ღვთისმეტყველება - საუბრობდა თუ არა წმ. იოანე ოქროპირი "პირველქმნილ ცოდვაზე"? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
საუბრობდა თუ არა წმ. იოანე ოქროპირი "პირველქმნილ ცოდვაზე"?
ნათლობის საიდუმლოში "პირველქმნილი ცოდვისა" და არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მცდარი განმარტების შესახებ
ავტორი: გრიგორი გრიგოროპულოსი

ჩვენს წინა სტატიაში არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ "პირველქმნილი ცოდვის" მცდარ გაგებაზე ვსაუბრობდით [1]. ასევე, პირველმშობელთა მიერ ჩადენილი პირველი ცოდვის გაგების კათოლიკურ და აღმოსავლურ–მართლმადიდებლურ (ბიზანტიურ) ღვთისმეტყველებას შორის არსებული განსხვავები წარმოვაჩინეთ. წმინდა მამათა და ბიბლიური ტექსტოლოგიური ანალიზის საფუძველეზე ვაჩვენეთ, რომ პატივცემული არქიმანდრიტი "პირველქმნილი ცოდვის" კათოლიკურ გაგებისკენ იხრება.
 
ჩვენ ავღნიშნეთ, რომ ძველი აღმოსავლელი (ბიზანტიელი) მართლმადიდებელი მამები ტერმინს "პირველქმნილი ცოდვა" საერთოდ არ იყენებდნენ და პირველმშობელთა პირველ ცოდვას ნეტარი ავგუსტინეს მსგავსად არ განმარტავდნენ (+ 430). აღმოსავლურ პატრისტიკაში არსებობს ტერმინები "პირველმამათა ცდომილება", "პირველმამის ცოდვა" (προπατορικό αμάρτημα, προπάτορος αμαρτία), ხოლო "პირველქმნილი ცოდვის" (πρωτογενής αμαρτία) ცნება მართლმადიდებლებს არ გააჩნდათ.
 
ამ მხრივ გარკვეული გადაცდომები სლავურ სამყაროში XVII საუკუნიდან გაჩნდა. ამის ერთ-ერთი განმაპირობებული 1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემა იყო. შესაბამისად, აღმოსავლურ-მართლმადიდებლური გავლენის შესუსტებამ განაპირობა საგანმანათლებლო ცენტრის კონსტანტინეპოლიდან რომში გადანაცვლება.
 
ამგვარად, ქრისტიანობის ისტორიის მომდევნო რამოდენიმე საუკუნის მანძილზე რომი და ლათინური დასავლეთი განათლების ერთადერთ ცენტრად იქცნენ. ამ ფონზე რუსეთში ახალი კატეხიზმოების შედგენისას მათმა მართლმადიდებელმა ავტორებმა, რომლებმაც ლათინურ დასავლეთში მიიღეს განათლება, ახალშექმნილ მართლმადიდებელ საღვთისმეტყველო ტექსტებში ლათინური საღვთისმეტყველო იდეები შეიტანეს, ეს კი აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების აღმსარებლობის სიწმინდის დაცვის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
 
საინტერესოა, რომ საღვთისმეტყველო ტექსტების შედგენისადმი ამგვარ მიდგომას მართლმადიდებლურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული პირები აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ეპ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) (+ 1867) ერთის მხრივ, თავად იყენებს ტერმინს "პირველქმნილი ცოდვა" (მაგრამ მას მართლმადიდებლურად განმარტავს) მეორეს მხრივ კი სთავაზობდა:
 
"კატეხიზმოებისა და ღვთისმეტყველების გადახედვასა და შევსებას – მათთვის მართლმადიდებლურ–აღმოსავლური, ეკლესიის ღვთისმსახურების შესაბამისი ხასიათის მიცემას" (О необходимости Собора по нынешнему состоянию Российской Православной Церкви. Пункт 7. Записки епископа Игнатия Брянчанинова 1862-1866 гг.).
 
