განმარტება - რას განსაზღვრავს აპოკალიფსისის ავტორობის საკითხი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
რას განსაზღვრავს აპოკალიფსისის ავტორობის საკითხი?
იოანეს გამოცხადება
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც იოანეს გამოცხადების "დამოუკიდებელ" მკვლევრებს ახასიათებს, მდგომარეობს იმაში, რომ ეჭვ ქვეშ აყენებენ წიგნის იოანე ღვთისმეტყველისეულ ავტორობას, რის შემდეგაც სხვა შესაძლო ავტორებად ან "სხვა იოანეები" განიხილებიან, რომელთა არსებობაზე იმ დროსა და იმ ადგილებში ზოგიერთი ისტორიკოსიც მოწმობდა (მაგ.: ევსები კესარიელი თავის "ეკლესიის ისტორიაში" ახსენებს ვინმე მცირე აზიელ "პრესვიტერ იოანეს"); ან კიდევ "გამოცხადების" ავტორებად მიაჩნდათ მწვალებლები და განდგომილები, რომლებმაც იოანე მოციქულის სახელი თავიანთი ნაშრომის ავტორიტეტულობისთვის გამოიყენეს (კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ვერსია ვარაუდობს, რომ გამოცხადების ნამდვილი ავტორი უნდა იყოს მწვალებელი კერინთოსი).
 
ასეა თუ ისე, ეკლესიის მიერ მიღებული განსაზღვრებიდან ნებისმიერი გადახრა, რაც კი გამოცხადების იოანე ღვთისმეტყველისეულ ავტორობას ეხება, მომდევნო შეცდომებსა და განდგომებს იწვევს. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც აპოკალიფსისის "ალტერნატიული" ავტორების სინამდვილეს არანაირ ეჭვქვეშ არ აყენებენ, - წიგნის წინასწარმეტყველური შინაარსის აღქმის სიწმიდე გარდაუვალად მახინჯდება და ზიანდება.
 
ეს იმიტომ, რომ გამოცხადების ნებისმიერი "სავარაუდო" ავტორების შესახებ რეალური და უეჭველი ცნობები საერთოდ არ არსებობს - არავის მათი არც მოწმობითი ავტორიტეტის და არც მათი "იდუმალმხილველობის" უნარის შეფასება ძალუძს ("იდუმალმხილველობის" შესახებ იხ. სტატია: "ვის და როგორ ეხსნება აპოკალიფსისის საიდუმლო?"). ამასთან სრულიად ცხადია, რომ თუკი ადამიანი, რომელიც წმიდა ტექსტის კითხვას შეუდგება და მისი ავტორისადმი ობიექტური და მთლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს, - ვერაფერზე დააფუძნებს თავის განსჯას ამ ტექსტის აზრობრივ, შინაარსობრივ და წინასწარმეტყველურ დონეებთან დაკავშირებით.
 
მეორე მხრივ, თუკი ადამიანს სწამს და შეგნებული აქვს, რომ გამოცხადების იდუმალმხილველი მართლაც ერთ-ერთი თორმეტ მოციქულთაგანი იოანე ღვთისმეტყველია (როგორც ამას ადასტურებს ქრისტეს ეკლესია), - ის ასე თუ ისე მოციქულ იოანეში მისი წოდების შესაბამის მოციქულებრივ სიბრძნეს და შორსმჭვრეტელობას აღიარებს; ასევე აღიარებს უნარს ყოველმხრივ საღვთისმეტყველო კუთხით გაიაზროს დანახული, რის შემდეგ უეჭველად რწმუნდება, რომ "გამოცხადების" ავტორი ღმრთის ყველაზე დაფარულ საიდუმლოთა თვითმხილველია. აქედან "გამოცხადების" მოციქულებრივი ავტორობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
 
მაგალითად, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ თორმეტ მოციქულთა შორის რჩეული და უფლის უსაყვარლესი მოწაფე (შეად. იოანე 21:24) ვერ შეძლებდა მართებულად განეხილა და შეგნებულად გადმოეცა სწორედ ის, რაც გამოცხადების პირველწყარომ ჩადო მის სიმბოლოებში, სიუჟეტებსა და აზრებში. და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც მთელი წიგნი, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოადგენს იდუმალმხილველის პირად მოწმობას, რომლისთვისაც, როგორც ბიბლიური მოწმე, სრულად პასუხისმგებელია ზნეობრივი, ისტორიული და "იურიდიული" თვალსაზრისით.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი, ვინც კი თავს ქრისტიანს უწოდებს, უბრალოდ მოვალეა შეიგნოს, რომ მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახელი მთელი მსოფლიოსთვის ერთგვარი საღმრთო ბეჭედია, რომლითაც სამყაროს აღსასრულამდე არის დადასტურებული იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წინასწარმეტყველურ ხილვათა სინამდვილე და ჭეშმარიტება. შეად.:
 
"რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესუ ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა" (გამოცხ. 1:2).
 
