აპოკალიფსისი > განმარტება
სარწმუნო მოწმობის ბიბლიური თავისებურებანი
ვაგრძელებთ რა მსჯელობას მოციქულ იოანე პირადი მოწმობის აზრსა და მნიშვნელობაზე, რომლის გათვალისწინება გამოცხადების წიგნის განმარტებისას აუცილებელია, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მოციქულის განსაკუთრებული ყურადღება დეტალებისა და ვითარებებისადმი, რომლებიც იოანეს სახარებაში ნახსენებ ყოველ მოვლენას თან ახლავს.
ამ დამატებით დეტალებს განეკუთვნება:
- ავტორის მიერ მოქმედების ადგილისა და ქალაქის ზუსტი მითითება;
- მოწმობები რაოდენობის, ზომებისა და მანძილის შესახებ;
- მოწმობა დროზე (ანუ მითითებები წელიწადის დროზე, კვირის (შვიდეულის) დღეზე, დღის დრო-ჟამზე და სხვა).
- მოვლენის მოწმეთა და მოქმედ პირთა ჩამოთვლა (მათი რეპლიკების სიტყვასიტყვითი ციტირებებით, რომლებსაც ზოგჯერ თან ახლავს მათი გრძნობებისა და ემოციების აღწერა) და სხვა.
(იოანეს სახარების ეს თავისებურება, სინოპტიკურ სახარებათა ანალოგიურ ეპიზოდებთან შედარებით, აღნიშნულია პრაქტიკულად ყველა ღვთისმეტყველის მიერ. ამასთან ცხადია, რომ ასეთი "დამატებითი" დეტალები და წვრილმანები არა მარტო დამატებითი არგუმენტია მოციქულ იოანეს მიერ წარმოდგენილი მოწმობების კანონიკურობისა და უეჭველობისა, რადგან მათი თვითმხილველისგან მოდის, არამედ მთელ მსჯელობას კიდევ საზოგადო დამარჯერებლობას მატებს, რითაც თითქოსდა მკითხველს მიმდინარე მოვლენათა თანაზიარს ხდის).
რაც შეეხება გამოცხადებას, - "კანონიერ" მოწმობათა ადრე ნახსენები ყველა ასპექტი მასში ჰპოვებს პირდაპირ და აშკარა გაგრძელებას. მაგალითად, იმ მოწმობასთან მიმართებაში, რომელიც თვით ქრისტესგან მოდის, გამოცხადებაში განსაკუთრებული სახით ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ უფალი ყველაფერს დასაბამიდანვე ადასტურებს (საიდანაც მომდინარეობს ის, რომ ყველაფერი, რაც წიგნის ხილვებშია აღწერილი, სრულყოფილი მოწმობაა, ანუ სრულია, ნამდვილია და ჭეშმარიტი).
"ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა" (გამოცხ. 3:14)
"ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!" (გამოცხ. 22:20)
გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ვითარებაც, რომ ძველი აღთქმის სჯულის შესაბამისად ნამდვილად და სარწმუნოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მხოლოდ სრულიად გაცნობიერებული მოწმობა. ამიტომაც "სანდო მოწმედ" შეიძლებოდა გამოსულიყო მხოლოდ უფროსი და გონებრივად სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა უშეცდომოდ განესაზღვრა და შეემეცნებინა თავისი მოწმობის საგანი (ასე, მაგალითად, ცუდი მხედველობის ადამიანს არ შეეძლო დაედასტურებინა მის მიერ ნანახი).
მეტიც, ძველაღთქმისეული მოწმის მოვალეობა და პასუხისმგებლობა არ იფარგლებოდა რაიმე ფაქტების ან მოვლენების ფორმალური გადმოცემით ან დადასტურებით. მოწმისგან ითხოვდნენ არა მარტო მის მიერ წარმოდგენილი მოწმობების შინაარსის შეგნებას, - არამედ საზოგადოების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობასაც წარდგენილი მოწმობების სისრულესა და სიზუსტეზე.
(ბიბლიური მოწმის პირადი პასუხისმგებლობის ჩარჩოები ყოველთვის შეესაბამებოდა იმ შედეგებს, რომლებიც შეიძლებოდა დამდგარიყო სხვა ადამიანებისთვის იმ პირობებში, თუკი წარდგენილი მოწმობა საზოგადოების მიერ მიღებულ იქნებოდა როგორც ჭეშმარიტება. მაგალითად, თუკი ვიღაცის მოწმობით ბრალდებული დაექვემდებარებოდა სიკვდილს, - ცრუმოწმობის შემთხვევაში ამგვარი ცრუბრალმდებელი თვითონაც მოიწევდა საკუთარ თავზე სასიკვდილო განაჩენს).
რადგან მოციქული იოანე თავის მოწმობას ადასტურებს, როგორც უზადოს (შეად. - გამოცხ. 22:6, გამოცხ. 22:16, გამოცხ. 22:18-20), - სანდო მოწმობის პრინციპის თანახმად, - გაფართოვებული ახალაღთქმისეული აზრით, - გამოცხადების წიგნის იდუმალთმხილველს უნდა ეხილა და შეემეცნებინა არა მარტო ხილვათა ფორმალური მხარე, არამედ "შინაგანი" აზრიც, რაც ხილვათა გარეგანი ფორმით იყო დაფარული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ "ახალაღთქმისეული" გაგებითაც არ ექნებოდა უფლება გამოცხადების წიგნის ხილვათა აღწერისთვის დაემატებინა თავისი პირადი მოწმობაც.
(თანამედროვე ტერმინებს თუ მივმართავთ, "შემეცნების მეშვეობით წარმოდგენის" ალტერნატივად გამოდის "ტექნიკური რეტრანსლაცია". მაგრამ შეუგნებელი რეტრანსლაცია არ ვარაუდობს პირადი მოწმობის არანაირ "იურიდიულ სტატუსს" იმ ადამიანისა, რომელიც "რეტრანსლატორის" როლშია, - ასე რომ ის შეუძლებელია იყოს იმ აზრთა მოწმე, რომლებიც მისი მეშვეობით არიან "რეტრანსლირებულნი").
მაგრამ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ისეა აგებული, რომ მასში წარმოდგენილი ყველა აზრს მუდმივად ახლავს იდუმალთმხილველის პირადი დამოწმება, - ზოგ შემთხვევაში კი პრაქტიკულად პირდაპირი მტკიცება, რომ მან, მოციქულმა იოანემ იცის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ამბობს (ყველაზე ცხადი, თუმცა არა ერთადერთი მაგალითი გახლავთ ფრაზა - "აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:18).
მეტიც, გამოცხადების წყაროდან მომდინარე მრავალი განმარტება, წინ უსწრებს მოციქულ იოანეს კითხვებს, და იგზავნებიან თითქოსდა მის ცნობიერებასთან "შესახვედრად" (შეად.: - "მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან?" (გამოცხ. 7:13); "რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა" (გამოცხ. 17:7), თანაც ეს შემთხვევით როდი ხდება, არამედ იმ შემთხვევებში, როდესაც შესაძლოა იდუმალთმხილველს რაღაც მართლაცდა ვერ გაეგო.
ამიტომ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ნამდვილს და ჭეშმარიტს წარმოადგენს არა მარტო მოციქულ იოანეს მიერ "გარეგნულად" აღქმული ყოველი ხილვა, რაც მას ეუწყა, - არამედ მის მიერ დანახულის შინაგანი აღქმაც.
(სხვათა შორის, თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანი "უმზერს" თვალებით, "უსმენს" ყურებით, - მაგრამ "ხედავს" და "ისმენს" ტვინის მოქმედებით, ანუ გონებით).
ყველაზე საზოგადო აზრით ის, რომ ყოველი ჭეშმარიტი მოწმობა ვარაუდობს პირად შეგნებას და დასამოწმებელი ფაქტის გულისხმისყოფას, ჯერ კიდევ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებისგან გვეუწყა:
"რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ" (ამოსი 3:7).
ასე რომ, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, რომელიც აღასრულებს სჯულსა და წინასწარმეტყველთ, როდესაც ქრისტეს ეკლესიას აუწყებს წარსულს, აწმყოს და მომავალს, შეესაბამება პრინციპს "განუმარტე წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველების საიდუმლო", რომელიც ეხსნება არა მარტო მზერას, არამედ იდუმალთმხილველის გონიერებასაც, შეად.:
"და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე" (გამოცხ. 22:6).
(თანაც უეჭველია, რომ იდუმალთმხილველის გულისხმისყოფა ზეგარდმო იყო წინაგანსაზღვრული, და წიგნის განუყოფელი ნაწილი გახდა).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოციქულ იოანეს შეგნებული აქვს ის რეალური, "პრაქტიკული" მნიშვნელობები, რომლებიც ხილვათა სიმბოლოებშია დაფარული, - და ემატება რა გამოცხადებას მისი მნიშვნელობების პირადი გააზრება, ამ მნიშვნელობებს თავისი პირადი მოწმობის ძალითაც ადასტურებს:
"მაშ, დაწერე, რაც იხილე რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ" (გამოცხ. 1:19).
აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ გამოცხადების წიგნის ძირითადი წინასწარმეტყველური მნიშვნელობები არ არის "ისტორიულ-გეოგრაფიულ-პოლიტიკური" აზრისს, და არ განეკუთვნებიან მხოლოდ I საუკუნიდან დაშორებულ მომავალს. მისი გარემომცველი რეალობისგან განყენებულ მნიშვნელობებს მოციქული იოანე, ისევე როგორც ყოველი ცოცხალი და ხორცში მყოფი ადამიანი, რომელიც შეზღუდულია დროისა და სივრცის კანონებით, დაინახავდა, - მაგრამ ვერ "იხილავდა" მას "შეგნების" თვალსაზრისით.
მაგრამ თუკი იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მთავარი მნიშვნელობები უპირველეს ყოვლისა საღვთისმეტყველოა, მათ შორის კრებითი, საყოველთაო, ზედროული და ა. შ., - მაშინ ამ მნიშვნელობათა აზრების სისრულე იკრიბება არა ფიზიკურ სამყაროში, არამედ სულსა და ჭეშმარიტებაში (იოანე 4:23-24). და ეს ვითარება საუკეთესოდ განმარტავს იმ ფაქტს, რომ გამოცხადების იდუმალთმხილველი გახდა თორმეტიდან ერთ-ერთი მოციქული, - ანუ ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, როგორც სულიერი სახარების მქადაგებელი, რომელსაც შეუძლია უმზიროს სულიერ ჭეშმარიტებებს არა იმდენად ჩვეულებრივი მხედველობით, არამედ უფრო გონებრივი მზერით. თანაც შეუძლია სიტყვით გადმოსცეს ამ სულიერ მნიშვნელობათა სისრულე და სრულყოფილება. ასევე შეუძლია სჯულიერად დაადასტუროს ისინი და მათ შორის პიროვნულადაც (შეად. - გამოცხ. 1:19).