Перейти к контенту

განმარტება - "რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას!" (გამოცხ. 18:5-8) - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > განმარტება
"რადგანაც გულში ამბობს:
 
დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას!"

 
(გამოცხ. 18:5-8)
აპოკალიფსისის ანგელოზი
"რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი. მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას. რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას" (გამოცხ. 18:5-7).

 
18-ე თავის მრავალი მტკიცება დამატებით განმარტებას არ საჭიროებს, რადგან ზუსტად შეესაბამება ძველი აღთქმის მოწმობებს სენაარის მიწაზე ურჯულოებისა და უკეთურების გადატანის შესახებ (წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნი, ზაქ. 5:1–11), აგრეთვე წინასწარმეტყველებებს "მსოფლიო ამპარტავან ადამიანზე" (წინასწარმეტყველ ამბაკუმის წიგნი), შეადარეთ:
 
"ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები; შენც სვი და გაშიშვლდი; შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება" (ამბ. 2:15-16).
 
და წინასწარმეტყველ ეზეკიელის წიგნშიც ბაბილონური უსჯულოების სახე არ შემოიფარგლება ბუკვალური ბაბილონითა და "ქალდეველთა მიწით" (იერ. 25:12), არამედ მოიცავს ყველა ერს და "ყოველ ხორციელსაც" (შეადარეთ: "...და მის ხორცს შეჭამენ და ცეცხლით დაწვავენ მას", გამოცხ. 17:16):
 
"რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი. შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის. ... ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან" (იერ. 25:15-32).
 
რაც შეეხება მტკიცებას: "უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას", — ასეთი მოწმობა ნიშნავს, რომ დიდი მეძავის უსჯულოებათა საზომი, რომელიც წინასწარმეტყველ ზაქარიას წიგნში ბაბილონში წაღებული "წინასწარმეტყველური ეფას" სახით არის აღნიშნული, საბოლოოდ აღივსო და ამითვე აუწყა მეძავს მოახლოებული უკანასკნელი სამსჯავროს დასაწყისი; შეადარეთ:
 
"აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა მან: ეს ქალი - თვით ბოროტებააო, და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა" (ზაქ .5:7-9).
 
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ საბოლოო სამსჯავროს მსოფლიო ურჯულოებასა და უკეთურებაზე ანგელოზები კი არა, ღმრთის ერი აღასრულებს, რადგან სწორედ მას, მოწოდების შემდეგ — "გამოდით მისგან, ერო ჩემო", — მიემართება სიტყვები: "მიუზღეთ მას ისე, როგორც მან თქვენ მოგიზღოთ". ამასთანავე მეტად საგულისხმოა, რომ ცოდვებისა და უსამართლობისათვის, ქედმაღლობისა და განცხრომისგან განსხვავებით, მეძავს ორმაგად მიეზღვება (შეადარეთ: "მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ", გამოცხ. 18:6; "თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისგან", 1 იოან. 1:9).
 
"რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას! ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას" (გამოცხ. 18:7-8).
 
ის, რომ ხმა ზეციდან არა მხოლოდ მოუწოდებს ღმრთის ერს ბაბილონიდან გამოსვლისკენ, არამედ ამხელს დიდ მეძავს გულის უკიდურესად ამპარტავან ზრახვებში (შეადარეთ: 1 მეფ. 16:7; 3 მეფ. 8:39; ოს. 7:2 და სხვ.), ერთდროულად მიუთითებს როგორც მეძავისთვის დამახასიათებელ ადამიანურ ბუნებაზე (რადგან გული და გულის საიდუმლოებები მხოლოდ ადამიანებს აქვთ), ასევე იმაზე, რომ მისთვის განკუთვნილი საზღაური შემთხვევით არ იზომება ორმაგი საზომით (გამოცხ. 18:6), რადგან იგი განისაზღვრება არა მხოლოდ მისი აშკარა საქმეებით, არამედ მისი დაფარული ზრახვებითაც (ანუ მისთვის დამახასიათებელი უღმერთო აზრებით, მოტივებით და სხვ.):
 
"უნდოა ადამიანის გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას? მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავის საქმეთა ნაყოფის მიხედვით" (იერ 17:9-10).
 
უფრო მეტიც, გულის დაფარულ ზრახვებზე აღსრულებული სამსჯავრო მოწმობს, რომ მეძავის განადგურება არის მთელი ძველი სამყაროს მიმართ უკანასკნელი სამსჯავროს დასაწყისი, რომელიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას სრულდება (შეადარეთ: "... ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ", - 1 კორ. 4:5).
 
რაც შეეხება ძველი კაცობრიობის ამპარტავან და ქედმაღალ აზრებს, — აზროვნების იმ სახეზე, რომელიც "ბაბილონის უღმერთო ასულს" ახასიათებს, პირდაპირ მოწმობს წინასწარმეტყველ ესაიას წიგნი:
 
"შენ კი თქვი: "საუკუნოდ ვარო ქალბატონი!" გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე. ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო, მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: "მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო". მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები. შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: "არავინ არის ჩემი დამნახავიო". შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: "მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო". გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ" (ეს. 47:7-11).
 
ამასთან, შეიძლება შევნიშნოთ, რომ ესაიას წინასწარმეტყველება ბაბილონის ასულზე ყველა მხრივ შეესაბამება "იეზაბელის ცოლის" არასახარბიელო ხვედრს, რომელიც იხსენიება გამოცხადების წიგნის მიმართვაში "შვიდი ეკლესიისადმი" და სიმბოლურად აღნიშნავს ძველ ადამიანურ ბუნებას, რომლისადმი დაქვემდებარებით ადამიანები მიდრეკილნი ხდებიან ხორციელი და სულიერი სიძვის ჩადენისკენ, შეადარეთ:
 
"მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.  მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს" (გამოცხ. 2:20-23).
 
ხოლო ეზეკიელის წინასწარმეტყველების წიგნში სამყაროზე მოსალოდნელი საყოველთაო და საბოლოო შურისგება აღნიშნულია განსაკუთრებული სამგლოვიარო გოდებით "დიდ ქალაქ ტვიროსზე" (რომელიც "მრავალ წყლებზე" იდგა და ზღვებზე ვაჭრობდა, ანუ იკავებდა იმავე მდგომარეობას და ჰქონდა იგივე ზრახვები, რაც ესაიასთან "ბაბილონის ასულს" და გამოცხადების წიგნის 17 და 18 თავებში აღწერილ დიდ მეძავს):
 
"შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო. ზღვის გულშია შენი საზღვრები..." (ეზეკ. 27:2-4).
 
ზუსტად იმავე ამპარტავან გულისზრახვებს ამხილებს წინასწარმეტყველი სოფონია და მოასწავებს "დიდი ნინევიის" მომავალ დაქცევას, გაოხრებასა და დავიწყებას:
 
"გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით. ... ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: "მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო". როგორ გატიალდა, როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი ჩამვლელი მის შორიახლო დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს" (სოფ. 2:13-15).
 
ხოლო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმბოლოს ერთობლიობა ნიშნავს, რომ "ამპარტავან ადამიანზე" და "დიდ მეძავზე" (გამოცხ. 18:8) მოწევნადი ცეცხლოვანი სასამართლოს დღე სწორედ ის "უფლის დღეა", რომელიც იოველის წიგნშიც არის ნაუწყები და სხვა წიგნებშიც, მაგ.: იეზ. 30:3-ში, სოფ. 1:13-18-ში, 1 კორ. 5:6-13-ში და სხვა, შეადარე:
 
"დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება. ... დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს" (ეს. 2:11-17).
 
"მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან. ... მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ. ... ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს" (ეს. 13:6-13).
(სხვათა შორის, მეტად სარწმუნოა, რომ 18-ე თავის სიმბოლოებში იმალება მინიშნება რომის დიდ ხანძარზე (ქრ. შ.-დან 64 წ.), რომელსაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბი ჰქონდა და შვიდი დღე გრძელდებოდა. ცხადია, ეს მოვლენა, ისევე როგორც ვეზუვის უკვე მოხსენიებული ამოფრქვევა, რომის იმპერიის ყოველი კუთხეში განიხილებოდა, ხოლო მორწმუნეთათვის ყველა ხალხიდან შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ამ ხანძარს მოჰყვა ქრისტიანთა მასობრივი სიკვდილით დასჯა, რომლებიც ნერონმა განზრახ ცეცხლის წაკიდებაში დაადანაშაულა).
გარდა ამისა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დიდი მეძავი თავს დაქვრივებულად არ მიიჩნევს, მაშინ როცა გამოცხადების წიგნის 17-ე თავში ანგელოზმა იდუმალთმხილველს გამოუცხადა, რომ ის არამარტო შვიდ მთაზე, არამედ მეწამული მხეცის შვიდ თავ-მეფეზე ზის, რომელთაგან "ხუთი დაეცა, ერთი კი არის".
 
"აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,  რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს" (გამოცხ. 17:9-10).
 
ამასთან, იოანეს სახარებაში მაცხოვრის საუბარში სამარიტელ დედაკაცთან, რომელიც შედგა პატრიარქ იაკობის ჭასთან, გებალისა და გარიზიმის მთებს შორის (ხოლო "გარიზიმი" ნიშნავს "გამოყოფილს", შეადარე: "გამოდი მისგან, ხალხო ჩემო...", გამოცხ. 18:4), — მეძავმა სამარიტელმა დედაკაცმა გულში იპოვა სულის გადამრჩენელი ძალა, რადგან აღიარებდა, რომ ქმარი არა ჰყავდა, — მაცხოვარმა კი, მასზე პასუხად, დაუხატა არა მარტო მისი საკუთარი მდგომარეობა, არამედ მიუთითა წინასწარმეტყველურ ანალოგზე მის ვითომცდა ქმრებსა და მხეცის იმ თავებს შორის, რომელთა შესახებ გამოცხადების წიგნი მოწმობს:
 
"უთხრა მას იესომ: წადი, დაუძახე შენს ქმარს და აქვე მოდი. მიუგო ქალმა და თქვა: ქმარი არა მყავს. იესომ უთხრა: მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო. ვინაიდან ხუთი ქმარი გყავდა, და ვინც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარი; ეგ მართალი თქვი" (ინ. 4:16-18).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭასთან შეხვედრამდე სამარიტელი დედაკაცი სულიერი თვალსაზრისით "ბაბილონელი მეძავის" მდგომარეობაში იმყოფებოდა, — თუმცა მისი სული ამპარტავანი და თვითკმაყოფილი არ იყო, და ამიტომ შესძლო ეგრძნო ის მადლიანი ძალები, რომლებიც გამოჩნდა მისდამი მიმართულ უფლის სიტყვებში, ხოლო შემდეგ — თავისი რწმენაც მიეტანა სამარიის მაცხოვრებლებამდე, შეად.:
 
"და იმ ქალაქის მკვიდრმა მრავალმა სამარიელმა ირწმუნა იგი ქალის სიტყვებით, რომელიც მოწმობდა: ყველაფერი მითხრა, რაც მიქნიაო. ამიტომ, როცა სამარიელები მივიდნენ მასთან, შეევედრნენ, ჩვენთან დარჩიო, და ორი დღე დარჩა იქ. და უფრო მეტმა ირწმუნა მისი სიტყვების გამო. ქალს კი ეუბნებოდნენ: შენი სიტყვებით როდიღა გვწამს, ვინაიდან თავად ვისმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ეს არის მაცხოვარი ქვეყნისა, ქრისტე" (ინ. 4:39-42).
 
ხოლო ყველაზე ამაღლებული გაგებით, იაკობის ჭასთან მომხდარი მოვლენები მოწმობს, რომ ადამიანის ხსნისათვის განმსაზღვრელია არა ხორციელი და გონებრივი ძალისხმევა, და არა ფსევდო-სულიერი ოცნებები, არამედ სულის მართალი განცდები, რომელთა გარეშე ადამიანში არ არსებობს გარემო, რომელსაც ძალუძს მიიღოს და "სრულწლოვნებამდე" აღზარდოს სახარების უხრწნელი თესლი, შეად.:
 
"ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: "პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად". ხოლო უკანასკნელი ადამი — მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერი და შემდეგ სულიერი" (1 კორ. 15:44-46).
 
"და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. ... და შვა ძე, ... და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე" (Откр.12:1-5).
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому