Перейти к контенту

განმარტება - რატომ იქნება ნაპოვნი "დიდ ბაბილონში" დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი? (გამოცხ. 18:24) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
რატომ იქნება ნაპოვნი "დიდ ბაბილონში" დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი?

(გამოცხ. 18:24)
ბნელ ძალთა მხედრობა
"და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი" (გამოცხ.18:24).

 
თუკი 17-ე თავის ბოლო მუხლებში ერთ-ერთმა ანგელოზმა, რომელიც სამყაროში უკანასკნელი რისხვის თასებს ღვრიდა, დაადასტურა, რომ დიდი ბაბილონი მეფობს მიწის ყველა მეფეზე (გამოცხ. 17:18), მაშინ მე-18 თავის დასასრულს კიდევ ერთი ძლიერი ანგელოზი წინასწარ აუწყებს (ეს უკვე მესამე ანგელოზია, რომელიც გამოცხადების იდუმალთმხილველს ბაბილონის მეძავის წინააღმდეგ აღსრულებული სამსჯავროს პანორამებს უხსნის; შდრ. გამოცხ. 17:1; 18:1; 18:21 და 14:6-12), რომ ამ დიდ ქალაქში აღმოჩნდება არა მხოლოდ ზოგიერთი მოკლული წინასწარმეტყველის სისხლი, არამედ "მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი".
 
ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ბაბილონური მეძაობაა დედამიწაზე აღსრულებული მთელი სისხლისღვრის სისავსის მიზეზი, რომლის დასაბამიც კაენის დანაშაულიდან იღებს სათავეს, შდრ.:
 
"უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს (დაბ.4:10-15).
 
(შეად. – "და ეწერა შუბლზე სახელი: საიდუმლო, დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" (გამოცხ. 17:5)).
 
ამასთან, შეიძლება შევნიშნოთ, რომ სხვადასხვა ბიბლიური ქალაქები, რომელთა საბოლოო ხვედრიც ალეგორიულად მოწმობს მთელი ძველი სამყაროს ხვედრის შესახებ, წმინდა ტექსტებში, სხვა სახელწოდებებთან ერთად, "სისხლთა ქალაქადაც" იწოდებიან, ანუ საკუთარ თავზე ატარებენ უსამართლო სისხლისღვრის წარუშლელ დანაშაულს (შდრ. — "უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელს ერს: უფალმა მომავლინა, რომ ამ სახლის წინააღმდეგ და ამ ქალაქის წინააღმდეგ მექადაგნა ყველა ეს სიტყვა, რაც გაიგონეთ. ... ოღონდ იცოდეთ, თუ მომკლავთ, უბრალო სისხლს დაიდებთ თქვენ, მთელი ქალაქი და მისი მკვიდრნი", იერ. 26:12-15).
 
უფრო მეტიც, როდესაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი სეირის "სისხლიან" მთაზე, ანუ ედომზე, განაჩენს წინასწარმეტყველებს (რომელიც დიდი ბაბილონის მეძავის წინასახეობრივ სახეთა რიცხვს მიეკუთვნება; შდრ. ეზეკ. 35 და ეს. 34:5-16), "სისხლთა ქალაქად" იწოდება არა რომელიმე წარმართული დასახლება, არამედ მიწიერი იერუსალიმი, რომელიც, მის წინააღმდეგ წარმოთქმული ყველა მხილების მიუხედავად, იმ დრომდე რჩებოდა მთელი ძველი სამყაროს უწმინდეს ქალაქად; შდრ.:
 
"იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე. და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად! შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ" (ეზეკ. 22:1-4).
 
ამასთან, იერუსალიმს, პირდაპირი მნიშვნელობით, "სისხლთა ქალაქად" უწოდებს თავად ბიბლიური წინასწარმეტყველი ეზეკიელი, რომელიც შემთხვევით როდი იწოდება სამოცდაათზე უმეტესად "კაცის ძედ", ანუ სწორედ ისე, როგორც საკუთარ თავს უწოდებდა თვით მაცხოვარი; ხოლო მისი მოწმობა სრულდება იმის მტკიცებით, რომ ეს სისაძაგლეებით აღვსილი სისხლთა ქალაქი (შდრ. გამოცხ. 17:5) განიკითხება, დაემხობა და განადგურდება, შდრ.:
 
"ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ. რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა. რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! ... არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი" (ეზეკ. 24:6-14).
 
ხოლო წინასწარმეტყველი ნაუმი "სისხლთა ქალაქს" უწოდებს ასურეთის სამეფოს სატახტო ქალაქს, "დიდ ნინევიას", რომელიც ამ თვალსაზრისით საოცარი სიზუსტით ემსგავსება როგორც "დიდ იერუსალიმს", ისე "დიდ ბაბილონსაც", შდრ.:
 
"ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას. შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი,  მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე.  ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი. ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: "გაძარცულია ნინევე, ვინ შეიბრალებსო? სად მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?"" (ნაუმ. 3:1-7).
 
"მივუზღავ ბაბილონს და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტების წილს, რასაც სჩადიოდნენ სიონში და თქვენს თვალწინ, ამბობს უფალი. აჰა, შენზე მოვდივარ, დამღუპველო მთაო, ამბობს უფალი, მთელი ქვეყნის დამღუპველო; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგაქცევ და გადაბუგულ მთად გაგხდი. ქვასაც ვერ აკრეფენ შენგან კუთხისთვის და ვერც საძირკვლისთვის, რადგან სამუდამოდ გაუდაბურდები, ამბობს უფალი.  აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით" (იერ. 51:24-27).
 
"ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას" (გმაოცხ. 17:16)
 
უფრო მეტიც, ძველი აღთქმის წიგნებში სიტყვები "ვაი სისხლთა ქალაქს" სამჯერ მეორდება (ეზეკ. 24:6; ეზეკ. 24:9; ნაუმ. 3:1), რაც ხატოვან-წინასწარმეტყველური აზრით უშუალოდ უკავშირდება გამოცხადების წიგნში გაჟღერებულ მოწმობას: "ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ", რომელიც ცის შუაგულში მფრინავი ანგელოზ-არწივის პირიდან ისმის (გამოცხ. 8:13). და ზუსტად ასეთივე ხატოვანი მოწმობაა წარმოჩენილი ამბაკუმისა და ზაქარიას წიგნებში, სადაც უკანასკნელი სამსჯავროს ადრესატებად იწოდებიან "საყოველთაო ამპარტავანი კაცის" ქალაქი და სახლი, შდრ.:
 
"ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. ... რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. ... სირცხვილი გადუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან. "ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს" (ამბაკ. 2:5-12).
 
"კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. ... მითხრა: ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი; რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ... ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად. გამოვიხმე, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას. და განვიდა ანგელოზი მზრახვალი ჩემ შორის და თქუა ჩემდამო: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილე გამომავალი ესე.  ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე" (ზაქ. 5:2-6).
 
მაგრამ ყველა ამგვარი მოწმობის ყველაზე არსებითი ასპექტი ის არის, რომ ბიბლიური სახეები "სახლისა" და "ქალაქისა" გარკვეული აზრით შეესაბამება "ნათესაობის" (მოდგმის) ცნებას (ამასთან, ასეთი შესაბამისობანი ათეულობით კი არა, ასეულობით ითვლება, მაგალითად, დაბ. 12:1; რიცხ. 14:12; 1 მეფ. 2:31 და სხვ.), ხოლო ახალი აღთქმის ტექსტებში, მნიშვნელოვანი ცნება "ამა სოფლის" გვერდით, მოიხსენიება მისთვის როგორც ფორმით, ისე წინასწარმეტყველური მნიშვნელობით მსგავსი ცნება "ეს ნათესავი" (მთ. 11:16-19; მთ. 24:34-35; მარკ. 8:12; მარკ. 13:30-31; ლუკ. 11:29-30; ლუკ. 21:32-33 და სხვ.). ამასთან, ქრისტიანებს "ამ ნათესავისგან" ხსნა ზუსტად ისევე მართებთ, როგორც ხსნა "ამა სოფლისგან" (შდრ. "იესუ მიუგო... ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში", ინ. 3:5; "...როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ...", 1 პეტ. 1:23; "..იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან...", საქ. 2:38-41; "ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი...", 1 პეტ. 2:9 და სხვ.).
 
უფრო მეტიც, სწორედ "გველის" ნათესავს მიაკუთვნებს უფალი იმ ხორციელ იუდეველებს (და არა აბრაამისა და სარას ნათესავს), რომლებმაც არ მიიღეს ახალი აღთქმის ქადაგება და სახარების მოწინააღმდეგეთა მხარეს დადგნენ, შდრ.:
 
"უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა" (მთ. 16:4, იგივე მთ. 12:39).
 
"გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე" (მთ. 23:33-36).
 
"თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (ინ. 8:44).
(აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გველებთან ძველი კაცობრიობის სულიერი ნათესაობის შესახებ სიტყვა არ უნდა აღვიქვათ როგორც ჰიპერბოლა ან შეურაცხყოფა, არამედ როგორც მყარი ბიბლიური სახე, რომელსაც კონკრეტული და ერთმნიშვნელოვანი აზრი აქვს, შდრ. — "უთხრა უფალმა ღმერთმა გველს ... მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!", დაბ. 3:14-15; "იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს პირდაპირ გაქცეულს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს", ეს. 27:1).
და არსებითად იგივე მოწმობაა წარმოჩენილი გამოცხადების წიგნში უკანასკნელი რისხვის მესამე თასის სახით, რომელიც მდინარეებსა და წყაროს წყლებზე იღვრება, რის შემდეგაც სისხლიან წყაროებს იძულებით სვამს ყველა "მიწაზე მცხოვრები", რაც, ალეგორიულად ამხელს უდანაშაულო სისხლის დაღვრაში მთელ "ძველ" კაცობრიობას, გამონაკლისის გარეშე, შდრ.:
 
"მაშინ მომესმა ხმა წყალთა ანგელოზისა, რომელმაც თქვა: მართალი ხარ, უფალო, რომელიც ხარ და იყავი: მართალი ხარ, წმიდაო, რადგანაც ასე განსაჯე. რაკიღა წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი დასთხიეს, შენც სასმელად სისხლი მიეც მათ, და ღირსნიც არიან" (გამოცხ. 16:5-6).
 
ამიტომ ფსალმუნმგალობელი დავითიც კი, იუდას ტომისგან შობილი და ისრაელში პირდაპირი მნიშვნელობით სამეფოდ ცხებული, სულიწმიდის შთაგონებით ეძიებს ხსნას არა ცალკეული ადამიანური ცოდვებისგან, არამედ იმ მომავალი სამსჯავროსგან, რომელიც თვით ძველ ადამიანურ ბუნებას მოელის, ბუნებას, რომელიც მეფობს არა მხოლოდ უბრალო ადამიანებზე, არამედ მიწის ყველა მეფეზეც, შდრ.:
 
"მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა"  (ფს. 50:16)
 
"ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე" (გამოცხ. 17:18)
 
გარდა ამისა, სრულიად ცხადია, რომ დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი მხოლოდ უკანასკნელი სამსჯავროს დროს გაცხადდება — ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც ხდება მკვდართა აღდგომა და მაცხოვრის მეორედ მოსვლა, შდრ.:
 
"გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას. წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს" (ეს. 26:19-21).
(ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ქალაქ-ნათესავ-მეძავის წინააღმდეგ საბოლოო სამსჯავროს აღსრულებისას, სისხლთაგან დახსნილი ღვთის ხალხი უსაფრთხოებაში იქნება, ფსალმ. 50:16, რადგან შეძლებს თავი შეაფაროს შეურყეველ ზეციურ კარავს, შდრ. — "და აღივსო ტაძარი ღვთის დიდებისა და მისი ძლიერების კვამლით, ასე რომ, აღარავის შეეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ აღსრულდებოდა შვიდი ანგელოზის წყლულება შვიდი", გამოცხ. 15:8).
ამრიგად, გამოცხადების წიგნის იმ მოწმობებში, რომლებიც დიდი ბაბილონის მეძავის წინააღმდეგ აღსრულებულ სამსჯავროს ეძღვნება, სრულ მნიშვნელობით წარმოჩნდება მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველური დაპირისპირებების მთელი წყება, რომელთა შესაბამისად:

 
ამასთან, ასეთი მნიშვნელობები ზუსტად შეესაბამება ყველა სხვა ბიბლიურ მოწმობას და არ გულისხმობს დიდი ბაბილონის მეძავის სახეში რაიმე შეთხზული, ფანტაზიური შინაარსის ძიებას.
 
ზოგადად კი შეიძლება შევნიშნოთ, რომ გამოცხადების წიგნის სახეებისა და ხილვების გარკვეული საიდუმლოებით მოცულობა ხშირად განპირობებულია იმით, რომ ცნობისმოყვარე ადამიანური გონება მათ აღქმაში ზედმეტ სირთულეს ხედავს — გონება, რომელსაც შეუძლია ააგოს ყველაზე რთული "ბაბილონის გოდოლები", მაგრამ ყოველთვის როდი სურს გაიგოს და მიიღოს ყველაზე მარტივი ახალაღთქმისეული ჭეშმარიტებანი.
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому