განმარტება - როდის გაცხადდება შვიდი ქუხილის საიდუმლო? (გამოცხ. 10:3-4) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
როდის გაცხადდება შვიდი ქუხილის საიდუმლო?

(გამოცხ. 10:3-4)
შვიდი ქუხილის საიდუმლო
"და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა. და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ" (გამოცხ. 10:3-4).
 
ყოველ შეძახილს, რომელიც გამოცხადების ხილვებში "მგრგვინავი ხმით" არის ნაუწყები, შეესაბამება ყველაზე არსებითი და ყველაზე ნიშანდობლივი ახალაღთქმისეული მნიშვნელობები, - მაგრამ ამ თავის დასაწყისში ისმის ხმა, მსგავსი იმისა, "როგორც ბუხუნებს ლომი", რაც მოწმობას შვიდი ზეციური ქუხილის შესახებ ანიჭებს განსაკუთრებულ წონას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას (შეად.: გამოცხ. 5:5).
 
ღრუბლით მოცული "ლომის ბუხუნისა" და "მზიური" ანგელოზის ცისარტყელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იმაშია, რომ ყველა სხვა ფრაზები და შეძახილები, რომელსაც "მგრგვინავი ხმა" ამბობს (მათი რაოდენობა ოცს აღემატება), გამოცხადების წიგნში დამოწმებულია ზედმიწევნით, რაც იმწამსვე ააშკარავებს მიზეზებს, რომლებითაც იყო განპირობებული ამ შეძახილებისთვის თვისობრივი "ხმის სიმაღლე".
 
მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ანგელოზის მიერ ნაუწყები ზეციური მოწმობის შინაარსი და აზრი გამოცხადების წიგნში არ გვეხსნება, - ასე რომ აშკარაა მხოლოდ ის, რომ "შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა", თითქოსდა "ლომის ბუხუნისა" და დიდებული ანგელოზის საპასუხოდ, რომელიც ჩამოდიოდა ზეცით.
 
რაც შეეხება "შვიდი ქუხილის" პასუხს, - იოანეს პირდაპირ ევალება წიგნში არ ჩაწეროს და არავის აუწყოს იგი (შეად. გამოცხ. 1:11), არამედ "დაბეჭდოს". რადგან ბერძნული სიტყვა σφραγίζω ბუკვალურად ნიშნავს "დაბეჭდვას", - ეს არსებითი დეტალი პირდაპირ ამსგავსებს მას დანიელის წინასწარმეტყველების ანალოგიური ადგილს, სადაც დანიელსაც ევალება მისთვის ნაუწყები ჭეშმარიტება "დაბეჭდოს" და არ გაამხილოს (დან. 12:4). თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ზეციურ გამოცხადებათა "დაფარვის" დრო, რომელიც ძველაღთქმისეულ დროში მიეცა დანიელს, აღსრულდა მაცხოვრის პირველი მოსვლისა და ახალი აღთქმის დამტკიცების პერიოდში, რაც მიენიშნა დიდი ზეციური წიგნის შვიდი ბეჭდის მოხსნითა და "ცოდნის გამრავლებით". აქედან კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შვიდი ზეციური ქუხილის მოწმობათა "დაბეჭდვის" დრო ასევე განსაზღვრულ პერიოდში აღსრულდება, ანუ მაცხოვრის მეორედ მოსვლის დროს.
 
თუკი ასეთი ვარაუდი სწორია, და ამჯერად ქუხილთა დაბეჭდილი პასუხის შინაარსზე ვერავინ ვერაფერს იტყვის (შეად. - მეორე რჯლ. 29:29), - მოცემულ მომენტში ყველაზე გონივრული იქნებოდა შევრიგებოდით იმას, რომ უფლის მიერ დაფარული არ "იკითხება" ადამიანური გონებით, არ არის განკუთვნილი თვითნებური "ამოცნობისთვის" და არ უნდა იქნას საჯაროდ ნაუწყები, შეად.:
 
"აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?" (იობი 26:14).
 
"სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს, არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა" (1 კორინთ. 2:6-7).
 
გარდა ამისა, შვიდი ქუხილის პასუხის "დაბეჭდვა" ხდება განსაკუთრებული (თუმცა არა "ხმამაღალი") ზეციური ხმით, - და ეს ვითარება ასევე მოწმობს იმაზე, რომ უწყების ზომა, დრო და ფორები, ასევე თითოეული დაფარული საიდუმლოს ადრესატები უფლის სუვერენული ძალაუფლების ქვეშ რჩებიან.
 
მიუხედავად ამისა, ყველაზე ზოგადი აზრით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ თითოეულ "ზეციურ ქუხილს" აქვს "თავისი" ხმა ("შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა" - გამოცხ. 10:4), რაც ამ "შვიდ ქუხილს" წარმოადგენს ანგელოზურ ძალებად, რომელთა მისია პირდაპირ არის დაკავშირებული შვიდ ანგელოზთან, რომლებმაც ჩაჰბერეს შვიდ საყვირს, ასევე იმ შვიდ ანგელოზთანაც, რომლებიც ქვეყნიერებაზე დააქცევენ მრისხანების შვიდ უკანასკნელ თასს.
(ამასთან თვით "შვიდობითი ქუხილი" შვიდი ბეჭდის, შვიდი საყვირისა და შვიდი თასის გათვალისწინებით, იკრიბებიან კიდევ ერთ ნიშანდობლივ რიცხვში გამოცხადებისა, კერძოდ რიცხვში "ოთხი").
რადგან გამოცხადების წიგნის ყველა მოწმობა ნაბიჯ ნაბიჯს ჰკრებს ბიბლიურ სიმბოლოებსა და წინასწარმეტყველებებს "შვიდობით" ახალაღთქმისეულ მნიშვნელობებში, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ შვიდი ზეციური ქუხილის ხმებში ხორციელდება 28-ე ფსალმუნის სადიდებელი, რომლებშიც სრულიად განსაკუთრებული სახით ეგალობება საღმრთო და დიადი ხმის სულიერ სისავსეს:
 
"ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა. ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით. ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი. და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა. ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა. ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა. ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი. უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე. უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით" (ფსალმ. 28:3-11).  
 
მეტიც, საკმაოდ საგულისხმოა, რომ 28-ე ფსალმუნის პოეტურ სიმბოლიზმში უფლის ხმა ნახსენებია სწორედ შვიდჯერ, თანაც მეშვიდე მოხსენიება დაფარულია, როგორც ხმა მარადიული კურთხევისა, - ხოლო ყოველი სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია შვიდ ღვთაებრივ ხმასთან, ქვეყნიერებისა და კაცობრიობის სულიერ ისტორიას გვიხატავს, რაც ზუსტად შეესაბამება გამოცხადების წიგნის ყველაზე არსებით მოწმობებს.
 
ამრიგად, პირველი ოთხი ღვთაებრივი ხმა ეძღვნება ქვეყნიერების შექმნას (შეად.: " ხმა უფლისა წყლებზე" (დაბ. 1:2; ფსალმ. 28:3), ასევე ეშმაკისა და მისი ანგელოზების მომავალ დამარცხებას (შად. "შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი" და "ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა" (ფსალმ. 28:7; ეზეკ. 31) და ასევე პირველი ოთხი საყვირის მოვლენები - გამოცხ. 8:6-12; 12:7-9).
 
შემდეგი ორი ხმა, ანუ "ხმა უფლისა, რომელიც არყევს უდაბნოს" (ფსალმ. 28:8) და "ხმა უფლისა ნაადრევად რომ მოამშობიარებს ირმებს და მის ტაძარში ყოველივე ამბობს დიდებას" (ფსალმ. 28:9), ეძღვნება ახალაღთქმისეული გამოსვლის დროებას და განსაკუთრებულ "საკურთხევლისეულ" მღვდელმოქმედებას, რომელიც ხელთუქმნელ კარავში ახალაღთქმისეულ ლევიტელთა მსახურების მიერ აღესრულება.
 
რაც შეეხება წარღვნის ხსენებას, რომელმაც განწმინდა ძველი მიწა მის უსჯულოებათაგან, ისევე როგორც მარადიულ აღთქმათა დამტკიცება, პირდაპირ შეესაბამებიან მაცხოვრის მეორედ მოსვლას და ყველა მნიშვნელობათა და მოვლენათა საბოლოო აღსრულებას, რომელთა შესახებაც მოწმობს მსოფლიო სახარებისეული ქადაგება (შეად. გამოცხ. 21:2-8).
 
ასე რომ, ყველა მნიშვნელობისა და მოვლენის გათვალისწინებით, რომელიც გამოცხადების წიგნის 10-ე თავშია აღწერილი, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ დრომდე დაფარული პასუხები შვიდი ქუხილის ხმაზე ეძღვნება ჟამის აღსასრულის მოვლენებს, ანუ უკანასკნელ მეშვიდე საყვირს, "ღმრთის საიდუმლოს აღსრულებას" და მაცხოვრის მეორედ მოსვლას.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому