ღვთისმეტყველება - "პირველქმნილი ცოდვის" მცდარი გაგების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"პირველქმნილი ცოდვის" მცდარი გაგების შესახებ
კაცობრიობის მიერ ადამის "პირველქმნილი ცოდვის" დამკვიდრება და არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ მისი მცდარი განმარტება
ავტორი: გრიგორი გრიგოროპულოსი

"პირველქმნილი ცოდვის" თემა ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში ერთ-ერთ ურთულეს თემას წარმოადგენს. "პირველქმნილი ცოდვა" (ლათ. – peccatum originale) არის პირველი ცოდვა, რომელიც ჩვენმა პირველმშობლებმა სამოთხეში ჩაიდინეს და ამ ცოდვის შედეგები წარმოიშვა ადამიანური ბუნების მოკვდავობისა და ხრწნადობის სახით, რომლებიც პირველმშობელთა – ადამის და ევას –  შთამომავლებმა დაიმკვიდრეს.
 
სიტყვათშეხამება – peccatum originale, – V საუკუნეში, ნეტარმა ავგუსტინემ (+ 430), დასავლური ღვთისმეტყველების წარმომადგენელმა შემოიღო (იხ.: De diversis quaestionibus ad Simplicianum. I.1,10). პირველი ადამიანების ცოდვაზე საუბრისას ეკლესიის აღმოსავლელი (ბიზანტიელი) მამები გამოთქმას „პირველქმნილი ცოდვა“ არ იყენებდნენ. "პირველქმნილი ცოდვის" პასუხისმგებლობის კუთხით გააზრება კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველების ნაწილია. მათი სწავლება ამოზრდილია ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებიდან, რომელიც ადამისა და ევას ცოდვაში ადამიანთა საყოველთაო ბრალეულობას ხედავდა.

პირველი ადამიანების ცოდვასა და მის შედეგებს ნეტ. ავგუსტინემ "პირველქმნილი ცოდვა" უწოდა, რამაც მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმის გაგებაში, თუ: 1) რა ჩაიდინეს ადამმა და ევამ და 2) რა დაიმკვიდრა მათგან ადამიანთა მოდგმამ.
 
პირველმშობელთა "პირველქმნილ ცოდვაში" კაცობრიობის ბრალეულობის ავგუსტინისეული გაგება აშკარად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ და საერთოდ პირველქრისტიანულ ანთროპოლოგიას, რომლის თანახმადაც ადამიანს მხოლოდ ის წარედგინება ბრალად, რასაც ის, როგორც პიროვნება თავისუფლად და შეგნებულად ჩადის.
 
ამიტომ, თუმცა პირველმშობელთა ცოდვა თითოეულ ადამიანზე გავლენას ახდენს (ამ გავლენის გაგება ქვემოთ დავაზუსტებთ), მასზე პირადი პასუხისმგებლობა, ადამის და ევას გარდა, ვერავის ვერ დაეკისრება. საკითხის ამგვარი გაგების მომხრეებს წმინდა წერილიდან მოჰყავთ შემდეგი სიტყვები: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა” (რომ. 5, 12) და ეს სიტყვები ესმით, როგორც პირველქმნილი ადამის ცოდვაში ყველა ადამიანის თანამონაწილეობის/ბრალეულობის/დაცემის შესახებ სწავლება.
 
ასეთი გაგება ნეტ. ავგუსტინეს სიტყვებიდან გამომდინარეობს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამში, ჩანასახოვან მდგომარეობაში, ყველა ადამიანი იმყოფებოდა: "ყველანი მასში ვიყავით, როდესაც ყველანი მას წარმოვადგენდით", "მაშინ ჩვენ ჯერ არ გვქონდა ცალკეული არსებობა და ფორმა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ცალკე ცხოვრებას შეძლებდა; მაგრამ მაშინ უკვე იყო თესლის ბუნება, რომლიდანაც ჩვენ უნდა წარმოვქმნილიყავით" (იხ. Augustinus. De civitate Dei. XIII 14). ნეტარი ავგუსტინე წერდა, რომ "თესლის ბუნებაში" ადამში ყველა ადამიანმა: "შესცოდა მაშინ, როდესაც ყველა იმ ერთ ადამიანს წარმოადგენდნენ მის ბუნებაში ჩადებული შთამომავლობის ყოლის თვისების საფუძველზე" (იხ. Augustinus. De Peccatorum Meritis Et Remissione Et De Baptismo Parvulorum. III 7).