რაც შეეხება მოციქულ იოანეს პირად მონაწილეობას მისთვის გამოცხადებულ აპოკალიფსისში და მის გულისხმაყოფას, - თავისი თხრობის ბოლოში იდუმალმხილველი აფრთხილებს ყველას (გადამწერებს, მთარგმნელებს, მკითხველებს, კომენტატორებს და ა. შ.), ვინც კი მიეახლება ამ წიგნს, იქონიოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ მოციქულ იოანეს არა მარტო შეგნებული აქვს წიგნში მოცემულ მოწმობათა განსაკუთრებული მნიშვნელობა, - არამედ ხედავს და გულისხმაყოფს ამ აზრთა და ჭეშმარიტებათა პრაქტიკულ მნიშვნელობას, რომლებიც მსოფლიოს სიმბოლოებსა და სიუჟეტებში გამოეცხადა.
 
"ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში" (გამოცხ. 22:18).
 
ამრიგად, "წმიდად სამეცნიერო" დისკუსიები აპოკალიფსისის ავტორობაზე უმჭიდროვესად უკავშირდება, როგორც მისი ავტორის მოწმობასთან ჩვენი პირადი დამოკიდებულების საკითხს, ასევე ჩვენს დამოკიდებულებას ამ მოწმობის დონესთან (ანუ სიღრმესთან და მასშტაბთან), სისრულესთან და სიზუსტესთან (ანუ ხარისხთან). მაშასადამე, ის სცილდება ლიტერატურული და სამეცნიერო-ისტორიული კვლევის ჩარჩოებს.
 
ავტორისადმი საკუთარი კერძო დამოკიდებულებით ადამიანი ნებით თუ უნებლიედ განსაზღვრავს და განაწყობს საკუთარ შეხედულებას წიგნზე, რომლის შესაბამისადაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება მის თვალში იძენს ან უდავო სამოციქულო ავტორიტეტს და უსაზღვრო საღვთისმეტყველო სიღრმეს, რაც, მაგალითად, ახასიათებს იოანეს სახარებას, - ან თვალწინ ხედავს მხოლოდ ვიღაც ღირსეული ადამიანის ქრისტიანულ და წინასწარმეტყველურ მოწმობას, რომელიც მისთვის უცნობია, და რომელმაც ზეციერი გამოცხადებებით მიღებული საღვთისმეტყველო შემეცნების ნაყოფი წერილობითი სიტყვით გამოხატა.
 
შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც აპოკალიფსისის ავტორობის "ალტერნატიულ" ვარიანტს დასაშვებად ან შესაძლოდ (თუნდაც მცირედით) მიიჩნევენ, ამით საკუთარ თავს უქმნიან მიზეზს შერჩევით ან კრებით კრიტიკას დაუქვემდებარონ ყოველივე ის, რაც კი გამოცხადებაშია აღწერილი.
 
მეტიც, მცდელობა გამოცხადებაში ეძებონ აზრები, რომლებიც თვით მისი ავტორისთვისაც (მისი ადამიანური უძლურებისთვისაც) მიუწვდომელია, წიგნზე ამგვარი შეხედულების პირობებში არა მარტო დასაშვებად წარმოჩნდება, არამედ სრულიად გამართლებულადაც.
 
მაგრამ, თუკი გამოცხადების ავტორი ნამდვილად მოციქული იოანეა, ერთ-ერთი თორმეტ მოციქულთაგან, - როგორ ფიქრობთ, ბევრი გაბედავს საკუთარი "გამოკვლევებით" შეავსოს ან უბრალოდ დააზუსტოს აპოკალიფსისის წინასწარმეტყველური ხილვა და საღვთისმეტყველო აზრი, რომელიც ქრისტეს უსაყვარლესმა მოწაფემ და მოციქულმა გადმოგვცა?
 
გარდა ამისა, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ჭეშმარიტ ავტორობაზე მოწმობს არა საერო ისტორია ან თანამედროვე ბიბლიური კრიტიკა, - არამედ ღმრთის ეკლესია. ამიტომ, ამ საკითხზე დისკუსიას შესაძლებლად თუ მივიჩნევთ, - მსგავსი დაშვების "მეორე პლანზე" დადგება სამოციქულო ეკლესიის ჭეშმარიტების ავტორიტეტი (თანაც არა მხოლოდ მისი მოწმობის საკმარისობის თვალსაზრისით, - არამედ ეკლესიის, როგორც ერთადერთი სანდო "მიწიერი" მოწმის თვალსაზრისითაც).
 
რაც შეეხება მართლმადიდებელ ქრისტიანთ, - ჩვენთვის არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სხვადასხვა "ალტერნატიულმა" ვერსიებმა, რომლებიც გამოცხადების ავტორობას ეხებიან, შედეგში მრავალი მომხრეები ჰპოვეს. თანაც ამ თემაზე "სამეცნიერო" გამოკვლევები ისეთი სისწრაფით მრავლდება, რომ ყველა ნაწერის ჩამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
 
აქ ზედმეტი არ იქნება შეხსენება იმისა, რომ ნებისმიერ კრიტიკულ ვარაუდს ქრისტიანულ მოწმობებთან დაკავშირებით წარმოაჩენს არა გაუსახურებული "სამეცნიერო ინტერესი", - არამედ სრულიად კონკრეტული ადამიანი. ბუკვალურად ყოველი ადამიანური საქმიანობის მიღმა, ადამიანური ნების, გონებისა და სინდისის გარდა, ამ საქმიანობის შესაბამისი "შთაგონების წყაროებიც" დგანან.
 
თანაც თვით ეს უხილავი წყაროები სულაც არ არიან შთაგონებულნი სამეცნიერო ინტერესებით, - ასე რომ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა არც ერთი კრიტიკოსი არასოდეს, არსად და არავითარ შემთხვევაში არ შემოფარგლულა ოდენ "სამეცნიერო ობიექტურობით"... თუნდაც მაშინ, როდესაც ის საკუთარ თვალშივე ხელმძღვანელობდა ჭეშმარიტების "ძიების" ან "დაცვის" კეთილი საბაბით.
 
სხვათა შორის, ის დრო და ძალისხმევა, რომელსაც გამოცხადების ავტორობაზე არსებული "ალტერნატიული" შეხედულებების კრიტიკა ითხოვს, შეიძლება ბევრად უკეთესად იქნას გამოყენებული, - ამიტომაც არა აქვს აზრი მსგავს გამოკვლევებს დაეთმოს იმაზე მეტი დრო, რასაც იმსახურებენ (მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი დისკუსიების წარმოშობისა და განვითარების მიზეზთა და პირობათა გაგება ქრისტიანს მათში აქტიური მონაწილეობის მიღების აუცილებლობისგან ათავისუფლებს).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლაპარაკი აპოკალიფსისის ავტორობაზე ჯობს დავასრულოთ მტკიცებულებით, რომ მომდევნო მსჯელობებში გამოცხადების "უალტერნატივო" ავტორად მიჩნეულ იქნება მხოლოდ მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ერთ-ერთი. სწორედ მის წინასწარმეტყველურ შთაგონებას, ბრწყინვალე გონებას და საღვთისმეტყველო სიბრძნეს უნდა უმადლოდნენ ქრისტიანები ისეთი გასაოცარი სილამაზისა და სულიერი მასშტაბით საღვთსმეტყველო ჰიმნის გამოჩენას, როგორიცაა იოანეს სახარების პროლოგი:
 
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. ... იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. ... ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; ... სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. ... და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა" (იოანე 1:1-18).
 
რა თქმა უნდა, იოანეს სახარების პირველი სტროფები კარგად არის ცნობილი და ყოველ ქრისტიანს სმენია. მაგრამ, როდესაც გვიწევს გამოცხადების წიგნზე რთული და ხანგრძლივი საუბარი, აქვს აზრი საკუთარ მეხსიერებაში არა მარტო გავაცოცხლოთ ისინი, - არამედ ყოველ სიტყვაში შევიგრძნოთ მოციქულ იოანეს საღვთისმეტყველო აზრის სიზუსტე, ამაღლებულობა, უსაზღვრობა და სრულყოფილება.
 
და კვლავ შევეცადოთ შევიგნოთ, რომ გამოცხადების წიგნი წარმოადგენს მოწმობას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა არა რომელიღაც საიდუმლო და ზებუნებრივი მოვლენების აღწერა, - არამედ ის, რომ ეს მოწმობა აღბეჭდილია იესუ ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფისა და მოციქულის წინასწარმეტყველური შთაგონებით, რომელსაც "ღვთისმეტყველი" ახალაღთქმისეული საყოველთაო ჭეშმარიტებების გასაოცარი, უპრეცედენტო და საღვთისმეტყველო გააზრების გამო ეწოდება.

მასალა მომზდებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით.
Назад к содержимому