აპოკალიფსისი > განმარტება
"მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი…"
(გამოცხ. 16:10-11)
"მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი" (გამოცხ. 16:3)
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ წინა ოთხი თასი აზიანებდა დედამიწას, ზღვას, მდინარეებს, წყალთა წყაროებს და მზეს, - "მხეცის ტახტი" და "სამეფო", რომლებიც ხდებიან უკანასკნელი მრისხანების მეხუთე თასის "ადრესატები", შეიძლება განვიხილოთ, როგორც რაღაც განსაკუთრებული, რაზეც საღმრთო შურისგება ჯერაც არ გადმოღვრილა.
მაგრამ სხვა ახალაღთქმისეული ტექსტებიც, და თვით გამოცხადების წიგნი პირდაპირ მოწმობენ იმაზე, რომ "სატანის ტახტი" სხვათა შორის იმყოფება დედამიწაზეც, ხოლო "ზღვიდან ამომავალი მხეცი", ზის არა საკუთარ, არამედ ურჩხულის ტახტზე (გამოცხ. 2:13; 13:2), - ასე რომ მხეცისა და ურჩხულის უკეთური სამეფო წარმოადგენს არა ერთგვარ განზოგადოებულ "სივრცეს", არამედ მოიცავს დედამიწას ყველა "მისი მცხოვრებითურთ", ზღვასაც და ჰაერსაც (გამოცხ. 12:12; 13:1-4; ეფეს. 2:2 და სხვა).
მეტიც, რადგან სატანა არაერთხელ იწოდება წმ. წერილში "წუთისოფლის თავადად" (ინ. 12:31; 16:11 და სხვა), - აშკარაა, რომ მხეცისა და ურჩხულის სამეფოს, რომლებიც "იყოფენ" ერთ უკეთურ ტახტს, წარმოადგენს მთელი ხილული ქვეყნიერება, რომელშიც გამოირიცხება მხოლოდ ქრისტეს ეკლესია (გამოცხ. 13:8; 15:2 და სხვა).
ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც მზის "მწველი სიმხურვალით" გამოწვეული წყლულებების (გამოცხ. 16:8) მიუხედავად მხეცის საუფლოში სრული სულიერი სიბნელე ისადგურებს, რომელთან ერთადაც ეს სამეფო ივსება განსაკუთრებული, წარმოუდგენელი სატანჯველებით, - ამ სიბნელეში ინთქმება არა მარტო ქვესკნელი, არამედ მთელი ძველი ქვეყანა, რომელიც დარჩენილია ზეციური ნუგეშისა და მკურნალობის გარეშე (შეად. უკანასკნელ დღეთა პანორამას, რომლებიც წარმოდგენილია უფლის მიერ ელეონის მთაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში: "და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით" (ლკ. 21:25-27)).
თანაც ამ სიბნელეში დანთქმული სამეფოს მცხოვრებთა მოწოდება სინანულისკენ უკვე აღარ გვესმის: ყველაფერი, რაც კი შეუძლია უკეთურებას ბოლო დღეების მხეცის სამეფოში, - ეს არის ღმრთის გმობის გაგრძელება, საკუთარ ურჯულოებათა საწყაოს აღვსება და საკუთარი თავისთვის ყოველგვარი იმედის მოსპობა (შეად.: ეს. 8:20-21; დან. 11:36 და სხვა).
გარდა ამისა, შეიძლება შევნიშნოთ, რომ მეხუთე თასის დროს ეგვიპტის მეცხრე სასჯელის ხატება (ანუ "დაბნელება") აღწევს წინასწარმეტყველურ სისავსეს, რომელიც ნაწილობრივ (მესამედით) გამოვლინდა მსოფლიო მასშტაბით ახალაღთქმისეული დროების დასაწყისში (მეოთხე საყვირის დროს, შეად.: გამ. 10:21-23 - გამოცხ. 8:12), - ხოლო "ექვსი დღის შესაქმის" მასშტაბებში სამყაროს შერყევის პანორამა, რომელიც ვითარდება ექვსი საყვირიდან ექვს თასამდე, აღწევს თავის პირველ, დასაბამიერ დონეს, როდესაც ნათელი გამოეყო ბნელს (დაბ. 1:4-5).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკანასკნელი დღისთვის ძველი ქვეყნიერება მსოფლიო "ეგვიპტურ სიბნელეში" ჩაიძირება, - და შეიგრძნობს თავის აღსასრულს არა მარტო გონებრივად, არამედ გრძნობითადაც, შეად.: "უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი" (გამ. 10:21).
"რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე, ბუკისა და ყიჟინის დღე ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ. ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს..." (სოფ. 1:15-17).
რაც შეეხება იმ დროს არნახული ტანჯვის ბუნებას, რომელიც ძველ სამყაროში მოდის "ხელშესაგრძნობ წყვდიადთან" ერთად და წყლულების მქონეთ აიძულებს სიმწრისგან "ენები მოიკვნიტონ" (რომლითაც, სხვათა შორის, ისინი ღმერთს გმობენ), - არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ტანჯვა არ წარმოადგენს რაიმე სპეციალური მოქმედების ან ზემოქმედების შედეგს (როგორც ფიზიკური სიბნელე თავისთავად არავის არანაირ ტკივილს არ აყენებს).
სულიერი აზრით "სიბნელის" და "უკუნის" ცნებები შეესაბამება სრული ღმრთითმიტოვებულობის მდგომარეობას, რომელიც ჯერ უცნობია და წარმოუდგენელიცაა ვინმე ცოცხლად მყოფისთვის, - და სწორედ ეს ყველა თვალსაზრისით შემაძრწუნებელი მდგომარეობა გახდება მიზეზი და წყარო იმ მარადიული ტანჯვისა, რომლის გარდაუვალობას აუწყებდა ურჯულოთ ახალაღთქმისეული ქადაგება იმ დროიდან, როდესაც საღმრთო რეალობის კარები გაღებულ იყო.
(შეად.: "ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი" (მთ. 25:30)).
მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციის მიერ მართლმადიდებლური .წყაროების.მიხედვით. 2025 წ.