განმარტება - როდის და ვის გაეხსნა აპოკალიფსისის შვიდი ბეჭდის საიდუმლო? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
როდის და ვის გაეხსნა აპოკალიფსისის შვიდი ბეჭდის საიდუმლო?
აპოკალიფსური ბეჭდების მოხსნა
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების მეექვსე და მეშვიდე თავების წინასწარმეტყველური სიმბოლოები, სადაც იდუმალთმხილველი აღწერს ხილვებს, რომლებიც ზეციური წიგნის შვიდი ბეჭდითაა აღბეჭდილი, წმიდა წერილის ყველაზე ცნობილ და ამავდროულად ყველაზე იდუმალ მოწმობათა რიგს განეკუთვნება.
 
ამ წინასწარმეტყველებათა სიმბოლოების სხვადასხვა განმარტებებიდან იოლად შეიძლება შევადგინოთ ცალკე წიგნი.
 
ამასთან საკმაოდ ცხადია, რომ კომენტატორთა უმრავლესობა, რომლებიც გვთავაზობენ გარკვეულ დრომდე, "შვიდი ბეჭდის" ქვეშ დაფარულ მოვლენათა საკუთარ გააზრებას, აშკარად ვერ აფასებენ იმ არსებით ვითარებას, რომ გამოცხადების ზეციური ხილვები - ეს ცალკე აღებული და დამოუკიდებელი სიუჟეტების კრებული როდია, არამედ ერთიანი და მთლიანი სურათია, რომლის ჭეშმარიტი აზრი მხოლოდ იმის გათვალისწინებით წარმოგვიდგება, თუ რა უძღოდა წინ და რა მოსდევდა შემდგომ ყოველ მოვლენას.
 
შესაბამისად, მოწმობათა არსი, რომელიც კრავის მიერ შვიდი ზეციური ბეჭდის ახსნით აშკარავდება, შესაძლოა გააზრებულ იქნას მხოლოდ გლობალურ ახალაღთქმისეულ ცვლილებათა შუქზე, რომლებიც სამყაროში ხდება დიადი ზეციერი წიგნის კრავზე გადასვლის შემდეგ, რომელიც მანამ საყდარზე მჯდომს თავის მარჯვენაში ეპყრა (გამოცხ. 5:1).
(ადრე უკვე აღინიშნა, რომ სიონის მთის ზეციური წიგნი მსგავსია იმ ფილაქნებისა, რომლებიც მოსემ სინას მთაზე მიიღო, - და რომ კრავის გამარჯვებამდე "ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შესძლო გაეშალა ეს წიგნი და შიგ ჩაეხედა" (გამოცხ. 5:2-4).

მაგრამ, როგორც კი ღვთაებრივი კრავი "მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი" (გამოცხ. 5:7), ზეციურმა კრებამ "ახალი საგალობელი" იგალობა (გამოცხ. 5:8-9), რომელშიც კრავისადმი მიძღვნილი სიტყვების გარდა, გამოხატულია გამოსყიდვა და მთელი ცხონებული კაცობრიობის განდიდება (გამოცხ. 5:-10), თანაც შემდგომ ამ საგალობლის სიტყვები აიტაცა ოცდაოთხმა უხუცესმა, ტახტთან მდგომარე ოთხმა ცხოველმა და ურიცხვმა ანგელოზმა, რომელთა სიმრავლე იყო "მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი" (გამოცხ. 5:11-12), შემდეგ კი ყოველმა ქმნილებამ, "რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში", და ყველაფერმა, "რაც არის მათში" (გამოცხ. 5:13).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოვლენათა თანიმიმდევრობა, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების წიგნის მე-4 და მე-5 თავებში, მთავრდება მით, რომ მთელი სამყარო დაემორჩილა საყდარზე მჯდომსა და კრავს, ადიდა იგი და "თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 5:14), - ხოლო საღმრთო აღმშენებლობა, გამოხატული ზეციური კრების "რაოდენობრივი" და "ხარისხობრივი" მატებით, თავის აზრობრივ და წინასწარმეტყველურ დასრულებამდე მივიდა, შეად.:
 
"ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28).
 
ამასთნა მომდევნო თავის მოვლენები იწყება ახალი აღთქმის დამტკიცების მომენტიდან (ანუ კრავის ზეციურ საყდართან ასვლიდან და მის ხელში დიადი ზეციური წიგნის "გადასვლიდან"). ასე რომ "შვიდი ბეჭდის მოხსნა", რომელიც ნაჩვენებია მე-6 თავში მე-5 თავის ბოლო მუხლებით კი არ გრძელდება, სადაც ზეციურმა კრებამ თავის საყოველთაო სისრულეს მიაღწია, არამედ ახალაღთქმისეული მოწმობით, რომელიც ამტკიცებს, რომ კრავი "მივიდა და ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან აიღო წიგნი" (გამოცხ. 5:7).
 
ხოლო რადგან ბეჭდების ქვეშ მდებარე მოვლენები ცაში იწყება, თუმცა, დედამიწაზე და თვით ქვესკნელშიც კი მთავრდება, ანუ მთელ სამყაროს მოიცავენ "ზემოდან ქვემოთ", - არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ მე-6 და მე-7 თავებში აღწერილია არა ლოკალური კატაკლიზმები, რომლებიც გარკვეული დრო-ჟამით ან ტერიტორიებით იქნებიან შეზღუდულნი, არამედ საღმრთო ჩანაფიქრის ახალაღთქმისეული აღსრულება რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს.
 
რაც შეეხება ღვთაებრივ კრავს, - ის ამ მოვლენებში წარმოსდგება არა მარტო, როგორც "მიმღები" და "მპყრობელი" ზეციური წიგნისა, არამედ ასევე, როგორც მისი შინაარსის "მსოფლიო აღმასრულებელი".
 
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები, რომლებიც წარმოდგენილია გამოცხადების 4-7 თავებში აღიქმება დროში მიმდინარე თანმიმდევრობად, - ამ მოვლენათა მიზეზებისა და შედეგების ყურადღებითი განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ "ცხოველთა და უხუცესთა" ხილვებში მინიშნებულია "ზეციური" დამტკიცება სრულყოფილი აღთქმისა და ის ახალაღთქმისეული ცვლილებები, რომლებიც ზეციური კრების შემადგენლობასა და მღვდელმსახურებაში ხდება, რის შედეგადაც ჟამთა აღსასრული მოიცავს მთელ ქვეყნიერებას (გამოცხ. 4-5).
 
ხოლო იმაში, რაც ბეჭდების მოხსნისას წარმოუდგება მოციქულ იოანეს მზერას (ანუ გამოცხადების მე-6 და მე-7 თავებში), მონიშნულია ახალი აღთქმის სულიერი რეალობის დამტკიცება "დანარჩენ" (მათ შორის ხილულ) სამყაროში (კოლას. 1:26-27), თანაც ეს მოვლენები სრულდება არა შემდეგ, არამედ ქრისტეს ეკლესიის ზეციური კრების მატებისა და ზეიმის თანადროულად (გამოცხ. 5:11-14).
 
 
"ცოდნის მომატება" (დან. 12:4), როგორც ნიშანი ახალაღთქმისეული დროის დადგომისა
 
რადგან კრავის მიერ ბეჭდების მოხსნისდა კვალად იდუმალთმხილველის მზერის წინაშე ჩაივლიან საკმაოდ მკაფიო, და ამასთან იდუმალებით მოცული ხატებანი, - თვით "ბეჭდების მოხსნის" პროცესი თითქოსდა მეორე პლანზე რჩება, და რაიმე განსაკუთრებულ ამბად არ აღიქმება.
 
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზეციური წიგნი ამ მომენტამდე აბსოლუტურად მიუწვდომელი იყო სამყაროს ბინადართათვის (გამონაკლისის გარეშე) (შეად.: მთ. 11:25, კოლას. 1:25-26, 1 ტიმ. 3:16 და სხვა), - ბეჭდების მოხსნით აღწერილ აზრობრივ პანორამებში, პირველად და განმსაზღვრელ მომენტად უნდა მივიჩნიოთ იდუმალთმხილველის წინაშე ადრე მიუწვდომელი საიდუმლო ზეციური წიგნის "გახნის" ფაქტი.
 
გარდა ამისა, მრავალი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი იუწყებოდა სრულიად განსაკუთრებული დროების დადგომას, როდესაც ღმრთითბოძებული ცხონების მიმღებთათვის გაიხსნებოდა ზეციური საიდუმლონი და ადამიანი შეძლებდა ყველაზე ამაღლებული ცნებების, სამყაროს აგებულების სულიერი პრინციპებისა, და თავისი განსაკუთრებული არსებობის მიზნისა და აზრის (ანუ თვით საგანთა არსის - ებრ. 10:1) წვდომას.
 
ხოლო რადგან ზეციური წიგნის საიდუმლო შინაარსი ბეჭდების მოხსნისდა კვალად წვდომადი ხდება იდუმალთმხილველისთვის (მის მიერ კი მთელი ეკლესიისთვის), - თვით "ბეჭდების მოხსნა" არის დრო-ჟამთა უდიადესი ცვლილების დადასტურება, როდესაც კაცობრიობისთვის დაიწყო ის განსაკუთრებული "ბოლო ჟამი", რომლის შესახებაც ლაპარაკობდნენ ძველაღთქმისეული წინასწარმეტყვლები, როგორც დროებაზე გონების გამონათებისა, და საიდუმლოთა გახსნისა, ასევე, როგორც დროებაზე, როდესაც "მოიმატებს ცოდნა" (დან. 12:4).
 
ასე, მაგალითად, დანიელის ერთ-ერთ ხილვაში ანგელოზი უბრძანებს წინასწარმეტყველს "დაბეჭდოს" განსაკუთრებული წიგნი, რომელშიც დაწერილია ის, რაც მომავალში უნდა მოხდეს და, რაც დაასრულებს მთელ მსოფლიო ისტორიას. ხოლო როდესაც დრომდე და ჟამამდე დაფარული ამ წიგნიდან (საღმრთო გამოცხადების წინასახე) მოიხსნებიან ბეჭდები, ეს იქნება მიმანიშნებელი იმისა, რომ ძველი სამყარო თავის დასასრულს მიუახლოვდა:
 
"შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა" (დან. 12:4).
 
ამასთან სრულიად ცხადია, რომ კრავის მიერ დიადი ზეციური წიგნის "გახსნა" არის ამ წინასწარმეტყველების პირდაპირი აღსრულება, რომელიც მიანიშნებს მესიანური დროების დადგომას, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველისა და მართლის მიერ იყო ნაუწყები და, რომლებიც მოელოდნენ ამ დროების დადგომას (1 პეტ. 1:10-12; ებრ. 11:39-40).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო გამოცხადების მთელ სისრულეს ვერც ერთი "კაცობრივი" წიგნი ვერ დაიტევს და ბუკვალური აზრით არ შემოიფარგლება არც "დანიელის წიგნით" და არც იოანეს "გამოცხადებით" და არც თვით მთელი წმიდა წერილით, - კრავის მიერ შვიდი ზეციური ბეჭდის ახსნა მოწმობს იმის აღსრულებაზე, რაც დანიელს ეუწყა "წიგნის დაბეჭდვასთან" ერთად. კერძოდ, ეს არის დასაბამიერი საიდუმლოებების გახსნა და "უკანასკნელი ჟამის" დადგომა, რომელიც ძველი სამყაროს დაცემითა და ცოცხალთა და მკვდართა განსჯით დასრულდება (შეად.: "ყრმანო, უკანასკნელი ჟამია" (1 ინ. 2:18) (იხ. ასევე: დან. 12:4-5, საქმე. 17:31, გამოცხ. 11:18 და სხვა).
 
მეტიც, განკარგულება "მოდი!" (გამოცხ. 6:1) (ბერძნ.: ’Ερχου, ანუ "მოდი, გამოცხადდი, დაიწყე"), რომელიც თან სდევს პირველი ოთხი ზეციური ბეჭდის ახსნას, ასევე დაკავშირებულია ძველაღთქმისეულ მოწმობებთან ყველაზე დაფარული საიდუმლოებების მომავალ გამოცხადებაზე, - ის ხომ ირიბად საპირისპიროა განკარგულებისა "დაჰფარე" და "დაბეჭდე", რომლებიც თავის დროზე წინასწარმეტყველ დანიელს ებრძანა. თანაც ის "მრავალნი" (დან. 12:4), რომლებიც ბოლო ჟამს დანიელის მიერ დაბეჭდილ წიგნს (ანუ ახალი აღთქმის წმიდა წერილს, ეკლესიის მოძღვართა შრომებს და ა. შ.) წაიკითხავენ, და რომელთაც ამა თუ იმ ზომით ჩვენც განვეკუთვნებით, საღმრთო გამოცხადებისადმი წვდომას მიიღებენ მხოლოდ იმის წყალობით, რომ "საღმრთო საიდუმლოთა წიგნი" მიენდო მაცხოვარს და მისი მოზეიმე ეკლესიის საკრებულოში გაიხსნა.
 
ეს ვითარება ყველა სხვა დანარჩენთან ერთად იმასაც აღნიშნავს, რომ კრავი "ბეჭდებს ხსნის" მხოლოდ მათთვის, ვინც მოზეიმე ზეციურ ეკლესიასთან ერთად აღიარა და განადიდა იგი (ქრისტე), როგორც უფალი და მაცხოვარი (შეად.: გამოცხ. 5:9-14, გამოცხ. 7:9-12), - ასე რომ, "დიადი ზეციური წიგნის" ჭეშმარიტი აზრი იხსნება მხოლოდ ქრისტიანთათვის, და მხოლოდ მათ მიერვე შეიმეცნება.
 
რაც შეეხება "წუთისოფელს", რომელიც არ იზიარებს ეკლესიის რწმენასა და სასოებას, - მისთვის ყველა მცდელობა გაიაზროს საღმრთო გამოცხადების სიდუმლო, რომელსაც ქრისტეს ხარების მრავალი ასპექტი და გამოცხადებაში აღწერილი წინასწარმეტყველური ხილვა უკავშირდება, ადრინდელივით მთავრდება ისე, როგორც ამას მოწმობს სხვა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველი, კერძოდ, ესაია:
 
"იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი. ეძლევა წიგნი კითხვის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიცი კითხვა" (ეს. 29:11-12).  
 
გარდა ამისა, რადგან მხოლოდ ბეჭდების მოხსნის სიმბოლოშია მონიშნული ახალაღთქმისეული "ცოდნის მატება" მთელი კაცობრიობის წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან მიმართებაში, - მოქმედებები ბეჭდების მოხსნის შემდეგ ბეჭდებში მონიშნული მოვლენების "ფიზიკური" დასაწყისის არაიდენტურია.
 
შესაბამისად, არასწორი იქნებოდა გვევარაუდა, რომ, მაგალითად, პირველი ოთხი ბეჭდის ქვეშ მონიშნულია არა მსოფლიო საღმრთო აღმშენებლობის ხატებანი, არამედ რომელიღაც ბუკვალური "ცხენები მხედრებთან ერთად", რომლებიც "წიგნში არიან დამალულნი", და "თავიანთი" ბეჭდის მოხსნის მომენტში "წიგნიდან მიწაზე გადმოდიან".
 
მე-7 თავში აღწერილ მოვლენებს უფრო ზოგადი, უფრო გლობალური, და ნაწილობრივ ზედროული აზრი გააჩნიათ, რომელთა შესაბამისადაც "ბეჭდების მოხსნის" შესაძლებლობა მიანიშნებს კრავის გამარჯვებას, რომელსაც სურს თავის ეკლესიას გაუხსნას ღმრთის სიბრძნე, რომელიც დრომდე ყოველი გონებისთვის "საიდუმლო და დაფარულია" (1 კორინთ. 2:7). ხოლო ბეჭდების ქვეშ ნაგულისხმევ მოვლენებში მონიშნულია არა "კონკრეტული პიროვნებები" და მათი ადგილითა და დროით განსაზღვრული მოქმედებანი, არამედ ის გლობალური ცვლილებები, რომლებიც აღწევენ ხილულ და უხილავ სამყაროს ახალი აღთქმის დაწესების შედეგად.
(ახალაღთქმისეული"ბეჭდების მოხსნის" მსგავს მოვლენა-მინიშნებებს არა მარტო დანიელი, არამედ სხვა ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებიც აღწერენ. ასე, მაგალითად, ესაია იუწყება რომელიღაც წიგნის "გაგებაზე", ამასთან კი "გამოხედვაზე", რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ "ახალაღთქმისეული გაგებასთან".
 
"გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ" (ეს. 29:18).
 
ანუ წინასწარმეტყველი ესაია, ისევე, როგორც დანიელი, მეტაფორულად მოწმობს მესიანურ დროებაზე, რომლის თანახმადაც ახალი აღთქმის დაწესების დროს ქრისტესა და სახარების ერთგულნი მიიღებენ მოსმენისა და ჭვრეტის უნარს იმ საიდუმლოსი, რომელიც "საიდუმლოა და დაფარულია უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის" (კოლას. 1:26).
ამრიგად, არსებობს ყოველგვარი საფუძველი ვამტკიცოთ, რომ კრავის მიერ საღმრთო წიგნის ბეჭდების მოხსნა მოწმობს მასზე (კრავზე), როგორც საღმრთო ჩანაფიქრის განკარგულებელსა და შემსრულებელზე, რომელიც თავის მისიას ყველაზე ამაღლებული და დროზე აღმატებულ დონეზე ასრულებს (ანუ იმ რეალობაში, სადაც ის ყოველთვის იმყოფებოდა როგორც დაკლული "ქვეყნიერების დასაბამიდან" (გამოცხ. 13:8)).
 
მე-6 თავის ხილვებში მონიშნულია არა ცალკეული ლოკალური მოვლენები, რომლებიც გარკვეული ისტორიული მომენტებითა და ტერიტორიებით იქნებოდნენ შემოსაზღვრულნი, არამედ სულიერი პანორამები, რომლებიც შეესაბამებიან საღმრთო ჩანაფიქრს მთელ ქვეყნიერებასთან მიმართებაში.
(ამასთან ის ვითარება, რომ ზოგიერთი ხატება "ბეჭდებიდან გამომდინარედ" გამოიყურება,, თვით ბეჭდებს "ზეციურ ღილაკებად" არ აქცევს, რომელთა "დაჭერის" დროსაც ხილულ სამყაროში უნდა გამოვიდეს ვინმე იდუმალი პერსონაჟი, რომელიც "ზეციურ ცხენზე" ამხედრებულა).
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა (გამონაკლისის გარეშე) ხილვას, რომელიც "ბეჭდების მოხსნასთან" არის დაკავშირებული, აქვს კონკრეტული წინასწარგანმსაზღვრელი ხატება (მაგალითად, ცხენები და ზეციური ეტლები ზაქარიას წინასწარმეტყველებიდან (ზაქ. 1:8-10; 6:1-8)). ასე, რომ იდუმალთმხილველისთვის გამოცხადებული ზეციური პანორამებიდან თითოეულის გააზრება უნდა შეესაბამებოდეს მომავლის იმ ბიბლიურ ხატებას, რომელსაც ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები აღწერდნენ.


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2023 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому