Перейти к контенту

განმარტება - სად იქნება "შეჭმული" და "დამწვარი" ბაბილონის მეძავი? (გამოცხ. 17:16-17) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
სად იქნება "შეჭმული" და "დამწვარი" ბაბილონის მეძავი?
 
(გამოცხ. 17:16-17)
"ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა" (გამოცხ. 17:16-17).
 
 
ვაგრძელებთ საუბარს "უფსკრულიდან ამომავალი მხეცის ათ რქაზე", რომელიც, - როგორც იდუმალთმხილველს უმოწმებს "ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან", რომლებმაც ქვეყნიერებაზე უნდა გადმოღვარონ მრისხანების თასები (გამოცხ. 17:1), - მიიღებს ხელმწიფებას "ერთი საათით" (გამოცხ. 17:12) და ამ საათში გაგლეჯენ და გაანადგურებენ "დიდ მეძავს".
 
შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველური სიმბოლოები, რომლებთან შესაბამისადაც ურჯულოება და უკეთურება ჭამს საკუთარ თავს, არსებობენ წინასწარმეტყველთა მიმართვებში ქალაქ ტვიროსისადმი და "ტვიროსის მეფისადმი" (ხოლო თვით ტვიროსი, როგორც ამას შემდგომ ვნახავთ, "მსოფლიო ბაბილონის" ერთ-ერთი წინასახეა).
 
"ადამის ძევ! გამართე გლოვა ტვიროსის მეფეზე და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: სრულყოფილების ბეჭედი ხარ, სიბრძნით სავსე და მშვენებით სრული. ... ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ" (ეზეკ. 28:12-18).
 
ასეთივე გადაუჭრელ შინაგან კონფლიქტზე, რომლის შედეგადაც ძველი ქვეყნიერება აღდგება საკუთარი თავის წინააღმდეგ, მოწმობს ეგვიპტეზე აღსრულებული მართლმსაჯულებათა სიმბოლოები ესაიას წიგნიდან:
 
"ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები. ავამხედრებ ეგვიპტელს ეგვიპტელზე: ძმა ძმას დაუწყებს ბრძოლას, მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. დაიშრიტება ეგვიპტის სული მის წიაღში და ჩავფუშავ მის თათბირს..." (ეს. 19:1-3).
(შეად.: "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით" (მთ. 24:30; საქმე 1:9-11. იხ. ასევე უკანასკნელი მკის სიმბოლოები გამოცხადებაში 14:14-16).
ასეთივე მნიშვნელობები იკითხება უკვე ადრე განხილულ ამბაკუმის წინასწარმეტყველებაში, სადაც უკანასკნელი და საბოლოო სამსჯავრო "კადნიერ კაცზე" აღწერილია მასზე ამხედრებულ "მძარცველთა" და "გამპარტახებელთა" სახით (ანუ ისეთივე "კადნიერი კაცების" სახით, როგორიც თვითონაა):
 
"ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ" (ამბ. 2:7-8).
 
უკანასკნელი ჟამის ასეთივე ნიშნებზე უთითებს მეტაფორულად თვით უფალიც, როდესაც მოწმობს საკუთარ თავში გაყოფილ "ქალაქთა" და "სახლთა" დაცემაზე, ანუ ძველ ქვეყნიერებაზე (შეად.: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა" (მთ. 12:25)).
 
ეს კი ნიშნავს, რომ ბაბილონის მეძავის გაპარტახება და განადგურება არსებითაც მოვა მისგანვე, და აღასრულებს საყოველთაო (მსოფლიო) აზრით ერთ ყველაზე უდიადეს და გარდაუვალ სულიერ კანონს, რომელიც ბრძანებს: "ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი" (დაბ. 9:6).
(აქ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ღვთისმეტყველი "უკანასკნელი ანტიქრისტეს" ძალაუფლებას განიხილავს, როგორც "ურჯულო წესრიგის" დროებას, როდესაც კაცობრიობა შედარებით მშვიდობაში აღმოჩნდება, ხოლო უსასტიკეს დევნულებას დაექვემდებარება მხოლოდ ქრისტეს მიწიერი (მებრძოლი) ეკლესია. მაგრამ გამოცხადების წიგნის თანახმად ამავე ჟამს "მხეცის ათი რქა" გააპარტახებს, შეჭამს და ცეცხლს მისცემს მეძავს, შემდეგ კი გამოვლენ მაცხოვრის წინააღმდეგ უკანასკნელ ბრძოლაზე, ასე რომ არანაირი სიმშვიდე და კეთილდღეობა ამ დროს არ იქნება, ხოლო უკეთური სამყარო შეჭამს და გაანადგურებს საკუთარ თავს.
 
