განმზადებულ მარადიულ ტანჯვაზე. ჩვენს სინდისს ამისი რომ სჯეროდეს, შეეშინდებოდა კიდეც; მაგრამ არ ძრწის, რადგან არ სწამს. რომ სწამდეს, გაფრთხილდებოდა, ამ სიფრთხილით კი საშიშროებასაც თავიდან აიცილებდა.
გამოვიღვიძოთ, საყვარელნო ძმანო, რამდენადაც ეს ძალგვიძს, გავეყაროთ ადრინდელი მცონარების ძილს, ფხიზლად დავიცვათ და აღვასრულოთ უფლის მცნებანი, გავხდეთ ისეთნი, როგორადაც გვიბრძანა ყოფნა თავად უფალმა: იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას. ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღვძარენი (ლკ. 12,35-37).
გვმართებს, ვიყოთ წელშემორტყმულნი, რათა განკითხვის დღემ არ მოგვისწროს დაბნეულებს და მოუმზადებლებს. დაე, კეთილი საქმეებით სხივებს ჰფენდეს და ბრწყინავდეს ჩვენი სინათლე, რომელიც ამა სოფლის წყვდიადიდან მარადიული დიდების ნათლისკენ წაგვიძღვება. მუდმივი მზრუნველობითა და წინდახედულებით ველოდოთ უფლის მოულოდნელ მოსვლას; რათა, ოდეს იგი მოგვიკაკუნებს, რწმენით მღვიძარენი დავხვდეთ და ვსასოებდეთ ღვთისგან ჯილდოს მიღებას ჩვენი სიფხიზლისთვის.
თუ ამ ბრძანებებს დავიმარხავთ, ამ შეგონებებსა და მცნებებს დავიცავთ, მოულოდნელად ვერავინ დაგვადგება თავს და ვერ გვნახავს ეშმაკეული ხიბლით მიძინებულთ. და ჩვენ - მღვიძარე მონანი - მეუფე ქრისტესთან ერთად ვიმეფებთ.
წიგნიდან: „სიტყვა ნუგეშინისცემისა", თბილისი, 2007