არქიმანდრიტი ილარიონ (ტროიცკი) (+ 1929), თავის ანგარიშში "ღვთისმეტყველება და ეკლესიის თავისუფლება", მართლმადიდებლობაზე კათოლიკური ღვთისმეტყველების ზეგავლენის შესახებ ხისტად საუბრობდა: "ლათინურმა და გერმანულმა მონობამ ჩვენი ღვთისმეტყველება ეკლესიის მამებს მოწყვიტა და ანსელმსა და სქოლასტიკის სხვა მამებს დაუახლოვა!… შეხედეთ, როგორი უთანხმოებაა ეკლესიასა და სკოლას შორის!... საეკლესიო სულიერი სკოლის საკლასო კათედრა და საეკლესიო ამბიონი და კლიროსი ერთდროულად სხვადასხვა საღვთისმეტყველო ენებზე ლაპარაკობენ" (Архимандрит Иларион (Троицкий). Богословие и свобода Церкви. О задачах освободительной войны в области русского богословия. Вступительное чтение 12 сентября 1915 года. Богословский вестник. Сентябрь. 1915. Т. 3. Сергиев Посад, 1915. С. 133). ეს სიტყვები ზუსტად ახასიათეს იმ სულისკვეთებას, რომლითაც დღეს არაერთი, ლათინური ზეგავლენის "ტყვეობაში" მყოფი, მართლმადიდებელი მღვდელია შეპყრობილი.

ჩვენს წინა სტატიაში ვწერდით, რომ "პირველქმნილი ცოდვის" კათოლიკებისა და მართლმადიდებლების განსხვავებული გაგება გადაიზარდა ნათლობის საიდუმლოს განსხვავებულ აღქმაშიც. აქ აუცილებელია პატივცემული არქმანდრიტის სიტყვების მოყვანა:
 
"თავად უფალმა ნათლობას წყლითა და სული წმიდით შობა უწოდა. შობა – ახალი ყოფაა. როდესაც ქრისტიანს პირველქმნილი ცოდვა და პირადი ცოდვები ეპატიება, იგი შინაგანად აღორძინდება, ადამიანისა და დემონის მეტაფიზიკური კავშირი წყდება, ადამიანი ქრისტესთან კავშირში შედის. წმინდა მამები წერენ, რომ მოუნათლავი ადამიანის სულის სიღრმეში დემონები უხილავად მყოფობენ, მონათლულში კი მადლია, და დემონი მასზე შიგნიდან კი არა, გარედან მოქმედებს. შობა ახალ ცხოვრებისეულ გარემოში შესვლა და მასთან ურთიერთქმედებაა. ნათლობის მადლით ადამიანი ეკლესიაში შედის, ქრისტე მაცხოვრის სულიერი სხეულის ნაწილი ხდება ("ეკლესია ქრისტეს სხეულია"); მიწიერი ეკლესიის მეშვეობით, რომელიც ზეციურ ეკლესიასთან ერთობაშია, ადამიანი ანგელოზებთან და წმინდანებთან შედის კავშირში, ის ახალ ქმნილებად იქცევა" (http://karelin-r.ru/newstrs/106/2.html).
 
გასაკვირია, მაგრამ არქ. რაფაელის ნაწერების კითხვისას იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნათლობის საიდუმლოების გაგებისას ის პირდაპირ კათოლიკური კატეხიზმოთი ხელმძღვანელობს და არა მართლმადიდებლური, აღმოსავლური (ბიზანტიელი), წმინდა მამების ღვთისმეტყველებით. მაგალითისათვის ჩვენთვის საინტერესო ციტატებს ცხრილში მოვიყვანთ, რომელსაც სამ სვეტად დავყოფთ. ცხრილის მესამე სვეტში, შედარებითი საღვთისმეტყველო ანალიზისათვის, აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი წმინდა მამისა და მოძღვრის – გრიგოლ ღვთისმეტყველის (+ 389) გამონათქვამს მოვიყვანთ, შემდეგ კი – ტექსტში – მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე ადრეული წმინდა მამების ამონარიდებს ნათლობის საიდუმლოსთან დაკავშირებით.
არქიმანდრიტი რაფაელი

„თავად უფალმა ნათლობას წყლითა და სული წმიდით შობა უწოდა. შობა – ახალი ყოფაა. ქრისტიანი, ეპატიება რა პირველქმნილი ცოდვისა და პირადი ცოდვები, შინაგანად აღორძინდება, ადამიანისა და დემონის მეტაფიზიკური კავშირი წყდება, ადამიანი ქრისტესთან კავშირში შედის…“
კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო

"როდესაც ჩვენს სარწმუნოებას პირველად აღვიარებთ, წმინდა განმწმენდელი ნათლობისას, პატიება, რომელიც გვეძლევა, იმდენად სრული და მთლიანია, რომ აღარავითარი ბრალი აღარ რჩება – არც პირველქმნილი ცოდვის, არც ჩვენი ნებით ჩადენილი ცოდვების ბრალი…" (იხ. კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: http://catholic.tomsk.ru/catechism/0123.htm#s3p1).
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

"ეს მადლი და ძალა არ წალეკავს სამყაროს, როგორც უწინ, არამედ ყოველ ადამიანში ცოდვას განწმენდს და დაზიანებისგან წარმოშობილ ყოველგვარ უწმინდურობასა და სიბილწეს ჩამორეცხავს…" (იხ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (მე–40 სიტყვა), პუბლიკაციის მუდმივი მისამართი: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Bogoslov/slovo/40).
გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებასა და პატივცემული არქიმანდრიტისა და კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში (შემდგომში – კეკ) გადმოცემულ მოძღვრებას შორის აშკარა სხვაობას ვხედავთ.
 
არქ. რაფაელისა და კეკ-ს შორის ცოვდების (პირადი და პირველქმნილი) პატიებასთან დაკავშირებით საოცარი ერთობაა. თუ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ნათლობა "ყოველ ადამიანში ცოდვას განწმენდს და დაზიანებისგან წარმოშობილ ყოველგვარ უწმინდურობასა და სიბილწეს ჩამორეცხავს" და ამავე დროს მას ე.წ. "პირველქმნილი ცოდვისა" და ამ ცოდვის პატიების გაგების კვალიც არ აქვს, კეკ-სა (იხ. კეკ, 1263) და პატივცემულ არქიმანდრიტთან არა მარტო პირადი ცოდვების, არამედ რომელიღაც "პირველქმნილი ცოდვის" პატიების შესახებ ვკითხულობთ.
 
"პირველქმნილი ცოდვის" პატიების საკითხი კათოლიკურ ეკლესიაში ავგუსტინეს შემდგომ საუკუნეებში მკვიდრდებოდა. ტრიდენტის კრება (1545-1563), კათოლიკური ეკლესიის XIX მსოფლიო კრება, ადგენს, რომ: "ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მადლით, რომელიც ნათლობაში გვეძლევა, პირველქმნილი ცოდვის ბრალი მოგვეტევება" (Христианские вероучения. СПб., 2002. С. 172-175).
 
ვატიკანის მეორე კრების (1962-1965) შემდეგ კათოლიკურ ღვთისმეტყველებაში "პირველქმნილი ცოდვის" შესახებ სწავლების ყველაზე სადაო პუნქტების შემსუბუქების ტენდენცია გაჩნდა. "პირველქმნილი ცოდვის" აღწერის წინააღდმეგობრივი ორმაგობა კეკ-შიც ჩანს: "ყველა ადამიანი არის ადამის მიერ ჩადენილი ცოდვის თანამონაწილე" (კეკ, 402), მაგრამ, ამავე დროს, პირველქმნილი ცოდვა დახასიათებულია, როგორც "მიღებული" და არა "ჩადენილი", "მდგომარეობა და არა ქმედება" (კეკ, 404).
 
მაგრამ, როგორ შეიძლება იყო ჩაუდენელი ცოდვის თანამონაწილე და მასში დამნაშავე (?) – ეს გაუგებარია და ამ საკითხს გვერდზე გადავდებთ, რადგან ის უკვე სხვა თემას – კათოლიკური ეკლესიაში "პირველქმნილი ცოდვის" გაგების განვითარების ისტორიას ეხება.
 