"პირველქმნილი ცოდვის" მართლმადიდებლურ (აღმოსავლურ) და კათოლიკურ (დასავლურ) გაგებას შორის სხვაობამ მოიტანა სხვაობა იმის გაგებაშიც, თუ რა ხდება ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, მაგრამ ამის თაობზე სხვაგან ვისაუბრებთ.
 
აღნიშნულ თემას პატივცემული არქიმანდრიტიც ეხება. მაგრამ მისი აზრთა სვლა და კაცობრიობის ცხოვრებაში "პირველქმნილი ცოდვის" საკითხის განმარტება განხილვასა და დაზუსტებას ითხოვს. ჩვენი ავტორი შემდეგს წერს:
 
"ამიტომ ქრისტე, მამაკაცის თესლის გარეშე შობილი, თავისი ადამიანური ბუნებით პირველქმნილი ცოდვით არ იყო დაავადებული და მის ზემოქმედებას არ ექვემდებაროდება" (http://karelin-r.ru/newstrs/146/2.html).
 
კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, როგორც აღმოსავლელი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ტერმინოლოგიაში აღმოსავლურ წმინდა მამათა ტრადიციას შევინარჩუნებდით და კათოლიკურ დასავლეთში გამომუშავებულ ტერმინოლოგიას არ გამოვიყენებდით. მაგრამ რადგანაც პატივცემული არქიმანდრიტი კათოლიკურ ტერმინოლოგიას იყენებს, ჩვენც მისი ენის უკეთესად გაგებისათვის იძულებულები ვართ იგივე ტერმინოლოგია გამოვიყენოთ.
 
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "პირველქმნილი ცოდვა" ორმაგად გაიგებოდა: როგორც პირველმშობელთა პირადი ცოდვა და როგორც პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობა. აღმოსავლური ეკლესიის მამა, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (+ 662) ცოდვის (ἁμαρτία) ორ გაგებას განასხვავებს, მაგრამ ტერმინ "პირველქმნილ ცოდვას" არ იყენებს; წმინდა მამას ერთი ცოდვა ესმის, როგორც ცოდვა კერძო გაგებით: ცოდვა – პირადი (ადამის) დანაშაული და ცოდვა ადამიანური ბუნების დაზიანების თვალსაზრისით (PG 90 405 CD).

რა თქმა უნდა, ქრისტემ "პირველქმნილი ცოდვა" პირველმშობელთა პირადი ცოდვის და ადამიანური ბუნების ცოდვილი ქმედითი საწყისის სახით არ დაიმკვიდრა (რადგან ადამიანური ბუნება აბსოლუტური ღვთაებრივი იპოსტასის, ანუ ლოგოსის მიერ იპოსტაზირდება და რადგან იმპულსებს პირი-იპოსტასი განახორციელებს, ის კი – ღვთაებრივია), მაგრამ "პირველქმნილი ცოდვის" შედეგები ლოგოსმა, რა თქმა უნდა, მიიღო; ეს არის ეკლესიის სწავლება IV მსოფლიო (ქალკედონური) კრების (451 წ.) ოროსის სახით, რომელმაც დააკანონა სწავლება, რომ ქრისტეში არ იყო არავითარი პირადი ცოდვა, რადგან ქრისტე "ყველაფრით ჩვენი მსგავსია ცოდვის გარდა".

წმ. მაქსიმე წერს: "უფალმა ჩემი ცოდვა არ უწყოდა, ანუ ჩემი ნებელობის ცვალებადობა, ჩემი ცოდვა არ  მიუღია, არ ქცეულა ამ ცოდვად, არამედ ჩემთვის ცოდვა, ანუ ჩემი ნებელობის ცვალებადობით  წარმოქმნილი ბუნებისდა ზიანება მიიღო, ჩვენს გამო გახდა ბუნებით ვნებებს დამორჩილებული (უმანკო) ადამიანი" (PG 90 405 CD). მოყვანილი მაგალითებიდან ცხადი ხდება, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ცოდვას ქრისტეს მიმართ – მხოლოდ და მხოლოდ "პირველქმნილი ცოდვის" უბიწო შედეგების თვალსაზრისით, რომლებიც ნებაყოფლობით მიიღო.

ამგვარად, განკაცებულმა ლოგოსმა "პირველქმნილი ცოდვის" ისეთი შედეგები მიიღო, როგორებიცაა: მოკვდავობა, ვნებელობა, წყურვილი, შიმშილი და ა.შ. ამიტომ კათოლიკური ტერმინოლოგიის გამოყენებისას ჩვენ ტერმინებისა და მათი შინაარსის გაგება გვებნევა; ეს ეხებე ჩვენი ავტორის გამოთქმას, რომ ქრისტე "პირველქმნილი ცოდვის შედეგსა და მოქმედებას არ დაექვემდებარა"; ტერმინოლოგიის ასეთმა განურჩეველმა გამოყენებამ შეიძლება იმ აზრამდე მიგვიყვანოს, რომ ქრისტე არც პირველი ადამიანის დაცემის შედეგების მხრივ იყო "პირველქმნილი ცოდვის" ზიარი; ამას კი მკითხველის აზრი ავტარტოდოკეტიზმამდე მიჰყავს. ამგვარი გაუგებრობების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია აღმოსავლურ წმინდა მამათა ტრადიციის დაცვა და საკუთარი საღვთისმეტყველო აზრისა და მოსაზრებების ცალსახად გამოხატვა. შემდეგ პატივცემული არქიმანდრიტი წერს:

"მივმართოთ ცოდვით დაცემის ბიბლიურ ისტორიას. პავლე მოციქული წერს: "… ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა" (რომ. 5. 12). აქ ხაზგასმულია პირდაპირი კავშირი კაცობრიობის თავის პირველმამაში დაცემასა და ღვთის ძის – თავად ადამის შემოქმედის – მიერ კაცობრიობის გამოსყიდვას შორის" (http://karelin-r.ru/newstrs/146/2.html).
 
პავლე მოციქულის აღნიშნული ამონარიდის ჩვენი ავტორის მიერ მოცემული განმარტების კითხვისას შეიძლება იმ აზრამდე მივიდეთ, რომ კაცობრიობა ცოდვით დაეცა ადამის სახით, ანუ მივდივართ პირველმამაში – ადამში – კოლექტიურ, ზოგადსაკაცობრიო დაცემამდე; ეს აზრი კი უშუალო შეხებაშია იმ აზრთან, რომ ადამის ცოდვაში ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავენი. ასეთ დასკვნამდე რომ არ მივიდეთ, კარგად უნდა გვესმოდეს მოყვანილი ამონარიდის კონტექსტი. თუ ამონარიდს კონტექსტში წავიკითხავთ, მაშინ დავინახავთ, რომ მოცემული ამონარიდიდან (რომ. 5, 12) სულაც არ გამომდინარეობს, რომ კაცობრიობა ადამის ცოდვით/დაცემით დაეცა, ხოლო თუ კონტექსტის გარეშე წავიკითხავთ, მაშინ ახალი აღთქმის წმინდა ტექსტებს ბრალი უნდა დავდოთ იმაში, რომ ისინი განკაცებული ლოგოსს ცოდვას მიაწერენ, რომ ქრისტე თავისი ნებით იღებს თავის თავზე ცოდვას (თუ წერილის ენით პირდაპირი გაგებით ვიტყვით), ხოლო თუ თავის თავზე იღებს, აქ უკვე ქრისტეს პიროვნება იგულისხმება (იოანე. 1, 29).
 
მაგრამ თუ წერილს კონტექსტუალურად წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ქრისტეში არ იყო ცოდვა (ებრ. 4, 15; 1 პეტრ. 1, 18-19; 2, 22; 3, 18); იოანე 1, 29-ში კი ქრისტეს დაცემულ ადამიანურ ბუნებაში მემკვიდრეობითი დაზიანება უნდა ვიგულისხმოთ. ამიტომ, წმინდა წერილის კითხვისას მცდარ დასკვნებამდე რომ არ მივიდეთ, აუცილებელია: 1) მუხლების კონტექსტში კითხვა და 2) "პირველქმნილი ცოდვის" ორმაგი მნიშვნელობის გაგებისას რომ არ დავიბნეთ, სასურველია ამგვარი ტერმინოლოგიის გამოყენებისას მისი მნიშვნელობის დაკონკრეტება ან საერთოდ არ გამოვიყენოთ ის, რადგან ის აღმოსავლურ წმინდა მამათა ტრადიციას არ შეესაბამება. კაცობრიობა, პირდაპირ თუ ვიტყვით, თავის პირველმამაში ადამში არ დაცემულა (თუმცა ჩვენი ავტორი კი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა ადამში დაეცა), არამედ ის ადამის დაცემას მემკვიდრეობით იღებს მოკვდავი ბუნების სახით, რომელიც ხრწნას, ვნებასა და დაცემული ბუნების სხვა თვისებებს ექვემდებარება, ანუ იმას, რაც ბუნების სახეცვლილ ტროპოს ახასიათებს.

შეიძლება ეს აზრი სხვაგვარადაც გამოვხატოთ: კაცობრიობა, იპოსტასების ერთობლიობის გაგებით, ადამში არ დაცემულა, მაგრამ კაცობრიობა ადამიანური ბუნების გაგებით დაეცა – უხრწნელებიდან, უვნებლობიდან, უკვდავებიდან ხრწნილების, ვნებელობისა და მოკვდავებისკენ შეიცვალა. ადამის ცოდვამ ჩვენი ბუნება გახრწნა. თუ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს აღნიშნულ მუხლს ყურადღებით წავიკითხავთ, გავიგებთ თუ რას უსვამს ხაზს პავლე მოციქული: ის ჯერ ამბობს, რომ ადამის მიერ სამყაროში ცოდვა, მის მიერ კი სიკვდილი შემოვიდა, რომელიც: "გადავიდა ყველა კაცში”, რადგან ისინი ადამის დაცემული ბუნების მატარებლები არიან და პირველმამის – ადამის – ბუნების თანაზიარნი; ამის გამო ჩვენ, როგორც მოკვდავებმა და ხრწნადებმა ვცოდეთ ("ყველამ სცოდა”).
 
მოციქულის აზრის მთელი კონტექსტი პირდაპირ მოწმობს იმას, რომ მოციქულის ცენტრალური აზრი ჩვენი ბუნების მოკვდავობასთან ზიარებაში მდგომარეობს (რომ. 5, 12-20). პავლე მოციქული აქ ადამის ცოდვასა და სიკვდილს შორის (რომელიც ადამიანის ბუნებაში შემოვიდა და მთელ კაცობრიობაზე მეფობს) მიზეზობრივ კავშირს ამყარებს: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში", ე.ი. სამყაროში ადამის მიერ შემოვიდა ცოდვა, ცოდვით კი – სიკვდილი, რომელიც, თავის მხრივ მემკვიდრეობითად: "ყველა კაცში" გადავიდა (რომ. 5, 12).
 
აქვე მოციქული ყურადღებას ამახვილებს: "თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ"  (რომ. 5, 14). აქ ვხედავთ პირდაპირ მითითებას იმაზე, რომ სამყაროში ცოდვა მეფობს მიუხედავად იმისა, საერთოდ შესცოდა თუ არა ადამიანმა ადამის მსგავსად. ამგვარად, თუ მოციქულს კონტექსტში წავიკითხავთ, გავიგებთ, რომ ცოდვა საერთოდ ყველაზე მეფობს; მოციქული ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ცოდვა მეფობს მათზეც, ვინც ადამივით არ შესცოდა: "რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ".
 
მოციქულის ამ აზრიდან უკვე რთულია დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, რომ მისი შთამომავლობა ადამის ცოდვაში პირადად მონაწილეობს/ეცემა. სრულიად გასაგებია, თუ რატომ ამახვილებს მოციქული ყურადღებას ადამიანების მოკვდავობაზე: "ერთის შეცოდებით მრავალი მოკვდა (რომ. 5, 15); ანუ მთელი ყურადღება ადამის პირად ცოდვაზე გადადის, რომლის მიერაც სიკვდილი მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობად იქცა, რომელიც მის დაცემულ ბუნებას ატარებს: "ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ" (რომ. 5, 17). ამას ამბობს პავლე მოციქული, რადგან მას კარგად ესმის ადამის დაცემის საკითხი და მისი (დაცემის) გავლენა შთამომავლობასთან მიმართებაში. მოციქული 1) ადამის ბრალსა და 2) ჩვენში მის შედეგებს მკვეთრად განასხვავებს. ჩვენ ამას გავიგებთ, თუ პავლე მოციქულს კონტექსტუალურად წავიკითხავთ. პავლეს ამ აზრის სწორად გაგებას მხოლოდ კონტექსტში შევძლებთ: "რადგან ყველამ შესცოდა" (რომ. 5, 12), რადგან "ცოდვა სუფევდა სიკვდილში" (რომ. 5, 20) და "ცოდვის საზღაური არის სიკვდილი" (რომ. 6, 23).
 
მოციქულის აზრის მთელი კონტექსტუალური განმარტება შემდეგია: ჩვენ ადამის ცოდვაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არა იპოსტასურად, არამედ ბუნებით, ადამის მოკვდავობასთან ზიარებით, რადგან დაცემული ბუნების ტროპოსით მისი ერთარსნი ვართ. ზუსტად ამაზე ამახვილებს ყურადღებას პავლე მოციქული. აქ შეიძლება პარალელი გავავლოთ მოციქულის სხვა ეპისტოლეში გამოთქმულ აზრთანაც: "როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა" (1 კორ. 15, 22).

ჩვენ ყველანი ვკვდებით ადამში მის დაცემულ და მოკვდავ ბუნებასთან (და არა იპოსტასთან) თანაზიარობის გამო და ყველანი ვცხონდებით ქრისტეში, რადგან ლოგოსმა არა რომელიმე კერძო იპოსტასური ბუნება მიიღო (რადგან, კერძო ბუნება მცდარად ესმით ანტიქალკედონეიტებს გამოთქმაში "იპოსტასური ბუნება"), არამედ საერთო/ზოგადი/ჩვენი ადამიანური ბუნება, ანუ თვითონ გახდა ამ ბუნების იპოსტასი.
 
ამგვარად, ქრისტეში ადამიანური ბუნება იპოსტაზირებულია, მაშინ როდესაც ღვთიური ბუნება ქრისტეში თვითიპოსტასურია. ამიტომ, ჩვენი სიკვდილი განპირობებულია არა ადამის (როგორც იპოსტასის) ცოდვაში პირადი მონაწილეობით, ან პირადი დაცემით, ანდაც ბრალით, არამედ ადამის დაცემულ და მოკვდავ ბუნებაში ჩვენი მემკვიდრეობითი თანამონაწილეობით, რომელიც ლოგოსმა პირად ერთობაში მიიღო და განაღმრთო, შემდეგ კი უხრწნელ-ჰყო და ამიტომაც ქრისტეში ყველანი ვცხონდებით.
 
პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს აღნიშნული ადგილის ტექსტუალურ ანალიზისას მოციქულის უზუსტეს აზრს ვიღებთ. წერილის (რომ. 5, 12) ბერძნულ ორიგინალში ვკითხულობთ: "διὰ του̃το ὥσπερ δι‘ ἑνòς ἀνθρώπου ἡ ἁμαρτία εἰς τòν κόσμον εἰση̃λθεν καὶ διὰ τη̃ς ἁμαρτίας ὁ θάνατος καὶ οὕτως εἰς πάντας ἀνθρώπους ὁ θάνατος διη̃λθεν ἐφ‘ ὡ̨̃ πάντες ἥμαρτον".

აქ მნიშვნელოვანია მოცემული მუხლის ბოლოს გრამატიკული ფუძე გავიგოთ: "ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რომლის გამოც ყველამ შევცოდეთ". ამგვარად, მოცემული მუხლის ბოლო ნაწილის პირდაპირი თარგმანი აჩვენებს: "ἐφ‘ ὡ̨̃ πάντες ἥμαρτον""რომლის [ანუ, სიკვდილის] გამოც ყველამ შესცოდა", ანუ ნაცვალსახელი "ὡ̨̃" უშუალოდ "სიკვდილს" ეხება, ანუ "ἐφ’ ὡ̨̃" – "რომლის გამო", "რომელშიც", "რომლისთვისაც" – უშუალოდ მის წინამდებარე განსაზღვრული არტიკლის მქონე არსებით სახელს – "ὁ θάνατος" – ეკუთვნის. ამგვარად, მოციქული ხაზს უსვამს ჩვენს სიკვდილთან თანაზიარობას და იმას, რომ ამ სიკვდილში, მის მიერ ყველამ შევცოდეთ.
 
ბერძნული ორიგინალის ტექსტური ანალიზიდან გამომდინარე პატივცემული არქიმანდრიტის აზრი, რომ თითქოს რომ. 5, 12-ში – "ხაზგასმულია პირდაპირი კავშირი კაცობრიობის თავის პირველმამაში დაცემასა," – მცდარია, რადგან კაცობრიობა პირველმამაში კი არა, სიკვდილში დაეცა, რომელიც სამყაროში ადამის დაცემით შემოვიდა.
 
დამატებისა და ზოგადი ცნობების სახით V საუკუნის ორი გამოჩენილი ღვთისმეტყველის – წმ. კირილე ალექსანდრიელისა (+ 444) და ნეტ. თეოდორიტე კვირელის (დაახლ. + 458) – აზრს მოვიყვანთ. ისინი ალექსანდრიული (წმ. კირილე) და ანტიოქიური (ნეტ. თეოდორიტე) ეგზეგეტური სკოლების წარმომადგენლები არიან. ორივე წმინდა მამა ბერძნულენოვანი იყო, ანუ ბერძნულად ფიქრობდნენ, წერდნენ და საუბრობდნენ, წმინდა წერილს ბერძნულად კითხულობდნენ, ანუ ახალაღთქმისეული აზრი იმ სახით ესმოდათ, როგორც მოციქულებმა გადმოსცეს (იგულისხმება გრამატიკული საფუძვლები).
 
წმინდა მამების აზრი კიდევ იმ მხრივ არის საინტერესო, რომ ისინი ნეტ. ავგუსტინეს თანამედროვენი და ერთმანეთის ოპონენტები იყვნენ, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიებს შორის ორწლიანი საეკლესიო განხეთქილების პერიოდში, რომელიც 433 წელს ერთობლივად დაძლიეს. სხვადასხვა ქრისტოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიურ ანტაგონიზმში ყოფნის დროსაც კი, მსოფლიო ეკლესიის ეს ორი მნათობი პავლე მოციქულის ეპისტოლის აღნიშნულ მონაკვეთის (რომ. 5, 12) განმარტებაში ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.
 
აღნიშნულ სიკვდილზე/მოკვდავობაზე (რომელსა პავლე მოციქული ხაზს უსვამდა) ხსენებული წმინდა მამებიც ამახვილებენ ყურადღებას. ნეტარი თეოდორიტე რომ. 5, 12-ის განმარტებისას წერს: "მეუფე ღმერთმა ადამი შექმნა და გონება უბოძა მას; გონიერი ძალის მომატებისთვის კი ერთ მცნება დაუწესა (დაბ. 2, 16). რადგან გონებით დაჯილდოებული, სიკეთისა და მისი საპირისპიროს გარჩევის უნარის მქონე, კანონის გარეშე ვერც იცხოვრებდა. ის ცდუნდა და მცნება დაარღვია, კანონმდებელმა კი თავშივე მცნებას სასჯელის მუქარა დაურთო (დაბ. 2, 17). ამიტომ, ადამმა კაენი, სეთი და სხვანი შვა სიკვდილმისჯილ მდგომარეობაში და ამიტომ ყველას, როგორც სიკვდილმისჯილისგან ნაშობთ მოკვდავი ბუნება გააჩნდათ. ამგვარ ბუნებას კი მრავალი რამ ესაჭიროება: საკვები, სასმელი, სამოსი, საცხოვრებელი და სხვადასხვა უნარი.

ამ ყოველივეს საჭიროება ვნებებს უზომოდ აღაგზნებს, უზომობა კი ცოდვას წარმოშობს. ამიტომ ამბობს ღვთიური მოციქული, რომ როდესაც ადამმა შესცოდა და ცოდვის მიზეზით მოკვდავი გახდა, ერთიც და მეორეც მთელს მოდგმაზე განივრცო, რამეთუ "ყველა ადამიანში შევიდა სიკვდილი", რადგან "ყველამ შესცოდა". რამეთუ, არა პირველმშობელთა, არამედ ჩვენივე ცოდვისთვის ვიღებთ ყველანი სიკვდილის განჩინებას" (იხ. Блаженный Феодорит Киррский. Толкование на послание святого апостола Павла. М. 2013. С. 88-89).
 
ამგვარად, ნეტ. თეოდორიტეს თანახმად კაცობრიობაზე ეს ცდომითი ზიარება/თანამონაწილეობა გავრცელდა და ადამიანმა, ცოდვის შედეგად, პირველმქნილი ადამის დაცემის შედეგები მიიღო, რაც უკვე დაცემული ადამიანის მოკვდავობაში, ხრწნადობაში გამოიხატა. კვირელი ეპისკოპოსი ადამის ცოდვაში ჩვენს პიროვნულ ბრალეულობას უარყოფს.
 
მოციქულის ამავე ეპისტოლის მუხლის განმარტებისას ასეთივე აზრს გამოთქვამს წმ. კირილე ალექსანდრიელი. ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი წერს: "ადამი უხრწნელებისა და სიცოხლისთვის შეიქმნა; სამოთხეში ის წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა: მისი გონება მუდამ და სრულად ღვთის ჭვრეტაში იყო, მისი სხეული უსაფრთხოებასა და სიმშვიდეში იყო და ცოდვილი სიამოვნებისკენ მიდრეკილებას არ ამჟღავნებდა, რადგან მასში ქვენა საჭიროებების მოთხოვნილება არ არსებობდა. მაგრამ დაცემის შემდეგ, როდესაც ცოდვის შედეგად ის ხრწნას დაექვემდებარა, ხორცის ბუნება ბილწი სიამოვნებებისკენ სწრაფვით დასნეულდა და ჩვენს ნაწილებში მოქმედი სასტიკი კანონი წარმოიშვა (რომ. 7:5. 23). "ერთი ადამიანის [ანუ, ადამის] ურჩობით" (რომ. 5, 19) მთელი ბუნება ცოდვით დასნეულდა და მრავალი გახდა ცოდვილი, მაგრამ არა ადამის ცოდვაში თანამონაწილეობით – ისინი ჯერ ხომ არ არსებობდნენ, – არამედ მისი ბუნების თანაზიარობით, რომელიც ცოდვის კანონის მოქმედებას დაექვემდებარა (7:23; 8, 2).
 
როგორც ადამში ადამიანურმა ბუნებამ ურჩობით ხრწნადობის სენი აითვისა, რადგან ურჩობით ადამიანის ბუნებაში ვნება შევიდა, ასევე, ქრისტეში ის აღდგა და განიკურნა, რადგან ღვთისა და მამის მორჩილი გახდა და არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია (1 პეტრე. 2:22, ესაია. 53:9)" (PG 74 789 AB).
 
ამგვარად, წმ. კირილეს აზრი სრულიად ცხადია: კაცობრიობამ ადამის ცოდვა არა იპოსტასურად ("არა ადამის ცოდვაში თანამონაწილეობით"), არამედ "მისი ბუნების თანაზიარობის" სახით, რომელიც "ცოდვის კანონის მოქმედებას დაექვემდებარა", ხოლო პავლე მოციქულის თანახმად: "ცოდვის საზღაური არის სიკვდილი" (რომ. 6, 23). წმ. კირილე ჩვენს ბუნებრივ ხრწნადობასა და ვნებას ადამის დაცემულ ბუნებაში ჩვენი ამგვარი თანამონაწილეობით ხსნის, რაც არის ე.წ. "პირველქმნილი ცოდვის" შედეგი, ცოდვისაკენ ადამიანის დაზიანებული ნებელობითი მიდრეკილებით.
 
ეპ. იუსტინე პოპოვიჩი (+ 1979), ცნობილი სერბი ღვთისმეტყველი, ადამის ცოდვასთან ჩვენს კავშირს შესახებ წმინდა მამათა გაგებას ასე აჯამებს: "ადამის ცოდვაში ორი მომენეტი უნდა განვასხვავოთ: პირველ რიგში, დანაშაული, როგორც ასეთი, ღვთის მცნების დარღვევის აქტი – დანაშაული, როგორც ასეთი და შეცდომა, როგორც ასეთი, ურჩობა, როგორც ასეთი – მეორეს მხრივ კი უკვე ჩადენილი ცოდვის მდოგამარეობა. ადამის შთამომავლებს ადამის დანაშაულში პირადი, უშუალო, შეგნებული და ნებელობით მონაწილეობა არ მიუღიათ.
 
მაგრამ, რადგანაც ისინი თავის საწყისს დაცემული ადამისგან, დაცემული ბუნებისგან იღებენ, ცოდვილ ბუნებრივ მდგომარეობასაც იმკვიდრებენ, რომელშიც ცოდვა ქმედითი საწყისის სახით არსებობს, რომელიც თითოეული ჩვენგანის პიროვნებას ადამის მსგავსად ცოდვის ჩადენას აიძულებს, რის გამოც ადამის სასჯელს ვექვემდებარებით" (იხ. Justin (Popovitch). Philosophie orthodoxe de la Vérité. Dogmatique de l’Église orthodoxe. T. 1. – Paris, 1992, pр. 309-310).
 
მაგალითის სახით სხვა მამების მოყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ სტატია, რომ არ გადავტვირთოთ, ამ ეტაპზე მხოლოდ ხსენებული მამებით შემოვიფარგლებით.
 
სტატიის დასასრულს მოციქულთა და წმინდა მამათა აზრს შეჯამებული სახით წარმოვადგენთ: რა თქმა უნდა, ჩვენ ადამის ცოდვაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არა იპოსტასურად, არამედ ბუნებით, ადამის მოკვდავებაში თანამონაწილეობით, როგორც უკვე დაცემული ბუნების ტროპოსით მისი ერთარსნი.
 
მართლმადიდებლური წმინდა მამათა ტერმინი "პირველმამათა ცოდვა" (შეცდომა) (προπατορικό αμαρτία) პირად არა ცოდვას, არამედ მოცემულობის სახით არსებულ მთელი ადამიანური ბუნების, რომელსაც ყოველი პირი (კონკრეტული) ადამიანი ატარებს, დაზიანებას (ხრწნადობას) წარმოადგენს. როგორც ვაჩვენეთ, ადამის შთამომავლობაში "ცოდვად" წმინდა მამები ჩვენი ბუნების დაზიანებულობას/ხრწნილებას/ცოდვილობას და სიკვდილისადმი დაქვემდებარებას გულისხმობდნენ, რამაც ჩვენში, ქმედითი საწყისის სახით, ცოდვა წარმოშვა. ასევე ესმის ეს საკითხი პავლე მოციქულსაც. განკაცებულმა ღვთაებრივმა აბსოლუტურმა ლოგოსმა კი დაცემული ადამიანური ბუნება განაღმრთო და უხრწნელ-ჰყო და ამით ცოდვისგან განთავისუფლების საშუალება მოგვცა: "ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი – საუკუნო სიცოცხლე" (რომ. 6, 22).
Назад к содержимому