გარდა ამისა, რადგან "ათი მეფის" ერთსულოვნება და ერთაზროვნება შემოიფარგლება მით, რომ ისინი "ერთხმად" გადასცემენ თავიანთ ძალაუფლებას და თავ-თავიანთ სამეფოებს "უკანასკნელ მხეცს", რომელიც წარმოადგენს თვით ეშმაკს, - აშკარაა, რომ ამ მომენტიდან მსოფლიოში გამეფდება არა მარტო გლობალური ურჯულოება, არამედ გლობალური სისხლისღვრა, რომლის დროსაც ყველა ყველას განადგურებას შეუდგება, რომელიც "... დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო..." (ინ. 8:44).
 
ხოლო დარჩება თუ არა ხორციელთაგან ვინმე, ვისაც უნარი შერჩება გაიგოს, რა ხდება სინამდვილეში, - დიდი საკითხია, შეად.: "გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყვნენ, წვავდა და ვერ გულისხმაყვეს" (ეს. 42:25).
ასეა თუ ისე, სწორედ ეს მოვლენებია აღწერილი გამოცხადების წიგნის წინა თავებში, სადაც გადმოცემულია ქვეყნად ცხენოსანთა არმიის გამოსვლის შესახებ, რომელთა რიცხვი იყო "ორასი ათასჯერ ათასი" (ძვ. ქართ.: "ბევრნი ბევრთანი") (გამოცხ. 9:15-16), რომლებიც მომზადებულნი არიან: "ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა" (გამოცხ. 9:15-16), - ასევე მეშვიდე თასის გადმოღვრისას მოსახდენი "დიდი მიწისძვრა", რომლის შედეგადაც "დიდი ქალაქი" დაიშლება სამ ნაწილად, ხოლო ბაბილონზე ღმრთის მსჯავრის სამართლიანი თასი გადმოიღვრება (გამოცხ. 16:19).

"აღმართეთ ბაირაღი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით. ... იყიჟინონ ბაბილონზე ცამ და მიწამ და ყველაფერმა, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან შეესევიან მას მაოხარნი, ... მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ..." (იერ. 51:27-56).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო დღეებში მსოფლიო აღივსება თავისი მასშტაბით არნახული და უსასტიკესი განხეთქილებებით, უთანხმოებით, შუღლითა და მტრობით, - ისე რომ კაცობრიობის "კეთილდღეობაში" და სიამტკბილობაში მყოფი ცივილიზაცია "გაშიშვლდება", "შეიჭმება" და "ცეცხლს მიეცემბა", შეად.:
 
"უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს. გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი. უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა" (იერ. 12:10-12).
 
ხოლო მათ შორის, ვინც აღდგება ოდესღაც შედარებით კეთილდღეობაში მყოფის ქვეყნიერების ნანგრევებიდან და კრავს შეებრძოლება, და იქნება ერთგვარი თანხმობა, - ეს თანხმობა შემოიფარგლება საყოველთაო ურჯულოებით და ღმრთისმბრძოლობით, რომელიც პროვოცირებულ და "შთაგონებულ" იქნება უფსკრულიდან ამომავალი მხეცის მიერ (შეად.: "ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ სატანა გაშვებულ იქნება საპყრობილედან. და გამოვა, რათა ქვეყნიერების ოთხსავ მხარეს აცთუნოს ხალხები, ... და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა" (გამოცხ. 20:7)).
 
მაგრამ ყველაზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი მოწმობა, რომელიც აღნიშნულია სიტყვებში " ათი რქა, ... გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გამოცხ. 17:16), რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული დაუმარხავი სიკვდილის ძველაღთქმისეულ სიმბოლოსთან (3 მეფ. 14:10-11, 16:3-4 და 21:23-25), წარმოადგენს "ბაბილონის დიდი მეძავისა" და მეძავი და ცრუწინასწარმეტყველი იეზაბელის ხვედრთა ურთიერთ მსგავსებას (4 მეფ. 9:10), რომლის სახელი შემთხვევით როდია ნახსენები "გამოცხადების" წიგნში (გამოცხ. 2:20-22). თანაც უკეთური იეზაბელის სიკვდილი, რომელიც ბუკვალური აზრით შეჭამეს მაწანწალა ძაღლებმა, აღესრულა ქალაქ იზრეელის კედლებთან (4 მეფ. 9:30-37), - ხოლო იზრეელის ველი, სადაც განლაგებული იყო ამავე სახელწოდების ქალაქი, არის მეგიდოს ის ველი (2 პარ. 35:22), რომელზეც გამოცხადების თანახმად მოხდება არმაგედონი, ანუ უკანასკნელი და საბოლოო ბრძოლა, რომლის დროსაც გამონაკლისის გარეშე განადგურდება მთელი მიწიერი უკეთურება (გამოცხ. 16:13-16).
 
ამრიგად, სხვადასხვა ბიბლიურ მოწმობათა ერთობლიობა, "ბაბილონის დიდი მეძავის" პირდაპირ ან ირიბად შეკავშირებულ საბოლოო ხვედრთან ერთად, უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ მსჯავრი "მსოფლიო ბაბილონზე", - ეს არ არის ერთგვარი შეზღუდული და "შუალედური" მოვლენა, რომლის შედეგადაც, როგორც ზოგიერთი ფიქრბს, დაზიანდება გლობალური პოლიტიკური მოწყობა, ან ეკოლოგია, ან კიდევ მოხდება მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ან განადგურდებიან ცალკეული ქალაქები და ქვეყნები, არამედ ის, რომ ძველი კაცობრიობა გააგრძელებს არსებობას იმ განუსაზღვრელ დრომდე, სანამ "ათი მეფე" და "უფსკრულიდან ამომავალი მხეცი" არ გამოვლენ თვით ღვთაებრივი კრავის წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
"ბაბილონის მეძავის" განადგურება არის უკანასკნელი დღის მსოფლიო ბრძოლის, ანუ არმაგედონის დასაწყისი, რომლის დროსაც "ძაღლები" შეჭამენ "ქალაქში დამალულ" უკეთურთა და ურჯულოთა ხორცს (შეად.: სამ ასეულ მეომარს, რომლებიც გედეონმა მადიანიტანელთა და ამალიკეველთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყვანა, რომლებიც, " ენით სვლეპდნენ წყალს, როგორც ძაღლები სვლეპენ" (შეად. მსაჯ. 7:5-7), ასევე უკეთური მეფის აქაბის სიკვდილის ვითარებას (იხ. მეფ. 3:21:17-19)). - ხოლო შემდეგ აღსრულდება სიმბოლოთა მეორე ნაწილი (3მეფ. 14:10-11; 16:3-4; 21:23-25), ანუ "ზეციური ფრინველები" დაჯიჯგნიან მათ, ვინც გაბედავს "ველზე გამოსვლას" კრავისა და მისი ზეციური მხედრობის წინააღმდეგ, შეად.:
 
"ვინც ქალაქში მოუკვდება აქაბს, იმას ძაღლები შეჭამენ; ვინც ველად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან" (3 მეფ. 21:24).
 
"და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი, ხმამაღლა რომ შესძახა და უთხრა შუა ცაში მფრინავ ყველა ფრინველს: მოდით და ღვთის დიდ სერობაზე შემოკრბით, რათა ჭამოთ მეფეთა, ათასისთავთა და ძლიერთა ხორცი, ცხენთა თუ მხედართა, მონათა თუ თავისუფალთა, დიდთა თუ მცირეთა ხორცი. ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარნი, ერთად შეკრებილნი, რათა შებმოდნენ ცხენზე მჯდომსა და მის მხედრობას. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში. დანარჩენები კი მოისრნენ ცხენზე მჯდომარის მახვილით, რომელიც გამოდიოდა მისი პირიდან, და ყველა ფრინველი მიაძღა მათ მძორს" (გამოცხ. 19:17-21).
 

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური.წყაროების.მიხედვით. 2026 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому