აპოკრიფები - ენოქის წიგნის აპოლოგია 0_1 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > აპოკრიფები
ენოქის წიგნის აპოლოგია
ენოქის წიგნი
წიგნის ავტორი: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი).

წიგნის ანოტაცია: სევერომორსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის ეპისკოპოს მიტროფანეს (ბადანინი) წიგნი, - ეს არის საღვთისმეტყველო ნაშრომი, რომელიც თავის მიზნად ისახავს ერთ-ერთი უძველესი წმიდა ტექსტის აპოლოგიას (ბერძნ. ἀπολογία –"გამართლება", "დაცვა"), რომელიც კი შემორჩა კაცობრიობის ისტორიას. ეს ტექსტი გახლავთ "ენოქის წიგნი", რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა, რომელიც მოგვითხრობს წარღვნამდელი კაცობრიობის ცხოვრებაზე, რომელმაც გადაიტანა ბუმბერაზთა საშინელი ეპოქა და, რომელიც ბოლოს მსოფლიო წარღვნით დასრულდა.

"ენოქის წიგნი" დაუმსახურებლად არის გამოდევნილი საღვთისმსახურებო გამოყენებიდან და მიკუთვნებული ძველაღთქმისეულ აპოკრიფულ ლიტერატურას. ეპისკოპოსი მიტროფანე ხაზს უსვამს მის ავტორიტეტს და აღნიშნავს, რომ მას იმოწმებდნენ როგორც მოციქულები, ასევე ქრისტიანობის პირველი საუკუნის წმიდა მამები.

ავტორი გვთავაზობს უფრო გაბედულად მოვნიშნოთ კაცობრიობის სულიერი ცხოვრების საზღვრები, მკაფიოდ განვსაზღვროთ მისი ისტორია პრინციპით "მანამ და შემდეგ". თუკი ადამიანის ცხოვრების ხარისხს ცოდვით დაცემამდე და ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ ღვთისმეტყველებაში ტრადიციულად დიდი ადგილი ეთმობა, წარღვნამდელი კაცობრიობისა და ასევე მის შემდეგ დაბადებული ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე ცნობები აშკარად არასაკმარისია. ეპისკოპოს მიტროფანეს აზრით, არ არსებობს სრული გაგება იმისა, რომ სამყაროში ქრისტეს მოსვლით დადგა აბსოლუტურად ახალი რეალობა და კაცობრიობა ამიერიდან სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანობამდელი ცხოვრებისგან. და ჩვენ თუ რაღაცაც ვერ ვაკვირდებით ჩვენს ამჟამინდელ სულიერ რეალობაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არც უწინ არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში.
ავტორის შესახებ: ეპისკოპოსი მიტროფანე (ბადანინი ალექსეი ბასილის ძე) - სევერომორსკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი.

დაიბადა 1953 წლის 27 მაისს, ლენინგრადში. 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. 1979 წლიდან იყო გემის მეთაურის თანამდებობაზე, შემდეგ კი მეთაურობდა სხვადასხვა კლასის ხომალდებს. 1995 წელს დაამთავრა სამხედრო-საზღვაო აკადემია. 1997 წელს სამხედრო სამსახურს თავი დაანება.

1998 წლიდან მუშაობდა მურმანსკის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის პრეს-მდივნად და ხელმძღვანელობდა ამავე ეპარქიის საგამომცემლო საქმიანობას. მან დააფუძნა გაზეთი "Православный Североморск" ("მართლმადიდებლური სევერომორსკი") და იყო მისი პირველი რედაქტორი, რომლის ბაზაზე შემდეგ მოაწყო და სათავეში ჩაუდგა მურმანსკის ეპარქიის გაზეთს "Православная миссионерская газета" ("მართლმადიდებლური მისიონერული გაზეთი").

1999 წელს ჩააბარა წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში (დღეისთვის "წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი), რომელიც დაამთავრა 2005 წელს და შევიდა ასპირანტურაში. 2000 წელს აღიკვეცა ბერად სახელით მიტროფანე და მიიღო მღვდლის ხარისხი.

2013 წლის ნოემბრამდე მიტროფანე (ბადანინი) წარმოადგენდა ტერის ოლქის კეთილმოწესესა და სოფ. ვარზუგის მიძინების სამრევლოს წინამძღვარს. ის იყო მურმანსკის ეპარქიის წმინდანთა კანონიზაციის კომისიის თავმჯდომარე.

იღუმენი მიტროფანე (ბადანინი) არის მრავალი წიგნისა და უკიდურესი ჩრდილოეთის ისტორიაზე დაწერილი მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

2009 წელს იღუმენ მიტროფანეს (ბადანინი) მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი დისერტაციისთვის, რომელიც მან დაწერა რუსეთის ისტორიის ეკლესიის კათედრაზე წმიდა-ტიხონის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი # 111), მურმანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიქმნა სევერომორსკის ეპარქია, რომლის ეპისკოპოსადაც არჩეულ იქნა იღუმენი მიტროფანე (ბადანინი).


"ადამი და ცოლი მისი"
 
ჩვენი პირველწინაპრების რომელი ცოდვისთვის დასაჯა ღმერთმა კაცთა მოდგმა, რისთვის იქნა "დაწყევლილი მიწა"? ყოველი იტყვის: იმისთვის, რომ ადამმა დაარღვია მცნება და აკრძალული ხის ნაყოფი იგემა. მაგრამ, მოდი, მივმართოთ ბიბლიის ტექსტს და დავინახავთ, რომ უფალი, უპირველეს ყოვლისა, ამისთვის სულაც არ კიცხავს პირველ ადამიანს, არამედ იმისთვის, რომ "... დედაკაცს დაუჯერე". და მხოლოდ ამის შემდეგ ითქვა: "და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის" (დაბ. 3:17). აი ასე, იმთავითვე იქნა გადანაწილებული პრიორიტეტები მცნების დარღვევაში, რომელიც ადამმა ჩაიდინა. "ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი" (ზირ. 25:27). პირველწინაპართა დანაშაულის იგივე ასპექტს ხაზს უსვამს მოციქული პავლეც: "ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა" (1 ტიმ. 2:14).
ენოქის წიგნი
ცოდვით დაცემა
მხატვ. ჰუგო ვან დერ ჰუსი. 1480 წ. ადამი "იჯერებს თავისი ცოლის ნათქვამს" (შეად. დაბ. 3:17).
გვერდით გველია ადამიანის თავით, რაც მხატვრის ჩანაფიქრია.
ჩვენ პირველწინაპრებს კარგად ესმოდათ ცხოველთა ენა, მათ შორის გველისაც, რომელიც "ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის" (დაბ. 3:1).

ყურადღება მივაპყროთ იმას, როგორ ითქვა ეს უფლის მიერ: "რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ" (დაბ. 3:17), ანუ ეს მცნება, ისევე როგორც, სხვა დანარჩენი მცნება ედემში, მიეცა მხოლოდ ადამს. როდესაც მათ უფალი აწესებდა, ევა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი. საკუთრივ, ამაზე ითამაშა გველმა, როდესაც ადამის კომპეტენტურობაში ეჭვი ჩანერგა: "მართლა თქვა უფალმა...?" (დაბ. 3:1). მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დაასრულა სამოთხეში ადამიანის ცხოვრების კანონების გადმოცემა, უფალმა პირველად ილაპარაკა ვინმე "შემწეზე", რომელიც სჭირდებოდა ადამიანს: "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩინოთ შემწე, მისი მსგავსი" (ძვ. ქართ.: "არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი") (დაბ. 2:18).
ენოქის წიგნი
"ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა…" (დაბ.2,22).
მართლმადიდებლური ხატი. ცოლი - ადამის განუყოფელი ნაწილი.

როგორც ცნობილია, ადამიანისთვის შემწეების ძებნა თავიდან წარმოებდა "ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს" (დაბ. 2:20) შორის. მაგრამ ქმნილებათა უდიდეს რაოდენობასა და "ყველა სულდგმულს შორის" ვერავინ აღმოჩნდა "მისი მსგავსი". შედეგად საჭირო შემწე შეიქმნა თვით ადამისგან - "უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო", ხოლო "ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2:21-22).
 
დედაკაცის ჩვენს მიერ განხილული თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს გავხსნათ ღმრთის თავდაპირველი ჩანაფიქრი ადამიანზე, კერძოდ, დედაკაცზე. სწორედ ეს ჩანაფიქრი განსაზღვრავს ყოფიერების მის თავდაპირველ, ჭეშმარიტ სტატუსს: "რას წარმოადგენს ადამი? - ღმრთის ქმნილებას? ხოლო ევა? - ამ ქმნილების ნაწილს" (Григорий Богослов, святитель. Избранные творения. М.: Изд. Сретенского монастыря. 2005. С. 83. (შემდეგში: Григорий Богослов. Избранные творения.)).
 
" და თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი", ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ქმნილება თვით ჩემგან შედგება. ამიტომაც ადამი არ აძლევს თავის შემწეს კერძო სახელს, რადგანაც "ფლობის აქტის" აღსრულება საჭირო არ არის - დედაკაცი ისედაც მისი ნაწილია: "დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული" (დაბ. 2:23). ორი არსების ეს გასაოცარი ერთობა თვით სამოთხიდან განდევნამდე ასეც იწოდებოდა: "ადამი და მისი დედაკაცი" (დაბ. 2:25).
 
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ უფლის ჩანაფიქრი ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით სრულად განხორციელდა მხოლოდ ადამისადმი მისი "ცოლის" მიერთებით, ანუ, როდესაც ადამიანი გახდა "წყვილი", "ორობა".
ენოქის წიგნი
"…დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (დაბ. 2,22).
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოზაიკა, XII ს. ქ. მონრეალი (სიცილია).
უფალს ადამთან მიჰყავდა ყოველი მიწიერი ქმნილება, და ისიც მათ სახელებს არქმევდა. ცოლს სახელი არ მისცემია, რადგა ის იყო კაცის ნაწილი, რომელსაც ადამი ერქვა.

საინტერესოა, რომ "ორობის" ეს ჩანაფიქრი თავიდანვე შეიმჩნევა დაბადების წიგნის სტროფებში: "თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონონ ისინი ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:26) (ბიბლიის თანამედროვე თარგმანებში ცდილობენ შეცვალონ ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი - ავტ.).
 
გავიხსენოთ, რომ, დაბადების წიგნის ტექსტის მიხედვით, ყველაფერი, რაც კი შექმნა ღმერთმა, "კარგი იყო". და მხოლოდ ერთადერთხელ მთელი შესაქმის პერიოდში ღმერთმა გამოიყენა სიტყვა "არ ვარგა": "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის მსგავსს" (ძვ. ქართ.: და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი" – "აპოკ." რედ.) (დაბ. 2:18).
 
ამ მტკიცებულებაში უფალი გვიხსნის ადამიანის თავდაპირველი დანიშნულების საიდუმლოს მუდმივ შინაგან ურთიერთობაში იყოს თავის "ძვალთაგანთან და ხორცთაგანთან" (დაბ. 2:23). ადამიანი ღმერთმა ჩაიფიქრა, როგორც "ორობა" (1)"და იქნებაან ორივენი ერთ ხორც" (მათე 19:5). მაგრამ ამასთან ასეთი "ადამიანი-ორობა" განუწყვეტელ ერთობაში იყო ღმერთთან. ანუ, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, როდესაც ხსნის სამებობის საიდუმლოს: "ორობა გადალახულია... სამება თავის სრულყოფილებაში იკვრება" (Григория Богослова, архиепископа Константинопольского, творения. М., 1889. Ч. II. С. 180. Цит. по: Давыденков Олег, иерей. Догматическое богословие. Курс лекций. Ч. I и II. М.: ПСТБИ, 1997. С. 143). შექმნა რა "ადამიანი-ორობა", უფალმა დასაბამი მისცა ადამიანთათვის წმიდა ღვთაებრივ პირთა შიდაურთიერთობის მიუწვდომელ საიდუმლოსთან თანაზიარებას და ადამიანის ზრდას ერთგვარი მცირე "სამების" სტატუსამდე. და ეს კანონზომიერია, რადგან, ნებისმიერი სხვა ქმნილებისგან განსხვავებით, უფალმა "ადამის სახით, ჩაბერა რა მას ცხოველმყოფელი სული, შემოქმედი ღმრთის სამპიროვნობა გამოავლინა". მხოლოდ ადამიანია შექმნილი სამიპოსტასოვანი ბუნების ხატად" (Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). М.: «Паломник», 1993. Ч. 3. С. 201. (Далее: Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии)).

__________________

1. ამ ფაქტის გაგება დამახასიათებელია მართლმადიდებელი მსოფლმხედველობისთვის: "ადამისგან აღებული, იგივე (ცოლი) იწევს თავისი ადგილისკენ, რათა ერთი მთლიანი ადამიანი წარმოქმნას" (Никон (Воробьев), игумен. Нам оставлено покаяние. Письма. М., 1997. С. 219.)

__________________
 
ასეთ შემთხვევაში ნავარაუდევი და ადამიანთათვის მიცემული საღმრთო განკარგულების - "აღორძნდით და განმრავლდით" - შემდგომი აღსრულება შთაგონებულ უნდა ყოფილიყო წმიდა სამების პირთა მოქმედების ცნობილი საღვთისმეტყველო პრინციპით: "მამისგან, ძის მიერ სულიწმიდით" (Лосский В.Н. Догматическое богословие // Богословские труды. М., 1972. № 8. С. 143.). ამ ანალოგიიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავბედოთ და ვივარაუდოთ, რომ ყოველი ახალი კაცის დაბადება ქვეყანაზე მომდინარე უნდა ყოფილიყო "მამისგან, დედის მიერ სულიწმიდით".
 
აშკარაა, რომ ადამიანთა თანამედროვე გამრავლების სახე უკიდურესად არაშესაფერისია იმ სტატუსისა, რომელიც ადამიანში იყო ჩადებული შექმნისთანავე. "ღამისეული, მონური და ვნებითი ჩვენი წარმომავლობა" (Григорий Богослов, свт. Цит. по: Григорий Палама, святитель. Беседы (Омилии). С. 25) პრინციპულად შეუთავსებელია "ღმრთის ხატებასთან და მსგავსებასთან", რომელიც ჩვენში ცხოვრობს. ამ პრობლემის გაგებას ვისმენთ საღმრთო ფსალმუნთმგალობელის სიტყვებში: "უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფსალმ. 50:7).
 
ამიტომაც, თუკი ვეცდებით ჩავწვდეთ თავდაპირველი, დასაბამიერი საღმრთო ჩანაფიქრის არსს "ადამისა და მიცის ცოლის" გასაოცარ არსებასთან დაკავშირებით, ჩნდება დარწმუნება, რომ ადამიანი-ორობის მიღების ეს პრინციპი შემდეგშიც უცვლელად, ედემურად უნდა დარჩენილიყო. ასეთ შემთხვევაში "ადამსა და მის ცოლს" შემდეგშიც უნდა გაეჩინათ ადამის ძენი მათ მიერ თავთავიანთი ნეკნებიდან საკუთარ ცოლთა მოპოვების პერსპექტივით. ადამიანი სრულფასოვანი არსება ხდება მხოლოდ "ორობითი" მდგომარეობის მოპოვებით, ანუ მაშინ, როდესაც "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (ეფეს. 5:31).
 
წინდაწინ აღვნიშნავთ, რომ ადამიანის თავდაპირველი სტატუსის ხსენებას გვიღვივებს სახარებისეული თხრობა, რადგან თავისი "შობით ქალწულისგან ქრისტე აუქმებს ადამიანური ბუნების გაყოფას მამაკაცურ და ქალურ ნაწილებად" (Лосский В.Н. Очерк мистического богословия восточной церкви. Догматическое богословие. М., 1991. С. 104. (Далее: Лосский. Очерк мистического богословия)).
ენოქის წიგნი
ევას შექმნა
მხატვ. პაოლო ვერონეზე (1575-1580)
 
შეიძლებოდა გვევარაუდა კიდევ ერთბაშად "ორობითის" დაბადება, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება საღმრთო განკარგულებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ დროთა განმავლობაში "მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (დაბ. 2:24). ანუ ადამიან-ორობითის, როგორც ნამდვილი ადამიანური ოჯახის ფორმირება მოგვიანებით უნდა მოხდეს, თავის დაწესებულ დროს, როგორც, საკუთრივ, იყო ადამის შემთხვევაშიც. ასე განუმარტავს უფალი თავის მოწაფეებს ცოლის მოპოვების პროცესს: "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (მათე 19:5). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბერძნულ დედანში უფრო ზუსტად არის მითითებული "მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიკრულ იქნება თავის ცოლზე და იქნებიან ორივენი ერთ ხორც" (იხ. ეფეს. 5:31). ანუ ადამიანი თვითონ კი არ წყვეტს "მიეკროს" თუ არა, არამედ უფალი "მიაწებებს" მას თავის ცოლს.
 
შესაქმის აღმწერელი ადამის პირით ზუსტად გადმოსცემს იმ არსების ბუნებას, რომელსაც შეიძლება "ცოლი" ეწოდოს. ცოლი - ეს არის ის, ვინც წარმომდგარია ადამისგან, ის არის ადამის "ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი" (შეად. დაბ. 2:23). მაქსიმე აღმსარებელი ხაზგასმით უწოდებს ცოლს "ნეკნს": "ადამმა, მიიღო რა სიტკბოება, რომელიც მას მისმა ნეკნმა შესთავაზა, კაცობრიობა გამოაგდო სამოთხიდან" (Максим Исповедник, преподобный. Творения. Богословские и аскетические трактаты. М.: «Мартис». 1993. Кн. 1. С. 262. (შემდეგში: Максим Исповедник. Творения. Кн. 1.)). ანუ, თავდაპირველი საღმრთო დადგინებით, ცოლი - ეს ყოველთვის "ქმრის ნეკნია". ცოლად შეიძლება იწოდებოდეს მხოლოდ ის, ვინც "აღებულია ქმრისგან", როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, და არა ისე, როგორც ახლაა - აბსოლუტურად უცხო არსება.
 
ღირ. ეფრემ ასურელი ასაბუთებს ამ აზრს, ეფუძნება რა სიტყვებს დაბადების წიგნიდან, რომელიც მამაკაცისა და დედაკაცის ერთდროულ შექმნას მოწმობს: "შექმნა ღმერთმა კაცი, ... მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27). ღირსი მამა წერს: "მოსე მიგვანიშნებს, რომ ევა უკვე იყო ადამში იმ ძვლის სახით, რომელიც ადამისგან გამოღებულ იქნა. თუმცა ევა მასში იყო არა გონებითად, არამედ სხეულებითად. მაგრამ ამასთან არა მარტო სხეულებითად, არამედ მშვინვითა და სულით, რადგან ღმერთს არაფერი მიუმატებია ადამისგან გამოყებული ძვლისთვის, გარდა სილამაზისა და გარეგნობისა" (Ефрем Сирин, преподобный. Толкование на Пятикнижие. М.: «Сибирская Благозвонница», 2017. С. 42).
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
თავდაპირველი კაცი
 
გავიხსენოთ, რომ კაცთა თავდაპირველი გამრავლების ეს საიდუმლო თემა თვით მოციქულმა პავლემაც კი არ განავითარა თავის ეპისტოლეში, და მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა: "საიდუმლოჲ ესე დიდ არს" (ეფეს. 5:32)
 
ჩვენ კი საკუთარი ცნობისმოყვარე გონებით ცოტათი შევყოვნდებით ღმრთის ჩანაფიქრის ამ საიდუმლოზე, რომელიც პირველქმნილ ადამიანებთან არის დაკავშირებული და, გავაგრძელებთ რა განსჯას, დავასკვნით, რომ ყოველ "ახალ ადამს" მომავალში თვითონ უნდა ეშვა საკუთარი თავიდან ცოლი, როგორც საკუთარი თავის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მომენტია ყოველი ზრდასრული ადამისთვის -   ერთი ნეკნის გამოღება და მის ადგილას ხორცი ჩადება (იხ. დაბ. 2:21), ის შეიძლებოდა მსგავსი ყოფილიყო მოწიფულ ასაკს მიწევნულ ყმაწვილთა ინიციაციის თანამედროვე პრაქტიკისა. "არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად" (ფსალმ. 138:15). ანუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია საღმრთო შეწევნის გარეშე, რათა უფალმა ღმერთმა კვლავ  "ძილქუში (საეკლ. სლავ.: изступление. - ავტ. // ძვ. ქართ.: განკჳრვებაჲ - "აპოკ." რედ.) მოჰგვაროს ადამს, დააძინოს და გამოუღოს ერთი ნეკნი და შექმნას დედაკაცი". ეს ქალის გაჩენის ეს მექანიზმი კაცობრიობის შემდგომი ისტორიისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და განუხრელი რომ არ ყოფილიყო, მაშინ უფალი პირველ დედაკაცს ამ გართულებების გარეშე შექმნიდა, ზუსტად ისევე, როგორც ადამი "შექმნა მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა" (დაბ. 2:7). როგორც, საკუთრივ, შეიქმნა სხვადასხვა სქესის სხვადასხვა მიწიერი ქმნილება. ეს მტკიცებულება არ მოგვეჩვენება ესოდენ ეგზოტიკურად, თუკი გვეხსომება, რომ ადამიანის ცხოვრების ყველა ფუძემდებლური მოვლენების უცილობელი მონაწილე, ისევე როგორც მთლიანად მთელი მისი არსებობისა, უნდა ყოფილიყო ღმერთი. სხვაგვარად არც იყო შესაძლებელი, რადგან ადამიანი ჩაფიქრებული იყო, როგორც ღმრთის სახლი (!).
 
გავიხსენოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: "მისი სახლი ჩვენა ვართ" (ებრ. 3:6). ამაზე მსჯელობს ღირ. მაკარი დიდიც: "როგორც ცა და მიწა ღმერთმა შექმნა ადამიანის საცხოვრისად, ასევე კაცის სხეული და სული მან თავისთვის შექმნა" (Макарий Великий, преподобный // Добротолюбие. М.: Сретенский монастырь. 2004. Т 1. С. 149 (შემდეგში: Макарий Великий. Добротолюбие)). მაგრამ ადამიანმა, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა, სამოთხე დატოვა. თავის მხრივ, უფალმაც დატოვა ეს უღირსი "სახლი", მისცა რა ადამიანს ამიერიდან თვითონ გადაეწყვიტა ამოცანა "ინაყოფიერეთ და იმრავლეს, და აავსეთ დედამიწა" (დაბ. 1:28). ყოველდღიურ საცისკრო ლოცვებში ქრისტიანი წუხს ამ დანაკარგის გამო და უფალს ღმრთის სახლად ყოფნის დაკარგული სტატუსის დაბრუნებას სთხოვს: "ღმრთის სულის სახლად შემქმენ მე".
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან. ბენჯამინ უესტი (1738-1820), აშშ.
სამოთხიდან განდევნილი ადამიანების "სამოსი" იყო საკმაოდ პირობითი, რადგან მათ " გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს". რაც შეეხება "ტყავის სამოსს", რომელიც ადამსა და ევას მათი ცოდვით დაცემის შემდეგ მისცა უფალმა, იგულისხმება ადამიანის ახალი სხეული, რომელმაც თავდაპირველი ანგელოზური სინატიფე დაკარგა.
 
ამაშია პრინციპული და ტრაგიკული განსხვავება ცოდვამდელ, ედემისეულ ადამიანსა და ცოდვით დაცემის შემდგომდროინდელ ადამიანს შორის. სიცოცხლე ღმერთის გარეშე ყველა ჩვენგანის ნორმა გახდა, რაც დასაბამიდან შეუძლებელია ყოფილიყო.
 
მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, "ადამიანს უვნებობით უნდა ეძლია საკუთარ თავში სქესებად გაყოფა". ასეთი ადამიანური არსება - "ორობა", როდესაც უკვე "ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც" (მათე 19:6), თავის თავში ატარებდა იდეალურ სიყვარულსა და ურთიერთგაგებაში მყოფი მუდმივი ურთიერთობის გასაოცარ სრულ ჰარმონიას.
 
ჩვენ ვიცით, რომ დღემდე ყოველი "ადამი" დაბადებიდან ილტვის თავისი ცოლისკენ, ყოველთვის ეძებს ერთობას მისგან აღებულ თავის ნაწილთან, "რათა თავისი მთლიანობის ნაწილი ჰპოვოს თავის შემწეში" (Филарет Московский (Дроздов), святитель. Толкование на Книгу Бытия. Filaret_Moskovskij/tolkovanie-na-knigu-bytij a). და აქ არ არის საჭირო მოტივაცია და იძულება "გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი", რადგან ამ ერთობის ორივე მონაწილე ფაქტიურად და გულწრფელად ჰყვარობენ საკუთარ თავს, რომლებიც სხვაში ცხოვრობენ. გრძნობათა ამ სიმაღლისკენ მოგვიწოდებს ჩვენ მოციქული: "ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს" (ეფეს. 5:28).
 
ცოდვით დაცემით გაყოფილი ორი ნაწილის ერთმანეთისკენ დასაბამიერი ლტოლვის გამოძახილს წარმოადგენს უძლიერესი საბაზისო სქესობრივი ინსტინქტი. ინტიმური შეერთების მოკლე წუთებში ადამიანი თითქოსდა უბრუნდება თავის პირველდაწყებით, სამოთხისეულ მდგომარეობას, და ცდილობს "მიეკროს თავის ცოლს" და გახდეს მისი "ერთხორცი". კვლავ და კვლავ ცდილობს ის განიცადოს ედემში დაკარგული ნეტარი ერთობა თავის დაკარგულ ნაწილთან და თუნდაც მცირე ხნით დაიამოს მარტოობის კაეშნის ეს მუდმივი ტკივილი.
 
ის სტრესი, რომელიც გადაიტანა ორად გახლეჩილმა და ედემიდან განდევნილმა ადამიანმა, ყოველთვის მისი თანმდევი იქნება. ადამიანები შექმნილნი იყვნენ ღმერთთან ნეტარი ერთობისთვის, მოწოდებულნი იყვნენ "ზიარებოდნენ უკვდავ სილამაზეს და მონაწილენი ყოფილიყვნენ ღმრთის საიდუმლო საუბრებისა" (Максим Грек, преподобный. Избранные творения. М.: «Благовест», 2014. С. 10). და, რა თქმა უნდა, ეცხოვრა სრულ ჰარმონიაში "თავის ნახევართან" და მთელ სამყაროსთან ერთად. ამიტომაც არის, რომ დღევანდელი ადამიანი ესოდენი დაჟინებით ილტვის ამ მოღიავებული სიცარიელის შესავსებად, ეძებს ახალ-ახალ განცხრომასა და სიამტკბილობას, რადგან "სიამტკბილობის გარეშე მას (გულს) არსებობა არ შეუძლია" (Игнатий (Брянчанинов), святитель. Аскетические опыты. СПб., 1905. Т IV С. 413 (შემდეგში: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты)). და, საკუთრივაც, ჩვენი სასოება უფლის მიმართ, ლტოლვა ზეციური სასუფევლის ნეტარი მწვერვალებისკენ, არსებითად, ბრწყინვალე ჯილდოს წინასწარ განცდაა და ნუგეშია "ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ" (1 ტიმ. 6:17).
 
მაგრამ ჯერ-ჯერობით, ქვეყანაში, "ღელესა მას გლოვისასა" (ფსალმ. 83:7) მცხოვრები ადამიანი ახალ სიამოვნებათა და შთაბეჭდილებათა უსასრულო და მომქანცველ ძიებაშია. თუმცა, არაფერს შეუძლია მისი ნუგეშისცემა, რამეთუ ამ ქვეყნად არ არსებობს ის, რაზეც ასე ნაღვლობს მისი სული, არამედ არის მხოლოდ "გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა" (1 იოანე 2:16).
 
არარსებულის ძიებაში უფალი გვთავაზობს მხოლოდ ერთ ნაღდ საშუალებას შევაჩეროთ ხორციელი ვნების ეს ცოდვილი რბოლა და ნაღვლიანი სევდა დაკარგულის გამო სხვაგვარად დავირწყულოთ. ეს მოხდება მაშინ, როდესაც გული აღადგენს გაწყვეტილ ცოცხალ კავშირს თავის ზეციერ მამასთან და, შევა რა მასთან ურთიერთობაში, იგემებს ჭეშმარიტ სულიერ სიტკბოებას. "მხოლოდ მაშინ შეძლებს ის დამათრობელი ხორციელი ვნებისგან გათავისუფლებას. ხორციელი სიყვარული ღვთაებრივი სიყვარულით უკუიგდება, და ხორციელი ცეცხლი უსაგნო ცეცხლით" (Прп. Иоанн Лествичник. Слово XV, гл. 3. Цит. по: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. Т. IV. С. 413).
 
მაგრამ ზოგჯერ ჩვენს დროში ვხედავთ, ადამიანის ამ ორი ნაწილის შეერთებისკენ ურთიერთმიზიდულობა როგორი მტანჯველი ვნება ხდება და "ბოროტი ვნება" სრულიად ეუფლება უბედურ ადამიანებს. ამგვარად შეპყრობილი ადამიანი, "მოცულია რა ამ ხორციელი სიყვარულით, ყველაფერს ითმენს, ოღონდ დაუახლოვდეს იმ ადამიანს, ვის მიმართაცა აქვს ლტოლვა ისე, რომ არც საჭმელით კმაყოფილდება და არც სასმელით, არც ძილში აქვს მოსენება და არც სხვა რამ სასიამოვნოსა თუ მანუგეშებელში. და ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ თავისი სული სამუდამოდ წარწყმიდოს ცეცხლის გეენაში" (Феодор Студит, преподобный // Добротолюбие. М., Сретенский монастырь. 2004. Т. 4. С. 136. (შემდეგში: Феодор Студит. Добротолюбие)).
 
როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ საშიშროებას, უკვე ვთქვით: "თუკი შეიყვარებ ღმერთს და მტკიცედ იდგები მის სიყვარულში, ვერავითრი ვნება ვერ მოგერევა და ხორცის ვერანაირი ნდომა ვერაფერს დაგაძალებს" (Симеон Новый Богослов, преподобный. Слова. В 2-х томах. М.: «Правило веры». 2015. Т. 1. С. 506. (შემდეგში: Симеон Новый Богослов. Слова)).
 
ამ რთულ საკითხში ჩვენში სწორად რომ განვალაგოთ სულიერი ორიენტირები, აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სქესობრივი გზით ადამიანთა გამრავლების დღევანდელი მეთოდი "ადამისა და მისი ცოლის" გაყოფის შედეგია. შეერთების ცხოველური ფორმა დასაბამიდან არც კი იყო მოაზრებული" ("ადამიანი არ იყო დაქვემდებარებული თესლისგან ცხოველური დაბადების კანონს: ღმრთის თავდაპირველ ჩანაფიქრში ადამიანის ქორწინებით გამრავლება არ მოიაზრებოდა" (С. Л. Епифанович. Преподобный Максим Исповедник и византийское богословие. Аzbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/maksim-ispovednik), რადგან ეს არის შედეგი იმისა, რომ "ადამიანი მიემსგავსა პირუტყვს და გონიერი ქმნილებიდან პირუტყვად და ღვთაებრივიდან მხეცად გადაიქცა" (Григорий Синаит. Творения. С. 8).
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
ადამი და ევა. მხატვ. ალბრეხტ. დიურერი. 1507 წ.
რენესანსის მხატვარი პირველ ადამიანებს გრძნობით-რეალისტური მანერით გამოხატავს, რადგან არ ძალუძს აჩვენოს ცოდვით დაცემამდე ადამიანის ბუნების პირვანდელი სიფაქიზე და უცოდველობა.
 
 
ღირ. მასქიმე ამის შესახებ სრულიად განსაზღვრულად ბრძანებს: "კაცთა მოდგმის გამრავლება სხეულებრივი შეერთებით კი არ უნდა ხდებოდეს, რომელიც სასჯელია ცოდვით დაცემისთვის, არამედ სასწაულებრივი და ღვთაებრივი სახით, მამაკაცის თესლის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. С. 236).
 
"მაგრამ, შენ იტყვი, როგორ უნდა დაბადებულიყვნენ ათასები? - სვამს კითხვას იოანე ოქროპირი. - მაგრამ მეც გკითხავ: როგორ დაიბადა ადამი? როგორ დაიბადა ევა? ხომ ქორწინების გარეშე? რა თქმა უნდა, შეუძლიათ იკითხონ: ნუთუ ასე უნდა დაბადებულიყვნენ ყველანი? ასე თუ ისე, მე ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ღმერთს არაფერში სჭირდებოდა ქორწინება დედამიწაზე ადამიანთა გასამრავლებლად" (Иоанн Златоуст, святитель. Творения // Беседы на Книгу Бытия. М., 1993. Т. 1. С. 177 (შემდეგში: Иоанн Златоуст. Творения)).
 
მართლაც, ადამიანის განდგომამ ზეციერი მამისგან გამოიწვია ის, რომ ადამიანთა გამრავლების საქმეში ღმერთი აღარ ჩაერია. შემთხვევით როდი ამახვილებს მოციქული პავლე ყურადღებას პრინციპულ მომენტზე, რომ ქორწინება ღმრთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია: " თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში. ვინაიდან როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალისგან, ხოლო ყველაფერი ღვთისაგან არის" (1 კორინთ. 11:12).
 
აი რას ბრძანებს ღირ. მაკარი ეგვიპტელი ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული ერთობის ტრაგიკულ დანაკარგზე: "ჩვენ არ ვამბობთ, რომ ადამიანი სრულიად დაიკარგა, განადგურდა და მოკვდა; ის მოკვდა ღმრთისთვის და უკვე საკუთარი ბუნებით ცოცხლობს" (Макарий Египетский, преподобный. Духовные беседы, послание и слова. М.: «Правило веры». 2013. С. 162).
 
ღმრთისგან განდგომილმა და ცვალებადი, ცხოველური ხორცით, ამ "ტყავის შესამოსელით" შემოსილმა ადამიანმა განაყოფიერების და გამრავლების სახეც ცხოველური მიიღო.
 
იმის შესახებ, რომ ასე როდი ჰქონდა ჩაფიქრებული ღმერთს და კვლავაც, საყოველთაო აღდგომის შემდეგ ასე როდი იქნება, რადგან ადამიანები აღდგებიან თავიანთი პირვანდელი სახით, ბრძანებს თვით უფალი: "საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან" (ლუკა 20:36).
 
და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანები მარტოხელა ზეციური მოხეტიალეები იქნებიან. ისინი კვლავ დაიბრუნებენ ადამის პირვანდელ პატივს და შეძლებენ ღმრთის შეწევნით თავიანთი ნეკნი-დედაკაცის ამოგდებას. ის, რომ პირველი ადამიანი კაცთა მომავალი თაობების პირველსახეა, რომლებიც იცხოვებენ "ახალ ცასა და ახალ მიწაზე" (გამოცხ. 21:1), მოწმობს მოციქული პავლე: "... ადამი ... არის მომავლის ხატი" (რომ. 5:14). და ასევე, "როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც" (1 კორინთ. 15:49).
 
ამის შესახებ ნათლად ბრძანებენ წმიდა მამებიც: "კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობა არის ქალწულება" (Алфавит духовный. Кн. 1. Гл. 7, 8. Цит. по: Игнатий (Брянчанинов). Аскетические опыты. ТIV С. 412). და ამ აზრით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამიწაზე დააბრუნა ხსოვნა, როგორც ცოდვით დაცემის დროს დაკარგული ჩასახვის ბუნებრივი  სახისა, ასევე შვილის შობისა, რომელიც არ ითხოვდა ადამიანის ქალწულების დარღვევას.
 
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: რაში გვჭირდება ეს საკმაოდ უჩვეულო განსჯანი, რომელიც ესოდენ შორსაა ჩვენი დღევანდელი ცხოვრებისგან? ისინი საჭიროა იმისთვის, რათა სრულფასოვნად შევიგნოთ იმ კატასტროფის გრანდიოზულობა, რომელიც ედემში მოხდა, და ჩვენი დღევანდელი "პირუტყვული" ცხოვრების განსხვავების ხარისხი ღმრთის მიერ თავდაპირველად ჩაფიქრებული ცხოვრებისგან. ისინი შესაძლებლობას გვაძლევენ საღად შევხედოთ იმას, თუ როგორი უღირსი და მდაბიო ცხოვრება მოიწყო ადამიანმა, როდესაც ღმრთის გარეშე ცხოვრება ინება, და იგრძნო ათასწლეულების განმავლობაში ყველა მისი ამპარტავნული "მიღწევების" უმწეობა და სისულელე.
 
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ადამიანი, როგორც "ღმრთის ხატება და მსგავსება", შეუძლებელია ბედნიერი იყოს და წარმატებით არსებობდეს მისი პირველხატის გარეშ, რაზეც უფალი ბრძანებს: "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოანე 15:5).
პირველწინაპართა განდევნა სამოთხიდან
ადამი და მისი თანაშემწენი
 
კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ სამყაროს შექმნის პროცესში უფალი, როდესაც მიწიერ არსებებს ქმნიდა, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, რომელიც ნათლად არის დეკლარირებული დაბადების წიგნში: "თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს" (დაბ. 2:18). ანუ ცხოველთა მთელი სამყარო ჩაფიქრებულია, როგორც ადამის შემწეთა ერთი უზარმაზარი არმია, როგორც მისი თანამშრომლები სამყაროს გამშვენებისთვის ყოველი ღმრთითშექმნილის ათვისების შემოქმედებით პროცესში, "მის დასამუშავებლად და დასაცავად" (დაბ. 2:15). თანაშემწეთა ამ არმიის გაჩენას თან სდევდა მათთვის სახელების მიცემა, რაც ყოველთვის წარმოადგენდა ფლობის აქტის სიმბოლოს და უიგივდებოდა ამ სახელის მატარებელზე ძალაუფლების არსებობის უფლებას.
 
ადამიანი შეუდგა თავისი უფლების განხორციელებას "ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1:28), და ამგვარად "ყოველი სულდგმული" ხდებოდა მისი თანაშემწე. სამყაროს ასეთ ბატონად ჩაიფიქრა უფალმა ადამიანი, ჩადო მის არსში ეს ძალაუფლება, "პატრონობა" ქმნილ სამყაროზე: "... რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე,  რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს!" (სოლომონი 9:2). და კიდევ სხვა ადგილას: "გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე; ყოველივე მას დაუმორჩილე. ყველა პირუტყვი - წვრილფეხა და მსხვილფეხა, ასევე ნადირი ველისა; ფრინველი ცისა და თევზი ზღვისა, და წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ" (ფსალმ. 8:7, 9).
ადამი და ევა სამოთხეში
ადამი და ევა სამოთხეში. მხატვ. ლუკა კრანახი უფროსი. 1526 წ.
ტრადიციულად ხალხურ წარმოდგენაში სამოთხის ხე იყო მსხმოიარე ვაშლის ხე. მაგრამ, ენოქის წიგნში მოცემულია დეტალური აღწერა იმისა სინამდვილეში, თუ როგორ გამოიყურებოდა სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხის ნაყოფი.
 
მთელი ქმნილების სწორედ ასეთ მეუფედ ხედავდნენ პირველქმნილ ადამიანს ძველი ღვთისმეტყვეელბიც. ლაპარაკია არა მარტო ქმნილ არსებებზე, რომლებიც ავსებდნენ დედამიწას, არამედ ანგელოზთა სამყაროზეც: "ღმერთმა დსაბამიდან ყოველივე მიწიერის მფლობელად შექმნა ადამიანი, და არა მარტო მიწიერისა, არამედ იმისაც, რაც ცისქვეშეთშია" (Симеон Новый Богослов. Слова. Т. 2. С. 103), ან: ადამიანი იყო ყოველივეს მეუფე, ზეციდან დაწყებული ქვეყანით დამთავრებული" (Макарий Великий. Добротолюбие. С. 151). სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ადამიანი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ამ სამყაროში, ის არის "შუალედი ღმერთსა და მატერიას შორის" (Максим Исповедник. Творения. Кн. 2. Схолия. С. 220).

ჯერ კიდევ სამოციქულო მსახურების დასაწყისში უკვირდა მოციქულ ბარნაბას ამ მეუფების არარსებობა და იკითხვიდა მისი დაბრუნების ვადებთან დაკავშირებით: "ეს ფლობა მხეცებისა, ფრინველებისა და თევზებისა დღეს აღარ არის, მაგრამ ღმერთი მას შეგვპირდა; როდესღა იქნება იგი?" (Послание апостола Варнавы // Писания мужей апостольских. М.: Издательский совет РПЦ. 2008. С. 96).  დაბადების წიგნში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ მას მიენიჭა ანგელოზთა სამყაროს მეუფებაც. ეს უფრო პერსპექტივის ამოცანა იყო, რომლის განხორციელებაში მოციქულ პავლეს ეჭვიც არ ეპარება: ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც? (1 კორინთ. 6:3). აქ, როგორც ჩანს, ლაპარაკია დაცემულ ანგელოზებზე. სწორედ ეს კარგად ესმოდა სატანას, როდესაც ახორციელებდა თავის მზაკვრულ გეგმას, და ცდილობდა ადამიანის დისკრედიტირებას, რათა მომავლის მსაჯული თავის მონად ექცია. "და მთელი ქმნილება გლოვობდა მის სიკვდილსა და დაცემას. რამეთუ ხედავდა ქმნილება, რომ მეფედ დადგენილი ადამიანი სუპოსტატური და მზაკვარი ბნელეთის მონა გახდა" (Макарий Великий. Добротолюбие. С. 154).
 
მტერმა შეძლო თავისი გეგმის განხორციელება, და ცოდვით დაცემის ტრაგედიის შემდეგ ცხოველთა სამყაროს აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანისადმი მორჩილებიდან გამოვიდა. ადამიანის "მეუფება" შეწყდა. უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც ზომით ეს ნდობითი ურთიერთობანი დედამიწაზე კიდევ ნარჩუნდებოდა, რადგან სამყაროში ჯერაც არ დასადგურებულიყო შიში მკვლელობის წინაშე, ჯერაც არ დამდგარიყო ხორცით კვების სახეობის კატასტროფა. როგორც გვახსოვს თავიდან დედამიწის ყველა მცხოვრები, "მიწის ყველა მხეცი, ცის ყველა ფრინველი, ყველა ქვემძრომი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას" ბალახიმჭამელი იო, ღმრთის სიტყვისამებრ: "თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო" (დაბ. 1:29).
ადამი სამოთხეში
"დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს" (დაბ. 2:20)
 ნიკოლოზ ანაპავსასის მონასტრის ფრესკა, მეტეორა, საბერძნეთი

რაც შეეხება ადამიანის კვებას, უფალმა უკურთხა მას სამოთხის ყველა ხის ნაყოფი (დაბ. 2:16). სინოდალურ თარგმანში ეს ასე ჟღერს: "სამოთხის ყოველი ხისგან სჭამე", რაც არცთუ კორექტულია, რადგან ღმრთის სიტყვა ერთგვარ ბრძანებით (სავალდებულო) ხასიათს ატარებს. სინამდვილეში მიცემული იყო ნებართვა, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის ნებას: "ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში" (Библия. Книги Священного Писания канонические. М., РБО. 2011. С. 12). რატომ არის ჩვენთვის ამისი დაზუსტება მნიშვნელოვანი? პირველქმნილი ადამიანი, რომელიც ღმერთთან სრულ ურთიერთობაში ცხოვრობდა, საკვებს არ საჭიროებდა. მას შეეძლო ეგემა სამოთხის ხის ყველა ნაყოფი, მაგრამ შეეძლო ამისგან თავშეკავებაც. ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე ამას არანაირი გავლენა არ ჰქონდა. ადამიანის სხეულის პირველყოფილი უნარის სრულ დემონსტრირებას მოგვიანებით თავის მოწაფეებს უჩვენებს მკვდრეთით აღმდგარი უფალი, როდესაც "მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ" (ლუკა 24:42).
 
ასეთ შემთხვევაში როდის დაირღვა ბალახმჭამელობის კანონი, როგორც წარღვნამდელი სამყაროს კვების საყოველთაო პრინციპი? ღმრთის ეს განკარგულება კადნიერად დაარღვიეს ბუმბერაზებმა, რომელთა შესახებაც ქვემოთ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ. ამ მხეცებმა, თავზარი დასცეს რა მთელ დედამიწას, "შესანსლეს ადამიანთა ყოველი მონაპოვარი, ისე რომ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება. მაშინ ბუმბერაზებმა ხელი მიჰყვეს თვით ადამიანებს, რათა შეეჭამათ ისინი. და შესცოდეს მათ ფრინველთა, ცხოველთა და თევზთა მიმართ, და ყოველივეს მიმართ, რაც კი მოძრაობს, და დაიწყეს მათი ხორცის ჭამა და მათი სისხლის დალევა" (ენოქი 2:12) (აქ და შემდგომ ციტატები აღებულია "ენოქის წიგნიდან", შემდეგი გამოცემის მიხედვით: Видения патриарха Еноха. Мистические апокрифы. М., 2001).
 
ეპისკოპოსმა დიმიტრი როსტოველმა, რომელმაც არც კი უწყოდა ენოქის წიგნის შესახებ, ასე დაწერა: "ქალდეველთა ისტორიას თუ დავუჯერებთ, ღმრთის შვილთა გარყვნილების შემდეგ, როდესაც გამრავლდნენ ბუმბერაზები, მათში, ჯერ კიდევ წარღვნამდე დაიწყო ხორცის ჭამა, და ეს ბუმბერაზები იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ ჭამდნენ ადამიანის ხორცსაც კი" (Димитрий Ростовский, святитель. Летопись. Синопсис. Репринтное изд. М., 1998. С. 133. (შემდეგში: Димитрий Ростовский. Летопись. Синопсис)).
 
უნდა გვესმოდეს, რომ ბუმბერაზების ეპოქამდე ათასი წლით ადრე ხორცის ჭამის ამ ცოდვაში შეიძლებოდა ჩავარდნილიყვნენ ადამიანებიც. ბევრად გვიან, უკვე წარღვნის შემდეგ, მიმართავს რა ნოეს, უფალი მხოლოდ ამ სევდიანი ცვლილების კონსტატირებას ახდენს და ადამიანების კვების ახალ სახოებას ამტკიცებს, რომელიც დედამიწაზე ბუმბერაზების ეპოქამ მოიტანა: "ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ; როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს" (დაბ. 9:3).
 
ამგვარად, უფალი აფიქსირებს ახალ რეალობას, რომლითაც გადაჭრით აშორებს ცოცხალ ქმნილებას ადამიანისგან და აუქმებს არა მარტო უპირობო "მეუფებას" ადამიანისა, არამედ ადრინდელ ნდობით ურთიერთობასაც კი: "თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს" (დაბ. 9:2), "შიშს თქვენს წინაშე და ძრწოლასს შთავბერავ ყველაფერს, რაც კი არის მიწაზე და ზღვაში" (Юбил.6,6).
ადამი და ევა სამოთხეში
"განღმრთობა" და "გაადამიანურება"
 
მიუხედავად ამისა, ადამიანმა შემდეგაც გააგრძელა ცოცხალ ბუნებაზე უშუალო და, ვაი რომ, ტრაგიკული ზემოქმედება: "მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით" (იაკობი 3:7). სწორედ ამ მიზეზით "მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე... ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში" (რომ. 8:22). ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მოციქული აქ ლაპარაკობს "მიშვილებაზე" (ძვ. ქართ.: "თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა" – "აპოკ." რედ.) ანუ ადამიანებისთვის "ღმრთის შვილთა" სტატუსის დაბრუნებამდე", რომელიც მან ედემში ცოდვით დაცემისას დაკარგა. ხოლო როდესაც "ადამიანი კვლავ დაიბრუნებს თავისი ბუნების შესაბამის მდგომარეობას, მაშინ ის ცხოველებიც აღდგენილ იქნებიან თავიანთ პირველდაწყებით მორჩილებაში" (თეოფილე ანტიოოქიელი. Феофил, епископ Антиохийский. Послания к Автолику. М., Русская историко-филологическая школа «Слово», 2000. Гл. 17.).
 
დავძენთ, რომ ამ სტატუსის დაბრუნება კაცობრიობის სულიერი განვითარების შემდგომი ისტორიული პროცესის აუცილებელი პირობაა, რომელიც ქრისტემ გაგვიხსნა და მას "განღმრთობა", ანუ თეოზისი (ბერძნ. Θέωσις) ეწოდება. ახალი კაცობრიობის, "ქრისტე იესუში ახალი ქმნილების" (გალატ. 6:15) მიზანი არის ადამიანის შეერთება ღმერთთან, საღმრთო მადგლის მოქმედებით ადამიანის თანაზიარობა არაქმნილ საღმრთო ცხოვრებასთან. "ადამიანს მომავალ საუკუნეში სრულყოფილს შექმნის განღმრთობის ძალა" (გრიგოლ სინელი. Григорий Синаит. Творения. С. 24). მოხდება შეუერთებელის შეერთება, ანუ, როგორც მაქსიმე აღმსარებელი წერს: "ჯერ არს ქმნილი ბუნების არაქმნილ ბუნებასთან სიყვარულით შეერთება, მისი წარმოჩენა ერთობასა და მადლის მოხვეჭის იგივეობაში" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 140).

ადამიანი თავისი შექმნის დღიდან არის მოწოდებული დაიწყოს მოძრაობა ღმრთისადმი მსგავსების არაჩვეულებრივი მიზნისკენ, რათა გახდეს "მადლისმიერი ღმერთი". მოციქული წერს: "... გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ" (2 პეტრე 1:4). ეს არის ენით გამოუთქმელი სიმაღლე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უსასრულოდ ვიარებოდეთ როგორც საკუთარ თავში სულ ახალი და ახალი შესაძლებლობების შეძენისკენ, ასევე საკუთარი თავის ირგვლივ სამყაროს "ფლობისა" და "დამუშავების" ამოცანის რეალიზაციისკენ. ადამიანისთვის ამ გზის რეალობის, ანუ "საღმრთო ბუნების თანაზიარობის" შესახებ "მადლისმიერი განღმრთობის" მეშვეობით დამაჯერებლად ადასტურებს ორივე მთავარმოციქული. ასე, მაგალითად, მოციქული პეტრე ამბობს, რომ "ღმერთმა ყოველი მადლისა" ყველანი მოგვიხმო "თავისდა სადიდებლად იესუ ქრისტეს მიერ" (1 პეტრე. 5:10). მაშასადამე ღმერთი იწოდება "ღმერთად ყოვლისა მადლისა". თავის მხრივ, მოციქული პავლეც მოწმობს: "ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი" (2 კორინთ. 9:8).

ადამიანებში ამგვარი სულიერი ძალის რეალური აღორძინების შემთხვევაში ღმრთის ყოველი "მოთვინიერებული" ქმნილება გაჰყვება ადამიანებს, ამ "მადლისმიერ ღმერთებს", უსასრულო სრულყოფილების მადლისმიერი ცვლილებების გზაზე.
ადამის შექმნა ღმრთის მიერ
ადამის შექმნა
სიქსტის კაპელის პლაფონის პრესკა. მიქელანჯელო ბუონაროტი. დაახლ. 1511 წ.
 
ამავდროულად შევნიშნავთ, რომ ნათლის ანგელოზებსაც კი არა აქვთ ესოდენ მკაფიოდ გამოკვეთილი დიადი პერსპექტივები და სრულყოფილების ამგვარი ამოუწურავი პოტენციალი, რაზეც მოწმობს მოციქული პავლე: "რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ" (ებრ. 2:5), არამედ ადამიანს. მართალია, ამ მოციქულის მოწაფე, დიონისე არეოპაგელი, რომელიც განსაკუთრებულად იყო განწყობილი ზეციური იერარქიის სამყაროს შესწავლით, უთითებდა, რომ ანგელოზური დასიც მოწოდებულია მაღალი მიზნისკენ "ემსგავსონ საღმრთო სილამაზეს, და ზეგარდმო მოვლენილი ნათლით წარიმართონ შესაძლო ღმრთითმიბაძვისკენ" (Дионисий Ареопагит. Сочинения. Харьков, 2001. С. 112).
 
მაგრამ, მაინც, წმიდა მამები, როდესაც ლაპარაკობენ სულიერი ზრდის პერსპექტივებზე, უპირატესობას ადამიანს ანიჭებენ: "ადამიანი ყველა ქმნილებაზე უძვირფასესია, მეტიც, გავბედავ და ვიტყვი, არა მარტო ხილულ, არამედ უხილავ ქმნილებებზეც, ანუ მომსახურე სულებზე" (მაკარი დიდი. Макарий Великий. Добротолюбие. С. 149). ამიტომაც ცნობილ ბიბლიურ ტექსტში: "ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე" (ფსალმ. 8:6 და ებრ. 2:7) უნდა მივუთითოთ არაკორექტულ თარგმანზე: "ებრაული ტექსტი სიტყვის "ანგელოზებზე" ნაცვლად იყენებს სიტყვას: "ღმერთზე" (ებრ. Ĕlôhĭm), რაც უკეთ გამოხატავს ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის განსაკუთრებულ სიახლოვეს და მის უმაღლეს ღირსებას" (Лопухин А .П. Толковая Библия. https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_76/2).
 
იმის შესახებ, რომ ადამიანის სტატუსის ეს სიმაღლე არ არის გამძაფრებული ანტროპოცენტრიზმის ნაყოფი, მოწმობს მოციქული პავლე. თავის ეპისტოლეში ის ლაპარაკობს ნათელზე "ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი" (2 კორინთ. 4:4), მაგრამ იქვე ნათლად განმარტავს ამოცანას, რომელიც დგას ადამიანების წინაშე: "ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან" (ძვ. ქართ.: "ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულა") (2 კორინთ. 3:18).
 
სახარება განსაზღვრულად მოწმობს მთელი ადამიანური არსების მომავალ რადიკალურ ცვლილებაზე, როდესაც ჩვენ "ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ" (1 კორინთ. 15:49). მაშასადამე, ლაპარაკია წყევლის გაუქმებაზე, რომელიც უფალმა დაადო ადამიანის სხეულის მატერიალურ შემადგენელს ("მიწას"). გავიხსენოთ მკაცრი განაჩენი: "მიწა დაიწყევლოს შენს გამო" (დაბ. 3:17). თუმცა, როდესაც ვლაპარაკობთ სიტყვა "წყევლის" შესახებ, უნდა გავიხსენოთ მარკოზ განშორებულია განმარტება, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ უფალი "არ ექვემდებარება მრისხანების ვნებას, არ იზრახავს შურისძიების ფორმას და ყველაფრის განსჯა განსაზღვრა სულიერი კანონის მიხედვით" (Марк Подвижник , преподобный. Изборник. Минск, 2011. С. 120). სწორედ ამიტომ "განაჩენს, რომელიც ცოდვის ჩადენის გამო დაენიშნა ჩვენს პირველწინაპრებს, არ შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი ფორმულირება: "იმ დღეს როდესაც შესჭამთ, მოგკლავთ თქვენ", არამედ აუწყა მათ სიმართლის სჯული: "რომელ დღესაც შესჭამთ, მოკვდებით" (ძვ. ქართ.: "რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ") (იქვე).
 
ხოლო როდესაც საბოლოოდ შესრულდება "დროის სისავსე" და გაუქმდება ღმრთის ეს განაჩენი, "ჩვენ შევიცვლებით. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება" (1 კორინთ. 15:53). ამგვარად, სიკვდილი, რომელიც ადამიანში შესახლდა ცოდვით დაცემის გამო, განადგურდება, და "როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: "დაინთქა სიკვდილი ძლევით"" (1 კორინით. 15:54).
 
მანამ კი "მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. ... ღვთის შვილობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში" (რომ. 8:22). და ამ ცვლილების ერთ-ერთი და აუცილებელი პირობა გახლავთ ადამიანის "სხეულის გამოსყიდვა", ანუ პირველქმნილი ანგელოზთადარი სხეულის დაბრუნება "განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთით" (კოლას. 2:11).
 
როდესაც იყენებს ცნებას "წინადაცვეთა", მოციქული ხატოვნად სულიერ ცვალებადობაზე მიანიშნებს, რომლისკენაც მოგვიწოდებს მაცხოვარი: "დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა" (მეორე სჯული 10:16), მიგვანიშნებს "გულით წინადაუცვეთელ" (საქმე 7:51) ადამიანთა განკურნებაზე. ეს გზა, რომელიც გაიხსნა "ქრისტესეული წინადაცვეთით", შესაძლებლობას გვაძლევს კვლავ დავუბრუნდეთ ღმრთის იმ "ხატებასა და მსგავსებას", რისთვისაც აუცილებელია "განვიმოსოთ ძველი კაცი, რომელიც გახრწნილია მაცდურ გულისთქმათაგან... და შევიმოსოთ ახალი კაცი, შექმნილი ღვთის ხატად" (ტექსტი დამოწმებულია რუსეთის ბიბლიური საზოგადოების მიერ დაზუსტებული თანამედროვე თარგმანის მიხედვით - ავტ.).
 
წმიდა მამები საკმაოდ ამაღლებული სიტყვებით ეხმიანებიან ღმრთითშექმნილი ადამიანის თავდაპირველ სტატუსს: "ღმერთმა ის წმიდად, უვნებოდ და უცოდველად შექმნა, თავის ხატად და მსგავსად, და ადამიანი მაშინ ზუსტად ემსგავსებოდა ღმერთს, თავის შემოქმედს" (სიმიეონ ახალი ღვთისმეტყველი) (Симеон Новый Богослов. Слова. Т. 1. С. 39). და კიდევ უფრო დეტალურად და ამაღლებულად: "როგორი ცხოვრებით იცხოვრებდნენ, მცნება რომ არ დაერღვიათ, რადგან იყვნენ უკვდავნი, უხრწნელნი, ცოდვისთვის უცხონი, არ იცოდნენ ჭირი, მწუხარება, ზრუნვა და მძიმე შრომა?! და შემდეგ, მცნებათა დაცვაში გაწაფულნი და გულითად განწყობაში განმშვენებულნი, დროთა განმავლობაში, ავიდოდნენ უსრულყოფილეს დიდებაში და, შეცვლილნი მიუახლოვდებოდნენ ღმერთს, თითოეულის სული კი ნათელმოსილი იქნებოდა იმ ნათლის გამო, რომელიც მათზე ღმრთისგან გადმოიღვრებოდა" (იქვე. გვ. 529).
 
დიდია ჩვენი დანაკარგის სიმწარე, მაგრამ უფალი შეგვახსენებს, რომ, მიუხედავად ცოდვით დაცემისა, ადამიანებში მაინც ნარჩუნდება მათი პირველდაწყებითი უმაღლესი რჩეულობა: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6), მართალია, აქვე შეგვახსენებს ადამიანთა ყოფიერების სხვა მხარესაც: "ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით" (ფსალმ. 81:7). გარდა ამისა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ქრისტე მაცხოვრის ღვაწლი ადამიანის სტატუსს კიდევ უფრო მეტ სიმაღლეს ანიჭებს, ვიდრე ის, რაც მიენიჭა ადამს შესაქმისას. იხილეთ ამის შესახებ წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა: "მეორე ადამის სულიერი სხეული შეუდარებლად აღმატებულია პირველი ადამის სხეულისა. ამგვარადვე მთელი ქმნილება საყოველთაო აღდგომის შემდეგ იქნება არა ისეთი, როგორც ის შეიქმნა, არამედ უფრო უნივთო და სულიერი სავანე, რომელიც ყოველგვარ გრძნობას აღემატება" (იქვე. გვ. 247). ამ აზრს იმეორებს წმ. ათანასე დიდიც: "სიტყვა ღმერთმა საკუთარ თავში აღადგინა ეშმაკის ცთუნებისა და ცოდვისთვის მიუწვდომელი ბუნება. ამიტომაც თქვა უფალმა: "მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში" (იოანე 14:30). თუკი ქვეყნის თავადმა ვერაფერი ჰპოვა ქრისტეში თავის საქმეთაგან, მითუმეტეს ქრისტე არც ერთ თავის ქმნილებას არ დაუთმობს ქვეყნის თავადს" (Афанасий Великий, святитель. Творения в 4-х томах. М.: Изд. Валаамского монастыря, 1994. Т. 3. С. 333. (Далее: Афанасий Великий. Творения)).
 
ეს ნათელი შეგნება, მომავალ ცათა სასუფეველში ახალი ადამიანის ადრე წარმოუდგენელი პერსპექტივისა და არაჩვეულებრივი სიმაღლისა, აშკარად აკლიათ სახელგანთქმულ ღვთისმეტყველ მამებსაც. სწორედ ამიტომ ხდება ესოდენ ძნელი მაცხოვრის ნათელი აზრის განმარტება, რომელიც მან იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით თქვა, რომ ღმრთის ამ რჩეულის ყველა ღირსებისდა მიუხედავად, "ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია" (ლუკა 7:28). და ნებისმიერი "უმცირესი" ადამიანი, რომელიც მიაღწევს შეცვლილ მდგომარეობას "მომავალი საუკუნის" ნეტარ ცხოვრებაში, "უმეტესი" იქნება, ვიდრე ამჟამინდელ ცხოვრებაში იყო ეს უდიდესი წინასწარმეტყველი, რომელიც დღესაც "დედისგან შობილთაგან" ყველაზე აღმატებულია.
 
ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ რაოდენ ძნელია ჩვენთვის "მომავალი საუკუნის" ადამიანის ბუნების წარმოდგენა, არსებისა, "ვინც ქრისტეშია" (2 კორინთ. 5:17).
 
ეს რაც შეეხება "განღმრთობას", ადამიანური არსების ღრმა და შინაგან ცვლილებას. ადამიანის პოტენციალთან დაკავშირებით კი, რომელსაც გარე მიმართულება აქვს, უნდა ითქვას, რომ ის თავდაპირველი შინაგანი სულიერი მექანიზმი აბსოლუტური ძალაუფლებისა ცხოველთა სამყაროზე თანამედროვე ადამიანშიც დაცულია და ხელსაყრელი ცვლილებების პირობებში "ადამიანის ბუნებაში" შეიძლება კვლავ გაიშვას. ადამიანი მოწოდებულია ცოცხალი ბუნებისთვის იყოს ის, ვინც ღმერთია ადამიანთათვის. და მიწიერი ქმნილებები ასევე ინახავენ გენეტიკურ ხსოვნას ღმრთის ხატად ქმნილ ადამიანთა მაღალ ღირსებაზე, რომელიც იყო მბრძანებელი ცხოველთა და მცენარეთა ბუნებისა.
 
გარკვეულწილად ის გასაოცარი ედემური ყოფა, რომელიც სავსე იყო ადამიანისადმი ნდობით, რუდიმენტულად შეინარჩუნეს მხოლოდ ე. წ. შინაურმა ცხოველებმა. ყოველმა ადამიანმა იცის ადამიანის ენის გაგების გასაოცარი უნარის შესახებ, რომელიც ადამიანის გვერდით მცხოვრებ ცხოველებში ვლინდება. იუბილეთა წიგნი მოწმობს, რომ ცოდვით დაცემამ ადამიანი ერთი მხრივ ცხოველთა სამყაროსთან ურთიერთობის,  მეორე მხრივ კი ცხოველთა სამყაროს ადამიანთან ურთიერთობის უნარის დეგრადაციამდე მიიყვანა. "და იმ დღეს დაიხშო ყველა ცხოველის ბაგე, პირუტყვისა, და ფრინველისა, და ყოვლისა, ვინც დადის, და ყოველთა, ვინც მოძრაობს, ისე რომ უკვე აღარ შეეძლოთ მეტყველება, რადგან ადრე ისინი ყველანი ერთმანეთთან ერთი პირით და ერთ ენაზე მეტყველებდნენ" (იუბ. 3:33).
 
საკუთრივ ამის შესახებ ნათლად მოწმობს დაბადების წიგნი. თხრობის კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანები სულაც არ მიიჩნევდნენ "მოლაპარაკე გველს" რაიმე სასწაულად. და შესაქმის აღმწერელი, შეუცბუნებლად აღგვიწერს იმ დროს მრავალ მოლაპარაკე ქმნილებათაგან ერთ-ერთს - "გველს", რომელიც  "იყო უგონიერეს უფროჲს ყოველთა მჴეცთა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 3:1) და რომლის პროვოკაციულმა და მოხერხებულმა გასაუბრებებმა "დედაკაცთან" ცოდვით დაცემის დრამა გამოიწვია. სწორედ ამ ცხოველის განსაკუთრებული ბუნებრივი გონიერების გათვალისწინებით, რომელიც, როგორც ჩანს, ყველამ იცოდა, სატანა თავისი პროვოკაციისთვის სწორედ მის სახეს იღებს. ამ ისტორიულ ფაქტს მოგვიანებით კვლავ ადასტურებს თვით უფალი, როდესაც თავის მოწაფეებს ასწავლის და სიბრძნის ნიმუში მოჰყავს: "იყავით გონიერნი, როგორც გველები" (მათე 10:16).
ადამი და ევა სამოთხეში
ადამი და ევა სიკეთისა და ბოროტის შეცნობის ხესთან.
 994 წლის მინიატურა ესკორიალის (ესპანეთი) მონასტრის სამეფო ბიბლიოთეკიდან
 
უნდა აღვნიშნოთ, რომ, ვმსჯელობენ რა ადამიანის პერსპექტივაზე "მომავალ საუკუნეში", ღვთისმეტყველებმა საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბეს სულიერი აღმავლობის ამოცანა, რომელიც მათ წინაშე დგას, და მას "განღმრთობის" გზა უწოდეს. როგორც ჩანს, ახლა შეიძლება ცვლილებათა პროცესის არსის ფორმულირებაც, რომელიც გაშვებულ იქნება ცხოველთა სამყაროში როდესაც მოვა "ახალი ცა და ახალი მიწა" (გამოცხ. 21:1). ჩვენ ამ გზას შეიძლება "გაადამიანურების" გზა ვუწოდოთ.
 
როგორც ადამიანი მოწოდებულია გახდეს "მადლისმიერი ღმერთი", ასევე მთელი ქმნილება, "მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას" (დაბ. 1:30), მოწოდებულია მიჰყვეს ადამიანს "გაადამიანურების" გზაზე, რათა მისი სრულფასოვანი შემწე გახდეს სამყაროს სივრცეების ათვისებაში. სწორედ ასეა, რადგან ადამიანმა "უნდა შეაღწიოს ზეციურ კოსმოსში, იცხოვროს ანგელოზთა ცხოვრებით" (Лосский. Очерк мистического богословия. С. 245). ეს ამოცანა დგას ღმრთის ძეთა წინაშე, იმათ წინაშე, "ვინც ქრისტეშია", ვინც "ახალი ქმნილებაა" (2 კორინთ. 5:17), იმათ წინაშე, ვინც დაიბრუნებს ძალაუფლებას მთელ ქმნილებაზე, თავის დასაბამიერ "მეუფებას" ღმრთის მიერ ქმნილ მთელ სამყაროზე. ამ ძალას მათ მისცემს "სიტყვა ღმრთისა, რომელიც უხვად არწყულებს, როგორც ადამიანებს, ასევე პირუტყვთაც და მცენარეთაც" (ღირ. მაქსიმე აღმსარებელი) (Максим Исповедник. Творения. Кн. 1. С. 247). ეს სიტყვა "ადამიანის მეშვეობით ზემოქმედებს ქმნილი ყოფიერების ყველა დონეზე, "აგონიერებს", აკეთილშობილებს მათ და აცხოვნებს ყოველ ქმნილებას" (იქვე). ეკლესიის აღმოსავლელ მამათა სოტერიოლოგიაში ეს მხარე ყველაზე სრულად ასახულია წმ. ათანასე დიდის სწავლებაში, სადაც განღმრთობა მოიცავს "მთელ კოსმოსსაც" (იქვე. გვ. 337).


ევას ამბოხი
 
მაგრამ, მოდი, დავუბრუნდეთ ედემის ტრაგედიას. უფალმა "მიაწება" ადამიანს მისი მეორე ნახევარი. ამ არსებას, რომელიც შემდეგში დედაკაცად იწოდა, უფლისგან ჰქონდა მხოლოდ ერთი მცნება: ყოფილიყო ადამის შემწე, განუყოფლად ყოფილიყო მასთან და მის ნებასთან სრულ ერთობაში, ანუ ყოფილიყო "მისი ცოლი". მხოლოდ ამ ამოცანის რეალიზაციისთვის გაჩნდა ის ღმრთის ნათელში, და სწორედ ამ განკარგულებით "მიუყვანა ადამს" (დაბ. 2:22) იგი უფალმა.
 
უნდა ვაღიაროთ, რომ ამოცანა სრული მორჩილებით იყო ვინმეს, მათ შორის, როგორც ედემის ისტორია მოწმობს, თვით ღმერთ-სიტყვის დაქვემდებარებაში, საკმაოდ რთული ამოცანაა. მიუხედავად ამისა, ადამს გაუჩნდა თანაშემწე სახელად "ცოლი". სახელ ევას ადამი მას მოგვიანებით შეარქმევს, როდესაც "გაუშვა იგი (კვლავ "იგი" და არა "ისინი" - მ. მ.) უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან" (დაბ. 3:23). ქალი კაცის, ანუ ადამის უშუალო მორჩილებაში იყო, და მხოლოდ მის მიერ შეიცნობდა ის ღმრთის ნებას. "დაინახა რა, რომ ღმერთმა ევა ადამს დამხმარედ შეუქმნა, ეშმაკმა ის დანაშაულსა და მცნების დარღვევაში თანაშემწედ დაიყენა" (პეტრე დამასკელი. Петр Дамаскин. Творения. С. 22).
ევა სამოთხეში
ევას ცდუნება. მხატვ. ჯ. რ. სპენსერ-სტენჰოუპი. 1893 წ. კერძო კოლექცია.
გველი, რომელიც ევას ელაპარაკები, თუმც "ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის", მაინც ჩვეულებრივ ცხოველად რჩებოდა (შესაძლოა, რეპტილიად), რომელშიც დაფარულად მოქმედებდა დაცემული მთავარანგელოზი - სატანა. გველის ადამიანური თავი - მხატვრის თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფია.

სატანამ, ამ "ღმრთისგან განდგომილმა, ბოროტმა და გონიერმა ძალამ" (ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. Симеон Новый Богослов. Слова. Т 2. С. 310), მიიღო გველის, ველურ ცხოველთა შორის "ყველაზე ცბიერის" (დაბ. 3:1) სახე, მივიდა ადამის ცოლთან, მაგრამ, უცებ როდი გაბედა თავს დასხმოდა უფალ ღმერთის ავტორიტეტს და მის მიერ მოცემული მცნებების სამართლიანობას. მაგრამ, რადგან კარგად იცოდა, რომ თვით ცოლს არ ესმინა ღმრთის მიერ ნათქვამი სიტყვები, რადგან მაშინ ის ჯერ კიდევ შექმნილი არ იყო, მაცდურმა მასში ეჭვი შთანერგა სწორად ჰქონდა თუ არა გაგებული მის ქმარს, ადამს, უფლის სიტყვები და უფლის მიერ მოცემული მცნებების სამართლიანობა.
 
სწორად გაიგო მან ყველაფერი? ზუსტად დაიჭირა უფლის მცნებების აზრი და ზედმიწევნით კარგად გადმოსცა თუ არა ის ცოლს, "მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?" (დაბ. 3:1). რა თქმა უნდა, მან (ადამის ცოლმა) იცოდა, რომ მსგავსი საშინელი საკითხების განხილვა, რომლები ეხებოდა ღმრთის მცნებათა "სინამდვილეს", მისთვის, "ცოლისთვის", რომელიღაც ცხოველთან გარჩევა, თან "ქმრის" თანდასწრების გარეშე, არანაირად არ იყო კურთხეული. მაგრამ გველმა უკვე გამოსაცადა მისი თავმოყვარეობა, შეეხო მის სიამაყეს. მართალია, ცოლი თუმც "მეორე ნახევარია" ქმრისა, მაინც ქმრის გარეშეც შემიძლია რაღაც გავარკვიო, მცნებებიც ვიცი და ცოდნასაც ვფლობ. ცოლში ამბოხდა ევა. ადამიანმა ორად დაყოფა დაიწყო.
 
"იხილა დედაკაცმან, რამეთუ კეთილ არს ხე ჭამად და სათნო თვალთათჳს ხილვად და შუენიერ განცდად" (დაბ. 3:6). აი ის, რაც ყველაზე მაცთუნებელი იყო მისთვის, - განცდა, ცოდნა: "შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5). ცოდნა - ეს არის თავისუფლება მარადიული დამოკიდებულებისგან, ეს არის გზის თავისუფლება და ასევე, თავისუფლება ადამის მორჩილებისგან. და საერთოდ, "ცოდნა - ძალაა" (ფრენსის ბეკონი. ტრაქტატიდან "მეცნიერებათა დიადი აღდგენა", 1605 წ.): "და ... მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა" (დაბ. 3:6).
 
ასე მოკვდა პირველი და უკანასკნელი ადამიანი-ორობა და გაჩნდა პირველი ქალი ევა - მთელი დაცემული კაცობრიობის პირველმშობელი, "რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა" (დაბ. 3:20).
ბნელ ძალთა კრება
"დარაჯები" და "კაცთა ასულები"
 
"ოცდამეხუთე იუბილეს" (50x24=1200 წ. - მიტრ. მ.)... ამ იუბილეს ერთ-ერთ წელს უფლის ანგელოზებმა დაინახეს, რომ ისინი (კაცთა ასულები) მშვენიერნი იყვნენ სანახავად" (ასეა იუბილეთა წიგნის მიხედვით), რადგან "იმის შემდეგ, რაც გამრავლდნენ კაცის ძენი, მათ გაუჩნდათ ლამაზი და მომხიბლავი ასულები" (ასეა ენოქის წიგნის მიხედვით). სიტყვა "მომხიბლავი", რომელმაც თანამედროვე სამყაროში მიიღო განსაკუთრებულად მოფერებითი ეპითეტი, სინამდვილეში საკმაოდ ბიწიერია და ნიშნავს: "მოტყუებას", "სიცრუეს", "ცდომილებას", "შეცდენას"  (Дьяченко Григорий, протоиерей. Полный церковно-славянский словарь. М., 1993. С. 486. (Далее: Дьяченко Григорий. Словарь).
 
____________________
 
2. ანგელოზთა დაცემა უკავშირდება იარედის სიცოცხლის პერიოდს: "მამაჩემ იარედის საუკუნეში (460 წ-დან 1422 წ-მდე სამყაროს შექმნიდან)" (ენოქი, 20:13). უფრო ზუსტად 1200-1250 წწ.).
 
3. ეს მოვლენა მკაფიოდ არის დემონსტრირებული ჯ. რ. რ. ტოლკიენის რომანში "ბეჭდების მბრძანებელი" ყოფილი ხობიტის გოლუმის მაგალითზე, რომელმაც წამოიძახა: "ჩემო მომხიბლავო!"
 
____________________
 
სწორედ ასეთი მომხიბლავ-მაცდური იყო "კაცთა ასულების", ამ წარღვნამდელ "ქალღმერთთა" გარეგნული სილამაზე. "რადგან მზაკვარნი არიან ქალები და, არა აქვთ რა ძალაუფლება ქმრებზე, მზაკვრულად მანიპულირებენ თავიანთი სილამაზით, რათა მიიზიდონ იგი". - გვაფრთხილებს ერთ-ერთი ძველაღთქმისეული პატრიარქი, მოუწოდებს რა ქმრების სიფხიზლისკენ, - "მოითხოვეთ თქვენი ცოლებისგან და თქვენი ქალიშვილებისგან, რათა არ დაიმშვენონ თავი და სახე თქვენი აზრების საცთუნებლად" (Заветы двенадцати патриархов. Завет Рувима / Ветхозаветные апокрифы. М. – СПб., 2000. С. 160).
 
ამრიგად, სამყაროს შექმნიდან მეორე ათასწლეულს კაცობრიობის ისტორიაში მოხდა განსაკუთრებული მოვლენა: უფალმა დედამიწაზე წარაგზავნა მთავარანგელოზები, "ღმრთის შვილები" (დაბ. 6:2) – "ისინი, ვისაც დარაჯები ეწოდათ და, რომლებსაც უნდა დაემოძღვრათ ადამიანთა შვილები, რათა სამართლიანი მსჯავრი დაემკვიდრებინათ დედამიწაზე" (Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 24). "დარაჯები", ანუ "მღვიძარენი" (ἐγρήγοροι), - უმაღლესი მთავარანგელოზური დასი იყო.
 
უნდა შევნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, თვით "დარაჯების" ამ ინსტიტუტის არსებობა ბიბლიის თარგმნის სინოდალურ თარგმანში მეტად მიჩქმალულია. ასე, მაგალითად, დანიელის წინასწარმეტყველების წიგნში მეფე ბალთასარი ხედავს წმიდა დარაჯს, რომელიც მასთან ციდან გადმოდის. საკუთრივ, აი ასე ჟღერს სიტყვასიტყვითი თარგმანი სეპტუაგინტიდან:  "ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა" (დანიელი 4:10). ასეა ეს საეკლესიო სლავურ თარგმანშიც, რომელიც იცავს თავდაპირველ აზრს: "во сне нощию на ложи моем, и се, бодрый и святый от небесе сниде и возгласи крепце". ამ დროს, სინოდალური თარგმანი, მთავრული ასოების გამოყენებით: "нисшел с небес Бодрствующий и Святый", ტექსტის აზრს აბუნდოვანებს მრისხანე დარაჯის, როგორც "მღვიძარე" მთავარანგელოზის გადმოსვლით და მკითხველს სთავაზობს აზრს, რომ უკეთურ მეფესთან ჩამოვიდა ლამის თვით უფალი (ამაზე მიანიშნებს მთავრული ასოები - "აპოკ." რედ.).
ადამის და ევას ცდუნება
ცოდვით დაცემა და განდევნა. მხატვ. მიქელანჯელო ბუონაროტი. სიქსტის კაპელის პლაფონის მოხატულობის ფრაგმენტი, 1510 წ. მხატვრების სურვილი გველის მიანიჭონ ამაზრზენი ანტროპომოფრული სახე ეწინააღმდეგება ბიბლიას. ევა არ შევიდოდა დიალოგში მსგავს მონსტრთან. სწორედ იმიტომ შევიდა ევას საცთუნებლად "ველურ ცხოველთაგან" ერთ-ერთში სატანა, რომ მაშინ მათთან ყოველდღიურად საუბრობდნენ ადამიანები.
 
 
ამავე სახელით ("მღვიძარენი" ან "უძინარნი") დარაჯები იხსენიებიან იერემიას გოდებაშიც: " შეიძრნეს მღჳძარენი..." (გოდება 4:14). ბერძნულსა და სეპტუაგინტაში მკაფიოდ წერია: «σαλεύθησαν ἐγρήγοροι αὐτῆς». გაუგებარია, მიზეზით სინოდალურ თარგმანში რა მიზეზით ეშინიათ ასე მოიხსენიონ "დარაჯები" და "ἐγρήγοροι"-ის ნაცვლად, რაც ნიშნავს "მღვიძარეს", "უძინარს", მის საწინააღმდეგოს წერენ: "ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები". იგივე შიში ვლინდება თანამედროვე რუსულ (და ქართულ - "აპოკ." რედ.) თარგმანშიც: "ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები".
 
ყველა ამ მაგალითში, ისევე როგორც სხვა მრავალშიც, შეიმჩნევა ნამდვილი ბიბლიური სულის პროტესტანტული გამოცალიერება და ანგელოზთა საკრალური სამყაროს მედიდური მიუღებლობა, რაც, სამწუხაროდ, შეეხო რუსულ ღვთისმეტყველებასაც, რომელიც აშკარად არის ასახული სინოდალურ თარგმანში. ასე, მაგალითად, სეკლესიო სლავური თარგმანი მოწმობს: «Яко велий Господь и хвален зело, страшен есть над всеми боги. Яко вси бози язык бесове» (Пс. 95,5). (ძვ. ქართ.: "რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;  რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95:5). ანუ წარმართთა ყველა ღმერთი ეშმაკია, დაცემული ანგელოზია, დემონია. მაგრამ სინოდალური თარგმანი ცდილობს არ შეეხოს დაცემულ ანგელოზებთან დაკავშირებულ "ზღაპრულ" ისტორიას და ასე თარგმნის: «Ибо все боги на­родов - идолы» (Пс.95,5). "რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია" (ფსალმ. 95:5) (სამწუხაროდ, ზუსტად რუსულ-სინოდალურ თარგმანს მისდევს ახალქართული თარგმანიც. იხ. ბიბლია...  https://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-95.htm. მაგრამ, "კერპები", როგორც სხვა ადგილას მოწმობს ბერძნულის მუხლობრივი თარგმანი, არის "ქანდაკება" (ფსალმ. 96:7), "ხელით გამოჭრილი გამოსახულება", და არა დაცემული ანგელოზები ან მთავარანგელოზები.
 
მაგრამ, მოდი, კვლავ "დარაჯთა" მსახურებას დავუბრუნდეთ. პირველ დროს, როდესაც ეს მთავარანგელოზები დედამიწაზე ჩამოვიდნენ და თავიანთ მსახურებას შეუდგნენ, ყველაფერი მშვენივრად იყო: "ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს" (ბარ. 3:35). იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ბიბლიურ ტრადიციაში "ვარსკვლავები" უმეტესწილად "მთავარანგელოზთა" სინონიმად გამოიყენება, დარაჯთა მაღალი დასის გამო. "დარაჯთა" ეს მაღალი სტატუსი მთავარანგელოზებს უფალმა მიანიჭა, რადგან, წმიდა წერილის თანახმად, ის თვითონ არის უმთავრესი დარაჯი: "თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს ამ ადგილს და იცავს მას" (2 მაკაბ. 3:39). მართალი იობი ასეც მიმართავს უფალს: " თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?" (იობი 7:20). ესაიაც ასე ადასტურებს: " რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან" (ესაია 52:12) (რუს. თარგმ.: "Господь и Бог Израилев будет стражем позади вас" (Ис.52,12). მაგრამ, ვაი რომ ანგელოზთა ეს უმაღლესი წოდება "დარაჯები" მალე სრულიად გაიქელა.
 
ევას ქალიშვილებმა მოხიბვლის მზაკვრულ ხელოვნებაში "ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბეს", და მათ თვით ამ წინამძღოლთა, ანუ "დარაჯთა" მოხიბლვა შეძლეს. ეს შესაძლებელი გახდა ამ "ღმერთქალთა" განსაკუთრებული მაცდური ძალის წყალობით, "რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა" (ზირ. 42:13).
 
წმ. ბასილი დიდის თქმით, ასეთი "კაცის ასული" "სრულიად სიძვით სუნთქავს, ის ცნობისმოყვარე მზერით იყურება, გულის მოურიდებლობა მზერაში აისახება, იღიმის, თვალებით სიძვისკენ გიწვევს, თვალებიდან რაღაც გამხრწნელი შხამი იღვრება - რაღაც იმის მსგავსი, რასაც ბასილისკოსზე ყვებიან, რომელიც ერთი თვალის შევლებით კლავს იმას, ვისაც კი შეხედავს" (Василий Великий, святитель. Толкование на книгу пророка Исайи. М., 2002. С. 149).
დარაჯი მთავარანგელოზები
დარაჯები. სამოთხიდან განდევნა. მხატვ. ჯეიმს ტისო. 1900. სურათზე ჯერ კიდევ წმინდა დარაჯი-მთავარანგელოზია გამოსახული. "ჩამოვიდნენ დედამიწაზე უფლის ანგელოზები, რომლებიც დარაჯებად იწოდებოდნენ, რათა კაცთა ძეთათვის ესწავლებინათ სიმართლე და სამართლიანობა დედამიწაზე" (იუბ. 4).
 
 
ამ "გამხრწნელი შხამის", ამ მაგიური მრუში ჯადოების წყარო ცნობილია - ეს იგივე "დასაბამიერი გველია, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური" (გამოცხ. 12:9). და ენოქის წიგნი პირდაპირ უთითებს, რომ ამ "დარაჯმა-ანგელოზებმა", ან "აზაზელის რაზმმა", "დატოვეს ზეცა, წმიდა და მარადიული ადგილები, გაირყვნენ ქალებთან, და ჩაიძირნენ დედამიწაზე უდიდეს გარყვნილებაში". მეძავების მიერ ცდუნებულნი, "ისინი დაემორჩილნენ სატანას და დედამიწის ყოველი მკვიდრი აცდუნეს" (ენოქი 8:64).
 
"თვალებში ცეცხლი უელავს კაენის ყველა ქალიშვილს,
 
მათ წინაშე მუხლს იყრიან ბუმბერაზები"
 
(იოსტ ვან დენ ვონდელი. Вондел, Йост ван ден. Трагедии. М., 1988. С. 195).
 
"ამრიგად, მათ წარღვნამდე აცდუნეს დარაჯები; რადგან მათ, დარაჯებს, მუდმივად ხედავდნენ რა ამ ქალებს, მათდამი აღეძრათ სურვილი და აზრში ეს საქმე გაიელვეს" (Заветы двенадцати патриархов. Завет Рувима / Ветхозаветные апокрифы. М., СПб., 2000. С. 161). "ცის შვილებმა ისურვეს ისინი, და ერთმანეთს უთხრეს: "მოდი ავირჩიოთ კაცთა ასულებს შორის ცოლები და გავაჩინოთ შვილები" (ენოქი 2:2). "და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ. 6:2). "და შედიოდნენ მათთან და აღერეოდნენ მათ, ასწავლიდნენ მისნობას და შეფუცვებს, და გაუხსნეს მათ ფესვთა და ხეთა დამყნობა" (ენოქი 2:8). ამგვარად "კაცთა ასულებმა მოიპვეს საიდუმლო ცოდნა, და გახდნენ დედამიწაზე პირველი "მცოდნენი"...
დარაჯი მთავარანგელოზები
"ღმერთი" ბორეასი და ორითია, მიწიერი მეფის ერეხთევსის ქალიშვილი. მხატვ. ეველინ დე მორგანი. 1896 წ. ეროვნული გალერეა, ლონდონი. მთელი მსოფლიოს მხატვრულ ნაწარმოებებში "ღმრთის შვილთა (დაცემულ ანგელოზთა) შესვლას კაცთა ასულებთან" (დაბ. 6:4) ყოველთვის აქვს ამაღლებულ-რომანტიკული სტილი და მაყურებლის სიმპათიას იწვევს.
 
 
"დარაჯებმა", რომლებმაც ზეცა მიწაზე გაცვალეს თავიანთ შეყვარებულებს ამცნეს ქალური ცდუნების ახალი საიდუმლოებები. როგორც ენოქის წიგნი მოწმობს, დაცემულმა მთავარანგელოზებმა თავიანთ რჩეულებს ასწავლეს, თუ როგორ გამოეყენებინათ "სამაჯურები, სამკაულები, საცხებ-საოლავი ნივთიერებები, როგორ მოეხატათ წარბ-წამწამები, ასწავლეს მათ ბრწყინვალე ქვებით თავის მორთვა, და ასევე ყოველგვარი ფერადი მატერიებითა და ძვირფასი მეტალებით მოკაზმულობა" (ენოქი 2:14).
 
ბევრად გვიან, უკვე წარღვნისშემდგომ პერიოდში, წინასწარმეტყველი ისაია, როგორც ჭეშმარიტად უფლის ახალი "დარაჯი", მრისხანედ ამხელს დაცემულ ანგელოზთა ამგვარ ბეჯით მოსწავლეებს, ოღონდ უკვე "სიონის ასულებს", რომლებიც " მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!" (ესაია 3:9).
 
ცდუნების დემონური ხელოვნების ამგვარი მსახურებისთვის უფალი მკაცრად მოჰკითხავს ყოველს "კაცთა ასულთაგან"

____________________
 
4. ისლამი ამ პრობლემას, როგორც ყოველთვის, წყვეტს რადიკალურად, აწესებს რა ქალთა შესამოსელის მკაცრ კანონს: "უთხარი მორწმუნე ქალებს, რათა თვალები დახარონ და დაიცვან თავიანთი ინტიმური ორგანოები. დაე ნუ გამოაჩენენ სხვების დასანახად თავიანთ მშვენებას, და თავი დაიფარონ თავსაფარით, ნურავის აჩვენებენ თავიანთ სილამაზეს, საკუთარი ქმრების გარდა..." (ყურანის ოცდამეოთხე სურა. 31).
 
____________________
 
"იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს, მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს, სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს. სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი" (ესაია 3:18-23).
ჯადოქრების შაბაში
ჯადოქრები ემზადებიან შაბაშისთვის. მხატვ. გ. ბალდუნგი (გრინი). გრავიურა ხეზე. XV ს.
 
 
აქ წმიდა წერილი ეხება ქალური თვითშეგნებისა და ცხოვრებისეული მოცემულობების ღრმა შინაგან პრობლემას. ყოველ "ევაში" ცოდვით დაცემის შემდეგ დაუცხრომლად მოქმედებს ღმრთის განაჩენის ძალა: "ქმრისკენ გექნება ლტოლვა" (დაბ. 3:16). რადგან ყველაფერი, რასაც კი უფალი ბრძანებს, დაუყოვნებლივ იძენს ულმობელი კანონის ძალას. ამიტომაც ქალის მთელი ნატურა დაქვემდებარებულია ღმრთის ამ განკარგულებას, მამაკაცის ყურადღების მიპყრობის სტრატეგიული ამოცანის განხორციელებას. სამწუხაროდ, მისი გადაწყვეტის გზაზე ქალი ხშირად კარგავს სიბრძნეს და ოჯახის შესაქმნელად მამაკაცის ყურადღების მიპყრობის ხერხებს სიძვა-მრუშობის პროვოცირების ხერხებისგან ვეღარ არჩევს.
 
სწორედ კაცთადმი მიდგომის ამგვარი განსხვავებისკენ მოუწოდებს ქრისტიან ქალებს მოციქული პეტრე: "გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე" (1 პეტრე 3:4). შემდეგში ქრისტიანობის წმიდა მამები კიდევ არაერთხელ დაუბრუნდნენ ამ თემას: "მოსურვება ხელოვნური მორთულობებით  თავის მოწონებისა შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ წახდენილი და გარყვნილი გულისგან. ცნობილია, თუ როგორ სატყუარად და მახედ ექმნებიან ამგვარი მორთულობები ადამიანებს და მათ აკრძალული სიამტკბილობისკენ უბიძგებენ. რატომ აღანთებთ ესოდენ დანაშაულებრივ მხურვალებას?" (Творения Тертуллиана, христианского писателя. Часть вторая / Пер. Е.В. Карнеева. СПб.: Тип. Е. Фишера, 1847. С. 175).
 
მაგრამ ეს დარიგებები მოცემული იქნება მოგვიანებით, ჭეშმარიტი რწმენის დადგომისთანავე, ხოლო იმ წარღვნამდელ დროებაში ევას მიმდევრები, აგრძელებდნენ რა თავიანთი პირველბებიის "ამბოხს", თამამად უყრიდნენ საფუძველს ადამიანური საზოგადოების იმ უცნაურ მდგომარეობას, რომლებიც შემდეგ სამეცნიერო სამყაროში სახელდებულ იქნება მატრიარქატად
 
____________________
 
5. "მამაკაცები მიიჩნეოდნენ ამაზრზენ სქესად" (რობერტ გრეივსი. ძველი საბერძნეთის მითები. Роберт Грейвс. Мифы Древней Греции. М., 1992. С. 22). თანამედროვე მეცნიერება, რომელიც მზად არ არის მიიღოს ქალთა ბატონობის ამ ფენომენის მიზეზები, ყველაფერს მიაწერს თქმულებას ამაზონ ქალებზე, ანუ ქალ-დამპყრობლებზე.
 
____________________
 
არ მიუღიათ რა შემოქმედისგან უფლება საღმრთო გამოცხადების დამოუკიდებელ ცოდნაზე, "კაცთა ასულებმა" გადალახეს ეს მომენტი, ანუ "დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნის მიხედვით", როგორც მოგვიანებით მას უწოდებენ, და აქტიურად ივაჭრეს რა თავიანთი სხეულებრივი მშვენიერობებით, დაცემულ ანგელოზებს ზეციური საიდუმლოებები გამოსტყუეს. "და შევიდნენ დარაჯები კაცთა ასულებთან და დაწვნენ მათთან, ამ ქალებთან, და შეიბილწნენ, რითაც გაუხსნეს მათ ეს ცოდვები. ასწავლეს ყოველგვარი სიბინძურე დედამიწაზე და სამყაროს ზეციური საიდუმლოებები გაუმჟღავნეს. ასწავლეს მათ შეფუცვებიც. ქალებმა კი შვეს ბუმბერაზები, და ამით მთელი დედამიწა სისხლითა და უკეთურებით აივსო" (ენოქი 2:24; 27).
მღვიძარენი
"დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა" (დაბ.6,2).
ავტორი . ჩესტერი. 1923 . კორკორანის ხელოვნებათა გალერეა. ვაშინგტონი.
 
 
ცდუნებული "ღმრთის შვილები", უმაღლესი "ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე" (იუდ. 1:6), ისინი, "რომლებმაც დაუტევეს ზეცა და წმიდა ადგილები და ქალებთან შეიბილწნენ" (ენოქი 3:4), უხვად უნაწილებდნენ თავიანთ შეყვარებულებს მორიგ "აკრძალულ ხილს". განსაკუთრებული მონდომებით ამ დარაჯთა წინამძღოლები გამოირჩეოდნენ (6), რომლებიც მიწიერ მეძავებს სამყაროს აგებულების საიდუმლო მექანიზმებს განუმარტავდნენ, ასწავლიდნენ მაგიურ შეფუცვებს და შეფუცვების გახსნის მეთოდებს, ნიშანთა ცნობას და ვარსკვლავთა კანონების დაკვირვებას, მთვარისა და სხვა მნათობების მოძრაობის კანონებს, და ყოველივეს, რაც საიდუმლო და დაფარული ცოდნის სფეროში შედის, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოკულტიზმს ასწავლიდნენ.
 
____________________
 
6. ენოქის წიგნის მიხედვით სულ ცნობილია ოცდაერთი ასეთი წინამძღოლის სახელი, თუმცა მათი რაოდენობა ოცდაექვსი უნდა იყოს. რადგან მათი რაოდენობა ორასი იყო, "ეს არის სახელები ასეულთა, ორმოცდაათეულთა და ათეულთა მეთაურებისა და წინამძღოლებისა" (ენოქი. 11:38).
 
____________________
 
ასე, მაგალითად, ამ დარაჯთა ერთ-ერთმა მეთაურმა, სახელად კაშდეამ, ადამიანებს წახდენისა ("გათვალვის") და სიკვდილზე შეფუცვის ხელოვნება ასწავლა: "აჩვენა სულთა და დემონთა ყველაზე ბოროტი დარტყმები, რომელიც შეიძლება მიაყენო დედის საშოს, რათა მოშალო იგი, დარტყმები სულში, "გველის" კბენები, დარტყმები, რომლებსაც აყენებენ შუადღით - "გველის შვილისგან", სახელად ტაბაეთი" (ენოქი 11:47).
 
____________________
 
7. გავიხსენოთ ძველი აღთქმა: "არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა" (ფსალმ. 90:6).
 
____________________
 
დედამიწაზე გამეფდა განუყოფელი წარმართობა, ამ დაცემულ დემონთა თაყვანისცემა "ღმერთების" სახით, მათთან ერთობა, გაიფურჩქნა მაგია და ჯადოქრობა. ადამიანი აგრძელებდა "ღმრთის სულის უგულებელყოფას" (შეად. დაბ. 6:3) და უგუნური შემართებით ცდილობდა შემოქმედის გვერდის ავლით სამყაროს საიდუმლოებებში წვდომას.
 
იმის შემდეგ, რაც ღმრთის მრისხანება გადმოიღვრება წარღვნის სახით, წარღვნის შემდგომ ისტორიაში, დედამიწაზე ერთგული "დარაჯების" როლს მთავარანგელოზი მიქაელი და მისი მხედრობა აიღებენ, რომლებიც არიან სამყაროს დარაჯები და ადამიანთა შემწენი. მათ უბოძეს ადამიანებს სჯული და განაბრძვნეს წინასწარმეტყველები" (პაპიას იერაპოლელი. Папий Иеропольский. Из Толкования на Апокалипсис свт. Андрея Кесарийского / Пер. Лурье В.М. Цит. по: Писания мужей апостольских. М.: Издательский совет РПЦ. 2008. С. 462). ისევე როგორც უფლის მიერ მოწოდებული და გაბრძნობილი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები აიღებენ ღვთით რჩეული ერის დარაჯების ფუნქციას: "მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს" (იერ. 6:17). მცველის მსახურებაში დაწესდა ეზეკიელ წინასწარმეტყველიც: "ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ" (ეზეკ. 3:17).
ბუმბერაზები
"ღმერთები" და "ნახევრადღმერთები"
   
ედემიდან განდევნის შემდეგ ღმრთის მადლი ჯერაც დავანებული იყო კაცთა მოდგმაზე, რომელიც, თავის მხრივ, უსირცხვილოდ და ქარაფშუტულად უგულებელყოფდა მას. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ წარღვნამდელი ადამიანების, "კაც-ღმერთების" სხეულები, მნიშვნელოვნად უნდა განსხვავებულიყვნენ მოგვიანებით დაბადებული კაცობრიობის სხეულებისგან. გოლიათური ძალა, ტალანტები და სიცოცხლის თითქმის ათასწლოვანი ხანგრძლივობა - ყველაფერი თითქოსდა შეესაბამებოდა მზაკვარი მაცდურის დაპირებებს: "შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" (დაბ. 3:5). და სატანის ეს "მამობრივი მზრუნველობა" კაცთა მოდგმაზე არასოდეს შეწყვეტილა. მზაკვარის ამ დაუღალავი მცდელობების მიზანი არ იცვლება: დაამახინჯოს ღმრთის ჩანაფიქრი ადამიანზე, არ მისცეს ადამიანს, როგორც სამყაროს მეუფის ედემში დაკარგული ღირსების დაბრუნების შესაძლებლობა.
 
როგორც ზემოთ ვწერდით, სამყაროს შექმნიდან სადღაც 1200 წლის შემდეგ (8) დედამიწაზე ბნელეთის თავადის ხელმძღვანელობით დაიწყო არნახული უსჯულოება: დაირღვა და გაიქელა სამყაროთა - ხილულისა და უხილავის - გაყოფის ურყევი კანონი. დაიწყო ადამიანთა და ანგელოზთა მრუში აღრევის პერიოდი.
 
______________
 
8. "ოცდამეხუთე იუბილეს (50 х 24 = 1200 წელი) ნოემ ცოლი შეირთო... ამ იუბილეს ერთ-ერთ წელიწადს უფლის ანგელოზებმა იხილეს, რომ ისინი (კაცთა ასულები) სახით მშვენიერნი იყვნენ; და აიყვანეს ისინი ცოლებად; და კაცთა ასულებმაც უშვეს მათ შვილები, რომლებიც ბუმბერაზები გახდნენ" (იუბილ.4 ,5). Ветхозаветные апокрифы. М., 2001).
 
______________
 
 
დადგა გოლიათებისა და სხვა ამაზრზენი მონსტრების პერიოდი, და ეს უსჯულოება გრძელდებოდა წარღვნამდე, რომელიც დადგა 1656 წელს. მრავლდებოდნენ მუტანტები - დაცემულ ანგელოზ-დარაჯთა და ადამიანთა ნაშობები. ყველა ხალხის გადმოცემებში არსებობს თქმულებები ამ ჰიბრიდების შესახებ, სადაც ისინი მოიხსენიებიან, როგორც "ნახევრადღმერთები" (ასეთი თქმულებები არსებობს საქართველოშიც. ამასთან დაკავშირებით იხ. ჩვენი პუბლიკაცია: ინკუბუსები და სუკკუბუსები ქართულ გადმოცემებში. მემორატული და ფაბულატური მითოლოგიური გადმოცემები ქართულ, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში).
 
ყოველივე ამის შედეგად მკვეთრად დამახინჯდა ღმრთის ხატება და მსგავსება ადამიანში - ადამიანური ცივილიზაცია ჩიხში მოექცა. ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, წარღვნის უწინარეს უფალმა ბოლოს და ბოლოს წარმოთქვა დამსახურებული და მკაცრი საღმრთო განსაზღვრება: "არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი" (დაბ. 6:3).
 
ნოე, რომელიც ჯერ კიდევ ამ განაჩენის გამოცხადებამდე დაიბადა, 950 წელი იცხოვრა, ისევე როგორც მისმა უახლოესმა წინაპრებმა. ყველა მათგანი ჯერაც ფლობდა წარღვნამდელ მაცოცხლებელ ძალად და გააჩნდათ სიცოცხლის შთამბეჭდავი ხანგრძლივობა. თვით ნოეს ძემ, სემმა იცხოვრა 600 წელი. იმავდროულად ეს ძალა გარდაუვალად ქვრებოდა: აბრაამის მამის თარას სიცოცხლის ხანი "იყო ორას ხუთი წელი" (დაბ. 11:32), აბრაამმა იცხოვრა 175 წელი, იაკობმა - 147, მოსემ - 120 წელი, დავითმა - 70 წელი, ხოლო სოლომონმა მხოლოდ 52 წელი.
 
დეგრადაციის ყველა ეს ნიშანი წარმოადგენდა შედეგს იმისა, რომ ადამიანები გახდნენ ხორციელნი (იხ. დაბ. 6:3). უფალი საბოლოოდ ამკვიდრებდა ადამიანს მის ახალ "ღირსებაში", რომელშიც აღმატებული იყო ხორცი. "ღმერთები" უბრალო მოკვდავებად იქცნენ. ამგვარად მართალი ნოე და მისი შვილები გახდნენ ადამის შთამომავლობის უკანასკნელი "ღმერთები", რომლებმაც გადაიტანეს წარღვნა.
 
საღმრთო განსაზღვრების შესაბამისად მცირდებოდა ადამიანთა მაცოცხლებელი ძალაც, და მათ სხეულთა ზომებიც. ამაშია შეკითხვის არსი, რომელიც უფლის ანგელოზმა მისცა იუდეველ მღვდელმსახურ ეზრას: "რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო?" (3 ეზრა. 5:52).
 
უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანებში ამ პირველყოფილი, ჯერ კიდევ ედემიდან მომავალი მაცოცხლებელი ძალის დაკარგვა წარმოადგენდა იმ გადამწყვეტ წინაღობას, რამაც ასევე მიიყვანა წარღვნის შემდგომი კაცობრიობა ანგელოზთაგან დაფეხმძიმების შესაძლებლობისა და წარღვნამდელი მონსტრ-ნახევრადღმერთების შობის დაკარგვამდე. გარდა ღმრთის მკაცრი სასჯელისა, რომელიც გამოყენებულ იქნა დაცემულ დარაჯ-ანგელოზთადმი, რომლებიც "შეკრულ და ჩაყრილ იქნენ ცეცხლოვან უფსკრულში სატანჯველად" (ენოქი 2:43), ეს აგრეთვე იყო სერიოზული გაფრთხილება, და ასეთი მაღალი რანგის ანგელოზები მსგავს დანაშაულებში უკვე შემჩნეულნი აღარ ყოფილან.
დარაჯ-ანგელოზები
8. ვინც ზეცა გაცვალა
 
ენოქის წიგნი - გასაოცარი მოწმობაა კაცობრიობის ისტორიის იმ უძველეს და ჭეშმარიტად საბედისწერო მოვლენების შესახებ, როდესაც, წმ. ათანასე დიდის თქმით, "ადამიანები თავიანთ შეცოდებებში არ გაჩერდნენ ცნობილ საზღვრებში, არამედ უფრო შორს გაიჭრნენ და სრულიად გაქელეს ყოველგვარი საზღვრები" (Афанасий Великий. Творения. Т. 1. С. 198). "ყოველგვარი საზღვრის" გაქელვამ - სქესობრივმა კავშირმა ანგელოზურ და ადამიანურ სამყაროს შორის - ზღვარი დაუდო ღმრთის მოთმინებას, და ყველაფერი კაცთა მოდგმის წარღვნით დასრულდა. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი პირდაპირ ასახელებს ამ კატასტროფის დამნაშავეებს: "ბუმბერაზებს, რომელთა ბოროტმოქმედების გამო იქნა გარდამოწვეული წარღვნა დედამიწის განსაწმენდად" (Григорий Богослов. Избранные творения. С. 162).
 
უნდა ვივარაუდოთ, რომ ადამიანთადმი დარაჯ-ანგელოზთა ამგვარ კადნიერ სითამამეს საფუძველი დაუდო ადრე, დაცემული მთავარანგელოზის - ყოფილი უდიდესი დარაჯის, მთიების - სატანის დაცემამ. ამასთან თვით ადამიანთა დაცემის ფაქტმა კაცთა მოდგმის ეს მტერი ბოროტი ძალის როლში ააღზევა, რომელიც ახორციელებდა საღმრთო სასჯელს. "ადამის დაცემის დროიდან ეშმაკმა მიიღო ერთგვარი ორმაგი ძალაუფლება და კადნიერება ემოქმედა ადამიანის ბუნებაზე" (Симеон Новый Богослов. Слова. Т 1. С. 511).
იუნონა და იუპიტერი
რენესანსის ეპოქამ სრული სტიმული მისცა ევროპის კულტურას გამოეჩინა აშკარად ავადმყოფური, არაჯანსაღი ინტერესი დაცემული ანგელოზებისა და "კაცთა ასულების" მრუში თანაცხოვრებისადმი. შოტლანდიელი მხატვრის გ. ჰამილტონის (1753 წ.) ტილოზე დაცემული ანგელოზი იუპიტერი აცთუნებს იუნონას, მეფე კრონოსის ქალიშვილს.
 
ენოქი დეტალურად აღწერს, კონკრეტულად თუ როგორ მოხდა იმ დიად სულიერ არსთა დაცემა, ანუ - დარაჯებისა, "მღვიძარეებისა". ყველაფერი დარაჯთა ე. წ. თათბირით დაიწყო, რომელიც "სემიაზამ, მათმა წინამძღოლმა მოიწვია", სანამ ამ ბოროტ საქმეს გაბედავდა. დარაჯებს კარგად ესმოდათ, რაზეც მიდიოდნენ, იმდენად დიდი იყო ეს ცოდვა ღმრთის წინაშე და იმდენად მკრეხელური იყო უხილავი სამყაროს უსჯულო სქესობრივი აღრევისა ხილულ სამყაროსთან: "და სემიაზამ, მათმა ბელადმა, უთხრა მათ: "ვშიშობ, თქვენ არ ისურვებთ აღასრულოთ ეს დსაქმე, და მხოლოდ მე მომიწევს მაშინ ამ უდიდესი ცოდვის გამოსყიდვა". მაშინ ყველამ უპასუხა მას: ”ჩვენ ფიცს დავდებთ და ერთმანეთს პირობას ჩამოვართმევთ, რათა არ მივატოვოთ ეს განზრახვა, არამედ ბოლომდე აღვასრულოთ". და მათაც ერთმანეთს შეჰფიცეს... მათი რაოდენობა კი სულ ორასი იყო" (ენოქი 2:3, 5).
კალისტო და იუპიტერი
აღორძინების ხანის დადგომიდან უპირველეს ყოვლისა გაძლიერდა ინტერესი სქესობრივი კავშირისადმი "ღმერთებსა" და "კაცთა ასულებს" შორის. ეს სიუჟეტი დომინირებდა და იტაცებდა პრაქტიკულად ყველა მხატვარს.
 
მ. პ. ჟან-ბატისტას (1750 წ.) ტილოზე გამოსახულია ამგვარ მრუშ აღრევათა უამრავი ისტორიებიდან ერთ-ერთი. მოცემულ შემთხვევაში დაცემული ანგელოზი იუპიტერმა, მიიღო რა "ღმერთქალ" დიანის სახე, ქალწულ კალისტოს ნდობა მოიპოვა და ის მრუში სიამტკბილობისკენ მიდრიკა.


ამ მოვლენათა შესახებ ადასტურებს წმიდა წერილის სტროფებიც. დაბადების წიგნი მოგვითხრობს: "ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად - და შემდეგ აგრძელებს - განსაკუთრებით მას მერე, როცა ღვთისშვილები შეერთვოდნენ ადამიანის ასულებს, და ისინიც უშობდნენ მათ" (დაბ. 6:4) (Пятикнижие Моисеево. В переводе архимандрита Макария (Глухарева). (Репринт.) М., 2000. С. 10) (მოცემული ადგილის ჩვენ მიერ შესრულებული ქართული თარგმანი მისდევს ავტორის მიერ დასახელებულ წყაროს - "აპოკ." რედ.).
კალისტო და იუპიტერი
საბედნიეროდ, შემონახულია მატერიალური მოწმობანი იმისა, თუ სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდნენ იმ წარღვნამდელი დროების "ქალღმერთები". ქალღმერთი-დედა ლომისთავება ტახტზე ჩატალ-ჰიუკიდან. დაახლ. 6000 წ. ქრ. შ.-მდე. ანატოლიის ცივილიზაციის მუზეუმი. თურქეთი.
 
 
წმიდა წერილი მოგვითხრობს, რომ ენოქის წიგნში აღწერილი მოვლენების შედეგად, ანუ იმის შემდეგ, რაც დარაჯებმა თავიანთი გადაწყვეტილებისამებრ დაიწყეს "სქესობრივი კავშირები", დედამიწაზე გაჩნდნენ განსაკუთრებული არსებები "ბუმბერაზები". განსაკუთრებულიო ვამბობთ, რადგან იმ დროს დედამიწაზე "უკვე იყვნენ ბუმბერაზები". ამ "უკვე მყოფებში" იგულისხმებიან მძლავრი, პრაქტიკულად უკვდავი "კაც-ღმერთები", ადამისა და ევას პირველი შთამომავლები: "ძლიერები, ... ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" (დაბ. 6:4, 5) (9).

_______________
   
9. თანამედროვე ადამიანი შეიძლება შეცბუნდეს ამ დახასიათების დადებითი ელფერით. მაგრამ სიტყვა "სახელოვანი" თავიდან ნიშნავდა: დიდების მეძიებელთ, ვინც საკუთარი სახელის განთქმას ელტვის. იხ.: См.: Дьяченко Григорий. Словарь. С. 613.
 
_______________
ღმერთქალის უძველესი ქანდაკება
ურში (უძველესი შუმერული ქალაქი) და ერეხში (უძველესი ქალაქი ბაბილონში) წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა განსაკუთრებულად ძველი ფიგურები, რომლებიც გამოხატავენ "დედა ღმერთქალს" ბავშვით, რომელსაც აქვს გველის თავები. IV ათასწლ. ქრ. შ.-მდე.

ძველებრაულ დედანში ეს "სახელოვანი ადამიანები" "ჰიბორიმებად" (hgbrym) იწოდებიან (BHS – Biblia Herbaika Stuttgartensia – "Штутгартское" издание Еврейской Библии). ბიბლიური ლექსიკით ეს ნიშნავს "სახელოვან პიროვნებას", "ყველაზე ძლიერს" (2 მეფ. 17:10; დანიელ. 11:3) ან "რჩეულ მეომარს", "ადამიანს, რომელიც აღემატება სხვებს" (3 მეფ. 11:28). "უწოდებს რა ამათ "ჰიბორიმებს", ანუ "ძველთაგანვე სახელოვან ადამიანთ", დაბადების წიგნის აღმწერს, სავარაუდოდ მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ ისინი მსოფლიო მითოლოგიაში "ძველი გმირების" სახელით გახდნენ ცნობილნი" (Лопухин А .П. Толковая Библия. Стокгольм, 1987. Т. 1. С. 46). ამ ტერმინითვე, "ჰიბორიმ" ბიბლია ახასიათებს ტირანსა და ღმრთის მოწინააღმდეგეს ნიმროდს, რომელმაც "დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე" (1 პარ. (ნეშტთა) 1:10), და "ძლიერ მეფეს" დანიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც "დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს" (დანიელი 11:3)
 
უკვე დავიმოწმეთ წმიდა წერილი (დაბ. 4:6), რომ ბუმბერაზთა ეს მოდგმა - "ჰიბორიმები" "თავიდანვე" არსებობდნენ, იყვნენ რა კაცობრიობის მოდგმის პირველმამის შთამომავლები. იგივეს ვკითხულობთ ბარუქის წინასწარმეტყველებაში: "იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა" (ბარ. 3:26). მაგრამ შემდეგ წინასწარმეტყველი წერს: "დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით" (ბარ. 3:28). მათი ეს "უგუნურება" გამოვლინდა დაცემულ ანგელოზებთან, დარაჯებთან მჭიდრო და წარმწყმედელ ურთიერთობაში - ადამიანის მორიგ შეთქმულებაში ბოროტ ძალებთან. "და გაცხადდა უდიდესი უკეთურება და მრავალი გარყვნილება, და ადამიანები სცოდავდნენ, და ყოველი მათი გზა გაირყვნა" (ენოქი 2:15).
 
კაცობრიობისადმი უმძიმესმა შეგონებამაც არ დააყოვნა.
 
დადცემულმა "დარაჯ-ანგელოზებმა" "ჩასახეს და შვეს დიდი ბუმბერაზები" (ენოქი 2:8, 9). ეს მონსტრები ძალიან მალე მთელი კაცობრიობის წყევლად იქცნენ.
 
"ზნეობით კადნიერნი იყვნენ, ვიდრე ადრინდელი ადამიანები, - გიგანტების მოდგმა, რომელთა სიტყვებში მოურიდებლად იგმობოდა ღმერთი" (Из Книги Сивилл. Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 194) (10).
_______________
 
10. სერაფიმე საროველის თქმით: "წარმართთა შორის ღმერთი პოულობდა რჩეულთ, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, წინასწარმეტყველი სიბილები, რომლებიც თავიანთი ქალწულობის სიწმიდით, რომელსაც უცნობი ღმერთისთვის იცავდნენ, შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სულიწმიდით გაბრძნობილნი" (Записки С.А. Мотовилова, служки Божией Матери и преподобного Серафима. М., 2009. С. 229).
 
_______________

ბიბლიაში ეს "დიდი ბუმბერაზები" სიტყვასიტყვით "ნეფილიმებად" (hnplym) იწოდებიან (BHS), "რაც დაკავშირებულია ზმნასთან npl, რომელსაც (თავის სხვადასხვა ფორმაში) აქვს "დანგრევის", "დამხობის", "შეცდენის", და "გარყვნის" მნიშვნელობა (Новая толковая Библия. Л ., 1990. Т. 1. С. 156). ბიბლიის სინოდალურ თარგმანში ეს სიტყვა, რომელიც ივრითზე ჟღერს როგორც "ნეფილიმი", გადაითარგმნა, როგორც "ბუმბერაზები".
 
დედამიწაზე გაჩენილ ამ ბუმბერაზთა - "ნეფილიმთა" - სულიერი არსი გახსნილია წმიდა წერილის სიტყვებში: "უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა" (დაბ. 6:5).
 
 
"სისხლით შეიბილწეს საკუთარი თავი, რომელსაც ყველგან ღვრიდნენ.
 
უცნობი იყო მათთვის შიში ღმრთის წინაშე,
 
ისევე, როგორც სირცხვილის გრძნობა ერთმანეთის წინაშე,
 
და ბოლოს, მათ წინააღმდეგვე მიექცა მრისხანება, გამაგიჟებელი, ბობოქარ უკეთურებასთან შეერთებული"
 
(Из Книги Сивилл) (Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 194).
 
როგორც უკვე აღვნიშნავდით, ადამის შთამომავალთა პირველი თაობა, წარღვნამდელი დროების ადამიანები, თავიანთ ცხოვრებისეულ ძალებსა და უჩვეულო ფიზიკურ ძლიერებაში "საშინელნი და სახელგანთქმულნი" იყვნენ და დედამიწის ხალხთა მეხსიერებას ისინი შემორჩნენ, როგორც "პირველი ღმერთები, მსოფლიოში უდიდეს სიკეთეთა წამომწყებნი, რომელთგან მოდის მსოფლიოში კაცთა მოდგმის გამრავლება და დასაწყისი" (История Армении Моисея Хорезмского г-на Эмина. М., 1858. Кн. 1. Гл. 5. С. 38).
 
მაგრამ მსოფლიო გადმოცემებში აშკარად შემორჩა მწარე სინამდვილე იმის შესახებ, თუ კერძოდ რა წამოვიდა ამ "თავდაპირველ ღმერთთა" "მშვენიერ ქალწულთაგან" - ესენი იყვნენ "ბუმბერაზები, უსახურები, მახინჯები, ძლიერნი და საშინელნი" (იქვე). ამ ამაზრზენ მონსტრებთან შეჭიდება, რომლებიც შვეს "მშვენიერმა კაცთა ასულებმა", ვნებით ატეხილი ხორცისა და მეამბოხე სულის ამ საშინელი სიმბიოზის ნაყოფებთან შერკინება, ადრინდელ "კაც-ღმერთთათვის" არცთუ იოლი იყო.
 
წარღვნამ, რომელიც თავს დაატყდა დედამიწას, თითქოსდა, საბოლოოდ მოსპო გიგანტების ეპოქა.
გიგანტების შერკინება
გიგანტომახია (ბრძოლა ღმერთებისა გიგანტებთან). მარმარილოს სკულპტურული ფრიზი ზევსის დიდი საკურთხევლიდან (II ს. ქრ. შ.-მდე). პერგამოსის მუზეუმი, ბერლინი. პანოზე გამოსახულია ერთ-ერთი დაცემული "დარაჯის", ზევსის მთავარანგელოზის ბრძოლა ერთდროულად სამ მოწინააღმდეგესთან. გაანადგურა რა ერთი მათგანი, ის ემზადება ელვით გაანადგუროს გიგანტების წინამძღოლი - ბუმბერაზი პორფირიონი.

მაგრამ დაბადების წიგნის ტექსტებში, რომლებიც აღწერენ პატრიარქ აბრაამის დროებას, ჩნდება მოწმობა წარღვნისშემდგომი პალესტინის მოსახლეობის შესახებ, სადაც ასევე ჩნდებიან გიგანტები - "რეფაიმები". დიახ, მოგვიანებითაც, იუდეველთა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს და აღთქმული მიწის დაპყრობის პერიოდში, რეფაიმთა ეს მოდგმა, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ ქანაანის მიწაზე, კვლავ შეეწინააღმდეგება იუდეველ ხალხს. მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
დაცემული ანგელოზები
თაბორი და ერმონი

უფლის ფერიცვალების დღესასწაულის საღვთისმსახურებო საგალობლებში ხშირად გვესმის ცნობილი ფსალმუნის სიტყვები: "ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერებენ" (ფსალმ. 88:13). რაც შეეხება თაბორის მთას, ის მართლმადიდებელ ეგზეგეტთა მიერ პრაქტიკულად ერთხმად არის იდენტიფიცირებული იმ "წმიდა მთად", რომელზეც იესუ ქრისტემ მოციქულთა წინაშე ფერი იცვალა, როდესაც "იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი" (მათე 17:2) (11).
 
__________________
   
11. ამის მტკიცებულებად გამოდგება ამ მთაზე, 19 აგვისტოს ღრუბლის გამოჩენის ყოველწლიური სასწაული,
 
__________________
 
რაც შეეხება მთა ერმონს, აღთქმული მიწის ისტორიაში განსაკუთრებული ღვთისმოსავი ღირსებები მას არ განეკუთვნება, და მეტიც, უფრო პირიქით არის. ფსალმუნთმგალობელი ამ ორ მთას ახსენებს უფლის ყოვლისშემძლეობის მოწმობის ჩამონათვალში. "უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი" (ფსალმ. 23:1). და როგორც ჩანს, ეს ორი მთა წარმოადგენს ერთგვარ ურთიერთსაპირისპირო სიმბოლოს: "ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ" (ფსალმ. 88:13).


 
მთა ერმონის მწვერვალი. სიმაღლე 2750 მ. ლიბანო-სირიის საზღვარი. ადგილი, სადაც VI ასწლეულში სამყაროს შექმნიდან მოხდა დაცემულ "დარაჯთა" თათბირი.
 
 
და მართლაც, თუკი თაბორის მთის მადლიანი მნიშვნელობა გაგვიხსნა თვით უფალმა თავისი ფერიცვალების დიად საიდუმლოში, ერმონის პირქუში როლი, რომელთანაც დაკავშირებულია კაცობრიობის უთვალავი უბედურების საწყისი, მოგვითხრო პატრიარქმა ენოქმა. "მაშინ ყველამ ერთმანეთს შეჰფიცეს და პირობა აღუთქვეს: მათი რაოდენობა კი იყო ორასი. და ჩავიდნენ არდისზე, რომელიც არის ერმონის მთის მწვერვალი; და მათ უწოდეს ამ მთას ერმონი, რადგან მასზე შეჰფიცეს ერთმანეთს და ერთმანეთზე წარმოთქვეს შეფუცვები" (ენოქი 2:5, 6). სახელწოდება ერმონი მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან םרח (ხერემი) – "აკრძალვა", "შეფუცვა". აქ ნახსენები "ისინი" - სწორედ ის "ორასი დარაჯია", ორასი დაცემული ანგელოზია, რომლებმაც თავიანთი ბოროტი საბჭოს ჩასატარებლად აირჩიეს ერმონის მთის მწვერვალი  (12).
 
__________________
 
12. ერმონი (ებრ. ხერმონი) - «მთა, განკურთხი განდევნულებით". რინეკერ ფ. მაიერი. ბროკჰაუზის ბიბლიური ენციკლოპედია. Библейская энциклопедия Брокгауза. Кременчуг, 1999. С. 305.
 
__________________
 
კაცობრიობის შემდგომ წარმართულ ისტორიაში ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, მივიწყებას არ მისცემია, და ეს ადგილი უჩვეულოდ პატივსაცემი გახდა სახელწოდებით "ბაალ ერმონი" (მსაჯ. 3:3; 1 პარ. 5:23). "მთის მწვერვალზე იმყოფება ბაალის ტაძრის ნანგრევები, რომლის პატივადაც მისი მწვერვალის ყოველი მაღლობი მორთული იყო წარმართული ტაძრებით" (Никифор, архимандрит. Библейская энциклопедия. М., 1990. (Репринт. 1891). С. 243. Далее: Никифор. Библейская энциклопедия).
 
ბაალი, ანუ ბელი, - ყველაზე "ავტორიტეტული" ღვთაებაა ძველ სამყაროში. როგორც ეშმაკის ერთ-ერთი იპოსტასი, ის ცნობილია თავისი მიდრეკილებით უსასტიკესი ადამიანური მსხვერპლშეწირვებისადმი. ამ ღვთაებას თაყვანს სცემდნენ ძველი აშურელები, ბაბილონელები, ფინიკიელები, კართაგენელები, ისრაელელები, ამონეველნი და კიდევ მრავალი სხვა ხალხები, რომლებიც უჩვეულო მოშურნეობით ასრულებდნენ საძაგელ საკულტო მსახურებას ჯადოქრობას, უწმიდურ წესებს, "ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი" (სოლ. სიბრძნე. 12:4, 5).
 
შემდეგში ბაალის კულტი ვოდანის (ოდინის) სახელწოდებით გაგრძელდა სკანდინავიის ქვეყნებში, ბრიტანეთის კუნძულებზე და სხვა ჩრდილოელ ხალხებში. ამ უძველეს ღვთაებას სრულიად თავდაჯერებით აიგივებდნენ "მზის ღმერთ" აპოლონთან.
დაცემული ანგელოზები
აზაზელი და მისი ლეგიონი

როგორც წმიდა წერილიდან ვიცით, სატანას უამრავი კერძო სახელი აქვს. მაგრამ მას არც საკმაოდ ძლიერი თანაშემწეები აკლია, რომლებიც დემონთა თავადებს უწოდებენ. ეს არსებები, რომლებიც ანგელოზთა უმაღლესი დასებიდან დაეცნენ, მოციქულ პავლეს თქმით, არიან "მთავრობანი და ხელმწიფებანი, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელნი და ცისქვეშეთის უკეთური სულები" (შეად. ეფეს. 6:12). ენოქის წიგნი მრავალ ამ დაცემულ სულს სახელწოდებებით ახსენებს, ასე, მაგალითად, უკვე ზემოთხსენებული "სემიაზას" გარდა, დასახელებულია რომან "ოსტატი და მარგარიტას" მოყვარულთათვის კარგად ცნობილი სახელი - აზაზელი.
 
"აზაზელი - წარღვნამდელი გიგანტების წინამძღოლი, რომელიც ამხედრდა ღმერთის წინააღმდეგ. ლეგენდა აზაზელზე, როგორც მამაკაცთა და დედაკაცთა შემაცდენელზე, კარგად არის ცნობილი თალმუდისტებისთვის. მან ასწავლა მამაკაცებს ომი, ქალებს კი ცდუნების ხელოვნება, მან გახსნა ჯადოქრობის საიდუმლონი, გააფუჭა კაცთა ზნეობა, მიდრიკა ისინი უღმრთოებისკენ და გარყვნა.  ორიგენე აზაზელს აიგივებდა სატანასთან (Contra Celsum, VI, 43)" (Еврейская Энциклопедия / Под ред. доктора. Л. Каценельсона. СПб., 1903. Т 1. Статья "Азазел").
 
ყოველ შემთხვევაში, დედამიწის თქმულებებში აზაზელი წარმოდგება როგორც ერთ-ერთი ყველაზე "მძლავრი" დაცემული ანგელოზი. მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი II ს-ში წერდა: "ბოროტი მაგია, რომელსაც თქვენი მამა სატანა გაძლევთ  მძლავრი ანგელოზის აზაზელის მეშვეობით" (Цит. по: Рассел. Сатана. С. 242).



აზაზელი და "განტევების ვაცი". მხატვ. ლუი ბრეტონი. გრავიურა
 
წარღვნამდელი კაცობრიობის დაცემაში აზაზელის განსაკუთრებულ როლზე ენოქიც უთითებს: "აზაზელმა ასწავლა ადამიანებს ხმლების, დანების, ფარების, ჯავშნების დამზადება, ასწავლა მათ დანახვა იმისა, რაც მათ უკან იყო, ასწავლა სხვადასხვა ხელოვნება" (ენოქი 2:14). ეს დემონური ცოდნა, რომელიც ადამიანებს დაცემულმა სულებმა დარაჯებმა გაუხსნეს, როგორც ვხედავთ, მოიცავდა არა მარტო საბრძოლო და მომაკვდინებელი იარაღის დამზადების ტექნოლოგიას, არამედ "ზემხედველობის" განსაკუთრებულ მაგიურ ხერხებსაც. "და მან აჩვენა კაცთა ძეებს ყველა მომაკვდინებელი დარტყმა, სიკვდილის ყველა იარაღი. სწორედ მისი ხელიდან გადავიდა ის მათზე, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა, იმ საათიდან საუკუნემდე" (ენოქი 11:41).
 
დაცემულ ანგელოზთაგან საიდუმლო ცოდნის ადამიანთადმი გადაცემის ფაქტი "საზოგადო მომენტია" ისტორიულ ინფორმაციაში, რომელიც პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ხალხებშია შემონახული. ასე, მაგალითად, გიორგი სვინკელოსი, ბიზანტიელი ისტორიკოს-ქრონიკოსი, თავის "რჩეულ ქრონოგრაფიაში" (᾿Εκλογὴ χρονογραφίας) თავის მონაყოლს ამ მოვლენებზე ამყარებს ციტატით ეგვიპტელი ფილოსოფოსისა და ალქიმიკოსის ზოსიმე პანოპოლიტანელის (დაახლ. 300 წ.) წიგნიდან "იმუფი", რომელიც აშკარად აცხადებს ქალთა და დემონთა სქესობრივი აღრევის წარსულში მომხდარ პრეცედენტზე, რომლებმაც ადამიანებს ასწავლეს ყოველგვარი მეცნიერებანი და ხელოვნებანი (Georgii Syncelli Ecloga Chronographica / Ed. A. Mosshammer. Lpz., 1984. P. 13-14).
 
ზემოთ ჩვენ უკვე დავიმოწმეთ სიბილების წიგნი, რომელთა შესახებაც დადებითად მსჯელობდნენ წმიდა მამებიც (1). სიბილები აღწერენ, კიდევ რა სახის საიდუმლო ცოდნა იყო ჩამოტანილი დედამიწაზე გარყვნილი დარაჯების მიერ:
 
"მესამემ - როგორ ვიმგზავროთ ზღვაზე,
როგორ იმკითხაონ ფრინველებით,
ცაში ბედ-იღბლის ამოცნობა იცოდა მეოთხემ.
შხამები და მცენარეები იცოდა მეხუთემ.
მაგია კიდევ ერთის საქმე იყო. ყველა ხელობა მიენდოთ ხელმარჯვეთ.
და მათ უძინარ პურისმჭამელთ (2) უწოდებდნენ,
რადგან მუდმივად საღი გონებით და აღუვსებელი კუჭით გამოირჩეოდნენ".
(სიბილას წიგნებიდან. გალობა 1,99-101) (3)
 
______________
 
1. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში სიბილების წიგნებს მაღალი ავტორიტეტი ჰქონდათ: "უკეთური ეშმაკების მოქმედებით კი სიკვდილით დასჯა იმათთვის დადგინდა (ხელისუფლების მიერ), ვინც კითხულობს ჰისასპისის, სიბილას ან წინასწარმეტყველთა წიგნებს, რათა მკითხველები ჯეროვანი ცოდნის მიღებისგან შიშის გამოყენებით გადაედრიკათ და ადამიანები საკუთარ მონობაში ჰყოლოდათ. მაგრამ ამის აღსრულება ბოლომდე ვერ შეძლეს" (წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა და მარტვილის პირველი და მეორე აპოლოგია. პირველი აპოლოგია. § 44.12. თბილისი. გამომც. "სულიერი ვენახი". თბილისი. 2022 წ. გვ. 63). იგივეს ადასტურებს კლიმენტ ალექსანდრიელიც, რომელიც ეთანხმება ჰერაკლიტეს აზრს, რომელიც ამტკიცებდა, რომ "სიბილას გამოთქმები იყო არა ადამიანური გონების ნამშობი, არამედ საღმრთო შთაგონება" «Строматы». СПб., 2014. Кн. 1-3. С. 120).
 
2. "Бессонные хлебоеды" (egregoroi alphesteres). Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 322.
 
3. Ветхозаветные апокрифы. М., 2001. С. 193. ჩვენ მიერ ციტირებული სიბილა - ერთ-ერთი უძველესი წინასწარმეტყველია სახელად საბბა. ის ჩამოვიდა ბაბილონიდან და პალესტინაში, ებრაელთა შორის ცხოვრობდა.
 
______________
 

 
"დარაჯთა" თათბირი. გ. დორეს გრავიურა.
 
ჯ. მილტონის პოემის "დაკარგული სამოთხის" ილუსტრაცია. XIX ს-ის ნახევარი
 

როგორც ვხედავთ, თვით "დარაჯებს" არ დაურღვევიათ ღმრთის სჯული, რომელმაც ბრძანა "რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად" (დაბ. 1:30). ბუნებრივია, რომ თავიანთი ანგელოზური ბუნებით ისინი "აღუვსებელ კუჭს" ფლობდნენ, რადგან ჭამის არანაირი საჭიროება არ ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, ისინი, თუ შეიძლება ითქვას, "შეამხანაგებისთვის" ჭამდნენ, მისდევდნენ რა თავიანთსავე მოსურვებას ყველაფერში მიმსავსებოდნენ ადამიანებს.
 
ანალოგიური ვითარებაა აღწერილი ტობითის წიგნშიც, როდესაც მთავარანგელოზმა, შორდებოდა რა ტობითს და ტობიას, მათ განუმარტა: "ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით" (ტობ. 12:19).




"რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ" (ფსალმ. 13:4)
 
 
დარაჯ-ანგელოზთა დამღუპველი ლტოლვა ყოველივეში მიმსგავსებოდნენ ადამიანებს და თავიანთი შთამომავლობა ჰყოლოდათ უმძიმეს შედეგებამდე მივიდა. ძველი საბერძნეთის მითებში კაცობრიობის ისტორიის ეს ტრაგიკული ფურცლები საკმაოდ მკაფიოდ არის აღწერილი: "ბოროტებაში დედამიწამ შვა საშინელ-ბუმბერაზთა ლეგიონები" (Ovidii, ed. R. Ehwald. Lipsiae. III. 2. 1932. Цит. по: Лосев А.Ф. Мифология греков и римлян. М., 1996. С. 35). ჭეშმარიტად, ეზეკიელის თქმით, "ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?" (ეზეკ. 32:27).
 
"გმირნი (ბერძნ. γιγαντες  - "გიგანტები" – "აპოკ." რედ.) მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა" (ეს. 13:3) (4).
 
_____________________
 
4. სეპტუაგინტაში (LXX):"... γιγαντες  ερχονται  πληρωσαι  τον  θυμον  μου  χαιροντες  αμα  και  υβριζοντες") (ეს. 13:3).
 
_____________________
 
სწორედ ასე გვიხსნის ღმრთის განგებას ძველი ისრაელის წინასწარმეტყველი, მოვლენილს კაცთა მოდგმის დასასჯელად, რომელიც დადგა დედამიწაზე გიგანტების, ანუ "წარსულის გმირთა" ეპოქაში. ენოქის წიგნი ახსენებს კატასტროფის შემაძრწუნებელ დეტალებს, რომელიც იმ წლებში დადგა დედამიწაზე: "მათ შეჭამეს კაცთა ყოველგვარი მონაპოვარი, ასე რომ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ მათი გამოკვება. მაშინ ბუმბერაზები მიუბრუნდნენ თვით ადამიანებს, რათა შეეჭამათ ისინი. და დაიწყეს შეცოდებანი ფრინველთ და მხეცთა მიმართ, და ყოველივე იმის მიმართ, რაც არის იძვრისი; და დაიწყეს ერთმანეთთან მათი ხორცის ჭამა და მათი სისხლის დალევა. მაშინ იგოდა დედამიწამ უკეთურთა გამო" (ენოქი 6:8; 7:5).


 
ბუმბერაზი სატურნი, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამდა. მხატვ. ფ. გოია. 1798 წ. პრადოს მუზეუმი, მადრიდი
 
 
მაშასადამე, როგორც ადრევე ვუთითებდით, სწორედ ბუმბერაზებმა დაარღვიეს კადნიერად ღმრთი განკარგულება "მწვანე საფარსა და მცენარეულ საკვებზე" და, გააჩნდათ რა "აღუვსებელი მუცელი", სულაც არ აპირებდნენ "პურისმჭამელებად" დარჩენას, როგორც მათი მამები.
 
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ცნობილი ფსალმუნის ტექსტი, რომელშიც, როგორც ჩანს, ავტორი აპელირებს სწორედ ჩვენთვის საინტერესო მოვლენებისადმი. "თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი"" (ფსალმ. 13:1), - დავფიქრდეთ, ვისზე წერს, საკუთრივ, ფსალმუნთმგალობელი? იმ დროს არ იყვნენ უგუნური ვოლტერები და მარქსები, ისევე, როგორც არ იყო ათეიზმი. როგორც დიდ ასევე მცირე "ღმერთებისადმი" რწმენა და მათი თაყვანისცემა, საყოველთაო იყო. მაგრამ არსებობდნენ გამონაკლისებიც - ესენი იყვნენ ბუმბერაზები:
 
"ისინი იყვნენ ზნეობით მედიდურნი, ვიდრე ადრინდელი ადამიანები, - გიგანტთა მოდგმა, რომლებიც თავიანთ მსჯელობებში გმობდნენ უფალს... ღმრთის წინაშე უშიშარნი და ურიდალნი იყვნენ ისინი" (სიბილების წიგნებიდან).
 
შემდეგ წმ. დავით ფსალმუნთმგალობელი კითხულობს: "არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ" (ფსალმ. 13:4). რა თქმა უნდა, შეიძლება ეს სიტყვები განიმარტოს ისე, რომ არსებობენ ერთგვარი აბსტრაქტული ძალები, რომლებიც "ჩემს ერს ჭამენ პურივით", და ეს სიტყვები ჩაითვალოს პოეტურ მეტაფორად. მაგრამ, შეიძლება ის აღვიქვათ ალეგორიის გარეშეც, სიტყვასიტყვით, თუ გავიხსენებთ, რომ: "ბუმბერაზები მიუბრუნდნენ თვით ადამიანებს, რათა ეჭამათ ისინი" (ენოქი 6:8). და მაშინ შედარება - "პურივით ჭამენ" - აღმოჩნდება საკმაოდ ზუსტი შესატყვისი, რადგან შეგვახსენებს, რაოდენ გაუმაძღარნი იყვნენ ბუმბერაზთა მამები - "პურისმჭამელი"-დარაჯები.
 
ვნახოთ კიდევ ერთი სტროფი ფსალმუნისა, რომელიც გაურკვეველი მიზნით ამოჭრეს სინოდალური თარგმანიდან. დავითი წერს ხსენებული უღმერთობის შესახებ: ისინი "უფალსა არა ხადეს. მუნ შეეშინა შიში, სადა-იგი არა იყო შიში" (ფსალმ. 13:5). ჩვენ გვახსოვს უგუნურ-ბუმბერაზთა დასასრული, როდესაც ღმრთის განაჩენით, განიცდიდნენ რა აუხსნელ შიშს მათთვის უცნობი საშიშროების წინაშე, ამ ბუმბერაზებმა "წარწყმიდეს საკუთარი თავი ურთიერთამოწყვეტით" (ენოქი 2:39).
 
ბუმბერაზთა თაობის ისტორია, როგორც უკვე ვახსენეთ, აღწერილია სიბილების წიგნში, სადაც მოტანილია ზოგიერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი:
 
"მძიმე, მტკიცე მოდგმა მიწიერ კაცთა.
 
ტიტანებია მათი სახელი, ერთმანეთის მსგავსნი,
 
ყოველი ზომით და სახით დანარჩენთ გვაგონებს,
 
მათი ხმა ერთია, როგორც ღმრთის მიერ ოდესღაც მათ წინაპართა გულში ჩადებული. მაგრამ რადგან გააჩნიათ ზნე კადნიერი შეეჭიდებიან იმას, რის ძლევაც არ ძალუძთ; ვარსკვლავური ზეცის შვილებთან მოინდომებენ შეტაკებას, მოაახლოვებენ თავიანთ სიკვდილს" (სიბილების წიგნი. გალობა 1:310).
 
"ვარსკვლავური ზეცის შვილებთან", ანუ მათ მშობლებთან - აზაზელის დაცემულ ანგელოზებთან დააპირეს ამ მონსტრებმა ომის დაწყება. როგორც ცნობილია, საღმრთო განკარგულებით, საბოლოო ჯამში მათ ერთმანეთი ამოწყვიტეს: "ამ უბედურებისთვის უფალმა ტიტანებს მოუვლინა უბედურება, დალპა მთელი მათი შთამომავლობა" (სიბილების წიგნი. გალობა 3, 157).


 
მხატვ. ჯოვანი ლანფრანკო. 1611 წ.
 
"მაშინ ბუმბერაზები მიუბრუნდნენ თვით ადამიანებს, რათა შეეჭამათ ისინი" (ენოქი 6:8)
 
 
კიდევ ერთხელ შევნიშნავთ, რომ სიბილების დამოწმება - სამარცხვინო საქმე არ არის და მათ პატივს მიაგებდნენ უძველესი დროიდანვე. მათ უშიშრად იმოწმებდნენ "ქრისტიანთა ძველი მამები: ევსები, იუსტინე, კლიმენტ ალექსანდრიელი, სტრატონიკე, კუმანი, თეოფილე ("ავტოლიკესადმი"). ლათინ მამათაგან: ლაქტანციუსი, ჰიერონიმე, ავგუსტინე და სხვები. ყველა ზემოთხსენებული მწერალი მიიჩნევდა, რომ სიბილები წინასწარმეტყველებდნენ ღმრთის შთაგონებით, როგორც ოდესღაც ცისა და მიწის შემოქმედმა ისურვა ეწინასწარმეტყველა ბალაამის ვირის მეშვეობით" (Спафарий Николай. Эстетические трактаты // Книга о Сивиллах. Л., 1978. С. 2).


დასასრული იქნება.

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისის" რედ.

წყარო: Митрополит Митрофан (Баданин). "До и после. Апология книги Еноха". Мурманск. Издательство Мурманской епархии 2019. Издание 2-е дополненное.
Назад к содержимому