არქ. კარელინი თავის სტატიებში ხშირად წერს, რომ ის საღვთისმეტყველო საკითხების გაგებაში წმინდა მამათა ტრადიციის მიმდევარია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ის ამ ტრადიციას ძალზე ხშირად და უხეშადა არღვევს. პატივცემული არქმინადრიტის მიერ პირველმამის ცოდვის გაგებაც რომ აღმოსავლურ მართლმადიდებლურ წმინდა მამათა გაგებას არ შეესაბამება, ეს ჩვენ წინა სტატიაში მაგალითებით ვაჩვენეთ. ამ მაგალითებიდან ყველაზე აშკარაა წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), რომელიც რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს განმარტებაში წერს: "ერთი ადამიანის [ანუ, ადამის] ურჩობით" (რომ. 5, 19) მთელი ბუნება ცოდვით დასნეულდა და მრავალი გახდა ცოდვილი, მაგრამ არა ადამის ცოდვაში თანამონაწილეობით – ისინი ჯერ ხომ არ არსებობდნენ, – არამედ მისი ბუნების თანაზიარობით, რომელიც ცოდვის კანონის მოქმედებას დაექვემდებარა  (7:23; 8, 2).
 
როგორც ადამში ადამიანურმა ბუნებამ ურჩობით ხრწნადობის სენი აითვისა, რადგან ურჩობით ადამიანის ბუნებაში ვნება შევიდა, ასევე, ქრისტეში ის აღდგა და განიკურნა, რადგან ღვთისა და მამის მორჩილი გახდა და არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია (1 პეტრე. 2:22, ესაია. 53:9)" (PG 74 789 AB).
 
ახლა ვნახოთ, რას ამბობდნენ წმინდა მამები ადამიანის ნათლობაზე და რა კატეგორიებში გამოხატავდნენ ისინი თავიანთ აზრებს, რა წარმოადგენდა მათთვის ნათლობაში მთავარ პრიორიტეტს.

დასაწყისში ყველაზე ადრეულ მამას, წმ. იუსტინე მარტვილს (+ 165) მივმართოთ, რომელიც ნათლობის საკითხზე წერდა:
 
"მათ, ვინც დარწმუნდება და ირწმუნებს, რომ ეს ჩვენი სწავლება და სიტყვები ჭეშმარიტია და მის თანახმად ცხოვრების პირობას დადებს ასწავლიან, რომ ღმერთს ლოცვითა და მარხვით წინა ცოდვების მიტევება სთხოვონ და ჩვენს მათთან ერთად ვლოცულობთ და ვმარხულობთ.
 
შემდეგ მიგვყავს ისინი იმ ადგლიას, სადაც წყალია და ისინი აღორძინდებიან ისე, როგორც ჩვენ ავღორძინდით, ანუ განიბანებიან წყლით სახელითა მამისათა და ყოველთა მეუფისა, ჩვენი მაცხოვრისა იესო ქრისტესითა და სულისა წმიდისათა… რადგანაც ჩვენ არ ვუწყით ჩვენი პირველი შობა და უნებლიეთ, თესლისა და ჩვენი მშობლების შერწყმისგან, გავჩნდით და ცუდ ზნესა და ცხოვრების უკეთურ წესში გავიზარდეთ, რომ არ დავრჩენილიყავით უნებლიობისა და უმეცრების შვილებად, არამედ ცოდნისა და თავისუფლების შვილები ვყოფილიყავით და წინა ცოდვების მოტევება რომ მივიღოთ – წყალში აღორძინების მსურველსა და ცოდვების მონანულზე ყოველთა მამისა და მეუფე ღმერთის სახელი იწოდება… ამ განბანვას კი განათლება ეწოდება, რადგან გონებით ნათლდებიან ისინი, რომელთაც ეს უწყიან" (1-ლი აპოლოგია, 61).
 
წმ. თეოფილე ანტიოქიელი (+ 180-181): "ღმერთმა წყლიდან შექმნილნი აკურთხა, რათა ეს ყოფილიყო ნიშანი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტებას შეუდგებიან ღვთისმიერ აღდგენილნი და ნაკურთხნი არიან, აღორძინების წყლითა და გუმბაზით სინანულსა და ცოდვების მიტევებას მიიღებენ" (ეპისტოლე ავტოლიკესადმი. წ. 2, 16).
 
წმ. ირინეოს ლიონელი (+ 202): "ჩვენი აღორძინების ნათლობა ამ სამი დებულების მიერ აღესრულება, როდესაც მამა ღმერთი თავის ძის მიერ სული წმიდით აღორძინების მადლს გვანიჭებს. რამეთუ, თავის თავში სული წმიდის მატარებელნი სიტყვასთან, ანუ ძესთან არიან მიყვანილნი, ძეს კი ისინი მამასთან მიჰყავს, მამა კი მათ უხრწნელებას აზიარებს" (სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება, 7).
 
წმ. კირილე იერუსალიმელის (+ 386) ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით ცნობილია სამი ნაწილისგან შემდგარი კათაკმეველთადმი მიმართული ქადაგებების კრებული. ნათლობის საიდუმლოებაზე წმ. კირილე ამბობს: "წინამდებარე ნათლობა – დიდია. ის არის: ტყვეთა გამოსყიდვა, ცოდვათა მიტევება, ცოდვის სიკვდილი, სულის აღორძინება, ნათელი სამოსი, წმინდა და დაურღვეველი ბეჭედი, ზეცისკენ აღმყვანებელი ეტლი, სამოთხისეული ნუგეში, სასუფევლის მეოხება, შვილობის ნიჭი" (სიტყვა კათაკმეველთადმი, 12).
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (მე-40 სიტყვა): "განათლება არის სულთა ნათელი, ცხოვრების ცვლილება, სინდისთან ბჭობა, რომელიც ღმერთისგანაა (1 პეტრე. 3, 21). განათლება ჩვენი უძლურების შეწევნაა, ხორცის გადადება, სულის კვალობაზე სვლა, სიტყვასთან ერთობა, ქმნილების გამოსწორება, ცოდვის დანთქმა, ნათელთან ზიარება, სიბნელის განბნევა. განათლება ღმერთთან აღმყვანებელი ეტლია, ქრისტეს თანამავლობა, რწმენის გაძლიერება, გონების სრულყოფა, ცათა სასუფევლის გასაღები, ცხოვრების ცვლილება, მონობისგან დახსნა, ბორკილების შეხსნა, შემადგენლობის ცვლილება. განათლება (განა საჭიროა ბევრის ჩამოთვლა?) ღვთის ნიჭთაგან საუკეთესო და დუდიებულესია. როგორც არის წმიდათა წმიდა და ქება ქებათა, რადგან ეს უკანასკნელნი მრავლის მომცველნი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი არიან; ნათლობაც, ჩვენთვის ყველა შესაძლო ნათელთაგან ყველაზე ნათელია".
 
წმ. ბასილი დიდი (+ 379): "ნათლობა არის ტყვეთა გამოსყიდვა, ვალთა პატიება, ცოდვის სიკვდილი, სულის აღორძინება, ნათელი სამოსი, ხელუხლებელი ბეჭედი, ზეცად აღმყვანებელი ეტლი, სასუფევლის წინასწარ მომზადება, შვილობის მონიჭება. ნუთუ შენთვის, უბადრუკო, ხორციელი სიამე ამდენსა და დიდ სიკეთეზე უფრო მნიშვნელოვანია?" (სიტყვა 13, წმინდა ნათლობის შთამაგონებელი).
 
ნეტარი თეოდორიტე კვირელი (+ დაახ. 458): "ნათლობა… არა მხოლოდ ძველი ცოდვების მოტევებას გვანიჭებს, არამედ აღთქმულ სიკეთეთა იმედს გვისახავს, მეუფის სიკვდილისა და აღდგომის მოზიარეთ გვხდის, სულის ნიჭის ზიარებას გვიბოძებს, ღვთის ძეებად გვაქცევს და არა მხოლოდ ძეებად, არამედ ღვთის მემკვიდრეებად და ქრისტეს თანამემკვიდრეებად" (თავი 18. ნათლობაზე//საღვთო დოგმატების შემოკლებული გადმოცემა).
 
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (+ 662): "რამეთუ პირველშობელთა ცოდვისგან ვთავისუფლდებით წმინდა ნათლისღების მიერ; ხოლო ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვისგან სინანული გვიხსნის" (სიტყვა მოსაგრე ცხოვრებაზე. 44)
 
წმ. იოანე დამასკელი (+ 754-მდე): "აღორძინება სულში ხდება, რამეთუ რწმენა, სულის შემწეობით, ღვთის შვილებად გვაქცევს და თუმცა ქმნილებანი ვართ, პირველქმნილ ნეტარებამდე მივყავართ. ამგვარი სახით ცოდვების მიტევება ყველას თანაბრად ეძლევა, სულის მადლი კი რწმენისა და წინასწარი განწმენდის წილ. ამგვარად, ნათლობით ჩვენ სული წმიდის საწყისს ვიღებთ და აღორძინება ჩვენთვის ახალი ცხოვრების საწყისად, ბეჭდად, დაცვად და განათლებად იქცევა" (მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. წგ. 4, თ. 10. რწმენასა და ნათლობაზე).

სტატიის ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ანტიკური და შუასაუკნეების დროის მამის გამონათქვამებს არ მოვიყვანთ. ამ ამონარიდებიდან გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამათა მიერ ნათლობის გაგებაში ე. წ. "პირველქმნილი ცოდვა" არსად არაა ნახსენები და შესაბამისად არც მისი განხილვა და არც მისი პატიების შესახებ არაა საუბარი. აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამათათვის ნათლობა არის ახალი ცხოვრების დაწყება, სულიერი შობა, განახლება, ადამიანი ეშმაკისეული ძალაუფლებისგან გამოყვანა და ქრისტეს მადლიან სხეულთან – ეკლესიასთან – დაკავშირება, რომლისგანაც ის იკვებება და უხრწნელებას იძენს სიცოცხლის აღდგომისათვის. ნათლობის მიერ ქრისტეს სხეულთან – ეკლესიასთან – დაკავშირების შემდეგ პირველმამის ცოდვას ჩვენზე სრული ძალაუფლება აღარ გააჩნია და ჩვენ შეგვიძლია მას წარმატებით აღვუდგეთ მიუხედავად დაზიანებული ბუნებისა, რადგან საიდუმლოებებში (განსაკუთღებით, ზიარებით) ქრისტე განკურნებული სხეულითა და უქმნელი მადლით ვიკვებებით. ამგვარად განვიღმრთობით – სული წმიდას მოვიხვეჭთ უქმნელი ენერგიის სახით და ცათა სასუფევლისათვის უხრწნელვიყოფით.


საუბრობდა თუ არა წმ. იოანე ოქროპირი "პირველქმნილ ცოდვაზე"?

ეპ. თეოფანე დაყუდებული (+ 1894) რომ. 5, 12-ის განმარტებისას იყენებს ტერმინს "პირველქმნილი ცოდვა" (ეპ. თეოფანეს განმარტება იხ. https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-k-rimljanam/3_2_3) (სლავურ გარემოცვაში ლათინური საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის გამოყენების მიზეზები ჩვენ სტატიაში ზემოთ ვახსენეთ და მისი აღმოცენების მიზეზებზეც ვისაუბრეთ) მაგრამ მას მართლმადიდებლურად, აღმოსავლელ მამათა მოძღვრებისამებრ განმარტავს და არა ავგუსტინისეულად (ე.ი. კათოლიკურად), რომ თითქოს ჩვენ ყველანი პირადად დავეცით ადამში (და ნეტარ ავგუსტინესაც არ ახსენებს).
 
წმ. მამა განმარტების დასაწყისშივე ხაზს უსვამს მოკვდავ ბუნებასთან ზიარებას, რომელიც ადამის ცოდვის გამო გახდა მოკვდავი. ეპ. თეოფანე ნეტარ თეოდორიტე კვირელს (დაახლ. + 458) ახსენებს, რომელსაც (ნეტ. ავგუსტინესგან განსხვავებით) ადამის დაცემულ ბუნებასთან ჩვენი ზიარება მართლმადიდებლურად ესმის, რაზეც ჩვენ წინა სტატიაში ვწერდით.

ეპ. თეოფანე, რომელიც კარგად იცნობდა ბიზანტიელ მამებს, აქცენტს აკეთებს ადამიანის მოკვდავობასა და მის დაცემულ/მოკვდავ ბუნებაზე. შეუძლებელია, მას არ სცოდნოდა ცოდვის ორგვარი გაგების შესახებ, როგორც ეს VII საუკუნეში წმ. მაქსიმე აღმსარებელმა (+ 662) (PG 90 405 CD) განმარტა – ცოდვა, როგორც პირადი დანაშაული და ცოდვა, ადამიანური ბუნების დაზიანება. ეპ. თეოფანეს ხსენებული განმარტება ამას ადასტურებს. ამ განმარტებაში წმ. მამა ადამში ჩვენს პირად დაცემას არ აკონკრეტებს, თუმცა კი იყენებს ლათინურ ტერმინს "პირველქმნილი ცოდვა", მაგრამ ჩვენს შეცოდებას მთლიანობაში – ადამის დაზიანებულ ბუნებასთან ზიარებაში განიხილავს; ანუ "პირველქმნილი ცოდვა" მას ესმის, როგორც პირველქმნილი დაზიანება იმ გაგებით, როგორც ამას ნეტარი თეოდორიტე ასწავლის.
 
ზუსტად ამიტომ, ის დასაწყისშივე ახსენებს ნეტ. თეოდორიტეს. ეპ. თეოფანე არ ახსენებს ტერმინს "თანამონაწილეობა" («соучастие») ადამის შეცოდებასთან მიმართებაში. ამ მხრივ მისი რომ. 5, 13–16 მუხლების განმარტება მეტად მნიშნელოვანია, სადაც ეპ. თეოფანე ადამში ჩვენს პიროვნულ დაცემას უარყოფს, და იქვე ამბობს, რომ ჩვენ ადამის დაცემის ზიარნი გავხდით (ადამის დაცემის გამო დაზიანებულ და მოკვდავად ქცეულ ბუნებასთან ზიარებით).
 
ეპ. თეოფანე მოცემული მუხლის (რომ. 5, 12) აღმოსავლურ-მართლმადიდებლური განმარტების დაცვას ცდილობს და ამაში ბიზანტიელ წმინდა მამებს კვალს მისდევს, რომელთაც, როგორც მსოფლიო ავტორიტეტებს, პირველ რიგში ახსენებს: ნეტარ თეოდორიტესა და წმ. იოანე ოქროპირს (+ 407). რომ. 5, 12-ის განმარტებისას იოანე ოქროპირი ასკვნის: "ერთის დაცემით ყველა მოკვდავი გახდა, ისინიც კი, რომელთან აკრძალული ხილი არ იგემეს" (იხ. https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_63/10).
 
წმ. იოანე ოქროპირი საერთოდ არ ახსენებს არც ადამის ცოდვაში ჩვენს პირად თანამონაწილეობას, არც მის ცოდვაში ჩვენს პირად დაცემას. შემდეგ, რომ. 5, 13-ის განმარტებისას ანტიოქელი მამა ადამიანის ბუნების დაზიანებაზე წერს: "თუ სიკვდილს ფესვი ცოდვაში ჰქონდა, ხოლო რჯულის გამოცხადებამდე ადამიანს ცოდვა არ ერაცხებოდა, მაშ, როგორ იმარჯვა სიკვდილმა? აქედან ცხადია, რომ რჯულის დარღვევის ცოდვა კი არა, არამედ სხვა – ადამის ურჩობის ცოდვა გახდა საყოველთაო დაზიანების მიზეზი.
 
რითი მტკიცდება ეს? – იმით, რომ რჯულის გამოცხადებამდე მცხოვრებნიც მოკვდნენ" (იქვე). ამიტომ წმ. იოანე ცალსახა დასკვნებს აკეთებს: "ერთის დაცემით ყველა მოკვდავი გახდა.
 
ამგვარად, (ეგზეგეტიკის ანტიოქიური სკოლის წარმომადგენელ) დიდ ანტიოქიელთაგან არც ერთი – არც ნეტარი თეოდორიტე კვირელი და არც წმ. იოანე ოქროპირი – რომ. 5, 12-ს ადამის ცოდვაში ჩვენი პირადი დაცემის, ბრალეულობის, თანამონაწილეობის გაგებით არ განმარტავენ.
 
ყველაზე საინტერესოა, რომ რომ. 5, 15-ში წმ. იოანე ოქროპირი პირდაპირ ეწინააღმდეგება ნეტარ ავგუსტინეს: "ეს შემდეგს ნიშნავს: თუ ცოდვამ, თანაც, ერთი ადამიანის ცოდვამ, ამხელა ძალა მიიღო, მაშ როგორ ვერ აღემატება მას უფრო დიდი ძალის მქონე მადლი – ღვთის მადლი და არა მარტო მამა ღმერთის, არამედ ძე ღმერთის მადლი? – ეს უკანასკნელი უფრო გონივრულია, ვიდრე პირველი. ერთი რომ მეორეს გამო ისჯებოდეს არც თუ სამართლიანია, მაგრამ ერთი რომ მეორემ აცხოვნოს უფრო ეგების და გონივრულია. თუ პირველი მოხდა, მითუმეტეს, მეორეც მოხდება" (იქვე).
 
აღსანიშნავია, რომ "პირველქმნილი ცოდვის" განსაკუთრებული მოშურნეობით მომხრეები ხშირად ახსენებენ იოანე ოქროპირს, თითქოს ის ამ ტერმინს ხმარობდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იოანე ოქროპირი ამ ტერმინს – არ იყენებდა. საქმე იმაშია, რომ "პირველქმნილი ცოდვის" მომხრენი წმ. იოანეს რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტების რუსულ ტექსტს მიმართავენ და არა ტექსტის ბერძნულ ორიგინალს.
 
ორიგინალური ბერძნული ტექსტის შემოწმებისას ყველაფერი ცხადი ხდება. ამ საკითხის შესწავლისას ირკვევა, რომ ბერძნულიდან თარგმნისას რუსმა მთარგმნელმა წმ. იოანე ოქროპირის ორიგინალური ბერძნული ტექსტი დაამახინჯა, თვითნებურად, ერთსა და იმავე აბზაცში, ორჯერ ჩაამატა ტერმინი "პირველქმნილი”. აი, რუსული თარგმანი:
 
"უფრო მრავალრიცხოვანი სიკეთენი რომ მოენიჭა და რომ არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვა, არამედ სხვა დანარჩენი ცოდვებიც წარიხოცა…" ("А что были дарованы блага более многочисленные и был истреблен не один только первородный грех, но и все прочие грехи …») (იქვე). და მეორეჯერ აქ: "ამის მერე განგვიცხადა, რომ მადლით წარიხოცა არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვა, არამედ ყველა სხვა ცოდვაც" ("…после этого он раскрыл, что благодатью истреблен не один только первородный грех, но и все прочие грехи,…») (იქვე).
 
ვიხილოთ Patrologia Graeca (PG 60 476): პირველ შემთხვევაში ბერძნულ ორიგინალში უბრალოთ ცოდვის გაუქმებაზეა საუბარი: "ούκ έκείνη άνήρηται ή άμαρτία μόνον" – "არა მხოლოდ ის ცოდვა უქმდება", "პირველქმნილი ცოდვის" ხსენების გარეშე. მეორე შემთხვევაში ორიგინალში წერია: "ούκ έκείνη άνηρέθη μόνον ή άμαρτία" – "მხოლოდ ის ცოდვა არ გაუქმებულა" (https://books.google.ru/books?id=lHsQYhPAYZgC&printsec=frontcover&hl=ru#v=onepage&q&f=false).
 
ამიტომ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია თარგმანის ორიგინალით შემოწმება. საინტერესოა, რომ წმ. იოანე ოქროპირი რომ. 5, 12-ის განმარტებისას ეპისტოლეს ბერძნულ ტექსტს იყენებს, რომელშიც წერია "ἐφ‘ ὡ̨̃ πάντες ἥμαρτον", ანუ ის, რაზეც ჩვენს წინა სტატიაში ვსაუბრობდით, ანუ "ἐφ‘ ὡ̨̃ πάντες ἥμαρτον", რაც ნიშნავს იმას, რომ "რომლის [ანუ, სიკვდილის] გამოც ყველამ შესცოდა" (PG 60 473).
Назад к содержимому